ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
დ. ს. ვარაკინი

განხილვა მაგალითებისა, რომლებითაც ცდილობს ზოგიერთი დაიცვას ნიკონის რეფორმა 


პატრიარქ თეოფილეს მიერ წმ. იოანე ოქროპირის დასჯის შესახებ

ახალმოწესე: ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ასეთი ფაქტიც არსებობს: ალექსანდრიის პატრიარქმა თეოფილემ დუბის კრებაზე უდანაშაულოდ დასაჯა წმ. იოანე ოქროპირი და განდევნა კონსტანტინოპოლიდან. ოქროპირი სასულიერო წოდებისგანაც დაამხეს. სხვათა შორის, მას ორიგენიზმშიც სდებდნენ ბრალს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, წმ. იოანე ოქროპირს თეოფილე ერეტიკოსად არ მიუჩნევია, ასევე არც თქვენ, ძველმოწესეები, და არც ჩვენ, თეოფილეს არ მივიჩნევთ ერეტიკოსად. მეტიც, ეკლესია თავის სჯულმდებლობაში ("დიდ სჯულისკანონში") ხელმძღვანელობს პატრიარქ თეოფილეს 14 კანონითაც. რას იტყვით ამის შესახებ?

ძველმოწესე: მითხარით გეთაყვა: სამართლიანად და კანონიერად აღიარებთ თუ არა პატრიარქ თეოფილეს მიერ წმ. იოანე ოქროპირის დასჯას?

ახალმოწესე: არა, არ ვაღიარებთ, და მე უკვე აღვნიშნე, რომ თეოფილემ წმ. იოანე ოქროპირი უდანაშაულოდ დასაჯა-თქო. მაგრამ საქმე ამაში როდია. მე ვამბობდი, რომ თეოფილე ამ უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად მწვალებლად არავის შეურაცხავს, თქვენ კი ჩვენი კრებები, რომლებმაც თქვენის აზრით უკანონობა ჩაიდინეს და უდანაშაულოდ განსაჯეს თქვენი წინაპრები, მწვალებლურად გყავთ გამოცხადებული, - აი რაშია საქმის არსი! ახლა კი დამიმტკიცეთ გეთაყვა თქვენი ამგვარი გადაწყვეტილების სამართლიანობა. 

ძველმოწესე: ჩვენი წინაპრების თქვენი მოძღვრებისგან ჩამოშორების სამართლიანობა დიდი ხანია რაც დამტკიცებულია. ამის შესახებ ვლაპარაკობდით ჩვენ თქვენს მიერ დამოწმებული მაგალითების განხილვისას. აქ კი ჩემს მოვალეობად მივიჩნევ დაგიმტკიცოთ მხოლოდ ის, რომ არც ეს მაგალითი ამართლებს ყოფილი პატრიარქ ნიკონის უგუნურ რეფორმას.

მაშ ასე, განვიხილოთ ეს შემთხვევაც. შეუძლებელია იმის დაშვებაც კი, რომ წმ. იოანე ოქროპირი მისდევდა ორიგენისტულ მწვალებლობას. აქედან გამომდინარე, ყველა მიზეზი ოქროპირის დასჯისა ცილისმწამებლურია, რომელი წმიდა მამის მტრებისგან და მოშურნეებისგან მომდინარეობდა. მართლაც, რას წარმოადგენდა ის კრება, რომელსაც თეოფილე თავმჯდომარეობდა და რომლის ინიციატივითაც იქნა ის მოწვეული? ამაზე პასუხს თვით ეკლესიის უდიდესი მნათობი წმ. იოანე ოქროპირი გვაძლევს: "ვხედავ, რომ სატანა, რომელიც ჩემს სწავლებას ვერ ითმენს, უკვე თავყრილობას აწყობს ჩემს წინააღმდეგ" (Жизнь и труды св. Иоанна Златоуста, Творения, т. I, стр. 79). ჩემო ძვირფასო თანამოსაუბრევ, თქვენ თუ გსურთ მოსკოვის 1656-1667 წლების კრებები გაამართლოთ თეოფილეს მიერ მოწყობილი კრებით, მაშინ უცილობლივ უნდა აღიაროთ, რომ თქვენი თავყრილობები იმავე სულის მიერ იყო შთაგონებული, ანუ სატანის მიერ. მხოლოდ მაშინ შეიძლება ეს მაგალითი გამოდგეს ნიკონის რეფორმის გასამართლებლად. 

