ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ჭეშმარიტების ძიებაში
("ობნოვლენცების" სქიზმისა და არქიეპისკოპოს ნიკოლას ძველმართლმადიდებლობაში შემოერთების ისტორია)

სარჩევი:


შესავალი

1. განახლების აისი

2. განმაახლებლური სქიზმა

3. ძველი და ახალი რწმენა

4. საეკლესიო განახლების შედეგები

5. ძველმართლმადიდებელი მღვდელმთავრის აპოლოგია

6. ახალი თავდასხმები

7. გულწრფელობა

8. ბოლოთქმა



ძველი და ახალი რწმენა

განმაახლებლური მოძრაობა, რომელიც მრავალთათვის მომხიბლავ რეფორმატორულ იდეას შეიცავდა, ბოლშევიკებმა ახალმოწესეთა ეკლესიის განხეთქილებისთვის გამოიყენეს. მთავარი აქცენტი საეკლესიო იერარქიასთან მებრძოლ ობნოვლენცებზე გაკეთდა. უმთავრეს როლს განხეთქილებაში სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო (ГПУ) თამაშობდა. მან ოსტატურად აიტაცა რეფორმაციის იდეა მარტივი ეკლესიის შესახებ და "მშრომელი ხალხის ინტერესების" ლოზუნგით მისი ვულგარიზება მოახდინა. სპს (ГПУ)-ს უმთავრეს მიზანს "საეკლესიო დაჯგუფებებს შორის განხეთქილების გაღრმავება და დოგმატურ-კანონიკურ ურთიერთობებში მათი სრული შეურიგებლობა" წარმოადგენდა, რათა "ახალი ეკლესია ერთ მუშტად შეკრულ ერთიან ორგანიზაციად არ ჩამოყალიბებულიყო " (Н.Н. Покровский, С.Г. Петров, "Архивы Кремля. Политбюро и Церковь 1922-1925", М.- РОССПЭН, 1997г., кн. 1, стр. 9). 

შემდგომში ჯეროვნად გამოყენებული განმაახლებლური მოძრაობა, მისი არასაჭიროების გამო უნდა გადაეგდოთ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 1921 წლის დეკემბერში აცხადებდა  სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ВЧК) თავმჯდომარე ფ. ე. ძერჟინსკი: "ეკლესია ინგრევა, რასაც ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ და არავითარ შემთხვევაში არ ავაღორძინოთ განმაახლებლური ფორმით... ჩვენი ფსონი კომუნიზმზეა და არა რელიგიაზე" (იქვე. გვ. 51). და მართლაც, "ბნელეთის მოციქულებთან" სახელმწიფოს ბრძოლამ 1930-იანი წლების მასობრივი რეპრესიებისგან ვერც ლოიალური ობნოვლენცები იხსნა. მაშინ ანადგურებდნენ ყველას: მემარჯვენეებსაც და მემარცხენეებსაც. დიდი სამამულო ომის დასაწყისისთვის ეპარქიებში რჩებოდა 1-დან 3-მდე ობნოვლენცური ტაძარი. ეს იყო ობნოვლენცობის მზის ჩასვენება, რომელმაც ფაქტობრივად 1946 წ., თავისი მთავარი იდეოლოგისა და სულის ჩამდგმელის, "უწმიდესისა და უნეტარესის, მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის ეკლესიათა პირველიერარქის", ალექსანდრე ვვედენსკის გარდაცვალების შემდეგ, თავისი არსებობა სრულიად შეწყვიტა.

მაგრამ 20-იანი წლების დასაწყისში, რელიგიის დისკრედიტაციისთვის ბოლშევიკები უმთავრეს იმედებს სწორედ ობნოვლენცებზე ამყარებდნენ. პატრიარქ ტიხონის ძალაუფლებიდან გადაყენებისა და უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს (ВЦУ) შექმნის შემდეგ ობნოვლენცებმა აქტიური საქმიანობა გაშალეს, დაიპყრეს ძალაუფლება ცენტრში და ეპარქიალურ სამმართველოებშიც. 1922 წლის 29 მაისს მოსკოვში მოიწვიეს "ცოცხალი ეკლესიის" დამფუძნებელი კრება, რომელმაც დღის სინათლეზე გამოიტანა თავისი რეფორმატორული პროექტები, რომელიც საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკულად ყველა მხარის გადასინჯვაში მდგომარეობდა. მოსკოვსა და პეტროგრადში თითქმის ყოველდღიურად ტარდებოდა მიტინგები თვალსაჩინო განმაახლებელ მოღვაწეთა მონაწილეობით. ობნოვლენცური პროპაგანდის უმთავრესი ამოცანა იყო დაემტკიცებინათ თავიანთი წარმომავლობის "კანონიკურობა" და გაემყარებინათ ის აზრი, რომ უსს (ВЦУ) ჩამოყალიბებული იყო პატრიარქის კურთხევით, რომელმაც უფლებამოსილება მოიხსნა. ყოველივე ეს ხელს უწყობდა იმას, რომ განმაახლებლებმა გარკვეული დროის განმავლობაში მოიპოვეს ბოლშევიკთა მხარდაჭერა იქამდეც კი, რომ ტაძართა უმეტესობა მათ ხელში აღმოჩნდა" (Герд Штриккер. "Русская православная церковь в советское время (1917-1991)", М.: "Пропилеи", 1995г., кн. 1, стр. 186). 

