IV საუკუნის მიწურულსა და V საუკუნის დასაწყისში ალექსანდრია რომაული ოიკუმენის განათლების ცენტრად რჩებოდა, მაგრამ ამავე დროს ეს იყო პოლიტიკური და რელიგიური პარტიების გააფთრებული დაპირისპირების ცენტრიც. იმ პერიოდის რეალიებზე სრულიად გულწრფელად და დაუფარავად წერს ჩვენს მიერ აღწერილი ისტორიული ეპოქის თვითმხილველი და ისტორიკოსი სოკრატე: "ალექსანდრიის ბრბოს ყველა სხვა ბრბოზე მეტად უყვარს ამბოხი და თუკი მიზეზი იპოვა, ბოროტმოქმედებას გააფთრებული მიელტვის, რადგან მძვინვარების დაოკება უსისხლოდ არ ძალუძს" (Сократ Схоластик. Церковная история, кн. 7, гл.13, с. 277).
მაგრამ ამ ეპოქის ალექსანდრიულ არეულობებში შეუძლებელია ყველაფერი ქრისტეანებს დავწამოთ, ხოლო ალექსანდრიის ეპისკოპოსი უმცრებაში დავადანაშაულოთ. ამ ისტორიული ეპოქის ალექსანდრიულ "ბრბოში", რატომღაც მხოლოდ ქრისტეანებს გულისხმობენ. ფილმის შემქმნელები აყალბებენ ისტორიას და იყენებენ ფართო მასების ისტორიულ გაუნათლებლობას, რადგან მალავენ იმ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს, რომლის მიხედვითაც ალექსანდრიაში ქრისტეანულ-საგანმანათლებლო სკოლა-დიდასკალიონი არსებობდა, რომელიც თავიდან პანტენმა და კლიმენტმა დაარსეს, შემდეგ კი განავითარა ორიგენემ (III ს.). როგორც ალექსანდრიული სკოლის ერთ ერთი ცნობილი მკვლევარი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვ. ი. სავრეი შენიშნავს, "ალექსანდრიის სკოლას II-IV საუკუნეებში ხელმძღვანელობდნენ ადამიანები, რომლებიც სრულად იყვნენ დაუფლებულნი ელინური სიბრძნის დეტალებს. ამით აიხსნება მათი ცოცხალი მონაწილეობა იმ ბრძოლაში, რომელსაც ეკლესია აწარმოებდა წარმართობისა და გნოსტიციზმის წინააღმდეგ" (В.Я. Саврей. Александрийская школа в истории философско-богословской мысли. М. URSS.2005, с. 142).
ზოგიერთი ამ დიდასკალიონს ალექსანდრიული მუსეიონის განყოფილებად თვლიდა. მისი მასწავლებლები თავისი დროის უგანათლებულესი პიროვნებები იყვნენ. III საუკუნეში გამომუშავდა დისციპლინარული სტრუქტურაც:
1. ტრივიუმის (გრამატიკა, რიტორიკა და ლოგიკა) შესწავლა.
2. კვადრიუმის (არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია) შესწავლა, ასევე ყველა ფილოსოფიური სისტემის ათვისება ეპიკურეიზმის გარდა.
ზუსტად არის ცნობილი, რომ ალექსანდრიულ სკოლაში სწავლების კურსი მოიცავდა განათლების სამ საფეხურს და შეესაბამებოდა იმ დონეს, დღეს "უმაღლეს განათლებას" რომ ვუწოდებთ.
"ალექსანდრიულ სკოლაში ძალზედ მაღალი იყო კლასიკური მეცნიერებების მომცველი ენციკლიკური ცოდნა. ასევე ფილოსოფია, რომელიც მოიცავდა ანტიკური ფილოსოფიის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემებს სამყაროს აგებულების შესახებ. მაღალი იყო საღვთისმეტყველო დონე, რითაც ყველა ამ ცოდნას, სახარებისეულ ჭეშმარიტებასთან მიახლოების მიხედვით, ჯეროვნად აფასებდნენ" (См. В. Я. Саврей. с. 177.)
ალექსანდრიული სკოლა-დიდასკალიონი თავისი არსებობის დასაბამიდანვე იყო გამიზნული საეკლესიო კლერიკოსების, მომავალი სასულიერო პირების გასანათლებლად. ამიტომაც, ალექსანდრიაში ისტორიულად ჩამოყალიბებული რელიგიისა და კულტურის სინკრეტული შერევის გამო, კლერიკოსებს ვრცელი და ფუნდამენტური ცოდნა სჭირდებოდათ მათი აპოლოგეტური და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის.
დიდასკალიონში ხშირად ასწავლიდნენ თვით ეპისკოპოსები. შეუძლებელია გამოვრიცხოთ ის, რომ წმ. კირილე ალექსანდრიელიც დიდასკალიონში ასწავლიდა, მაგრამ უკვე ამ სასწავლებლის წარსული დიდების დაკნინების პერიოდში (მიიჩნევა, რომ ეს ე. წ. საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 405 წლისთვის უკვე დაკნინებას განიცდის. იხ. В. Я. Саврей. Александрийская школа в истории философско-богословской мысли. М. URSS.2005, с. 690), რადგან კონსტანტინოპოლის სკოლის დაარსების შემდეგ, ალექსანდრიის დიდასკალიონი თმობს თავის პირველობას ქრისტეანულ სამყაროში.
უდიდესი დასავლელი ისტორიკოსის, კვასტონის შეფასებით, წმ. კირილე "ერთ ერთი უგამოჩენილესი ღვთისმეტყველი და ნაყოფიერი მწერალი-პატროლოგი" იყო (См. Саврей В. Я. Указ. сочин., с. 690). ეს კი შესაძლებელი იყო მხოლოდ განათლების იმგვარი დონის არსებობის შემთხვევაში, რასაც დიდასკალიონი იძლეოდა. ამიტომაც, კინოფილმის შემქმნელთა მცდელობა უმეცრებასა და მუსეიონის ფილოსოფიური სკოლისადმი დაპირისპირებაში დაადანაშაულონ წმ. კირილე, არის აშკარა ისტორიული ფალსიფიკაცია.
ფაქტობრივად ფილმში დაუფარავად არის გათამაშებული წმ. კირილესადმი წაყენებული "სამხილები", რომელიც თურმე ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა რელიგიურ და პოლიტიკურ პარტიებს. ფილმში წმ. კირილეს ბრალად ედება:
ალექსანდრიის ებრაული მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა და ბრბოს წაქეზება ფილოსოფოს ჰიპატიას წინააღმდეგ, რომელიც ფილოსოფიის, მათემატიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი იყო.
ა) ალექსანდრიის იუდაური დიასპორა და წმ. კირილე
ჩვენ არ დავიწყებთ კონკრეტული სცენების განხილვას, რომელშიც მოცემულია ჰიპატიის ყოფილი მონის, ამონის შეხედულებები, სადაც "უზენაესი" მიზნის - ალექსანდრიაში ქრისტეანთა პოლიტიკური და რელიგიური ბატონობის მისაღწევად, მკრეხელურად არის გამართლებული სისხლისღვრა და სისასტიკე. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ 382 წელს სერაპისის ტაძრის დანგრევამ და წინასწარმეტყველების გამომჟღავნებამ წარმართთა მასობრივი ნათლობა გამოიწვია. ამიტომაც, წარმართი მოსახლეობის ქრისტეანობისკენ ძალდატანებით მოქცევის და ამ მიზნისთვის შუასაუკუნეობრივი კათოლიციზმისთვის დამახასიათებელი სასტიკი მეთოდების გამოყენება, ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს.
