რუსეთის "მართლმადიდებლურად" წოდებულმა, გაბატონებულმა ნიკონიანურმა ეკლესიამ 1971 წელს გამართულ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე საზეიმოდ, სრულიად მართლმადიდებლურად და მაცხოვნებლად გამოაცხადა ძველი საეკლესიო ჩვეულებები (როგორიცაა ორი თითით პირჯვრისწერა, ორჯერადი ალილუია, ლიტანიობაზე მზის მიმართულებით მოძრაობა და სხვა) და გააუქმა ანათემატიზმები, რომელიც XVII საუკუნეში ნიკონისა და მის მომხრეთა მიერ ძველ საეკლესიო წესთა და მათ მცველთა მიმართ იყო მიღებული (იხ. Поместный собор русской православной церкви. 30 июня – 2 июля 1971 г. Москва 1973 г.).
მეტიც, თანამედროვე ნიკონიანელ ღვთისმეტყველთა და ავტორიტეტულ ისტორიკოსთა მტკიცებით, გარდა იმისა, რომ ნიკონის რეფორმას XVII საუკუნის მე-2 ნახევარში არათუ რაიმე საღვთისმეტყველო გამართლება არ ჰქონდა, პირიქით, მოსკოვის 1654-1667 წლებში გამართულ კრებებზე დაწყევლილ და ანათემირებულ იქნა სრულიად მართლმადიდებლური საეკლესიო ჩვეულებანი. ასე მაგალითად, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორი, დეკანოზი იოანე ბელევცევი 1987 წელს მოსკოვში გამართულ მე-2 საერთაშორისო საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე აცხადებს, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უსაფუძვლო და სრულიად არასაჭირო იყო" (Русский церковный раскол XVII века. Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-й межд. церковной конференции в Москве мая 1987 г. ციტ. ж-н. Церковь. Старообр. церк. общ. журнал. Вып. 1, 1992 г., стр. 43).
იგი ასევე ამტკიცებს, რომ "ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო და არც კანონიკური საფუძვლები და ხელოვნურად თავს მოახვიეს ეკლესიას" (იქვე, გვ. 44).
მოსკოვის სასულიერო აკადემიის ღვაწლმოსილი პროფესორი ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის თქმით: "ძველი საეკლესიო წესების ერეტიკულად გამოცხადება და წყევლა ძველი ბერძნული ეკლესიის ერეტიკულად შერაცხვასა და წყევლას ნიშნავს, რამეთუ ყველა საეკლესიო წესი და რიგი რუსეთმა სწორედ ბიზანტიისგან მიიღო" (Проф. Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и Царь Алексей Михайлович. Сергиев Посад).
ცნობილი ახალმოწესე პროფესორის, ე. გოლუბინსკის მტკიცებით ამ წყევლა-კრულვამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო როგორც ნიკონი, ასევე მთელი რუსული, გაბატონებული ეკლესია, რამეთუ მათ წყევლასა და ანათემას გადასცეს ამჟამად სრულიად მართლმადიდებლურად აღიარებული ძველი საეკლესიო წესები. ანათემირებულნი აღმოჩნდნენ ძველი, ნიკონამდელი რუსი წმინდანები, წიგნები, - რომლებიც ნიკონამდე დაიბეჭდა და რომელთა დახმარებით ათასობით თუ ასიათასობით მართლმადიდებელი რუსი სულის ცხოვნების საქმეს ეწეოდა. ნიკონმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, რაც მის მიერ მოწვეულ საეკლესიო კრებებზე მართლმადიდებლურ საეკლესიო ჩვეულებათა საწინააღმდეგოდ წარმოთქმულ წყევლა-კრულვაში გამოიხატება (Богословский вестник. 1892 г. Март, стр. 488, 493).
მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ძველი საეკლესიო ჩვეულებანი, რომელთა გამო 17-ე საუკუნის მეორე ნახევარში სისხლის ღვარში აცურავეს სრულიად უდანაშაულო მართლმადიდებელნი და რომელთა ძაგებით დღემდე არ იღლებიან ქართველი ნიკონიანელები, სრულიად მაცხოვნებელნი, მართლმადიდებლურნი და სჯულიერნი ყოფილან. მეტიც, მათ ამოძირკვას არ ჰქონია არავითარი საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკური და ისტორიული საფუძვლები. ამიტომაც, ნიკონიანური ეკლესიის მიერ 1656-1667 წლებში მიღებული აკრძალვები და ანათემატიზმები გაუქმებულად გამოცხადდნენ.
ცნობილია, რომ კანონთა ის ნაწილი, რომელიც წმ. მოციქულთა და წმ. მამათა მიერ სხვადასხვა მიზეზით შეწყნარებულ იუდაურ-წარმართულ ჩვეულებებს ეხებოდა, დროებით ხასიათს ატარებდა, ხოლო სხვანი შეუქცევადი მარადიულობით არიან აღბეჭდილნი. ამგვარ შეუქცევად კანონთა რიგს განეკუთვნება ანათემა ან წყევლა-კრულვის აქტი, რაც მათსავე ფორმულირებებში გამოიხატება ხოლმე (იხ. მაგალითად რუის-ურბნისის კრების მიერ გამოტანილი ანათემატიზმები. საქართველოს საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 476). სწორედ ამგვარი შეუქცევადობით არის აღბეჭდილი 1656-1667 წლებში ძველი ჩვეულებების დაწყევლა, რაც უეჭველად ატარებს მარადიულ ხასიათს (თუ მისი გამომთქმელნი ან ამღიარებელნი არ შეინანებენ და არ დაგმობენ თავიანთ მოქმედებას). ამიტომაც, 1971 წლის საეკლესიო კრების განჩინებით, რაც დოგმატური, კანონიკური და ლიტურგიკული ხასიათის ცდომილებათა და უსამართლო ანათემატიზმების აღიარებაში გამოიხატა, - გაბატონებულმა რუსულმა ეკლესიამ დაამტკიცა, რომ იგი სამარადისოდ თვითდაწყევლილია დღიდან მის მიერ ძველმართლმადიდებლურ საეკლესიო წესების ანათემაზე გადაცემისა. რამეთუ, წმ. მამათა თქმით, უსამართლოდ მაწყევარნი თავს იწყევლიანდა ქრისტესგან გაუცხოვებულნი თანაზიარნი ხდებიან ეშმაკისა (ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი, მათე ბლასტარისი).
