ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
მართლმადიდებლური ეკლესიის კრებითი მოწყობის პრინციპი, ეს არის ღმერთში მისი ცხოვრების ფუნდამენტური საფუძველი. მაგრამ, ეს პრინციპი, სამწუხაროდ, ხშირად უკავშირდება სრულიად არასწორ გაგებას: სხვადასხვა დონისა და მასშტაბის კრებათა აუცილებელ მოწვევას. დღესაც პოპულარულია და საკმაოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ თვით კრება - ეს არის უნიკალური მოვლენა და მასზე, უცილობლივ სულიწმიდის ზეგავლენით, წყდება რთული და ჩიხში შესული საკითხები; იძლევა პრობლემები, კითხვები, დავები და ბარიერები. ანუ, თვით კრება განიხილება როგორც ერთგვარი საკრალური ფორმა და გამოვლინება ეკლესიისა კონკტრეტულ ისტორიულ მომენტში, რომლის დროსაც სულიწმიდა მოივლინება და de jure მოქმედებს ჭეშმარიტების გასაცხადებლად. ამიტომაც, ასეთი კრება, განსაკუთრებით კი სრულიად მართლმადიდებლური მასშტაბისა, განსაკუთრებულად წმიდად არის გამოცხადებული.

სინამდვილეში, ამგვარი შეხედულება კრებაზე მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიისთვის სრულიად უცხოა. თავის დროზე, თვალსაჩინო რუსი ღვთისმეტყველი დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი, განმარტავდა რა ეკლესიის კრებითობის ფენომენს, არაერთხელ უთითებდა, რომ კრების მოწვევა კი არ განსაზღვრავს ეკლესიის კრებითობას და ჭეშმარიტებას, არამედ პირიქით, ჭეშმარიტება, როგორც კრებითობის ძირითადი შინაარსი, განაპირობებს კრებათა მოწვევას. 

კრებითობა და ჭეშმარიტება შეიძლება გამოვლინდნენ კრების დროს და შეიძლება არ გამოვლინდნენ. ამას ადასტურებს ძველი ეკლესიის მთელი ისტორია; უამრავი ფაქტი და მოვლენა ძველი ეკლესიის ცხოვრებიდან. მსოფლიო კრებათა ისტორიულ პერიოდში ცნობილია მრავალი შემთხვევა ცრუკრებათა მოწვევისა, რომლებსაც "ყაჩაღთა კრებებიც" კი შეარქვეს (მაგ.: ეფესოს 449 წ. კრება). მიუხედავად იმისა, რომ ეს კრებებიც საკუთარ თავს "მსოფლიოს" უწოდებდნენ, როგორც ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგონი, ეკლესიის მიერ უარყოფილ იქნენ (იხ. მიმოხილვითი სტატია: См. обзорную статью Εἶναι ὄλες οἱ ἐκκλησιαστικές Σύνοδοι ἐγκυρες; http://www.impantokratoros.gr/skn/rss.png).

რაც შეეხება "სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმიდა კრების" მოწვევის იდეას, ის ეკუთვნის კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ მამოძრავებელ ორგანოდ მიიჩნევს საკუთარ თავს. ამ კრების მოწვევის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის უნდა შედგეს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა შედგეს...

"მართლმადიდებლობა იცოცხლებს, - აცხადებს ბართლომეოსი, - ის მოიწვევს სხდომას, რომელიც მოამზადებს სრულიად მართლმადიდებლურ კრებას და ამ მოსამზადებელ პერიოდს უკვე ვამთავრებთ. სავარაუდოდ, 2011 წლისთვის, ჟენევის საპატრიარქო ცენტრში ბოლოსწინა მოსამზადებელ თათბირს ჩავატარებთ და ეს უდიდესი მოვლენაც აღსრულდება. მოხდება ის, რაც 787 წლიდან არ ყოფილა. VIII საუკუნიდან მოყოლებული ვალდებულნი ვიყავით მოგვეწვია ასეთი სიდიდისა და გაქანების მსოფლიო კრება. ღმრთის მადლით ყოველივე კარგად წარიმართება, განსაკუთრებით მართლმადიდებლობისთვის და ასევე, სხვა ქრისტეანულ ეკლესიებთან და აღმსარებლობებთან ჩვენი დამოკიდებულების მხრივაც" (http://thriskeftika.blogspot.com/2010/09/blog-post_1124.html Σχεδιάζεται ἡ σύγκλησις «Μεγάλης Συνόδου»,Τοῦ Ἰωάννη Τάτση, Θεολόγου), - აი, მსოფლიო პატრიარქის ერთ ერთი გამოთქმა, რომელიც მან კუნძულ იმბროსზე მყოფ მომლოცველთა წინაშე გააჟღერა და რომელიც მხოლოდ ადასტურებს ჩვენს ნათქვამს. 

