კათოლიციზმის არსს ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს სიტყვა პაპიზმი. ვინ არის რომის პაპი და რას ასწავლიან მის შესახებ თვით კათოლიკეები? მისი ოფიციალური ტიტულია: "ეპისკოპოსი რომისა, ქრისტეს ნაცვალი, მოციქულთა თავადის მემკვიდრე, მსოფლიო ეკლესიის უმაღლესი მღვდელმთავარი, დასავლეთის პატრიარქი, იტალიის პრიმასი, რომანიის პროვინციის არიქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის სუვერენი, ღმრთის მონათა მონა".
ლათინური სიტყვა "ვიკარიუსი" სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც "მოადგილე" ან "ადგილნაცვალი" - სწორედ ამ შინაარსით ესმით კათოლიკეებს რომის ეპისკოპოსის როლი. "მოციქულთა თავადის" ქვეშ კი იგულისხმება წმ. მოციქული პეტრე, რომელიც სამოციქულო თემის აბსოლუტური და მონარქიულ მეთაურად წარმოუდგენიათ. "პრიმასი" უხუცესი და ეპისკოპოსთა შორის "უპირველესია", ხოლო სიტყვა "სუვერენი" - დამოუკიდებელ საერო მმართველს ნიშნავს. ძალზედ სიმპტომატურია, რომ პაპი დღემდე იმ აზრზე დგას, რათა იყოს საერო სახელმწიფოს დამოუკიდებელი მეთაური, თუნდაც ამ სახელმწიფოს ერთ ჰექტარზე უმცირესი ტერიტორია ეპყრას.
იქნებ ეს ხმამაღალი ტიტული მხოლოდ ისტორიისადმი ბოძებული ხარკია? შუასაუკუნეებსა და აღორძინების ეპოქაში ასეთი ტიტულები საკმაოდ პოპულარული იყო. ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქი დღესც მეცამეტე მოციქულად და მთელი სამყაროს მსაჯულად იწოდება, მაგრამ როდესაც ალექსანდრიის პატრიარქი თავის ტიტულებს წარმოთქვამს, მას ესმის, - ეს მხოლოდ წარსულ საუკუნეებში ალექსანდრიის ეკლესიის დიდების გამოძახილია. კათოლიკეებისთვის კი პაპის ტიტული უბრალო ფაშფაშა სიტყვები როდია, ეს არც ჰომილეტიკაა და არც მჭევრმეტყველება, ეს რომაელ-კათოლიკეთა რწმენის საგანია.
რომაული კათოლიციზმი იმ რწმენას ეფუძნება, რომ პაპი არის მოციქულთა თავადის მემკვიდრე, ეკლესიის ხილული თავი და ქრისტეს ნაცვალი დედამიწაზე. ყოველივე დანარჩენს კი ჩქმალავენ. მაგალითად, თანამედროვე უნიატები ცდილობენ არ გააკეთონ აქცენტი დოგმატურ განსხვავებებზე. პრაქტიკულად, რა გამომდინარეობს ამ ტიტულიდან? რომაულ-კათოლიკურ სამართალში წერია: "უმაღლესი კათედრა (ანუ რომის ეპისკოპოსის კათედრა - ადმ.) არავის მსჯავრს ექვემდებარება".
ამ მოკლე ფრაზიდან გამოდის, რომ რომის ეპისკოპოსი არ ექვემდებარება მსოფლიო ეკლესიის სამსჯავროს და თვით რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაშიც არ არსებობს ისეთი ორგანო, რომელიც პაპს შეცდომებზე მიუთითებდა და ეტყოდა რომ არასწორად იქცევა. პაპი ეკლესიაზე და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მაღლა დგას.
