ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
2009 წლის 17 მაისს 30 წლიანი განხეთქილების შემდეგ აღსდგა ევქარისტული ერთობა საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის. რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის საერთო კრებამ და პატრიარქმა საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალურობა აღიარეს, რაც აისახა შვიდპუნქტიან დოკუმენტში (რუსულ ენაზე დოკუმენტი იხილეთ რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ვებ-საიტზე: http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm). ამ დოკუმენტის მიხედვით, ყველა ის საეკლესიო მსახურება და საიდუმლო, რომლებიც აღსრულებულია საქართველოსა და რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიების წიაღში მთელი ამ 30 წლიანი განხეთქილების პერიოდში, აღიარებულ იქნა ქმედითად (§ 2). რუსეთის ძველმართლმადიდებლურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობასთან ერთად ცნო მისი კანონიკური ტერიტორია (საქართველო).  საქართველოს კანონიკურ ტერიტორიაზე (გრიგოლეთის სამრევლოს გამოკლებით), რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლებს და ეპისკოპოსებს უფლება არა აქვთ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავრის შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაატარონ რაიმე ღვთისმსახურება.
განმარტება

ეს კვირა დღე, რომელსაც ეკლესია ასევე წინასამარხვო სამზადისს უძღვნის, უძღები შვილის კვირად იწოდება. სახარებისეულ იგავში, რომელსაც ლიტურგიაზე კითხულობენ, გადმოცემულია ამბავი შვილისა, რომელმაც მამისგან მიიღო მისი კუთვნილი წილი მემკვიდრებისა, რომელიც მან ამსოფლიური სიამეებისთვის გაფლანგა. როდესაც უძღები შვილი გაღატაკდა და შეიგნო თავისი შეცოდება, დაუბრუნდა მამას და მორჩილად აღიარა მის წინაშე თავისი უღირსობა იწოდებოდეს მის შვილად; მაგრამ, გახარებულმა მამამ, რომელმაც იხილა შემცოდე შვილის სინანული და მოქცევა, სიხარულით მიიღო ის და პირველივე პატივში დააბრუნა.

ეს არის იგავი ცოდვილი ადამიანის ღმრთისკენ მოქცევისა და მისდამი ღმრთის მოწყალებისა, სადაც "მამაში" იგულისხმება ღმერთი, ხოლო "უძღებ შვილში" _ მონანული ცოდვილი. სწორედ ამ ცოდვილს წააგავს ყოველი ადამიანი, რომელიც სულით განშორდება ღმერთს და ეძლევა ნებსით თუ უნებლიე ცოდვილ ცხოვრებას; თავისი ცოდვებით ის ღუპავს საკუთარ სულს და ყველა იმ წყალობას (სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ძალას, უნარებს), რომელიც კი მიიღო ღმრთისგან. მაგრამ, როგორც კი ცოდვილი გონს მოეგება და გულწრფელი სინანულით ღმერთს მიუბრუნდება, უფალიც, როგორც მოსიყვარულე და მოწყალე მამა, ანგელოზებთან ერთად ხარობს ცოდვილის მოქცევის გამო, მიუტევებს მას ყოველ შეცოდებას, როგორიც უნდა იყოს და უბრუნებს მას თავის წყალობას.

სწავლებაში "უფროსი შვილის" შესახებ, მაცხოვარი გვამცნებს, რომ თითოეული მორწმუნე ქრისტეანი მთელი სულითა და გულით უნდა ხარობდეს ყოველი ცოდვილის მოქცევას და არ შურდეს მისდამი გამოვლენილი ღმრთის წყალობა და არ მიაჩნდეს საკუთარი თავი უფრო ღირსად და პატივდებულად ღმრთის წინაშე, ვიდრე ის, ვინც თავისი უსჯულო ცხოვრებიდან ღმრთისკენ მოექცა.

რათა უფრო მკაფიოდ და ნათლად აღუწეროს და შეახსენოს ქრისტეანებს მათი განშორება ზეციური მამულიდან და ცოდვისადმი დამონება, ეკლესია ამ დღეს გალობს 136-ე ფსალმუნს (ფსალმუნი დავითისი, იერემიასგან), რომელსაც გალობდნენ ებრაელები ბაბილონის ტყვეობისას: 

"მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი. ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი, რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალემი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა. მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისა, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა! ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდება?" (ფსალმ. 136).

(ახ. ქართულით): "ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო! ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები. რადგან იქ მოგვთხოვეს ჩვენმა დამტყვევებლებმა სიტყვანი სიმღერისა და ჩვენმა მჩაგვრელებმა სიმხიარულე: გვიმღერეთ ჩვენ სიმღერა სიონისა. როგორ ვიმღეროთ სიმღერა უფლისა უცხო მიწაზე? თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში. გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. ასულო ბაბილონისა, გამპარტახებელო! ნეტარ არს, რომელმან მოგიზღოს, რაც მოგვიზღე ჩვენ. ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს".

