ირინე კენჭაძე
"ვაი მას, ვისგანაც ცდუნება მოვა!"
ამა წლის (1996 წლის - ადმ.) იანვარში გამოცემულ გაზეთ "შანსის" 5-ე ნომერში დაბეჭდილი იყო ლია რუსიაშვილი-ნოდიას სტატია - "სხურება თუ განბანვა", რომელიც ეხებოდა ედიშერ ჭელიძის წიგნში ("ეკლესია - სძალი უფლისა") არსებულ სიყალბეებს. მიუხედავად სტატიის ავტორის მიერ გაწეული მუშაობისა და კეთილსინდისიერებისა, ვფიქრობ, სათქმელი მრავლად მაინც დარჩა ამ უაღრესად არაღვთიური წიგნის შესახებ. ვეცდები, ნაწილობრივ მაინც შევავსო ეს დანაკლისი, რათა მკითხველმა სათანადოდ შეაფასოს ე. ჭელიძის გასაკვირი ტენდენციურობა და მის მიერ ფაქტების გაყალბების "შესაშური" უნარი.
როგორც "სხურება თუ განბანვის" ავტორი აღნიშნავდა, ე. ჭელიძის მთავარი მიზანია, თავისი "ნაშრომის" მეშვეობით დაამტკიცოს დასხმითი ნათლობის მართებულობა და ძალმოსილება, მაშინ, როცა სინამდვილეში იგი წარმოადგენს ნათლობის ფალსიფიცირებას და ემსახურება ხალხის მოტყუებას, ანუ მათ ისევ და ისევ წარმართებად დარჩენას უფლის თვალში. თავისი მტკიცების საარგუმენტოდ ჭელიძეს მოჰყავს "დიდაქე", კერძოდ მისი უნიკალური ხელნაწერი, რომელიც დღემდეა მოღწეული და თარიღდება 1056 წლით. იგი წერს: ""დიდაქე" დიდად ცნობილი იყო ძველბერძნულ მართლმადიდებლობისთვის უძველესი დროიდანვე. კერძოდ, I საუკუნის მიწურულიდანვე... წმინდა მამათა დროიდან ცნობილია, რომ ათანასე ალექსანდრიელმა შეწყნარებულ ძეგლად და მამათა მიერ დაწერილ კატეხიზმოდ შერაცხა "დიდაქე"" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა", თბილისი 1990 წ. გვ. 54).
არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჭელიძეს არცთუ იშვიათად სჩვევია ღია კარების მტვრევა. ის, რომ "დიდაქე" უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი, როგორც წმიდა მამათა მიერ დაწერილი კატეხიზმო, სადავო საკითხს საერთოდ არ წარმოადგენს. გასარკვევი ისაა, გაუძლო თუ არა "დიდაქემ" დრო-ჟამის ავბედით გამოცდას და შეურყვნელად შეინარჩუნა თუ არა ის დასაბამიერი პირველსახე, რომელიც გაჩნდა ადრექრისტეანულ ხანაში? უფრო დაზუსტებით - იყო თუ არა საერთოდ რაიმე თქმული წყალპკურებითი ნათლობის თაობაზე "დიდაქეს" იმ თავწყაროში, რომელიც მოციქულთა გადმოცემის საფუძველზე I საუკუნეში დაიწერა წმიდა მამათა მიერ და რომელიც IV საუკუნეში ათანასე ალექსანდრიელის მიერ "სადღესასწაულო ეპისტოლეში" მართებულ ანუ საკითხავ, წიგნადაა შერაცხილი? იკითხავთ, რა გვაძლევს ამგვარი დაეჭვების საფუძველს.
მწვალებელთა სითამამე რომ უფრო აშკარა გახდეს მკითხველისთვის, მოვიყვან შემდეგ ფაქტებს:
1. "ახალი აღთქმის" კანონიზაციის შემდეგ ლაოდიკიის საეკლესიო კრებამ 364 წელს აპოკრიფულად გამოაცხადა დაახლოებით 30 "სახარება" და 10 "გამოცხადება", ეპისტოლენი, "მოციქულთა საქმეები" და სხვ. (გელოვანი. რელიგიური ტერმინოლოგიის ლექსიკონი. გვ. 25).
