არქიეპისკოპოსი პავლე
"როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?..."
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე 20 წელიწადზე მეტია არსებობს საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია და გამოიცემა ძველმართლმადიდებლური ლიტერატურა (ამ ბოლო დროს კი შესაძლებელი გახდა ინტერნეტში საიტის განთავსებაც), მორწმუნე საზოგადოებას ჩვენს შესახებ მართებული ინფორმაცია ჯერაც არ გააჩნია. მიზეზი მარტივია: ოფიციალური საპატრიარქო და მისი ადეპტები ყოველმხრივ ცდილობენ ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობისა და ავტორიტეტის დაკნინებას, მოიხსენიებენ მას ხან სქიზმად, ხან "სექტად" და თანაც ისეთ სექტანტებს შორის, როგორებიც არიან ბაპტისტები, ორმოცდაათიანელები, ბახაისტები, იეღოვას მოწმეები და სხვა.
ზოგიერთები, ქართველ ძველმორწმუნეთა დისკრედიტირების მიზნით, "სტაროვერებად" მოიხსენიებენ "მოლოკნებს" და "დუხობორებს" და არავის განუმარტავენ, რომ მათ არაფერი აკავშირებთ ძველმართლმადიდებლობასთან. შემთხვევითი არც ის არის, რომ სპეციალურად მოგვიხსენიებენ რუსული სახელწოდებებით: "სტაროვერები" და "სტაროობრიადები", რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოსდა ეს რომელიღაც რუსული სექტანტური გადმონაშთია ("დუხობორებისა" და "მოლოკნების" მსგავსი) და არა მართლმადიდებლობა.
სამწუხაროდ, ამ მიმართებით, ოფიციალური ეკლესიის გამოცემულ ბეჭდვით წყაროებსა და მასმედიაში სრული განუკითხაობაა, "სტაროვერებზე" ბეჭდავენ იმას რაც მოეპრიანებათ. გვაბრალებენ ყველაფერს, რაც ან თავში მოუვათ ან ენის წვერზე მოადგებათ ("კვირის რეზონანსში" დაბეჭდილი ბასილ კობახიძისა და ბექა მინდიაშვილის ინტერვიუები მარტო რად ღირს). ყველა ამ პასკვილს, ჩვენ შეძლებისამებრ ვპასუხობდით (იხ. მაგალითად, ჩვენი პასუხი ბასილ კობახიძისადმი, ასევე ძველი პასუხები, რომლებიც თავის დროზე გამოქვეყნდა ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ ბეჭდვით გამოცემებში: "ღვთიური გზა", "აღდეგინ ღმერთი" და "მართლმადიდებელი" (წერილები ამ გამოცემებიდან შეგიძლიათ იხილოთ აქვე, ჩვენს ვებ-საიტზე, განყოფილებაში "აპოლოგეტიკა").
ძველმართლმადიდებელთა ლანძღვამ და ცილისწამებებმა უკვე ინტერნეტ სივრცეშიც გადმოინაცვლა. ზოგიერთ ფორუმსა და საიტზე ვხვდებით ისეთ მჯელობებს, რომლებიც გვაკვირვებენ თვისი უმეცრებით და არაობიექტურობით (ისტორიულ, საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიურ მხარეებს რომ თავი დავანებოთ).
რადგან ჩვენი მიზანია თანამემამულეთა გაცნობიერება ძველმორწმუნეობასთან დაკავშირებით, მიუხედავად საკუთარი პოზიციის პრინციპულობისა, არ გაგვაჩნია რეაქციული დამოკიდებულება "სხვაგვარად" მოაზროვნეთა მიმართ და ვხელმძღვანელობთ რა სახარებისეულ-რჯულისკანონისეული კრიტერიუმებით, კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრების 66-ე განწესების სიტყვებით ვიტყვით:
"ღვთიური სულის თანამოქმედებით გადავწყვიტეთ... სიმშვიდით და კეთილი სიტყვით" განვუმარტოთ დაბნეულ თანამემამულეებს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობა და არსი და შემოვარიგოთ ისინი ეკლესიასთან, რადგან "დაუწყნარებელი განხეთქილებით გამოეყოფიან საუფლო გვამს (მართლმადიდებელ ეკლესიას)". რამდენადაც ჩვენგან შესაძლებელი იყოს, გამოვუცხადოთ ყველას, რომ შევეცდებით "დავარღვიოთ მათი საწყალობელი ცთომა, იქნებ მისცეს მათ ღმერთმა სინანული, შეიცნონ ჭეშმარიტება და გამოხსნილ იქნენ მათი დამატყვევებელი ეშმაკის მახისგან" (შეად. 2 ტიმ. 2:25-26).