1923 წლის სექტემბერში განმაახლებლებმა, ახალმოწესეთა ადგილობრივ ეკლესიათა აღიარებისა და მათი მხარდაჭერის სურვილით, მიმართვა დაუგზავნეს ყველა აღმოსავლელ პატრიარქს, სადაც ყველა უბედურებაზე პასუხისმგებლობას, რომელიც საბჭოთა რუსეთში ახალმოწესეობას თავს დაატყდა, პატრიარქ ტიხონს აკისრებდნენ. განმაახლებლები საკუთარ თავს უწოდებდნენ "მესაჭეებს, რომელთაც ხომალდის მმართველობა საკუთარ ხელში აიღეს" (Там же, стр. 208-209).

აღმოსავლეთში განმაახლებლობას არაერთგვაროვნად მიუდგნენ. მაგალითად, თუ იერუსალიმის საპატრიარქომ უარი თქვა საეკლესიო ხელისუფლებად მათ აღიარებაზე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ პირიქით, განმაახლებლებს მხარი დაუჭირა.

საქმე იმაშია, რომ 1920-იანი წლების დასაწყისში განმაახლებლური რევოლუცია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოშიც დაიწყო. პატრიარქთა პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და დაშორდა მართლმადიდებლურ ტრადიციას. განსაკუთრებულად მკაფიოდ გამოვლინდა ეს პატრიარქ მელეტის (მეტაკსაკისის) (1923-1924 წწ.) დროს, რომელიც საეკლესიო ცხოვრებაში იმგვარი რადიკალური სიახლეების შემოღებას ემხრობოდა, რაც რუსი ობნოვლენცების სიახლეების მსგავსი იყო. 1923 წლის მაის-ივლისში პატრიარქმა მელეტიმ კონსტანტინოპოლში მოიწვია თავისი ე. წ. "სრულიად მართლმადიდებლური კრება", რომელზეც ათიოდე ადამიანიღა შეიკრიბა, თანაც არც ერთი მათგანი ოფიციალურად არ წარმოადგენდა არც ერთ საპატრიარქოს. "კრებამ" იულიანური კალენდარი შეცვალა გრიგორიანულით, დაადგინა პასქალიის შეცვლა, რომელიც პირველი მსოფლიო კრებიდან მოყოლებული საუკუნოდ არის დაწესებული, შემოიღო არაკანონიკური ქორწინება, მღვდელმსახურთა მეორედ ქორწინება და სხვა საეკლესიო სიახლენი. 

ბუნებრივია, რომ პატრიარქ მელეტის ძალზედ აწყობდა რუსეთში განმაახლებელთა "ცოცხალი ეკლესიის" განმტკიცება, რომელიც თავისი მოდერნისტული პროგრამით ძალზედ წააგავდა იმას, რასაც თვით მელეტი ატარებდა კონსტანტინოპოლში (Дмитрий Сафонов. Статья "Святейший патриарх Тихон и Константинопольский патриархат").

დაუფარავი კეთილგანწყობითა და აღტაცებით მადლობდნენ ობნოვლენცები მელეტის მათდამი გამოვლენილი კეთილგანწყობისთვის: "სინოდი გულწრფელი და საუკეთესო სურვილებით იხსენებს იმ მორალურ მხარდაჭერას, რომელიც თქვენმა უნეტარესობამ აღმოგვიჩინა,... როდესაც ჩვენთან, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთადერთ კანონიერ და მმართველ ორგანოსთან, თანაზიარობა დაამყარა" (Bishop PHOTIUS. The 70-th Anniversary of the Pan-Orthodox Congress in Constantinople // Orthodox Life. № 1. 1994. P. 42). "ცოცხალ ეკლესიასთან" ბერძნებს მთელი რიგი წლების განმავლობაში ჰქონდათ ევქარისტული ერთობა, რომელიც მხოლოდ 1929 წელს შეწყდა.