2. ასევე მწვალებელთა მიერ შეირყვნა კლიმენტი რომაელის ავტორობით 8 წიგნად ცნობილი თხზულება, უდიდესი სამოციქულო ავტორიტეტის წიგნი, "მოციქულთა განწესებანი". ეს კანონიკური წიგნი შეირყვნა ქრისტეანობის ზეობის ხანაში. VI მსოფლიო კრების 2-ე კანონით ის განკანონდა.
3. გავიხსენოთ IV საუკუნეში ათანასე ალექსანდრიელის სახელით ცნობილი ფსევდო, ანუ ცრუ, ეპისტოლე, რომელმაც მრავალი თავსატეხი გაუჩინა წმიდა მამებს.
4. მწვალებელთა ხელმა არ დაინდო არც სხვა კანონიკური წიგნები, მაგალითად, V საუკუნეში დავით და სტეფანოზის მიერ თარგმნილი "ახალი აღთქმა" დროთა განმავლობაში ისე შეირყვნა, რომ გიორგი მთაწმინდელმა ხელახლა შეამოწმა და თარგმნა სახარება და სამოციქულო, რადგან ეს წიგნები "მწვალებელთა ზეგავლენით ამ დროს სამსენი იყვნენ შეცდომილობით" (მ. ჯანაშვილი. საქართველოს საეკლესიო ისტორია. 1886 წ.).
აღნიშნული ფაქტები საკმარისია იმის ნათელსაყოფად, თუ რაოდენ სირთულეებს უქმნიდნენ მწვალებლები ეკლესიას, რამდენად ძნელი იყო მათი მსახვრალი ხელისგან თვით კანონიკური წიგნების დაცვა, რომ აღარაფერი ვთქვათ წმინდა მამათა ეპისტოლეებზე ან საკითავ წიგნებზე.
"დიდაქეს" დღემდე მოღწეული უადრესი ხელნაწერი თარიღდება 1056 წლით. რა ხდება ამ დროს ქრისტეანულ სამყაროში? დაპირისპირება კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის თანდათან ღრმავდება და 1054 წელს მთავრდება მათი სრული და საბოლოო განხეთქილებით. ამ დროს ინტენსიურად მიმდინარეობს საეკლესიო ხელნაწერების გადაკეთება და სასურველ თარგზე აჭრა. ლათინთა დაინტერესება წყალპკურებითი ნათლობით უთუოდ გაზრდიდა მწვალებელთა მიზანდასახულ ქმედებებს ამ მიმართულებით.
ბუნებრივად იბადება კითხვა: თუკი შუასაუკუნეებში წმიდა მამებმა "დიდაქეს" არ შეუნიშნეს ერესი, მაშინ რატომ არ გაამრავლეს და განავრცეს იგი ხელნაწერის სახით, როგორც ეს მიღებული იყო სამონასტრო ცხოვრების პრაქტიკაში?
გარდა ამისა, საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებლებსა და ლათინებს შორის არსებობდა პოლემიკა, რომელიც, ცხადია, ნათლობის საკითხებსაც მოიცავდა. არსად, არც ერთ მხარეს გაკვრითაც არ უხსენებია "დიდაქე", როგორც დასხმითი ნათლობის შემწყნარებელი ძეგლი. ისმის კითხვა: რატომ უნდა დარჩენილიყო პოლემიკის მიღმა სამოციქულო ავტორიტეტის კატეხიზმო და არ შეეძინა არგუმენტაციის ან კონტრარგუმენტაციის ძალა დაპირისპირებულ მხარეთა შორის?
მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "დიდაქეს" პირველწყაროში საერთოდ არ იყო ნახსენები წყალპკურებითი ნათლობა!
ამ დასკვნის საფუძველს იძლევა თავად ე. ჭელიძის მიერ მოყვანილი ერთი საინტერესო არგუმენტი. ეს გახლავთ წმ. კვიპრიანე კართაგენელის მიერ გაცემული პასუხი შემკითხველისადმი. მკითხველს ვთხოვ ყურადღებით მიადევნოს თვალყური ამ ეპიზოდს.
მაშ, ასე კვიპრიანე ამბობს: "ჩაითვლებიან თუ არა რჯულიერ ქრისტიანებად ის პირები, რომელთაც განბანვის ნაცვლად ესხურათ მაცხოვნებელი წყალი?" - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ "განბანვა" არ გულისხმობს "სხურებას"? რომ "სხურება" სხვა ცნებაა და განბანვა სხვა? რომ "განბანვა" გულისხმობს სრულ შთაფლვას, ხოლო "სხურება" მარტოოდენ სხურებას? ამის ასე დაჟინებით იმიტომ ვკითხულობთ, რომ ედ. ჭელიძე სიტყვა "სხურებას" სრულიად გარკვევით აიგივებს სიტყვა "განბანვასთან". მეტიც, ეჭვი შეაქვს მოქმედების აშკარად გამომხატველი ისეთი სიტყვის არსზე, როგორიცაა "შთაფლვა". აი, რას ბრძანებს იგი ამ სიტყვის შესახებ. "შესაძლოა ნათლისღების რიტუალთან დაკავშირებით შეგვხვდეს ტერმინი "შთაფლვა", მაგრამ მასში არ იგულისხმებოდეს სრული ფიზიკური ჩაძირვა" (ედ. ჭელიძის ხს. ნაშრ. გვ. 153). მაშ რა იგულისხმება შთაფლვაში? თუ ედ. ჭელიძეს ვერწმუნებით, შთაფლვაში იგულისხმება პკურება! ჭეშმარიტად სენსაციური განცხადებაა ქართული ენის ღვაწლმოსილ მკვლევართათვის!
დავუბრუნდეთ ისევ კვიპრიანე კართაგენელს. თავისთავად ამგვარი შეკითხვა: "ჩაითვლებიან თუ არა რჯულიერ ქრისტეანებად ის პირები, რომელთაც განბანვის ნაცვლად ესხურათ მაცხოვნებელი წყალი", - ადასტურებს თუ არა იმას, რომ სხურებითი ნათლობა უცხოდ წარმოჩინდა ტრადიციულად შთაფლვითი წესით ნათელღებულ ქრისტეანებს შორის? წმიდა მამა პასუხში არ იშველიებს ჭელიძის მსგავს უცნაურ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ შთაფლვა, ანუ განბანვა, "მხოლოდ სულიერი ტერმინია" და "გულისხმობს როგორც მთლიან ჩაძირვას, ასევე პკურებას".
ვიმეორებ, წმიდა მამა ამის მსგავსს არაფერს ამბობს. ხოლო ჭელიძის ძვირფას დოკუმენტს - "დიდაქეს" - საერთოდ არ იხსენიებს თავის საკმაოდ ვრცელ პასუხში. წმ. მამები უპირველესად წყაროთმცოდნეობითად ეპაექრებოდნენ დაეჭვებულ ადამიანებს. როგორ ფიქრობთ, "დიდაქეში" რომ რაიმე მინიშნებაც კი ყოფილიყო წყალპკურებითი ნათლობის შესახებ, კვიპრიანე კართაგენელი უპირველესად მას არ დაიმოწმებდა? მით უმეტეს, რომ "დიდაქე" წარმოადგენდა, ჭელიძისავე დადასტურებით, მართებულ კატეხიზმოს, რომელიც წერილობით, სიტყვიერად წმიდა მოციქულთა კალამს ეკუთვნოდა, ხოლო შედგენილობით, აღნაგობით, წმიდა მამებს. რა უნდა ყოფილიყო ამაზე ძლიერი საბუთი კვიპრიანე კართაგენელისთვის შემკითხველთა დასაშოშმინებლად? მაგრამ ფაქტია, რომ წმიდა მამას "დიდაქე" წყალპკურებითი ნათლობის გასამართლებლად არ მოჰყავს, რაც თავისთავად გამორიცხავს "დიდაქეს" პირველწყაროში დასხმითი ნათლობის არსებობას.