2008 წელს საპატრიარქოს პრეს-ცენტრს მოუმზადებია და გამოუცია რუსული "სვინაქსარის" თარგმანი (გამოცემაში რუსული წყარო მითითებული არ არის, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ეს შეიძლება იყოს პროტ. ვ. გურიევის "პროლოგი"), სადაც წმინდანთა ცხოვრება და მწვალებელთა თუ სქიზმატიკოსთა სამხილებელი მათი სწავლებანი გამოყენებულია ძველმართლმადიდებელი ქრისტეანების განსაქიქებლად.
საპატარიარქოს წარმომადგენლები ცდილობენ არასწორი წარმოდგენა შეუქმნან გულუბრყვილო და საკითხის არსში ჩაუხედავ ადამიანებს. მათ მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში მორწმუნე საზოგადოება ძველმოწესეობის არსთან, ისტორიასთან და საქართველოში მის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რისთვისაც თარგმნიან და გამოსცემენ ისეთ "ანტისტაროვერულ" თხზულებებს, რომლებიც რუსეთში გამოცემულია ორი და მეტი საუკუნის წინათ, არის მეტად არაობიექტური და სადღეისოდ დაწუნებულია თვით ოფიციალური, რუსული ეკლესიის მიერაც.
ის, რომ საქართველოს გაბატონებული ეკლესიის საპატრიარქოს დამოკიდებულება ამ ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით საინტერესო მოვლენისადმი, არაქრისტეანული და არამეცნიერულია და ატარებს დემაგოგიურ ხასიათს, დასტურდება იმით, რომ თავს არ იწუხებს მისი ობიექტური გაშუქებისთვის, არ გამოსცემს რუსულ განხეთქილებასთან დაკავშირებულ მართლაცდა საინტერესო და მეტნაკლებად ობიექტურ თხზულებებს და პოპულარიზაციას უწევს ისეთ პასკვილებს, როგორიც შეუთხზავთ დიმიტრი როსტოველს და მის მსგავს სხვა სასულიერო პირებს.
ჩვენ უკვე მერამდენედ გვიწევს იმისი აღიარება, რომ ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-17 ს.) რეფორმაზე და არც იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება. თუმც, ეს არც არის გასაკვირი, რადგან, თუკი, როგორც ცნობილი რუსი მკვლევარი და ბელეტრისტი პ. მელნიკოვი ბრძანებდა, "უხეშობა და უმეცრება (რომელიც საზოგადოდ ახასიათებდა იმ დროებას - არქიეპ. პ.) ირეკლებოდა XVIII საუკუნის უგანათლებულეს მწერალთა თხზულებებში და არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიც, რომლებმაც ცივილიზაციის გზებზე ბევრად გაასწრეს რუსთა ქვეყანას" (И.Мельников (А. Печерский), собр. соч. в восьми томах, т. 8, "Письма о расколе", изд. "Правда". Москва, 1976 г., стр. 14), რა შეიძლება იცოდნენ ამ საკითხში განუსწავლელმა ჩვენმა ოპონენტებმა?
და თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს აკრიტიკებდა "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" ("Вдъ-Информ", Москва. ციტ. "Русь православная" (изд. старообрядческой митрополии) 1999 г., стр. 11 (51, 52).
ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევარის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" (განხეთქილების - არქიეპ. პ.) სახელწოდებითაა ცნობილი. ეს სახელწოდება არის მეტად არაზუსტი და მას მეტად ფართო მნიშვნელობას ანიჭებენ" (იქვე. გვ. 23, 24).
ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში". ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).
განა დღემდე ამას არ აკეთებს საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესიის საპატრიარქო? განა რუსულ და თვით ამ ქვეყნის ოფიციოზის წარმომადგენლის, პ. მელნიკოვის მიერ "უხეშად და უმეცრად" შერაცხილ თხზულებათა პოპულარიზაციით არ არის დასაქმებული? ამის დასტურია საპატრიარქოს მიერ გამოცემული რუსული "სვინაქსარი", რომლის მიხედვით "ძველმოწესეები არსით ერეტიკოსები და განხეთქილების ჩამომგდებნი არიან. ერეტიკოსები იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ რწმენას თავიანთ ცრუ სწავლებასაც ურევენ. განდგომილები კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას განუდგნენ" ("სვინაქსარი". ხს. გამოც. თბილისი 2008 წ. გვ. 184).
ამგვარი მტკიცებულება, როგორც თეოლოგიური, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით, მით უფრო არასწორია, რაც უფრო აღრეულია ერთმანეთში ერთურთისგან განსხვავებული სარწმუნოებრივი მიმართულებები და როდესაც, ერთი მიმართულების სარწმუნოებრივი დაჯგუფების ცოდვას მიაწერენ იმ მორწმუნეებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ამ დაჯგუფებასთან.