ამრიგად, ამგვარი ინტრიგების, ტყუილების, მოსყიდვებისა და შანტაჟის გზით, ასევე საბჭოთა ხელისუფლების თანადგომის წყალობთ, ВЦУ-ს ხელისუფლებამ თავისი გავლენის სფერო მთელი ქვეყნისა და უცხოეთის მასშტაბით გააფართოვა.

ობნოვლენცების პოზიციები კიდევ იმითი ძლიერდებოდა, რომ 1922 წლის 03 (16) ივნისს ახალმოწესეთა ეკლესიის სამმა მღვდელმთავარმა - ვლადიმირის მიტროპოლიტმა სერგიმ (სტრაგოროდსკი), ნიჟეგოროდის არქიეპისკოპოსმა ევდოკიმემ (მეშჩერსკი) და კოსტრომის არქიეპისკოპოსმა სერაფიმემ (მეშჩერიაკოვი) ყველა ახალმოწესეს მიმართეს მოწოდებით, კანონიკურად ეღიარებინათ განმაახლებელთა უმაღლესი საეკლესიო მმართველობა (ВЦУ): 

"განვიხილეთ რა უმაღლესი საეკლესიო მმართველობის პლატფორმა და მისი კანონიკური საფუძვლები, ჩვენ: სერგი, მიტროპოლიტი ვლადიმირისა; ევდოკიმე, არქიეპისკოპოსი ნიჟეგოროდისა და არზამასისა; ასევე სერაფიმე, არქიეპისკოპოსი კოსტრომისა და გალიჩისა, ვაცხადებთ, რომ მთლიანად ვიზიარებთ უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს ღონისძიებებს, მივიჩნევთ მას ერთადერთ კანონიკურ და უმაღლეს საეკლესიო ხელისუფლებად და სრულიად კანონიკურად და აუცილებლად ვცნობთ მისგან გამომავალ ყოველგვარ განკარგულებას. მოვუწოდებთ ყველა ჭეშმარიტ მოძღვარსა და ეკლესიის ერთგულ შვილს, როგორც ჩვენდამი მობარებულთ, ასევე სხვა ეპარქიათა წევრებს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს" (М.Е. Губонин, "Акты Святейшего Патриарха Тихона", М.-ПСТБИ, 1994г., стр. 218-219).

ამ ე. წ. "სამთა მემორანდუმმა" ("Меморандум трех") კრიტიკულ მომენტში გამანადგურებელი ზეგავლენა მოახდინა ახალმოწესეთა ეკლესიის ერთობაზე. საკუთრივ უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ სამი ავტორიტეტული მღვდელმთავრის მიმართვამ უდიდესი როლი ითამაშა (თუ გადამწყვეტი არა) მთელი რუსეთის მასშტაბით ობნოვლენცური ზეგავლენის გავრცელების საქმეში, რადგან მემორანდუმის ავტორთა მოწოდების მიყოლით, მრავალმა ეპისკოპოსმა ცნო უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს კანონიკურობა. ამის შესახებ მეტად მჭევრმეტყველურად წერს იმ მოვლენათა თვითმხილველი მიტრ. მანუელი (ლემეშევსკი): "არ გვაქვს უფლება ისტორიას დავუმალოთ რუსეთის ეკლესიის ერთობისგან ის გამაოგნებელი და სევდიანი განდგომა, რაც მასობრივად ხდებოდა სამი ცნობილი მღვდელმთავრის მიერ ჟურნალ "Живая Церковь"-ში ("ცოცხალი ეკლესია") გამოქვეყნებული მოწოდების შემდეგ. მღვდელმთავართა და სამღვდელოების დიდი ნაწილი მიამიტურად და გულუბრყვილოდ ამბობდა: "თუკი ბრძენმა სერგიმ შესაძლებლად მიიჩნია ეღიარებინა უმაღლესი საეკლესიო სამმართველოსადმი მორჩილება, ცხადია ჩვენც მის მაგალითს უნდა მივბაძოთ" (Лев Регельсон. "Трагедия русской церкви: 1917-1945 гг.").

ეს იყო ობნოვლენცების "ვარსკვლავური ჟამი". უმოკლეს ვადაში ობნოვლენცური უმაღლესი საეკლესიო სამმართველო ახალმოწესე იერარქთა უმეტესობამ აღიარა, ზუსტად კი 97 მმართველი მღვდელმთავრიდან მხოლოდ 36-მა თქვა უარი უსს (ВЦУ)-ს აღიარებაზე.

