ასე აფასებდა პატრიარქი ნიკონი რუსეთის საეკლესიო ცხოვრებაში ეკლესიისგან განკვეთილი და პატივაყრილი ლიგარიდის მოღვაწეობას. მაგრამ მისმა სიგელმა პატრიარქ დიონისემდე ვერ მიაღწია: ის მეფის ბრძანებით ხელთ ჩაიგდეს და 1666 წლის კრებაზე საჯაროდ წაიკითხეს. კრებას აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქიდან ორი ესწრებოდა და ორივემ კარგად უწყოდა, რომ ლიგარიდი განკვეთილი იყო. მიუხედავად ამისა, იცრუეს და განაცხადეს, რომ ლიგარიდი ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მიტროპოლიტი იყო. მეტიც, პატრიარქ ნიკონის მიერ პატრიარქ დიონისესადმი მიწერილი სიგელი გახდა მიზეზი ერთ ერთი უმძიმესი ბრალდებისა, კერძოდ იმისა, რომ მან (ნიკონმა) "ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანს მწვალებლები უწოდა, ცილს სწამებდა საკუთარ სამწყსოს და ირწმუნებოდა, რომ თითქოსდა ყველა, დიდიან-პატარიანად, რომის პაპის სწავლებას შეუდგა". ამით ის დაუქვემდებარეს კანონს, რომელიც განიკითხავს საკუთარი სამწყსოს შემარცხვენელ ეპისკოპოსს. ასეთი პირები უნდა დაემხონ და სიკვდილითაც კი უნდა დაისაჯონ. სასამართლოზე პატრიარქმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლიგარიდი განკვეთილი და შეჩვენეული იყო, რომ მას არ გააჩნია ხელდასხმის სიგელი და, რომ "ყოველივე ამას ის მართლმადიდებელ ქრისტეანებზე კი არა, ღაზის ყოფილ მიტროპოლიტზე წერდა".
1853 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტები ვატიკანის არქივებიდან, რომელთაგან ცხადი შეიქნა, რომ ლიგარიდი არა მარტო ეკლესიიდან განკვეთილი და შეჩვენეული მწვალებელი იყო, არამედ ნამდვილად ემსახურებოდა რომის პროპაგანდის კონგრეგაციას, ღებულობდა მისგან ყოველწლიურ ანაზღაურებას და ეკლესიის ვატიკანთან უნიისკენ მიდრეკას ცდილობდა. ეს უკანასკნელი ვითარება, ცხადია, პატრიარქ ნიკონისთვის უცნობი იყო, მაგრამ ცნობილი უნდა ყოფილიყო იგი XIX-XX საუკუნის მეცნიერთათვის, რომლებიც რატომღაც თავიანთ თხზულებებში ხშირად იმოწმებდნენ ციტატებს ლიგარიდის "ისტორიიდან", ზოგჯერ კი აღიარებდნენ მის გაიძვერობასაც, ეშმაკობასაც და უნარს პატივისა და თბილი სავარძლების მოპოვებისა". ამ წმინდად ეთნოგრაფიული თვისებების უკან კი საქმის არსის დანახვა არ სურდათ. არადა მას აშკარად მკრეხელური ხასიათი გააჩნდა. როგორც მ. ვ. ზიზიკინი წერს, პატრიარქ ნიკონის საქმეს წყვეტდა "გაყიდულ პატრიარქთა მოქრთამული კრება, რომელთაც ხელმძღვანელობდა არა ძიება და საქმის დეტალების გამოკვლევა, არამედ სულგაყიდული ბერძენი-ლათინი, მართლმადიდებლობიდან გაძევებული მიტროპოლიტი, რომელსაც რუსეთის პატრიარქის საყდრის მისაკუთრება სურდა" (რათა უფრო ადვილად დაემკვიდრებინა უნია).
საეკლესიო კანონების თვალთახედვით, ნიკონის გამსამართლებელი კრების შემადგენლობა არაკანონიერი იყო. სასამართლომ არ შეისწავლა საქმის არსი და მთავარ საკითხში (კათედრის დატოვება) ბრალდებულის განმარტებაც კი არ მოისმინა; ბრალდებულის მხრიდან არც ერთი მოწმე არ დაკითხა (ყველა მათგანი წინასწარ გადასახლებულნი იყვნენ); ბრალდების პუნქტთა უმეტესობა (სულ 17) წამოყენებულ იქნა თვით სასამართლოს პროცესში.
აქ შეუძლებელია პატრიარქის გასამართლების ყველა პერიპეტიების დამოწმება. შევჩერდებით მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობაზე. როგორ უკვე ითქვა, ოთხი აღმოსავლელი პატრიარქიდან, რომელთაც პატრიარქი ნიკონი უნდა გაესამართლებინათ, მხოლოდ ორი ჩამოვიდა: ალექსანდრიელი პაისი და ანტიოქიელი მაკარი. მათთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ორი ვითარება:
1) სასამართლოს დროს მათ არ შეეძლოთ ყოფილიყვნენ პატრიარქის გამსამართლებელნი, რადგან იმ დროს თვითონვე იყვნენ დამხობილნი საკუთარი კათედრებითან (ზუსტად ამ კრებაზე მონაწილეობის გამო) კონსტანტინოპოლის პატრიარქ პართენის და მასთან სოლიდარული ბერძენი მღვდელმთავრების მიერ.
