მიტროპოლიტი იეროთეოსი
დოგმატი და ზნეობა
დოგმატი ქრისტეანთა ცხოვრებისგან განყენებული უბრალო თეორია კი არ არის, არამედ პირდაპირ და უმჭიდროვესადაა დაკავშირებული ზნეობასთან, ქრისტეანთა მთელ ცხოვრებასთან. შევეცდებით მოკლედ ვაჩვენოთ ეს ჭეშმარიტება.
1. ტერმინოლოგია
როდესაც რაიმე თემაზე ვიწყებთ ლაპარაკს, აუცილებელია განვსაზღვროთ თითოეული ტერმინის აზრი და მნიშვნელობა, რადგან, როგორც ბრძენი ანტისთენე ამბობდა: "სიბრძნის დასაწყისი - სახელთა წვდომაა". ასე, რომ მოცემულ შემთხვევაშიც აუცილებელია გავერკვეთ რას გულისხმობს სიტყვა დოგმატი და რას - ზნეობა.
სიტყვა "დოგმატი" მომდინარეობს ზმნისგან δοκώ, რაც ნიშნავს - მწამს, მიმაჩნია, ჩემის აზრით, ვფიქრობ და ა. შ. ამ ზმნის მეშვეობით შევიტყობთ იმ ფუძემდებლურ პრინციპზე, რომელიც მეცნიერულ ჭეშმარიტებას გამოხატავს.
განკარგულება, რომელიც კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა და რომლის მიხედვითაც რომის იმპერიის მთელი მოსახლეობა უნდა აღერიცხათ, დოგმატად იწოდებოდა. "იმ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში" (ლუკა 2:1).
"მოციქულთა საქმეებში" ტერმინ "დოგმატით" აღინიშნება მოციქულთა გადაწყვეტილებანი, რომლებიც მოციქულთა პირველ კრებაზე მიიღეს, ამიტომაც არის ნათქვამი: "ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები (φυλάσσειν τα δόγματα)" (საქმე 16:4).
ამდენად, ქრისტეანობაში სიტყვით "დოგმატი" აღინიშნება აბსოლუტური ავტორიტეტის მქონე სწავლება სარწმუნოების ძირითად საკითხებზე. ამ თვალსაზრისით იწოდებიან დოგმატებად მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებები. თუმცა, მსოფლიო კრებათა ენაზე, ძირითად საღვთისმეტყველო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებანი ოროსადაც იწოდება. სიტყვა "ოროსი", რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ საზღვრებთან, აღნიშნავს ზღვარს ჭეშმარიტებასა და ცდომილებას შორის. მაგალითად, საღვთისმეტყველო ენაზე, ტერმინით ერთარსი (ὁμοούσιος) გაცხადებულია ის, რომ სიტყვა-ღმერთს იგივე არსი გააჩნია, რაც მამა ღმერთს და არაქმნილია. ეს ასეა და ამ ტერმინოლოგიის მიღმა უკვე ცდომილება და სიცრუე იმყოფება.
ადგილობრივმა და მსოფლიო კრებებმა დოგმატების გარდა წმიდა განწესებებიც შეადგინეს. თუ დოგმატური განსაზღვრებანი ტრიადოლოგიურ (დოგმატი წმიდა სამების შესახებ), ქრისტოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს ეხებიან, და ამ დროს მამები იყენებენ ფრაზას "ენება სულიწმიდასა და ჩვენც" (έδοξε τω Αγίω Πνεύματι και ημίν), წმიდა კანონების გადმოცემისას, რომლებიც ეკლესიის ერთობასა და ცხოვნების გზის მიმდევარ ეკლესიის წევრ ქრისტეანებს ეხება, ძირითადად გამოიყენება ფრაზა "ήρεσε τη Συνόδω". წმიდა კანონებს დოგმატები საეკლესიო ცხოვრებაში გადააქვთ და წარმოადგენენ საშუალებას, რომლის დახმარებითაც ქრისტეანები მათ პირად ცხოვრებაში განიცდიან. ასე რომ, საეკლესიო კანონები სწორედ ამ და არა სჯულიერი სამართალწარმოების პრიზმაში უნდა აღვიქვათ.
სიტყვა "ზნეობა" (τό ἦθος) ადამიანის ხასიათის ხარისხზე მოწმობს. მორალისა და ზნეობრიობის (τά ἤθη) პრინციპები ადამიანის (ან საზოგადოების) ქცევასა და შეხედულებებს ეხება. როდესაც მათ სტაბილური და მოწესრიგებული ხასიათი გააჩნიათ, ჩვეულებად (τά ἔθημα) იწოდებიან.
წმ. მღვდელმოწამე ეგნატე ქრისტეს სიყვარულით შეკრულ ქრისტეანებს "ღმერთს მიმსგავსებულებს" ("ομοήθειαν Θεού") უწოდებს. "ღმრთისადმი მსგავსება", მოცემულ შემთხვევაში, ქრისტოცენტრულ შეგნებად, ქრისტეში ცხოვრებად გაიგება.
