აპოლოგეტიკა - სასულიერო აკადემიის პროფესორის ხვედრი - საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესია

საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური საიტი
Перейти к контенту
სასულიერო აკადემიის პროფესორის ხვედრი
 
ნ. თ. კაპტერევი და მისი შრომები
პატრ. ნიკონის გასამართლება საეკლესიო კრებაზე
ზემოთ ფოტოზე: პატრიარქ ნიკონის გასამართლება 1667 წლის საეკლესიო კრებაზე

ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის სამეცნიერო მოღვაწეობა, აკადემიკოს მ. ა. დიაკონოვის თქმით, "წარმოადგენდა მის ცხოვრებისეულ გმირობას, რომელიც აღსავსე იყო განსაცდელებითა და მსხვერპლით, მაგრამ იმგვარი ღვაწლით, რომელმაც განსვენებულ პროფესორს დამსახურებული სამეცნიერო ტრიუმფი მოუტანა. მართალია, გვირგვინი, რომელიც მოღვაწე მეცნიერის თავსა და შუბლს ამშვენებდა, იყო მხოლოდ ჭაღარა თმები და დანაოჭებული შუბლი, იმის წყალობით, რომ მიაღწია ამგვარ მხცოვანებას, შეძლო პირადად დარწმუნებულიყო მის მიერ მოპოვებული ჭეშმარიტებების გამარჯვებაში ძლიერ მოწინააღმდეგეთა ჯიუტი მისწრაფებების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ჭეშმარიტებათა დაჩრდილვას ცდილობდნენ". კონსერვატული ძალების მხრიდან კაპტერევის წინააღმდეგ აღმართული დევნისდა მიუხედავად, რომელიც არაერთი ათეული წელი გრძელდებოდა - ამ შეფასებას ადასტურებდა დიდი ისტორიკოსი მ. დ. პრისელკოვიც - მკვლევართა მთელი თაობები აღიზარდა მის სამეცნიერო ნაშრომებზე.
 
მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი თვალსაჩინო ისტორიკოსი სულაც არ მოელოდა ასეთ ხვედრს. ნიკოლოზ თევდორეს ძე დაიბადა 1847 წლის 8 ივლისს, მოსკოვის გუბერნიის პოდოლსკის მაზრის სოფ. კლენოვში. მისი მამა სოფლის მღვდელი იყო და ფიქრობდა, რომ შვილიც მის ნაკვალევს გაჰყვებოდა. ყმაწვილმა კაპტერევმა დაამთავრა ზვენიგოროდსკის სასულიერი სასწავლებელი, შემდეგ ბეთანიის სასულიერო სემინარია (1) და შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.

___________
 
1. ბეთანიის მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია - სპასო-ბეთანიის (Спасо-Вифанский) მონასტერთან არსებული სასულიერი სასწავლებელი. დაარსებულია 1797 წლის 1 (12) მაისს. სასწავლებელი იწოდება მონასტრის სახელის მიხედვით, რომელმაც, თავის მხრივ სახელწოდება ასევე მიიღო ფერისცვალების საყოველთაო ეკლესიის ეკვდერის სახელწოდებიდან, რომელიც მიეძღვნა პალესტინის ბეთანიაში მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს (Вифанская духовная семинария. Материал из Википедии — свободной энциклопедии). – რედ.
 
___________
 
აკადემიაში სწავლების წლებმა (1868—1872) გადამწყვეტი გავლენა მოახდინა კაპტერევის მიერ არჩეულ ცხოვრებისეულ გზაზე.
 
იმ დროს აკადემია მოსწავლეებს აძლევდა მდიდარ და მრავალმხრივ ცოდნას, მაგრამ ნაკლებად ავითარებდა კვლევით უნარებს, განსაკუთრებით ისტორიული მეცნიერების სფეროში. სტუდენტთა მცირე რაოდენობისთვის, რომლებიც გატაცებულნი იყვნენ ისტორიით, მისაბაძი მაგალითი გახდა აკადემიის ახალი რექტორის ა. ვ. გორსკის თავდადებული მუშაობა მოსკოვის სინოდალური ბიბლიოთეკის სლავურ ხელნაწერთა აღწერის საქმეში. დეკანოზ გორსკისთან პირადი ურთიერთობა და რუსული მართლმადიდებლობის ადრინდელი ისტორიის შესახებ მისი გულმოდგინედ შესრულებული შრომების კითხვა, კაპტერევს კვლევის თანამედროვე მეთოდების გაცნობაზე მეტად, ზნეობრივ მაგალითს აძლევდა, სხვადასხვა საწინააღმდეგო შეხედულებებისდა მიუხედავად, წარსულთან ჰქონოდა ობიექტური დამოკიდებულება.
 