განმარტება: ფსალმუნი დავითისი. დავით წინასწასრმეტყველი სულიწმიდით შთაგონებული უწინასწარმეტყველებდა იუდეველთ მომავალ, ბაბილონისეულ ტყვეობას. წინასწარმეტყველმა იერემიამ განუმარტა დავითის ეს წინასწარმეტყველება ჯიუტ იუდეველთ, რომლებიც თავისი შეცოდებებისა და მოუნანიებლობისთვის დაატყვევა ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა. ამ ფსალმუნში გადმოცემულია ოხვრა და გოდება ყოველი კაცისა, რომელსაც ცოდვათა ("ბაბილონის") ტყვეობაში მრავალი ჭირი დასტყდომია და თავის უბადრუკობაზე მგლოვიარე, ზეციური სიონი ენატრება. სულიწმიდა დავითის პირით აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ცრემლის ზღვაში, სინანულის ხომალდითა და იესუ ქრისტეს მზრუნველობით მიადგეს ქრისტეანი სასურველ ნავთსაყუდელს _ ზეციურ სამშობლოს (ათანასე დიდი, თეოდორიტე).

"მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი". - დატყვევებული ებრაელები ისხდნენ უდაბურ ადგილებში, მდინარეთა ნაპირებთან და გულამოსკვნილნი, ცრემლითა და ოხით გლოვობდნენ თავიანთ უბედურებას. რადგანაც კეთილღეობისა და თავისუფლებისას ამპარტავნებდნენ ისინი და საკუთარი ცოდვილი ყოფით უგულებელყოფდნენ უფლის წყალობას, დატყვევებულ იქმნენ რათა უფალთან ყოფნა კვლავ მონატრებოდათ. ღმერთი ყოველთვის ასე ეპყრობა მისი წყალობის უგულებელმყოფელთ, რათა მისი წართმევით გაღატაკებულები და განძარცულები გონს მოეგონ და კვლავ ინდომონ მათი მოპოვება. ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ დატყვევებული უდეველები არის ჩვენი წინასახე, რომლებიც შეპყრობილები ვართ სულიერი ნაბუქოდონოსორის - ეშმაკის მიერ. "მდინარენი ბაბილოვნისანი" - ვნებათა მდინარეებია, რომლებიც ცოდვათა მორევში გვითრევენ. ებრაელები გლოვობდნენ მიწიერი, ამქვეყნიური იერუსალემის გამო, სადაც იყო მათი ტაძარი, რომელიც ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ააშენეს; ჩვენ კი სულიერი სიონის დაკარგვის გამო უნდა ვიგლოვოთ, რომელიც არის ქალაქი ცოცხალი ღმრთისა, ზეციური იერუსალემი, ქრისტეანთა ჭეშმარიტი სამშობლო, რომელსაც უფლის მცნებათა და ზეციური მანანის, - ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლისადმი ჩვენი დაუდევრობის გამო განვეშორეთ (იოანე ოქროპირი).
 
"ძეწნთა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი" - "საგალობელნი", ანუ მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლითაც იერუსალემში ღვთისმსახურებისას ადიდებდნენ უფალს ებრაელები, აქ უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან სჯული ღმრთისმსახურებისა და გალობის უფლებას მათ მხოლოდ იერუსალემის ტაძარში აძლევდა. ამჯერად უკვე მდინარეთა ნაპირებზე მსხდომთ, ადამიანის წარმავალ ყოფასა და წუთისოფელზე დაფიქრებულთ, მტრის თვალთაგან მოშორებით დაემალათ თავიანთი საკრავები, ფსალმუნთგალობის ნაცვლად კი აღმოხდენოდათ გოდებანი იერუსალემისა და ღმრთისმსახურების დაკარგვის გამო (თეოდორიტე, ევსები).

"რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა" - ბაბილოვნელები დასცინოდნენ დატყვევებულთ, უბრძანებდნენ მათ გალობას, რათა შეურაცხ-ეყოთ მათი სიწმინდე და ღვთაებრივი საგნები. მაგრამ ყოფილ შემცოდეთა და უფალს განდგომილ, ღმრთის უარმყოფელთა და სჯულის დამთრგუნველ ებრაელთ, რომლებიც უცხო მიწაზე უმკაცრად ცხოვრობდნენ, უცხოტომელთა მუქარების მიუხედავად ფიქრადაც კი არ მოსდიოდათ სჯულის დარღვევა. ხედავ, როგორ აძლიერებს ადამიანს განსაცდელი, როგორ ამდაბლებს სულს და უბრუნებს უფალს? (ოქროპირი, თეოდორიტე).

"ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა?" - რატომ ეკრძალებოდათ იუდეველთ უცხო ქვეყანაში გალობა? იმიტომ, რომ ეს საიდუმლო და საღმრთო საგალობელნი არ უნდა სმენოდა უწმინდურ სმენას. რადგან ეს წუთისოფელი არის ეშმაკის საუფლო, რომელიც არის "მთავარი იგი ამის სოფლისაი" (იოანე 14:30) სული, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლებულა წუთისოფლის მიდრეკილებებისა და ვნებებისგან, შეუძლებელია გულწრფელად უგალობდეს უფალს. რადგან ამქვეყნიური მიდრეკილებანი არის ერთგვარი საფარველი მანამ, სანამ ჩვენი აზრი და გონება გაფანტულია და გართულია მათით, და სულში ბორგავენ ბილწი ვნებანი, "ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა" გულსა შინა ჩვენთა, რომელიც აღვსილა ათასგვარი ვნებით? "ქვეყანა" გადატანითი მნიშვნელობით გულს აღნიშნავს, ხოლო "გალობა" არის წმიდა და გაუფანტველი ლოცვა (ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

"რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალემი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა". - ვისმინოთ და გულისხმავყოთ! რამეთუ, როგორც იუდეველებმა, რომლებმაც მაშინ დაიწყეს მშობლიური იერუსალემისაკენ ლტოლვა, როდესაც ის დაკარგეს, მრავალი ჩვენთაგანიც იმ დროს ირწმუნებს და გაეშურება ღმრთისკენ, როდესაც თავის ზეციურ იერუსალემს დაკარგავს; თუკი პირველთ ჯერ კიდევ გააჩნდათ სასოება უკან დაბრუნებისა, ჩვენ, თუკი საბოლოოდ დავკარგავთ სანატრელ ქალაქს, ვეღარასოდეს დავბრუნდებით, რადგან უკვე შეუძლებელი იქნება უკან დაბრუნება და მეტიც, აღმოვჩნდებით იქ, სადაც, როგორც წმიდა წერილი ბრძანებს, "მატლი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების" (მარკოზი 9:44, 46, 48). ამიტომაც, ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ "ზეციური ქალაქიდან" განგდებულნი არ აღმოვჩნდეთ (ოქროპირი). 

"მოიხსენენ, უფალო, ძენი ედომისნი და დღე იგი იერუსალემისა, რომელნი იტყოდეს: დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა!" - ითხოვენ "ედომის ძეთა, ესავის შთამომავალთა (ებრაელთა დაუძინებელ მტერთა) დასჯას, რომლებიც იერუსალემის დარბევის დღეს ბაბილოვნელთა გვერდით იდგნენ და ქალაქის საფუძვლიანად დანგრევასა და პირისაგან მიწისა მის აღხოცვას ითხოვდნენ. "ძენი ედომისნი" წმიდა ეკლესიის მადევარნი და კაცობრიობის ცხოვნების მტრები _ დემონები არიან, რომლებიც ერთმანეთს უბრძანებენ ჩვენი სულის სიმდიდრე საფუძვლიანად დაშრიტონ (ათანასე, თეოდორიტე).

"ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!" - ეს არის წინასწარმეტყველება და გამოხატავს ბაბილონის დაქცევას. "უბადრუკო", ანუ უბედურო, საწყალობელო, რამეთუ განძარცულ იქმნები. როგორც სჩვევიათ ებრაელებს "კაცი" უწოდონ ადამიანთა შვილებს, ასევე "ასულად ბაბილოვნისად" ხმობენ ისინი თავად ბაბილონს. და ეს არის ტყვეობაში მყოფთა ვნების გამოხატულება! თუ გსურს შეიტყო დავითის განწყობა, ისმინე, რას ამბობს: "მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ!" - რაც გვიჩვენებს, რომ სჯულის მიერ ნებადართულ ზომიერებაზე მეტს ითხოვს და იუდეველთა შურისძიების ძლიერ სურვილს გამოხატავს (ოქროპირი, თეოდორიტე).

"ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა. დიდება." - აქედან ჩანს, რომ იუდეველთა მრისხანება ჩვილებზეც ვრცელდებოდა, რათა მათგანაც მსგავსი უბედურება არ დასტყდომოდათ. მიაქციე ყურადღება, როგორც ბაბილოვნელები ეპყრობოდნენ სასტიკად იუდეველთა ჩვილებს, დავითიც ბაბილოვნელებს მსგავს სასჯელს უწინასწარმეტყველებს. მაგრამ ასეთი როდია ახალი აღთქმა. მასში უფალი ჩვენს მტერთა დაპურებასა და დარწყულებას, ჩვენს მადევართათვის ლოცვას მოგვიწოდებს, რამეთუ მოწაფენი ვართ უწყინარი და კაცთმოყვარე ღმრთისა იესუ ქრისტესი. 

"კლდეზე მინარცხებული ბაბილოვნელ ყრმებში" შეგვიძლია ასევე ბოროტების მარცვლები და ვნებათამიერი ზრახვების ჩანასახები ვიგულისხმოთ, რომლებიც იესუს მაცხოვნებელი ლოცვით აღვხოცოთ (რადგან "კლდე" არის - ქრისტე), რათა მათ ისევ არ აღმოაცენონ ჩვენში ბოროტება და კვლავ არ დააბნელოს ჩვენი სულის სიკეთე და არ ამოქმედდეს უწყინარი და თავმდაბალი ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მცნებათა საწინააღმდეგოდ (ოქროპირი, თეოდორიტე, ბასილი დიდი, დოროთე).




ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო. შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას. ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით. მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ. რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება. ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა. მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია? მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო. ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო. მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი. ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია. ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარუღთთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა".