ბორის კუტუზოვი
XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?
1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972).
კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში:
"განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკუკრი და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ:
დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი.
დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული, არ არსებულად შეირაცხოს.
დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულევბის გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათს მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც არარსებულად შეირაცხოს (იქვე).
შეიძლება ითქვას, რომ აღსულდა ის, რის შესახებაც 1912 წელს წერდა დიდი საკლესიო ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აკადემიკოსი ნ. ფ. კაპტერევი: "1667 წლის კრების მიერ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაგმობა, როგორც ამ საკითხის ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა, შეცდომა და ამიტომაც მთელი ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს ახალ საეკლესიო გადასინჯვას და გამოსწორდეს, რათა აღსდგეს მშვიდობა და აღმოიფხვრას მრავალსაუკუნოვანი მტრობა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის, რათა რუსეთის ეკლესია კვლავ იმ ერთობას დაუბრუნდეს რაც იყო ნიკონამდე" (Каптерев. Н. Ф. "патриарх Никон и царь Алексей Михайлович", Сергиев Посад, 1912 г., т. 2, стр. 529).
ამრიგად, თუკი ძველი წესები ახალი წეს-ჩვეულებების თანაბარმნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იბადება კითხვა: საერთოდ რა საჭირო იყო ნიკონის რეფორმა? ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა იოანე ბელევცევმა. თავის მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა 1987 წლის მაისში მოსკოვში გამართულ საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორმა ი. ბელევცევმა განაცხადა, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და არასაჭირო იყო" (Русский раскол XVII в. (Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной, церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.).
XVII საუკუნის საეკლესიო განხეთქილება, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება იწოდოს ეროვნულ კატასტროფად, იყო რეფორმის შედეგი, რომელიც, როგორც ახლა გამოირკვა, არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყოფილა საფუძვლიანი, არც კანონიკურად და, უბრალოდ, "არაფერში სჭირდებოდა" ეკლესიას. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ვიღას დასჭირდა ეს რეფორმა, როგორი იყო მისი ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზები და ვინ იყო მისი ნამდვილი შემოქმედი?
წინამდებარე სტატიის ავტორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ძველი წესების პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომელიც სავსებით ემთხვევა მამა იოანეს ზემოთ მოტანილ განცხადებას: ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო, არც კანონიკური მიზეზები და საფუძვლები - ის ეკლესიას თავს მოახვიეს ხელოვნურად. რეფორმის მთავარი შემოქმედი იყო მეფე ალექსი მიხეილის ძე, ხოლო ნიკონ პატრიარქი - მისი ნების შემსრულებელი ინსტრუმენტი. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმისთვის გვეწოდებინა "ალექსეევური" და არა "ნიკონიანური" რეფორმა.
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, რეფორმის აუცილებლობა გამოიწვია დროთა განმავლობაში საეკლესიო-საღვთისმსახურო ტექსტებში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომების გასწორების სურვილმა. მაგრამ რეფორმამდელი (იოსებ პატრიარქის დროს დაბეჭდილი) საეკლესიო წიგნებისა და რეფორმის შემდგომდროინდელი წიგნების მიუკერძოებელი შედარება უეჭველად ადასტურებს ძველი წიგნების უპირატესობას - შეცდომები მათში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს თანამედროვე გამოცემებში. მეტიც, ეს შედარება უფლებას გვაძლევს, გავაკეთოთ საწინააღმდეგო დასკვნები.
რეფორმის შემდგომდროინდელი ტექსტები თავიანთი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველ ნაბეჭდ წიგნებს. ამ ე.წ. "შესწორებების" შედეგად თავი იჩინა სხვადასხვა სახის უამრავმა ცთომილებამ, იქნება ეს გრამატიკული, ლექსიკური, ისტორიული და თვით დოგმატური ხასიათის (ტექსტების შედარება იხილეთ ქვემოთ). ასე რომ, თუ რეფორმატორები მიზნად ისახავდნენ ძველნაბეჭდ წიგნებში არსებული შეცდომების გასწორებას, ეს მიზანი დარჩა შეუსრულებელი. თუმცა არსებობდა სხვა მიზანიც, კერძოდ, ბერძნული და რუსული საეკლესიო პრაქტიკის იდენტურობის მიღწევა. თანაც სანიმუშოდ შეირჩნენ ბერძნები, რაც აღნიშნულია მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მოხსენებაში, რომელიც მან მოსკოვის 1971 წლის ადგილობრივ კრებაზე წაიკითხა (см. "Поместный собор Русской Православной Церкви...). ეს მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.
საქმე ის არის, რომ მეფე ალექსი მიხეილის ძემ, რუს მეფეთა შორის პირველმა, სერიოზულად გადაწყვიტა, ასულიყო ძველ ბიზანტიურ ტახტზე და სათავეში ჩადგომოდა მთელს მართმადიდებლურ მსოფლიოს. "ალექსი მიხეილის ძე არა მარტო სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის თვალსაზრისით მიიჩნევდა თავს ძველ ბერძენ იმპერატორთა მემკვიდრედ, არამედ მათი სამეფოს კანონიკურ მემკვიდრედაც. მას სწამდა, რომ თვითონ, ან მისი შთამომავალნი ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდებოდნენ კონსტანტინოპოლისა და ყველა იმ მართლმადიდებელი ხალხების მეუფენი, რომლებიც თურქების უღელქვეშ იტანჯებოდნენ… მეფისთვის უცხო არ ყოფილა აზრი, გამხდარიყო თურქების ბატონობისგან მართლმადიდებელ ხალხთა განმანთავისუფლებელი და დაუფლებოდა კონსტანტინოპოლს, როგორც საკუთარ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომაც განიხილავდა ის საეკლესიო ერთობას (იგულისხმება ბერძნულ-რუსული ეკლესიების სრული სწავლა-მოძღვრებითი და საწესჩვეულებო იდენტურობა - მთარგმნ.), მომავალი პოლიტიკური ერთობის მისაღწევ აუცილებელ საფეხურად"(Каптерев. Н. Ф. Кказ. соч., т. 1, стр. 44, 45).
ამ განზრახვათა პოლიტიკური გულუბრყვილობა სრულ შესატყვისობაში იყო თვით მეფის ჭკუამოკლეობასთან და არაშორსმჭვრეტელობასთან, რომელსაც სრულიად საფუძვლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ არა მარტო რუსეთის უბედურება, არამედ საყოველთაო მართლმადიდებლობისაც. ბერძნული ნიმუშის მიხედვით საეკლესიო ერთსახოვნების მიღწევა მეფე ალექსი მიხეილის ძისთვის იყო პირველი საფეხური მისი გლობალური პოლიტიკური მიზნების განსახორცილებლად - შეექმნა დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერია.
უნდა ითქვას, რომ რუსეთის მეფის ეგიდის ქვეშ ყველა მართლმადიდებელი ხალხის გაერთიანების იდეა მეფე ალექსი მიხელის ძემდე დიდი ხნით ადრე წარმოიშვა. 1453 წელს ბიზანტიის დაცემის შემდეგ რუსებს ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ მისი სულიერი მემკვიდრე რუსეთი გახდა. 1516 წ. ბერმა ფილოთეოსმა დიდი თავადის, ბასილი III-სადმი მიწერილ ეპისტოლეში დაწერა შემდგომში უკვე საქვეყნოდ ცნობილი სიტყვები: "მთელი ქრისტეანული სამეფონი შენს ერთ სამეფოში გაერთიანდება, რამეთუ ორი რომი დაეცა, მესამე (ანუ მოსკოვი - ბ. კ.) დგას, ხოლო მეოთხე აღარ იქნება… მხოლოდ შენ ერთიღა ხარ მთელს ცისქვეშეთში ქრისტეანი მეფე" (См. Белокуров С. А., Арсений Суханов. Речь перед зашитой диссертации 27 окт. 1891 г. Серг. Пос. 1892 г.). რუსი მეფის ამ გამორჩეულ მოწოდებაზე აღიზარდა მეფე ალექსი მიხეილის ძეც და, როდესაც ის, ჯერ კიდევ 16 წლისა, სამეფო ტახტზე ავიდა, მთელი თავისი ყმაწვილური აღტყინებითა და პირდაპირობით გადაწყვიტა საკუთარ პიროვნებაში გაეცოცხლებინა ბიზანტიელ იმპერატორთა ძველი ხატი.
რას ნიშნავდა ეს? ეს ნიშნავდა თითქმის ნახევარ მსოფლიოზე გადაჭიმული ოსმალეთის გიგანტური იმპერიის სულთანატთან ომის დაწყებას. წინათ აქეთ უბიძგებდნენ ბასილ III-სა და მეფე ივანე მრისხანესაც, მაგრამ ისინი საკმაოდ გონიერი და გამოცდილი პოლიტიკოსები იყვნენ და ამგვარ პროვოკაციას არ დაჰყვნენ. იმ დროს თურქებთან ომი იქნებოდა პოლიტიკური უგუნურება. სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამ საკითხისადმი დიდ დაინტერესებას იჩენდნენ თურქების მიერ დამონებული ბერძნები. თუმცა ისიც ცნობილია, გარდა ბერძნებისა, კიდევ ვის სურდა თურქების წინააღმდეგ რუსების ამ ომში ჩათრევა: "1683 წელს ვენის კედლებთან თურქების დამარცხებამდე დასავლეთ ევროპას ძლიერ აშფოთებდა თურქული შემოსევა" (Петросян Ю. А. Древний город на берегах Босфора, Москва, 1986).
ზევით ნახსენებ მოსკოვის საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დაწვრილებით ილაპარაკა პროტოპრესვიტერმა ნ. ნოვოსადმა: "პაპიზმს ამ ეპოქაში (XVI-XVII სს.) ამოქმედებდა ძველთაძველი იდეა, რომელსაც პაპები შთააგონებდნენ მთელ ევროპას: მოეწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ და განედევნათ ისინი ევროპიდან. ამ იდეის მომხრე იყო სტეფან ბატორიუსიც. თურქებთან ბრძოლის გეგმა თანაბარი მონდომებით მუშავდებოდა როგორც რომში, ასევე პოლონეთში. ამასთანავე, მიიჩნევდნენ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ამ პროცესში მოსკოვის, როგორც იარაღის, ჩართვა. ამისთვის მოსკოვისთვის თავს უნდა მოეხვიათ კათოლიკე (პაპისტი - მთარგმნ.) მეფე (ასე ფიქრობდნენ სტეფანე ბატორიუსი და პოსევინო), რათა გაეკათოლიკებინათ მოსკოვი და ამ გზით უზრუნველეყოთ მისგან დახმარების მყარი გარანტია" (Православие в западной Руси в XVI-XVII вв. перед лицом униатства (Доклад прот. Н. Новосада на 2-ой международной церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.). გეგმის განსახორციელებლად მის ავტორებს ხელს აძლევდათ თვითმარქვია მეფე. თუ მოსკოვში კათოლიკე მეფის აღსაყდრებას მოახერხებდნენ, საქმის ნახევარი გაკეთებული იქნებოდა, ხოლო რუსების თურქებთან ომში ჩასაბმელად, ყველაზე მიმზიდველ სატყუარად კონსტანტინოპოლის ტახტი ესახებოდათ.
მოსკოვში ჩამოვიდა "მთელი ჩრდილოეთის ვიკარიუსი", პაპის ლეგატი ანტონიო პოსევინო, რომელმაც მეფე ივანე მრისხანეს გადასცა წიგნი ფლორენციის უნიის შესახებ, "მდიდრად მორთული ოქროს ასოებით. ამ საჩუქრით მან მიანიშნა, რომ რუსების ყველა უბედურება ადვილად მოსაგვარებელი იქნებოდა, თუ ისინი მიიღებდნენ უნიას, მთელ ფეხსაცმელს პაპის ფეხიდან" (Пикуль В. Десять сюжетов - наш современник, 1987, т. 4, стр. 24). ლეგატმა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აღუთქვა მეფე ივანეს კონსტანტინოპოლის ტახტი. "თუ სარწმუნოებრივად გაერთიანდები პაპთან და ყველა ხელმწიფესთან, მათი მეშვეობით არა მარტო კიევში, შენს წინაპართა სამშობლოში აღზევდები, არამედ შეიქმნები იმპერატორად კონსტანტინოპოლისა და მთელი აღმოსავლეთისა" (იქვე). და რა უპასუხა ამ მზაკვრულ საცთურს ივანე IV? პასუხი ასეთი იყო: "რაც შეეხება აღმოსავლეთის იმპერიას, მიწა უფლისაა - ვისაც უნდა, იმას მისცემს. ხოლო მე რაც შემეხება, ჩემი სახელმწიფოც მეყოფა, ქვეყნიერების სხვა, დიდ სახელმწიფოებს კი არასდროს ვისურვებ" (Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви. СПб. 1877 г, т. 8, стр. 390).
ამ შემთხვევაში ივანე მრისხანემ მეფის საკადრისი სახელმწიფოებრივი სიბრძნე და სიმტკიცე გამოიჩინა! რამდენად შორს აღმოჩნდა ამგვარი გონიერებისგან ალექსი მიხეილის ძე. კონსტანტინოპოლის ტახტი რომ შესთავაზა, პოსევინომ ამით სრულიად გამოააშკარავა ამ საკითხზე იეზუიტთა, ანუ იმ ადამიანების პროგრამა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დაჟინებით ცდილობდნენ მოსკოვის ჩათრევას აღმოსავლურ ავანტიურაში. მსგავსი მცდელობები ადრეც მრავალგზის ყოფილა. ჯერ კიდევ 1518 წელს მოსკოვში ჩამოსული დომინიკანელი ბერი ნიკოლაოს შომბერგი, პაპის, ლეონ X-ის ლეგატი, ცდილობდა დიდი მეფის, ბასილ III-ის მიმხრობას იმ იდეისადმი, რომლის მიხედვითაც რუსეთს თურქების გასადევნად მხარი უნდა დაეჭირა ევროპისთვის. "ფოჩიანი კანფეტის" როლს მაშინაც კონსტანტინოპოლის ტახტი ასრულებდა: "ბასილ ივანეს ძეზე ზემოქმედების მოსახდენად მას უმტკიცებდნენ, რომ მას, როგორც შვილს ბერძნული ეკლესიისა, სრული უფლება ჰქონდა, წაერთმია თურქებისთვის კონსტანტინოპოლი, როგორც საკუთარი კანონიერი მემკვიდრეობა, ხოლო რომის ეკლესიასთან გაერთიანების შემთხვევაში პაპი მას მას სამეფო გვირგვინითა და ტიტულით დაასაჩუქრებდა, რუსეთის მიტროპოლიტს კი პატრიარქის წოდებას უბოძებდა" (იქვე. გვ. 383).
1525 წელს პაპმა კლიმენტ VII-მ მოსკოვში გამოაგზავნა სიგელი, რომელშიც რუსეთის მეფეს კვლავ სთავაზობდა გვერდში დადგომოდა სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს კონსტანტინოპოლიდან თურქების განდევნის საქმეში" (იქვე, გვ. 384). XVII საუკუნეში რუსეთის მთავრობას თურქეთთან ბრძოლისკენ აქეზებდნენ იეზუიტი მისიონერი ი. კრიჟანიჩი და იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი მილესკუ სპაფარიუსი.
როგორც ვხედავთ, კათოლიციზმი მეტად დაინტერესეუბული იყო იმით, რომ როგორმე ანტითურქულ კოალიციაში ჩაეთრია რუსეთი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასავლელი მისიონერები ჯიუტად აქეზებდნენ რუსებს თურქებთან საბრძოლველად. აღმოსავლელი იერარქებიც გამუდმებით არწმუნებდნენ მეფე ალექსი მიხეილის ძეს გაელაშქრა თურქების წინააღმდეგ და გაეთავისუფლებინა კონსტანტინოპოლი. ამ თხოვნას ისინი დაჟინებით იმეორებდნენ უკვე ბიზანტიის დაცემის შემდეგ, მაგრამ მსგავსმა რჩევებმა განსაკუთრებული ინტენსივობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში შეიძინა. ნაზარეთის მიტროპოლიტი გაბრიელი იქამდეც კი მივიდა, რომ რუსულ ენაზე გადათარგმნა "თქმულება კონსტანტინოპოლის დაცემის შესახებ", რომელიც მის "საიუბილეო" 1653 წელს დაამთხვია (Белокуров С. А. Арсений Суханов (биография), Москва 1891 г., стр. 257).
იერუსალემის პატრიარქი პაისი მოსკოვში ყოფნისას მეფე ალექსის არწმუნებდა, შეკვროდა გეტმან ხმელნიცკის, მუტიანელ და ვოლოშელ ვოევოდებს თურქების წინააღმდეგ საერთო სამხედრო მოქმედებათა შესამუშავებლად. არსენი სუხანოვი იასსადან მოსკოვში რომ გაისტუმრა, პატრ. პაისიმ დაავალა მეფისთვის ეს საკითხი შეეხსენებინა, ხოლო ალქსი მიხეილის ძისადმი მიწერილ სიგელში აღნიშნავდა: "უწმიდესი სამება… ღირს გყოფთ თქვენ გიბოძოთ უზენაესი ტახტი დიდი მეფისა, კონსტანტინესი, თქვენი პაპისა, რათა გაათავისუფლოთ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ხალხები უწმინდურთა ხელიდან, ველურ მხეცთა ბატონობისგან" (კაპტერევი, დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 44).
შესაძლოა, რომ სწორედ, ამ პროვოკაციულმა კურთხევამ მიაღებინა მეფე ალექსი მიხეილის ძეს გადაწყვეტილება განეხორციელებინა "ბერძნული პროექტი" და ამ მიმართებით კონკრეტული ღონისძიებები გაეტარებინა, ამ გზაზე კი პირველი სტადია იყო საეკლესიო რეფორმა რუსული და ბერძნული საეკლესიო-საღვთისმსახურებო პრაქტიკათა უნიფიცირების მიზნით. რა თქმა უნდა, ისეთ "წინასწარმეტყველებას", რომელსაც უფლის სახელით გამოთქვამდნენ თვით პატრიარქები, შეეძლო ეცთუნებინა არამარტო ისეთი მცირე გამოცდილების მქონე ადამიანი, როგორიც მეფე ალექსი იყო.
ამ მიზნის მისაღწევ პირველ ნაბიჯად, სწორედ ადგილობრივ საღვთისმსახურებო პრაქტიკათა შორის განსხვავების აღმოფხვრას სთავაზობს მეფე ალექსის იერუსალემის პატრიარქი პაისი. განა დიდი შრომა სჭირდებოდათ იმ დროს იეზუიტებს, რათა გაეძლიერებინათ რუს მეფეზე აღმოსავლეთის პატრიარქთა გავლენა?! მრავალი მათგანის გამყიდველობა და მექრთამეობა ისევე საყოველთაოდ ცნობილია, როგორც ვატიკანის განსაკუთრებული დაინტერესება იმით, რომ თურქებთან ომში ნებისმიერი ხერხებით ჩაეთრია მოსკოვი.
დახელოვნებულმა პროვოკატორებმა უბრალო და მიმნდობ მეფე ალექსის შთააგონეს, რომ კონსტანტინოპოლის ტახტისთვის ბრძოლა, წმიდა და საგმირო საქმეა და სწორედ ამისკენ მოუწოდებს მას მისი ქრისტეანული მოვალეობა და თვით ღმერთიც კი. ტყუილ-უბრალოდ კი არ იწყებს პატრიარქი თავის მიმართვას წმიდა სამების სახელით. მიზანი მიღწეული იქნა - "ბერძნულმა პროექტმა" სრულიად დაიპყრო როგორც მეფის, ასევე მისი უახლოეს გარემოცვის აზრი და გონება.
ცნობილია, მაგალითად, მეფის მიმართვა ბერძენ მოვაჭრეთადმი: "გინდათ და ელოდებით თუ არა თქვენ იმას, რომ გაგათავისუფლოთ ტყვეობიდან და გამოგისყიდოთ?" - მათ უპასუხეს: "სხვაგვარად როგორ უნდა იყოს? როგორ არ უნდა ვიოცნებოთ ამაზე?" - მეფემ მიუბრუნდა დიდებულებს და მიუგო: "ღმერთი დამსჯის ამათ გამო თუ არ დავეხმარე. მე ავიღე ვალდებულება… მათ განთავისუფლებას შევწირავ ჩემს ჯარს, ხაზინას და სისხლსაც კი" (Достоевский Ф. М. "Дневник писателя (1877 г.). - Соч. СПб., 1891 г., т.11, стр. 90). (მეფე ალექსიმ ამ იდეას მსხვერპლად შეწირა მართლმადიდებელ ქრისტეანთა, თავის თანამემამულეთა უთვალავი სიცოცხლე, ვინც დაისაჯა რეფორმისადმი წინააღმდეგობის გამო, რასაც დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ბოროტმოქმედება, რომელმაც გახლიჩა მანამდე ერთიანი რუსული ეკლესია, ბერძნების თურქების ბატონობისგან გათავისუფლება კი მაინც ვერ შეძლო - ჩვენს დროშიც კონსტანტინოპოლს სტამბულს უწოდებენ).
ანტიოქიის პატრიარქ მაკარის წასვლის შემდეგ მეფემ თავის ბოიარებს უთხრა: "ვევედრები უფალს, ვიდრე მოვკვდებოდე, ვიხილო იგი ოთხ პატრიარქთა შორის, რომლებიც იმსახურებენ წმიდა სოფიის ტაძარში" (კაპტრერევი, დასახ. ნაშრ. ტ. 1, გვ. 46). მაგრამ, ცხადია, რუსი მეფე კიდეც რომ გამხდარიყო კონსტანტინოპოლის ტახტის მემკვიდრე, ნიკონი მეხუთე პატრიარქი იქნებოდა და არა პირველი, რაც კარგად უწყოდა და რაც განაპირობებდა კიდეც "ბერძნული პროექტისადმი" მის განსაკუთრებულ ინტერესს.
თავის გაპატრიარქებამდე ნიკონი, როგორც ყველა იმდროინდელი რუსი, დიდი ეჭვის თვალით უყურებდა თავის თანამედროვე ბერძნებს და მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა შენარჩუნებული იყო მხოლოდ რუსეთში. ამ შეხედულებებს ნიკონი არც მალავდა და ხშირად გამოთქვამდა ღიად მოსკოვში მისი გადასახლებისა და არქმანდრიტად დანიშვნის შემდეგაც, მაგრამ, როგორც კი პატრიარქი შეიქნა, ნიკონი თავგამოდებულ გრეკოფილად იქცა - მის ცნობიერებაში ხდება მკვეთრი ცვლილება - ბერძნების მაძაგებელი ნიკონი მათი თაყვანისმცმელი და ფანატიკოსი ხდება. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ ამბობდა: "ბერძნებმა და მალოროსებმა დაკარგეს სარწმუნოება, არც კეთილზნეობაა მათში, მხოლოდ საკუთარ ვნებებს ემსახურებიან პატივსა და განცხრომაში მყოფნი, არც სიმტკიცეა მათში და არც სათნოებანი" (Материалыдля истории раскола за первое время его существования. М., 1875, т. 1, стр. 150). როგორც კი მეფესთან ახლო ურთიერთობა დაამყარა, ნიკონი ეზიარა "ბერძნული პროექტის" საიდუმლოს და შესაბამისი დასკვნებიც გააკეთა და მისთვის დამახასიათებელი უპრინციპობით მყისიერად გარდაიქცა, ბერძნების მაძაგებლიდან მათ თაყვანისმცემლად. სწორედ ამის შემდეგ, მეფის მხარდაჭერით, ხდება ის პატრიარქი. ასე აღმოაჩინეს და მოამზადეს მართლმადიდებლობისთვის საბედისწერო მომავალი საეკლესიო რეფორმის აღმასრულებელი.
ნიკონი უეჭველად ოცნებობდა მსოფლიო პატრიარქობაზე და, რამდენადაც ცნობილია მისი უსაზღვრო პატივმოყვარეობა, შეიძლება დავასკვნათ, რომ მის გრეკოფილად ჩამოყალიბებაში სწორედ ეს სულის აღმაფრთოვანებელი პერსპექტივა იქცა მთავარ და გადამწყვეტ ფაქტორად. ნიშანდობლივია, რომ თავისი უღირსი და უგუნური დემარშის შემდეგ, როდესაც დემონსტრატიულად დატოვა საპატრიარქო კათედრა ("აბა, მეფეო, ვნახოთ როგორ გაართმევ საქმეს თავს უჩემოდ"), როდესაც გადაუარა კონსტანტინოპოლის კათედრის აჩრდილმა, ცხადია, მოჩვენებითი გრეკოფილობის ნიღაბიც მოსცილდა და თავისი რეფორმისა და წიგნების გასწორებას აბსოლუტური გულგრილობით ეკიდებოდა. მეტიც, მონასტერში განმარტოვებულმა დაიწყო წიგნების ბეჭდვა ისევ ძველი ნიმუშების მიხედვით (კაპტერევი ნ. ფ. დასახ. ნაშრ. შესავალი).
პატრიარქ იოსების სიკვდილმა ხელი გაუხსნა რეფორმის გრეკოფილ და ბობოქარ მომხრეებს და მათაც თავი აიშვეს. როგორც კი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა, ნიკონი იმთავითვე დიდი მონდომებით შეუდგა ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის გადმოღებას. "ისე ჩანს, ნიკონი სრულიად მიეცა იმ იდეას მოსკოვი გარდაექმნა მეორე ბიზანტიად" (იქვე). და მართლაც, მას რუსეთში გადმოაქვს ბერძნული ამბიონები, ბერძნული სამღვდელმთავრო კვერთხი, ბერძნული ბარტყულა და მანტიები, ბერძნული საეკლესიო გალობანი, მოსკოვში იწვევს ბერძენ ხატმწერებს, აშენებს მონასტრებს ბერძნულის მიხედვით, იახლოებს ბერძნებს, ყველგან წინა პლანზე წამოსწევს ბერძნულ ავტორიტეტს და ა. შ. (იქვე. მითითება წყაროზე: Чтения общества духовного просвещения, 1889 г., стр. 363).
მამა პავლე ფლორენსკიმ, რომელმაც უარყოფითად შეაფასა ყოველივე ბერძნულისადმი ნიკონის ასეთი ბრმა მიმდევრობა და ბერძნული საეკლესიო პრაქტიკის კოპირება, თავის სტატიაში "Тройце-Сергиева Лавра и Россия" პატრიაქ ნიკონის საქმიანობას "რეაქციული და საერთოდ ანტინაციონალური" უწოდა (О. Павел Флоренский. Тойце-Сергиева Лавра и Россия - У водоразделов мысли (статьи по искусству), Париж, 1985 г., стр. 78). უფრო ზუსტად, ნიკონისა და მეფე ალექსის რეფორმატორული საქმიანობა აღიარებული უნდა იქნას ანტიმართლმადიდებლურად და ანტიეკლესიურად. ანტინაციონალური, ანტირუსული ის ხდება მხოლოდ იმდროინდელი მთელი რუსული ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის ორგანული ერთობის დარღვევის გამო.
რეფორმის განსაკუთრებით ანტინაციონალური ხასიათი გამოვლინდა 1667 წლის კრებაზე, როდესაც მეფის პროგრამით ოფიციალურად დაიწყო ძველი, მრავალსაუკუნოვანი რუსული მართლმადიდებლური ტრადიციებისა და წესების და, საერთოდ, მთელი რუსეთის წარსულის შეურაცხყოფისა და ლანძღვის კამპანია. კაპტერევი ამ კრების საქმიანობის შეფასებისას ამბობს, რომ ეს არის "რუსეთში ჩამოსული ბერძნების მიერ რუსული საეკლესიო სიძველეების ტენდენციური დამცირება, მათი საჯარო და საქვეყნო შეურაცხყოფა" (Каптерев Н. Ф. Указ. соч., т. 2, стр. 385, 386).
აი სად უნდა ვეძებოთ ჩვენი თანამედროვე დაავადების, ჩვენი ისტორიული წარსულის გინებისა და დავიწყების ფესვები! ტყუილუბრალოდ კი არ უთქვამს მამა პავლე ფლორენსკის თავის ერთ კერძო წერილში: რომ "მსოფლიო ატმოსფერო, მსოფლიო ვითარება გაფუჭებულია თითქმის მე-17 საუკუნიდან" (Литературный Иркутск, дек. 1988 г, - письмо о. П. Флоренского к Мамонтовой). მე-17 საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის მიმოწვლილვითი გამოკვლევა ადასტურებს ამ ვარაუდს, ვინაიდან რუსულ სულიერ კატასტროფას თავისი შედეგებით არა მხოლოდ ადგილობრივი, რუსული, არამედ გლობალური ხასიათი აქვს.