2) მაკარი და პაისი მოქრთამა მოსკოვის მთავრობამ. მათი მოქრთამვა ზუსტად არის დამტკიცებული პროფესორ კაპტერევთან, რომელიც ქრთამის რაოდენობასაც აღნიშნავს.
გარდა ამისა, თვით კრებაზე, ამ პატრიარქებმა უკიდურეს შემთხვევაში ორჯერ მაინც იცრუეს: ჯერ არწმუნეს პატრიარქ ნიკონს, რომ გააჩნდათ ორი დანარჩენი პატრიარქის (ანუ მათი დამამხობელი პართენისა და ეკლესიიდან ლიგარიდის მომკვეთი ნექტარიოსისა) უფლებამოსილება, შემდეგ კი არწმუნეს კრება, რომ ლიგარიდი არავის მოუკვეთია ეკლესიისგან.
როგორც მოვლენათა შემდგომი განვითარებისგან დავინახავთ, ნიკონის გამსამართლებელი პაისი და მაკარი ჯერ კიდევ ლიგარიდის მიერ იყვნენ ჩაბმულნი უნიის შესახებ მოლაპარაკებებში და ერთი პერიოდი იხრებოდნენ კიდევაც უნიისკენ.
ასეთები იყვნენ მთავარი მსაჯულნი. ლიგარიდის გარდა, კრებას კიდევ შვიდი უცხოელი ეპისკოპოსი ესწრებოდა, მაგრამ ისინი მოსკოვში აღმოჩნდნენ საკუთარი საქმეების გამო და ჩამოსულები იყვნენ "მოწყალების სათხოვად და არა კრებაზე კანონიკური საკითხების განსახილველად, რომელიც ოთხი ადგილობრივი პატრიარქისგან უნდა მიეღოთ".
კრებას ასევე ესწრებოდა 14 რუსი ეპისკოპოსი, რომელთაგან ექვსმა ხელდასხმა და კათედრა ეკლესიისგან განკვეთილი ლიგარიდისგან მიიღო, ხოლო რვა ეპისკოპოსი ნიკონისგან ხელდასხმული გახლდათ.
სასულიერო დასის გარდა, ზოგიერთ სხდომას ესწრებოდა თვით მეფე ალექსი მიხეილის ძე და იგივე დიაკვნები და თავად-აზნაურები, რომლებიც მანამდე, მთელი რვა წლის განმავლობაში ასმენდნენ პატრიარქს. 1666 წლის 12 დეკემბრის ბოლო სხდომაზე მაკარიმ და პაისიმ ჰკითხეს ბერძენ ეპისკოპოსებს: "როგორ სასჯელს იმსახურებს ნიკონი, რომელმაც გაქელა საღმრთო კანონები და რომელიც ამდენ მკვლელობაშია ბრალდებული (იგულისხმება ეპისკოპოს პავლე კოლომნელისა და სიტინის საქმესთან დაკავშირებული გლეხის მკვლელობა) და რომელმაც თავისი პატრიარქობის პერიოდში მრავალი ძარცვა და უსამართლობა ჩაიდინა?"
ბერძენმა ეპისკოპოსებმა უპასუხეს: "კანონიკურად, ის უნდა დაემხოს და წაერთვას მღვდელმსახურების უფლება".
ამ შეკითხვას რუსმა ეპისკოპოსებმაც უპასუხეს: "დე, დაემხოს ნიკონი, რადგან მას მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი".
ასე გამოუტანეს განაჩენი პატრიარქ ნიკონს, მასთან ერთად კი ეკლესიის დამოუკიდებლობას. კრების შემდგომი საქმე დაკავშირებული იყო ახალი პატრიარქის, იოასაფ II არჩევასთან. შემდეგ კრებამ დაამტკიცა ძველ საეკლესიო წიგნებთან და წესებთან დაკავშირებული ღონისძიებების მართებულობა (მათში პატრ. ნიკონის მონაწილეობის აღიარების გარეშე).
ჯერ კიდევ 120 წლის წინათ ვ. პალმერი ჭვრეტდა 1667 წლის კრების საშინელ შედეგებს და ამბობდა: "დაეუფლება თუ არა რუსეთს გერმანული მატერიალიზმი დ ბოლოს და ბოლოს თვით ქრისტეანობის სახელით დადგება თუ არა აპოსტასია?"
და რა ხდება ახლა? "რომის პროპაგანდა" მართლმადიდებელ რუსეთში აგზავნის უკვე არა ცალკეულ ემისრებს, არამედ ათეულობით ლიგარიდებს, რომელთაგან ზოგი მართლმადიდებელი მღვდელმთავარია. ისინი ქადაგებენ "ქრისტეანული რადიომაუწყებლობიდან", გამოსცემენ ჟურნალებსა და გაზეთებს; მოსკოვში პაპის ნუციც კი გამოჩნდა. ასე, რომ სახეზეა უნიის მიღწევის მორიგი მცდელობა.