ასეთი ლოგიკით თვით მსოფლიო კრების კანონებიც კი არ შეიძლება ნამდვილად ჩაითვალოს თუ კრება მოწვეული არ იყო პაპის მიერ და მისი კანონები მანვე (ანუ პაპმა) არ დაამტკიცა. მსოფლიოს არცერთი ეპისკოპოსი არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ ეპისკოპოსად თუ მას ხელდასხმა რომის პაპის სანქციით არ მიუღია. ყოველივე ზემოთთქმულიდან კი გამომდინარეობს კიდევ ერთი საშინელი დასკვნა. ეს არის პაპის უცთომელობის დოგმატი.
ეს არ ნიშნავს, თითქოსდა კათოლიკეები ფიქრობდნენ, რომ პაპი პიროვნულად უცთომელი ადამიანია. არასერიოზულია, როდესაც ზოგიერთ პოლემიკურ თხზულებაში ცალკეულ პაპთა უღირს ცხოვრებაზე უთითებენ და მისი უცთომელობის დოგმატს ამ კუთხით აკრიტიკებენ. კათოლიკეები ასწავლიან, რომ რომის მღვდელმთავარი, როდესაც ის მთელი ეკლესიის სახელით ლაპარაკობს (კათოლიციზმში არსებობს ასეთი ტერმინი ex cathedra, ანუ "კათედრიდან" - და აქ უბრალოდ კათედრაზე ასული პაპის სიტყვები კი არა, პაპის ოფიციალური განცხადება იგულისხმება) სარწმუნოებრივ ან ზნეობრივ საკითხებზე, შეუძლებელია ცდებოდეს, ამიტომაც, მას არც დამტკიცება და არც საეკლესიო სისავსის დასტური სჭირდება, რადგან პაპის ex cathedra გაკეთებული განცხადებები თუ სწავლებები თავისთავად უცთომელია.
ეს საკმაოდ ახალი დოგმატია და ის კათოლიკურმა ეკლესიამ 1870 წ. ვატიკანის პირველ კრებაზე მიიღო, რომელსაც კათოლიკეები მეოცე მსოფლიო კრებასაც უწოდებენ. ისინი აგრძელებენ მსოფლიო კრებათა რიცხვს შუასაუკუნეების, აღორძინების ხანისა და ჩვენს დროში მოწვეულ თავიანთ კრებებსაც უმატებენ. ამ მომენტისთვის კათოლიკეები 21 მსოფლიო კრებას ითვლიან. პაპის უცთომელობის დოგმატი რომ ვაღიაროთ, გამოვა, რომ უცთომელი მასწავლებლობის თვისებას, რომელიც მთლიანობაში მთელს ეკლესიას ეკუთვნის, ერთი პიროვნება - რომის ეპისკოპოსი ისაკუთრებს.
როგორ არის მართლმადიდებლობაში? ვინ მიიჩნევა ჩვენთან ჭეშმარიტების დამცველად? არსებობს თუ არა რაიმე ისეთი ორგანო, რომელიც მოგვცემდა იმგვარ დადგენილებებს, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს და ჩათვალოს, რომ ისინი უპირობო ჭეშმარიტებებია? იქნებ მსოფლიო კრება? მაგრამ, ვინ განსაზღვრავს, არის თუ არა კრება მსოფლიო? მესამე და მეოთხე მსოფლიო კრებათა შუალედში შედგა კრება, რომელმაც ეკლესიის ისტორიაში ეფესოს ყაჩაღთა კრების სახელწოდება მიიღო. მას აღმოსავლეთის თითქმის ყველა ეპისკოპოსი ესწრებოდა, ამდენად, ფორმალურად, მსოფლიო კრებად ისიც შეიძლება იწოდოს. მაგრამ ეს ეპისკოპოსები შთავარდნილნი იყვნენ მონოფიზიტურ ცთომილებაში. ცხადია, ეს კრება ეკლესიამ უარჰყო.