მრავალ თვალსაჩინო ისტორიკოსს, მეცნიერ-ღვთისმეტყველსა და კანონიკური სამართლის სპეციალისტს არაერთხელ განუცხადებია, რომ მსოფლიო კრებებს გააჩნიათ უნიკალური ხასიათი (В. В. Болотов, А. П. Лебедев, епископ Никодим (Милош), И. И. Соколов и др.). მათ იწვევდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ აღმოცენებული და გავრცელებული მწვალებლობების დასამხობად. ამასთან, კრებებს იწვევდნენ რომისა და აღმოსავლეთ-რომის იმპერატორები. ზოგიერთი ავტორიტეტული საეკლესიო ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ მსოფლიო კრებათა დრო, როგორც ეპოქა, დასრულდა (ვ. ვ. ბოლოტოვი, ა. პ. ლებედევი).

მათი დადგენილებები და გადაწყვეტილებები, როგორც უმაღლესი საეკლესიო ხესლიუფლებისა, ატარებენ საყოველთაოდ სავალდებულო ხასიათს და შეუძლებელია ვინმემ შეცვალოს ან გადასინჯოს (Епископ Далматинский Никодим. Православное каноническое право. СПб. 1897, с. 447). არადა, სწორედ ეს არის დაგეგმილი კრებაზე, რომლის მოწვევასაც აპირებენ. არადა, ამგვარ ზოგადსაეკლესიო, მაშასადამე, უცვალებელ საკითხებს განეკკუთვნება: პასქალიისა და კალენდრის გადასინჯვა, სასულიერო დასისთვის ორჯერ ქორწინების ნებართვის მიცემა, ეპისკოპოსის ცოლიანობის დაშვება, მარხვების შემცირება, სხვაგვარადმორწმუნეებთან და მწვალებლებთან ერთობლივი ლოცვის ნებართვის მიცემა და სხვა. 

კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ყველა ეს საკითხი გაშუქებულია საეკლესიო კანონებში. კანონებით მანიპულირების ან მათი გაუქმების განზრახვა, უეჭველად წარმოადგენს არა სულიწმიდისეულ, არამედ სატანური სულის აპარტავნულ ჩანაფიქრს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დღევანდელი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების ეპისკოპატი და წინამძღვრები ფლობენ ისეთ უსაზღვრო საეკლესიო ძალაუფლებას, რომელიც, გადასაწყვეტ საკითხთა სპექტრიდან გამომდინარე, უფლებას აძლევს მათ ცვალონ საღმრთო კანონები.  მართალია, ეს შეხედულება, თანამედროვე საეკლესიო ლიდერების მიერ არ ხმაურდება, როგორც აშკარად მიღებული იდეოლოგია და ის, ოფიციალურად, de jure არ განიხილება როგორც დოგმატური აქსიომა, მაგრამ სინამდვილეში, de facto მიღებულია მათ მიერ. ასეთ შემთხვევაში, ეკლესიაში ერთგვარი, კოლექტიური პაპიზმის იდეოლოგიის დანერგვის მოწმენი ვხდებით. 

მეტიც, განცხადება იმის შესახებ, რომ 787 წლის შემდეგ ეკლესიაში დაგროვდა მრავალი გადაუჭრელი საკითხი (ეს გამოთქმები ისევ და ისევ ეკუთვნის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და ზოგიერთ ინტერვიუში გაჟღერებულია რუსეთის პატრიარქ კირილეს მიერაც) ნიშნავს, რომ მსოფლიო პატრიარქმა ხაზი გადაუსვა 787 წლის შემდეგ მოწვეულ კრებებსა და მათ დადგენილებებს. მაშასადამე, ეკლესიას თურმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხმა არ ამოუღია. ეს სხვა არაფერია თუ არა იმისი უარყოფა, რომ ეკლესია ცოცხლობდა, რომ მისი ცხოვრების საჭირო და კრიტიკულ მომენტებში, ის ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას. 

მართლმადიდებლური საეკლესიო სამართლის სულისკვეთებიდან და აზრიდან გამომდინარე, წმიდა კანონები მკვდარი ასო როდია, როგორც ეს ზოგიერთი მართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრის პირიდან გვესმის, არამედ ცხოველმყოფელი სულიწმიდის ქმედების ნაყოფი. ის ჩვენს კერძო და საზოგადო საეკლესიო ცხოვრებაში მიგვითითებს იმ გზაზე, "ღვთის სულით რომ წარვიმართებით" (შეად. რომ. 8:9-17) და "ცოდვის მონობისგან" (რომ. 6:16) გვათავისუფლებს.

