ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
წმ. ფოტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი

წერილები სომხური სარწმუნოების შესახებ

წერილი დიდი სომხეთის მთავარს აშოტს

ღვთისმოსაობით განთქმულო, ძლიერებით აღმატებულო და თანატომელთა შორის უმაღლესო, დიდი სომხეთის თავადო აშოტ!

უფლის წყალობით, ახალი რომის ეპისკოპოსთა მეთაური და მსოფლიოს პატრიარქი, აღძრული ვარ მზრუნველობით გასწავლოთ ჭეშმარიტება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ვიცით, თქვენი ქვეყანა დაცულია უმაღლესი სახიერებით და მოკავშირე იყო საყოველთაო ეკლესიისა, მხოლოდ იმის გამოკლებით, რომ თქვენ, ღმრთისა და ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, დაგმეთ მეოთხე კრება, რომელმაც დაამხო ნესტორი და მისი ბილწი აღმსარებლობა აღმოკვეთა. მაგრამ, არსებითად, ვინ არ გაიგებს, რომ ქალკედონის კრების არმიმღებნი არიან უგუნურნი და ჩვენი მაცხოვრის მგმობარნი, რომლებმაც დასცინეს მას, ვინც დევნიდა ეშმაკთ კაცთაგან, რადგან რა განსხვავებაა ეშმაკთა მთავარსა და უფლის მგობართა შორის?! ან კიდევ, იმის შემდეგ, რაც ქალკედონის წმიდა კრებამ დასწყევლა და განკვეთა ნესტორი ყველა მისი მიმდევარითურთ, იქნებ ვინმემ იმის უარყოფაც დაიწყოს, რომ ნესტორი იყო სატანის მონა, ეფესოს კრებას რომ აუმხედრდა და ამ კრების ზოგიერთი მონაწილეც მიიმხრო!

როგორ ბედავთ ლანძღოთ და აქილიკოთ მეოთხე კრება, როდესაც ის მესამეს შეუერთდა? მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ გაგაჩნიათ ღმრთისშემეცნება, რომელსაც უზენაესი ძალნი იცავენ, ხოლო თქვენი ხალხი არასაკადრის აზრებზე მაღლა მდგომი ღმრთის ერია, სადავო საკითხზე ჩვენს საპასუხოდ გამოთქმული თქვენი განმარტება უპატივცემლობის გამომხატველია. თუმცა, ყველა ცრუ მოსაზრება, რომელიც დამახასიათებელია თქვენთვის მყის გაქრება, როგორც კი უარყოფთ თქვენს შეხედულებას (ქალკედონის კრების შესახებ), განადიდებთ მას და მესამე მსოფლიო კრების თანასწორად აღიარებთ.

პირველი რომი ისეთ პატივს მიაგებს მეოთხე კრებას, როგორც ჩვენ პირველ სამს, რომელიც მანამდე იყო. ასევე დიდი პატივით ღებულობენ მას ალექსანდრიისა და იერუსალიმის საყდრები და არ დავობენ არც ამ წმიდა კრებისა (ანუ მეოთხე მსოფლიო კრების - რედ.) და არც მის შემდგომ გამართული, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კრებათა გამო.

მაშ, ვის შეუძლია ეწინააღმდეგოს სარწმუნოებას, რომელიც სამყაროს კიდეებამდეა გავრცელებული და რომლის შესახებაც უფალი ბრძანებს, რომ "მას ვერ სძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი"?! შედეგად, არ ეგების იმ ადამიანთა ფუჭი სიტყვების მოსმენა, რომლებიც მხოლოდ სახელწოდებით განსხვავდებიან ანტიქრისტესგან, სულის მომწამვლელ შხამს ასმევენ თავიანთ მსმენელთ და მორწმუნეებს ღმრთისგან ბოძებულ სულიწმიდის სწავლებასა და სასწაულებს განაშორებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ღმერთსა და კაცს, თავიანთი გონების უძლურებით მიაგებენ პატივს და იმის შემდეგ, რაც მასში ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება იხილეს, მაინც ერთ ბუნებაზე ქადაგებენ. 