კურსის დამთავრებისთანავე ნიკოლოზ თევდორეს ძე დატოვეს აკადემიაში სამაგისტრო დისერტაციის მოსამზადებლად. 1874 წელს გამოქვეყნდა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის ღია სამაგისტრო დისპუტში ბრწყინვალედ იქნა დაცული მისი მონგრაფია "Светские архиерейские чиновники в древней Руси".   პრივატ-დოცენტ კაპტერევის დისერტაციის დაცვის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა გაზეთმა "Современные известия" (1874, № 266). ა. ვ. გორსკიმ თავის პირად წერილში ყველაზე საქებარი სიტყვებით შეაფასა მოსწავლის სამეცნიერო დამსახურებები.
 
ამ ნაშრომს დღემდე არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. დამწყებმა მკვლევარმა თავი გაართვა საეკლესიო ორგანიზმის ურთულეს ადმინისტრაციულ და სამეურნეო სტრუქტურას, მომდინარეს უძველესი დროიდან ვიდრე XVII ს-ის საპატრიარქო უწყებებამდე (Патриаршие приказы); შეძლო გაემიჯნა მრავალგვაროვან მოხელეთა ფუნქციები დაწყებული მღვდელმთავართა მსახურთუფროსებისგან (Дворецкий) და დიაკვნებიდან, ვიდრე სოფლის ღალის ამკრეფებამდე (десятильник). მაგრამ თვით კაპტერევს ასეთი სამუშაო უკვე აღარ აკმაყოფილებდა. ის შესრულებული იყო უკვე მრავალ გამოქვეყნებულ წყაროთა საფუძველზე, ნიკოლოზ თევდორეს ძეს კი უფრო გამოუკვლეველ არქივთა საგანძურები იზიდავდა. თავისი მასწავლებლის მიბაძვით კაპტერევი წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ჩაეფლო დოკუმენტების კვლევაში, რომელთა უმეტესობას ასწლეულების განმავლობაში მეცნიერის ხელი არ შეხებია.
 
იყენებდა რა ნებისმიერ შესაძლებლობას, მოსკოვის სასულიერო აკადემიის ძველი სამოქალაქო ისტორიის კათედრის დოცენტი სერგიევ-პოსადიდან დედაქალაქისკენ მიისწრაფვოდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარი არქივისკენ, სადაც მისთვის უკვე მომზადებული იყო XVI-XVII საუკუნეთა სახელმწიფო და საეკლესიო დოკუმენტების ახალი დასტები.
 
არქივებთან მუშაობა - საკმაოდ საშიში საქმეა უკვე განმტკიცებული ისტორიული შეხედულებებისთვის. დღესაც კი, შეუკვეთავ რა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ყოფილი მთავარი არქივის დოკუმენტებს ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში, რომელიც დიდი პიროგოვსკის ქუჩაზე მდებარეობს, არცთუ იშვიათად გიწევს სამამულო ისტორიის გვერდებისა და მთელი თავების გადაწერა, რადგან ხვდები იმ ადამიანთა ბუნებრივ წინააღმდეგობას, რომლებიც ძველ "ჭეშმარიტებებს" მიეჩვივნენ. არქივში შესულმა კაპტერევმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისთვის ისტორიკოსის ზნეობრივი პრობლემა, რომელიც იძულებულია ახალი ცოდნა შეუხამოს ძველ წარმოდგენებს: ის, კონსერვატორთა რეაქციისდა მიუხედავად, მკაფიოდ და ზუსტად დაიწყებს ნამდვილი ისტორიული ცნობების გადმოცემას. როგორც უკვე ვიცით, ეს რეაქციები კაპტერევის შრომებზე მძაფრი და ბობოქარი იყო.
 
მოდი, აზრით გადავინაცვლოთ 1888 წლის შემოდგომაში, სერგიევ-პოსადში, სადაც სახაზინო აკადემიურ ბინაში ნიკოლოზ თევდორეს ძე წერს "პასუხს უსამართლო ბრალდებებზე" - სტატიას წერილის ფორმით, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "Православное обозрение" ("მართლმადიდებლური მიმოხილვა") (გამოქვეყნდა მე-8 და მე-9 ნომრებში). კაპტერევი იცავს სამეცნიერო ნაშრომს და ცდილობს არ გაცდეს აკადემიური დავის ჩარჩოებს.
 