მაგალითად, საპატრიარქოს პრეს-ცენტრის მიერ მომზადებული "სვინაქსარის" რუსი შემდგენელი ტერმინში "სტაროვერობა" მოიხსენიებს რუსეთის ეკლესიაში განხეთქილების შემდგომ აღმოცენებულ ე. წ. "უმღვდლოთა" ("ბეზპოპოვცურ", "безпоповцы") მიმართულებას ("სვინაქსარის" ავტორი ძველმოწესეებს შორის იხსენიებს "იატაკქვეშელებსაც". სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის უცნობია ასეთი მიმართულების "სტაროვერული" რელიგიური დაჯგუფება. ავტორი ალბათ გულისხმობდა რუსულ კატაკომბურ ეკლესიას, მაგრამ ეს ეკლესია "სტაროვერული" არ არის. ისინი ოფიციალურ ეკლესიას გამოეყვნენ მოგვიანებით, პატრ. ტიხონის პერიოდში). მაგრამ, სამღვდელოების ამღიარებელ ძველმორწმუნე ქრისტეანებს "ბეზპოპოვცების" მწვალებლურ შეხედულებებთან არაფერი აკავშირებთ.
"სვინაქსარის" შემდგენელ-გამომცემელთა შეხედულებების სიმცდარეში რომ დავრწმუნდეთ, საჭიროა განვმარტოთ როგორც "ერესის", ასევე "სქიზმის" ანუ განხეთქილების რაობა. მეტი ობიექტურობისა და ოპონენტთა სამხილებლად ვნახოთ თუნდაც, რას წერენ თვით ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელები ერესის შესახებ.
მაშ, რა არის ერესი, ანუ მწვალებლობა?
"მწვალებლობის საღვთისმეტყველო-ენციკლოპედიური განმარტება შემდეგია: - ვკითხულობთ ალმანახ "ივერიის გაბრწყინებაში", - "თანამედროვე საეკლესიო-დოგმატურ ხმარებაში "ერესის" ("მწვალებლობა" და "ერესი" სინონიმებია) სახელწოდებით აღინიშნება იმგვარი ქრისტიანულ-სარწმუნოებრივი სწავლება, რომლის მქადაგებელიც შედის შეგნებულსა და აშკარა წინააღმდეგობაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ნათლად გახსნილ და მკაცრად ფორმულირებულ ქრისტიანობის დოგმატებთან" (Православная Богословская энциклопедия; т. V, стр. 489; Петроград 1904). – მაშასადამე, ერესი (მწვალებლობა, წვალება) მდგომარეობს წმ. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან წინააღმდეგობაში (მწვალებლობის არსებობა, გარდა დოგმატურისა, კანონიკურ დონეზეცაა შესაძლებელი, - ე. ი. არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ეკლესიის დოგმატური სწავლება ემთხვევა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, მაგრამ მათ შორის არსებული კანონიკური განსხვავებანი, თავიანთი მნიშვნელობის გამო, ადგილობრივი ეკლესიის ერთობას მსოფლიო ეკლესიასთან შეუძლებელს ხდის – ამგვარი მწვალებლური ეკლესიის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ე. წ. "ობნოვლენცების" ეკლესია, რომელმაც რუსეთში რევოლუციის შემდგომ თავი იჩინა და იარსება მცირე ხანს); თუკი რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის სწავლება სხვაობს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებასთან თუნდაც ერთ დოგმატში, აღნიშნული ადგილობრივი ეკლესია უცილობლივ მწვალებლურ ეკლესიად ჩაითვლება – ათვლის სათავე, რა თქმა უნდა, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიაა" ("ივერიის გაბრწყინება" 1995 წ. 27 აპრილი).
"ახლა წარმოვადგინოთ მწვალებლობის მეტად მკაფიო და ლაკონური, სჯულისკანონისეული, განმარტება: "მწვალებელი არს და საპატიჟოდ მწვალებელთათვის დადებულისა სჯულისა თანამდები, რომელი მცირედცა მიდრკეს მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან; მწვალებელი არს, რომელი მართლმადიდებელი არა იყოს" (დიდი სჯულისკანონი (ძველ ქართულ ენაზე), გვ. 197, თბილისი 1975)" (იქვე).
მთელი სამი საუკუნის განმავლობაში, გარდა ფუჭი და არაფრისმთქმელი ცილისწამებებისა, არაფრისმთქმელი დემაგოგიისა, ოფიციალურ ეკლესიის აპოლოგეტებს არ წამოუყენებიათ არც ერთი სერიოზული არგუმენტი იმისა თუ რაში შეიძლებოდა ძველმორწმუნეები ყოფილიყვნენ მხილებულნი, როგორც მწვალებლები. მაშინ როდესაც, თვით რუსული და ქართული (ასევე ბერძნული) ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები საკმაოდ შეშფოთებით წერენ მათი ეკლესიის მღვდელმთავართა სერიოზულ მწვალებლურ გადახრებზე. ამის დასტურია თუნდაც ჩვენს მიერ დამოწმებული სტატია "ივერიის გაბრწყინებიდან", რომელიც ეხება პატრიარქ ილია II-ს, და რომლის სახელწოდებაა: "პატრიარქ ილია II-ს სულიერი მოღვაწეობა დიდი სჯულისკანონის ფონზე" ("ივერიის გაბრწყინება" 1995 წელი, 27 აპრილი). ამ სტატიაში, ოფიციალურ, საეკლესიო პრესაზე დაყრდნობით, ავტორი წარმოაჩენს ოფიციალური ეკლესიის პატრიარქისა და სხვა სასულიერო პირების ერეტიკულობას. იგივე მდგომარეობაა რუსეთშიც და საბერძნეთშიც.