ვინც ასე მეტყველებს, ის ყოველგვარ ბუნებას უარყოფს, რადგან, თუკი ერთ, მარტივ აღიარებს ბუნებას, მაშინ მეორეს უარყოფს. ხოლო თუ ბუნებათა (ღვთაებრივისა და კაცობრივის) აღრევას ასწავლის, გამოდის, რომ ცნობს ორივე ბუნების განქარვებას, რადგან ასეთ შემთხვევაში არც ერთი ბუნება არ დარჩება თავის თვისებაში. და როგორ ესმით ეს ყოველივე? იმის მტკიცება ხომ არ სურთ, თითქოსდა ეს შერეული ბუნება მამისა და სულიწმიდის ბუნებისგან განსხვავებულია, ან პირიქით? თუ იტყვიან, განსხვავებული არ არისო, ღმრთის გმობასა და მკრეხელობას მიეცემიან, რადგან (ასეთ შემთხვევაში) მამის ბუნების შედგენილობას დაუშვებენ, ხოლო თუ იტყვიან განსხვავებულიაო, მაშინ ძეს არ ჰქონია მამის ბუნება და რა ადგილს დაიმკვიდრებს ამის მქადაგებელი სრულიად ცხადია. 

ვისა აქვს უნარი მთლიანობასა და ერთობლიობაში გადმოსცეს მსგავს შეკითხვათა ვითარებანი, რომელიც სულიწმიდამ მეოთხე კრების მეშვეობით განმარტა, ხოლო სარწმუნოების განსამტკიცებლად, წინააღმდგომთა დასამხობად და მათი ბნელი აზრების დასარღვევად, სარწმუნო ნიშები და სასწაულები მოჰყვა. გარდა ამისა, აუცილებლად მრავალი სიტყვა დაგვჭირდებოდა ჭეშმარიტების განმარტებისთვის ჩვენი წერილი ვინმე უბრალო ადამიანისადმი რომ ყოფილიყო მიმართული, მაგრამ შენი აღმატებულებისთვის, რომელსაც გამჭრიახი გონება, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა და მეგობრობის სურვილი გააჩნია, ჩემი ნათქვამიც საკმარისია. მით უმეტეს, რომ თქვენს მოძღვარსა და მღვდელმთავარს რამოდენიმეჯერ მივწერეთ ვრცელი წერილები იმის შესახებ, რაზეც ახლა თქვენს აღმატებულებას ვევედრებით. კერძოდ, წმიდა კრებათა მეშვეობით განმტკიცდეთ უბიწო სარწმუნოებაში და განვლილი გზიდან კი არ გადაიხაროთ, არამედ ბოლომდე მიჰყვეთ, რადგან ვინც გაბედავს და ქრისტეში მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებს ის ევტიქივით წყევლას დაიტეხავს თავზე. უთავოდ აღმოჩნდება სასანელთა (ევტიქის მიმდევრები) მრავალთავიან სარწმუნოებაში და მანესის თანამოაზრე შეიქნება.   

შემდეგ, თუ ვინმე ქრისტეში აღიარებს არა ორ განსხვავებულ, არამედ ორ ურთიერთგანცალკევებულ ბუნებას და ორ იპოსტასს, ღირსია დაისაჯოს ნესტორივით, რადგან ღმრთის ეკლესიამ ერთიც უარყო და მეორეც; განაგდო ბოროტი აღმსარებლობა თავისი ღვთაებრივი წიაღიდან და ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში მხოლოდ ერთი იპოსტასი აღიარა, რომელშიც ორი განსხვავებული ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) შეურევნელად და განუყოფლად არის შეერთებული და მათაც ამხელს, ვინც ვნებასა და ტანჯვას მიაწერენ ღვთაებას.

ასე, რომ თქვენო აღმატებულებავ, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში განამტკიცე შენი ქრისტეანი ერი, რადგან ისე არაფერი ესათნოება ღმერთს, როგორც მისი ჭეშმარიტი შემეცნება და მართლმადიდებლური ქება, გამრავლებული მტკიცე და განუხრელი სიყვარულით. თუ ჭეშმარიტებაში განმტკიცდები, ღმრთის მფარველობით ჯერ მტრებსა და ათასგვარ მზაკვრობებს მტკიცედ დასძლევ, შემდეგ კი მართლმადიდებელ წმიდა მეფეთა წყალობასაც მოიპოვებ და ორივ სამეფოს დაიმკვიდრებ, ვგულისხმობ აწმყოსა და მომავალს, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ყველა წმინდანი მეოხ გექმნება. შენს კეთილშობილ და დიად პიროვნებას სახსოვრად ვუგზავნით ჩვენთან დაცული პატიოსანი ჯვრის ნაწილს.