ოვნოვლენცური უსს-ს ამღიარებელთა შორის იყო თვალსაჩინო ახალმოწესე მღვდელმთავარი, იამბურგის ეპისკოპოსი ალექსი (სიმანსკი), მომავალი პატრიარქი ალექსი I. 

თავისი მდგომარეობის შესანარჩუნებლად (მიტროპოლიტ ბენიამინის დაპატიმრების შემდეგ ის გახდა პეტროგრადის ეპარქიის მმართველი), ხელისუფალთა რჩევით მან გაამართლა დეკანოზი ა. ვვედენსკი, რომელიც, რომელიც თვით მიტროპოლიტმა ბენიამინმა ეკლესიიდან მოიკვეთა. 23 მაისს / 4 ივნისს ეპისკოპოსმა ალექსიმ გამოსცა ეპისტოლე, რომელშიც, კერძოდ ნათქვამია: "მხედველობაში მივიღე რა საქმის ყველა ვითარება, მოვუწოდე რა უფალსა და მის ზეციურ შეწევნას, უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თანხმობითა და ჩემდამი მეუფე მიტროპოლიტისგან გადმოცემული სრული მემკვიდრეობითი ძალაუფლებით, ძალადაკარგულად მივიჩნევ მიტროპოლიტ ბენიამინის დადგენილებას დეკ. ა. ვვედენსკისა და მეუფე მიტროპოლიტის ეპისტოლეში მოხსენიებულ სხვა პიროვნებათა არაკანონზომიერ ქმედებებთან დაკავშირებით  და ეკლესიასთან მათ ერთობას აღდგენილად ვაცხადებ" (იქვე). 

მოცემულმა მიმართვამ, ისევე როგორც "სამთა მემორანდუმმა" თავისი საქმე გააკეთა და ობნოვლენცებს გზა გაუხსნა...

გარდა ამისა უსს-ს კანონიკურობას, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა ადგილობრივ ახალმოწესე ეკლესიათა მეთაურებიც აღიარებდნენ. კერძოდ, - კონსტანტინოპოლისა და ალექსანდრიის პატრიარქები (А.Левитин-Краснов, В.Шавров, "Очерки по истории русской церковной смуты", М., 1996г., стр.118).

1922 წლის ივლისის ბოლოს უმაღლესი საეკლესიო სამმართველო აღიარა ბალაშოვის ეპისკოპოსმა ნიკოლამ (პოზდნევი). პატრიარქის დაპატიმრებამ, სხვა პროვინციულ მღვდელმთავართა მსგავსად, მეუფე ნიკოლაზე ძლიერ იმოქმედა. სხვების მსგავსად ისიც იმედოვნებდა, რომ პატრიარქის თანხმობით (როგორც ამას ობნოვლენცები ამტკიცებდნენ), შორეულ მოსკოვში სტიქიურად წარმოქმნილი უმაღლესი საეკლესიო სამმართველო და მისი აღიარება ახალმოწესეობის თვალსაჩინო წარმომადგენელთა მიერ, ეკლესიას მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანდა და მისი სტრუქტურის განადგურებას არ დაუშვებდა. არც მეუფე ნიკოლა, და არც სხვა მღვდელმთავრები, იმ მომენტისთვის უსს-ს ვერავითარ ალტერნატივას ვერ ხედავდნენ: სხვა ადმინისტრაციული ცენტრი არ არსებობდა, ხოლო ადმინისტრაციის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იყო. 

რადგან გულწრფელად ეგონათ, რომ უსს არის კანონიკური დაწესება და საეკლესიო მმართველობის კანონიკური ორგანო, მეუფე ნიკოლამ თავის ეპარქიაში გამოსცა განკარგულება იმის შესახებ, რომ "სამრევლო ეკლესიების ყველა წევრი, რომელიც არ აღიარებს უსს-ს, ასევე სარატოვის საეპარქიო სამმართველოს წევრები განიკვეთებიან საეკლესიო თანაზიარობისგან მანამ, სანამ არ შეინანებენ და გარიცხულ იქნებიან მართლმადიდებელთა სიიდან. ამდაგვართ არ ექნებათ უფლება იყონ კოლექტივთა საბჭოს წევრები" (Н.Н. Покровский, С.Г. Петров, "Архивы Кремля. Политбюро и Церковь 1922-1925", М.- РОССПЭН, 1997г., кн.2, стр. 328-329).