მეტიც, წმ. მამა არც ერთ საეკლესიო ძეგლისწერის ნიმუშს არ ასახელებს! მკითხველს ვთხოვ ყურადღებით წაიკითხოს წმ. მამის პასუხი: "ჩვენ, რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობ, რომ არანაირად არ შეიძლება მცირდებოდეს ანდა სუსტდებოდეს ქველმოქმედება ღვთისა, სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მომცემლისა, ასევე მიმღებისა..."
დააკვირდით წმ. მამის პასუხის პირველ ფრაზას - "ჩვენ, რამდენადაც ამას სწვდება ჩვენი სიგლახაკე..." ნიშნავს თუ არა, რომ წმ. მამა მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობით და ამასთან საგრძნობი კითხვის ნიშნით ("რამდენადაც ამას სწვდება"...) აკეთებს განცხადებას? ხომ აშკარაა, რომ საქმე გვაქვს კერძო, ერთპიროვნულ განცხადებასთან?
ყოველ ქრისტეანს კი უნდა აინტერესებდეს არა კერძო (თუნდაც უღირსეულესი წმიდა მამის) განცხადება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ წმიდა მამათა საერთო შეხედულება ან მსოფლიო კრებებზე მიღებული განჩინებები. კერძო შეხედულების დონეზე საკითხის გადაწყვეტას ერიდება თვით პავლე მოციქული. საკმარისია გავიხსენოთ "მოციქულთა საქმეებში" აღწერილი შემთხვევა, როდესაც პავლე მოციქული ადის იერუსალიმსი ებრაელებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხის გასარკვევად - ევალებათ თუ არა რჯულის შესრულება ახლად გაქრისტეანებულ წარმართებს. მოციქული ვერ ბედავს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს საკითხი და ადის იერუსალიმში, რათა დაეკითხოს სხვა მოციქულებს და უხუცესებს. და, როგორც მოციქულთ საქმე გვამცნობს, მხოლოდ ცხარე კამათისა და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ კრება ადგენს, რომ წარმართებს არ ევალებათ განუხრელად რჯულის (იგულისხმება მოსეს რჯული - ადმ.) დაცვა.
მკითხველის ნებართვით დავუბრუნდები ისევ კვიპრიანე კართაგენელის პასუხს. მაშასადამე, რაკი არ მოიპოვება დასხმითი ნათლობის დამაკანონებელი საეკლესიო ძეგლისწერის ნიმუშები, ამიტომ კვიპრიანე კართაგენელი მოითხოვს მოსანათლავის სავსე და სრულ რწმენას. აი, რას ბრძანებს იგი: "სადაც არის სავსე და სრული რწმენა, როგორც მიმცემლისა, ასევე მიმღებისა... ღვთის ძალმოსილებისა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ კეთილად წარმართოს და სრულყოს ყოველივე".
მკითხველი დამეთანხმება, რომ სრულქმნას საჭიროებს ის რიტუალი, რომელიც მოკლებულია სრულყოფილებას. წმ. მამის აზრით, აუცილებელი პირობა ყოფილა სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემლისა, ასევე მიმღებლისა, რათა უფალმა სრულყოს დასხმითი ნათლობის რიტუალის არსი. მაგრმ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალშობილი ინათლება წყალპკურებით და მას კი სავსე რწმენის პირობის მიცემა არ ძალუძს, როგორ მოხდება ნათლობის მიღება უფლის მიერ?
სწორედ იმისთვის, რათა ნათლობა დარჩენილიყო უპირობო რიტუალად და არ ქცეულიყო სპექტაკლად, წმ. მამათა მსოფლიო კრებების მიერ არ იქნა დაშვებული არანაირი საშეღავათო გამარტივება!
