ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა 


მიტროპოლიტ იონას მიერ არქიმანდრიტ დიონისეს დასჯის შესახებ

ახალმოწესე: შემეძლო იმითაც შემოვფარგლულიყავი, რაც უკვე განვიხილეთ, რადგან, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი მაგალითი, ჩემი ეკლესიისა და მისი მოძღვრების გასამართლებლად რომ დავიმოწმე მეჩვიდმეტე საუკუნეში გატარებული რეფორმის გამო, მას არ ამართლებს. მაგრამ ბარემ მთლიანად ამოვწუროთ ჩვენი მისიონერების მთელი არსენალი, რომელსაც ისინი საკუთარი თავის გასამართლებლად მიმართავენ. ამიტომაც, გავბედავ და კიდევ რამოდენიმე მაგალითს მოვუხმობ, კერძოდ: კრუტიცკის მიტროპოლიტმა იონამ დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე და მწვალებელი უწოდა მას მხოლოდ იმიტომ, რომ არქიმანდრიტმა დიონისემ, როდესაც საეკლესიო წიგნებს ასწორებდა, წყლის კურთხევის ლოცვიდან ამოიღო სიტყვა "და ცეცხლითა" ("и огнем"). მაგრამ არც ერთი და არც მეორე ამისთვის მწვალებლად არავის გამოუცხადებია. ასეა ჩვენი ეკლესიაც, მართალია 1656-1667 წლების კრებათა სახით მან დაგმო თქვენი წინაპრები, მაგრამ მაინც მას მწვალებლურად არ უნდა ვაღიარებდეთ.

ძველმოწესე: თქვენ როგორ ფიქრობთ, სამართლიანად მოიქცა მიტროპოლიტი იონა, როდესაც მან დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე, თუ უსამართლოდ?

ახალმოწესე: რა თქმა უნდა, უსამართლოდ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამართლებს ჩვენს ეკლესიას. მიტროპოლიტი იონა თუ უსამართლოდ მოიქცა და ამისთვის არავის მწვალებლად არ შეურაცხავს, განა შეიძლება ჩვენი ეკლესიის გამოცხადება ერეტიკულად თუკი ისიც მსგავსადვე მოიქცა და უსამართლოდ განსაჯა თქვენი წინაპრები? თუ გნებავთ, წაგიკითხავთ როგორი დამოკიდებულება აქვს ისტორიას არქიმანდრიტ დიონისეს დასჯის გამო და როგორ არის შეფასებული მიტროპოლიტ იონას საქციელი.

ძველმოწესე: წაიკითხეთ, გეთაყვა.

ახალმოწესე: ვკითხულობ მიტროპოლიტ მაკარის "რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან": "აქ მოქმედებდა აშკარა უსამართლობა და დიონისე, თავისი ღირსეული თანამშრომლებითურთ დადანაშაულებულ და დასჯილ იქნა სრულიად უბრალოდ. აი ასე, უკანონოდ, მკაცრად და სასტიკად მოეპყრნენ თანამედროვენი ადამიანს, ვინაც უბედურებისა და უმეფობის საშინელ პერიოდში ამდენი გააკეთა ეკლესიისა და მამულისთვის..." (т. 10, стр. 185). ხედავთ, როგორ არის აქ ნათქვამი: მიტროპოლიტი იონა არქიმანდრიტ დიონისეს უკანონოდ მოეპყრაო. დავუშვათ, რომ 1656-1667 წლების მოსკოვის კრებებზე თქვენც უსამართლოდ მოგექცნენ, მაგრამ მაინც, ამ მაგალითზე დაყრდნობით, არ უნდა მიგვიჩნევდეთ ერეტიკოსებად. რას იტყვით ამაზე?

ძველმოწესე: გეთანხმებით, რომ მიტროპოლიტი იონა უსამართლოდ მოიქცა. მაგრამ, განა ეს უსამართლობა უსამართლობადვე დარჩა თუ გამოსწორდა? და არქიმანდრიტ დიონისეს ბედი მომავალში როგორ წარიმართა?

