მართლმადიდებლობის დამოკიდებულებაზე კათოლიკური კონფესიისადმი მრავალგვარი შეხედულება არსებობს. განსაკუთრებით გავრცელებულია ეს თემა მოსკოველ მღვდლებსა და სასულიერო სკოლების მასწავლებლებს შორის. როგორია სინამდვილეში მართლმადიდებლური პოზიცია? ამ კითხვით მივმართეთ ჩვენ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელს, მღვდელ ანტონი სმირნოვს.
ძვირფასო მამა ანტონი, თქვენ, როგორც ღვთისმსახური და ღვთისმეტყველი, ხომ ვერ გვეტყოდით რაშია ლათინური სარწმუნოებისადმი ლიოალობის საშიშროება?
სანამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა განვიხილოთ მიზეზობრივი ფაქტორი, ანუ რატომ უნდა გვწამდეს ღმრთისა სწორედ მართლმადიდებლურად, და არა სხვაგვარად. დღეს ამბობენ, რომ ცხონდებიან უბრალო დედაბრებიც კი, რომელთაც არ იციან არც დოგმატები და არც კანონები. და თუკი ეს ასეა, მაშინ სულ ერთი არ არის როგორ უნდა გვწამდეს? ამბობენ, რომ ცხოვნებისთვის სრულიად საკმარისია მონაწილეობდე ეკლესიის საიდუმლოებებში, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ განხეთქილებას თესავს ეკლესიის წიაღში. ასეთი შეხედულება აბსოლუტურად არასწორია.
დამიჯერეთ, მე, როგორც მღვდელმსახური, გარწმუნებთ, რომ ჩვენს მართლმადიდებელ ბებიებს არა თუ მღვდლებზე ცუდად, არამედ, ზოგჯერ უკეთესადაც კი ესმით მართლმადიდებლური დოგმატიკა. მათი უბრალო გულები იმდენად ზუსტად აღიქვამენ ჭეშმარიტებას, რომ უნებურად გახსენდება მეთევზე-მოციქულები, რომლებიც უფალმა აირჩია რათა შეერცხვინა ამა სოფლის ბრძენნი. მართლაც, ღვთისმეტყველი ის კი არ არის, ვისაც დოქტორისა და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი გააჩნია, არამედ ის, ვინც თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ არის ჭეშმარიტი ქრისტეანი. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების წყარო ხშირად არის უბრალო, მორწმუნე ერი, რომელიც თავისი გულის სიწმინდით დაუბრკოლებლად აღიქვამს მარადიული ცხოვრების ხმას. სადაც გულწრფელი სარწმუნოებაა, იქ არ არის არც საეკლესიო პოლიტიკის ადგილი და არც მახვილგონივრულად დაწნული ბრძენმეტყველებისა, რითაც ასე გამოირჩევიან დღეს თანამედროვე ტიტულოვანი ღვთისმეტყველები.
ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ უმეცარი ბებრუხანა, რომელიც მწვალებლურ ეკლესიაში დადის და არც კი ესმის ის განსხვავებანი რაც არსებობენ მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს შორის, შეიძლება ცხონდეს. ეს გახლავთ ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი შეცდომა.
სულის ცხოვნება მხოლოდ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაშია შესაძლებელი. რადგან ადამიანს ჭეშმარიტებისგან მცირედი გადახვევაც კი განაშორებს მაცხოვნებელ მადლს. ცხოვნების გზა კი ერთია. ამის შესახებ ნათლად არის ნათქვამი წმიდა წერილში: "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:5).
მართლმადიდებლობის გზა მდგომარეობს ქრისტეს მცნებათა თავმდაბლურ და მორჩილ აღსრულებაში. ეს განკარგულებანი ზუსტად არის დაცული მართლმადიდებელ ეკლესიაში. მაშინ როდესაც, სხვა "ქრისტეანულმა" კონფესიებმა ან მიუმატეს, ან კიდევ მოაკლეს რაღაც უფლის პირვანდელ სწავლებას, რითაც დაამახინჯეს ჭეშმარიტება. ყოველი ამგვარი ქმედება, ეს არის ამპარტავნების ნიშანი. ამ რელიგიათა მიმდევრები, გამონაკლისის გარეშე, იმყოფებიან ხიბლის მდგომარეობაში და, შედეგად, ვერ დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.
უფლისადმი მორჩილება - სწორედ ასეთია მართლმადიდებლური სწავლების სხვა რელიგიათაგან განმასხვავებელი ნიშანი.
მაგრამ, ხომ არ არის ამგვარი მსჯელობა ყველა არამართლმადიდებლის განკითხვა მეორედ მოსვლამდე და საშინელ სამსჯავრომდე?
ცხადია, არა! ეს განკითხვა კი არა, ფაქტია. ამის შესახებ ნათქვამია წმიდა წერილში. როდესაც ის ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ყველა მოუნანიებელი ცოდვილი წავა ჯოჯოხეთში, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც თავისთავად ნაგულისხმევს. განა მწვალებელი არ არის მოუნანიებელი ცოდვილი?! და თუ ვინმე თვალს მოუხუჭავს ჭეშმარიტებას, მიჰყვება მწვალებლებს, ცოდვა მის სინდისზეა. რადგან ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ეძიოს ჭეშმარიტება, და თუ არ ეძებდა, ღმერთი არ არის დამნაშავე მის წარწყმედაში. ვინც ეძებს ის ჰპოვებს, და ვინც აკაკუნებს, კარსაც იმას უღებენ.
ჩვენ განუწყვეტლივ ვაწყდებით ჩვენს სულში ღმრთისადმი მორჩილებას და ეშმაკისადმი მორჩილებას. თუ ღმრთისას ვისმენთ, მაშინ სიმართლეს ვიქმთ და ვცხონდებით, ხოლო თუ ეშმაკისას, მაშინ ვცოდავთ. ეს გამუდმებული ბრძოლა ყოველწამიერია და გაჩაღებულია თითოეული მორწმუნის გულში.
როგორ ვიცნოთ ღმრთის ნება?
ღმრთის ნება მდგომარეობს მისი მცნებების აღსრულებაში. ამიტომაც, თუ რაიმე მცნებათა საწინააღმდეგოა, ის არ შეიძლება იყოს ღმრთის ნება. თუმცა, მტერი ხშირად შემოგვაპარებს ჭეშმარიტ ცნებებს, რათა თავის ბადეში გაახვიოს გამოუცდელნი. მაგალითისთვის, მას შეუძლია შთააგონოს ადამიანს, რომ მწვალებელთა მხილება ეს არის ადამიანის განკითხვის ცოდვა და ამგვარი ხრიკით ადამიანს ჭეშმარიტების გამყიდველთა ცოდვის თანამონაწილედ ხდის. მხოლოდ ორ შემთხვევაში არ არის განკითხვა ცოდვა. ამის შესახებ ამბობს წმ. ბასილი დიდი. პირველი, როდესაც ჩვენ შემცოდე ძმის შესახებ ვეტყვით სულიერ მოძღვარს, და მეორე, როდესაც თვით მოყვასს ვაფრთხილებთ მოახლოებული საშიშროებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ მწვალებლობაზე, ჩვენ მათ კი არ განვიკითხავთ, არამედ ვაფრთხილებთ ჩვენს ძმებს მათ მიმართ არსებული საფრთხის შესახებ.
ამბობენ, რომ ყველა რწმენა, რომელიც იესუ ქრისტეს ღმრთის ძედ აღიარებს, ანუ კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვა მიმართულებები, რომლებიც ქრისტეანებად იწოდებიან, - სათნოა ღმრთისთვის. ასეა თუ არა ეს სინამდვილეში?
შეიძლება ითქვას, რომ მე მწამს ესა და ეს, ხოლო საქმით ვაჩვენებ ურწმუნოებას. უფალი კი გვასწავლის ვუყუროთ არა სიტყვებს, არამედ ნაყოფს, ანუ საქმეებს. ხოლო, როგორც ცნობილია, "რწმენა საქმის გარეშე მკვდარია" (იაკობი 2:20). ამიტომაც, რწმენა იესუ ქრისტესადმი, როგორც ღმრთისადმი, მდგომარეობს მისი მცნებების განუხრელ აღსრულებაში. და თუ ჩვენ განვიხილავთ კათოლიკეთა სიტყვებსა და საქმეებს, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მათ არ სწამთ იესუ ქრისტესი, როგორც ღმრთისა.
როგორ შეიძლება ეს განვმარტოთ?
მოციქული ამბობს: "ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგანაა შობილი, და ყველას, ვისაც უყვარს მშობელი, მის მიერ შობილიც უყვარს" (1 ინ. 5:1). და შემდეგ: "ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა" (იქვე. მ. 3-4). კათოლიკეები კი პირიქით, დიდის მონდომებით ემსახურებიან ამ წუთისოფელს. მათ სწამთ მწვალებლური დოგმატის, რომ მათი პაპი არის "ღმრთის ნაცვალი" დედამიწაზე. მათი სწავლება მდგომარეობს მხოლოდ ერთში - პონტიფიკოსისადმი სრულ მორჩილებაში. სწამთ რომის მღვდელმთავრის უსაზღვრო ძალაუფლების შესახებ სულელური სწავლების. "პაპს შეუძლია ყველაფერი: შეცვალოს ნებისმიერი მცნება, გააუქმოს მოციქულთა დადგენილებანი, სიცოცხლეშივე აღასრულოს მსჯავრი ადამიანის სულზე და განუწესოს მას საიქიო ადგილსამყოფელი". აი, ასე სწამთ მათ. კათოლიკეებს რომ სწამდეთ, რომ იესუ არის ქრისტე, მაშინ არ დაამახინჯებდნენ მის ყოვლადსრულყოფილ ღვთაებრივ სწავლებას თავიანთი მწვალებლური გამონაგონებით.
