ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა 


ალექსანდრიის პატრიარ თეოფილეს მიერ "გრძელი ძმების" დასჯის შესახებ

ახალმოწესე: ვფიქრობ გსმენიათ იმის შესახებ, როგორც განიკვეთა ეკლესიიდან ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ ნიტრიის უდაბნოდან მოსული ბერები, რომელთა წარმომადგენლები მაშინ იყვნენ ოთხი ძმები, რომლებსაც უჩვეულო სიმაღლის გამო "გრძელი" ძმები შეარქვეს; მიუხედავად ამისა, წმ. იოანე ოქროპირს ერთობა ჰქონდა ამ ძმებთან და არც ერთნი და არც სხვები, ამ განკვეთის გამო მწვალებლებად არ მიიჩნეოდნენ. ზუსტად ასე იყო მოსკოვის 1656-67 წლების კრებებზეც და თუკი ეკლესიიდან განუკვეთიათ მართლმადიდებელი ქრისტეანები, როგორც თქვენ ამბობთ, მაინც არ უნდა გამოყოფოდით ჩვენს ეკლესიას ამ განკვეთის გამო და მწვალებლებად გამოგეცხადებინეთ.

ძველმორწმუნე: თქვენს მიერ ამჯერად დამოწმებული მაგალითი ჩემი პირველი ოპონენტის, ყოფილი სინოდალური მისიონერის, კრუჩკოვისგანაც მომისმენია. თუმცა, ეს ისე, სხვათა შორის. ამ მაგალითთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არც ის გამოდგება ყოფილ პატრიარქ ნიკონის რეფორმების გასამართლებლად.

ახალმოწესე: გთხოვთ დამიმტკიცოთ ამ მაგალითის უარყოფის სიმართლე.

ძველმოწესე: დიდი სიამოვნებით. უპირველეს ყოვლისა და უმთავრესად აუცილებელია გავარკვიოთ, რისთვის მოიკვეთა პატრიარქმა თეოფილემ ნიტრიელი ბერები. ამისთვის მტკიცებულებებს წაგიკითხავთ. ეპისკოპოს არსენის სეკლესიო მოვლენათა ისტორიაში ვკითხულობთ: "ჯერ კიდევ წარსულ (402) წელს კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა მრავალი ბერი, რომლებიც ორიგენეს მწვალებლობის ბრალდებით ნიტრიის უდაბნოდან გამოდევნა ალექსანდრიის ეპისკოპოსმა თეოფილემ" (лето 403, стр. 141, изд. 1899 г.). 

ინებეთ სხვა მტკიცებულებაც: "წმ. იოანე ოქროპირის ბრწყინვალე წარმატებები საეკლესიო მმართველობისა და კეთილმოწყობის საქმეში, არ მოსწონდა თეოფილეს; მაგრამ ის კმაყოფილი იყო დედაქალაქში იოანეს მიმართ უკმაყოფილების მატებითა და მისდამი სამეფო კარის დამოკიდებულების გაუარესებით. თავისი მზაკვარი და გამჭრიახი გონებით მან განჭვრიტა, რომ ადრე თუ გვიან ეს ურთიერთობები იოანეს მიიყვანდა კატასტროფამდე და თეოფილეც მოუთმენლად ელოდა ამ პროცესს, დარწმუნებული იმაში, რომ საქმე ვერ მოგვარდებოდა მისი ჩარევის გარეშე. 

მართლაც საქმე ისე წარიმართა, როგორც ვარაუდობდა თეოფილე და ძალიან მალე მიეცა კიდევაც შემთხვევა თავისი დაფარული ღვარძლი გადმოენთხია სრულიად უდანაშაულო ოპონენტზე. თეოფილეს იოანეზე გალაშქრების მიზეზი გახდა ნიტრიის უდაბნოს ზოგიერთი ღვთისმოსავი ბერის საქმე. ცნობილია, რომ ნიტრიის უდაბნო ბერ-მონაზვნობის დაფუძნების დღიდან დაყუდებულ და განშორებულ ბერთა საყვარელი ადგილი იყო. აქ ლოცვითა და მარხვით მოღვაწეობდა უამრავი მოსაგრე, რომელთა შორის განსაკუთრებული ღვთისმოსაობითა და განსწავლულობით ოთხი ძმები სარგებლობდნენ, რომელთაც უჩვეულო სიმაღლის გამო "გრძელი ძმები" შეარქვეს.