გასაკიცხია თუ არა მეუფეს საქციელი, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ისტორიულ ვითარებას, რომელშიც ის აღსრულდა? ამის შესახებ სამართლიანი მსჯავრის გამოტანა ძნელია, და ეს ჩვენ არც გვჭირდება, რადგან კარგად ბრძანეს ჩვენმა წინაპრებმა 1924 წლის კრებაზე: "ეს საკითხი სინდისის საკითხია და ჩვენი ინტერესის საგანს არ წამოადგენს". გარდა ამისა, იმ მომენტისთვის, ობნოვლენცური უსს-ს ძალაუფლების მიმღები არქიეპისკოპოსი ნიკოლა (პოზდნევი)ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა ისევე, როგორც ის ახალმოწესე იერარქები, რომლებმაც უსს არ აღიარეს.

და მაინც, უნდა შევნიშნოთ, რომ მეუფე ნიკოლას მონაწილეობა ობნოვლენცურ მოძრაობაში საკმაოდ ხანმოკლე (ერთი წელი) და ფორმალური იყო. ობნოვლენცურ მღვდელმთავართაგან გასხვავებით ის უქორწინებლობას ინარჩუნებდა და ბერული აღთქმები არ შეუბღალავს. ისტორიამ არ იცის ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მეუფეს რაიმე აქტიური პოზიცია ჰქონოდა ობნოვლენცურ მოძრაობაში. ის უფრო შორიდან აკვირდებოდა მოვლენებს მაშინ, როდესაც სარატოვში ობნოვლენცობას ხელმძღვანელობდნენ დეკანოზი ნიკოლოზ რუსანოვი და სერგი ლედოვსკი. სწორედ ამ ბატონების ხელმოწერები ფიგურირებს იმ დროინდელ ობნოვლენცურ დოკუმენტზე. ხოლო მეუფე ნიკოლა, როგორც უკვე ვთქვით, ობნოვლენცობის ცხოვრებაში პრაქტიკულად არანაირ მონაწილეობას არ ღებულობდა. ობნოვლენცებისადმი მისი თანაგრძნობა მხოლოდ საეკლესიო მართველობის ძველეკლესიურად დემოკრატიზაციის საკითხით შემოიფარგლებოდა. ამასთან დაკავშირებით მეუფემ საკუთარი აზრები საკმაოდ მკაფიოდ გამოხატა 1924 წლის მაისში, მოსკოვის ძველმართლმადიდებელთა კრებაზე:

"ჭეშმარიტ ძველმართლმადიდებელთა ეკლესია თავის მმართველობაში არ უნდა უშვებდეს დესპოტიზმს, მოციქულთა მემკვიდრეთაგან, ანუ ეპისკოპოსთაგან ძალაუფლების დაპყრობას, როგორც ამას აკეთებს რომის პაპი. მით უფრო, ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას არ უნდა ხელმძღვანელობდნენ ერისკაცნი, თავისი მორჩილი და თავმდაბალი შვილები... ის უნდა ხელმძღვანელობდეს ჭეშმარიტი სარწმუნოების იმ დოგმატებით, რომელიც ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ თავის სახარებისეულ სწავლებებსა და იმ კანონიკურ განწესებებში გადმოგვცა, რომელიც სულიწმიდით განბრძნობილმა წმიდა მამებმა მიიღეს მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე" (Труды Всеросс. Соборов старообрядцев, приемлющих священство от Греко-российской церкви. Московского за 1924 год. Хвалынского за 1925 г., Хвалынск, 1925г., стр. 24).
 
ახლა ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები ახალმოწსეობაში, უსს-ს დაფუძნების შემდეგ...

1923 წლის 29 აპრილს, მოსკოვში გაიხსნა პირველი ობნოვლენცური კრება, რომელსაც "სრულიად რუსეთის მეორე ადგილობრივი კრება უწოდეს". რაკიღა ბოლშევიკებმა ისე უცებ ვერ შესძლეს ტიხონიანური ეკლესიის განადგურება, როგორც ამას ობნოვლენცები ვარაუდობდნენ, ამ კრების დანიშნულება უფრო ობნოვლენცების გაერთიანებაში გამოიხატა, ვიდრე უთანხმოებაში მათ შორის. პატრიარქ ტიხონის წინააღმდეგ მიღებულ ყველაზე მძაფრ გადაწყვეტილებებში ტუჩკოვმა ნახევარი ათასი დელეგატის მიმხრობა შესძლო. კრებამ პატრიარქს სამღვდელმთავრო და სამღვლო პატივი აჰყარა და წაართვა თვით ბერობაც კი, რითაც "პირველდაწყებით საერო მდგომარეობაში" გადაიყვანა; 1917-1918 წლებში პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენა ობნოვლენცებმა "კონტრრევოლუციურ აქტად" შერაცხეს. გარდა ამისა, კრებამ მიიღო დადგენილება ახალ სტილზე გადასვლის შესახებ, სამღვდელოებას მეორედ ქორწინების ნება დართო, დაუშვა ეპისკოპოსთა ცოლიანობა და მოიკვეთა კარლოვაცის (უცხოეთში ემიგრირებული - რედ.) სამღვდელოება. 