ახალმოწესე: თქვენს მიერ მოტანილი შედარება წარმატებული გამოდგა, მაგრამ მაინც ვერ დამიმტკიცეთ, რომ წმ. იოანე ოქროპირის უსამართლოდ დასჯის გამო თეოფილე მწვალებლად უნდა გამოცხადდეს, იგივე უნდა იფიქროთ თქვენ ჩვენს მოძღვართა შესახებაც, რომლებიც მოსკოვის 1656-1667 წლების კრებებს ესწრებოდნენ.

ძველმოწესე: გმადლობთ იმისთვის, რომ ნაწილობრივ მაინც დამეთანხმეთ იმაში, რომ მეტად არაზუსტად შეარჩიეთ მაგალითი თქვენი კრებების გასამართლებლად. ახლა კი თქვეს ბოლო სიტყვებზე გიპასუხებთ. პატრიარქი თეოფილე მწვალებლად იმიტომ არ არის გამოცხადებულია, რომ მას არავითარი მწვალებლობა არ უქადაგია. სარწმუნოებით ის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი იყო, ამ უბრალო მიზეზით არ თვლიდა მას წმ. იოანე ოქროპირი მწვალებლად, იმავე მიზეზით არ მივიჩნევთ მას ერეტიკოსად ჩვენც და თქვენც. 

თეოფილეს კრებამ წმ. იოანე ოქროპირი განიკითხა არა მართლმადიდებლური სარწმუნოების ან მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის, როგორც ეს თქვენმა კრებებმა მოიმოქმედეს, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვა იმპერატრიცა ევდოქსიამ, იმპერატორ არკადის მეუღლემ, რათა წმ. იოანეს შეეწყვიტა თავისი კათედრიდან საიმპერატორო კარის ცოდვების მხილება. ამიტომაც, ევდოქსიამ აირჩია რამოდენიმე ეპისკოპოსისგან შემდგარი პარტია თეოფილეს მეთაურობით, რომლებმაც თავი მოუყარეს ცილისმწამებელთა და ფულით მოსყიდულთა ხროვას, შეთითხნეს ცილისწამებები წმ. იოანე ოქროპირის წინააღმდეგ და ბოლოს ამ ცილისწამებათა საფუძველზე გაასამართლეს იგი; მაშინ როდესაც, თქვენმა კრებებმა მართლმადიდებელი ქრისტეანები გაასამართლეს მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისთვის. იმ გადმოცემებისთვის, რომლებიც მათ წმიდა მამათაგან მიიღეს. 

ამ ღვაწლის გამო ჩვენი წინაპრების დაწყევლით, თქვენმა კრებებმა დასწყევლეს ყველა ის წმიდა მამა, ვინც ამ გადმოცემებს იცავდა და შთამომავლობას გადასცემდა. ამის შესახებ "მსოფლიო კრებათა საქმეებში" ("Деяния вселенских соборов") ვკითხულობთ: "და აწ, მისი (ნესტორის) განკარგულებით, არ ვიტყვი პირდაპირ განვიკვეთებით-თქო, მაგრამ გვესმის მრისხანე ანათემა". მაგრამ, თუკი იმისთვის შეგვაჩვენებენ, რაც ეკლესიას ადრეც ეპყრა, "როგორ არის შესაძლებელი, მარტო ჩვენ შეგვეხოს ეს  ანათემა და არ შეეხოს მთელს საყოველთაო ეკლესიას, მის ეპისკოპოსებს და არა მარტო იმათ ვინც ამჟამად ცხოვრობს, არამედ ღმრთის სავანეებში გადასახლებულებსაც" (т. I, стр. 140). 

თითქოსდა მწვალებლის სახელის დამკვიდრებას ესწრაფვოდნენო, ამგვარი უსჯულო მოქმედებებით თქვენმა წინაპრებმა ანათემა და მწვალებლის სახელი საკუთარ თავზე გარდამოიწვიეს, როგორც მოწმობს ამას წმ. თევდორე სტოდიელი: "თითქოსდა მწვალებლის სახელის დამკვიდრებას ცდილობენო, სხვა ღია კრებაზე ანათემას გადასცეს მათი უსჯულო სწავლებისადმი უთანხმოებაში მყოფნი, ანუ ზუსტად რომ ვთქვათ, მთელი კათოლიკე ეკლესია, და მათგან, ვინც გზაზე გადაუდგა, ზოგი შორს გადაასახლეს, ზოგი საპყრობილეებში ჩაამწყვდიეს და აღმართეს დევნა, აქაური ჩვეულებისამებრ" (ч. I, стр. 220, письмо 33). 