ვიხილოთ წმიდა მამათა განსაზღვრებანი ამ საკითხზე:
წმ. დიონისე არეოპაგელი: "თუ ეპისკოპოსი ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ განკვეთს ვინმეს, საღმრთო მსჯავრი მას დაუმტკიცებლად ჩათვლის".
წმ. ანასტასი სინელი: "რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ" (ლუკა 10:5-6). კურთხევის უმიზეზოდ შემკავებელი და უსაფუძვლოდ მაწყევარიც კურთხევას იკლებს და თავს იწყევლის".
VII მსოფლიო კრების მე-4 კანონი, რომელიც იმისთვის ებოძათ ეპისკოპოსთ, რომ ერთობლივად, მამათა მოძღვრების საფუძველზე გამოესწორებინათ მათდამი დაქვემდებარებული კლერიკოსნი და ყოველნი სასულიერო წოდების მქონენი, განაწესებს: "თუ რომელიმე ეპისკოპოსი ბოროტად გამოიყენებს მისდამი ბოძებულ ძალაუფლებას და ან უსაფუძვლოდ განაყენებს ვინმეს, ან აკრძალავს, ან სხვა უსაფუძვლო მიზეზის გამო დაკეტავს ეკლესიას ისე, რომ შეუძლებელი იქნეს ჩატარება ღვთისმსახურებისა, - უწყოდეთ: ამდაგვარნი, ჭეშმარიტად ისეთ ტანჯვას უნდა დაექვემდებარონ, რაც თავადვე განაწესეს: დე განკვეთოს მიტროპოლიტმა ამდაგვარი ეპისკოპოსი და "მიექცეს სალმობაი მისი თავსა მისსა"" (ფსალმ. 7:1), ვითარც უფლის მცნების გარდამხდომელს და მოციქულთა ბრძანების უგულებელმყოფელს. დე ისწავლოს უსამართლო აკრძალვა რომ არ ეგების" (Преп. Иосиф Волоколамский. "Просветитель". Сл. 12, Москва 1993 г.).
წმ. წიგნები ცხადად ადასტურებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ უსამართლოდ დასჯის შემთხვევაში, საღმრთო მსჯავრი არ მიჰყვება არც პატრიარქის, არც ეპისკოპოსის და თვით კრების განჩინებასაც კი. და "ეს ეხება არა მხოლოდ განკვეთას, არამედ თვით წყევლა-კრულვასაც. თუკი ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ მოიმოქმედებენ ამას".
ალექსანდრიის პატრიარქმა, ერეტიკოსმა დიოსკორემ და ევტიქიმ, თანამოაზრე ეპისკოპოსებთან ერთად კრებითი განჩინებით დასწყევლეს ნეტარი ფლაბიანე კონსტანტინოპოლელი, მაგრამ განა დაეთანხმა მათ მსჯავრი უფლისა და მართალთა უსამართლოდ მაწყევარნი თვითვე არ შეიქნენ წყეულნი ღვთისა და ერისაგან?! ნეტარი ფლაბიანე კი წმინდანთა დასში ჩაირიცხა.
ასევე - "კოპრონიმემ და მისმა თანამოძმე პატრიარქმა და ეპისკოპოსებმა დასწყევლეს დიდი პატრიარქი გერმანე და ყველა ხატთაყვანისმცემელი ქრისტეანი, მაგრამ თვით იქნენ დაწყევლილნი, ხოლო ნეტარი გერმანე წმ. მოციქულთა, პატრიარქთა და აღმსარებელთა დასში იქნა ჩარიცხული" (იქვე).
აი, რას ეუბნება ხატმებრძოლ ისავრიელს რომის პაპი გრიგოლი იმ წყევლის გამო, რაც მან თავს დაატეხა მართლმორწმუნეთ: "თავიდანვე, ნებაყოფლობით და არა ძალდატანებით, აღიარებდი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ხოლო შემდგომ ნებაყოფლობითვე წყევლა-კრულვა დაატეხე თავზე ჩვენდამი მოწერილი წერილის გამო. ჩვენ, წმ. პეტრე მთავარმოციქულისგან მონიჭებული ძალაუფლებით შეგვეძლო სასჯელი დაგვედო შენთვის, მაგრამ რადგანაც თვითონვე გარდამოგიწვევია თავზე წყევლა, რომელსაც შენგანვე გზააბნეული თანამზრახველნიც ექვემდებარებიან, - დე, დარჩეს იგი შენზე" (Деяния VII Всел. Собора. Первое послание св. отца нашего Григория ко Л