თვით ატმოსფერო, რომელიც მსოფლიო კრებათა ჩატარების დროს სუფევდა მადლმოსილი იყო იმიტომ, რომ მათზე მამები "ეძიებდნენ საღმრთო სიმართლეს", ლოცვით მიმართავდნენ ღმერთს, უფლის წმიდა და ღირს მამებს. ცნობილია ბრწყინვალე მაგალითი ეკლეიის ისტორიიდან, რომელიც ეხება სომხებისა და კოპტებისთვის ესოდენ საძულველ IV მსოფლიო კრებას. ამ კრების სარწმუნოების განსაზღვრებას საფუძვლად დაედო რომის წმ. პაპ ლეონ დიდის ტომოსი, რომელიც სასწაულებრივად შეასწორა თვით მოციქულმა პეტრემ. კრებითი დადგენილების ტექსტი "აპრობირებულ" იქნა წმ. დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის წმიდა ნაწილებზე (მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავის ლიტურგიკულ ცხოვრებაში დღემდე შემოინახა ხსოვნა ამ სასწაულის შესახებ და მას 11 / 24 ივლისს აღნიშნავს).  

უეჭველად, კრებებზე მრავლად ხდებოდა ექსცესებიც. ასე, მაგალითად, ისტორიკოსი ჯემს რობერტსონი თავის მონუმენტალურ ნაშრომში ქრისტეანული ეკლესიის შესახებ, კრებითი აქტებიდან გამომდინარე, IV მსოფლიო კრების პირველი დღის სხდომასთან დაკავშირებით შენიშნავს: "მთელი დღის განმავლობაში, როგორც კი აქტებში გამოჩნდებოდა ადგილები, რომლებიც მტრულ პარტიათა გრძნობებს ეხებოდა, იფეთქებდა ისეთი არეულობა, რომ მხარეები, როგორც ორი ბუნების აღმსარებელნი, ასევე მისი მოწინააღმდეგენი, ერთმანეთს ანათემებს გადასცემდნენ" (История Христианской Церкви от апостольского века до наших дней. Сочин. Джемса С. Робертсона. СПб. 1890, т.1, с. 439).

მიუხედავად ამისა, მსოფლიო კრებათა საქმეების დაკვირვებით შესწავლის შემდეგ აღმოვაჩენთ როგორი ტიტანური შრომა გასწიეს კრებათა მამებმა საბოლოო გადაწყვეტილებამდე რომ მისულიყვნენ. ისინი გამოწვლილვით შეისწავლიდნენ ეკლესიის იმ წმიდა მამათა თხზულებებს, რომლებიც ეკლესიისთვის შეურყეველ ავტორიტეტს წარმოადგენენ. ესენი არიან: წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ამბროსი მედიოლანელი, ნეტ. ავგუსტინე, მოგვიანებით ღირ. მაქსიმე აღმსარებელი და სხვა. მკითხველის მიუკერძოებელ მზერას წარმოუდგება წმიდა კრებათა მამების უდიდესი მოწიწება და ღვთისმოშიშება მათი წინამორბედების წინაშე. ანუ, კრებაზე მიმდინარეობდა წმიდა მამათა თხზულებების ყველაზე დეტალური და მიმოწვლილვითი საღვთისმეტყველო ექსპერტიზა. 

მსოფლიო კრებათა მუშაობის მეთოდთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვან შენიშვნას აკეთებს თვალსაჩინო თანამედროვე ღვთისმეტყველი ნავპაქტიელი მიტროპოლიტი იეროთეოსი: "წმიდა მამათა კრებები არ მიისწრაფვოდნენ ჭეშმარიტება ლოგიკური თუ წარმოსახვითი საშუალებებით გამოეძიათ, არამედ იმისთვის რათა წინ აღდგომოდნენ მწვალებლობებს, ისინი, სიტყვიერ ფორმულირებებში, იმ ღმრთითგამოცხადებული ჭეშმარიტების ჩამოეყალიბებას ცდილობდნენ, რომელიც ყოვლთვის იყო ეკლესიაში და რომელთან დაკავშირებითაც მათ საკუთარი გამოცდილება გააჩნდათ" (Metropolitan Hierotheos of Nafpaktos. The mind of the Church. IX The «Synodikon of Orhodoxy»/http//www.vic.com/~tscon/pelagia/htm/bOniben.htm). აქ გამოცდილებით ღმრთისშემეცნებაზე, ადამიანის მადლისმიერ განღმრთობაზეა ლაპარაკი.

ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება ეპისკოპატსა და კლერიკოსთა შორის მართლმადიდებლური ცნობიერების ინტენსიური ცვლილების პროცესი. სწორედ ეს არის ის "მადლმოსილი ნიადაგი", რომელიც ხელს უწყობს ისეთი ცრუ-კრებების მოწვევას, როგორიც არის უკვე დაგეგმილი სრულიად მართლმადიდებლური მსოფლიო კრება. 

ამ თემაზე დეტალურად არ შევჩერდებით, არამედ მხოლოდ მოვინიშნავთ მას და მოცემულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით დავიმოწმებთ ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, იოანე კორნარაკისის საკმაოდ საფუძვლიან და ვრცელ სტატიას "საღვთისმეტყველო თვითშეგნების კრიზისი", რომლის წაკითხვასა და შესწავლას ვურჩევთ ყველას. ჩვენ კი ამ სტატიიდან ყველაზე მნიშვნელოვან გამონათქვამებს დავიმოწმებთ: "ამრიგად, ახალი ეპოქის ეს ბრძოლა "ძველ ეპოქასთან" საეკლესიო ცხოვრების სფეროში, მიმდინარეობს იმ მისწრაფებისდა კვალად, რომელიც წმიდა მამათა აზროვნებაზე დაფუძნებულ ღვთისმეტყველებაზე უარს აცხადებს იმ მიზნით, რათა გავრცელდეს შეხედულება, რომლის თანახმადაც ეკლესიის წმიდა მამებისეულმა ტრადიციამ საკუთარი თავი ამოწურა და თავისი განვითარება დაასრულა". აქედან გამომდინარე, თანამედროვე ადამიანისთვის ყოფიერების უფრო დიდი და ძნელად გადასაწყვეტი პრობლემების წინაშე მას რაიმე ახლის მოცემა უკვე აღარ ძალუძს" (სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა წმიდა მამათა კვირას მსოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკვანმა მაქსიმემ).

წმიდა მამათა ტრადიციისა და სწავლების დამახინჯების, უარყოფისა და სხვაგვარად განმარტების ეს მცდელობა დღეს მრავალ დოკუმენტსა და  ტექსტშია ასახული. ეს მეთოდი შეთვისებულია არა მარტო აკადემიურ მასწავლებელთა, არამედ სხვა, არააკადემიკოს ღვთისმეტყველთა, ასევე მოაზროვნე მწერალთა მიერაც, რომლებიც ყოველივე ამას თავიანთ ნაშრომებში არა წმიდა მამებისეული სულისკვეთებით გადმოსცემენ. მათ ნაშრომებში უმეტესწილად გამოსჭვივის ორაზროვნება, რომელიც ფარისევლურ რწმენას ემსახურება. ეს არის ცნობილი მეთოდი, რომელიც ამახინჯებს წმიდა მამებისეულ პოზიციას და თვით მსოფლიო კრებათა დადგენილებებსაც კი, თანაც წმიდა მამათა თხზულებების გამოყენებით. ამიტომაც, უბრალო მკითხველს უძნელდება გაარკვიოს სად არის სიცრუე და სად სიმართლე. აქედან გამომდინარე, ადამიანი მიიქცევა შემოთვაზებული იდეის მიღებისკენ, რომლებიც ახდენს მის დეზორიენტაციას, რადგან ფიქრობს, რომ ეს წმიდა მამათა სწავლებიდან გამომდინარეობს" (პროფ. იოანე კორნარაკისი). 

ამასთან დაკავშირებით შევახსენებთ პანაღიების ტარებით თავმომწონე და ანაფორიან-კამილავკიან მართლმადიდებლობის რევიზორებს, რომ წმიდა მამათა ღვთისმეტყველება მარტოდენ მკვდარი, ისტორიული ძეგლი როდია, რომელიც არანაირ პასუხისმგებლობას არ გვაკისრებს. დეკანოზ გიორგი ფლოროვსკის სამართლიანი შენიშვნით ეკლესია "მკვდარი კაპიტალის მუზეუმი ან კვლევითი საზოგადოება კი არ არის". ეკლესიის კაპიტალი, წმ. ირინეოს ლიონელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ცოცხალი depositum juvenescens (სიყმაწვილის მცველები).

სარწმუნოება წარსულის საგანძური როდია, არამედ - "სულის მახვილი". ის აღიარებს, რომ წმიდა წერილის განმარტება აგებულია ღვთისმეტყველებაზე, რომელსაც ყოველი ეპოქის წმინდანები გამოხატავდნენ. "წმიდა წერილი განმარტებას საჭიროებს. ის იხსნება ღვთისმეტყველებაში. ეს კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ადამიანი ხდება ეკლესიის ცოცხალი გამოცდილების მატარებელი" (Σεβ. Μητροπολίτου Ναυπάκτου και Αγίου Βλασίου Ιεροθέου. Παρακαταθήκη, 2010, Σεπτέμβριος-Οκτόβριος,τευχ.74, σελ.2-4).