ოფიციალური, როგორც რუსული, ასევე ქართული "მართლმადიდებელი" ეკლესიები, თავი რომ დავანებოთ მე-17 საუკუნის განხეთქილების ცოდვას და მისით გამოწვეულ სავალალო შედეგებს (ამაზე ცოტა ქვემოთ), თავით ფეხებამდე შთაფლულები არიან მრავალგვარ მწვალებლობებში. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: ნათლისღების საიდუმლოს დარღვევა, კერძოდ ნათლობის საიდუმლოში მოსანათლავის სამჯერ შთაფვლის ნაცვლად, ლათინური, მწვალებლური წესით, წყლის სამგზისი პკურებით, ან გადასხმით "ნათლობა" (ამ მწვალებლობას ბრწყინვალედ ამხელს მე-18 საუკუნის ქართლის კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი თავის თხზულებაში "გრდემლი", რომლის მე-20 თავი, "ნათლისღების შესახებ", მთლიანად ეძღვნება ამ საკითხს. ეკუმენიზმში მონაწილეობა (ვგულისხმობთ არა ემს-ს სხდომებზე ლექციების წაკითხვას მართლმადიდებლობაზე, არამედ ლოცვით-ლიტურგიკულ თანაზიარობას მწვალებლებთან); ერთობა ეკუმენიზმში მონაწილე და მწვალებლებთან თანამოზიარე ადგილობრივ ეკლესიებთან (კონსტანტინოპოლის, "მსოფლიო" პატრიარქების ეკუმენისტურ-მწვალებლური მოღვაწეობა მარტო რად ღირს...); მართლმადიდებლურ ტაძრებში მწვალებელთა ზიარება და "მართლმადიდებელთა" ლოცვა-ზიარება მწვალებელთა ღვთისმსახურებაზე (ვრცლად ამგვარ ღონისძიებებზე იხ. გ. გაბაშვილის "პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა დიდი რჯულისკანონის შუქზე"); ერთობის არარსებობა ადგილობრივ ეკლესიებს შორის, რომელიც გამოიხატება წინააღმდეგობაში, როგორც სწავლა-მოძღვრებით, ასევე საეკლესიო-ლიტურგიკულ საკითხებში (ავიღოთ თუნდაც გრიგორიანული კალენდრის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მთელ რიგ "მართლმადიდებელ" ეკლესიებს შორის არ არის თანხმობა, ზოგი მათგანი კი აშკარად მისდევს მას); იუდეველობის შეწყნარება, მათი გამოცხადება "ძმებად" და მათთან ერთად ლოცვა (იხ. ფოტოგალერეა) მაშინ, როდესაც იუდეველებთან დაკავშირებით დიდ რჯულისკანონში და წმიდა მამათა განწესებებში, ასევე ცალკეულ ჰომილიებში (ავიღოთ თუნდაც წმ. იოანე ოქროპირის ჰომილიები "იუდეველთა წინააღმდეგ") მოცემულია უმკაცრესი განწესებანი.
მაგრამ მოდი ისევ ზემოთხსენებულ "სვინაქსარს" დავუბრუნდეთ და შევეხოთ "სქიზმის" ანუ განხეთქილების საკითხს.
"ანტისტაროვერულ" თხზულებებში ძველმორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტეანებს უფრო ხშირად და სრულიად უსამართლოდ იხსენიებენ "რასკოლნიკების", იგივე განხეთქილების მოქმედთა ("სქიზმატიკოსთა") სახელით. ძველმა მამებმა, როგორც წმ. ბასილი დიდი მოწმობს, ეკლესიასთან შეუთანხმებელი და დაპირისპირებული სწავლებებიდან "ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთილება და ზოგს კიდეშესაკრებელობა (თვითნებური თავშეყრა). მწვალებელი, ერეტიკოსი დაერქვა სარწმუნოებისგან მთლად ჩამოცილებულთ და უცხოქმნილებს. განხეთქილება არის ისეთი მიზეზი, რომლის განკურნება შეიძლება. ესენი არიან საეკლესიო საკითხებზე დავის გამო ერთმანეთისგან გაყოფილები..." (წმ. ბასილი კესარია-კაპადუკიის ეპისკოპოსის ეპისტოლე პირველი კანონთა შესახებ ამფილოქე იკონიის ეპისკოპოსის მიმართ. თავი 1. საქართველოს ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 400).