სულ სხვა საქმეა პოლიტიკური დაპირისპირებანი, რომელიც ხშირად ერწყმოდა რელიგიურ შეხედულებებს. ქრისტეანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ალექსანდრიელ ებრაელთა დიასპორასთან. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, ებრაელთა რაოდენობა ეგვიპტის არეალში 1 მილიონამდე ადამიანს აღწევდა. როგორც სოკრატ სქოლასტიკოსი აღნიშნავს, როგორც ადრე, ასევე წმ. კირილეს დროსაც, იუდეველნი "ყველგან და ყოველთვის ქრისტეანთა მტრები იყვნენ" (Сократ Схоластик. Церковная история, кн. 7, гл.13, с. 277). იგივე ისტორიკოსი აღწერს ქრისტეანთა და იუდეველთა შორის წარმოშობილი მტრობის მიზეზს: ეს იყო ალექსანდრეს ტაძრის დაწვის იმიტაცია და ამის საფუძველზე ქრისტეანებზე თავდასხმა. მანამდე, იუდეველებმა აწამეს ქრისტეანი იერაქსი, რომლის გამოც არქიეპისკოპოსი კირილე გაესაუბრა "იუდეველ წარჩინებულებს" და მათ ქრისტეანებზე თავდასხმების გამო "დაემუქრა".
ქრისტეანთა მასობრივი ჟლეტის ბოლო შემთხვევის შემდეგ, წმ. კირილეს განკარგულებით, ალექსანდრიიდან 40 000 იუდეველი გააძევეს, სინაგოგები კი ჩამოართვეს. წმ. კირილეს ამ დამოუკიდებელმა მოქმედებამ, რომლის შესახებაც კონსტანტინოპოლშიც შეიტყვეს, იმპერატორის მოწონება დაიმსახურა, რამაც ალექსანდრიის პრეფექტი ორესტი, წმ. კირილესადმი სიძულვილით განაწყო (См. Сократ Схоластик, Там же, с. 227).
წმ. კირილეს მოქმედების მოტივაციას რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია ალექსანდრიაში ისტორიულად ჩამოყალიბებულ რამოდენიმე ვითარებაში გავერკვეთ, რომელიც თავის დაღს ასვამდა ქალაქის ცხოვრებასა და წესრიგს:
1. რაოდენობის მიხედვით ქრისტეანები ყველაზე მძლავრ პარტიას წარმოადგენდნენ და მას არა მარტო "ბრბო", არამედ საკმაოდ პატივსაცემი მოქალაქეებიც წარმოადგენდნენ.
2. ალექსანდრიის ეპისკოპოსს ოდითგანვე უდიდეს როლი გააჩნდა ქრისტეანულ თემში. ქრისტეანები მას თავიანთ მამად და წინამძღოლად მიიჩნევდნენ. ის უდიდესი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა, რომელიც, თავისი ძალით, ჩვენი დროის პატრიარქებისადმი არსებული უბრალო პატივისცემისგან შეუდარებლად განსხვავდება.
3. ქრისტეანულ ქალაქში, თანაც ქრისტეანული იმპერიის პირობებში, ალექსანდრიის ეპისკოპოსს ეს მდგომარეობა იმპერიის პრეფექტზე უფრო გავლენიან პირობებში აყენებდა.
4. პრეფექტის გვერდის ავლით იმპერატორისადმი ალექსანდრიის ეპისკოპოსის უშუალო მიმართვის უფლება კანონზომიერი მოვლენა იყო. უკიდურეს შემთხვევაში, ზუსტად ასე მოიქცა წმ. კირილეს წინამორბედი ეპისკოპოსი და წმ. კირილეს ბიძა, არქიეპისკოპოსი თეოფილე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ წმ. კირილე "ალექსანდრიის პაპის" უფლებებით სარგებლობდა" (Η αλήθεια για την Υπατία. 1ο μέρος: Η αληθινή ιστορία τής Υπατίας// http://www.oodegr.com/neopaganismos/diogmoi/ypatia1.htm).
აქედან გასაგები იქნება თუ რატომ არ მოეწონა წმ. კირილეს ეს მოქმედება პრეფექტ ორესტს, რამაც ბიძგი მისცა წმ. კირილესა და პრეფექტს შორის ცივი ურთიერთობების მომდევნო ნეგატიურ განვითარებას.