როდესაც ვაფასებთ უმაღლესი იერარქიის უმრავლესობის ცხოვრების წესსა და საქმიანობას, რომელიც "ეკუმენიზმის გამოცდილებაზეა" დაფუძნებული, და არა "ასკეტიზმის წმიდამამებისეულ გამოცდილებასა და საღვთისმეტყველო აზროვნების კულტურაზე", იმ სამწუხარო დასკვნამდე მივდივართ, რომ ისინი ეკლესიის ცოცხალ გამოცდილებას კი არა, მისი შინაგანი ნგრევის გამოცდილებას წარმოადგენენ". წმიდა მამათა სული თუ ყოველთვის ღმრთის შიშთან იყო დაკავშირებული და შერწყმული, საეკლესიო იერარქიის უმაღლესი დასის ეკუმენისტური ფრთა თავდაჯერებულობისა და ამპარტავნების სულითაა გაჟღენთილი, რომელსაც ღმრთისადმი ყოველგვარი მორიდება და შიში დაუკარგავს.

შიში მათ გააჩნიათ მხოლოდ უმაღლესი სახელისუფლებო ჩინოვნიკების წინაშე, ამა სოფლის თავადთა წინაშე და ეს შიში, რომელიც უკარგავს მათ ჭეშმარიტ გამბედაობას, თანამედროვე აპოსტასიამდე მიჰყავს ისინი; მიჰყავს გლობალიზაციამდე, რომელიც ითრევს მათ მტარვალი ანტიქრისტეს მორევში. ლოცვით-მოსაგრეობითი ცხოვრების დაკნინება და დაკარგვა იწვევს გონების დაბნელებას, უდებებას და მიმდინარე მოვლენების არსში გაურკვევლობას. ამგვარ ადამიანებს ეკარგებათ ნება, სურვილი და უნარი ეწინააღმდეგონ ეშმაკს.

ეკლესიაში არ არის და არც შეიძლება იყოს ფუნდამენტალიზმი და კონსერვატიზმი. ეს ორი ტერმინი, რომელსაც ასე აქტიურად იყენებენ დღეს თანამედროვე პრესაში, რომელიც "ახალი საუკუნის" ("ნიუ ეიჯ") უდიდეს ზეგავლენას განიცდის, აბსოლუტურად შეუფერებელია საეკლესიო ცხოვრებისთვის. ქრისტეს ეკლესია ეს არის წმინდანთა ერთობა ქრისტეში, რომლებიც მიისწრაფვიან ქრისტეანული მშვიდობისა და სიყვარულის განხორციელებისკენ არა მარტო თავიანთ მოყვასთა, არამედ მტრებთან მიმართებაშიც. მათთვის აბსოლუტურად უცხოა სიძულვილისა და შეუწყნარებლობის სული. მაშინ როდესაც, ფუნდამენტალიზმი, რომელიც ყოველთვის შერწყმულია სიძულვილთან (იხ. Даль. Толковый словарь современного русского языка), სრულიად უცხო მოვლენაა ქრისტეანობისთვის, მოყვასისთვის თავგანწირვის მოციქულებრივი სულისკვეთებისთვის.

წმიდა მამათა მიმდევრობა - ეს არის ერთადერთი და სწორი გზა ქრისტეანისთვის. და ეს გზა ყოველთვის შედუღაბებულია ქრისტეს სიყვარულთან, როგორც ზეციურ ნიჭთან, წუთისოფელს რომ განგვაშორებს. ხოლო წუთისოფლისგან განშორება მისდამი სიძულვილი კი არ არის, არამედ უკვეთეს შემთხვევაში მიწიერი, მატერიალური ინტერესების, პრინციპების და ღირებულებების მიუღებლობა, რომელიც ხელს უშლის ადამიანში ღმრთის ხატის შენარჩუნებას და, როგორც წესი, ადამიანის ვნებებითა და ცოდვილი მიდრეკილებებით იკვებება. ანუ, ადამიანური, ჰუმანიტარული ღირებულებები სინამდვილეში ანტიჰუმანურია, რადგან ადამიანში აღვივებენ და ავითარებენ ვნებასა და "სიკვდილის კანონს". წმიდა მამათა კანონები და განწესებანი კი, პირიქით, იცავენ ადამიანს ამგვარი ცოდვილი ცხოვრებისგან და უთითებენ ღმერთში ცხოვრების კანონს, საშუალებას, გზას ჭეშმარიტი ცხოვრებისკენ.

