ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
ნეტ. თეოდორიტე კვირელი

წმინდა წერილის ძნელად გასაგებ ადგილთა განმარტებანი

წინასიტყვაობა

ცნობისმოყვარე კაცთაგან მრავალი გვთხოვდა იმ საკითხების გადაწყვეტას, რომელიც გადმოცემულია საღმრთო წერილში: ზოგს სურდა გაეგო ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა, აგვეხსნა ზოგიერთი გამონათქვამის მიზეზი ან დანიშნულება, ერთი სიტყვით, სიცხადე შეგვეტანა იმ საკითხებში, რომელიც მრავალს ბუნდოვნად ეჩვენება; განსაკუთრებით შენ მთხოვდი ამის გაკეთებას, საყვარელო შვილო იპათი, და მარწმუნებდი, რომ მრავალთათვის სასარგებლო იქნებოდა ასეთი შრომა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ვუჩივი ჯანმრთელობას, ღმრთის შეწევნით მაინც შევუდექი ამ საკითხის გადაწყვეტას, რამეთუ სწორედ მას უნდა ვთხოვოთ გახსნა იმ აზრისა, რომელიც წმიდა წერილის ასოშია ჩადებული. ამიტომაც, ვთხოვეთ რა უფალს ჩვენი გონების განათლება, შევეცადეთ სულიწმიდის საიდუმლოთა წვდომას. თუმცა, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ერთი და იმავე განზრახვით როდი გვეკითხება: ზოგს უკეთური მიზანი ამოძრავებს და წმინდა წერილის ცთომილებებში მხილებაზე ოცნებობს, რაც თითქოსდა მის ურთიერთგამომრიცხავ სწავლებებში გამოიხატება; სხვებს ცოდნის სიყვარული ამოძრავებთ და სურთ იდუმალებით მოცულ ადგილთა შინაარსის წვდომა. ამიტომაც, ღმრთის შეწევნით, პირველთ უნდა დავუყოთ პირი და ვაჩვენოთ წმინდა წერილის სწავლების უპირატესობა ყოველივე სხვა სწავლებასთან შედარებით და, რომ მასში არ არის არავითარი წინააღმდეგობა, ხოლო უკანასკნელთ, შეძლებისდაგვარად გავცეთ პასუხი წერილის გაუგებარ ადგილთა გასარკვევად. დავიწყოთ კი შესაქმით, რადგან ის არის დასაბამი და შესავალი ღმრთივშთაგონებული წერილისა.


შესაქმის (დაბადების) წიგნის განმარტება

კითხვა 1: რატომ არ წაუმძღვარა წინ შესაქმის აღმწერელმა სამყაროს შექმნას ღვთისმეტყველება?

წმიდა წერილი ყველას მისი ძალისაებრ სთავაზობს სწავლას: სრულყოფილთ სრულყოფილად გადმოსცემს, არასრულყოფილთ კი ასწავლის მოსწავლის გონიერების ტოლფარდ ანა-ბანას. რადგან ეგვიპტელები ხილულ ქმნილებებს აღმერთებდნენ და ისრაელიტელნიც, რომლებიც მათთან ერთად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ და თანაეზიარნენ ეგვიპტელთა ამ უღვთოებას, შესაქმის აღმწერელმა მათ ჯერ ქმნილებათა შესახებ სწავლება შესთავაზა და განუცხადა, რომ ყოველივე ღმერთმა შექმნა. თუმცა არც ღვთისმეტყველების გადმოცემა დავიწყნია ვინაიდან, როდესაც თქვა, ცა, მიწა და ყოველივე ღმერთმა შექმნაო მით, იმ დროისთვის, საკმარისად იღვთისმეტყველა. მწერალმა ქმნილებათა დასაბამის მიზეზი გააცხადა, ხოლო ღმერთი დაუსაბამოდ აღიარა, უწოდა რა მას სახიერი და შემოქმედი ყოველი ქმნილებისა რითაც, სამყაროს შექმნის გადმოცემას, ღვთისმეტყველება ბუნებრივად შეუხამა. ხოლო ღმერთი რომ დაუსაბამოა შესაქმის აღმწერელის მოწაფეებმა ადრიდანვე უწყოდნენ. რამეთუ ღვთაებრივ მოსეს, როდესაც ის ღმერთმა ეგვიპტეში წარაგზავნა, დაავალა ეთქვა თანატომელთათვის: "ასე უპასუხე ისრაელიანებს, რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან" (გამოსვლ. 3:14). ხოლო სიტყვით "რომელიც ვარ" უფლის მარადიულობა გამოიხატება. ცოდნის მოყვარეებმა კი უწყიან, რომ ასე ჯერ კიდევ დაბადების წიგნში ითქვა, რადგან ეს სწავლება მოსემ გადასცა ჯერ კიდევ ეგვიპტეში მცხოვრებთ, წიგნი კი უკვე უდაბნოში დაიწერა.

კითხვა 2: რატომ არ ახსენა მოსემ ანგელოზთა შექმნა?

ისრაელიტელნი, რომელთაც სჯული ეძლეოდათ, სარწმუნოებაში ჯერ კიდევ მერყევნი და განუმტკიცებელნი იყვნენ. ძალიან მალე, ღმრთის მრავალ და ენით გამოუთქმელ სასწაულთა ხილვის შემდეგ დაიდგეს მათ ხბოს კერპი და თაყვანი სცეს მას. მაშ, თუკი ასე ადვილად აღმერთებდნენ პირუტყვთ, რაღას იზამდნენ უხორცო ძალთა შესახებ სწავლება რომ მისცემოდათ? ამიტომაც, აბრაამამდე, რომელმაც ძველთაგან პირველმა მიაღწია სრულყოფილებას, ღმერთი ანგელოზის მეშვეობით არავის დალაპარაკნია. ღვთაებრივმა მოსემაც ანგელოზი პირველად აგარის ისტორიის გადმოცემისას ახსენა, რასაც საკმაო საფუძველი ჰქონდა, ვინაიდან აგარი, ღვთაებრივი მოციქულის თქმით, ძველი აღთქმის წინასახეს წარმოადგენდა. "რამეთუ აგარ სინა მთაი არს არაბიას, ხოლო თანა-შეეტყუების ამას იერუსალემსა" (გალატ. 4:25). ამდენად, რაკიღა სჯული მოცემულ იქნა ანგელოზთა მეშვეობით, როგორც ითქვა, "ბრძანებული ანგელოზთაგან ხელითა შუამდგომელისაითა" (გალატ. 3:19), და კიდევ: "რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაი, იქმნა მტკიცე" (ებრ. 2:2), - სრულიად ჯეროვანი იყო ღმრთისთვის ანგელოზის მეშვეობით შეეხსენებინა აგარისთვის მონობის შესახებ და მის შვილზე ეწინასწარმეტყველა, რომელსაც შობდა. ხოლო ის, რომ ანგელოზებს, მთავარანგელოზებსა და სხვა უხორცო არსებებს, ყველას, ყოვლდაწმიდა სამების გარდა, ქმნილი ბუნება რომ აქვთ, ღვთაებრივი წერილი ცხადად ასწავლის. რამეთუ, მათაც უბრძანებს წინასწარმეტყველი დავითი ღმრთის დიდებას: "აქებდით მას ყოველნი ანგგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი" (ფსალმ. 148:2); და ამატებს მიზეზსაც ამგვარი ქებისა: "რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს" (ფსალმ. 148:5), და კიდევ სხვა ადგილას ბრძანებს: "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი - ალად ცეცხლისა" (ფსალმ. 103:4). სამმა ყრმამაც, ასე იგალობა ცეცხლის სახმილავში: "აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა" (დანიელ. 3:57), და იქვე დაუმატეს: "აკურთხევდით ანგელოზნი უფლისანი უფალსა, აკურთხევდით ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა" (დანიელ. 3:58,61). თუმცა ზედმეტად მიჩნს ამაზე სიტყვის გაგრძელება, რადგან მთელი ღმრთივსულიერი წერილი აღსავსეა ამ სწავლებით.