1667 წლის კრებაზე მეფემ საქმეთა წარმოების უფლებამოსილება სრულიად გადასცა ორ აღმოსავლელ პატრიარქს - პაისი ალექსანდრიელს და მაკარი ანტიოქიელს, თანაც წინასწარ დარწმუნდა, რომ ისინი აუცილებლად გაატარებდნენ მისთვის სასურველ კურსს. პატრიარქებსაც, რომლებმაც მომენტის ხელსაყრელობა იგრძნეს, კრებაზე რუსული საეკლესიო საქმეების ავტორიტეტულ, უზენაეს და უაპელაციო მოსამართლეებად ეჭირათ თავი. ძნელი წარმოსადგენია, მეფის განსაკუთრებული სანქციის გარეშე ამ ორ უცხოელს, მეფის მლიქვნელ და მოწყალების მათხოვარ იერარქებს, რუსეთის ცენტრში, თვით მეფის თანდასწრებით ასე გაბედულად დაეგმოთ და ეძაგებინათ მთელი რუსული სიძველე და მეტიც, ანათემისთვისაც კი გადაეცათ ძველი რუსული საეკლესიო წეს-განგებანი. "ყველაზე დიდი, რაც შეეძლო გაებედა მოსკოვში ჩამოსულ იერარქს, იყო მეფისა და რუსული ღვთისმოსაობის განდიდებით აღვსილი მლიქვნელური დითირამბები, აღიარება იმისა, რომ რუსეთი არის მთელი მართლმადიდებლობის სვეტი და ნათელი" (Каптерев Н. Ф. Указ. соч., т. 1, стр. 56).
ვერავინ გაბედავდა მეფესთან დავას იმ დროს, მითუმეტეს ვერ გაბედავდა ამას ჩამოსული სტუმარი, თუნდაც პატრიარქი. ეს პრატიკულად შეუძლებელი ჩანდა. შესაძლო იყო მხოლოდ "წამქეზებლობა". ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში თვით უმნიშვნელო სახელმწიფო განკარგულებები გაიცემა უმაღლესი ხელისუფლების სანქციით. მეფე ალექსი მიხეილის ძეს კი ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის სამეფო ძალაუფლებაზე, ის "თვით ღმერთის ნაცვალად მიიჩნევდა თავის თავს დედამიწაზე" (იქვე. ტ. 2, გვ. 104). და ასეთ ვითარებაში ვინ გაბედავდა, ემოქმედა დამოუკიდებლად, თვითმპყრობელის გვერდის ავლით, თანაც ისეთ მნიშვნელოვან საეკლესიო-სახელმწიფოებრივ საქმეში, როგორიც იყო რეფორმა? ბოლოს და ბოლოს თვით ამბაკუმიც გაიგებს, ვინ იყო რეფორმის ნამდვილი შემოქმედი და უკვე მეხუთე არზაში, რომელიც მან დაწერა და მეფეს გაუგზავნა 1669 წელს, მას ასეთი სიტყვებით ამხელს: "Ты, самодержце, суд подымеши о сих всех, иже таково им дерзновение подавый на ны... Кто бы смел рещи таковыя хульныя глаголы на святых, аще бы не твоя держава попустила тому быти?... Все в тебе, царю, дело затворися и о тебе едином стоит" (Житие протопопа Аввакума. Горький, 1988 г., стр. 110, 111).
მეფე ალექსის მლიქვნელმა აღმოსავლელმა იერარქებმა, რომლებიც1667 წლის კრებაზე მეფისთვის სასურველ კურსს ატარებდნენ, საკმაოდ ღრმად შეტოპეს თავიანთ საქმიანობაში. კრებამ მათი თავმჯდომარეობით მწვალებლურად აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებანი და აკრძალა ისინი, ხოლო ამ ჩვეულებათა მიმდევრები ეკლესიისგან მოიკვეთა და დაწყევლა. მაგრამ, როგორც პროფ. კაპტერევი წერს, "მწვალებლობად შერაცხილი ძველი წესები სინამდვილეში იყო საყოველთაო და მართლმადიდებლური ბერძნული ეკლესიის ქმნილება. საუკუნეებით ადრე, სანამ რუსეთი გაქრისტეანდებოდა, ეს წესები არსებობდა თვით ძველ, მართლმადიდებელ ბერძნებში, ამიტომაც რუსეთის დადანაშაულება და მწვალებლურად გამოცხადება მათ გამო, ფაქტობრივად, ნიშნავს ასეთად შერაცხო და გამოაცხადო თვით ძველი ბერძნული ეკლესია" (ნ. ფ. კაპტერევი. დასახ. ნაშრ. ტ. 2, გვ. 528).
აღმოსავლელმა იერარქებმა კრებაზე ფართოდ და დეტალურად გადასინჯეს საერთოდ მთელი რუსული საეკლესიო პრაქტიკა და მრავალსაუკუნეობრივი ჩვეულებანი, რათა დაეგმოთ და მოესპოთ ყოველივე, რაც კი იმდროინდელი ბერძნული პრაქტიკისგან განსხვავდებოდა. ყველაფერ ძველრუსულს და საეკლესიოს, თვით ტანისამოსსაც კი, ცვლიდნენ თანამედროვე ბერძნული ნიმუშების მიხედვით, "რათა ერთობა და თანხმობა ყოფილიყო ყოველივეში" (იქვე, გვ. 404). მეფემ აღმოსავლელ იერარქთა საკრებო მოღვაწეობა მოიწონა და ამისთვის უხვადაც დაასაჩუქრა.