სკანდალურმა კრებამ არქიეპისკოპოს ნიკოლაზე დამთრგუნველად იმოქმედა. მეუფეს სრულიად გაუტყდა გული როგორც ობნოვლენცობაზე, ასევე ახალმოწესეობაზეც. მისი თქმით, ამისკენ მას უბიძგა გაუთავებელმა "განხეთიქლებებმა და დაყოფებმა, რითაც სუნთქავენ და დასაქმებულნი არიან პატრიარქობის მომხრენიც და "ჟივოცერკოვნიკებიც"" (იქვე. გვ. 23). 1923 წლის ზაფხულს მეუფემ მოლაპარაკებები დაიწყო ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან მასთან შესაძლო შეერთებასთან დაკავშირებით, დაიწყო ასევე მისი ისტორიის, საეკლესიო და საზოგადოებრივი პოზიციის შესწავლა.  

ამ დროს მოხდა ის, რასაც ობნოვლენცები არაფრით ელოდნენ. მსოფლიო საზოგადოების პროტესტის გავლენით, 1923 წლის 25 ივნისს პატრიარქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამას საპატრიარქო ეკლესიისადმი სასულიერო პირებისა და ტაძრების დაბრუნების ლავისებური ტალღა მოჰყვა. პანიკაში ჩავარდნილმა ობნოვლენცებმა სასწრაფოდ მოიწვიეს ყრილობა, რომელზეც უმაღლესი საეკლესიო სამმართველო "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უწმიდეს სინოდად" გადააკეთეს და იულიანურ კალენდარს დაუბრუნდნენ. 

1923 წლის ივლისში, პარიზში, გაზეთ "Дни"-ს, 184-ე ნომერში, რომელსაც გამოსცემდა ა. ფ. კერენსკი, გამოქვეყნდა პატრიარქ ტიხონის 1922 წლის 6 დეკემბრით დათარიღებული მიმართვა, რომელშიც მან ანათემას გადასცა უსს (ВЦУ), რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იქნებოდა ჩვენთვის, მოცემული მიმართვა ყალბი რომ არ იყოს, რადგან 1923 წლის 27 ივნისს (10 ივლისს ახ. სტ.), პატიმრობიდან თავისი გათავისუფლების შემდეგ, პატრიარქმა ტიხონმა თავისი სრულიად განსხვავებული მიმართვა გააჟღერა: "უცხოეთში გამომავალ გაზეთში "Дни", 10 ივლისის 184-ე ნომერში დაბეჭდილია მიმართვა, რომელიც ეხება ჩვენს დამოკიდებულებას უსს-ადმი რომელსაც მე მომაწერენ... ვაცხადებ, რომ ამგვარი მიმართვა არ დამიწერია, ყალბია და ჩვენს შეხედულებებთან შეუსაბამო" (М.Е. Губонин, "Акты Святейшего Патриарха Тихона", М.-ПСТБИ, 1994г., стр. 287-288). 

იმავე დროს, პატრიარქმა ტიხონმა საჭიროდ ჩათვალა ნათელი მოეფინა სალაპარაკოდ გამხდარი უსს-ს წარმომავლობაზე. ასე, მაგალითად, 1923 წლის 02 (15) ივლისის მიმართვაში მან დაადასტურა, რომ არ აღიარებს განმაახლებელთა (ობნოვლენცების) უმაღლეს სამმართველოს, ასევე ამცნო თავის ეკლესიას ე. წ. "პროგრესული სამღვდელოების საინიციატივო ჯგუფის" ჭეშმარიტ უფლებამოსილებებისა და ამოცანების შესახებ: "ჩვენ გვთხოვეს მიგვენდო მათთვის ჩვენი კანცელარია მასში შემოსულ დოკუმენტთა მოსაწესრიგებლად. რადგან ეს სასარგებლოდ ჩავთვალეთ, დავუთმეთ მათ მეძიებლობას... მათ ევალებოდათ მხოლოდ საქმეთა მიღება და მიტრ. აღათანგელოზისადმი გადაცემა, როგორც კი ის მოსკოვში ჩამოვიდოდა. ხოლო, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შემოსულ საქმეებთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ მიტროპოლიტი აღათანგელოზი მოსკოვში საერთოდ არ გამოცხადდებოდა, არავითარი განკარგულება არ გაგვიცია... შეუძლებელია რეზოლუციაში რაიმე თქმულიყო იმის შესახებ, რომ თითქოსდა ასეთ შემთხვევაში მოვალენი იყვნენ შეეცვალათ მიტრ. აღათანგელოზი და ჩადგომოდნენ საეკლესიო მმართველობას, რადგან უფლებამოსილებანი, რომელიც ეპისკოპოსის ხარისხთან არის დაკავშირებული, შეუძლებელია პრესვიტერს გადაეცეს" (იქვე. გვ. 290).