მართლმადიდებლობაში ასეა: იმისთვის რათა ყველაზე ავტორიტეტული კრებაც კი მსოფლიოდ მიიჩნიონ, საჭიროა მისი დადგენილებები ეკლესიის მთელმა სისავსემ ცნოს. რათა მთელმა საეკლესიო ერმა დაადასტუროს მისი ჭეშმარიტება და მისი დადგენილებების სიმართლე. და თუკი იქნება ამგვარი თანხმობა და დასტური, ყველა აღიარებს, რომ კრება ნამდვილად ასახავს მთელი ეკლესიის სწავლებას. თანაც ეს არ გამოიხატება რაიმე გარეგნული ნიშნით, მაგალითად, ხმების უმრავლესობით. ეკლესიის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როდესაც კრების უმრავლესობას შეადგენდნენ ერეტიკოსები. ჩვენ ვაღიარებთ ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას. ეკლესიის საყოველთაოობა ეს ეკლესიაში შემომსვლელთა სტატისტიკური ჩამონათვალი როდია. ჩვენ გვწამს, რომ ადამიანური უძლურების, ერისკაცთა და სასულიერო პირთა ცთომილების მიუხედავად, ეკლესიის სისავსე შეუძლებელია შეცდეს. მართლმადიდებლობაში ჭეშმარიტებისა და ღვთისმოსაობის მცველი მთელი ეკლესიაა, მისი სისავსეა და ამას წმ. მოციქულ პავლეს სიტყვებიც ადასტურებს, რომლის სწავლებითაც ეკლესია არის "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3:15). ის არ შეიცავს რაიმე მითითებებს რომელიმე გარეგან ავტორიტეტზე. ასე, რომ არ არსებობს არანაირი გარეგანი ნიშანი, რომელიც დაადასტურებდა ვინ ლაპარაკობს ჭეშმარიტებას და ვინ არა, რათა მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი ერთი მოსაზრებისადმი მიმხრობა და დანარჩენის კი უარყოფა. ამაშია სწორედ კარდინალური განსხვავება მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის.
კათოლიკეებს სურთ ჰქონდეთ გარეგანი ავტორიტეტი, რომელსაც შეიძლება შეუერთდე და ასეთი ავტორიტეტი გახდა რომის ეპისკოპოსი. მაგრამ მოციქული პავლე მოგვიწოდებს: "მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს" (გალ. 5:1) და "სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად" (1 კორ. 7:23).
ქრისტეანის ცხოვრებაში ყოველთვის არის შინაგანი პრობლემა, რომელიც ყოველმა ჩვენთაგანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, და არავისა აქვს უფლება პასუხისმგებლობა სხვას დააკისროს. ეს არის საეკლესიო ჭეშმარიტებაში ყოფნის, ეკლესიასთან თანხმობაში ყოფნის პრობლემა. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტეანისთვის ჭეშმარიტების კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ მან თავისი საკუთარი აზრი ყოველთვის ეკლესიის გადმოცემასა და სწავლებას უნდა შეადაროს და რაიმე გარეგანი ნიშნის არსებობა აქ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ადგილობრივი კრებები, პატრიარქთა გადაწყვეტილებები, სინოდის დადგენილებები - ეს ის მნიშვნელოვანი ორიენტირებია, რომლებსაც ქრისტეანი უნდა მისდევდეს. მაგრამ, თუ კრება ან პატრიარქი უეცრად შეცდება კანონიკურ ან თვით დოგმატურ საკითხებში, საბოლოო სამსჯავრო - ეს ყოველი ქრისტეანის სინდისია. ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც პატრიარქებიც კი ცდებოდნენ (ეს მომხდარა კონსტატინოპოლის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და ალექსანდრიაშიც), როდესაც კრებები ღებულობდნენ არასწორ გადაწყვეტილებებს.