რაც შეეხება თეოფილე ალექსანდრიელის 14 კანონს, რომელიც ეკლესიამ სჯულისკანონში შეიტანა, ოდნავადაც კი არ ეხება ჩვენს შორის განსახილველ საკითხს, თუმცა ორიოდ სიტყვას მაინც ვიტყვი. მართალია, თეოფილე ალექსანდრიელი წმ. იოანე ოქროპირის მტერი იყო, მაგრამ ამავე დროს ის მართლმადიდებელი პატრიარქი გახლდათ და როგორც ალექსანდრიის ოლქის უხუცეს ეპისკოპოსს უდავო უფლება გააჩნდა მოეწესრიგებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესია. სწორედ მისი ამ მოღვაწეობის დასტურს წარმოადგენს ის 14 კანონი, რომელიც მან პასუხად დაუგზავნა ეკლესიაში მოღვაწე სხვადასხვა პირებს. რადგან იმ მიზეზებმა, რამაც პატრიარქ თეოფილეს ეს კანონები დააწერინა, ეკლესიაში თავი მისი გარდაცვალების შემდეგაც იჩინა, ეკლესიამ გადაწყვიტა ეს კანონები სახელმძღვანელოდ მიეღო, რამეთუ სრულიად შეესატყვისებოდა მის სულისკვეთებას და ამომწურავად იძლეოდა პასუხს მსგავს საკითხებზე.   

განა უცნობია თქვენთვის, რომ ეკლესიამ თავის საღვთისმსახურებო განაწესში მიიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო, რომელიც მონოთელიტი მწვალებლის, კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის შექმნილია. გარდა ამისა, წმ. ეკლესია დღემდე აღასრულებს პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს, რომელიც პაპმა ჰონორიუსმა დააწესა და, რომელიც ასევე მწვალებელი იყო. მიუხედავად ამისა, არც პატრიარქი სერგი და არც პაპი ჰონორიუსი ეკლესიას მართლმადიდებლებად არ მიუჩნევია. ზუსტად ასე უნდა მივუდგეთ თეოფილეს 14 კანონს, რომელიც სულაც არ აჩვენებს თეოფილეს სიწმიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ ეს კანონები სახელმძღვანელოდ მიიღო.

ახალმოწესე: გმადლობთ, კმაყოფილი ვარ თქვენი განმარტებებით.


წინამდებარე განხილვის ავტორის დასკვნა

ღმრთის შეწევნით ვამთავრებ ამ ჩემს პირველ წერილობით ნაშორმს და ვადასტურებ, რომ აქ გადმოცემული დიალოგი არის არა გამოგონილი თხზულება, არამედ პრაქტიკულ გასაუბრებათა კრებული, რომელიც მრავალგზის მიწარმოებია გაბატონებული ეკლესიის მისიონერებთან. ერთადერთი, რაც გასაუბრებას დავამატე ის წყაროებია, რომელთა გამოყენება ზეპირ პოლემიკაში შეუძლებელი იყო. რაც შეეხება მისიონერთა ხრიკებს მითითებულ წყაროებთან დაკავშირებით, გადმოცვეცი მხოლოდ ის, რაც უშუალოდ მათგან მსმენია. ჩვენს უფალ ღმერთს ვევედრები, რათა ყოველივე მართლმადიდებელ ქრისტეანთა სასიკეთოდ და თავისი ეკლესიის სადიდებლად წარმართოს. ამ დიალოგის მკითხველთაგან კი მხოლოდ დიდსულოვნებას ვითხოვ; და თუ ამ ნაშრომში რაიმე შეცდომა აღმოჩნდება, მომიტევოს, რადგან მის დაცვას კი არ დავიწყებ, არამედ გულისყურით მივიღებ ყოველ შენიშვნას, რადგან ნათქვამია: "მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი" (ეფეს. 4:2). 

ღმერთი მშვიდობისა დე იყოს ჩვენს შორის!