ამრიგად, 1923 წლის ივლისში პატრიარქმა ტიხონმა დაგმო უსს, რისი უფლებაც უდავოდ გააჩნდა, მაგრამ არ შეეძლო ერთპიროვნულად გამოეტანა დადგენილება იმ ეპისკოპოსთა გამო, ვინც ერთობაში იყო უსს-თან, რადგან ამგვარ საკითხთა გადაწყვეტა მხოლოდ მღვდელმთავართა კრების პრეროგატივას წარმოადგენს. მეტიც, დაგმო რა ობნოვლენცური უსს-ს მოქმედებები, პატრიარქმა ტიხონმა, მიუხედავად ყოველივესი, არ ისურვა თავისი ძალაუფლებისთვის ძალდატანებით დაექვემდებარებინა ის თემები, რომლებსაც ეს არ სურდათ, რითაც პრაქტიკულად აკურთხა ახალმოწესეობრივ სამრევლოთა ავტონომიური მმართველობა. ეს ყოველივე კონკრეტულად გადმოცემულია პატრიარქ ტიხონისა და ახალმოწესეობრივი ეკლესიის მოწოდებაში, რომელმაც დღის ნათელი იხილა 1923 წლის სექტემბერს: "უპირველეს ყოვლისა საეკლესიო მმართველობა არ უნდა ერეოდეს იმ სამრევლოთა ცხოვრებაში, რომლებიც ნებაყოფლობით არ ემორჩილებიან მის ხელისუფლებას" (იქვე. გვ. 297-298).  

ამავდროულად, ობნოვლენცურ იერარქიასთან დაკავშირებით, პატრიარქმა ტიხონმა სინოდთან ერთად გამოსცა მთელი რიგი დადგენილებები. ასე, მაგალითად, 1923 წლის 07 (20) დეკემბერს გამოსცეს № 160-ე დადგენილება ობნოვლენცური იერარქიის მღვდელმსახურების აკრძალვის შესახებ (იქვე. გვ. 307); 1924 წლის 02 (15) იანვრის № 3-ე დადგენილებით, ობნოვლენცური იერარქიის კანონიკურობის უარყოფის შესახებ ითქვა: "ყველა, ვინც გადაიხარა "ობნოვლენცობისკენ" და პატრიარქის მწყემსმთავრობის ქვეშ არ იმყოფება, მართლმადიდებელი ეკლესიიდგან განდგომილად და განხეთქილებაში მყოფად ჩაითვალოს; ხოლო ობნოვლენცების, როგორც იერარქიას, ასევე მმართველობას უკანონოდ ვაცხადებთ" (იქვე. გვ. 309). 1924 წლის 2 (15) აპრილს გამოვიდა № 180-ე მიმართვა ობნოვლენცების განხეთქილების უმთავრეს მოღვაწეთა დაგმობის, აკრძალვისა და საეკლესიო სასამართლოსადმი გადაცემის შესახებ (იქვე. გვ. 315). 

აი, ყველა ის ისტორიული ფაქტი რაც ახალმოწესეობაში გაჩენილ ობნოვლენცურ მოძრაობასა და ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაში საეპისკოპოსო ხარისხის აღდეგენის ისტორიას ეხება.

ახლა კი შევაჯამოთ...

რადგან არქიეპისკოპოსი ნიკოლა ეპისკოპოსის ხარისხში ხელდასხმულ იქნა 1921 წლის 11 ივლისს (ობნოვლენცური განხეთქილების აღმოცენებამდე), ხოლო არქიეპისკოპოსის ხარისხში, სარატოვის კათედრაზე აღსაყრდებულ იქნა 1922 წლის 28 სექტემბერს, 1923 წლის 22 ოქტომბერს / 4 ნოემბერს კი არსებულ ხარისხსშივე შემოუერთდა ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას, პატრიარქ ტიხონისა და მისი სინოდის მიერ 1923 წლის 07 (20) დეკემბერსა და 1924 წლის (02 (15) დეკემბერს ობნოვლენცურ სამღვდელოებაზე დადებულ კანონიკურ აკრძალვებს მეუფე ნიკოლასთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ამ მომენტისთვის ის უკვე ობნოვლენცური კი არა, ძველმართლმადიდებელი მღვდელმთავარი იყო.

