დ. ს. ვარაკინი
ნეტარ თეოდორიტე კვირელისა და წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი მისი თხზულებების შესახებ
ახალმოწესე: ამჯერად გთხოვთ მოისმინოთ შემდეგი მოწმობა. ნეტ. თეოდორიტე კვირელმა დაწერა ყალბი თხზულება წმ. კირილე ალექსანდრიელის 12 თავის წინააღმდეგ და ის მწვალებლობაში დაადანაშაულა, მაშინ როდესაც წმ. კირილე სრულიად მართლმადიდებელი იყო. გაილაშქრა მან ეფესოს წმიდა კრების წინააღმდეგაც, რის გამოც მეხუთე მსოფლიო კრებაზე თეოდორიტე ანათემას გადასცეს თავის ყალბ თხზულებებთან ერთად. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეხუთე მსოფლიო კრება წმიდად მიიჩნევა, ისევე როგორც თეოდორიტეა აღიარებული ნეტარ და ზოგან წმინდანადაც კი. ჩემის აზრით, ეს შეიძლება გამოდგეს ჩვენი ეკლესიისა და მოსკოვის XVII საუკუნის კრებათა გასამართლებლად.
ძველმოწესე: მითხარით, გეთაყვა, საიდან მოიტანეთ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ თეოდორიტე გადასცა ანათემას იმისთვის, რომ მან არასწორად დაწერა მესამე მსოფლიო კრებისა და კირილე ალექსანდრიელის 12 თავის შესახებ?
ახალმოწესე: როგორ, განა არ დაუწერია თეოდორიტეს ეს ყალბი თხზულებები!..
ძველმოწესე: დიახ, დაწერა.
ახალმოწესე: ხოლო მეხუთე მსოფლიო კრებაზე ის გაასამართლეს; არაერთხელ მომისმენია როგორ მოჰყავდათ მისიონერებს ეს მაგალითი თავიანთ გასაუბრებებში.
ძველმოწესე: რას არ დაიმოწმებენ თქვენ მისიონერები!... მისიონერების ნალაპარაკევს სჯობია წავიკითხოთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეები ამ საკითხზე. ისმინეთ, რა წერია ვიგილიუსის მიერ ტომიელი ეპისკოპოსის, ვალენტინიანესადმი მიწერილ ეპისტოლეში: "რადგან ჩვენი შვილი, სახელოვანი და ცნობილი კაცი ვიზინიანე, მასთან კი ისინიც, ვინც კონსტანტინოპოლში თვალს ადევნებენ შენი ძმობის ეკლესიის საქმეებს, ამბობენ, რომ ღმრთის მტრებს გამოუგონიათ თითქოსდა ჩვენს გადაწყვეტილებებში (ნუმც იყოფინ!) დაგმობილნი იყონ ეპისკოპოსები იბა და თეოდორიტე, წაიკითხონ, რომ ჩვენ, ძმა მინას, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსს მივწერეთ საქმის შესახებ, რომელიც აქ წამოიჭრა და დარწმუნდებიან, რომ ღმრთის წყალობით, არ დაგვიშვია და განზრახვაც არ გვქონია ისეთი რაც რწმენისა და ღირსპატივსაცემი ოთხი კრების საწინააღმდეგო იქნებოდა, სადაც მიღებული იქნა განსაზღვრება ერთი და იმავე სარწმუნოების შესახებ, ანუ ნიკეის, კონსტანტინოპოლის, ეფესოს პირველი და ქალკედონის კრებებისა, ან რაც შეეხებოდა თუნდაც რომელიმე მათგანს ვინც ზემოთაღწერილი ქალკედონის კრების დადგენილებებს ხელი მოაწერა" (т. V, стр. 175-176).
ხედავთ, რა არის ნათქვამი ამ კრების საქმეებში, რომ არა თუ არ დაუსჯიათ თეოდორიტე, მისთვის იოტისოდენა წყენაც კი არ მიუყენებიათ. მეხუთე მსოფლიო კრებაზე განსაჯეს და ანათემას გადასცეს თეოდორიტეს თხზულებები, რომელიც მან დაწერა ეფესოს კრების, კერძოდ კი კირილე ალექსანდრიელის 12 თავის წინააღმდეგ, და არა თვითონ თეოდორიტე. ეს ჩანს თვით მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებიდან: "განვსჯით და ანათემას გადავცემთ, - ვკითხულობთ საქმეებში, - ყველა სხვა მწვალებელთან ერთად, ვინც განკუთხულ და ანათემირებულ იქნა ზემოთხსენებული ოთხი კრებისა და წმიდა და კათოლიკე ეკლესიის მიერ; თეოდორეს, რომელიც იყო მოფსუესტიის ეპისკოპოსი და მის უკეთურ თხზულებებს; ასევე იმას, რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ მართალი რწმენისა, წმ. კირილეს თორმეტი თავისა და ეფესოს კრების წინააღმდეგ. ასევე რაც დაწერა მან თეოდორისა და ნესტორის დასაცავად" (გვ. 187). შემდეგ: "ამრიგად, ანათემას გადავცემთ... იმას რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ..." (იქვე). შემდეგ: "ვინც იცავს თეოდორიტეს უკეთურ თხზულებებს, რომლებიც მან ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ეფესოს პირველი, წმიდა კრების, ასევე წმ. კირილეს თორმეტი თავის წინააღმდეგ დაწერა... შეჩვენებულ იყოს" (იქვე). და ბოლოს: "ევტიქიმ, ღმრთის წყალობით ახალი რომის, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა, განსაზღვრა ის, რაც ზემოთ ითქვა... ვგმობ და შევაჩვენებ იმას, რაც უკეთურად დაწერა თეოდორიტემ, და ხელი მოაწერა" (იქვე). როგორ შეიძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ თეოდორიტე ანათემას გადასცა?
ახალმოწესე: დიახ, აქედან სრულიად ცხადია, რომ თეოდორიტე არ ყოფილა შეჩვენებული მეხუთე მსოფლიო კრების მიერ. მაგრამ აი რას ვერ ვიგებ: როგორ მოხდა, რომ თეოდორიტე, რომელმაც ამდენი დაწერა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, მაინც მართლმადიდებელი დარჩა?
ძველმოწესე: თეოდორიტემ თავისი არასწორი თხზულებები დაწერა კირილეს წინააღმდეგ, ასევე მესამე მსოფლიო კრების დროს და მის შემდეგ, რისთვისაც საეკლესიო ერთობისგან მოკვეთილ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სხვა ეპისკოპოსებთან ერთად პირველად არ დაემორჩილა მესამე მსოფლიო კრების განსაზღვრებას და მონაწილეობა მიიღო ე. წ. "ყაჩაღთა" კრებაში, როგორც ეს მესამე მსოფლიო კრების საქმეებიდან ჩანს. იქ წერია: "წმიდა კრებამ თქვა: შეურაცხყოფისთვის, რომელიც უწმიდეს და უნეტარეს კირილესა და უწმიდეს მემნონს მიაყენეს იოანემ, ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა და მისმა თანამოაზრეებმა, ჩვენს წმიდა კრებას უნდა გაესამართლებინა ისინი ამგვარი უგუნურებისთვის, თანაც ჩვენი მესამე მოწოდების შემდეგაც იოანე და მისი თანამოაზრეები არ დაემორჩილნენ წმიდა კრების მოთხოვნას, არც კრებაზე მოვიდნენ და არც მოუსვლელობის მიზეზი განაცხადეს. მიუხედავად ამისა ჩვენ, როგორც ეპისკოპოსები თავს მოვალედ ვთვლით დიდსულოვნობით გადავიტანოთ მომხდარი, მაგრამ ამჯერად, იმის შემდეგ რაც განსაზღვრულია, განიკვეთონ საეკლესიო ერთობისგან" - და მოსდევს განკვეთილ ეპისკოპოსთა სახელები, რომელთა შორისაც მოხსენიებულია თეოდორიტე კვირელიც (Деяния вселенских соборов», т. I., изд. 1887 г., стр. 285). თუმცა თეოდორიტემ შემდგომში შეინანა თავისი ცთომილებანი და დაგმო ნესტორიცა და მისი ცრუსწავლებაც.
ახალმოწესე: საიდან ჩანსეს?
ძველმოწესე: ეს ჩანს წიგნიდან "Историческое учение об отцах Церкви" ("ისტორიული სწავლება ეკლესიის მამათა შესახებ"), სადაც წერია: "თეოდორიტეს მოქმედება მთელს ეკლესიასთან მიმართებაში დაიწყო იმ დროიდან, რაც ალექსანდრიის კრებამ ნესტორი მწვალებლად გამოაცხადა (430 წ.). ერთის მხრივ, ნესტორისთან დიდი ხნის ნაცნობობამ, რომელსაც პატივს სცემდნენ თავისი მკაცრი ცხოვრების გამო, და მეორეს მხრივ კირილე ალექსანდრიელის ანათემატიზმებში დაეჭვებამ, რომელიც მართლმადიდებლობის აპოლოგიაზე უფრო აპოლინარის სწავლების აპოლოგიად ეჩვენებოდა, კირილეს ანათემატიზმების წინააღმდეგ თეოდორიტემ მკაცრი პასუხების დაწერა გადაწყვიტა. ამავე დროს იოანე ანტიოქიელთან ერთად ის არწმუნებდა ნესტორის მკაცრი ყურადღება მიექცია თავისი აზრებისთვის და დაეცხრო ის მღელვარებანი, რომელიც მის გამო ეკლესიაში ატყდა. კირილეს ნაჩქარევმა მოქმედებამ კრებაზე, რაც ნესტორის გადაუდებელი დასჯის მოთხოვნაში გამოიხატა, თეოდორიტეს მიზეზი მისცა არასწორად გამოეცხადებინა კრების გადაწყვეტილება და დაეწერა თავისი თხზულება კირილეს წინააღმდეგ (432 წ.). მაგრამ შემდეგ, როდესაც დამშვიდებით იქნა განხილული ეფესოს კრების დადგენილებები, თეოდორიტე და ანტიოქიის პატრიარქი კირილეს დაუზავდნენ; ხოლო ნესტორი, რომელიც არც მანამდე გაუმართლებია ვინმეს, დაგმობილ იქნა და ძმობის საკვრელები იმ დროიდან არავის დაურღვევია" ("Историческое учение об отцах Церкви". Филарета Черниговского, т. III, стр. 118 и 119).
თეოდორიტეს შესახებ იგივე წერია სხვა წიგნშიც, სადაც ვკითხულობთ: "თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის შესხებ ცნობილია, რომ ისინი განკითხულ იქნენ დიოსკორეს მიერ ეფესოს ყაჩაღთა კრებაზე". შედეგად, ისინი ორივენი განკითხულ იქნენ, ჯერ ერთი, ისეთი პირის მიერ, ვინც არამართლმადიდებლურად აზროვნებდა და თვითონ იყო დასჯის ღირსი, და მეორეც, ისეთ კრებაზე, რომელმაც თავი საყოველთაოდ შეირცხვინა და "ყაჩაღთა კრების" ზედწოდებაც მიიღო. ასეთი პიროვნებისა და კრების მსჯავრი კი მსჯავრად არ მიიჩნევა. მართალია, როგორც თეოდორიტე, ასევე იბაც, არამართლმადიდებლური შეხედულებებისგან მთლად თავისუფალნი როდი იყვნენ, მაგრამ ისინი მაინც სამართლიანად შეიწყნარა ეკლესიამ, რადგან კრებამ მიმოწვლილვით განიხილა თეოდორიტესა და იბას გასამართლების ვითარებანი, გამოიკვლია მათი სარწმუნოება და მანამ არ შეუერთა ისინი ეკლესიას, სანამ სრულიად არ დარწმუნდა მათ მართლმადიდებლობაში. მაშ, როგორღა აკნინებს მათი შეწყნარება ქალკედონის კრების მნიშვნელობას?
თეოდორიტესა და იბას კვლავ მიქცევა თავიანთი არასწორი შეხედულებებისკენ ცნობილიც რომ ყოფილიყო, მათ გამო ქალკედონის კრების გმობა და უარყოფა მაინც უსამართლო იქნებოდა. ევტიქიანელები აღიარებენ ნიკეის პირველ მსოფლიო კრებას, მაგრამ ამ კრებამ თავის დროზე ეკლესიას რამოდენიმე ისეთი ეპისკოპოსი შეუერთა, რომლებიც შემდეგ კვლავ მწვალებლობას მიუბრუნდნენ. რაც შეეხება იმას, რომ ქალკედონის კრებამ თეოდორიტეს არ მოსთხოვა წმ. კირილე ალექსანდრიელის წინააღმდეგ დაწერილი თავისი თხზულებების გმობა, ამგვარი მოთხოვნა ზედმეტი იყო, რადგან თეოდორიტემ იმავე კრებაზე ანათემას გადასცა ნესტორი და მისი ცრუსწავლება. მაშასადამე, ამით მან გადაჭრით უარჰყო ის შეხედულებები, რომელთაც ადრე ნესტორისთან ერთად იცავდა" ("Обличительное богословие" Иннокентия архимандрита, изд. 1895 г., Казань, т. I, стр. 171, 172 и 173).
დასასრულ, ამის შესახებ წერია მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებშიც: "წმიდა კრებამ თქვა: მხედველობაში თუ მივიღებთ თეოდორიტეს უკეთურ ნაწერებს, ქალკედონის წმიდა კრების შორსმჭვრეტელობა უნდა გვიკვირდეს. რადგან, როდესაც იცოდა მისი ღმრთისმგმობელობა, მრავალ მოწოდებას იყენებდა მის წინააღმდეგ; ამდენად, არც შეიწყნარებდა მას, წინასწარ რომ არ დაეგმო ნესტორი და მისი ღმრთისმგმობელობა, რომელთა დასაცავად ირჯებოდა ადრე" ("Деяния вселенских соборов", т. V, стр. 119). ამ მოწმობებიდან ჩანს, რომ თეოდორიტემ შეინანა ყოველივე ის, რაც დაუწერია ადრე მართლმადიდებლური სარწმუნოების წინააღმდეგ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიწყნარა ის ეკლესიამ. მეხუთე მსოფლიო კრებაზე კი დაგმეს და ანათემას მხოლოდ მისი არამართლმადიდებლური თხზულებები გადასცეს.
ახალმოწესე: თქვენ მე წამიკითხეთ ადგილები წიგნიდან "Историческое учение об отцах Церкви" ("ისტორიული სწავლება ეკლესიის მამათა შესახებ"), სადაც ნათქვამია, რომ თეოდორიტე კირილე ალექსანდრიელს შეურიგდა, არადა მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებში არის თეოდორიტეს ეპისტოლე (გვ. 117), რომელიც მან იოანე ანტიოქიელს გაუგზავნა კირილე ალექსანდრიელის გარდაცვალების შემდეგ. მაშასადამე, თეოდორიტე კირილეს მოწინააღმდეგე იყო მისი სიკვდილის შემდეგაც. როგორ ავხსნათ ეს?
ძველმოწესე: ველოდი რომ ამას მკითხავდით. ამისი ახსნა მარტივია. იმავე წიგნში, რომლიდანაც მე თქვენ თეოდორიტესა და კირილე ალექსანდრიელის შერიგების შესახებ წაგიკითხეთ, არის მინიშნება, სადაც წერია: "უნდა ვიცოდეთ, რომ ავრცელებენ თეოდორიტეს წერილებს ნესტორისადმი, რომელშიაც ისინი ერთმანეთს შეიწყნარებენ, მაგრამ ეს ყალბი წერილებია, რომლებსაც თვით მწვალებლები თხზავენ იმისთვის, რათა ებრძოლონ ეფესოს კრებას". თვით წმ. კირილე წერდა: "არ უნდა ვენდოთ მათ, ვინც ამბობს, თითქოსდა ისინი (აღმოსავლელი ეპისკოპოსები) სულ სხვას ამტკიცებენ, არამედ როგორც ცრუნი და მატყუარანი, საკუთარი მამის, ეშმაკის მსგავსნი, განვაგდოთ; ხოლო თუ გიჩვენებენ წერილებს, რომლებიც თითქოსდა ცნობილ პიროვნებებს დაეწეროთს, სინამდვილეში კი საკუთარ გამონაგონს გთავაზობენ, არ არის ჯეროვანი მათ თავხედობას ვენდოთ".
გარნიერმა, რომელმაც (სირმონდის შემდეგ) თეოდორიტეს მიმოწერათა ახალი ტომი შეადგინა, სულაც არ მიაქცია ყურადღება ლეონტისა და თვით კირილეს ამ მოწმობებს. "ამ მოწმობების მიხედვით ჩვენ ნაყალბევად უნდა ვაღიაროთ თეოდორიტეს ე. წ. "წერილები": ა) ნესტორის მიმართ; ბ) იოანე ანტიოქიელის მიმართ კირილე ალექსანდრიელის გარდაცვალების შესახებ. ამ უკანასკნელის დამწერმა ისიც კი ვერ გულისხმაყო, რომ კირილე ახალგაზრდობაში როდი გარდაიცვალა და იოანესათვის კირილეს გარდაცვალების შესახებ წერილის მიწერა უკვე საკმაოდ გვიანი იყო, რადგან თვით იოანე უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო" ("Историче¬ское учение об отцах Церкви", стр. 119, в примечании).
იგივეს ვკითხულობთ მეხუთე მსოფლიო კრების საქმეებშიც, კერძოდ 117-ე გვერდის სქოლიოში, სადაც მდებარეობას თქვენს მიერ მითითებული თეოდორიტეს წერილი იოანე ანტიოქელისადმი. "ეს წერილი, როგორც ჩანს, არ ეკუთვნის თეოდორიტეს და ის მწვალებელთა ნაყალბევია, რაც იმ გარემოებითაც იმხილება, რომ იოანე ანტიოქიელი ნეტარ კირილეზე ადრე გარდაიცვალა. არსებობს კირილეს მიმართვა დომნოსადმი, რომელიც იოანეს მემკვიდრე იყო. ეს მიმართვა ქალკედონის კრებაზე წაიკითხეს (საქმე 14). დომნო ზემოთხსენებული იოანეს ნაცვლად დააწესეს ეპისკოპოსად მისი სიკვდილის შემდეგ" ("Деяния вселенских соборов", т. V, стр. 117).
ახალმოწესე: შედეგად, თეოდორიტეს წერილი იოანე ანტიოქიელისადმი კირილეს გარდაცვალებაზე სიყალბეა?
ძველმოწესე: დიახ, და აშკარად მწვალებელთა ნახელავია.
ახალმოწესე: თქვენ დამიმტკიცეთ, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ დაგმო არა თვით თეოდორიტე, არამედ მხოლოდ მისი არამართლმადიდებლური თხზულებები. თვით თეოდორიტე განკვეთილ იქნა მესამე მსოფლიო კრებაზე, თუმცა შემდეგ მან შეინანა თავისი ცთომილება და კვლავ შეუერთდა ეკლესიას. ეს თქვენ ბრწყინვალედ დაამტკიცეთ. მაშ, რატომ იმოწმებენ ჩვენი მისიონერები ამ მაგალითს?
ძველმოწესე: რატომ იმოწმებენ თქვენი მისიონერები ამ მაგალითს, თვით მისიონერებს უნდა ჰკითხოთ, მე კი, ჩემის მხრიდან გეტყვით: იმიტომაც იმოწმებენ, რომ თავიანთი ეკლესიის დასაცავად სხვა არაფერი დარჩენიათ. გარდა ამისა, თქვენს მისიონერებთან დაკავშირებით უცნაური და სასაცილოა ისიც, რომ ძველმორწმუნეები სრულიად საფუძვლიანად ამტკიცებენ, რომ მოსკოვის 1656-1667 წლების კრებებზე ანათემას გადასცეს მართლმადიდებელი ქრისტეანები მხოლოდ იმისთვის, რომ იცავდნენ მართლმადიდებლურ გადმოცემებს, აქედან კი გამოდის უცილობელი ლოგიკური დასკვნა, რომ ანათემას თვით გადმოცემებიც გადასცეს. მაგრამ მისიონერები არაფრის დიდებით ამას არ აღიარებენ და პირზე დუჟმორეულები გაჰკივიან თითქოსდა კრებებმა გადმოცემები კი არ დაჰგმეს, არამედ ადამიანები, რომლებიც ეკლესიას გამოეყვნენ. ხოლო ახლა, როდესაც სრული სიცხადით დამტკიცდა, რომ მეხუთე მსოფლიო კრებამ განიკითხა არა თვით თეოდორიტე, არამედ მისი არასწორი თხზულებები, ტყავში ძვრებიან და ამბობენ, თითქოსდა მეხუთე კრებას დაეწყევლოს თვით თეოდორიტე. გასაოცარი, თუმცა ჩვეული მანერა აქვთ თქვენს მისიონერებს!...
ახალმოწესე: მე კიდევ მაქვს მაგალითი.
ძველმოწესე: კეთილი, მოგვახსენეთ.