"1887 წელს, "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" დავიწყეთ საკუთარი გამოკვლევის გამოქვეყნება სათაურით: "Патриарх Никон как церковный реформатор и его противники" ("პატრიარქი ნიკონი, როგორც საეკლესიო რეფორმატორი და მისი მოწინააღმდეგეები"). მაგრამ სანამ იმ სტატიათა ბეჭდვას დავამთავრებდით, რომლებიც ეხებოდა პატრიარქ იოსების დროებას (ანუ მონოგრაფიის ყველაზე უპირველეს ნაწილებს - ა. ბ.), ჩვენს წინააღმდეგ გამოვიდა პროფესორი სუბოტინი თავის ჟურნალში "Братское слово" ("ძმური სიტყვა") (№ 6, стр. 468—475). ბ-ნ სუბოტინის ამ შემოპასუხებებში ჩვენი საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვარ ვიპოვეთ, თუ მტკიცებულებად არ ჩავთვლით იმ ბრალდებას, რომ ნიკონთან მიმართებაში გამოვიყენეთ გამოთქმა "რეფორმატორი" და, შედეგად, შევიტანეთ "ისეთივე მოღვაწეთა რიცხვში, როგორიც იყო ლუთერი". ამ ბრალდების უსამართლობა, ვფიქრობთ, განმარტების გარეშეც ცხადი უნდა იყოს", - წერდა კაპტერევი.
 
მაგრამ მან ჩათვალა, რომ ეს ნათელი უნდა ყოფილიყო ჟურნალის ყველა მკითხველისთვის, და არა მარტო სპეციალისტებისთვის, და არ დაიზარა, რათა სქოლიოში ჩამოეთვალა ცნობილი ისტორიული ნაშრომები და ტომები, რომელთა გვერდებზეც ნიკონთან მიმართებაში უკვე გამოიყენებოდა სიტყვა "რეფორმატორი". "მსგავსი სახის შემოდავებას, - აგრძელებდა ნიკოლოზ თევდორეს ძე, - ჩვენ, რა თქმა უნდა, არც კი ვახსენებდით, ბ-ნ სუბოტინს მეორე სტატიაშიც რომ არ ეცადა მიეთითებინა, როგორც ის ამბობს, ჩვენი ორი-სამი სამეცნიერო შეცდომა (2).

___________
 
2. ნ. ი. სუბოტინის მეორე სტატია: О перстосложении для крестного знамения (разбор статьи г. Каптерева) // Братское слово, 1887. № 18. С. 598-612; № 19. С. 693-715; № 20. С. 764-798; 1888. № 5. С. 338-369.
 
___________

ოპონენტის კონკრეტული შენიშვნების განხილვისას კაპტერევი ულმობელი ხდება. როდესაც ფაქტები ხელში უჭირავს, ის არა მარტო ურტყამს, არამედ დასცინის კიდეც თავის მოწინააღმდეგეს, ამტკიცებს, რომ პროფესორი ნ. ი. სუბოტინი "საქმეს მიუდგა არა ისე... როგორც ეს სერიოზულ მეცნიერს მართებდა". ნიკოლოზ თევდორეს ძე მრავალგზის აცვენებს, რომ სუბოტინი უკვე არა ერთხელ და ორჯერ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, რადგან ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს ის აზრი, რომლის დამტკიცებაც მას აწყობს. აქედან გამომდინარე "განა შესაძლებელია, მეცნიერების ელემენტარულ მოთხოვნათა ღალატის გარეშე, მივიღოთ ბ-ნ სუბოტინის შეხედულებები მის მიერ წარმოჭრილ საკითხებზე ან მათით შევცვალოთ ჩვენს მიერ გამოთქმული მტკიცებულებები?" - რიტორიკულად სვამს კითხვას კაპტერევი.
 
