ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
"ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება" (ლუკა 18:10-14)..


განმარტება

"ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად", - ასე იწყებს უფალი იგავს. მათ ლოცვაში ქრისტე ააშკარავებს თითოეული მათგანის შინაგან, სულიერ მდგომარეობას. "ლოცვა _ სულის სარკეა, - ბრძანებენ ეკლესიის წმიდა მამები, - ჩაიხედე ამ სარკეში, იხილე, როგორ ლოცულობ და უცთომელად გაიგებ როგორია შენი სულიერი მდგომარეობა". ლოცვაში განსაკუთრებით სრულად წარმოჩინდება ჩვენი ნათელი და ბნელი მხარეები, სულიერი კვდომა თუ სულიერი აღმავლობა. 

იგავში ფარისეველი წარმოგვიდგება აბსოლუტური თვითკმაყოფილების გამოხატულებად. ფარისეველი, - სჯულისა და მისი ყოველი განწესების ზედმიწევნით აღმასრულებელი, - შემოდის ტაძარში და ღმერთს ასე მადლობს: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ". შესაძლოა ფარისეველი თავისი დროის ინტელიგენტური, განათლებული და განსწავლული ადამიანი იყო, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, მტკიცედ იცავდა მოსეს სჯულის ყველა მითითებას, ყველა რელიგიურ ტრადიციას და თავისი რელიგიის საჭიროებისთვის "მეათედსაც კი იხდიდა იქიდან, რასაც იხვეჭდა". როგორც თავისებურად რელიგიური ადამიანი, ის არ ჩადიოდა ბოროტებას და, ყოფითი გაგებით, სულიად შესაძლებელია კარგი ადამიანიც ყოფილიყო, რომელსაც მრავალი პატივიცემით ეპყრობოდა. მაგრამ, ფარისევლის სულიერ მდგომარეობაში დომინირებს თვითკმაყოფილება. მასში იმდენად დიდია მედიდურობა, რომ სრულიად ავიწყდება ამპარტავანი და მედიდური კაცის ყველა "სათნოება" თავის ფასსა და აზრს რომ კარგავს ღმრთის მსჯავრის წინაშე. 

აი, მეზვერე კი - პირიქით. მეზვერეები (მებაჟეები) ხარკის ამკრეფნი იყვნენ. ეს პროფესია ძველად ყველას სძულდა. თანაც ჩანს, რომ მეზვერე არაფერს ასრულებდა სჯულის განწესებათაგან, თუმცა, გრძნობდა თავის უბადრუკობას და მკერდში მჯიღის ცემით ევედრებოდა უფალს: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!" თავმდაბალმა და მორიდებულმა მეზვერემ მთელი თავისი სულიერი ძალების კონცენტრაცია საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ არასრულყოფილებაზე მოახდინა. მას კარგად ესმოდა მარტოდენ საქმეებით გამართლების მთელი ამაოება.

ამრიგად, მეზვერისა და ფარისეველის იგავში წარმოგვიდგება ორი სულიერი მდგომარეობა, - ერთის მხრივ, ლოცვა, რომელიც იწყება უფლის მადლობით, მაგრამ მთავრდება მოყვასის განკითხვით: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე..." და მეორე, ლოცვა, რომელიც აღსავსეა საკუთარი უღირსების შეგნებით. 

ანუ, მეზვერე თითქოსდა ღმერთს მიმართავს, ღმერთს მოუწოდებს, სინამდვილეში კი თვითგანდიდებას, წმ. იოანე კიბისაღმწერელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "საკუთარი ღვაწლის ურცხვ ქადაგებას" ეწევა.  

დავაკვირდეთ ფარისევლის ლოცვას: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე..." მას თითქოსდა სწამს, და უყვარს უფალი, თითქოსდა ეძებს მის შემწეობას, სინამდვილეში კი ურცხვად მედიდურობს და მოყვასს ამცირებს, რითაც ამჟღავნებს ღმრთის უარყოფის უდიდეს ცოდვას - ამპარტავნებას.

რაში სჭირდება მას ღმერთი, თუკი მას ყოველივე აღუსრულებია და მხოლოდ თავის საქებად და სხვათაAგანსაქიქებლად მისულა ტაძარში? ღირ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს, რომ "ამპარტავნების ვნებას მედიდურობა კვებავს". ფარისეველი ჯერაც ლოცულობს, მაგრამ ცოტაც და შეწყვეტს ლოცვას, რადგან ლოცვა ეს არის ღმრთისკენ სწრაფვა მისგან შემწეობის მისაღებად. "მინახავს ადამიანები, - ბრძანებს ღირ. იოანე კიბისაღმწერელი, - ღმერთს პირით რომ მადლობას ეუბნებოდნენ და გონებაში ამაყობდნენ. ამის მოწმეა ფარისეველიც, რომელიც ამბობდა: "ღმერთო, გმადლობ შენ" (ლუკა 18:11).