თავიდანვე თეოფილე მათ მოწიწებითა და პატივისცემით ეპყრობოდა და ორ მათგანს სასულიერო ხარისხის მიღებაც კი აიძულა, რათა ემსახურათ თვით ალექსანდრიაში. მაგრამ როდესაც ძმებმა წმიდა და ბერული პირდაპირობით მიუგეს, რომ მათ არ სურდათ მსახურება ქალაქში, რომელიც თვით არქიეპისკოპოსის ცოდვებით არის შებილწული, თეოფილე მრისხანებით აღენთო, განრისხდა, ლანძღვა-გინებით აიკლო და ორიგენიზმის მიმდევრობაში დაადანაშაულა ისინი... თუმცა, ამით როდი დაკმაყოფილდა თეოფილე, "გრძელ ძმებს" რომ გასწორებოდა, მის მიერ ხელდასხმულ და თანაშემწე ეპისკოპოსთა კრებაც მოიწვია, რომელზეც "გრძელი ძმები" განიკითხეს როგოროც მწვალებლები და ჯადოქრები, რომლებმაც თავიანთი მწვალებლობით მთელი უდაბნო მოსწყლეს" (Жизнь и труды св. Иоанна Златоуста, т. I его творений, изд. 1898 г., стр. 73 и 74). აი, როგორი იყო  თეოფილეს დამოკიდებულება "გრძელი ძმებისადმი". ამის შემდეგ მინდა გკითხოთ: სამართლიანად მოექცა თუ არა პატრიარქი თეოფილე ნიტრიელ ბერებს?

ახალმოწესე: არა, უსამართლოდ.

ძველმოწესე: რატომ?

ახალმოწესე: იმიტომ, რომ ეს ბერები, "გრძელი ძმები", სინამდვილეში არავითარ ორიგენისტულ მწვალებლობას არ მისდევდნენ, და თეოფილემ ისინი მხოლოდ ამ ბრალდების მომიზეზებით გაასამართლა.

ძველმოწესე: სრულიად სწორია; მე მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თეოფილემ ისინი გაასამართლა როგორც ორიგენისტები მხოლოდ იმისთვის, რომ დაუფარავად ამხელდნენ თეოფილეს ბიწიერ ცხოვრებას.

ახალმოწესე: მადლობა უნდა გადაგიხადოთ წაკითხული მოწმობისთვის და მისი განმარტებისთვის. აქედან ნათელი შეიქნა, რომ თქვენი წინაპრები, მათ კვალობაზე კი თქვენც, უკანონოდ გამოეყავით ჩვენს ეკლესიას მოსკოვის 1656-1667 წლების კრებათა დროს.

ძველმოწესე: საიდან გამოგყავთ ამგვარი დასკვნა?

ახალმოწესე: აი საიდან: ჩვენ თქვენთან ერთად დავადგინეთ, რომ პატრიარქ თეოფილემ არასწორად გაასამართლა "გრძელი ძმები", და ამის გამო, როგორც უკვე აღვნიშნე, არც თეოფილე გამოუცხადებია ვინმეს მწვალებლად, და არც "გრძელი ძმები". არც ერთს და არც მეორეს მწვალებლად არ მიიჩნევდა წმ. იოანე ოქროპირი. ზუსტად ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც მოსკოვის ზემოთხსენებულ კრებებთან და საერთოდ, მთელს ჩვენს ეკლესიასთან დაკავშირებით.

ძველმოწესე: როგორი სიმსუბუქეა თქვენს მსჯელობაში! ამგვარ მოსაზრებას ვერ დავეთანხმებით შემდეგი მიზეზების გამო: 1) თეოფილემ, "გრძელი ძმების" გასამართლებისთვის, თუმც არასწორად და უსამართლოდ, მაგრამ მაინც მიუთითა მათ ვითომცდა მწვალებლობაზე, ხოლო თქვენმა 1656-1667 წლის მოსკოვის კრებებმა ჩვენი წინაპრებისა და მათთან ერთად ჩვენს განსაკითხად, ვერავითარ მწვალებლობაზე ვერ მიუთითეს, არამედ დაგმეს და დაწყევლეს ჩვეულებები, რომლებიც იცოდნენ რომ სრულიად მართლმადიდებლური იყო; და 2) თეოფილეს მიერ "გრძელი ძმების" გასამართლებას თქვენც და ჩვენც უსჯულოებად მივიჩნევთ, ხოლო თქვენს მიერ ზემოთხსენებულ კრებათა უსჯულო წყევლა-კრულვებს თქვენი ეკლესია სრულიად კანონიერად და სჯულიერად აღიარებს; მეტიც, მისიონერები დღემდე ტყავში ძვრებიან იმისთვის, რათა დაიცვან ეს კრულვები, როგორც უცვალებელი დოგმატი. იმისთვის, რათა მოტანილი მაგალითი გამართლებდეთ, მოსკოვის კრებათა კრულვები უსჯულოდა უნდა აღიაროთ, როგორც ეს არის სინამდვილეში.