ახლა, მოდი, ორიოდ სიტყვით ვილაპარაკოთ 1056 წლის ხელნაწერზეც. ისმის კითხვა: აკანონებს თუ არა დასხმით ნათლობას ეს ხელნაწერი?
უპირველესად გავარკვიოთ, თუ რა არის თქმული ნათლობის თაობაზე "დიდაქეში".
1. ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერ ამას სახელითა მამისა და ძისა და სულიწმიდისა, მდინარის წყლით ნათელ ეცით.
2. თუ არა გაქვს მდინარის წყალი, მონათლე სხვა წყლით, თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.
3. თუ არც ერთი გაქვს და რაც მეორე, სამგზის დაასხი თავზე წყალი ("დიდაქე", VII:1-3).
როგორც ვხედავთ, უპირველესად აღწერილია ნათლობის დასაბამიერი სახე - მდინარეში ნათლობა, როგორც მოინათლა მაცხოვარი ჩვენი მდ. იორდანეში.
მეორე პუნქტში აღწერილი ნათლობა იდენტურია პირველის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ შთაფლვა სრულდებოდა დამდგარ წყალში.
რაც შეეხება მესამე პუნქტს, იგი იწყება პირობების დაკონკრეტებით: "თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე"...
მაინც რას ნიშნავს "თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე?" ეს იგი, ჩანს, რომ არც მდინარეა ახლომახლო, არც ტბა, არც ჭა, რომ კასრში მაინც დააგროვო წყალი. ბუნებრივი იბადება კითხვა, სად, დედამიწის რომელ რეგიონში ვიმყოფებით? ალბათ, საჰარის უდაბნოში და არა საქართველოში, რომელიც წყალუხვობით ცნობილი ქვეყანაა. წარმოუდგენელია, როგორ უნდა იქნას შეწყნარებული ამ ქვეყნის მცხოვრებთათვის ნათლობა, რომელიც მხოლოდ უწყლობის პირობებისთვისაა გათვალისწინებული? ედ. ჭელიძე კი მესამე პუნქტში მოცემულ პირობას - "თუ არც ერთი გაქვს და არც მეორე"... ხსნის ასე: ეს იმას ნიშნავსო, რომ თუ მოსახერხებელი არ არისო!... ასე, ჭელიძის მსჯელობის მიხედვით თუ მღვდელს ეზარება მდინარემდე ჩასვლა, მაშინ დამდგარ წყალში შეუძლია შთაფლას მოსანათლი. თუ შთაფლვისას გასაწევი ჯაფაც უმძიმს, მაშინ შეუძლია თავზე დაასხას წყალი, ხოლო თუ თავზე დასხმისთვის აუცილებელი ხელის გაქნევაც არ ნებავს, მაშინ შეუძლია მარტოდენ ნუგეშით გაისტუმროს მოსანათლი - "შენ პატიოსნად იცხოვრე და ღმერთი ისედაც მიგიღებს სასუფეველშიო!".
ამდენად, "დიდაქეს" 1056 წლის ხელნაწერი კი არ აკანონებს დასხმით ნათლობას, არამედ განსაკუთრებით, უწყლო პირობების შემთხვევაში იძლევა დასხმითი ნათლობის ნებართვას. მაგრამ ვიმეორებ, "დიდაქეს" თავდაპირველ წყაროში არაფერი იყო თქმული ამგვარი ნათლობის შესახებ, რის საფუძველსაც წმ. მამათა წერილებში ამის თაობაზე სრული დუმილი გვაძლევს.