"როგორი სახის მითითებებია ჩვენს სამეცნიერო შეცდომებზე რასკოლის მცოდნის, - ბ-ნ სუბოტინის მხრიდან, კარგად ჩანს, მაგალითად, შემდეგი ფაქტიდან. ნიკონის საეკლესიო რეფორმის ცნობილ დამცველზე, რიაზანის არქიეპისკოპოს ილარიონზე ჩვენს სტატიაში ვთქვით, რომ ილარიონი თავიდან თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო სოფ. ლისკოვში. ბ-ნ სუბოტინი, როგორც რასკოლის ისტორიის სპეციალისტი, ამაზე ავტორიტეტულად შენიშნავს, რომ ილარიონი იყო არა საერო მღვდელი, არამედ მღვდელმონაზონი, და იღუმენი, რაზეც ამბაკუმიც აღნიშნავს თავის ცხოვრებაში..." (რომელიც გამოქვეყნებულია სუბოტინის "მასალების" მე-5 ტომში - ა. ბ.). დამოწმებული ადგილი... მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ იმ დროს, როდესაც ამბაკუმი ჰყვება, ილარიონი უკვე იღუმენი იყო, მაგრამ ეს, არანაირად უშლიდა ხელს მას ადრე თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ყოფილიყო. ხოლო ჩვენი სპეციალისტი რომ დავარწმუნოთ იმაში, რომ ილარიონ რიაზანელი ადრე, თავის იღუმენობამდე მართლაც თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო სოფ. ლისკოვში, ვურჩევთ მას ჩაიხედოს თავისსავე "მასალების" მეექვსე ტომში (იგულისხმება Н.Субботин. "Материалы для истории раскола". Том 6), სადაც 195-196 გვერდებზე მას შეუძლია წაიკითხოს დიაკვან თევდორეს შემდეგი მოწმობა ილარიონზე: "Ларион поп бысть на Лыскове селе под Нижним, и овдове, и пострижеся, и бысть игуменом у Макарья на желтых песках" ("ილარიონი მღვდელი იყო ლისკოვში ნიჟნისთან, შემდეგ დაქვრივდა, აღიკვეცა და იღუმენი გახდა მაკარისთან სოფელში ჟელტიე პესკი (Желтые пески)". არ აწყენდა პროფესორ სუბოტინს უკეთესად ესწავლა საკუთარი გამოცემები".
 
კაპტერევი ძლიერ დარტყმებს აყენებდა ოპონენტს, მაგრამ სუბოტინის მლანძღველი ტონის სტატიებთან შედარებით საკმაოდ თავშეკავებული იყო. თუკი სუბოტინი წერდა: "მისი (ანუ კაპტერევის - ა. ბ.) უმეცრების ან მისი არაკეთილსინდისიერების სამხილებლად", ნიკოლოზ თევდორეს ძე დავის გადაწყვეტას თვით მკითხველს სთავაზობდა. მხოლოდ ერთ ადგილზე ხდება კაპტერევის ტონი ღიად დამცინავი - იქ, სადაც ის სუბოტინის საპასუხო სტატიების დაწერის მიზეზზე ლაპარაკობს.
 
"ჩვენი სწავლული კრიტიკოსის პირველი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ის ჩვენი გამოკვლევის ამოცანასა და მიზანს გაეცნო არა თვით გამოკვლევიდან, არამედ სხვა, უკიდურესად თავისებური გზით. ჩვენი გამოკვლევის მიზანზე, აცხადებს თვით ბ-ნი სუბოტინი, მან თითქოსდა სრულიად ზუსტად შეიტყო "პავლოვის პოსადში მცხოვრები და მართლმადიდებლობისთვის დამაშვრალი საპატიო მოქალაქისგან". თურმე, როგორც ბ-ნი სუბოტინი ჰყვება, ეს მოქალაქე "სპეციალურად ჩამოვიდა ჩვენს (ანუ ბ-ნ სუბოტინის) სანახავად, რათა გადმოეცა, მისთვის (ანუ "პავლოვის პოსადის საპატიო მოქალაქისა და მართლმადიდებლობისთვის მოშურნისთვის") უკიდურესად აღმაშფოთებელი და გულსატკენი ჭორები; რომ თხზულების (ცხადია, კაპტერევის) მიზანი არის გაანადგუროს და ლაფში ამოსვაროს სუბოტინი" ("Братское слово", 1887 г., стр.469). ჩვენი გამოკვლევის მიზნის შესახებ მეცნიერისთვის ამგვარი ორიგინალური ცნობით შეიარაღებული ბ-ნი სუბოტინი, რა თქმა უნდა, საკმაოდ მტრულად უნდა ყოფილიყო განწყობილი ამ გამოკვლევისადმი...
 