ახალმოწესე: ეს მე წავიკითხე ჩვენი მისიონერული წიგნიდან "პასუხი 105 შეკითხვაზე", რომელიც ჩვენმა მისიონერმა ე. ანტონოვმა შეადგინა. იქ ამაზე მეტი არაფერი წერია.

ძველმოწესე: საქმეც იმაშია, რომ თქვენ, როდესც მე მელაპარაკებით, უპირატესად თქვენი მისიონერების მიერ შეთხზულ წიგნებს იმოწმებთ. თუ გახსოვთ, გეუბნებოდით, რომ თქვენი მისიონერები სიმართლეს მხოლოდ უნებლიედ ან შეცდომით ამბობენ თქო.

ახალმოწესე: ჰქენით სიკეთე, განმიმარტეთ: რითი დასრულდა მიტროპოლიტ იონას და არქიმანდრიტ დიონისეს ურთიერთობა?

ძველმოწესე: თქვენ ხომ წაიკითხეთ მიტროპოლიტ მაკარის "რუსეთის ეკლესიის ისტორიიდან" ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ მიტროპოლიტი იონა დიონისეს უსამართლოდ მოექცა?

ახალმოწესე: დიახ, წავიკითხე.

ძველმოწესე: მაგრამ, ამ ისტორიის გაგრძელება თუ წაიკითხეთ?

ახალმოწესე: არა, ადგილი, რომელიც მე თქვენ წაგიკითხეთ, ჩვენმა მისიონერმა მიმითითა.

ძველმოწესე: მაშ ისმინეთ, რა არის ნათქვამი იმავე ისტორიაში და როგორ დამთავრდა მიტროპოლიტ იონას და არქიმანდრიტ დიონისეს საქმე: "მეორე საკითხი (ეს განიხილებოდა ფილარეტ ნიკიტას ძეს მოსკოვის პატრიარქად აღსაყდრებიდან უახლოეს პერიოდში), რომელსაც პატრიარქმა ფილარეტმა მიაქცია ყურადღება, იყო საეკლესიო წიგნების გასწორებისთვის უდანაშაულოდ დასჯილთა, კერძოდ, სამების მონასტრის არქიმანდრიტ დიონისეს, მცხოვან არსენის გლუხოის და მღვდელ ივან ნასედკას საკითხი. აქედან, ნასედკა მართალია არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ მღვდლობიდან და ეკლესიიდან განკვეთეს. როდესაც მოსკოვში იერუსალიმის პატრიარქი თეოფანე ჩამოვიდა, მან აქ ჯერ კიდევ ჰპოვა მრავალი, ვინც ამ დანამატზე ("და ცეცხლითა") დავობდა, როგორც მოწმობს ამას თავის სიგელში, რომელიც შემდეგ რუსეთში გამოაგზავნა და მალევე შეიტყო რა ბედი ეწია იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დანამატის ამოღების წინადადებით გამოდიოდნენ. მან მხოლოდ დახმარების ხელი გაუწოდა დიონისეს, რათა გამოაშკარავებულიყო მისი სიმართლე", და შეეცადა დაუყოვნებლივ შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. შესაძლოა მან მეფეს აუხსნა კიდევაც წიგნის შემსწორებელთა უდანაშაულობა; უკიდურეს შემთხვევაში, დიონისე პატიმრობიდან ჯერ კიდევ ფილარეტ ნიკიტას ძეს პოლონეთიდან დაბრუნებამდე გაათავისუფლეს. ხოლო როგორც კი ფილარეტი პატრიარქი გახდა, თეოფანემ ურჩია მას გადაესინჯა გასამართლებულ შემსწორებელთა საქმე.