მაგრამ დღეს მრავალი ღვთისმეტყველი მიიჩნევს, რომ კათოლიკეები ჩვენი ძმები არიან ქრისტეში, და არა მწვალებლები. როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამგვარი შეხედულებისადმი?
შეხედულებები მრავალგვარია, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რასაც ეკლესია გვასწავლის. კათოლიკეები, როგორც მწვალებლები ანათემას გადასცეს კრებებმა: 1054 წელს, მიქაელ კერულარიოსის დროს; შემდეგ, გრიგოლ II დროს (1283-1289), სერგი II-ს დროს (999-1019), იმპერატორების ალექსის, იოანეს და მანუელ კომნინოსების დროს (XI-XII სს.), 1482 წელს, ფლორენციის კრების შემდეგ, ისინი ანათემას გადასცა სამმა აღმოსავლელმა პატრიარქმა, ასევე რუსეთისა და მოლდოვლახეთის ადგილობრივმა ეკლესიებმა. ვის უნდა დავუჯეროთ ჩვენ? თანამედროვე ინტერპრეტატორებს თუ ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს?
იქნებ კრებები შეცდნენ?
ეკლესიაში არსებობს ასეთი კანონი: თუ ადგილობრივმა კრებამ მიიღო დადგენილება, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას, ეს კრება მიიჩნევა მწვალებლურად და მისი დადგენილებები გადაეცემა ანათემას. რომაული აღმსარებლობა ანათემირებულია ათეულობით ადგილობრივი კრების მიერ და არც ერთ ეკლესიას არ განუკითხავს ისინი. მეტიც, ჩვენ გაგვაჩნია წმიდა მამათა მრავალი მოწმობა იმის შესახებ, რომ კათოლიკეები არიან მწვალებლები.
როგორ ვრცელდებოდა მწვალებლობა ლათინებს შორის?
IX საუკუნეში, მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების საპირისპიროდ, რომელი დადგენილებებიც ეკლესიამ აიყვანა სარწმუნოებრივი დოგმატების რანგში, კათოლიკეებმა სარწმუნოების სიმბოლოს (იქ, სადაც ლაპარაკია სულიწმიდაზე) დაამატეს სიტყვები: "და ძისაგან" (filioque). 809 წელს, ესპანელმა ეპისკოპოსებმა პაპ ლეონ III მიუგზავნეს სამასი ელჩი იმისთვის, რათა მას დაერთო ნება მათთვის ნიკეის სიმბოლოსთვის, იქ სადაც ლაპარაკია: "და სულიწმიდა, უფალი ცხოველმყოფელი და ჭეშმარიტი, რომელი მამისგან გამოვალს", დაემატებინათ სიტყვები: "და ძისაგან". პაპმა არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა. მაგრამ, ეს მწვალებლობა სწრაფად გავრცელდა და დამკვიდრდა ესპანელ ეპისკოპოსებს შორის, რომელთაც დიდი ზეგავლენა გააჩნდათ ლეონ III-ზე. მალე მან დაუთმო ეპისკოპოსთა მოთხოვნას და გასცა განკარგულება წმ. პეტრეს ეკლესიაში დაედგათ ორი ვერცხლის დაფა, რომელთაგან ერთზე დაწერილი იყო სარწმუნოების სიმბოლო ლათინურად, "და ძისაგან" დამატებით, მეორე კი ბერძნულად, ამ დამატების გარეშე. რა გააკეთა რომის ეპისკოპოსმა? მან, ვითომცდა "სიყვარულით", დაუთმო მწვალებლებს. და აი, როგორ შემოტრიალდა მისი ეს "სიყვარული". 200 წლის შემდეგ, რომლის ეკლესია სრულიად მოწყდა მართლმადიდებლობას. აი, როგორი უდიდესი შეცდომა დაუშვა პაპმა ლეონ III. ის ცდილობდა თავიდან აერიდებინა აზრთა სხვაობა და შეენარჩუნებინა მშვიდობა თავის ადგილობრივ ეკლესიაში, შემდეგ კი მწვალებელთა საამებლად ნება დართო მათ ერწმუნათ ისე, როგორც მათ სურდათ. შედეგად კი ხელი შეუწყო დასავლეთის განდგომას ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან.
