იუსტუს ლიპსიუსის წიგნთან დაკავშირებით აღსანიშნავია "საგუშაგო კოშკის" საზოგადოების ქმედების მორალურ-ეთიკური ასპექტი. "საგუშაგო კოშკის" საზოგადოების იმ სპეციალისტებმა, რომლებიც თავიანთი წიგნის მომზადებასა და პუბლიკაციაში მონაწილეობდნენ, და რომელშიც მათ ბოძზე გაკვრის სასჯელის რეპროდუქციები შეიტანეს იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან, რა თქმა უნდა ამ წიგნში სხვა ილუსტრაციების არსებობაც უწყოდნენ (კერძოდ სხვადასხვა ფორმის ჯვრებზე დასჯის მეთოდების ილუსტრაციები. იხ. სურათები). მათ ასევე იცოდნენ, რას წერდა თვით იუსტუს ლიპსიუსი, რომ უფალი მიამსჭვალეს ჯვარზე და არა ბოძზე. მაგრამ მათ შეგნებულად აირჩიეს მხოლოდ ის ილუსტრაცია, რომელიც იეღოველთა საზოგადოების პრეზიდენტის, ჯოზეფ რუტერფორდის ფანტასტიკურ იდეას ადასტურებს, სხვა ილუსტრაციებსა და იუსტუს ლიპსიუსის სიტყვებზე კი დაიდუმეს.
ამგვარი გაყალბება იშვიათობაა მეცნიერულ სამყაროში და თვით ურწმუნო ადამიანებს შორისაც კი. როგორ უნდა აღიქვან ეს სიცრუე მორწმუნე ადამიანებმა? ნუთუ მათ გულწრფელად სჯერათ, რომ იეჰოვა შეაქებს მათ ამგვარი ფოკუსებისთვის და ეტყვი: "ყოჩაღ, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირეში ერთგული იყავი, მრავალთა ზედა დაგაწესებ; შემოდი შენი უფლის სიხარულში" (მათე 25:23)?!
და საერთოდ, შეიძლება კი ვენდოთ "საგუშაგო კოშკის" საზოგადოების ლიტერატურას, თუკი მას ამგვარი მეთოდებით ამზადებენ? ამის შესახებ უპირველეს ყოვლისა თვით რიგითი "იეღოველები" უნდა დაფიქრდნენ, რომლებსაც გულწრფელად და პატიოსნად სურთ ცხოვნების სიტყვა სხვა ადამიანებამდეც მიიტანონ და თვითონაც ცხონდნენ.
მაშ, რას ამბობს ბიბლია?
1) წარწერა ჯვარცმული ქრისტეს თავზე:
"და დადეს მის თავს ზემოთ მისი ბრალდება დაწერილი: ეს არის იესო, მეუფე ჰურიათა" (მთ 27:37)
"დაწერა წარწერა პილატემ და ჯვარზე გააკრა; ხოლო წარწერა ასეთი იყო: იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე. იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად" (ინ 19"19-20).
იმ დროს ჩვეულებად ჰქონდათ დაფაზე დაეწერათ სახელი, მისამართი და დამნაშავის ბრალდება. რადგან პილატეს მოთხოვნით ქრისტესადმი წაყენებული ბრალდება სამ ენაზე შეადგინეს, დაფაც საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო. ბიბლია გვამცნებს, რომ ის ქრისტეს თავს ზემოთ მდებარეობდა. ამის შესატყვისი ილუსტრაცია "საგუშაგო კოშკის" გამოცემებშიც გაჩნდა (კერძოდ 1927 წ. წიგნში "ღმრთის ქნარი", ზუსტად იმის წინ, რაც "საგუშგო კოშკის" საზოგადოებამ ჯვარი უარჰყო). მაგრამ, ამ ილუსტრაციიდან შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ ის დასკვნა, რომ ქრისტეს თავს ზემოთ წარწერის განთავსება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას ხელები გაშლილი ექნებოდა ჰორიზონტალურად მიმაგრებულ ღერძზე. მაცხოვარი ბოძზე რომ გაკრულიყო, მაშინ წარწერა იქნებოდა მის ხელებს ზემოთ და არა ისე, როგორც ეს აღწერა ღმრთივშთაგონებულმა მახარობელმა და ბრძანა, რომ დაფა მოათავსეს "მის თავს ზემოთ".
2) პეტრეს სიკვდილი
იესუმ პეტრე მოციქულს მისი სიკვდილი ასე უწინასწარმეტყველა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც დაბერდები, ხელებს გაშლი (ძვ. ქართ.: "განიპყრნე ჴელნი შენნი" - რედ.), სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა. ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო" (ინ. 21:18, 19).
იესუ ქრისტემ პეტრეს სიკვდილის სახე იწინასწარმეტყველა: მისი ხელები გაშლილი იქნებოდა, რაც პეტრეს ჯვარცმას მოასწავებდა. გადმოცემის მიხედვით ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა ქრისტეს შობიდან 67 წ., როდესაც პეტრე ჯვარს აცვეს. ასევე ამბობენ, რომ რადგან პეტრემ სამჯერ უარყო თავისი უფალი და უღირსად მიიჩნევდა თავს უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო, ითხოვა ის თავპირქვე მიემსჭვალათ, რაც დაუკმაყოფილეს. XVI საუკუნეში, იუსტუს ლიპსიუსმა თავის წიგნში "დე კრუს ლიბერ პრიმუს" განათავსა მრავალი ილუსტრაცია, რომლებიც ასახავენ ჯვრებისა და ჯვარცმების მრავალ სახეობას. მისი წიგნის ორი ილუსტრაცია აჩვენებს, თუ როგორ შეიძლებოდა პეტრე ჯვარცმულიყო. არ არსებობს რეალური ისტორიული მტკიცებულება, რომელიც ქრისტეს წინასწარმეტყველებაში დაგვაეჭვებდა, ან პეტრეს ჯვარცმას წარმოგვიდგენდა ტრადიციული სახით.