როგორი დასკვნები გამოაქვთ თვით კათოლიკეებს პაპის შესახებ საკუთარი სწავლებიდან? მოდი, ავტორიტეტული რომაელი თეოლოგები დავიმოწმოთ და მათი ციტატებიდანვე დავინახავთ, როგორი დონის სიმახინჯემდეა მისული რომაულ-კათოლიკური სულიერი სამყარო.
XIII საუკუნეში ყველაზე ავტორიტეტული კათოლიკე ღვთისმეტყველი თომა აქვინელი, - რომლის სახელის მიხედვითაც იწოდება კათოლიციზმის ოფიციალური, საღვთისმეტყველო დოქტრინა თომიზმი (სახ. თომადან), - პაპის შესახებ წერდა: "ყოველ პაპთან საიდუმლოებებშიაც და ავტორიტეტშიაც სრულიად იმყოფება ქრისტე". აქ სიტყვა "პაპი" სიტყვა "ეკლესიით" რომ შევცვალოთ, მივიღებთ სრულიად მართლმადიდებლურ წინადადებას. ეს არის ტიპიური მაგალითი იმისა, როგორ გადააქვთ კათოლიკეებს რომის ეპისკოპოსზე ის, რაც სინამდვილეში არის მთელი ეკლესიის თვისება და საკუთრება.
XIX საუკუნეში გერმანელი ღვთისმეტყველი დირინგერი, კათოლიკეების მიერ ოფიციალურად აღიარებული დოგმატური ღვთისმეტყველების სახელმძღვანელოს ავტორი, წერდა: "პაპში გრძელდება ღმრთის განკაცება ანუ ღმრთაების შეერთება კაცობრიობასთან და მას (ანუ პაპს - მთარგმნ.) იპოსტასურ და ზნეობრივ შეერთებას შორის შუალედური ადგილი უკავია".
ჩვენ ვიცით, რომ ღმრთისა და კაცობრიობის იპოსტასური შეერთება მოხდა ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს პიროვნებაში. ზნეობრივი ერთობისკენ ყოველი ჩვენთანგანია მოწოდებული. მადლისმიერი განღმრთობა კი ქრისტეანობის მიზანია. კათოლიკეები ვერ ბედავენ პაპზე თქვან, რომ მასში გრძელდება ღმრთეებისა და კაცობრიობის შეერთება, რადგან ეს სრულიად გაუთანაბრებდა პაპს იესუ ქრისტეს. მაგრამ, ისინი პაპთან დაკავშირებით ყველა ადამიანში ზნეობრივი შეერთების თვალსაზრისით ლაპრაკობენ. ისინი ამბობენ, რომ პაპი დგას ქრისტესა და ყველა ადამიანსა შორის. ის არის შუალედი ღმერთსა და კაცობრიობას შორის.
კიდევ ერთი ტიპიური ციტატა. უკვე XX საუკუნეში, ფრანგი ღვთისმეტყველის, ეპისკოპოს ბუგოს წიგნში, რომელსაც "ეკლესია" ეწოდება" (პარიზი, 1922 წ.) ვკითხულობთ: "ევქარისტიის საიდუმლოში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ქრისტეს ერთი ნახევარი, რადგან ის ევქარისტიის საიდუმლოს გარეთ იმყოფება. მაშ, სად უნდა ვეძებოთ იესუ ქრისტეს მეორე ნახევარი, რომელიც რეალურად არის ეკლესიაში? ის ვატიკანშია, პაპშია. პაპი არის სწორედ ეკლესიაში ქრისტეს მყოფობის მეორე საშუალება. ქრისტემ თავისთვის შექმნა ეკლესიაში ყოფნის ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდი, ორივე მიუწვდომელია და ერთად შეერთებულნი წარმოქმნიან მისი განკაცების სისრულეს. ო, უდიდესო საიდუმლოვ ორმაგი საფარველისა, რომლის ქვეშაც იმალება იესუ ქრისტე თავისი სისავსით! მოვედით იესუსთან, რომელიც ამბობს: მოდით პაპთან. ამაშია მთელი ქრისტეანობის საიდუმლო. ეს არის რეალური მყოფობისა და განკაცების სასწაული, რომელიც გრძელდება და განივრცობა ორი საფარველის ქვეშ".