არქიეპისკოპოს ნიკოლას სამღვდელმთავრო ხარისხის კანონიკურობა დასტურდება აგრეთვე საპატრიარქოს ქორეპისკოპოსის თანაშემწის, ნიჟეგოროდის მიტროპოლიტ სერგის (სტრაგოროდსკის) და დროებითი საპატრიარქო სინოდის დადგენილებით იმ მღვდელმსახურებებთნ დაკავშირებით, რომელსაც ობნოვლენცები ასრულებდნენ. 1929 წლის 24 ივლისის (6 აგვისტო) № 1864-ე დადგენილებაში ვკითხულობთ: "ყველა მღვდელმსახურება, რომელიც განმაახლებელი (ობნოვლენეცი) მღვდელმსახურების მიერ 1924 წლის 15 აპრილის შემდეგ არის შესრულებული, ძალადაკარგულად გამოცხადდეს" (იქვე. გვ. 644). 

შედეგად, ყველა მღვდელმსახურება, მაშასადამე ქიროტონიებიც, რომელიც ობნოვლენცებს აღუსრულებიათ ახალმოწესეთა პატრიარქისა და სინოდის მითითებულ განკარგულებამდე, ქმედითად და კანონიერად არის აღიარებული, მათ შორის ნიკოლა პოზდნევის არქიეპისკოპოსის ხარისხში აღსაყდრებაც და სარატოვის კათედრაზე ვიკარიულ ეპისკოპოსად მისი დანიშვნაც.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ ჯეროვანი იქნება გადმოვცეთ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური პოზიცია ობნოვლენცებთან და მათ მიერ აღსრულებულ ქიროტონიებთან დაკავშირებით.

მოსკოვის 1924 წლის (ძველმართლმადიდებელთა - რედ.) კრებამ განსაზღვრა: "დიდი რუსეთის ეკლესიიდან გადმოსული სასულიერო პირები შეწყნარებულ იქნან ადრინდელი წესით, ანუ მეორე ჩინით (მირონცხებით). სასულიერო პირებს დაურჩეთ თავიანთი ხარისხები; მაგრამ რადგან 1922 წელს რუსეთის გაბატონებულ ეკლესიაში მოხდა განხეთქილება, რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს მთავარმა საეკლესიო საბჭომ, რადგან ამ საგანზე ჯეროვანი პასუხი მხოლოდ დიდი რუსეთის ეკლესიაში მომხდარი მოვლენების მიმოწვლილვითი ანალიზის შემდეგ არის შესაძლებელი" (Труды Всеросс. Соборов старообрядцев, приемлющих священство от Греко-российской церкви. Московского за 1924 год. Хвалынского за 1925 г., Хвалынск, 1925г., стр. 40-41). 

ძველმართლმადიდებელთა მთავარი საეკლესიო საბჭო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ახალმოწესეობაში შექმნილ სიტუაციას, რის გამოც, 1925 წელს ხვალინსკის კრებამ მოცემულ საკითხზე ასეთი დადგენილება გამოიტანა: "გაბატონებული ეკლესიიდან გადმოსული ეპისკოპოსები, ანუ ისინი, ვინც ხელდასხმა მოსკოვის 1923 წლის ადგილობრივ კრებამდე მიიღეს, შეწყნარებულ იქნენ"  (იქვე. გვ. 61).

ამგვარად, კრებამ დაადდგინა უარყოფილ ყოფილიყო ქიროტონიები (და სხვა მღვდელმსახურებანიც) რომლებიც ობნოვლენცებმა 1923 წლის მათი რეფორმატორული კრების შემდეგ შეასრულეს, შედეგად, დაიგმო მათი საეკლესიო რეფორმაციაც, კერძოდ: ბერმონაზვნობის ინსტიტუტის გაუქმება, ეპისკოპოსთა ცოლიანობა, სასულიერო პირთა მეორედ ქორწინება და სხვა.
 
აქედან კი უეჭველად გამოდის ის, რომ არქიეპიესკოპოს ნიკოლას სამღვდელმთავრო ქიროტონია ობნოვლენცებისგან 1923 წლის ობნოვლენცური კრების შემდეგ რომ მიეღო, ძველმართლმადიდებლობაში გადასვლისას იმავე ხარისხში შეწყნარებული ვერ იქნებოდა.