ბ) ფილოსოფოს ჰიპატიას მკვლელობა და წმ. კირილე
წმ. კირილეს ბრბოს მიერ ჰიპატიის მკვლელობაში ადანაშაულებენ და ჰიპატიის მკვლელობის ორგანიზებას მას მიაწერენ. მიუხედავად ამისა, არ არსებობს არც ერთი ისტორიული ცნობა, რომელიც წმ. კირილეს მუსეიონის მასწავლებლის, ფილოსოფოსისა და ასტრონომის, ჰიპატიის მკვლელობაში დაადანაშაულებდა. ერთადერთი წყარო, რომელიც ამგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ჰიპატიის მკვლელობაში წმ. კირილეს ირიბად ადანაშაულებს, არის წარმართი ფილოსოფოსი დამასკოსი, რომელიც ამ მოვლენიდან ერთი საუკუნით გვიან ცხოვრობდა. თუმცა მისი ეს შეხედულება არანაირი მტკიცებულებებით არ დასტურება და აშკარად უსაფუძვლოა (Η αλήθεια για την Υπατία. 1ο μέρος: Η αληθινή ιστορία τής Υπατίας// http://www.oodegr.com/neopaganismos/diogmoi/ypatia1.htm).
ცნობილია, რომ ჰიპატია ასწავლიდა ქრისტეანებსაც და წარმართებსაც. მისი მოწაფის, ეპისკოპოს სინეზიუსის თქმით, ჰიპატია "ღმრთისმოყვარე სულის" ადამიანი იყო და თავის მოწაფეებს რელიგიური ნიშნით არ ასხვავებდა. მაგრამ ჰიპატიას შესახებ არსებობს ასევე მეტად მნიშვნელოვანი და უდავო მოწმობა, რომლის მიხედვითაც მას სურდა გამხდარიყო ქრისტეანი და მომკვდარიყო ქრისტეანად. მისი ამ მისწრაფების შესახებ ეპისკოპოსი სინეზიუსი გვამცნობს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ჰიპატიას მოწაფე იყო (Η αλήθεια για την Υπατία. 1ο μέρος: Η αληθινή ιστορία τής Υπατίας// http://www.oodegr.com/neopaganismos/diogmoi/ypatia1.htm η νεοπλατωνική φιλόσοφος είχε εκφράσει την επιθυμία της να γίνει Χριστιανή: "ποθώ γαρ Χριστιανή αποθανείν"). ეს სრულ უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ჰიპატია ქრისტეან პროზელიტთა რიცხვს განეკუთვნებოდა (См. «Παγανιστικός Ελληνισμός ή Ελληνορθοδοξία;» π. Γ. Μεταλληνού, Εκδ. Αρμός 2003).
ეს ფაქტი ასევე უარყოფს ფილმის შემქმნელთა ყალბ მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა წმ. კირილე ჰიპატიას ჯადოქრობაში, მაგიასა და წარმართული კულტებისადმი მიმდევრობაში ამხელდა. თანაც ადრე, იმპერატორ კონსტანციუსის დროს მიღებული კანონმდებლობის თანახმად, მაგია აკრძალული იყო და მის მიმდევრებს ჯერ მხეცებს უგდებდნენ საჯიჯგნად, შემდეგ კი წვავდნენ (Cod. Theod., lib. IX, tit. XVI, 1. 5). მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰიპატია, მისი მკვლელობის მომენტისთვის, ანუ 415-416 წლებში, სულაც არ იყო ახალგაზრდა, როგორც ამას ფილმის ავტორები წარმოგვიდგენენ, არამედ "60 წლისა გახლდათ და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა" (Παπαδόπουλος Γ. Στυλιανός, Άγιος Κύριλλος Αλεξανδρείας, Αποστολική Διακονία, Αθήνα 2004, σελ. 31).
