ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).

ეკლესიის ქრონიკა
4.09.11.
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის, თბილისის ეპარქიის საგანგებო კრება (2011 წლის 4 სექტემბერი). 2011 წლის 4 სექტემბერს თბილისში, წმ. დიდმოწამე ირინეს სახელობის სალოცავში შედგა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის თბილისის ეპარქიის საგანგებო კრება. კრებას თავმჯდომარეობდა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე. საწყისი ლოცვებისა და პარაკლისის გადახდის შემდეგ კრება მუშაობას შეუდგა. კრებაზე განხილულ იქნა ეკლესიის თანაზიარობიდან მოკვეთილი ქალბატონის, მარინა იაშვილის პროვოკაციული წერილი, რომელიც მან ა/წ-ის აგვისტოს თვეში მიწერა ფოთის ეპისკოპოს ბასილის (მაშინინი) და, რომელშიც მ. იაშვილი ჩირქს სცხებს ეკლესიის სიწმინდესა და მის იერარქებს. საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა არქიეპისკოპოსი პავლე, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა მ. იაშვილის ეპისკოპოს ბასილისადმი მიწერილი წერილი. გამოჰყო ის მკრეხელური გამონათქვამები, რომლითაც ის ჭკუას ასწავლის ფოთის ეპისკოპოსს, ცდილობს მიიყვანოს არასწორ დასკვნებამდე და მიაღებინოს ეკლესიისთვის დამღუპველი გადაწყვეტილება - გაილაშქროს არქიეპისკოპოს პავლეს "უკანონობათა" წინააღმდეგ.... მ. იაშვილის წერილის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და ცილისწამებების დეტალური განხილვის შემდეგ, არქიეპისკოპოსმა პავლემ წაიკითხა დასკვნა... (უფრო დაწვრილებით).

24-31.10.09.
რომში დაფუძნდა ძველმართლმადიდებელური სამრევლო. ძველმართლმადიდებლობის ეროვნული შემადგენლობა და გეოგრაფია სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ქართველების შემდეგ ძველმართლმადიდებლობას ყურადღება მიაქციეს იტალიაში მცხოვრებმა ქრისტეანებმაც. 24-31 ოქტომბერს რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი იმყოფებოდა იტალიაში, კერძოდ ქ. რომში, სადაც 29 ოქტომბერს, შედგა სამრევლო კრება, რომელზეც არჩეულ იქნა სამღვდლო ხარისხში ხელდასასხმელი კანდიდატი (ეროვნებით იტალიელი), რომელიც დამწყემსავს და სულიერად დააპურებს მართლმადიდებელ ქრისტეანებს როგორც რომში, ასევე იტალიის სხვა ქალაქებში. განიხილებოდა სხვა საჭირბოროტო საკითხებიც, კერძოდ, რომის ძველმართლმადიდებელთა თემის ოფიციალური რეგისტრაციისა და ტაძრის აშენების საკითხი. გარდა ამისა, რომში ყოფნის დროს, პატრიარქმა ალექსანდრემ თაყვანი სცა ამ ქალაქში დაცულ ძველქრისტეანულ სიწმიდეებს. რომში მოგზაურობისას პატრიარქს თან ახლდნენ ციმბირის ეპისკოპოსი სერგი და დეკანოზი ანდრია მარჩენკო (იხ. ფოტომასალა). 

14.10.09.
საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსის აღსაყრდება არქიეპისკოპოსის ხარისხში. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრობის მოწვევით, 2009 წლის 14 ოქტომბერს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაულზე, ქ. ფოთის საკათედრო ტაძარში, რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა ალექსანდრემ აღასრულა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პირველიერარქის, თბილისისა და სრულიად საქართველოს ეპისკოპოსის, პავლეს, არქიეპისკოპოსის ხარისხში აღსაყდრების წეს-განგება. ქიროტონიის საიდუმლოს აღსრულებისას პატრიარქთან ერთად მსახურებდნენ ყოვლადუსამღვდელოესნი მეუფენი: ფოთის ეპისკოპოსი ბასილი (მაშინინი) და ციმბირის ეპისკოპოსი სერგი (პოპკოვი). ლიტურგიაში ასევე მსახურობდნენ თბილისისა და ფოთის ტაძართა კლერიკოსები (იხ. ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა).

10.05.09.
2009 წლის 17 მაისს 30 წლიანი განხეთქილების შემდეგ აღსდგა ევქარისტული ერთობა საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ და პატრიარქმა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიარეს, რაც აისახა შვიდპუნქტიან დოკუმენტში (რუსულ ენაზე დოკუმენტი იხილეთ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე: http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm). ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა ის საეკლესიო მსახურება და საიდუმლო, რომლებიც აღსრულებულია საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიების წიაღში მთელი ამ 30 წლიანი განხეთქილების პერიოდში, აღიარებულ იქნა ქმედითად (§ 2). რუსეთის ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობასთან ერთად ცნო მისი კანონიკური ტერიტორია (საქართველო).  საქართველოს კანონიკურ ტერიტორიაზე (გრიგოლეთის სამრევლოს გამოკლებით), რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს და ეპისკოპოსებს უფლება არა აქვთ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრის შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაატარონ რაიმე ღვთისმსახურება.