მეტად ნიშანდობლივია, რომ 1666 წელს მეფემ სპეციალური მიმართვით ითხოვა, აღმოსავლეთიდან გამოეგზავნათ "ადრინდელ ბერძენ მეფეთა აღსაყდრების წეს-განგება", რომელიც, როგორც ჩანს, მას ბიზანტიის ტახტზე მოსალოდნელი კორონაციისთვის დასჭირდა. აქ უკვე, სავარაუდოდ, ლაპარაკი გვიწევს არა პოლიტიკურ გულუბრყვილობაზე, არამედ მეფე ალექსი მიხეილის ძის გონებაჩლუნგობაზე, რითაც აღბეჭდილია მთელი მისი მოღვაწეობა და რისი შედეგიც იყო რამდენიმე აჯანყება და, ბოლოს, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უგუნური პროექტი - ყოვლისმომცველი საეკლესიო რეფორმა გლობალური პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
მეფე ალექსის სიყრმიდანვე ისე ზრდიდნენ, რომ მასში ჩაენერგათ გულგრილობა ყოველივე ეროვნულისა და განსაკუთრებული მოწიწება ყოველივე უცხოურისადმი. "დასავლური კულტურის საოცრებები" მას პირდაპირ ფანტასტიკურად მიაჩნდა. დარწმუნებული იყო უცხოელი ოსტატების ყოვლისშემძლეობაში. ეს თვისებები, განსაკუთრებით სამამულო ისტორიის უგულებელყოფა, კიდევ უფრო მძაფრად განვითარდება და გამოვლინდება მის შვილში, პეტრე I-ში.
აქ უკვე ითქვა კათოლიციზმის ინტრიგებზე აღმოსავლურ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს მეტად საყურადღებო დოკუმენტი, რომელიც მიტრ. მაკარიმ (ბულგაკოვი) გამოაქვეყნა "რუსეთის ეკლესიის ისტორია"-ში. ქვეთავში "არეული დროება" გამოქვეყნებულია: "იეზუიტების ინსტრუქცია თვითმარქვიას, თუ როგორ უნდა შემოვიტანოთ უნია რუსეთში".
"თვით ხელმწიფეს შთავაგონოთ უნიის იდეა იშვიათად და ფრთხილად, რათა საქმე მისგან არ დაიწყოს. პირველად თვით რუსებმა უნდა შემოგვთავაზონ წინადადებები სარწმუნოების იმ ზოგიერთი უმნიშვნელო საკითხის შესახებ, რომელიც საჭიროებს გარდაქმნას, და ამით გზას გავკვალავთ უნიისკენ;
გამოიცეს კანონი, რათა რუსულ ეკლესიაში ყველაფერი აიგოს ბერძნული ეკლესიის თარგზე და ამ კანონის შესრულება უნიის მომხრე სანდო ადამიანებს დაეკისროს: დაიწყება დავა, მივლენ მეფემდე, ის დანიშნავს კრებას, აი მანდ კი შესაძლებლობა მოგვეცემა, მივადგეთ უნიის საკითხს;
შავ სამღვდელოებას მივანიშნოთ შეღავათებზე, თეთრს - ჯილდოებზე, ხალხს - თავისუფლებაზე, ყველა დანარჩენს - საერთოდ, ბერძენთა მონობაზე;
დაარსდეს სემინარიები, რისთვისაც უცხოეთიდან იქნენ მოწვეული განსწავლული, მაგრამ საერო პირები" (Митр. Макарий (Булгаков). История Русской Церкви, СПб, т. 10, 1883).
აი თურმე ვინ ცდილობდა რუსულ და ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკაში ერთფეროვნების მიღწევას! მეფე ალექსი მიხეილის ძემდე დიდი ხნით ადრე რეფორმის უმთავრესი პუნქტები და მისი არსი მოფიქრებული იყო იეზუიტების მიერ, რომლებმაც გარკვეული ფორმულირებების სახით გადასცეს თავიანთ აგენტებს სამუშაო ინსტრუქცია. იეზუიტთა ეს გეგმა თითქმის მთლიანად განხორციელდა ნახევარი საუკუნის შემდეგ - მე-17 საუკუნის რეფორმის პროცესში. რეფორმის მსვლელობა მეტისმეტი სიზუსტით ემთხვევა ამ ინსტრუქციის ყველა პუნქტს.
"სარწმუნოების ზოგიერთ უმნიშვნელო საკითხზე, რომელიც საჭიროებს გარდაქმნას", 1649 წელს მოსკოვში ყოფნისას, ბერძნული სამღვდელოების მხარდაჭერით ალაპარაკდა იერუსალიმის პატრიარქი პაისი; წიგნების შემსწორებელი ეპიფანე სლავინეცკი, როგორც სწავლული ღვთისმეტყველი, რეფორმის გატარების წინადადებას აყენებს. იეზუიტური კოლეგიის მოწაფე ეპიფანე კიევიდან გამოაგზავნეს იმ პირის სანაცვლოდ, რომელიც მოსკოვში მოითხოვეს.
რაც შეეხება საკითხს, რომ "ყველაფერი აიგოს ბერძნული ეკლესიის თარგზე", აუცილებელია აღინიშნოს, რომ კათოლიკეებთან უნიისა (ლიონის 1274 წ. და ფერარო-ფლორენციის 1439 წ.) და თურქების ორასწლოვანი ბატონობის უღელქვეშ ყოფნის შემდეგ ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკაში იმდენი ცვლილება მოხდა, რომ რუსები უკვე ეჭვქვეშ აყენებდნენ ბერძნების მართლმადიდებლურობასაც კი. 1480 წელს ჩვენში სამღვდელმთავრო ფიცში შევიდა აღთქმა, პირობა, რომ ბერძნებს არ მიიღებდნენ არც მიტროპოლიაში და არც საეპისკოპოსო კათედრაზე, როგორც არაქრისტეანი ხელისუფლების ქვეშ მყოფებს (Курс лекции Московской духовной семинарии по истории Русской церкви, 1970).
