ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
გ. ალექსეევი

ვინ ხელმძღვანელობს პაპიზმს

(დედანში თხზულების სახელწოდებაა: "რომაული კათოლიციზმი და ეკუმენიზმი")

(ვატიკანის II კრების მიერ ეკლესიის შესახებ მიღებული დოგმატის მიხედვით)
დღეს მრავალი ქრისტეანული კონფესია მონაწილეობს ეკუმენისტურ მოძრაობაში და ეს გაერთიანება ეფუძნება ქრისტეანული ერთობისკენ სულიწმიდის მოწოდებას, რაიც გვიბიძგებს იესუ ქრისტეს მცნების აღსრულებისკენ, რომლის მიხედვითაც: "და იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაითა სოფელსა ჰრწმენეს" (იოანე 17:21). თავის მხრივ ეს მოძრაობა შესამჩნევ გავლენას ახდენს როგორც საეკლესიო ცხოვრებაზე, ასევე მასში მონაწილეთა დოგმატიკაზე. წინამდებარე ნაშრომში გვსურდა მოკლედ შევჩერებულიყავით იმ საკითხზე თუ როგორ აისახა ეს ოფიციალური, რომაული კათოლიციზმის სწავლებაზე ეკლესიის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდა ვატიკანის II კრებაზე და რომელმაც სრულიად სამართლიანად დაიმკვიდრა სახელწოდება - "ეკუმენისტური".