სოკრატ სქოლასტიკოსი თავის "საეკლესიო ისტორიაში", რომელიც ერთადერთი სანდო წყაროა ჰიპატიის მკვლელობის ვითარებათა გასარკვევად, წერს: "ალექსანდრიაში ცხოვრობდა დედაკაცი, ფილოსოფოს თეონის შვილი ჰიპატია. ის იმდენად განსწავლული იყო, რომ თავის თანამედროვე ფილოსოფოსებსაც კი აღემატებოდა ცოდნით. ჰიპატია პლატონური სკოლის მიმდევარი იყო და ყველა მსურველს ფილოსოფიურ მეცნიერებებს აზიარებდა. ამიტომაც, ჰიპატიის გარშემო იყრიდა თავს ფილოსოფიის შესწავლის ყველა მსურველი. მაშინ ამ დედაკაცის წინააღმდეგ ზოგიერთი შურით აღიძრა. რადგან ის ხშირად საუბრობდა ორესტთან, გავრცელდა ხმები თითქოსდა ის უკრძალავდა მას ემეგობრა კირილესთან. ამიტომ, ერთხელაც, ვინმე პეტრეს მეთაურობით შეითქვნენ ე. წ. "პარაბალანები" *, დაუდარაჯდნენ ამ დედაკაცს და იმ დროს, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა, მოიტაცეს, მიიყვანეს ეკლესიასთან, რომელსაც კესარიონი ერქვა, გააშიშვლეს და ჩაქოლეს. ამის შემდეგ, გარდაცვლილის სხეული კინარიონში (ადგილი ალექსანდრიაში - რედ.) მიიტანეს და დაწვეს" (Сократ Схоластик. Указ. сочин., с. 280).
ამ ფაქტმა დიდი მწუხარება მოჰგვარა წმ. კირილეს და ალექსანდრიის მთელს ეკლესიას. სოკრატ სქოლასტიკოსი წერს: "ამ ამბავმა დიდად დაამწუხრა კირილე და ალექსანდრიის ეკლესია, რადგან მკვლელობა, განხეთქილება და ყოვლივე მსგავსი უცხოა ქრისტეანული სულისთვის" (იქვე). და ეს ჭეშმარიტად ასეა, რადგან წმ. კირილე თავის სამოძღვრო ჰომილიებში მუდმივად განმარტავს ქრისტეანული ცხოვრების საფუძვლებს, რომელიც ღმრთისადმი გარეგნულ, ფორმალურ თაყვანისცემაში კი არ გამოიხატება, არამედ "სულსა და ჭეშმარიტებაში".
გარდა ამისა, არსეობს სანდო მოწმობანი იმის შესახებ, რომ წმ. კირილე მორიგი მღელვარებებისა და შეტაკებების დროს ალექსანდრიაში არ იმყოფებოდა და ერისგან ქალაქში მშვიდობის დამყარებას ითხოვდა (Η "Θρησκευτική και Ηθική Εγκυκλοπαίδεια", τόμ. 07, στ. 1162). პატრიარქის არყოფნამ პარაბალანელ ბერთა მოქმედებათა ესკალაცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კირილეს მომხრეები იყვნენ, თავს თავისუფლად გრძნობდნენ და მის განკარგულებებს არ ექვემდებარებოდნენ. სწორედ ამის გამო იმპერატორმა თეოდოსი მცირემ გამოსცა განკარგულება ალექსანდრიაში ბერ-პარაბალანელთა შემცირებისა, მათზე ალექსანდრიის მღვდელმთავრისა და საერო ხელისუფლების კონტროლის დაწესების შესახებ (См. Свящ. Тимофей Лященко. Свт. Кирилл Александрийский. Его жизнь и деятельность. Киев. 1913, с.). გარდა ამისა, ალექსანდრიელთა თხოვნით იმპერატორი ალექსანდრიის არქიეპისკოპოსს ალექსანდრიაში მუდმივ მყოფობას განუწესებს და პარაბალანებზე თავისი ზედამხედველობის გაძლიერებას ავალდებულებს (Cod. Theod., lib. XVI, tit. II, 1, 42). ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოწმობაა იმისა, რომ წმ. კირილე აბსოლუტურად უდანაშაულოა ჰიპატიის ტრაგიკულ აღსასრულში.
ამგვარად, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, შეიძლება დავამტკიცოთ, რომ ფილმ "აგორას" სცენარი მრავალ ისტორიულ ფაქტს ამახინჯებს და აყალბებს; და ეს კეთდება ოდენ იდეოლოგიური განზრახვით - დაამცირონ და შეურაცხყონ, როგორც ალექსანდრიის ქრისტეანული ეკლესიის, ასევე მთელი ქრისტეანობის სახე.