აი, როგორი მიმართება აქვს კეთილ კათოლიკეს რომის ეპისკოპოსისადმი. მით უფრო საშინელი და ტრაგიკულია, ეს სიტყვები, რაც უფრო გულუბრყვილოდ და გულწრფელად არის ის ნათქვამი. ამ სიტყვების ავტორი, გულწფრელად მორწმუნე ადამიანია, ოღონდ მისი სარწმუნოების ობიექტი, საითკენაც არის მიმართული მთელი მისი რელიგიური განცდები და გრძნობები, სულაც არ არის იმის ღირსი, ვისიც უნდა სწამდეს და ვისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ყოველი ქრისტეანი. ის ხომ ევქარისტიის საიდუმლოს ადარებს იმ განცდას, რომელსაც კათოლიკე რომის პაპის დანახვისა და მასთან შეხებისას განიცდის. ეს ტრაგედიაა, რადგან ეს არის ქრისტეანული სარწმუნოებისა და ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული იმ ერთადერთი შუამავლის, იესუ ქრისტეს ხატის კარდინალური დამახინჯება.
კარდინალი ბელარმინი (XVI ს.) წერდა: "პაპი, პირდაპირი და აბსოლუტური გაგებით, მსოფლიო ეკლესიაზე უზენაესია". იგივე ბელარმინს ამ დებულებიდან გამოჰყავდა უფრო საშინელი დასკვნა იმის შესახებ, რომ თუ პაპმა რომელიმე სათნოება ვნებად ჩათვალა, რომელიმე ვნება კი - სათნოებად, ეკლესია მოვალეა ისე მოიქცეს, როგორც ეს მას პაპმა განუწესა.
ცხადია, ასეთი რამ იწერებოდა იმ რწმენიდან გამომდინარე, რომ პაპი არასოდეს გასცემდა განკარგულებას რომელიმე სათნოება მიეჩნიათ ვნებად. მაგრამ ნიშანდობლივია ის, რომ ეკლესიის მთელი სისრულის ზნეობრივი ორიენტირები აქ ერთი ადამიანის, პაპის შეხედულებებზეა დამოკიდებული. იმავე XVI საუკუნეში, სხვა კარდინალმა, კაეტანმა, გააკეთა არცთუ შემთხვევითი განცხადება: "ეკლესია პაპის მოახლეა".
წმიდა წერილზე დაყრდნობით, კათოლიკეებს ხშირად მოჰყავთ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც მან პეტრეს უთხრა: "შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას" (მათე 16:18). ეს სიტყვები ქრისტემ თავის ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე თქვა. ხოლო მანამ, სანამ ამას იტყოდა თავის მოწაფეებს მის შესახებ ხალხში არსებული შეხედულებისთვის ჰკითხა: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა? მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი" (მათე 16:13-14). იმ დროს მრავალი ეხებოდა ქრისტეს, მაგრამ არ უწყოდნენ დედამიწაზე მოსული მესია რომ იყო. შემდეგ მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ჰკითხა: "თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?" მოწაფეთა სახელით მოციქულმა პეტრემ უპასუხა: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა". რის გამოც ასეთი პასუხი დაიმსახურა: "ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას".
კათოლიკეებს უყვართ იმაზე ლაპარაკი, რომ აქ მოციქულ პეტრეს ყველას მეთაურობა და ქვაკუთხედობა მიენიჭა, რომელზეც არის დაფუძნებული ეკლესია. წმიდა მამებს კი მაცხოვრის ეს სიტყვები სულ სხვაგვარად ესმოდათ. კერძოდ, იმ აზრით, რომ კლდე, რომელსაც ეკლესია ეფუძნება, პეტრე მოციქულის მიერ გამოთქმული რწმენაა ქრისტეს მიმართ, რომელშიც მან ძე ღმრთისა დაინახა.