ხოლო, საეკლესიო დავა, XVII ს. რუსეთში, წარმოიშვა პატრიარქ ნიკონის სრულიად არასაჭირო რეფორმების გამო, როგორც აღიარებენ მას თვით ოფიციალური, რუსული ეკლესიის ღვთისმეტყველები და ცნობილი ისტორიკოსები. მაგალითად, ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორის, პროტოპრესვიტერ იოანე ბელევცევის მტკიცებით, "რეფორმა, რომლის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად მეფე ალექსი მიხეილის ძე მოგვევლინა, აბსოლუტურად ზედმეტი (არასაჭირო) იყო" (Белевцев И. Русский церковный раскол XVII. в. Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной церковно-научной конференции в Москве, 11 мая, 1987 г. ციტ. იქვე, გვ. 44).
რასკოლის საკითხის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. ფ. კაპტერევი კი წერდა: "მეფე ალექსიმ და პატრ. ნიკონმა, ასევე მათმა მემკვიდრეებმა და მიმდევრებმა დაიწყეს რუსულ ეკლესიაში ძველის სანაცვლოდ მანამდე უცნობი, ახალი წესებისა და ჩვეულებების, ახალი საღვთისმსახურებო წიგნებისა და წეს-განგებების დამკვიდრება; ეკლესიასთან, თვით რუსეთთან და რუს ხალხთან ახლებური მიმართების დაფუძნება. დაიწყეს იერარქიის, საეკლესიო საიდუმლოებების და ღვთისმოსაობის შესახებ ახალი შეხედულებების გადმონერგვა. რუს ხალხს თავს მოახვიეს სრულიად სხვა მსოფლმხედველობა, სხვაგვარი აღქმა და სხვა. ყოველივე ამან გამოიწვია განხეთქილება. განხეთქილება სინამდვილეში, ნიკონიანურ რეფორმათა მოწინააღმდეგეებს არ მოუწყვიათ: ისინი, უბრალოდ, ადრინდელი, ძველი სარწმუნოებისა და გადმოცემების ერთგულნი დარჩნენ. მათ არ უღალატეს ძველ მართლმადიდებლობას, არ უღალატეს არც რუსულ და არც აღმოსავლეთის წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას" (Н. Ф. Каптерев. Характер отношений России к православному востоку, стр. 14, 15, იხ. აგრეთვე. В. Макаров. К вопросу о причинах разделения русской церкви, Москва, 1911 г.).
ხოლო საეკლესიო მშვიდობას, წმ. მამათა განმარტებით, ის კი არ არღვევს ვინც იცავს ძველ სარწმუნოებასა და გადმოცემას, არამედ ის "ვისაც სიახლე შეაქვს ეკლესიაში, ვინც უკუაგდებს ძველ საეკლესიო ჩვეულებებს და ამკვიდრებს მათ საწინააღმდეგოს" ("ახალი სჯულის ფიცარი" 17:4,5. ციტ. "ლაზარეს აღდგინება" V. გვ. 33-34). ბრძანებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ღირ. მეთოდე აღმსარებელი (IX ს.) და ამის ჩამდენებს განდგომილებს უწოდებს.
ასე რომ, საეკლესიო მშვიდობა მე-17 ს. რუსეთში ძველი სარწმუნოებისა და ძველი გადმოცემების მცველებმა კი არ დაარღვიეს, არამედ ეკლესიაში სიახლეთა შემომტანმა ნიკონიანელმა რეფორმატორებმა, რომლებმაც ეს არ იკმარეს და მწვალებლობად სრულიად მართლმადიდებლური ძველი საეკლესიო წესები შერაცხეს.
ძალზედ სასაცილოა "სვინაქსარის" შემდგენელი რუსი ავტორისა და მისი ქართველი პოპულარიზატორების დამოკიდებულება სასწაულების, როგორც საკუთარი სიმართლის და კანონიკურობის გამამართლებელი არგუმენტისადმი. "სვინაქსარში" ვკითხულობთ: "თქვენს შორის მცხოვრებ ე. წ. ძველმოწესეებს არასოდეს ეძლევათ სასწაულები და მუდამ რატომ დაობენ და შეაჩვენებენ ისინი ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე, ძველად ნაბეჭდი წიგნებისა სწამთ, თანაც ერთნი საკუთარ თავს მღვდლიანებს (ხაზგასმები ავტორებისაა - არქიეპ. პ.) უწოდებენ, მეორენი - უმღვდელოებს; მესამენი - მწირებს, მეოთხენი - ლტოლვილებს, მეხუთენი კი - იატაქვეშელებს და ა. შ.? და აი, რატომ: თქვენს შორის მცხოვრები ძველმოწესეები არსით ერეტიკოსები და განხეთქილების ჩამომგდებნი არიან. ერეტიკოსები იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ რწმენას თავიანთ ცრუ სწავლებასაც ურევენ, განდგომილები კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას განუდგნენ. იცოდეთ, რომ განხეთქილების ჩამომგდებ ხალხში სასწაული არასდროს აღსრულებულა და არც აღსრულდება, და როგორც ადრეც იყო უფლის რისხვა მათზე (პასუხი სოლჟენიცინიდან), ასევე იქნება ყოველთვის" (სვინაქსარი. ყოველდღიური საეკლესიო საკითხავი. ტ. I, მომზადებულია საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრში. თბილისი 2008. გვ. 183-186).