იმავდროულად, ერთ ერთმა შემსწორებელმა, ნასედკამ, ახალი პატრიარქისთვის თავისი საქმე რომ გაეცნო, ვრცელი "სიტყვით" მიმართა მას, რომელშიც დეტალურად აღწერა მათი გასამართლების მიზეზები. ეს სიტყვა, რომელიც 30 თავისგან შედგება, თუმც ნასედკას დაწერილია, სამართლიანად შეიძლება განვაკუთვნოთ სამივე შემსწორებელს. რადგან ნასედკამ ამ წერილში სიტყვა სიტყვით მოათავსა ყოველივე ის, რაც ჩვენ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტეანისადმი მიწერილ არქიმანდრიტ დიონისეს მიმართვაში ვნახეთ და მცხოვან არსენის მიერ ბოიარინ სალტიკოვისადმი მიწერილ ეპისტოლეში ვიხილეთ. 

ნასედკამ მხოლოდ სხვა განლაგება მისცა ყოველივე ამას, არ დაწერა საიდან აიღო, საკუთარი თავისგან კი მხოლოდ რამოდენიმე ჩანართი და განმარტება დაურთო, მიუთითა საეკლესიო საგალობელთა და ლოცვათა დარღვევის რამოდენიმე ახალი მაგალითი. პირველ თორმეტ თავში ის აჩვენებს, რატომ ამოიღეს შემსწორებლებმა ღმრთის განცხადების მსახურების ლოცვიდან ფრაზა "და ცეცხლითა"; დანარჩენ 22-ში კი გადმოცემულია რატომ შლიდნენ ზოგიერთი ლოცვის დაბოლოებას და მოტანილია ამგვარი ლოცვების მრავალი მაგალითი. თავის "სიტყვაში", რომელიც პატრიარქ ფილარეტს მიაწოდა, ნასედკა მხოლოდ დამცირებული ითხოვდა პატიებას იმ საცთურისა და შფოთის გამო, რომელიც გამოიწვია მან დედაქალაქში (თ. 1), მაგრამ შემდეგ, ქრისტეს სახელითა და საშინელ სამსჯავროზე პასუხისგების შიშით, ევედრებოდა მღვდელმთავარს არ უარეყო მისთვის მიწერილი ეს სიტყვა და განეხილა ის არა როგორც ერეტიკოსის საჩივარი, არამედ გულდასმით გამოეკვლია იგი, და თუ შემსწორებლები ჭეშმარიტების დამრღვევნი აღმოჩნდებოდნენ, მართალ გზაზე შემოებრუნებინა, ხოლო თუ სიმართლეს ღაღადებდნენ, გაემართლებინა ისინი" (თ. 13).

ფილარეტის პატრიარქად აღსაყდრებიდან ერთი კვირის შემდეგ, 2 ივლისს, ორივე პატრიარქმა კრუტიცკელ მიტროპოლიტ იონას უბრძანა კრებაზე წარმოედგინა დიონისესა და მისი მეგობრების საკითხი. ეს უკვე იყო არა მხოლოდ მოსკოვის სამღვდელოების, რომელმაც კურთხევანის შემსწორებლები გაასამართლა, არამედ ყველა რუსი მღვდელმთავრის კრება, მათდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირებითურთ, ორი პატრიარქისა და თვით მეფის თანდასწრებით. კრებაზე მრავალი იდავეს საკითხზე და იკვლიეს საღმრთო წერილი; დიონისე რვა საათზე მეტ ხანს პასუხობდა შეკითხვებს და უარყოფთა ყველა თავისი ბრალმდებლისა და ცრუმოწმის ცილისწამებებს. ყველა მათგანი შერცხვენილ იქნა კრუტიცკელ მიტროპოლიტ იონასთან ერთად. ხოლო ღირ. დიონისე, რომელსაც თვით მეფე მიხაილ თევდორეს ძემ შეაქო, გამოჩნდა როგორც ჭეშმარიტი აღმსარებელი, საღმრთო წერილის სიწმიდის მტკიცე დამცველი. პატრიარქები და მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები და მთელი წმიდა კრება გაკვირვებული იყო დიონისეთი, ეამბორებოდა მას ყველა და მადლობდა სულიერი სიხარულით. ამის შემდეგ დიდი პატივითა და მრავალი საჩუქრით გააცილეს ის ლავრაში... (პატრიარქმა ფილარეტმა) 1625 წლის 9 დეკემბერს გამოსცა განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა სასულიერო ხელისუფლებას ყველა ეკლესიიდან ამოეღოთ ნაბეჭდი კურთხევანები, და ამოეშალათ მათში დამატება: "და ცეცხლითა", ასევე გაეკეთებინათ მინიშნებები, რათა ეს დამატება მომავალში აღარავის წაეკითხა ღმრთის განცხადების ლოცვაში" (т. XI, стр. 10, 11, 12, 13 и 19).  