სიტყვა "ზნეობა" არისტოტელეს "ეთიკაშიც" ("Ηθικά") გამოიყენება. როგორც სიტყვა, ის წარმოსდგება სიტყვიდან მორალი (τό ἦθος) და დაკავშირებულია სიტყვასთან ჩვევა (το έθος) ან ჩვეულება და ადამიანთა განსაკუთრებულ კულტურასა და ცხოვრების წესზე მიუთითებს. მას კავშირი გააჩნია აგრეთვე ასკეტიკასთან.
2. დოგმატებსა და ზნეობრივ პრინციპებს შორის დამოკიდებულება
დოგმატურ განსაზღვრებებსა და ზნეობრივ პრინციპებს შორის უდიდესი კავშირია და იგივე კავშირი თეორიულ მოცემულობასა და პრაქტიკას შორისაც არსებობს. მეცნიერები იყენებენ ექსპერიმენტს, რომელსაც განსაზღვრულ დასკვნამდე მივყავართ. ეს მიღებული დასკვნა საკუთარი გამოცდილების გადასამოწმებელ საფუძვლად ან პრინციპად გამოიყენოს. იგივე შეიძლება ვთქვათ დოგმატსა და ზნეობრივ პრინციპებს შორის კავშირზეც. დოგმატი ეს არის განღმრთობილ ადამიანთა გამოცდილება, ის ცხოვრების წესად იქცევა ისე, რომ ქრისტეანებს ზნეობრივი პრინციპების მეშვეობით ღვთის ბრწყინვალების ჭვრეტა შეუძლიათ.
მოვიტან წმიდა მამათა მცირეოდენ მოწმობას, რათა უფრო ცხადვყო თუ რა კავშირია დოგმატსა და ზნეობრივ პრინციპებს შორის.
წმ. გრიგოლ ნოსელი თავის 24-ე ეპისტოლეში (Ἐπιστολή 24, Ἡρακλειανῷ αἱρετικῷ, PG Migne. t. 46, p.1089), ეყრდნობა რა ქრისტეს მცნებას, რომელიც მან მისცა თავის მოწაფეებს, რათა წავიდნენ და დაიმოწაფონ ყველა ხალხი და ნათელი სცენ მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით და ასწავლონ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც ამცნო (მათე 28:19-20), ამბობს: "ქრისტეანული ცხოვრება ზნეობრივ და დოგმატურ ნაწილებად იყოფა. ნათლობაში ჩვენ გადმოგვეცა დოგმატი, რომელიც უნდა დავიცვათ, ხოლო ცხოვრებაში მოწოდებულნი ვართ დავიცვათ მცნებანი უფლისა". ეს ნიშნავს, რომ ნათლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტეს მცნებათა დაცვასთან. შემდეგ კი წერს, რომ "ეშმაკი მთელს თავის ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ აცთუნოს ადამიანები, უმთავრესად სარწმუნოებრივ საკითხებში, რადგან ამით, როგორც ეს შემდგომ ხდება, ქრისტეანის მთელი ცხოვრებაც იცვლება". ამიტომაც, წმ. გრიგოლ ნოსელი გვაძლევს რჩევას, რომ ისინი, ვინც ინტერესს არ იჩენენ საკუთარი სულის ცხოვნების მიმართ, არ ჩამოვაშოროთ პირველთქმულ სიტყვათა უბრალოებას, ასევე სულში უნდა მიიღონ მათ "მამა, ძე და სულიწმიდა" და ეს სხვადასხვა სახელის მქონე ერთი იპოსტასი კი არ არის, არამედ ყოვლადწმიდა სამების თითოეული პირი ცალკეული იპოსტასია.
წმ. კირილე იერუსალიმელი წერს, რომ "ღმრთის თაყვანისცემის ხატი ამ ორ საგანშია, - ღვთისმოსაობის დოგმატთა შემეცნებასა და კეთილ საქმეებში; კეთილ საქმეთა გარეშე დოგმატთა ცოდნა ღმერთს არ ესათნოვება; არ მიიღებს ის აგრეთვე საქმეებს, თუკი ისინი საღმრთო სათნოებათა დოგმატებს არ ეფუძნება" (Свт. Кирилл Иерусалимский. Поучения огласительные и тайноводствеенные. Поучение 4, 2, с. 42). ღმერთს სურს, რათა ადამიანმა დოგმატი დაიცვას, მაგრამ ასევე სურს, რომ მას ჰქონდეს კეთილი ღვაწლი, ანუ ჭეშმარიტი ცხოვრება. ღირ. ანასტასი სინელი წერს, რომ სრულყოფილი ქრისტეანი "ღვთისმოსაობის დოგმატებისა და კეთილ საქმეთა წყალობით, ღვთის ჭეშმარიტი სამკვიდრო ხდება".