"სვინაქსარის" ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ "ერეტიკოსებსა და განხეთქილებაში მყოფთა შორის სასწაულები არასდროს მომხდარა და არც მოხდება, და რომ უფლის რისხვა მუდამ იყო და იქნება მათზე". ახლა ჩვენ არ დავიწყებთ იმის გარკვევას თუ რა არის სასწაული, მაგრამ იმას კი ვიტყვით, რომ სასწაული, შეიძლება იყოს ღმრთისგანაც (ჭეშმარიტი სასწაული) და ეშმაკისგანაც (ცრუ და ყალბი), რომელიც აღსრულებულა როგორც მწვალებლებთან, ასევე მართლმადიდებელთა შორისაც. ოღონდ გასარკვევია, რომელია ჭეშმარიტი, ღვთისგან მოვლენილი სასწაული და რომელი ეშმაკისგან.
ღმრთის ნებით, როდესაც საღმრთო განგება მწვალებელთა მოქცევას ცდილობს, შესაძლოა სასწაული მწვალებლებშიც მოხდეს მათდა შესაგონებლად. ხოლო ეშმაკის სასწაული აღსრულდეს მართლმადიდებელთა შორის მათდა საცთუნებლად. მეტიც, წმ. ეპიფანე კვიპროსელი იმასაც კი ამბობს, რომ ბოლო ჟამს სასწაულები მოხდება მწვალებელთა საზოგადოებებში, მაშინ როდესაც მართლმადიდებელთა შორის ის იკლებს და ეს მოხდებაო უფლის დაშვებით, რათა მართლმადიდებელთა რწმენა გამოსცადოს. განა ამასვე არ ადასტურებს წმიდა წერილი? უფალი წმიდა მოციქულ პავლეს პირით ბრძანებს: "თუ ვინმე იღვწის, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არარჯულიერად იღვწის" (2 ტიმ. 2, 5).
მეტიც, უფალმა საუკუნო სამსჯავროზე გამართლების კრიტერიუმად დადო არა სასწაული, არამედ სახარებისეული ცხოვრება. მრავალი დაიმშვიდებს თავს იმით, რომ მათ საზოგადოებებში ხდებოდა სასწაული და უფლის მკაცრი განაჩენით გაკვირვებული ეტყვის მას: "უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?"
მაგრამ, მკაცრი იქნება უფლის სიტყვა მათ მიმართ, რომელიც ეტყვის მათ:
"არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო" (მათე 7:22, 23).
საყვარელნო, სასწაულს კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ სულის გადამრჩენელი კრიტერიუმი მოვიძიოთ, რითაც შეფასდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. და ეს კრიტერიუმი არის ქრისტეს რჯული! საღვთო რჯული! ახალი აღთქმის წმიდა წერილი და ასევე, წმიდა მოციქულთა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე შეკრებილ მამათა რჯულდებანი! დიდი რჯულისკანონი! წმიდა მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობა, წმინდანთა ცხოვრება, წმიდა მამათა თხზულებანი! არავის უთქვამს "სასწაულით განიკითხებიან ცოდვილნი"-ო, არამედ "წმიდანი განიკითხავენ ცოდვილთ, თავად კი არ განიკითხებიან" (შეად. 1 კორინთ. 6:1-9).
სასწაული რომ მადლმოსილების კრიტერიუმი იყოს, მაშინ ზეფირში (ეგვიპტე) და ფატიმში (პორტუგალია) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი და უსაკვირველესი გამოცხადებანი კოპტურ-მონოფიზიტური და პაპისტური ეკლესიების მადლმოსილებით უნდა აგვეხსნა. მაგრამ, რომელი ღვთისმოსავი გაბედავს ღვთის ძისა და სულიწმიდის შეურაცხმყოფელთა მადლმოსილების აღიარებას? ნუმც იყოფინ!
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა" (2 კორ. 11:14). ბიზანტიელი ბერი გიორგი კედრენე (XII) თავის ისტორიულ თხზულებაში ბრძანებს: "უფალი დაუშვებს, რომ ზოგჯერ დემონთ შეწევნითაც აღესრულონ სასწაულნი, რათა ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა გამოცადოს მტკიცეა თუ არა იგი და შეურყევლად ვიმყოფებით თუ არა უფალში; მტრისკენ ხომ არ მიიდრიკა ჩვენი რწმენა სატანის მსახურთაგან აღძრულ მოჩვენებითი სასწაულებით.
უფრო მეტიც, თვით უფლის სახელითაც კი წინასწარმეტყველებდნენ მრავალნი, მაგალითად, ბალაამი, საული და კაიაფა; იყვნენ უღირსნი, რომლებიც განდევნიდნენ ეშმაკებს (რადგანაც დემონები გარბოდნენ იესუს სახელის გაგონებაზე). ასე, რომ ზოგჯერ უღირსთა გზითაც კი მოქმედებს მადლი ღვთისა სხვათა საკეთილდღეოდ! თუმც ბალაამი გაუცხოებული იყო როგორც წმიდა ცხოვრებისგან, ასევე რწმენისგან, მაგრამ მასში სხვათა დასამოძღვრავად მოქმედებდა მადლი ღმრთისა.
ამგვარი იყო ფარაონიც, მაგრამ მასაც და უკეთურ ნაბუქოდონოსორსაც გაუხსნა მადლმა მომავალი. ზოგჯერ, უკეთურ კაცთა საცთუნებლად, ქრისტეს სახელით, მრავალნი უღვთონიც მოიმოქმედებდნენ სასწაულთ რაღაც მანქანებით. ამის მაგალითებად გამოდგებიან სიმონ მოგვი, მენანდრე და მათ შემდეგ გამოჩენილი ურიცხვნი ამდაგვარნი, ამიტომაც სამართლიანადაა დადგენილი: სასწაულებით კი არ უნდა ვცდუნდებოდეთ, არამედ გამოვეძიოთ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებენ თუ არა საკვირველთმოქმედნი". "ნაყოფთა სამე მათთაგან ცნათ ისინი" - ბრძანებს მაცხოვარი (იხ. გიორგი კედრენე. Деяния церковных и гражданских... Часть 1, История Нового Завета. Столетие первое. Москва 1820 г., стр. 39 об. и 40).
სასწაულები ზოგ ადგილებში წარმართთა მოსაქცევად აღსრულდებოდა, როგორც საღმრთო სიწმიდეზე მინიშნება, მაგრამ აქედან სწორი დასკვნების გამოტანა გვმართებს და არა ამა თუ იმ ცრუ მოსაზრების ბრმა მიმდევრობა. აგარიანელთა შემოსევის დროს აღმოსავლეთის ტაძრებიდან დასავლეთში გადაიტანეს მრავალი წმინდანის უხრწნელი ნაწილები, მაგალითად, წმიდა მოციქულისა და მახარებლის მარკოზის უხრწნელი ნაწილები გადატანილია ვენეციას, წმიდა იოანე ოქროპირისა კი რომს, მაგრამ უფალმა ეს იმიტომ კი არ ინება, თითქოსდა დასავლეთის (პაპისტური) ეკლესია ღვთისმოსაობით ყოფილიყოს გამორჩეული, ან აღმოსავლეთი გადავარდნილიყოს მწვალებლობაში (პირიქით, სწორედ ამ დროისთვის დაამკვიდრა დასავლეთის ეკლესიამ თავის წიაღში მრავალი მწვალებლური მოძღვრება), არამედ იმიტომ, რომ როგორც ადრე, წარმართთა და კერპთაყვანისმცემელთა მოსაქცევად წარაგზავნა უფალმა მოციქულნი, ამჟამადაც წმინდანთა უხრწნელი ნაწილები დაასახლა დასავლეთში, რათა გონიერ-ჰყოს შეცდომილნი, რამეთუ "სასწაული არა მორწმუნეთათვის არს, არამედ ურწმუნოთა".
ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ ყოვლადმოწყალე უფალი, რომლსაც არ ნებავს ცოდვილთა წარწყმედა, გარეგნული ნიშნებით შეგვაგონებს, რათა ჩვენი ცოდვილი ცხოვრება გავასწოროთ და ერთი სარწმუნოება შევინარჩუნოთ; ღვთის ნება აღვასრულოთ და საკუთარი ნებელობისა და შეხედულებებისამებრ არ ვიაროთ.
მხოლოდ ეშმაკის საცდურით მოხიბლულნი ცდილობენ სხვადასხვა სახის "სასწაულებით" თავიანთი ავტორიტეტის "გამაგრებას", მაგრამ ამხელს მათ ქრისტე, რომელიც ბრძანებს: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძიებს სასწაულსა" (მათე 12:39).
ასე, რომ, საყვარელნო, "არა ყოველმან რომელმან მრქუას მე უფალო, უფალო! შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7:21) - ბრძანებს მაცხოვარი.
