წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია თავის სულიერ შვილებს მცნებად აძლევს, ლოცვასთან ერთად, მკაცრად დაიცვან სამარხვო განაწესიც. მარხვა სულის საცხოვნებლად და ეშმაკის დასათრგუნად უბოძა ღმერთმა ადამიანს. უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესუ ქრისტე ბრძანებს, რომ კაცთა მოდგმის მტერი "არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვით" (მათე 17:21; მარკოზი 9:20). პირველი მარხვა, თავშეკავებისა და ღმრთისადმი მორჩილების ნიშნად, სამოთხეშივე იქნა დაწესებული "როდესაც ღმერთმა ადამსა და ევას ამცნო არ ეჭამათ "ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იყო შორის სამოთხესა". ამ აკრძალვას, საკუთრივ, აღმზრდელობითი დანიშნულება ჰქონდა; მას უფლისადმი კეთილი მორჩილებით უნდა განემტკიცებინა ადამიანის ნება და ზნეობრივ-სულიერი სრულყოფილებისკენ წარემართა იგი. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა პირველწინაპრებმა დაარღვიეს მარხვის მცნება და "შთავარდნენ ცოდვასა და დიდების მოყვარებასა და გემოთ-მოყვარებასა ამის ცხოვრებისასა, და სხვათა მათ ვნებათაგან იუფლნეს, რამეთუ ნებსით დაუმონეს მათ თავი თვისი გარდასვლითა მით მცნებისათა" (ამბა დოროთე).
მარხვა, როგორც სინანულის ერთ-ერთი გამოხატულება,ცოდვათაგან განწმენდისა და სულის ღირსეული ზეიმისთვის მომზადებაა. ჯერ კიდე ძველი აღთქმის წიგნებიდან ვიცით, რომ თვით ღმერთი, წმიდა სულით აღძრულ წმიდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მრავალგზის მოუწოდებდა თავის ერს სინანულისკენ და დამსახურებული სასჯელისგან თავის დახსნას ლოცვითა და მარხვის დაცვით შთააგონებდა (იოველ 1:14; 2:12. 15; ზაქარია 8:19; იონა 3:1-10).
ახალ აღთქმაში მარხვა მისი დამფუძნებლის, ჩვენი უფლის იესუ ქრისტესა და მის მოციქულთაგან არის ნაკურთხი. "მარხვა - ბრძანებს წმ. ბასილი დიდი, - ნიჭია უძველესი, უხრწნელი და უბერებელი. მარადის განმაახლებელია იგი კაცისა და ყოველგვარი სიკეთით განმამშვენებელი". და მართლაც, - უდიდესი ნიჭია მარხვა და მშვენებაა გონიერთა. ის ხელს უწყობს ზნეობრივ და სულიერ სრულყოფილებას, ჯანმრთელობას. "შეიწყნარეთ მარხვა ჯანმრთელნი, - რამეთუ თქვენი ფიზიკური სიმტკიცის ზღუდეა იგი; მიიღეთ მარხვა დავრდომილნო, - რამეთუ დედაა ჯანმრთელობისა"-ო, გვირჩევს იგივე მოძღვარი.
მედიცინის წარმომადგენელთა არა ერთ თაობას დაუმტკიცებია გადაჭარბებული კვების მავნებლობა, ამიტომაც, ჭამა-სმისას თავშეკავება დაავადებათა აღმოფხვრის უებარი საშუალებაა. მრავალი გამოკვლევითა და მორწმუნეთა გამოცდილებით დადასტურებულია მარხვის სიკეთე. აზროვნების გააქტიურება, ნებისყოფის სიმტკიცე, კეთილგონივრული თავშეკავების შედეგია.
ქრისტეანობაში მარხვა მჭიდრო კავშირშია ლოცვასთან და უმთავრესი საჭურველია ბოროტ ვნებებთან საბრძოლველად. იგი აუცილებელია ზნეობრივი სულყოფილებისთვის. მარხვა პირველი საფეხურია ცხოვნებისა, "გარნა ნუმცა ნაყროვანებითა ვეწყვებით ზვაობასა, არამედ უფროსად მარხვითა ევედრენით უფალსა, რათა მიხსნეს მისგან, რამეთუ მოწევნად არს ჟამი და აწვე არს რომელთაც ენებოს რათა დაამორჩილოს იგიცა უფალმან ქუეშე ფერხთა ჩუენთა" - ბრძანებს ღირ. იოანე კიბისაღმწერელი.