სულიწმიდის მიერ ძღვანებული, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, 864 წელს, კონსტანტინოპოლის კრებაზე, ოთხი პატრიარქისა და ათასობით ეპისკოპოსის თანხმობით დაგმო filioque და ანათემას გადასცა ამ მწვალებლობის ყველა მიმდევარი.
1014 წელს პაპმა ბენედიქტე VIII filioque ოფიციალურად დაამტკიცა და შეიტანა სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტში ლიტურგიაზე წასაკითხად. აღმოსავლელ ეპისკოპოსთა შეგონებებმა შედეგი ვერ გამოიღეს და 1054 წელს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელ კერულარიოსმა (1043-1058) წლებში მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც კათოლიკეები განკვეთა ეკლესიის ერთობისგან და ანათემას გადასცა მათი მწვალებლური სიახლენი.
მოგვიანებით წმ. გრიგოლ პალამა ლათინებს წერდა (1296-1359): "ჩვენ არ შევიწყნარებთ თქვენთან ერთობას მანამ, სანამ იტყვით, რომ სულიწმიდა გამოდის ძისგანაც". ხოლო 1848 წლის მაისში, ოთხმა აღმოსავლელმა პატრიარქმა კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის და ანტიოქიის სინოდებთან ერთად, გაავრცელა ერთი, წმიდა და სამოციქულო ეკლესიის მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთა მიმართ: "ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია, რომელიც მისდევს აღმოსავლელ და დასავლელ წმიდა მამებს, როგორც ძველ მამათა დროს, ასევე ახლაც კრებითად ქადაგებს, რომ ეს ახლადდამკვიდრებული შეხედულება, თითქოსდა სულიწმიდა გამოდის მამისა და ძისაგან, არის მწვალებლობა, და მისი მიმდევრები, ვინც უნდა იყონ ისინი, მწვალებლები არიან; მათი საზოგადოება მწვალებლურია და მართლმადიდებელ ქრისტეანთა ყოველგვარი სულიერი და საღმრთისმსახურებო თანაზიარობა მათთან - უსჯულოა".
და რაშია ფილიოკვეს მწვალებლობის წარმწყმედელობა? იქნებ სულაც არ ღირდა მასზე ყურადღების გამახვილება. იყოს ეგრე, "და ძისაგან", - ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
ამ ბოლო დროს გამოთქვამენ შეხედულებებს, რომელთა მიხედვითაც თითქოსდა ლათინური მხარის განდგომა ეკლესიის ერთობისგან მდგომარეობდეს ორივე მხრიდან სიყვარულის ნაკლებობაში. მეტიც, ზოგიერთი ეკუმენისტი ღვთისმეტყველი მიიჩნევს, რომ თითქოსდა ერთი ეკლესია ორად გაიხლიჩა. მაგრამ ეს ასე როდია. ეკლესია განუყოფელია და ეკლესიის სიწმიდის დოგმატი იმაზე მოწმობს, რომ მწვალებლები განუდგებიან ეკლესიას და არ ჰყოფენ მას.
ფილიოკვე არის მწვალებლობა, რომელიც ლათინობაში იუდაიზმიდან შემოვიდა. ის ამახინჯებს ძირითად დოგმატს წმ. სამების შესახებ. თნამედროვე იუდეველთ, ძველაღთქმისეულ იუდეველთაგან განსხვავებით, როგორც ცნობილია, არ სწამთ სამებისა. ისინი აღიარებენ მხოლოდ მამა ღმერთს, ხოლო ქრისტეს, ღმრთის ძეს და სულიწმიდას უარყოფენ. თანდათანობით კათოლიკურმა სწავლებამ შეისრუტა ეს იუდეური დოქტრინა და დააკნინა სულიწმიდა, როდესაც ის ანგელოზურ ბუნებამდე დაამდაბლა. ანგელოზი ღმრთის მალემსრბოლი და წარგზავნილია. თუკი სულიწმიდა წარმოიგზავნება მამისა და ძის მიერ, გამოდის, რომ სულიწმიდა კარგავს თავის საღმრთო საწყისს, რადგან დაქვემდებარებულია ორივე იპოსტასს. უბრალო ენით რომ ვთქვათ, ეს არის სულიწმიდის გმობა, რომელიც, მაცხოვრის თქმით, არავის მიეტევება არც ამ სოფლად და არც მომავალ საუკუნეში. ამიტომაც, ვერანაირად ვერ დავდუმდებით ამასთან დაკავშირებით და ვერ დავეთანხმებით ამ გმობას.
ჩვენ გვწამს ერთარსება და განუყოფელი სამება, ხოლო კათოლიკურ სწავლებაში ვხვდებით არა სამების, არამედ პაპიზმის კერპთაყვანისმცემლობას.