ღირ. მაქსიმე აღმსარებელი, ეხება რა ქრისტეანის ცხოვნების საკითხს, ამბობს, რომ ის მიიღწევა სამი გზით, კერძოდ კი: მცნებათა მიყოლით, დოგმატთა დაცვით და წმიდა სამებისადმი რწმენით. შემდეგ კი განმარტავს, რომ "მცნებები, როდესაც მათ ვიღაც იყენებს, გონებას ვნებათაგან განწმენდენ (განწმენდა - κάθαρση), დოგმატები განგვანათლებენ (განათლება - φωτισμός), რითაც არსთა შემეცნებას ვაღწევთ, ხოლო სარწმუნოებას ადამიანი ყოვლადწმიდა სამების ჭვრეტამდე (განღმრთობა - θέωση) აჰყავს. სხვა ადგილას ის ამბობს, რომ ქრისტე, დოგმატების მეშვეობით განგვანათლებს.
ღირ. იოანე კიბისაღმწერელის თანახმად, დოგმატთა სიღრმე მიუწვდომელია ("Глубина догматов неисследима" Слово 27, 10), რაც იმას მიანიშნებს, რომ დოგმატი ეს უბრალო, თეორიული სწავლება ან რაიმე ზოგადი ტერმინი კი არ არის, არამედ, არსებითად ეს არის მთელი ცხოვრება. შემდეგ კი ამბობს, რომ მდუმარე ისიქასტის გონებისთვისაც კი უსაფრთხო როდია მისი სიღრმეების კვლევა ("...и уму безмолвника не безбедно в нее пускаться". იქვე). როგორც ტანისამოსით ცურვაა საშიში, ასევე ვნებებით შეპყრობილისთვისაც საშიშია ღმრთისმეტყველებასთან მიახლოვება ("небезопасно плавать в одежде, небезопасно и касаться богословия тому, кто имеет какую-нибудь страсть". Слово 27, 11). და როგორც მცურავი ჯერ ტანისამოსს იხდის, რათა შემდეგ თავისუფლად გასცუროს, დოგმატთა წვდომისთვის ჯერ ვნებათაგან გათავისუფლებაა საჭირო.
ღირ. გრიგოლ სინელი წერს, რომ "მართლმადიდებლობის ზღვარი სამებისა და ორბუნებოვნების ორ დოგმატს შორის მდებარეობს" (Прп. Григорий Синаит. Главы о заповедях и догматах...26, Добротолюбие . т. 5, с. 185). როდესაც ტრიადაზე ლაპარაკობს, ის ღმრთის სამპიროვნობაზე ფიქრობს ("სამებას შეურევნელად და განუყოფლად ვაღიარებთ"); და, როდესაც ორბუნებოვნებაზე ლაპარაკობს, გულისხმობს ქრისტეს, რომლის "ორ ბუნებას ერთ იპოსტასში" მოიაზრებს. ანუ დაუსაბამო ძეს, განკაცების შემდეგ, ორი ბუნებისა და ორი ნების, ღვთაებრივისა და კაცობრივის, შეურევნელად მქონედ აღიარებს". აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს დოგმატები ვიღაცამ შეიძლება "სუფთად" შეიმეცნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დოგმატების შესამეცნებლად გულის სიწმიდე და საღმრთო გამოცხადებაა საჭირო. რაც თეორიული სწავლების ლოგიკურ აღქმას კი არ გულისხმობს, არამედ ღმრთის გამოცხადებას ადამიანში, რომელიც მთლიანად ცვლის მის ყოფიერებას. სხვა ადგილას ის წერს: "ჭეშმარიტი სარწმუნოება (δόξα περί Θεοῦ ἀληθής) ღმრთის შესახებ და არსთა ჭეშმარიტი შემეცნება მართლმადიდებლურ დოგმატთა სრულოფილებას წარმოადგენს”.
და მართლაც, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღმრთის მადლი და ადამიანის თავისუფლება წინ უსწრებს ადამიანის აღორძინებას და ღმერთი ამის შემდეგ უცხადებს თავს ადამიანს. ამას ვხედავთ სწორედ მოსეს ცხოვრებაში, რომელიც აღვიდა სინას მთაზე, შევიდა ბნელში და იხილა ღმერთი, არსებული. მიიღო მისგან სჯული და მოუტანა ის ადამიანებს, რათა გამოიყენებინათ იგი და ღმრთის შემეცნებამდე მისულიყვნენ. სწორედ ამ რეტროსპექტივაში განმარტავს მოსეს ცხოვრებას წმ. გრიგოლ ნოსელი თავის ნაშრომში "მოსეს ცხოვრება". იგივეს ვხედავთ მოციქულებთანაც, რომლებიც სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქრისტეს გვერდით, დაუტევეს ყოველივე მიწიერი, სამი მათგანი თაბორზეც ავიდა, სადაც მისი ღვთაებრიობის გამობრწყინვება იხილეს და ყველა მათგანმა, იუდას გარდა, იცოცხლა სულთმოფენობამდე და განიცადა იგი. ჭეშმარიტი გზა, ადამიანს ღმერთთან რომ აკავშირებს, ის გზაა, რომელიც ეთიკურ-ზნეობრივი (ηθική) ცხოვრების წესს გვთავაზობს და, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ასკეტურ ღვაწლთან.