ჩვენ ისღა გვრჩება, - ირონიულად შენიშნავს კაპტერევი, - დავმწუხრდეთ პავლოვის პოსადის პატივსაცემი მოქალაქის ვიზიტისა და ჩვენს სპეციალისტთან მისი საბედისწერო საუბრის გამო. რომ არ ჩამოსულიყო იგი სერგიევო პოსადში და ჩვენი კრიტიკოსისთვის არ ეცნობებინა, რომ ჩვენი ნაშრომის მიზანი "სუბოტინის გაქელვა და მისი ლაფში ამოსვრაა", ბ-ნი სუბოტინი, შესაძლოა ვერც მიმხვდარიყო ჩვენი გამოკვლევის ჭეშმარიტ მიზანს და არც კალამი აეღო ხელში თავისი ძლევამოსილი განსწავლულობით ჩვენს გასანადგურებლად".
 
ნიკოლოზ თევდორეს ძის დამცინავი ტონი სრულიად გასაგებია მისი თანამედროვე მკითხველისთვის. პროფ. ნ. ი. კაპტერევი ხომ უკვე მრავალი წელი ხელმძღვანელობდა ისტორიისა და რუსული რასკოლის მხილების კათედრას მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, მაშინაც კი, როდესაც კაპტერევი იქ გადიოდა აკადემიურ კურსს. ეს ამხედრებული პროფესორი ისე გულმოდგინედ აკვირდებოდა რასკოლზე მეცნიერთა შეხედულებების შესაბამისობას იმდროინდელ გამარტივებულ ოფიციალურ კონცეფციასთან, რომ მის გააფთრებულ თავდასხმებს დაექვემდებარნენ თვით ს. მ. სოლოვიოვის "რუსეთის ისტორიისა" და პროფ. ე. ე. გოლუბინსკის "რუსეთის ეკლესიის ისტორიის" ტომები. სამსახურეობრივი მოვალეობიდან და შინაგანი მოწოდებიდან გამომდინარე სუბოტინს არ შეეძლო მხედველობიდან გაეშვა კაპტერევის მრავალწლიანი კვლევითი მუშაობა, რომელიც პროფესორის ინტერესთა სფეროს ეხებოდა.
 
სუბოტინის მიერ "მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეთა" აქტიური ძიება აიხსნებოდა მისი კარიერის თავისებურებებით. როგორც კაპტერევი, ისიც მღვდლის ოჯახში დაიბადა (1827 წლის 13 ნოემბერს, ქ. შუიაში), დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, მაგრამ იქ არ დატოვეს, არამედ 1852 წელს გაამწესეს საეკლესიო ისტორიისა და კანონიკური სამართლის მასწავლებლათ ბეთანიის სასულიერო სემინარიაში. თითქოსდა, სუბოტინის სამეცნიერო კარიერა ვერ შედგა - მაგრამ უეცრად სამი წლის შემდეგ მან მიიღო ისტორიისა და "რასკოლის" მხილების კათედრა აკადემიაში და მხოლოდ ამის შემდეგ, 1858 წელს, გამოაქვეყნა თავისი სამაგისტრო დისერტაცია "Об отношениях духовенства русского к князьям с XI до половины XV века" (М.) (რუსული სასულიერო დასის დამოკიდებულება თავადაზნაურობისადმი XI საუკუნიდან ვიდრე XV სუკუნის ნახევრამდე), რომელიც გამსჭვალული იყო ერთგულ-ქვეშევრდომული სულით.
 
თავისი რეპუტაცია სუბოტინმა გაამყარა მთელი რიგი ნაშრომებით, რომელთა შორისაა:  "О православии греческой церкви" ("ბერძნული ეკლესიის მართლმადიდებლურობის შესახებ") (М., 1865), სადაც ამტკიცებდა ბერძნული საწესჩვეულებო პრაქტიკის უპირატესობას რუსულთან შედარებით (რომელსაც იცავდნენ ძველმოწესეები); "Новый раскол в расколе" ("ახალი განხეთქილება განხეთქილებაში") (М., 1867) და განსაკუთრებით "Раскол как орудие враждебных России партий" ("განხეთქილება, როგორც რუსეთისთვის მტრული პარტიების იარაღი") (М., 1867). დამცველობით-პოლემიკურმა და აშკარად დამსმენობითმა (მათ შორის "კონფიდენციალურმა" (2)) ნაშრომებმა სუბოტინი საკმაოდ ჩამოაშორა სამეცნიერო საქმიანობას, რამაც ხელი ვერ შეუშალა მას, უკვე პროფესორის წოდებაში მყოფს, 1874 წელს დაეცვა სადოქტორო დისერტაცია (3).
 
___________
 
2. იხ. მაგალითად: Отзывы профессоров Субботина, Никольского, Ивановского, Воскресенского, Макария архиепископа литовского о нуждах единоверия и разделении сект на более и менее вредные. Конфиденциальные издания. М.; Спб., 1870—1880-е гг.
 
3. Происхождение ныне существующей у старообрядцев так называемой австрийской или белокриницкой епархии. М., 1874. ამ საკითხთან დაკავშირებით სუბოტინმა კიდევ რამოდენიმე გამოკვლევა და პუბლიკაცია გამოსცა.
 
___________

ამ დროიდან ნ. ი. სუბოტინის საქმიანობა მკაფიოდ იყოფა ორ სფეროდ. ერთი მათგანია მონოგრაფიული გამოკვლევები, რომლებიც ძირითადად ავითარებდნენ სადოქტორო დისერტაციის თემებს, და სოლიდური რაოდენობის დოკუმენტების პუბლიკაცია, რომელთა შორის გამოიყოფა გამოცემა: "Материалы по истории раскола за первое время его существования" (М., 1874—1894. Т. 1—9).
 
სხვა - პუბლიცისტური საქმიანობა, თანაც საკმაოდ ოდიოზური ხასიათისა, გახლავთ თანამშრომლობა გამოცემებთან: "Русский вестник", "Московские ведомости", "Душеполезное чтение", "Странник", "Библиотека для чтения". იყო რა პეტრე-მიტროპოლიტის საძმოს საბჭოს მდივანი, რომელიც ძველმოწესეობისა და სექტანტობის აღმოსაფხვრელად დაფუძნდა, სუბოტინი ასევე უძღვებოდა ამ საბჭოს ჟურნალის "Братское слово"-ს რედაქციას, რომელიც გამოდიოდა 1875-1876 და 1888-1899 წლებში, და მისი გვერდები აავსო ნაწერებით, რომლებიც წარმოადგენდნენ კონსერვატიზმისა და რელიგიურ-პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიმუშებს.
 
კაპტერევის სამეცნიერო ნაშრომების "შეჭრა" ოფიციალური ეკლესიისა და "სტაროვერების" ურთიერთობებში საფრთხეს უქმნიდა სუბოტინს, როგორც პროფესიონალ-ისტორიკოსს და მის მიერ დაცული იდეის თვალსაჩინო წარმომადგენელს. ვერავის მოატყუებდა მისი ზღაპარი ვინმე "მართლმადიდებლობისთვის მოშურნე და პატივსაცემი მოქალაქის" გამოჩენაზე პავლოვის პოსადიდან, რომელმაც "Братском слово"-ში კაპტერევის საწინააღმდეგო ქარიშხალი გამოიწვია. ნაკლებად თუ იყო ვინმესთვის ცნობილი, რომ წინდახედულმა სუბოტინმა კაპტერევთან ნამდვილი ომი ხუთი წლით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ 1883 წელს, როდესაც ნიკოლოზ თევდორეს ძემ, იმ დროების ჩვეულებისდა მიხედვით, ჟურნალში "Чтения в обществе любителей духовного просвещения" ცალ-ცალკე თავებად დაიწყო თავისი ნაშრომის გამოქვეყნება, რომელიც ეფუძნებოდა ათეულობით წლების განმავლობაში გაწეულ საარქივო კვლევა-ძიებას.
 
მონოგრაფიას ეწოდებოდა "Характер отношений России к православному Востоку в XVI и XVII столетиях" ("მართლმადიდებლური აღმოსავლეთისადმი რუსეთის დამოკიდებულების ხასიათი XVI და XVII ასწლეულებში") და ავტორის მიერ სადოქტორო დისერტაციად განიხილებოდა. უკვე მესამე თავში, რომელსაც ეწოდება "Перенесение в Москву святыни с востока" ("აღმოსავლეთის სიწმიდის მოსკოვში გადატანა"), მისი დაბეჭდვა და გამოქვეყნება შეჩერდა. სასულიერო ცენზორი არქიმანდრიტი ამფილოქე აღაშფოთა მასში მოტანილმა საარქივო ცნობებმა, რომ წმიდა ნაწილებსა და სხვა წმიდა რელიქვიებში, რომელთათვისაც აღმოსავლეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები მოსკოვის მთავრობისგან იღებდნენ სოლიდურ "ფულად ანაზღაურებას", კადნიერი ნაყალბევები იყო. კი მაგრამ, ეს როგორ? - ეს "სიწმიდეები" ხომ დღემდე დაცულია მთავარანგელოზის ტაძარში და უამრავი მორწმუნე სცემს თაყვანს? მაშასადამე, კაპტერევის წიგნი ახდენს სიწმიდის დისკრედიტირებას და არ შეიძლება გამოცემულ იქნას.
 
მაშინ გამოცემის "Чтения в обществе любителей духовного просвещения" რედაქტორმა დეკანოზმა როჟდესტვენსკიმ მოსკოვის მიტროპოლიტ იოანიკეს მიუტანა დასაბეჭდად აკრძალული თავი, რომელმაც ბრძანა გაეგრძელებინათ მონოგრაფიის ბეჭდვა მნიშვნელოვანი განცხადებით, რომ, რაც გინდ სამწუხარო იყოს, ავტორი მართალია, რადგან მისი მტკიცება ეფუძნება ნამდვილ საარქივო დოკუმენტაციას, რომელთა წინააღმდეგ დავა შეუძლებელია.
 
მონოგრაფია დაიბეჭდა, ხოლო 1885 წელს ცალკედაც გამოიცა. ჯერ კიდევ მანამდე, კაპტერევმა ის წარუდგინა მოსკოვის სასულიერო აკადემიის საბჭოს საეკლესიო ისტორიის დოქტორის ხარისხის მისაღებად. სწორედ აქ ელოდა კაპტერევს ჩასაფრებული პროფესორი სუბოტინი, რომელიც კატეგორიულად შეეწინააღმდეგა დისერტაციის დასაცავად მიღებას.
 
"საქმე, - თვით კაპტერევის განმარტებით, - მდგომარეობდა შემდეგში. როდესაც რამოდენიმე წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის დიდ არქივში ვსწავლობდი ე. წ. ბერძნულ საქმეებს, ბერძნულ მუხლობრივ სიებს (4), თურქულ საქმეებს, თურქულ მუხლობრივ სიებს, უნებლიედ ჩამომიყალიბდა რწმენა, რომ რუსებს, - რომლებიც აკვირდებოდნენ XVI ს-დან მოყოლებული მოსკოვში სამათხოვროდ ჩამოსულ ბერძენ პატრიარქებს, მიტროპოლიტებს, არქიეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს, არქიმანდრიტებს და ა. შ., - თავიანთი თვალსაზრისით, ჰქონდათ საფუძვლები ეჭვის თვალით შეეხედათ იმდროინდელი ბერძნული ღვთისმოსაობისთვის და ნაწილობრივ იმდროინდელი ბერძნული მართლმადიდებლობისთვისაც კი.
 
___________
 
4. მუხლობრივი სიებად (Статейные списки) იწოდებოდა არაოფიციალური საქმეები საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც შემდეგ "წიგნებად" მუშავდებოდა.
 
___________
   
სწორედ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთთან მოსკოვის ურთიერთობის სპეციალური შესწავლის საფუძველზე, რომელიც განსაკუთრებულად მოიცავდა XVII საუკუნეს, მივედი იმ დასკვნამდე, რომ პატრიარქ ნიკონს არ მართებდა ესოდენი ნდობა გამოეცხადებინა მოსკოვში იმ დროს ჩამოსული ბერძნებისადმი და მათი მითითებით დაეწყო ჩვენი უძველესი საეკლესიო წესებისა და განგებების შესწორებანი".
 
"მაგრამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ბრძანებს კაპტერევი ძველი წეს-ჩვეულებების "მამხილებელთა" გამანადგურებელ დასკვნაში, - არქივში მე მოვახერხე მეპოვა ნამდვილი საძიებო საქმე ნიკონის დროინდელ ცნობილ შემსწორებელზე - არსენ ბერძენზე, რომელიც ჩვენს მთავრობას "მკაცრი ზედამხედველობის" ქვეშ გადასახლებული ჰყოლია სოლოვეცის მონასტერში. მაგრამ ნიკონმა, როგორც ცნობილია (და ამისთვის მას ამხელდნენ ძველმოწესეობის ბელადები ჯერ კიდევ XVII ს-ში - ა. ბ.), არსენი სოლოვეცის მონასტრიდან გამოიხმო, ჩამოიყვანა მოსკოვსი და აქ რუსული საეკლესიო წიგნების შესწორება მიანდო.
 