კითხვა 3: ცისა და მიწის შექმნამდე არსებობდნენ ანგელოზები თუ მათთან ერთან მოიყვანა ისინი ღმერთმა ყოფიერებად?

მსგავსი შეკითხვები ზედმეტად მიმაჩნია. ვინაიდან რა სარგებლობას მოუტანს ვინმეს თუკი შეიტყობს დროს ანგელოზთა შექმნისა? ვიცი, რომ ღვთაებრივმა მოციქულმაც დაუბარა საკვირველ ტიმოთეს ემცნო ზოგიერთისთვის, რომ არ ესწავლებინათ სხვა რამე და არ გადაყოლოდნენ არაკებსა და გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს (იხ. 1 ტიმ. 1:3,4). თუმცაღა ვიტყვი, რას მივიჩნევ საღმრთო წერილის მიზნის შესატყვისად. ჩვენ გვასწავლეს, რომ მხოლოდ ერთი ღმრთის ბუნებაა უსაზღვრო, რადგან უქმნელია, დაუსაბამოა და მარადიულია; სხვა არსებებმა კი, თავიანთი დასაბამი მიიღეს ღმრთისგან და მათი ყოფიერებაც განსაზღვრულია. ამიტომაც, მართალია, ანგელოზთა ბუნებაც უხორცოდ იწოდება, მაგრამ ისიც შემოწერილია. ან როგორც წარმოვიდგინოთ გონებით, დანიელის ნათქვამი ანგელოზთა რაოდენობის შესახებ, რომ ისინი არიან "ათასნი ათასთანი და ბევრნი ბევრთანი" (დანიელ. 7:10) თუკი თითოეული მათგანი არ იქნებოდა შემოსაზღვრული? მაგრამ, ვფიქრობ, არავინ დაიწყებს დავას, რომ ანგელოზების ბუნებაც შემოწერილია, რამეთუ უფალმა ქრისტემ თქვა, რომ თითოეულ ადამიანს მიეცემა თავისი მფარველი ანგელოზი. "ეკრძალენითო, - ამბობს, - ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი", - რომელსაც სწამსო ჩემი, - გეტყვ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა". ღვთაებრივი წერილი ასევე მოწმობს, რომ თითეოულ ერზეც დაწესებულია მფარველი ანგელოზი, რადგან ანგელოზმა, რომელიც ესაუბრებოდა წინასწარმეტყველ დანიელს, ახსენა სპარსეთის თავადი, ელინთა თავადი და მიქაელი, თავადი იუდეველთა. დიდი მოსეც ხომ ბრძანებს თავის საგალობელში, რომ როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს და ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, ერებს საზღვრები დაუდგინა ანგელოზთა რიცხვისამებრ: "დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღრმთისათა" (მეორე სჯული 32:8). ამიტომაც, თუკი ერთ ანგელოზს დავალებული აქვს უხელმძღვანელოს ერთ რომელიმე ხალხს, მეორე ანგელოზს კი სხვა ხალხს და ამასთანავე, თითოეულ ადამიანს მთელი თავისი ცხოვრება თან დაჰყვება თავისი მფარველი ანგელოზი ცხადი ხდება, რომ ანგელოზთა ბუნება შემოსაზღვრულია. ხოლო თუ ეს ასეა (და ეს ნამდვილად ასეა), მაშინ ისინიც გარკვეულ ადგილას იმყოფებიან, რადგან მხოლოდ ერთი ღმერთია შემოუსაზღვრელი, გარეშემოუწერელი და ყველგანმყოფი. აქედან, თუ ანგელოზები შემოსაზღვრულნი არიან ადგილით, მაშინ ცხადია ვერ იქნებოდნენ შექმნილნი უწინარეს ცისა და მიწისა. რადგან თუკი არ იქნებოდა მათი სამკვიდრო ადგილი, ანგელოზნი სადღა იქნებოდნენ, - ჭურჭლის გაჩენამდე შიგთავსი სადღა იქნება? 

კითხვა 4: კეთილი, მაგრამ ზოგიერთი ირწმუნება, რომ ანგელოზები არსებობდნენ ცისა და მიწის შექმნამდე და ამბობს, რომ ვინღა ადიდებდაო ღმერთს სამყაროს რომ ქმნიდა თუკი არ იყვნენო ანგელოზები? 