თვითკმაყოფილი ფარისეველი სერიოზულად ფიქრობს, რომ მან მიაღწია სრულყოფილებას და უკვე ყველაფერი იცის. ის, ვინც ასე ფიქრობს, ვერასდროს ვერაფერს ისწავლის. მეტიც, ცოდვისა და უმეცრების ბნელშიც შთავარდება. ასე შეემთხვა ფარისეველსაც, რომლის ყველაზე დიდი დაცემა დაიწყო მოყვასის განკითხვით. თვითკმაყოფილი ადამიანები ხომ ყოველთვის ჩაკეტილები არიან, გამოეყოფიან "უღირს" საზოგადოებას. მაშინ უცილობლივ ამოიშრიტება მათში სიყვარული და მათ ნაცვლად ადგილს დაიკავებს სხვათა განკითხვა, ზიზღი და სიძულვილი. მათ აბრმავებს თვითკმაყოფილება და მედიდურობა და აიძულებს იამაყონ მცირედით, ხდებიან მინიმალისტები, რომლებიც ენით აუწერელ კმაყოფილებას განიცდიან გარეგანი მცირედი წარმატებით და ფიქრობენ თავიანთი კეთილი საქმეების რაოდენობაზე და არა ხარისხზე. აჰა, განა ფარისეველი არ ამბობს: "ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ".

რაში სჭირდება ღმერთს ასეთი ანგარიში? მას ჩვენი გულები სჭირდება. კეთილ საქმეთა რაოდენობაზე ფიქრს უცილობლივ მივყევართ ფორმალიზმამდე, ფარისევლობამდე, ბუკვალისტობამდე. ეს ყოველივე ახასიათებდა ფარისეველთა სექტას, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა ქრისტეს და მის მოწაფეებს. ამიტომაც ბრძანებს ქრისტე: "უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 5:20).

უფლის ამ სიტყვებში ძალზედ მნიშვნელოვანია ფრაზა: "უკუეთუ არა აღემატოს". ამით უფალი უთითებს ფარისეველთა შეზღუდულობაზე და სულიერი ცხოვრებისადმი მათ მიდგომაზე. არადა არის სხვა მიდგომაც. ერთხელ ამბა ანტონიმ უთხრა ამბა პიმენს: "ადამიანის ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რათა საკუთარი ცოდვები აღუაროს უფალს". ეს არის იმ ადამიანის მიდგომა, რომელსაც სჭირდება უფალი, რათა შეევედროს მას ცოდვათაგან განწმენდა და შეწევნა. ამიტომაც ლოცულობს მეზვერე "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", - აი, მას ღმერთი ნამდვილად სჭირდება, ის ითხოვს, მას ესმის, რომ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია სასიკეთო. შესაძლოა მასაც ჰქონოდა კეთილი საქმეები, მაგრამ ის დუმს მათ გამო და მხოლოდ ცოდვათა მიტევებას ითხოვს.

"სიამაყე სათნოებათა აღმხოცველი არისო", - ბრძანებს ღირ. იოანე კიბისაღმწერელი. ძველ წიგნებში ხშირად შეხვდებით მეზვერისა და ფარისევლის გამოსახულებებს, სადაც ცათა სასუფევლისკენ მიმავალი ფარისეველი ეტლზე მჯდომარე მიჰქრის, მეზვერე კი ფეხით ვალს. მიჰქრის ფარისეველი ეტლზე მოკალათებული და იმედოვნებს რომ მისი ეტლი აღჭურვილია მიზნის მისაღწევი ყოველი საშუალებით, მაგრამ ბოლო მომენტში ის იმტვრევა და ძველ სურათებში ვხედავთ, როგორ გადაასწრებს მას ფეხით მიმავალი მეზვერე. 

ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისთვის საჭიროა შინაგანი და გარეგანი რელიგიურობის გამოვლინებებში დავიცვათ თანაფარდობა. აუცილებელია დავიცვათ სჯული - უფლის მცნებები და საეკლესიო წეს-განგებები. მაგრამ ეს ცოტაა. ჩვენ თუ მარტო ამას დავჯერდებით, დავემსგავსებით იმ ადამიანს, რომელიც ღირ. იოანე კიბისაღმწერელის მიხედვით "ცალი ხელით ცდილობს ზღვის გადმოცურვას". საჭიროა მეზვერის თავმდაბლობა. უნდა შევიძულოთ ფარისევლის მედიდურობა და მეზვერის ცოდვით დაცემა. 

მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე ცათა სასუფეველშია. ღირ. ეფრემ ასურელი, სინანულის მოძღვარი, ბრწყინვალე ლოცვის "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო"-ს ავტორი, გვამცნებს ამ ლოცვაში დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და არ განვიკითხოთ მოყვასი. ლოცვაც და კეთილი საქმეებიც ამაოა, თუ ისინი წუთისოფლისთვის, ჩვენი განდიდებისთვის აღესრულება და არა ღმრთისთვის. ამაოა ყოველი მაჩვენებლობით გაკეთებული საქმე.

სიამაყე და მედიდურობა, ეკლესიის მამათა ერთსულოვანი განმარტებით, არის "საკუთარ თავზე დანდობა", "ღმრთის უარყოფა", "მისი შემწეობის უკუგდება". რადგან, თუკი მე რაიმეს მაჩვენებლობით ვაკეთებ, ვაკეთებ ამას არა იმიტომ, რომ პატივი მივაგო უფალს, დავუბრუნო მას გამრავლებული ტალანტი, არამედ იმისთვის, რათა ადამიანებმა მაქონ. ამით მე მხოლოდ და მხოლოდ დავამკვიდრებ საკუთარ "მე"-ს, რადგან, ამ შემთხვევაში, ადამიანები მე დამჭირდებოდა პოპულარობის მოსახვეჭად. წმიდა მამათა განმარტებით ეს ერთგვარი კერპია. ამ შემთხვევაში მე ღმერთს კი არ ვმსახურობ, არამედ საკუთარ თავს. 

ტაძარში მლოცველი ფარისეველი უკვე უარყოფს უფალს, ის ამბობს: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ". მაშასადამე, მე კარგი ვარ. "შენ მე შემქმენი, მე კი გმადლობ; შენი დახმარება იმ მეზვერეს უფრო სჭირდება, ვიდრე მე; ჯერ კიდევ თაყვანსგცემ, მაგრამ უკვე აღარ მჭირდები". ასეთია იმ ადამიანის მიმართება ღმერთთან, რომელიც საკუთარი ცხოვრების მთავარ საფუძვლად დადებს პირად "მეს", საკუთარ სათნოებას.

ფარისველი ასრულებს სჯულს, მძიმეს, რადგან ადვილი როდია სჯულის ყველა განწესების მიყოლა, მაგრამ მაინც ამაოა ეს ყოველივე, რადგან მას მორჩილება და თავმდაბლობა არა აქვს.

ერთ წმიდა მამას შეხვდა ეშმაკი და უთხრა: "მე ყოველმხრივ მსგავსი ვარ შენი, ერთის გარდა: შენ არ გძინავს? - არც მე! შენ მარხულობ? - მე საერთოდ არაფერს ვჭამ! მხოლოდ ერთი რამე გაქვს შენ, რითაც მჯაბნი, - ეს არის მორჩილება". ქრისტეს ერთგული მიმდევრები საქმეებით კი არ იცნობიან, არამედ მორჩილებით. მე შემიძლია ვინმე დავაპურო ღმრთის სახელით, და არაფერი მივაწერო საკუთარ თავს - ეს იქნება ჭეშმარიტი ქრისტეანული ღვაწლი. მაგრამ, თუ იგივეს ვიქმ რაიმე სხვა მიზნითა და მოსაზრებით, როგორიც უნდა იყოს, ეს უკვე აღარ იქნება ქრისტეანული...

მეზვერისა და ფარისევლის იგავი არის ქრისტეს მოწოდება დავფიქრდეთ და აღმოვფხვრათ ფარისევლობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში ბუდობს და ამაში ეკლესია გაგვიწევს შემწეობას. დიდი მარხვისთვის მოსამზადებელ ამ კვირა დღეს ეკლესია გვასწავლის: "წადი და ისწავლე ფარისევლისგანაც და მეზვერისგანაც. პირველისგან ისწავლე საქმენი, მაგრამ უკუაგდე მედიდურობა და ამპარტავნება, რადგან საქმე თავისთავად არაფერს ნიშნავს და არ აცხოვნებს, და გახსოვდეს, რომ მეზვერეც ჯერ კიდევ როდი ცხონდა, არამედ უფრო გამართლდა უფლის წინაშე, ვიდრე გარეგნული საქმეებით შემკული ფარისეველი". ხოლო მეზვერისგან ისწავლე საკუთარი ცოდვების დანახვა, შეგრძნება და თავმდაბლობა.

მტკიცედ გახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: "ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლუკა 18:14).