თავისთავად ცხადია, რომ ქრისტენული მარხვა მხოლოდ საკვები რაციონის გამოცვლას არ გულისხმობს. რა აზრი აქვს სახსნილოსგან თავშეკავებას, თუკი მცენარეული საკვებისგან შემზადებული ნუგბარი კერძებით ტკბები. ეს იქნება არა მარხვა, არამედ პაროდია მარხვისა და უფლის მცნებათა დაცინვა. გვმართებს "თავშეკავება და არა გამორჩეული კერძების ჭამა, - ბრძანებს ღირ. ეფრემ ასურელი, - თავი უნდა შევიკავოთ საზრდელის უდროოდ მიღებისგან, არ უნდა მივეცეთ მუცელღმერთობას და გემოთმოყვარეობისა და გაუმაძღრობის სულით არ აღვივსოთ".
ხშირად ხდება ხოლმე, რომ მარხვებში ქრისტეანი თავს იკავებს სახსნილო საკვებისგან, ხოლო ღვინოსა და არაყს კი ეძალება. ეს დარღვევაა მარხვისა. თუკი სამოთხეში მმარხველ ჩვენს წინაპარს აკრძალული ხის ნაყოფის ჭამამ ავნო, რაოდენჯერ უფრო მავნეა და წარმწყმედელი მთვრალობა და დაბნელება გონებისა?! განა ალკოჰოლიანი სასმელით გაბრუებული თუ აღტყინებული ადამიანი გაასკეცებული არ მიელტვის სიძვას, მრუშობას, ჩხუბსა თუ ათასგვარ დანაშაულს?! ან განა შესაძლებელია ნასვამი, მთვრალი გონებით ევედრო უფალს მაშინ, როდესაც წმიდა მამა გვარიგებს: "გონება მმარხველისა ილოცევნ ფრთხილად, ხოლო გონება ნაყროვანისა სავსე არს კერპებითა არაწმიდებითა?!" (ღირ იოანე კიბისაღმწერელი).
წმ. იოანე ოქროპირის თქმით: "საკვებში თავშეკავება იმიტომ არის ნაბრძანები, რათა ხორციელი ვნებანი მოვითოკოთ და უ ფლის მცნებათა აღმსრულებელი მორჩილ იარაღად ვაქციოთ სხეული".
ყოველივე ზემოთქმული, უპირველესად ყოვლისა, ეხება ხორციელ მარხვას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ, რადგანაც ხორციელი თავშეკავება ცოდვების ბილწებისაგან სულის განწმენდის უძლიერესი საშუალებაა, ხორციელი მარხვა უეჭველად, მჭიდროდაა დაკავშირებული მის სულიერ შინაარსთან და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს.
არავითარი აზრი არა აქვს ხორციელ თავშეკავებას სულიერ სათნოებათა მოპოვების გარეშე: "მმარხველს უნდა ახსოვდეს, რომ სიყვარული და მოწყალება მარხვითა და თავშეკავებით უნდა იყოს შეზავებული" (ღირ. იოანე კასიანე რომაელი).
"მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავება არ არის; ჭეშმარიტი მარხვა ბოროტ საქმეთაგან განშორებაა" - გვასწავლის წმ. ბასილი დიდი.