ამგვარად, რეფორმის წინ, რომლის მიზანს წარმოადგენდა ბერძნულ საეკლესიო პრაქტიკასთან სრული იდენტურობის მიღწევა, საჭირო იყო თვით ბერძნების ავტორიტეტის ამაღლება, რომელიც რუსების თვალში გვარიანად იყო შელახული. ამ საკითხზე რუსეთის მთავრობა აქტიურად მუშაობდა ალექსის გამეფების პირველივე დღეებიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში და თანაც სხვადასხვა მიმართულებით. მოსკოვში გამოიცა რამდენიმე სამხრეთ-რუსული წიგნი, რომლებშიც დაბეჯითებით იქადაგებოდა ბერძენთა სრული მართლმადიდებლურობა და ის, რომ საჭირო იყო ყველა საკითხში მათთან ურთიერთობა და მათთან თანამოაზრეობა.
რეფორმის შემოქმედთათვის, ბერძენთა რეაბილიტაციის გარდა, მნიშვნელოვანი იყო საკითხის სხვა მხარეც, კერძოდ - უნდა შექმნილიყო მყარი აზრი რუსული წიგნების გამოუსადეგარობაზე და მათი შესწორების უკიდურეს აუცილებლობაზე. ამ მიმართულებით (ანუ ვითომცდა ძველი რუსული წიგნები გამოუსადეგარი იყო) საზოგადოებრივი აზრის შესამზადებლად განსაკუთრებული როლი ითამაშა მელეტი სმოტრიცკის გრამატიკის (1648 წ.) ვრცელმა შესავალმა. აქ მთელი მონდომებით არის გატარებული აზრი, რომ რუსული საეკლესიო წიგნები ძალიან შერყვნილია და ამიტომაც საჭიროებს დაუყოვნებლივ გასწორებას, თანაც, ცხადია, ისინი უნდა გასწორდეს ბერძნული ნიმუშების მიხედვით (См. Каптерев Н. Ф. Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. М., 1887 г., стр. 45, 46).
"კანონის შესრულება უნიის მომხრე სანდო ადამიანებს დაეკისროს":…"სანდო" ადამიანებიც იპოვეს: არსენ ბერძენი, ეპიფანე სლავინეცკი, პაისი ლიგარიდი, სიმეონ პოლოცკი და სხვები.
რომის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი არსენ ბერძენი არაერთხელ გადასულა მართლმადიდებლობიდან ლათინობაზე და პირიქით; დროებით მიუღია მაჰმადიანობაც (Житие протопопа Аввакума, стр. 215). მწვალებლობისთვის იგი გადაასახლეს სოლოვკაში, მაგრამ ნიკონმა 1652 წელს გაათავისუფლა და წიგნების შესწორების საქმეს ჩაუყენა სათავეში, მეტიც, თავისი სენაკიც კი დაუთმო საცხოვრებლად. თავის მხრივ არსენიმ ნიკონის წინაშე რეკომენდაცია გაუწია პაისი ლიგარიდს, ასევე რომის იეზუიტური სკოლის აღზრდილს.
"პაისი ლიგარიდი - შტო არა კონსტანტინოპოლის ტახტისა, - ასე ახასიათებს მას კონსტანტინოპოლის პატრიარქი, - მე მას მართლმადიდებელს არ ვუწოდებ, რამეთუ მესმის მრავალთაგან, რომ პაპისტობს და არის მეტად მზაკვარი ადამიანი". თანამედროვე მონაცემებით, ლიგარიდი იყო კათოლიკე მისიონერი, რომელიც 1641 წელს წარგზავნეს აღმოსავლეთში. მოსკოვში ის თამაშობს ღაზის მართლმადიდებელი მიტროპოლიტის როლს, უდიდეს ზეგავლენას ახდენს მეფე ალექსიზე და, ფაქტობრივად ღებულობს 1667 წლის კრების საბოლოო ვერდიქტს. ის იყო მეფის მთავარი ხელქვეითი "ბერძნული პროექტის" განხორციელების საქმეში; მას, პროფ. კაპტერევის თქმით, თვით მეფე უსმენდა როგორც "ღმერთის წინასწარმეტყველს".
სიმეონ პოლოცკი - ვილნოში განსწავლული, პოლონეთის იეზუიტური კოლეგიის კურსდამთავრებული, მეფის შვილების აღმზრდელი (ცხადია, პოლონურ-ლათინური სულისკვეთებით), მოხერხებული მჭევრმეტყველი და მწერალი, წერდა კომედიებს მეფის თეატრისთვის, აქტიურად უჭერდა მხარს ნიკონის რეფორმას, მეფის შეკვეთით დაწერა პოლემიკური ტრაქტატი ძველმოწესეების წინააღმდეგ. უეჭველად, მან დიდი ზიანი მიაყენა რუსულ სიტყვიერებას იმდროინდელ ლიტერატურაში პოლონურ-უკრაინული ჟარგონისა და პოლონური სილაბური ლექსის დამკვიდრებით, რომელიც უცხოა რუსული კულტურისთვის. ბევრი მოსკოველი მას არამართლმადიდებლობაში ადანაშაულებდა. დეკანოზი ამბაკუმი პირდაპირ ამბობს: "Овчеобразные волки Симеон и Епифаний. Знаю я Епифана римлянина до мору, егда он приехал из Рима... А Семенка четнец оттоле же выехал, от римского папежа" (С. Каптерев Н. Ф. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович, т. 2, стр. 504-506).
"დაარსდეს სემინარიები, რისთვისაც უცხოეთიდან მოწვეულ იქნენ განსწავლული, მაგრამ საერო პირები" - … სემინარიებიც დააარსეს დასავლური სქოლასტიკური სკოლების მიხედვით, განსწავლული მასწავლებლებიც უცხოეთიდან მოიწვიეს. ძმები ლიჰუდები, ვენეციისა და პადუის იეზუიტური სკოლების აღზრდილები, იყვნენ რა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელები, ნიკონის რეფორმას რუსეთში ამკვიდრებდნენ 15 წლის განმავლობაში (1701 წლამდე).