ამ ვარაუდის გამომთქმელებმა არ უწყიან, რომ ეს შეხედულება ანგელოზებს ხდის დაუსაბამოსა და მარადიულს. რამეთუ, თუკი ყოველივეს შემოქმედ ღმერთს სჭირდებოდა გალობა და ქება და მგალობლები და დიდებისმეტყველნი მასთან ერთად ყოველთვის არსებობდნენ გამოდის, რომ ანგელოზები ღმრთის თანამარადიულნი ყოფილან; ხოლო თუ არ იყვნენ ყოველთვის, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთმა ისინი შექმნა მაშინ როდესაც მოისურვა და თუკი ასეა, მაშინ ყოფილა დრო, როდესაც ყოვლის შემოქმედ უფალს მგალობლები არ ჰყოლია. შედეგად, უფალ ღმერთს არც არასოდეს ჰქონია იმის საჭიროება ჰყოლოდა მგალობლები, რადგან უფლის ბუნება არაფერში განიცდის ნაკლულევანებას და არაფერს საჭიროებს. ღმერთმა თავისი უსაზღვრო სახიერებით მიანიჭა ყველას არსებობა, - ანგელოზებსაც, მთავარანგელოზებსაც და საერთოდ, ყოველ ქმნილ ბუნებას. თანაც რა სახის მსახურება უნდა ჰქონოდათ ანგელოზებს სამყაროს გაჩენამდე, როდესაც არ იყვნენ ისინი, ვისაც დასჭირდებოდა მათი შემწეობა? ისინი ხომ ღმერთს ადამიანებზე ზრუნვით ემსახურებიან, რასაც თვით ღვთაებრივი მოციქული მოწმობს, რომელიც ბრძანებს: "ანუ არა ყოველნივე არიანა მოხარკე სულებ, მსახურად მოვლინებულ მათთვის, რომელთაი-იგი დამკვიდრებად არს ცხოვრებაი?" (ებრ. 1:14). ამიტომაც ცხადყოფილია, მათი შემწეობა ღმერთს კი არა ჩვენ რომ გვჭირდება. ხოლო უფალს არაფერში არავისი შემწეობა არ სჭირდება პირიქით, როგორც უფსკრული სიკეთისა, თვითონ შეეწევა ყოველს, რომელმაც ინება არარსებულნი არსებობად მოეყვანა. ცისა და მიწის შექმნამდე ანგელოზთა არსებობის დასამტკიცებლად კიდევ ერთ, როგორც ფიქრობენ, ძლიერ არგუმენტად მოჰყავთ თვით შემოქმედის სიტყვები, რომელმაც იობს უთხრა: "ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ხმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი" (იობი 38:7). მაგრამ იმას ვერ ხედავენ, ყოველივეს შემოქმედმა ვარსკვლავები მეოთხე დღეს რომ შექმნა მზესთან და მთვარესთან ერთად. სავარაუდოა, რომ ანგელოზები, ცა და მიწა შექმნილ იყვნენ ერთდროულად, რათა ხედვიდნენ რა როგორ იქმნებოდა ნათელი არაფრისგან, როგორ ყალიბდებოდა მყარი და გამოეყოფოდა წყალს და ნოტიო ნივთიერება განცალკევდებოდა მიწისგან; ხოლო მიწა, ღმრთის სიტყვით განმშვენდებოდა მრავალგვარი მცენარეულობით და ყოველივე მოდიოდა ყოფიერებად ნებით ღმრთისა. ყოველივე ამის ხილვით შეიმეცნებდნენ ანგელოზნიც, რომ თვითონაც ღმრთის ქმნილებანი არიან, რადგან ღვთაებრივი მოციქული სამყაროს მიაკუთვნებს ანგელოზთაც, როდესაც ამბობს: "სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა" (1 კორინთ. 4:9). თუმცაღა, ამას ვამბობ არა მტკიცებითად, რამეთუ დიდ გამბედაობად მიმაჩნია დაბეჯითებით იმის მტკიცება, რასაც წმიდა წერილი არ გადმოსცემს მკაფიოდ და ცხადად. მე მხოლოდ ის გამოვთქვი, რაც უფრო კეთილგონივრულად და თანამიმდევრულად მიმაჩნია. თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ყველა არსება, წმიდა სამების გარდა, ქმნილი ბუნებისაა. ხოლო თუ ეს აღიარებულ იქნა, ღვთისმოსაობას არც იმის თქმა დააბრკოლებს, რომ ანგელოზები ღმერთმა ცისა და მიწის გაჩენამდე შექმნა.

კითხვა 5: თუ მიწა ადრეც არსებობდა, როგორღა გაჩნდა? ხომ წერს წმ. მწერალი: ”ქუეყანაჲ იყო” (დაბ. 1:2)?

მეტად უაზრო და არაფრისმთქმელი შეკითხვაა. როდესაც დაიწერა: "დასამაბამდ ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი" (დაბ. 1:1) ის კი არ ითქვა მიწა (ანუ ქვეყანა) ყოველთვის იყოო, არამედ ის, რომ ცის შექმნის შემდეგ, ან მასთან ერთად, ყოფიერება მიეცა ქვეყანასაც. თანაც წმიდა მწერალმა განცალკევებულად კი არ თქვა "ქვეყანაი იყო", არამედ დაამატა, რომ "ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ" (დაბ. 1:2). - ანუ ის გააჩინაო ყოველივეს შემოქმედმა ღმერთმა, თუმცა ჯერ კიდევ "უხილავი" იყო, რადგან წყლით იყო დაფარული; და ასევე, "განუმზადებელიც" იყო, რადგან ჯერ არ განმშვენეულიყო მცენარეულობით, ყვავილოვანი ველებით, კორომებითა და სათიბებით.

კითხვა 6: მოსეს არ უსწავლებია ჩვენთვის, რომ წყლები ღმერთმა შექმნა.

როდესაც მან თქვა "ქუეყანაი იყო უხილავ და განუმზადებელ" (დაბ. 1:2) აჩვენა, რომ ღმერთმა მიწასთან ერთად წყლებიც შექმნა. როდესაც შაბათს აწესებდა უფალმა ღმერთმა ბრძანა: "ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი. ხოლო დღე მეშვიდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მხევალმან შენმან, ხარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის. რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთვის აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი" (გამოსვლა. 20:9,10). აქედან კი ცხადი ხდება, რომ ყოველი არსება, ხილული თუ უხილავი, გრძნობადი თუ გონებითი, ყოველივე, გარდა ღმრთისა, შექმნილია. განა ღვთაებრივი დავითიც არ ამბობს: "ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისა, და სასოება მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა, ზღუაი და ყოველი, რაი არს მას შინა" (ფსალმ. 145: 5,6).

კითხვა 7: რომელი ადგილი იყო სამYაროში ნათლის გარეშე, რადგან ითქვა ბნელი იყო ”ზედა უფსკრულთა” (დაბ. 1:2)?

თუკი რაიმე ამ გრძნობადი სამყაროს შექმნამდე არსებობდა, ცხადია ნათელში იყო, რადგან ანგელოზთა დასები და ზეციური მხედრობანი ბნელში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ნათელში და ხარობდნენ სულიერად და ამას სადაოდ არ ჩათვლის არავინ, ვინც აღთქმულ სიკეთეთ მიეწიფა, როგორც თქმულ არს "ნათელი მრავალთა მარადის" (იგავთა 13:9); და მოციქულმაც თქვა: "ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკვიდრობისა წმიდათაისა ნათელსა შინა" (კოლოს. 1:12). მაშასადამე, თუკი ზეცა, ღმრთის ნებით, ყოველივეზე გადაიჭიმა, ზეციურ კამარას კი თავისი სიმკვრივე გააჩნია იმისთვის, რომ განაცალკევოს ის რაც მის შიგნითაა და რაც მის გარეთაა, მაშინ ბუნებრივი აუცილებლობით, გარე სხივების გადამკვეთმა ამ ზეციურმა კამარამ მათით გარემოცული ბნელი ადგილი წარმოქმნა. ჩრდილი რომ წარმოიქმნას, საჭიროა ერთობლიობა ნათლისა და სხეულისა და იქვე გაჩნდება გაუნათებელი ადგილიც. ამიტომაც ეს მსოფლიო ბნელი წარმოიქმნა კამარის მიზეზით.