გარეგნული სიკეთე გულის შინაგან განწყობილებასთან უნდა იყოს შეთანხმებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მარხვა არ იქნება სათნო უფლის წინაშე: "რა სარგებელია შენთვის, - კითხულობს წმ. გრიგოლ ნოსელი - თუ პირით ხორცს არ ეკარები, მაგრამ ბილწსიტყვაობით ჰკოდავ შენსს მოყვასს? რა ღვთისმოსაობაა მხოლოდ წყალს მიირთმევდე და მზაკვარებით გულდაბოღმილი სისხლს ეწყურებოდე? გარნა, როგორც სულიერი არსება არც ეშმაკი ჭამს რასმეს, მაგრამ თავისი ბოროტების წყალობით ზეციდან იქნა გადმოგდებული". ამიტომაც შეგვაგონებენ წმიდა მამები, რომ საჭიროა "არა მუცლითა ხოლო ვიმარხვიდეთ", არამედ "ვიმარხვიდეთ ენითაცა, რათა ვეკრძალენით ძვირის ზრახვასა, ტყუვილსა, შესმენასა, რისხვასა და ყოველსავე ცოდვასა, რომელი იქმნების ენითა, და კვალად, რათა ვიმარხვიდეთ თვალითა, რათა არა კადნიერებით და ურცხვინოდ ვის შევხედვიდეთ; და კვალად ხელითა და ფერხითა ჩვენითა, რათა არა ვქმნეთ ბოროტი, და ყოველსავე ზედა ესრეთ ვიმარხვიდეთ, ვითარცა წმიდა ბასილი იტყვის მარხვითა სათნოითა ღვთისათა, რათა ესრეთ ღირს - ქმნილნი მივიწივნეთ წმიდასა დღესა აღდგომისასა, განახლებულნი და განწმენდილნი, ღირსებით ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა" (ამბა დოროთე).
წმ. მამები განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოწყალებისა და ქველმოქმედების სათნოებებს ანიჭებენ: "იმას კი ნუ მეტყვი, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - თუ რამდენი დღე იმარხულე და როგორ, არამედ მითხარი შენი მრისხანება თუ მიაქციე მშვიდობად და ულმობელობა შენი თუ გარდაჰქმენი სიკეთედ... თავს ნუ გამოიჩენ უსარგებლო მარხვით, რამეთუ მხოლოდ ხორციელი მარხვა, მისი სულიერი დის, მოწყალების გარეშე, არაფერს ნიშნავს. საიდან ვიცით ეს ყოველივე? სიტვათაგან ანგელოზისა, რომელმაც კორნელიუსს უთხრა: "ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებლად შენდა წინაშე უფლისა" (საქმე 10:4).
"სიყვარული და მოწყალება ის ორი ფრთაა მარხვისა, რომელთა შემწეობითაც აღვალს იგი ზეცად და რომელთა გარეშე მიწაზე დაგდებული ლეშია ოდენ. მოწყალების გარეშე, მარხვა სულიერი სიგლახაკის ნიშანია და არა სიწმიდის სახე; უსიყვარულოდ, ვერცხლისმოყვარეობის საფუძველია მარხვა, რამეთუ ამგვარი ხელმომჭირნეობით, რამდენადაც ჭკნება სხეული, იმდენად სქელდება ჯიბე".
"უფლისთვის მხოლო იმგვარი მარხვაა სათნო, რომელიც მოწყალებასთან არის შეერთებული და უპოვართადმი სიყვარულითაა გამთბარი" (წმ. გრიგოლ დეოლოღოსი).
ამრიგად, აშკარაა მარხვის აუცილებლობა ჩვენი სულის ცხოვნებისთვის და ისიც ცხადია, რომ ხორციელი თავშეკავება სულიერი სრულყოფილებისთვისაა აუცილებელი, ასე რომ: "მარხვა იძულება არს ბუნებისა და დამხსნელი გემოთა სასისათა და მომსპოლველი ხორცთა ხურვებისა, და მომკვეთელი არს გულის სიტყვათა ბოროტთა; თვისუფლება არს სიზმართა ბილწთა, და სიწმიდა ლოცვისა, და მნათობი არს სულისა, და მცველი გონებისა, დამხსნელი გულფიცხელობისა, და კარი ლმობიერებისა, მომატყვევებელი სულთქმათა და მდაბალთა და შმმუსვრელი არს გულითა; კეთილი და უჩინო მყოფელი ცუდად მეტყველებისა, მიზეზი არს დაყუდებისა და მცველი მორჩილებისა, და მაოტებელი ძილისა; სიმრთელე არს გვამისა, წინამძღვარი უვნებელობისა, მომტევებელი არს ცოდვათა და კარი არს სამოთხისა" (ღირ. იოანე კიბისაღმწერელი).
წმიდა მამათა სწავლებების მიხედვით შეადგინა არქიეპისკოპოსმა პავლემ.