ახალმოწესე: თქვენი ეს მსჯელობა, უნდა ვაღიაროთ, სამართლიანია, და შეიძლება მას დავეთანხმოთ, მაგრამ აქედან ჯერ კიდევ არ გამოდის, რომ თითქოსდა შესაძლებელი იყოს არასწორი კრულვების გამო ეკლესია მწვალებლურად გამოაცხადო. მე ამას ძველი, მართლმადიდებლური ეკლესიის ცხოვრებიდან დავამტკიცებ. ვკითხულობ ბარონის ისტორიიდან: "არასწორიც რომ ყოფილიყო კრულვა, ეპისკოპოსებს მაინც მიაშურებდნენ, ხოლო უსამართლო კრულვებს ყურადღებას არ აქცევდნენ" (ч. I, Лето Господне 412, число 4). აი, როგორ იყო ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში! ასე უნდა მოიქცეთ თქვენც.

ძველმოწესე: ვფიქრობდი, რომ არ გადალახავდით კეთილგონიერების საზღვრებს და არ დაიწყებდით ბარონის ისტორიიდან ამ ადგილის დამოწმებას. მაგრამ მისიონერულმა "ხავსმა" შეგაცდინათ, და თქვენც გადაწყვიტეთ ჩასჭიდებოდით მას, რადგან ხედავთ რომ უკვე იძირებით. მე მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ საკმაოდ მცირე გამოგლიჯეთ ბარონის ისტორიას. თუმცა, განა ამიტომაც არ არის თქვენი მოწმობა "ხავსი". ავიღოთ ბარონის ეს ადგილი ცოტა ზემოდან და დავინახავთ რომელ კრულვებზეა აქ ლაპარაკი: "აქ უნდა ვახსენოთ, რომ იმ დროს ეპისკოპოსებს ჰქონდათ ძალაუფლება არა მარტო ერისკაცებზე, არამედ საერო ხელისუფლებზეც, და თუკი ღმრთის საწინააღმდეგოდ ან ეკლესიის კანონთა წინააღმდეგ შეცოდავდნენ, ანათემას გადასცემდნენ" (იქვე). შემდეგ კი მოდის თქვენს მიერ დამოწმებული ფრაზა. მითხარით: იოტისოდენად მაინც თუ ამართლებს ეს ადგილი თქვენს კრებებს? 

ახალმოწესე: მაშ, როგორ: კრულვა ხომ უსამართლოა, და, თუკი ასეთია, მაშინ თქვენს წინაპრებს ის სხვა ეპისკოპოსებთან უნდა გაესაჩივრებინათ და არა მოეძულებინათ ეკლესია და გამოყოფოდნენ. დიახ, შესაძლოა ეს გაგეკეთებინათ კიდეც, მაგრამ ვისთვის უნდა მიგემართათ, ეპისკოპოსებიც აღარ დაგრჩათ. აი თქვენი უბედურება!

ძველმოწესე: როგორ მოხდა, რომ ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს ეპისკოპოსები აღარ დაგვრჩა, მე აგიხსნით, ან უმჯობესია წაგიკითხავთ, რაკიღა ამ საკითხსაც შეეხეთ. ასე მაგალითად, წიგნში "დეკანოზი ამბაკუმი" ბოროზდინა წერს: "გარდა ამისა, ნიკონმა ერთპიროვნულად, ყოველგვარი ადგილობრივი კრების გარეშე, ჯერ მანტია ჩამოგლიჯა, შემდეგ კი დასაჯა... პავლე შეიპყრეს და პალეის კუნძულის ღირ. კორნელის სახელობის მონასტერში ჩაამწყვდიეს, რამოდენიმე წლის შემდეგ... ძველი ღვთისმოსაობის დაცვისთვის, დიდ პარასკევს ცოცხლად დაწვეს" (2-го счета стр. 164). 

მე ვფიქრობ, რომ უბედურნი ისინი კი არ არიან, ვინც წმიდა ჭეშმარიტებისთვის ევნენ, არამედ ისინი, ვინც ჭეშმარიტებას დევნიდნენ და ასეთი იყო პატრიარქი ნიკონი ყველა მისი მომხრე ეპისკოპოსითურთ. ეს სხვათა შორის. ახლა კი მოისმინეთ, არიან თუ არა დამნაშავენი ჩვენი წინაპრები, თუკი მათ არ შეეძლოთ თქვენი ეპისკოპოსების მოქმედება გაესაჩივრებინათ თავიანთ ეპისკოპოსებთან და იყო თუ არა შესაძლებელი ამის გულისთვის მათთან კავშირი გაწყვეტა, რომელთაც მართლმადიდებლები მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის დასწყევლეს. ამის შესახებ ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი წერს: "წმიდა კანონთაგან გვისწავლია: ვინც მწვალებლობის ქადაგების გამო განეშორება თავის ეპისკოპოსს, ამგვარნი არა თუ კანონთამიერ განკანონებას არ დაქვემდებარებიან, არამედ ქების ღირსნიც კი არიან, რადგან გამოეყვნენ არა ეპისკოპოსს, არამედ ცრუეპისკოპოსს, და ეკლესია კი არ დასერეს განხეთქილებით, არამედ ეკლესია იხსნეს განხეთქილებისაგან" («Просветитель», слово 12). 