საყურადღებოა ჩვენთან მოპაექრე "სვინაქსარის" ავტორისა და მისი პოპულარიზატორების სხვა "არგუმენტიც". საყურადღებოა ის იმით, რომ წარმოადგენს "სტაროვერთა" წინააღმდეგ უზნეო და უსამართლო ბრძოლის უბადლო ნიმუშს. თანაც ეს ნიმუში მომდინარეობს ოფიციალური ეკლესიის "წმინდანისგან", დიმიტრი როსტოველისგან, რომელიც დიდი ავტორიტეტითა და პოპულარობით სარგებლობს ოფიციალურ "მართლმადიდებელთ" შორის.
"სვინაქსარში" ვკითხულობთ: "როდესაც მცირეწლოვანი მეფეების, ოანე და პეტრე ალექსის ძეების დროს, სასახლეში, რწმენაზე კამათის შემდეგ განხეთქილებაში მყოფნი იქიდან გამოვიდნენ და შეძახილებით - ვძლიეთ, ვძლიეთო! - შემაღლებულ ადგილას მოგროვდნენ: მაშინ, - ამბობს წმ. დიმიტრი როსტოველი, - თვით უფალმა ღმერთმა, მათ მიერ თავისი ეკლესიის გმობის ვერ მომთმენმა, მათი ერეტიკული ბრძნობა მოულოდნელი წამებით ამხილა: ერეტიკოსთა თავკაცი, ნიკიტა ცრუწმინდანი ავმა სულმა შეიპყრო და მიწაზე დაანარცხა, გაშეშებული და ცოფმორეული. მაშინ ყველამ შეიცნო მასზედ მოწეული უფლის მრისხანება, და შეიგნეს, რომ ნიკიტა აშკარა ერეტიკოსია, წმ. ეკლესიის მგმობელი და მტერია უფლისა. რა შეიძლება, ამის შემდეგ საბოლოოდ ითქვას? მოციქულ პავლეს სიტყვებს მოგახსენებთ, ძმებო: "რათა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩვილ, ღელვა-აღტეხილ და მიმოტაცებულ მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცთათა და ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა" (ეფეს. 4:14) (იქვე. გვ. 186).
ამ "არგუმენტზე" დეტალურად უნდა შევჩერდეთ. იმთავითვე უნდა ვთქვათ, რომ ცნობა, რომელიც მოჰყავს დიმიტრი როსტოველს არც ერთ ისტორიულ ნაშრომში არ დასტურდება და მთლიანად არის თვით დ. როსტოველის მონაჩმახი. ამ ისტორიას სულ სხვაგვარად გადმოსცემენ ობიექტური მკვლევარები და ისტორიკოსები.
"რასკოლნიკები", - ვკითხულობთ ნ. კოსტომაროვის ერთ-ერთ ნაშრომში, - თავიანთი ანალოღებითა, წიგნებითა და ხატებით გარეთ გამოვიდნენ და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ გაჰყვიროდნენ: "ვძლიეთ! ვძლიეთო!". თან ასწიეს პირჯვრის საწერი ორი თითი და დაიძახეს - "აი როგორ უნდა გწამდეთო!" უკან ხალხის მასა მიჰყვებოდა. სქიზმის მოძღვრები ამაღლებულ ადგილას შეჩერდნენ და ქადაგება დაიწყეს, იქიდან კი ჩიგასის მაცხოვრის ეკლესიას მიაშურეს, ზარ-ზეიმით აღასრულეს სამადლობელი პარაკლისი და დაიშალნენ.
ამ დროს, იმპერატრიცა სოფიამ მოიწვია ამორჩეული მსროლელები, მოეფერა მათ და გასცა განკარგულება თაფლუჭით დაეთროთ ისინი, თანაც იმ ზომით, რომ ათ კაცს თითო "უშატი" (დიდი "ყურებიანი" ვარცლი - არქიეპ. პ.) რგებოდა. "ჩვენ და მთელს ჩვენს რუსულ სახელმწიფოს რაღაც ექვს ბერზე ნუ გაგვცვლითო" - სთხოვდა მათ სოფია. "ჩვენ, თქვენო აღმატებულებავ, - უპასუხეს მსროლელებმა, - არ ვიცავთ ძველ სარწმუნოებას. ეს პატრიარქისა და სამღვდლო კრების საქმეა".
მეფის ასულ სოფიას ბრძანებით, მისმა ერთგულმა მსროლელებმა შეიპყრეს ნიკიტა ცრუწმინდანი და მასთან ერთად კიდევ ხუთი რასკოლნიკი და მიჰგვარეს ისინი სასამართლოს. ნიკიტას პირდაპირ მოედანზე მოჰკვეთეს თავი, მისი მეგობრები კი გადაასახლეს" (Костомаров Н. История России в жизнеописаниях ее главнейших деятелей. Глава 13. Царевна Софья.) ასეა, გადმოცემული ეს ამბავი თითმის ყველა ისტორიულ წყაროში.