ნუთუ ყველა წმიდა მამა და ყველა მათი მიმდევარი, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ლექსიკით თუ ვისარგებლებთ, ფუნდამენტალისტი, ფანატიკოსი და კონსერვატორია? რა თქმა უნდა, არა! სინამდვილეში, ამ ჟურნალისტური, საერო ლექსიკის მიღმა იმალება სერიოზული - ეკლესიის შიგნიდან დანგრევის და მისი განადგურების პრობლემა. როდესაც წმიდა მამათა გზას ფუნდამენტალიზმს და კონსერვატიზმს, ზოგჯერ კი ფანატიზმსაც უწოდებენ, რეფორმებისა და ახალი "მსოფლიო კრების" ჩატარების მომხრეები, ცოდვის გამართლებისა და სათნოებათა გმობის გზაზე დგებიან.

ვუბრუნდებით რა საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ თანამედროვე საეკლესიო ლიდერებს ეს კრება, ხაზს გავუსვამდით კიდევ ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაქტორს: წამოყენებული საკითხებისა და მათი განხილვის ხასიათისადმი არასწორ დამოკიდებულებას. რუსეთის პატრიარქმა კირილემ ჟურნ. "ელადისადმი" (5 (17) 2010 წ., გვ. 8-9) მიცემულ ინტერვიუში, სადაც ახალი მსოფლიო კრების ჩატარების საკითხს შეეხო, განაცხადა, რომ კრება იმისთვისაც იკრიბება, რათა მასზე გამობრძმედილნი და გამოწრთობილნი გამოვლინდნენ (იხ. აგრეთვე მსოფლ. პატრ. ბართლომეოსის ინტერვიუ: Οικουμενικός Πατριάρχης Βαρθολομαίος: "Συνεχίζω το έργο μου και ας επικρίνουν οι ακραίοι... εμάς που έχουμε ανοιχτούς ορίζοντες" ("ვაგრძელებ ჩემს საქმეს და დაე განგვიკითხონ უკიდურესი შეხედულებისა და შესაბამისი თვალსაწიერის ადამიანებმა") (http://aktines.blogspot.com/2010/12/blog-post_7332.html" rel="canonical">).

მაშასადამე, პატრიარქ კირილესთვის, რომელიც სრულიად დამახინჯებულად განმარტავს მოციქულ პავლეს სიტყვებს ("ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის" (1 კორინთ. 11:19), დავა და უსასრულო დისკუსიები საკრებო გადაწყვეტილების მიღების ნორმაა. ეკლესიის საზოგადოდ მიღებული განმარტების თანახმად, წმ. მოციქული პავლე კორინთოს ეკლესიის ზოგიერთ წევრს "სიყვარულის საღამოების" (ანუ ევქარისტიის) აღსრულების დროს ღვთისმოშიში წესრიგის დარღვევისთვის კიცხავს და სულაც არ გულისხმობს რაიმე დავას ან დისკუსიას დოგმატებთან და სხვა სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით (1).

ზემოთ ვახსენეთ რა მსოფლიო კრებათა საქმიანობის ხასიათი, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გაიგებს პატრ. კირილეს მიერ წარმოდგენელი "კრებითობის" მეთოდებისა და პრინციპების სრულ უაზრობას. ჭეშმარიტება გვევლინება როგორც საღმრთო გამოცხადება და არა, როგორც საკუთარ შეხედულებებში ვინმეს ნაძალადევი დარწმუნება. ასეთი მხოლოდ მწვალებელთა პოზიცია შეიძლება იყოს. მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის მიხედვით არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავს მოახვიოს ეკლესიას საკუთარი, კერძო შეხედულება.

მათ, ვინც დიდი, მსოფლიო კრების მოწვევას აპირებს, უნდა იცოდნენ, რომ კრებები არ შეიძლება ტარდებოდეს პატრიარქთა ან მღვდელმთავართა კერძო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არც ეკუმენისტური შეხედულებებისა და იმგვარი ქმედებების დასაკანონებლად, რომლებიც ეკლესიის სწავლებას, მის კანონიკურ წყობა და სჯულმდებლობას ეწინააღმდეგება. 

უეჭველია ისიც, რომ საღად მოაზროვნე ადამიანთაგან არავინ, მიიღებს ამგვარი მსოფლიო კრების დადგენილებებს, რადგან საღად მოაზროვნეთათვის სულის ცხოვნება თამაში  როდია; ასევე, სრულიად არასავალდებულოა, რათა ამ კრების დადგენილებები არ მიიღოს უმრავლესობამ. უმცირესობაც საკმარისი იქნება ამისთვის. რადგან სეკულარიზაციის საუკუნეში, რომლის აქტიური ზეგავლენისა და ზემოქმედების ქვეშ ექცევა ყველა მოკვდავი, მღვდელმთავარიც და ერისკაციც, შეუძლებელია ველოდოთ ფართო მასშტაბის დადებითი შედეგი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები "მცირე სამწყსოს" (ლუკა 12:32) შესახებ, რომ როდესაც ის მოვა "ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად?" (ლუკა 18:8). უნდა გვახსოვდეს, რომ, როგორც ბერძენი ღვთისმეტყველი იოან ტაცისი აღნიშნავს, "ყველამ რომ მიიღოს ამ კრების დადგენილება, ის გახსნის გზას "ეკლესიათა ერთობისკენ", ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის განადგურებისა და სამყაროს აღსასრულისკენ".

ამ სტატიაში ჩვენ დავიმოწმეთ თითქმის ყველა ის არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს არა მარტო სრულიად მართლმადიდებლური, მსოფლიო კრების მოწვევის უაზრობას, არამედ მის მავნებლობას მართლმადიდებლობისთვის. ჩვენ არ შევეხეთ მხოლოდ ერთ საკითხს, რომელიც სხვა სტატიებში გვაქვს განხილული, ანუ საკითხს იმის შესახებ, როდის უნდა იქნეს მოწვეული მსოფლიო კრება, რა ხდება ამგვარი მოწვევის საფუძველი. ვიტყვით მოკლედ: ეს არის საკითხები, რომლებიც ეხებიან სარწმუნოების არსს, როდესაც ჩნდებიან მწვალებლობები, რომლებიც შეიცავენ საშიშროებას მთელი მართლმადიდებლობისა და ეკლესიისთვის. სადღეისოდ ამგვარ საშიშროებას შეიცავს მხოლოდ ეკუმენიზმი, რომელიც საკმაოდ დაშორდა თავის პირველდაწყებით სურვილს "დაადასტუროს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება მსოფლიოს წინაშე". დღეს ის ჭამს მართლმადიდებლური ეპისკოპატისა და კლერიკოსების ცნობიერებას და თუ მას გაამართლებენ და არ გაამტყუნებენ, როგორც ამას ვარაუდობენ, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს დაგეგმილი კრების ანტიმართლმადიდებლურ და დამანგრეველ არსს, რომელზეც უნდა განიხილონ და დეტალურად ცხადყონ პროცესი, რომელიც ადამიანებს გლობალისტების მიერ აშენებულ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკში შერეკავს და რომელიც, წმიდა წერილი მიერ მითითებული ნიშნებით, ანტიქრისტეს სამეფოს ამზადებს. ამისთვის ადგილობრივმა ეკლესიებმა საფუძვლიანი საღვთისმეტყველო და ტექნიკური შეფასება უნდა მისცენ ადამიანთა აღრიცხვისა და კონტროლის ერთიან, უნივერსალურ სისტემას, რომლის მეშვებითაც მოხდება მათი მართვა.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი იმაში, რომ ასეთი ღიად კრიტიკული სიტუაციის პირობებში, რომელიც დღეს მართლმადიდებლურ სივრცეში შეიქმნა, ჯერ ერთი - სეკულარიზებული იერარქიის შემწეობით, მეორეც - გაამსოფლიერებული მრევლის დახმარებით, დუმილისა და უმოქმედობის უფლება არ გვაქვს. მნიშვნელოვანია შევიგნოთ, რომ საჭიროა საეკლესიო ინსტანციებში ვწეროთ წერილები და მიმართვები მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით; გამოვაქვეყნოთ პუბლიკაციები პრესით და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით; ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რათა გავაძლიეროთ უპირველეს ყოვლისა პირადი, კერძო ლოცვით-მმარხველობითი ღვაწლი, გავაძლიეროთ სინანული. რადგან ამ უ კანასკნელთა გარეშე შეუძლებელია საღი აზროვნება და საყოველთაო განხრწნისადმი ჯეროვანი წინააღმდეგობა.

საეკლესიო ერმა და კლერიკოსებმა მღვდელმთავართა ცნობიერებამდე უნდა მიიტანონ თავიანთი შეურიგებელი პოზიცია სრულიად ახალ, მსოფლიო კრების მოწვევასთან დაკავშირებით, მისი მოწვევის საფუძვლებიდან და მათი გადაწყვეტის მეთოდიკიდან გამომდინარე. მითუმეტეს რომ ამასწინათ, 2011 წ. გამართულმა მღვდელმთავართა კრებამ (სავარაუდოდ იგულისხმება კონსტატინოპოლის საპატრიარქო - მთარმგნ.), 47-ე პუნქტით მხოლოდ გაამართლა "პატრიარქისა და სინოდის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის" ერთობის გაძლიერებისკენ... მათ შორის სრულიად მართლმადიდებლური კრების მომზადების პროცესის ჩარჩოებში". მაშინ როდესაც, ამ კრების მოწვევის საფუძველი და მიზანი, რომელიც უმაღლეს საეკლესიო იერარქიას დაუსახავს, სულაც არ ემსახურება ეკლესიის ერთობის გაძლიერებას, არამედ ცვლის მას ყალბი ერთობით, მართლმადიდებლური კანონიკისა და საეკლესიო ცხოვრების რევიზიით; კადნიერად ისაკუთრებს უფლებას იყოს მსაჯული ეკლესიაში და ცვალოს "სულიწმიდის ნებითა და მოქმედებით" ადამიანთა საცხოვნებლად დაწესებული ეკლესიური მოწყობისა და ცხოვრების პრინციპები.


შენიშვნა:
 
1. "ვინაიდან თქვენში განხეთქილებაც საჭიროა, რათა გამოცდილნი გამოჩნდნენ თქვენს შორის" (1 კორინთ. 11:19). წმ. მოციქულ პავლეს სიტყვები მართებულად მხოლოდ 17-26 მუხლების კონტექსტში შეიძლება იქნას გაგებული, სადაც მოციქული ლაპარაკობს იმ უწესივრობებზე, რომელიც "სიყვარულის საღამოების" დროს, ანუ საღმრთო ევქარისტიის დროს ხდებოდა. ეს უწესივრობები გადმოთარგმნილია როგორც "განხეთქილება" (სლავ. "распри", ძვ. ქართ. "წვალებათა"; ბერძნ. "τα σχίσματα"). ამ უწესივრობთა მიზეზნი, ევქარისტიის დროს, იყვნენ არაღვთისმოშიში ადამიანები. ხოლო გამოთქმაში "გამოჩნდნენ გამოცდილნი" ეკლესიის წმიდა მამები გულისხმობდნენ ღვთისმოსავ ადამიანთა მოთმინებას ამ უწესივრობათა მიმართ. " ὁ δόκιμος", ანუ გამოცდილი, უზადო, უმწიკვლო, დიდებული, ქებული (А. Д. Вейсман. Греческо-русский словарь. Репринт. М. 1991, с. 339). იხ. აგრეთვე Свт. Феофан Затворник. Толкование послания апостола Павла. Первое послание к Коринфянам. М. Правило веры. 1998, стр. 410. Бл. Феофилакт Болгарский. Толкования на послания св. апостола Павла. Скит., с. 169.


ანონიმი ავტორი 
ა. პ.

მერვე მსოფლიო კრების მოწვევის იდეა, როგორც საფრთხე, მიმართული მართლმადიდებლობის წინააღმდეგ
ამ სტატიის თარგმნა და გამოქვეყნება მისი ავტორის ბოლო სიტყვებმა გადამაწყვეტინა. ავტორი, სტატიაში წამოჭრილი პრობლემატიკიდან გამომდინარე, სრულიად სამართლიანად ითხოვს ყველა ქრისტეანისგან, ვინც უნდა იყოს, რიგითი ერისკაცი იქნება ის თუ კლერიკოსი, "მღვდელმთავართა ცნობიერებამდე მიიტანონ თავიანთი შეურიგებელი პოზიცია სრულიად ახალ, მსოფლიო კრების მოწვევასთან დაკავშირებით, მისი მოწვევის საფუძვლებიდან და მათი გადაწყვეტის მეთოდიკიდან გამომდინარე... საჭიროა საეკლესიო ინსტანციებში ვწეროთ წერილები და მიმართვები მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით; გამოვაქვეყნოთ პუბლიკაციები პრესით და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით; ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რათა გავაძლიეროთ უპირველეს ყოვლისა პირადი, კერძო ლოცვით-მმარხველობითი ღვაწლი, გავაძლიეროთ სინანული. რადგან ამ უ კანასკნელთა გარეშე შეუძლებელია საღი აზროვნება და საყოველთაო განხრწნისადმი ჯეროვანი წინააღმდეგობა". ვფიქრობ, მოცემული პრობლემა ქართველ მართლმადიდებლებსაც დააინტერესებს, რადგან საერთო, მართლმადიდებლურ სივრცეში ჩვენ განზე ვერ დავდგებით, როდესაც დადგება დრო და საჭირო გახდება ჩვენი გადამწყვეტი სიტყვის გაჟღერება. იმედია, ქრისტეანები კორექტულად გამოეხმაურებიან ამ სტატიას და მის მოკრძალებულ თარგმანს რუსულიდან.