კითხვა 8: თუ ნათელი ღმერთმა შექმნა, როგორღა შექმნა მანვე ბნელი. ნათელი და ბნელი ხომ ერთმანეთის საწინააღმდეგოა?

ნათელი და ბნელი ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ ორივე საჭიროა კაცთათვის. ნათელი ადამიანს ეხმარება მუშაობასა და შრომისმოყვარეობაში, აჩვენებს ხილულ საგნებს და აღძრავს მათ მხილველ ადამიანს ღმრთის სადიდებლად. ბნელი კი საჭიროა კაცთა დასვენებისა და განახლებისთვის, ბოლოს უღებს შრომით გამოწვეულ დაღლილობას, შეჰკრებს ადამიანებს თავიანთ სახლებში, გარეულ მხეცებს კი აძლევს თავისუფლებას და გამოჰყავს საშოვარზე. ცხადად გვასწავლის ამას ღვთაებრივი დავითი: "დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი, ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისსა მიმწუხრადმდე" (ფსალმ. 103:20-23). და თქვა რა ეს ყოველივე, უფლის შემოქმედების სიდიადით გაკვირვებული აგრძელებს: "ვითარ განდიდნენ საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქუეყანაი დაბადებულითა შენითა" (ფსალმ. 103:24). ამგვარად, ზუსტად დადგენილია, რომ ბნელიც საჭიროა ჩვენთვის. ხოლო იმის გარკვევა, რომ ის არანაირი არსი არ არის და შემთხვევით გამოწვეული წარმონაქმნია, არც ისე ძნელია, რადგან ეს არის ჩრდილი, რომელიც ცისგან მიწას ეცემა და იმწამსვე ქრება, როგორც კი გამოჩნდება ნათელი. აი, ნათელი კი არსია, თვითმყოფადია; ჩასული, ისევ ამოდის, განშორებული, ისევ ბრუნდება. როგორც ჩვენი სხეულია ერთგვარი არსი, ხოლო მის მიერ წარმოქმნილი ჩრდილი - შემთხვევითობა და არა არსი, როგორც ცა ან მიწა. ეს უდიდესი სხეულები, სხვადასხვა არსის მქონენი არიან, მათ მიერ წარმოქმნილი ჩრდილი, სანამ არ დადგება ნათელი, ბნელად იწოდება. მაგრამ როგორც კი მოვა ნათელი ბნელი განქარდება. ეს სხვაგვარადაც შეიძლება დავამტკიცოთ. სახლი, რომელსაც ფანჯრები არა აქვს, ბნელით არის მოცული, მაგრამ საკმარისია შევიტანოთ ანთებული სანთელი - იმწამსვე განათდება; თანაც ბნელი სადმე სხვაგან კი არ გადადის, რადგან დამოუკიდებელი, თვითმყოფადი არსი არის და არის არაარსი, არანივთიერი, ამიტომაც სრულიად განქარდება ნათელთან შეხების მომენტში, რადგან აჩრდილია,რომელსაც წარმოქმნიან ჭერი, იატაკი და კედლები. ამგვარ მოვლენას ვაკვირდებით ყოველდღე. ნათლის განლევასთან ერთად ცა და მიწა წარმოქმნიან ჩრდილს, ხოლო ნათლის ისევ გამოჩენით ჩრდილი ქრება. ამიტომაც ბნელი რაიმე უქმნელი ან ქმნილი არსი კი არ არის პირიქით, ის არის აუცილებელი მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება ქმნილი არსის მქონე საგნების მიერ, რომლებითაც იდიდება ღმრთის სიბრძნე. წინასწარმეტყველი სწორედ მასში ხედავს ღმრთის სიბრძნის სიდიადეს, რის გამოც ასე ადიდებს კიდეც: "რომელმან ქმნა ნათელი და შეამზადა ბნელი" (ესაია 45:7). საკმაოდ ზუსტად არის გამოყენებული როგორც ერთი, ისევე მეორე გამოთქმა. როდესაც ნათელზე თქვა "ქმნა", (მცხეთურ ხელნაწერში პირიქითაა: "რომელმან შეამზადა ნათელი და ქმნა ბნელი", ხოლო საპატრიარქოს მიერ 1989 წელს გამოცემულ ახალქართულ თარგმანში ეს ადგილი საერთოდ არ არის - მთარგმნ.), ხოლო ბნელზე "შეამზადა", რადგან ბნელი შემთხვევითია, რომელიც წარმოიქმნება და განქარდება. მათი მონაცვლეობით აღირიცხება დროება და გადის ეს წუთისოფელი. 

შეკითხვა 9: რომელი სული იქცეოდა "ზედა წყალთა" (დაბ. 1:2)?

ზოგიერთის აზრით, ყოვლადწმიდა სული, რომელიც "იქცეოდა წყალთA ზედა", იყო წინასახე ნათლისღების მადლისა მაგრამ, ვფიქრობ უფრო სამართლიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ აქ წმიდა მწერალი ჰაერს გულისხმობდა. რადგან, ჯერ თქვა, რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, შემდეგ "უფსკრულად" წყლები მოიხსენია, ამიტომაც აუცილებლობით ახსენა ჰაერიც, რომელიც აღავსებდა სივრცეს წყლის ზედაპირიდან ცამდე, რადგან სწორედ მისი თვისებაა ზედაჰქროდეს სხეულებს, რომლებიც ქვემოთ არიან. კარგად თქვა მწერალმა "იქცეოდა", და არა "ჰფარავდა", რადგან სიტყვით "იქცეოდა" ბუნებრივად გამოიხატება ჰაერის თვისება. ხოლო ვინც არ ეთანხმება ამ აზრს, რადგან დაწერილია: "სული იქცეოდა ზედა წყალთა", მან ისმინოს, რას ბრძანებს ნეტარი დავითი ღმერთზე: "ქროდის სული მისი და დიოდიან წყალნი" (ფსალმ. 147:7(18)). რომც არა ვთქვა, თავისთავად ცხადი უნდა იყოს, რომ ღმრთის სულად დავითმა უწოდა ჰაერს, რადგან როგორც კი დაუბერავს სამხრეთის ცხელი ჰაერი, გაყინული წყალი ჩვეულებისამებრ დნება.

კითხვა: 10. ვის ეუბნება ღმერთი "და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი... იქმენინ სამყარო"  (დაბ. 1:3,6)? 

უფალი ვინმე სხვას კი არ უბრძანებს შექმნას, არამედ არარსებულს მოუწოდებს ყოფიერებად მოსვლას. აქ ბრძანებით ნებელობა გამოიხატება, რადგან ნათქვამია: "ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა" (ფსალმ. 113:11). და თუკი აღმოთქვა ასეთი სიტყვები ცხადია, არა უსულო სტიქიათა გამო, არამედ უხილავ ძალთა გასაგონად, რათA უწყოდნენ, რომ მისი ნებითა და სიტყვით არარსებული იწყებს არსებობას.