და მართლაც, იქ სადაც უარყოფენ ქრისტეს ღვთაებრიობას, იქ არც არის ეკლესია. ტოლსტოველობის მსგავსი უახლესი ან არიანელობისა და ნესტორიანელობის მსგავსი ძველი მწვალებლობანი, რომლებიც ასე თუ ისე, ეჭვ ქვეშ აყენებდნენ იესუ ქრისტეს ღმერთკაცობას, ეკლესიის გარეთ იმყოფებიან.
კათოლიკეებს კი ეს სიტყვები ბუკვალურად ესმით და ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ რომის ეპისკოპოსი მოციქულ პეტრეს მემკვიდრეა და, რომ სწორედ ის არის კლდე, რომელზეც დგას ეკლესია. ეს ლოდი რომ გამოვაცალოთ მას, მთელი შენობა დაინგრევა. ამიტომაც, შეუძლებელიაო მოწვეულ იქნას მსოფლიო კრება, ამბობენ კათოლიკეები, როდესაც რომის პაპი გარდაცვლილია. რომის ეპისკოპოსის არყოფნაში ეკლესია ვერც უცთომელობით დაიკვეხნის თავს და ვერ სარწმუნოებრივი განსაზღვრებების სისავსით, ამიტომაც, აუცილებელია ველოდოთ ახალი პაპის არჩევას, რომ კვლავ გაუძღვეს წინ ეკლესიის ხომალდს.
პაპის ძალაუფლება საუკუნეების განმავლობაში ძლიერდებოდა და ვრცელდებოდა. რომის ეპისკოპოსის ასეთი აღზევება ობიექტური, ისტორიული ვითარებებით აიხსნება. რომი ერთადერთი სამოციქულო კათედრა იყო დასავლეთში სადაც სახელმწიფოებრიობა განგრძლივი დროის განმავლობაში საკმაოდ მორყეული და არასტაბილური გახლდათ და ერთადერთ მყარ ინსტიტუტად რომის ეკლესიის კათედრა წარმოჩინდებოდა მის ეპისკოპოსთან ერთად.
საუკუნეების განმავლობაში, აღმოსავლეთში აღმოცენებულ მწვალებლობებთან დავაში, რომის ეპისკოპოსს მიმართავდნენ როგორც არბიტრს. რომის ეკლესიაც მიეჩვია ამ ფუნქციას და თავი უკვე წარმოიდგინა იმგვარ განმგებლად, რომელსაც განაჩენი ყველა დოგმატურ და სხვა შეხედულებებთან დაკავშირებითაც გამოაქვს. ყოველივე ამას, სამწუხაროდ, მიემატა ადამიანური უძლურება, სიამაყე, ამპარტავნება, ზოგჯერ კი სულმოკლეობაცა და მცირედმორწმუნეობაც.
სხვა დანარჩენთან ერთად, ამ ფაქტორებმა ჩამოაყალიბა რომის კათედრის პრეტენზია მთელი ეკლესიის მეთაურობასა და საყოველთაო პირველობაზე. შემდეგ კი გაკეთდა დასკვნა, რომ რომის ეპისკოპოსი ეს არის ეკლესიის აბსოლუტური და უზენაესი მსაჯული, რომელიც თვითონ არავის მსჯავრს არ ექვემდებარება და თან უცთომელია. როგორ შეიძლება შეცდეს ის, ვისზეც ეკლესიას არ შეუძლია გამოიტანოს რაიმე დადგენილებაც კი? ასე, რომ სწორედ აქ არის ის უდიდესი საცთური, და გარკვეული გაგებით, კაცობრიობის მტრის ზეიმიც, რომელმაც მრავალი მილიონი ქრსიტეანისთვის დაამახინჯა ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტი სახე.