მაშ, ხედავთ თუ არა როგორ იყო იქ საქმე და როგორ დამთავრდა იგი?! მიტროპოლიტი იონა, რომელმაც უდანაშაულოდ დასაჯა არქიმანდრიტი დიონისე, პატრიარქმა ფილარეტმა დაიბარა კრებაზე, რომელსაც რუსეთის ეკლესიის თითქმის ყველა მღვდელმთავარი ესწრებოდა და მოსთხოვა განეხილა არქიმანდრიტ დიონისეს გასამართლების საკითხი. კრებამ მოისმინა ყველა ბრალმდებელი და აღმოაჩინა, რომ არქიმანდრიტი დიონისე უსამართლოდ ყოფილა დასჯილი. კრების ყველა მონაწილემ დაადასტურა ეს ფაქტი, შედეგად, მიტროპოლიტი იონაც დაექვემდებარა ამ კრების გადაწყვეტილებას.

მოხდა თუ არა მსგავსი რამ 1656-1667 წლების კრებებზე? ცხადია, არა! თქვენმა კრებებმა ანათემას გადასცეს სრულიად უდანაშაულო მართლმადიდებელი ქრისტეანები, საქმე კვლავ არ განიხილეს და ეს კრებები უკანონოდ არ ჩათვალეს; უდანაშაულოდ დასჯილ ჩვენს წინაპრებს კი დღემდე უწოდებენ "რასკოლნიკებს". ის მართლმადიდებლური გადმოცემები, რისთვისაც დასაჯეს და მწვალებლებად გამოაცხადეს ჩვენი წინაპრები, დღეს თქვენი ეკლესიის მიერაც მართლმადიდებლურად არის აღიარებული, მაგრამ მათი სამარცხვინო გმობა და კიცხევა დღემდე არ არის დაგმობილი. და წიგნები, რომლებიც ძველი გადმოცემების გმობას შეიცავენ, მართლმადიდებლურად არიან აღიარებულნი.

ერთის სიტყვით, ეს მაგალითი კი არ ამართლებს, არამედ მკაცრად ამხელს თქვენი ეკლესიის მოძღვრებს. არქიმანდრიტ დიონისეს შემთხვევაში საქმე დასრულდა მშვიდობით. მაშინ როდესაც მოსკოვის 2656-1667 წლების კრებების საქმე, აგერ უკვე მესამე საუკუნეა თავის სატანურ ღვარძლს ანთხევს მისთვის საძულველ ძველმორწმუნე და სრულიად მართლმადიდებელ ქრისტეანთა წინააღმდეგ.

ახალმოწესე: დიახ, ყურადღებით თუ განვიხილავთ საქმეს, მართლაც ასეა, და ეს მაგალითი არ შეიძლება იყოს ჩვენი ეკლესიის გამამართლებელი.

ძველმოწესე: ახლა კი გთხოვთ გააგრძელოთ, კიდევ რა შეგიძლიათ დაიმოწმოთ ნიკონის რეფორმის გასამართლებლად.