კითხვა 11: რისთვის დაამატა მწერალმა: "იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ" (დაბ. 1:8)?

რათა დაარწმუნოს უმადურნი არ აძაგონ ის, რაც ღმრთისავე სიტყვით კეთილად არის წოდებული.

კითხვა 12: ცა ერთია თუ ორი?

რადგან ღვთაებრივი წერილი გვასწავლის, რომ "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი", ხოლო შემდეგ ამბობს, რომ ნათლის შექმნის შემდეგ მეორე დღეს შექმნა მყარი, ეს შეკითხვა მისი დამსმელის უგუნურებას ააშკარავებს. შესაქმის დროისა და საშუალების მიხედვითაც უნდა გულისხმაგვეყო განსხვავება ცათა შორის: ერთი შეიქმნა მანამ, სანამ გაჩნდებოდა ნათელი, მეორე კი - ნათლის შემდეგ; ერთი - არაფრისგან, ხოლო - მეორე წყალთაგან, რადგან ნათქვამია: "იქმენინ სამყარო შორის წყლისა და იყავნ განმყოფელ შორის წყლისა და წყლისა" (დაბ. 1:6). შემდეგ, რაც თქვა, რომ სიტყვა იქცა საქმედ (რადგან ამას ნიშნავს "და იქმნა ეგრეთ"), წმიდა მწერალი გვასწავლის, როგორ იქნა. რადგან ბრძანებს: "და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროისა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროისა. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაი" (დაბ. 1:7,8). პირველ ცას არ ეწოდა "მყარი", ის დასაბამიდანვე "ცად" იყო სახელდებული, რაც მან თვით საგნისგან მიიღო. ვინაიდან შედგებოდა წყლის არსისგან და თხევადი ნივთიერება გახდა შეუღწევადი და გაუმტარი, ამიტომაც იწოდა ის "მყარად" ("სამყაროდ"). შემდეგ, რადგან ის ზემოთაა და ჩვენთვის იკავებს პირველი ცის ადგილს, ცადაც იწოდება. წყლის ბუნება კი ყოვლისშემოქმედმა ღმერთმა განჰყო ორ ნაწილად: ერთი ნაწილი მოათავსა სამყაროს ზემოთ, ხოლო მეორე დატოვა ქვემოთ, რათა წყლებს, რომლებიც ზემოთ არიან, თავისი სინოტივითა და სიცივით ხელი შეეშალათ მნათობთა სიმხურვალისთვის და დაეცვათ მყარი, ხოლო წყლები, რომლებიც დარჩა ქვემოთ, თავისი ანაორთქლი მიეწოდებინა ჰაერისთვის, რომელიც ხურდება ზემოთ მყოფი მნათობების ცეცხლით. ამიტომაც ვინც არ უშვებს მეორე ცის არსებობას, არასწორი გზით მიდის, ხოლო ვინც დასაშვებად მიიჩნევს მრავალი ცის არსებობას, მეზღაპრეობს და უგულებელყოფს ღვთიური სულით ბოძებულ სწავლებას. ღვთაებრივი წერილი კი ცაზე მრავლობითში ლაპარაკობს და "ცანი ცათანი"-ო, ბრძანებს (ფსალმ. 148:4), რადგან ებრაულ ენაზე არც ცა, არც წყალი არ გამოითქმის მხოლობით რიცხვში. მრავალი ამდაგვარი შეიძლება ვიპოვოთ ბერძნულ ენაშიც. ასე, მაგალითად, ქალაქ ათენს არავინ ამბობს მხოლობით რიცხვში, არამედ მრავლობითში; ასევე არავინ ამბობს მხოლობითში დელფოსს, არამედ ამასაც მრავლობითში ხმობენ. ამრიგად, არა იმიტომ, რომ ცა მრავალია, არამედ იმიტომ, რომ ინარჩუნებს ებრაული ენის თავისებურებებს, ღვთაებრივი წერილი ცაზე მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს. ასე, რომ როგორც ეს ცა არის ჩვენი თავშესაფარი, ხოლო მიწა - ფიცარნაგი, ასევე ხილულ ცას თავის თავშესაფრად გააჩნია ცა ზეციერი.

კითხვა 13: იმის შემდეგ რაც მოსემ თქვა წლის ერთი შესაკრებელის შესახებ, რატომ მიუთითა მრავალ შესაკრებელზე? რადგან ამბობს: "და თქუა ღმერთმა შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა, და გამოჩნდინ ჴმელი. და იქმნა ეგრეთ. და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა. და გამოჩნდა ჴმელი" (დაბ. 1:9).

წყლის შესაკრებელი ერთია, რადგან ზღვები ერთმანეთთან შეერთბულნი არიან მიწისქვეშა დინებებითა და მიწისზედა არხებით. ხოლო მრავალი შესაკრებელი ახსენა იმ მიზეზით, რომ სხვაა ინდოეთის ზღვა, და სხვა - პონტოსი, სხვაა ტირონისა და სხვა - პროპონტიდასი, სხვაა - ჰელეოსპონტი და სხვა - ეგეოსისა და იონიის. მათ გარდა კიდევ არსებობს უზარმაზარი ზღვა, რომელსაც ატლანტიკის ზღვას, სხვები კი ოკეანეს უწოდებენ. ამიტომაც, რადგან ზღვები ერთმანეთთან არიან შეერთებულნი, თქვა რომ ღმერთმა "შეკერბინ წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელსა ერთსა", ხოლო როდესაც ცალ-ცალკე აღებულად იგულისხმა, მაშინ ბრძანა: "და შეკრბა წყალი ქუეშე კერძო ცისა შესაკრებელთა მათთა".

კითხვა 14. რატომ აღმოაცენა ღმერთმა საჭმელად უვარგისი მცენარეები?

რადგან ბევრია პირუტყვი, რომლებსაც ვუწოდებთ ცხოველებს, ნადირებს, ქვეწარმავლებს, ფრინველთ, ღმერთმა მათაც თავისი საკვები განუმზადა, თვით პირუტყვნი კი კაცთა სასარგებლოდ შექმნა. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ისინი ჩვენთვის იკვებებიან, რადგან წერილ არს: "რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყუთა, და მწუანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქუეყანით" (ფსალმ. 103:4). ამიტომაც, ის, რაც უსარგებლოა ერთისთვის, სასარგებლოა მეორისთვის და რაც უვარგისია საჭმელად კაცთათვის, ვარგისია და საჭიროა პირუტყვთათვის. მეტიც, უფალმა, რომელმაც წინასწარ უწყოდა, რომ ადამიანებს ცოდვით დაცემის შედეგად მოწყლავდნენ სნეულებანი, უბრძანა მიწას აღმოეცენებინა არა მარტო საჭმელად ვარგისი არამედ ისეთი მცენარეებიც, რომლებითაც მკურნალობა იქნებოდა შესაძლებელი. მკურნალობაში გაწაფული ადამიანები დაგვიდასტურებენ, რომ მავნე და მწარე ბალახები სნეულებათ განსაკურნად არიან სასარგებლონი. სხვა ბალახებთან მათი შერევით ისინი ამზადებენ წამლებს და იცავენ ჯანმრთელობას.

კითხვა 15. მნათობთა შექმნის შემდეგ რად შეიქნა პირველდაწყებითი ნათელი?

უფალი ღმერთი ქმნის არარსებულისგან, ხოლო არსებულს აწესრიგებს; პირველი ცა მან შექმნა არა არსისგან, ხოლო მეორე - წყალთაგან; პირველად მან არსებობად მოიყვანა მიწა და ამის შემდეგ უბრძანა მცენარეებს აღმოცენება. ამიტომაც, ჯერ მან შექმნა ნათელი და როგორც მყარით  განყო წყლის ბუნება და ნაწილი მყარის ზემოთ მოათავსა, ხოლო ნაწილი მყარის ქვემოთ დატოვა; ასევე, თავისი უზენაესი ნებით განჰყო პირველქმნილი ნათელიც და მისგან დიდი და მცირე მნათობნი მოაწესრიგა.

კითხვა 16. რას ნიშნავს ნათქვამი: "და თქუა ღმერთმან იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად" (დაბ. 1:14).

მზე, თავისი აღმოსვლითა და ჩასვლით წარმოქმნის დღეებს, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მოძრაობით, წლიურ ციკლს შემოწერს. ამ დროს ის აკეთებს გადახრებს, რასაც წმიდა წერილმა "ჟამნები" უწოდა. როდესაც მზე ბუნიობისგან ჩრდილოეთით გადაიხრება წარმოქმება გაზაფზული; შემდეგ, იქიდან უკან ბრუნდება თავდაპირველ ზღვრამდე და წარმოქმნის ზაფზულის პერიოდს; ბუნიობიდან სამხრეთისკენ გადახრისას შემოდის შემოდგომა, სამხრეთიდან შემობრუნების შემდეგ კი დგება ზამთარი. მთვარის მოძრაობის მიხედვით კი შევიტყობთ თვეთა რიცხვს, რადგან მთვარე თავის მოძრაობას ასრულებს ოცდაათი დღე ექვსი საათის გამოკლებით; ამიტომაც, დღეთა ასეთ რიცხვს თვე ეწოდება. რაც შეეხება გამოთქმას "სასწაულებად" უნდა გავიგოთ არა ისე, როგორც ეს უგუნურ ადამიანებს ესმით. რამეთუ, არც პითაგორა, არც სოკრატე, არც პლატონი, არც სტოიკოსები არ ღებულობდნენ ცრურწმენებს და არ მისდევდნენ ვარსკვლავთმრიცხველობას. მაშ, თუკი მეზღაპრეობაში აღზრდილები უგულებელყოფდნენ ამ უკეთურ სწავლებას, ღმრთის სიტყვისადმი რომელი მორწმუნე შეიწყნარებს ამ უკიდურეს უგუნურებას? ამრიგად, წმიდა წერილი "სასწაულებად" და ნიშებად ხმობს იმას, რითაც იცნობა თუ როდის არის საჭირო თესვა, რგვა, მოსავლის აღება, ხის მოჭრა სახლებისა და გემების ასაშენებლად. აქედანვე შეიტყობენ მეზღვაურნი როდის არის უმჯობესი ნაპირთან მისვლა და როდის აფრების აშვება, რადგან გამოცდილებამ ასწავლა მათ ზეციურ მნათობთა დაკვირვებით ამინდის ამოცნობა. არცთუ იშვიათად ჩვენც, როდესაც დავინახავთ კუდიან კომეტას, მოველით ან მტრის, ან კალიების შემოსევას, ჟამიანობას, პირუტყვთ დაცემასა და ადამიანთა შორის სნეულებათა გავრცელებას. სწორედ ამას უწოდა წმიდა მწერალმა "სასწაულნი" და არა მკითხაობასა და ყოველგვარი უგუნურებითა და უკეთურებით აღსავსე ვარსკვლავთმრიცხველობას.

კითხვა 17. რისთვის შექმნა ღმერთმა მცენარეები მნათობთა უადრეს, და მხოლოდ ამის შემდეგ გააჩინა პირუტყვნი?

მნათობთა უადრეს რომ შექმნილიყვნენ პირუტყვნი, მათი მხედველობა ვერ გადაიტანდა ჭარბ ნათელს მაშინ, როდესაც ნათელი, რომელიც დიდ და მცირე მნათობებად დანაწილდა, პირუტყვთა მხედველობისთვის ადვილი ასატანია. მცენარეთა ბუნებისთვის კი ასეთი შეგრძნებები უცხოა.

კითხვა 18. რატომ არ აკურთხა ღმერთმა მცენარეები, პირუტყვებზე კი თქვა: "და აკურთხნა იგინი ღმერთმან მეტყუელმან: აღორძნდით და განმრავლდით" (დაბ. 1:22)?

ღმერთმა, ისურვა მყის აღვსილიყო მთელი დედამიწა მინდორ-ველებითა და ყოველგვარი მცენარეულობით, პირუტყვნი კი წყვილ-წყვილად გააჩინა, თანაც უმიზეზოდ როდი მისცა მათ კურთხევა, რადგან ამით მიანიჭა უნარი ნაყოფიერებისა, რათა აღევსოთ "წყალნი ზღჳსანი" და ფრინველნი განმრავლებულიყვნენ "ქუეყანასა ზედა" (დაბ. 1:22), სხვებს კი აღევსოთ დედამიწა (ხმელეთი).

კითხვა 19: რისთვის შექმნა ღმერთმა ცხოველები და ქვეწარმავლები?

ყრმათათვის სასარგებლოა დაშინებაც, წკეპლაც და ჯოხიც, რადგან ერთით ვიმორჩილებთ მათ, დანარჩენით კი ვსჯით; ერთსაც მივმართავთ და მეორესაც, რითაც ყოველგვარ სათნოებებში ვწვრვთნით; და რაკიღა უფალმა ღმერთმა წინდაწინ უწყოდა ჩვენი გადახრა უდებებისკენ, განგვიმზადა მხეცნი, როგორც ერთგვარი მათრახი, რათა გვეშინოდეს მათი, მიგვიზიდოს შეშინებულნი და მიგვიყვანოს იმ მდომარეობამდე, რომ შემწედ და თანამდგომელად მოვუწოდებდეთ მას მარადის. 

მაგრამ, როგორც სრულყოფილებას მიწევნულთ არ ეშინიათ საფრთხობელებისა და წკეპლის, ასევე სათნოებებში დამკვიდრებულნიც როდი უფრთხიან პირუტყვთ, რადგან ცოდვით დაცემამდე ისინი მიეახლებოდნენ ადამს, როგორც ბატონს და მისდამი საკუთარ მონობას აღიარებდნენ. ლომი და ვეფხვი, და ყველაზე საშინელი ქვეწარმავლებიც კი, ცხვრებივით მიჰყვებონენ ნოეს, როდესაც ის შედიოდა კიდობანში. ხოლო დანიელთან ერთად ორმოში შთაგდებულნი და დამშეულნი ლომნი ვერც კი ჰბედავდნენ მისთან მიკარებას, რადგან ღმრთის ხატებასა და მსგავსებას ხედავდნენ მასში. 

ასევე იქედნეც, როდესაც მან ხელში კბილები ჩაასო მოციქულს, მაგრამ ცოდვა ვერ ჰპოვა მასში, - როგორც წმინდანის შემხებმა, რომელსაც თავს არ უნდა დასხმოდა, - თითქოსდა საკუთარ თავს სჯისო, იმწამსვე განსხლტა მისგან და თვით ჩახტა აგიზგიზებულ ცეცხლში. ჩვენ კი უგუნურ პირუტყვებს ვუფრთხით, რადგანაც ვართ უწმინდურნი და ღვთიურ სათნოებებს განშორებულნი. ამიტომაც, ღმერთმა, რომელიც ზარმაცებზეც ზრუნავს, საშიში მხეცენი დაასახლა უდაბნო და უკაცრიელ ადგილებში და საკვების მოპოვება დაუწესა ღამით, რათა, როგორც ითქვა: "მას შინა ვიდოდიან ყოველნი მჴეცნი მაღნარისანი" (ფსალმ. 103:20).

ხოლო ქვეწარმავლებს ღმერთმა მიუბოძა მიწის ნაპრალები, იქ რომ დამალულიყვნენ და არ ევნოთ კაცთა მოდგმისთვის, და როგორც ყველაზე ნაკლებად მავნენი და უვნებელნი, საძულველნი არ ყოფილიყვნენ ჩვენთვის. თუმცა, ისეც ხდება, რომ ღმერთი, რომელიც თავისი მიუწვდომელი სიბრძნით განაგებს ჩვენს ცხოვრებას, ზოგჯერ დაუშვებს მრავალ ათას ქვეწარმავალთაგან ორმა ან სამმა დაკბინოს კაცი, რათა მსგავსი უბედურებით დაშინებულნი შემწედ ვუხმობდეთ უფალს, ჩვენს შემოქმედს, და ვევედრებოდეთ მას მფარველობას თავისი ყოვლადძლიერი და ყოვლისშემძლე განგებით.

გარდა ამისა, სხვა მხრივაც უსარგებლონი როდი არიან ჩვენთვის მხეცნი და ქვეწარმავალნი, რადგან მკურნალნი მათგან მრავალ სამკუნალო წამლებს ამზადებენ. ამიტომაც, ნუვინ დაძრახავს უფალს მათი შექმნისთვის, არამედ მხედველობაში მიიღოს, რომ თავისთავად ამა თუ იმ თვისებათა მქონე პირუტყვნი უაღრესად სასარგებლონი არიან კაცთათვის.
ადამიანის სხეულშიც ბევრი სილამაზე, სიმწყობრე, ასოთა ურთიერთშეხამება და თანხმობაა, მაგრამ განა არ არის სინოტივე, ნერწყვი, ლორწო და მყრალი სხეულებრივი გამონაყოფი? არადა, საღ აზრზე მყოფთაგან არავინ აკნინებს ამისთვის ცოცხალ არსებებს, რადგან შეუძლებელი იქნებოდა ცხოვრება მათ გარეშე; ამ სინოტივით იზრდება ის ძლიერი; სჭირდება ლორწოც, სისხლიც და ნაღველიც; თუმცა ერთის მხრივ მათ უჭირავთ კაცის ჯანმრთელობა, მათითვე იშლება იგი, რადგან ზემოთდასახელებულთაგან რომელიმეს ან სიჭარბე ან ნაკლულევანება აზიანებს ცოცხალ ორგანიზმს. 

როგორც სრულიად უსარგებლოა სხეულისთვის მოჭრილი თითი, მაგრამ მრთელსა და სხეულთან ერთობაში მყოფს დიდი სარგებლობა მოაქვს, ქმნილების ყოველი ნაწილიც უნდა განვიხილოთ არა ცალკე, როგორიც არის ის თავისთავად, არამედ მთელს სამყაროსთან და ბუნებასთან მიმართებაში. ცეცხლიც წვავს და ანადგურებს ჩვენს სხეულს, იავარქმნის სახლებს, ხომალდებს და ნიადაგს, მაგრამ ამავდროულად, ის არის ოთხი სტიქიათაგან ერთი-ერთი, რომლითაც ყოველივე განმშვენდება და თვით მოკვდავ ბუნებასაც კი არ ძალუძს არსებობა მის გარეშე. წყალიც ხომ ნთქავს მიწას, ანგრევს სახლებს, ღუპავს მეზღვაურთ და წყლის უზომოდ მსმელთაც ფრიად ავნებს, მაგრამ არავინ, თუ სრულიად უგუნური არ არის, არ იტყვის წყალზე, რომ ის არის საზიანო და დამღუპველი, რადგან რწყავს მიწას, კვებავს მცენარეთ, არწყულებს კაცთა მოდგმასა და უგუნურ პირუტყვთ. ზუსტად ასე უნდა ვიმსჯელოთ ყოველი ქმნილებისთვის და მარტო ის კი არ აღვნიშნოთ, რამდენად სასარგებლოა თუ საზიანო იგი თავისთავად, არამედ ვიფიქროთ რა როლს თამაშობს იგი სამყაროს სიმწყობრეში. 

პირუტყვნი უფრთხიან ადამიანს დასაბამიდანვე ღმრთისგან მისთვის ბოძებული უფლების გამო, თუმცა ზოგჯერ სძულთ იგი, როგორც უფლის მცნების დამრღვევი და გარდამხდომი; მზაკვარ მონებსაც სჩვევიათ ზიზღითა და აგდებით მოეპყრან მათ, ვისაც თავიანთმა ბატონებმა უბრძანეს მათი მმართველობა, თუკი ხედავენ, რომ საკუთარი საქციელით თვითონვე მოაკლეს თავს თავისუფლება და ბოძებული პატივი.

კითხვა 20: ვის უთხრა ღმერთმა: "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ. 1:26)?