რაც შეეხება "სჯულისკანონში" არსებულ ნათლობის 50-ე სამოციქულო კანონს, აქ ერთი წიაღსვლა მინდა გავაკეთო და დავაზუსტო, რომ ეს კანონი პირველად დაიწერა რომის პაპ კლიმენტი რომაელის მიერ ლათინურად, უდიდესი ავტორიტეტის მქონე ძეგლში - "მოციქულთა კანონები" (ჩ. წ. I. ს.) და, რომ ამ კანონში მოციქულთა მოწაფის მიერ გამოყენებულია ზმნა "მერსიო", რომელსაც ქართულად შეესიტყვება "ჩაძირვა", ხოლო რუსულად "პოგრუჟენიე". ამრიგად, ლათინურსა და სლავურში ნათლობის 50-ე კანონში გარკვევით გვაქვს მოცემული მისი ხილული მხარის აღწერილობა - შთაფლვა, ჩაძირვა.
ცხადია, ჭელიძემაც მშვენივრად იცის ამ დოკუმენტების არსებობა, მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა მოძებნოს და აი, ამოსავალ წერტილად თვლის რა ბერძნულ მართლმადიდებლობას, ასე აცხადებს: "ბერძნულიდან გადაუხვია არა ძველქართულმა, არამედ ლათინურმა და მის კვალობაზე სლავურმაც" (დასახ. ნაშრ. გვ. 93). მაშასადამე, თურმე ნუ იტყვით, მოციქულთა 50-ე კანონი ბერძნულიდან არაზუსტად უთარგმნია ლათინურს და სლავურს! აი, რა სიყალბეს აპარებს ჭელიძე მკითხველს! ამის თაობაზე ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი მეუფე იონა თავის წიგნში "რა უნდა ვაკეთოთ" წერს: "რას ნიშნავს "ბერძნული ტექსტიდან გადახვევა"? დასავლელ მამათა მიერ შედგენილ პირველწყაროს რანაირად შეეძლო ჰქონოდა გადახვევა ბერძნულიდან? იგი ხომ წერილობის სახით რომის პაპ კლიმენტოსისგან ლათინურ ენაზე ეუწყა პირველად მსოფლიოს? პირველი თავწყარო რომ ბერძნული ყოფილიყო, მაშინ კიდევ იტყოდა კაცი, დასავლელებმა და სლავებმა პირველწყაროს გადაუხვიესო, მაგრამ იგი ხომ ლათინურად დაწერილი მიეწოდა ბერძნებს?
არანაკლებ აღშფოთებას იწვევს ჭელიძის მორიგი განცხადება: "ბაპტო", "ბაპტიმო", "ბაპტიზმო" (ყოფითი აზრით მეტად ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ ჩაძირვას, შთაფლვას, არამედ "ბაპტო" ქართულად ითარგმნება "დაწებად", "შესოვლებად", "შეღებვად", ხოლო "ბაპტიმო" და "ბაპტისიმო" "ბანა", "განრცხად", ანუ გარეცხვად. ეს გარემოებაც დამატებით ცხადყოფს, რომ თუ სიტყვის ყოფითი შინაარსიდან ამოვალთ, ნათლობის წესი შეიძლება იყოს შთაფვლითიც და თავზე დასხმითიც".
ვფიქრობ, არც კვიპრიანე კართაგენელი იყო ჭელიძეზე ნაკლებად განსწავლული და შორსმჭვრეტელი და თუკი სამოციქულო კანონში არსებული "ბაპტიზმო" შთაფლვის მნიშვნელობასაც შეიცავდა და დასხმის მნიშვნელობასაც ერთდროულად, ამას აუცილებლად მიუთითებდა შემკითხველებს. წმიდა მამას კი მსგავსი არგუმენტის მოშველიება ფიქრადაც არ მოსდის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ამგვარი არგუმენტის არარსებობაზე მიანიშნებს.
საერთოდ კი ადვილი შესამჩნევია, ჭეშმარიტების მიჩქმალვის სურვილით ჭელიძე რაოდენ ხელოვნურად აჩენს თავსატეხს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტერმინ "ბაპტიზმოს" გადაქცევას მრავალარსობრივი დატვირთვის მქონე სიტყვად, რათა შემდგომ შეძლოს მისით მანიპულირება. სწორედ იმიტომ, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ამ სიტყვის მანიპულირების სურვილი. სლავურ თარგმანში, სქოლიოში დაკონკრეტებულია: "Крещаемого погружати а не обливати"! მოციქულთა მოწაფის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილ ნათლობის სამოციქულო კანონშიც ღაღადებს ზმნა "მერსიო", ანუ ჩაძირვა!