თქვენს მიერ ბარონის ისტორიიდან დამოწმებული ადგილი უპირველეს ყოვლისა ლაპარაკობს იმათ განკვეთასა და ანათემირებაზე, ვინც თვით ღმრთისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ სცოდავს. ჩვენს წინაპრებს კი არაფერი მსგავსი არ უქნიათ. იმ დროს (ბარონის ისტორიიდან) განკვეთილნი სხვა ეპისკოპოსებს იმ შემთხვევაში შესჩიოდნენ, თუ მათი განმკვეთელი ეპისკოპოსები უსამართლოდ მოქმედებდნენ, არ გამოეძიებდნენ განკვეთილთა საქმეს, მათ უდანაშაულობას ამა თუ იმ ცოდვაში. აქ კი, პირიქით, თქვენი მისიონერები დღესაც ამბობენ, რომ მოსკოვის 1656-1667 წლების განკვეთები და ანათემატიზმები სწორია, ქმედითია და კანონიკური და ტვირთად აწევს მათ, ვინც კრებათა "ნაბრძანებს" არ შეასრულებს, არადა ამ კრებათა მიერ განწესებულია არა რაიმე მწვალებლობების უარყოფა, არამედ მწვალებლობად შერაცხილ მართლმადიდებლურ ჩვეულებათა.

აი, ასეთი განკვეთები არის უსჯულოება და საძულველი. ამის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად არის ნათქვამი დიდ სჯულისკანონში, კართაგენის კრების 38-ე კანონის ბალსამონისეულ განმარტებაში: "კლერიკოსს ან ერისკაცს თავისი ეპისკოპოსი თუ განკვეთს მითითებულ ცოდვათა გამო, ის განკვეთას უნდა დაექვემდებაროს და არ დაარღვიოს მორჩილება, სანამ მისი უდანაშაულობა გამოძიებულ არ იქნეს; ხოლო თუ რაიმე დანაშაულისთვის ეპისკოპოსი უმიზეზოდ განკვეთს ერისკაცს ან კლერიკოსს, მაგალითად იმისთვის, რომ ის არ ეთანხმება მის კადნიერ სურვილებს; ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია უგულებელყოს განკვეთა, რადგან ჯეროვანია თვით უსამართლო განმკვეთელი დაისაჯოს რადგან, ეპისკოპოსები საკუთარ ნებაზე თუ დაიწყებენ ერისკაცთა და კლერიკოსთა განკვეთას, ყოველი თვითმსაჯულნი შეიქნებიან და ვერავინ გაბედავს მათ წინააღმდეგობას განკვეთის შიშით; არ არის გამორიცხული ასეთებმა თვით ღვთისმოსაობაც განიკითხონ და ამგვარად საღმრთო კანონები მრავალი უბედურების მიზეზად გარდააქციონ, რაც დაუშვებელია" (Кормчая полного перевода). 

თქვენს მიერ ბარონის ისტორიიდან მოხმობილი მაგალითის პასუხად ამაზე უკეთეს და ნათელ მტკიცებულებას ვერ ვიპოვით. აქ ასახსნელიც კი არაფერია. თქვენ ჯიუტად ითხოვდით დამემტკიცებინა, შეიძლება თუ არა 1656-1667 წლების კრებათა კრულვებისთვის თქვენი ეკლესიის ეპისკოპოსები მწვალებლებად იქნენ გამოცხადებულნი. მრავალი მოწმობის წაკითხვა შემეძლო ამ მხრივ, მაგრამ ჯერ მხოლოდ ერთით შემოვიფარგლები. ღირ. თევდორე სტოდიელი წერს: "ვინც მართლმადიდებელ ქრისტეანს უსამართლოდ შეაჩვენებს, მწვალებელია... და თვით უფალს განსჯის" (Письма, ч. I, стр. 233). 

აჰა მოგეცით პასუხი თქვენს გაკადნიერებულ მეძიებლობაზე. ჩემის აზრით, ჩემი ეს პასუხი სრულიად საკმარისია თქვენთვის.

ახალმოწესე: თქვენს მიერ წაკითხული მოწმობების შემდეგ ვამჩნვე, რომ ეს მაგალითიც ვერ არის ჩვენი ეკლესიის გამამართლებელი. თუმცა, თადარიგში მაქვს კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ჯერ არ დამიმოწმებია.

ძველმოწესე: კეთილი ბატონო, დამიმოწმეთ რაც იცით.