"ზოგიერთი ღმრთისმგმობი ერეტიკოსი ამტკიცებდა, თითქოსდა ღმერთმა ეს უთხრა ანგელოზებსა და ბოროტ დემონებს; ეს ჭკუანაღრძობი ადამიანები ვერ გულისხმაყოფდნენ სიტყვებს: "ჩვენს ხატად", რადგან ღმრთისა და ანგელოზის ბუნება და ხატება ერთი და იგივე როდია. ღმრთის ბუნება მარადიულია, ანგელოზები კი ქმნილნი არიან და მათი შემოქმედი თვით ღმერთია, მისგან მიიღო მათმა ყოფიერებამ დასაბამი, დემონად კი, ზოგიერთი მათგანი, საკუთარი, ნების-მიერი გარდახდომით მიიქცა. ამიტომაც უკიდურესი უგუნურების ნიშანია ივარაუდო, თითქოსდა ერთი და იგივე იყოს ხატი ბოროტი დემონებისა და სიკეთის უკიდეგანო ზღვისა. 

იუდეველები სხვა უგუნურებაში შთაცვივდნენ: მათ დაიწყეს იმის მტკიცება, თითქოსდა ყოვლის შემოქმედმა ღმერთმა სიტყვები "ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" წარმოთქვა იმათი მიბაძვით, ვისაც უზენაესი ძალაუფლება მიენდობა. რადგან ქალაქის მმართველთა და მხედართმთავრებსაც აქვთ ჩვევად მრავლობით რიცხვში ლაპარაკი და ამბობენ ხოლმე: ჩვენ ვბრძანებთ, ვწერთ, დავადგენთ და მისთანანი. მაგრამ ვერ გულისხმაყვეს ამ ჭკუამოკლეებმა, რომ ყოველთა ღმერთი მრავალ ადგილას საკუთარ თავზე მხოლობით რიცხვშიც ლაპარაკობს. მაგალითად: "ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა" (დაბ. 6:13); და"აღვჴოცო კაცი, რომელი შევქმენ პირისაგან ქუეყანისა" (დაბ. 6:7); კვლავაც: "არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა" (გამ. 20:3); ან კიდევ: "აჰა, მე ვჰყოფ ახალთა" (ეს. 43:19); და ისევ: "აღვახუნე მთათა ზედა მდინარენი და საშუალ ველთასა წყარონი, შევქმნა უდაბნო მწყურნებად და ქუეყანა წყურიელი წყლისსადინელთა შორის" (ეს. 41:18). 

და საერთოდ, საღვთო წერილში ნათლად ჩანს, რომ ყოველთა ღმერთი მხოლობით რიცხვში ლაპარაკობს, იშვიათად კი მრავლობითშიც, რითაც სამების იპოსტასებზე მიანიშნებს. ასე მაგალითად, ენათა აღრევის დროს მას მხოლობითში არ უთქვამს: "აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს" (დაბ. 11:7) (სხვათა შორის, ასეა გადმოცემული ეს ადგილი ახალქართულ თარგმანში - მთარგმნ.), არამედ თქვა: "მოვედით, გარდავიდეთ დაშეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა" (ასეა ძველქართულში - მთარგმნ..). 

ამიტომ, აქაც, რადგან ცოცხალი, გონიერი არსება შექმნა, რომელიც მრავალი თაობის შემდეგ უნდა განეახლებინა წმიდა ნათლისღებით, რომელიც წმიდა სამების სახელის მოწოდებით აღესრულება და, რაკიღა შექმნა ენება ისეთი ბუნებისა, რომელიც ამ საიდუმლოს მიღების შემძლებელი იქნებოდა, დაფარულად გამოხატა მან იპოსტასთა რაოდენობა და მათი არსებითი ერთობა. რადგან, როდესაც ბრძანა: "თქვა ღმერთმან" ღმრთის ბუნების ერთობაზე მიგვანიშნა, ხოლო სიტყვით"ვქმნეთ" იპოსტასთა რაოდენობა. შემდეგ, სიტყვა "ხატებისაებრ" კვლავ მხოლობითში გამოიყენა (რადგან არ უთქვამს "ხატებებისაებრ") რითაც იპოსტასთა ბუნების ერთარსობა გვასწავლა; ხოლო სიტყვით "ჩვენისა", კვლავ იპოსტასთა რიცხვი მიანიშნა. 

ამრიგად, ყოვლისშემოქმედმა ღმერთმა, რომელიც ჯერ არ აღსრულებულს ისე ხედავს, ვითარც მომხდარს, ჭვრეტდა რა თავისი მხოლოდშობილი ძის ყოვლადუბიწო ქალწულისგან მომავალ განკაცებას, რომელიც შეირწყამდა კაცის ბუნებას ისე, რომ ერთ იპოსტასში შეაერთებდა ღმერთსაც და კაცსაც, მთელი ქმნილება კი მომავალში თაყვანს სცემდა, - სრულიად სამართლიანად, პატივი მიაგო შობის საფუძველსაც. ამიტომაც, ადამიანის შექმნას წინ უძღოდა იპოსტასთა ბჭობა, რათა ჯერ შესაქმნელი არსების გონიერი ბუნება აღენიშნა, შემდეგ კი მისი შემოქმედის იპოსტასთა რიცხვიც მიენიშნა, რათა ყოველი, ვინც შემდგომ დედამიწაზე უფლის მიმართ სადიდებელ ლოცვას აღავლენდა, ღვთისმეტყველების დაფარულ აზრს ჩასწვდომოდა და საკუთარი ქმნილებისადმი ღმრთის განსაკუთრებული სიყვარული დაენახა, ღმერთისა, რომელმაც ადამიანი საკუთარი ხელებით გამოსახა.

ამის შესახებ ღაღადებს მართალი იობიც, როდესაც უფალს ეუბნება: "ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე" (იობი 10:8). იგივე სიტყვები გამოთქვა დავით წინასწარმეტყველმაც (ფსალმ. 118:73) და ეს წმიდა ნათლისღების მიმღებისთვისაც ნათელია, კერძოდ კი ის, რომ გვაცხოვნა შემოქმედმა და მაცხოვარმა შეგვქმნა. მეტიც, თვით შემოქმედი იერემიასა და იესაიას პირით ლააპარაკობს, რომ ჩვენ ვართ "თიხა", ხოლო ის არის "მეთუნე" (ძვ. ქართ. "მეკეცე" - მთარგმნ.). 

თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმას როდი ვამტკიცებთ, თითქოსდა ღმერთს ხელები ჰქონდეს და მას ბჭობა და წინასწარ მოფიქრება სჭირდებოდეს რაიმეს შესაქმნელად ან ჩაფიქრებული იდეის განსახორციელებლად, როგორც მეზღაპრეობდა პლატონი. პირიქით, ეს ალეგორიულად უნდა გავიგოთ, რაც ცოცხალ ქმნილებებზე ღმრთის განსაკუთრებულ მზრუნველობას ნიშნავს" (Блаж. Феодорит Кирский. Изъяснение трудных мест божественного писания. вопрос 20).