აქვე მინდა დავიმოწმო ქრისტეანული სამყაროსთვის უდიდესი ავტორიტეტის, პავლე მოციქულის მოწაფის, დიონისე არეოპაგელის თხზულების - "საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ" ეფრემ მცირესეული თარგმანი. ნათლობის საიდუმლოს გარეგნული, ხილული მხარის არეოპაგელისეული აღწერა დეტალურად წარმოაჩენს ქრსიტეანული ნათლობის ქმედით სახეს. მოვიყვან ციტატას: "სამსა მას ზედა შთაყოფასა და აღმოყოფასა ჰხმობნ სამგვამოვნებასა საღმრთოისა ნეტარებისა" (იქვე. გვ. 211).
დავაკონკრეტებ, რომ თავის თხზულებაში დიონისე არეოპაგელი ნათლობის საიდუმლოს გარეგნული, ხილული მხარის აღწერისას ხმარობს არა ტერმინ "ბაპტიზმოს", არამედ "კატადიუსს", რაც ნიშნავს მარტოდენ შთაყოფას, შთაფლვას, დაფარვას. ურიგო არ იქნება მკითხველს თავად ჭელიძის აზრი მოვახსენოთ დიონისე არეოპაგელის შესახებ: "ცნობილია, რომ საეკლესიო წეს-ჩვეულებათა სამოციქულო გადმოცემა ყველაზე უკეთ შემონახულია წმ. დიონისე არეოპაგელის თხზულებაში "საეკლესიო მღვდლმთავრობის შესახებ", რადგანაც წმ. დიონისე იყო მოწაფე პავლე მოციქულისა" (იქვე. გვ. 142).
ამდენად, ყოველივე ზემოთქმული ნათლად ასაჩინოებს, რომ ძველბერძნული "კატადიუსი", ლათინური "მერსიო", სლავური "პოგრუჟენიე" და ქართული "შთაყოფა", რომელიც მითითებულია ნათლობის 50-ე კანონის სქოლიში, გამოხატავს ერთ ქმედით აქტს და ზემოთ ხსენებულ კანონს ათავისუფლებს ყოველგვარი საორჭოფო გაზრებისგან, ანუ საფუძველშივე გამორიცხავს შთაფვლითი ნათლობის წესის დასხმითი ნათლობის წესით შეცვლას.
დასასრულ, მოვუსმინოთ თავად უწმინდეს მამებს:
ბასილი დიდი: "ნათლობა ხატია ქრისტეს სიკვდილისა და იგი უნდა შესრულდეს მამის, ძის და სულიწმიდის სახელით სამჯერ დაფლვით".
წმ. მაქსიმე: " ნათლისღებისა იგი დაფლვად წყალთა შინა სიკუდილისა მიმარტ ქრისტესისა მოცემულ არს..."
ედ. ჭელიძის თავგამოდება, ჭეშმარიტ ნათლობად წარმოაჩინოს ყალბი, ილუზიური ნათლობა, მისი ქადაგება - დაკმაყოფილდეს ადამიანი ნათლობის მარტოდენ "სიმბოლური აღსრულებით" - მიმაჩნია მთლიანად ქრისტეანობის მოსურნე კაცობრიობის წინაშე დანაშაულად. ჭელიძის მოქმედება განიკითხება მისივე მიზანდასახულობის მიხედვით, ხოლო მიზანდასახულება კი მდგომარეობს დანერგილი ერესის განმტკიცებაში, რაც ერს დაღუპვით ემუქრება.
მე კი არაფერი დამრჩა იმის გარდა, რომ თავად უფლის სიტყვები შევახსენო ოპონენტს:
"ვაიმას, ვისგანაც ცდუნება მოვა"!
თბილისი 1996 წ. გაზეთი "შანსი". თებერვალი.