ნიკონის რეფორმის მოწინააღმდეგეები მუდმივად აცხადებდნენ, რომ არსენ ბერძენი - იეზუიტების აღზრდილი და ლათინელია, და რომ ამგვარ საეჭვო ადამიანს არანაირად უნდა მიენდოს ჩვენი საეკლესიო წიგნების შესწორების (რედაქტირების - ა. ბ.) საქმე, რადგან მას მხოლოდ მისი გაფუჭებაღა თუ ძალუძს, და არა შესწორება. ყველა ეს ბრალდება და თავდასხმა წიგნის შემსწორებელ არსენ ბერძენზე დღემდე უსამართლოდ მიაჩნდათ, და ეგონათ, რომ წარმოადგენდა ნიკონის საეკლესიო რეფორმის უმეცარ მოწინააღმდეგეთა ბრმა სიძულვილის გამოვლინებას, რომლებიც, თურმე განათლებულ და მართლმადიდებელ ბერძენს, რომელიც ნიკონმა წიგნების შესწორებას ჩაუყენა სათავეში, ტენდენციურად აცხადებდნენ ერეტიკოსად. მაგრამ, ჩემს მიერ არქივში ნაპოვნი საგამომძიებო საქმე არსენ ბერძენზე, - ასკვნიდა ნიკოლოზ თევდორეს ძე, - მოულოდნელად სრულად ადასტურებს ძველმოწესეთა სამართლიანობას არსენის საწინააღმდეგო ბრალდებებში. საგამოძიებო საქმიდან ჩანს, რომ არსენი, მისი საკუთარი აღიარებითვე, მართლაც იყო იეზუიტების მოწაფე და, უარყო რა მართლმადიდებლობა, მიიღო ლათინობა, ხოლო კონსტანტინოპოლში დაბრუნების შემდეგ მიიქცა მუსლიმობისკენ, რის გამოც რუსეთის მთავრობამ ის სოლოვეცის მონასტერში ჩაამწყვდია".
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძველმოწესეთა მამხილებლები სუბოტინის მეთაურობით ლაფში ჩავარდნენ. კაპტერევი აგრძელებდა: "გასაგებია, რომ ნიკონის მხრიდან ძალიან არაპრაქტიკული იყო რუსული საზოგადოების თვალში ისეთი საეჭვო კაცის აყვანა, როგორიც არსენ ბერძენი იყო და მისთვის ასეთი გაუფრთხილებლობით რუსული საეკლესიო წიგნების შესწორების საქმის მინდობა. მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე მე ჩემს გამოკვლევასი გამოვთქვი ის აზრი, რომ ნიკონის საეკლესიო რეფორმა (მაშსადამე, სუბოტინის კათედრის მთელი მამხილებელი საქმიანობა - ა. ბ.) გადასინჯვასა და შემოწმებას საჭიროებს, და რომ ზოგიერთი მისი მოწინააღმდგის განცხადებას არ შეიძლება ოდენ უმეცრებად და ცილისწამებად ვაფასებდეთ".
 
აკადემიისა და მისი რექტორის სასახელოდ, სუბოტინის მგზნებარე მხილებანი უპასუხოდ დარჩა. კაპტერევი შემოიფარგლა იმით, რომ წიგნის ზოგიერთი "ოფიციალური" ეგზემპლარიდან ამოიღო მოკლე შენიშვნა ნიკონის რეფორმაზე, რომელიც მეორეხარისხოვანი იყო მთავარი თემის ფონზე. მოსკოვის სასულიერო აკადემიამ ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევს საეკლესიო ისტორიის დოქტორის ხარისხი მიანიჭა, სინოდმა კი საბჭოს ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა. ლიბერალურმა პროფესორმა (შემდეგში აკადემიკოსმა) ა. ნ. პიპინმა ერთ-ერთ თავის პოპულარულ და მოწინავე ჟურნალში - "Вестник Европы" (ევროპის მაცნე) (№ 5. С. 258 - 320) - ყველაზე თბილი სიტყვებით გადმოსცა კაპტერევის საეკლესიო-ისტორიული გამოკვლევის ("Греки в Московском царстве" – "ბერძნები მოსკოვის სამეფოში") შინაარსი. მონოგრაფიას მიესალმნენ "Юридический вестник" (იურიდიული მაცნე) (№ 10. С. 359— 361) და ჟურნალი "Новь" (სიახლე) (Т. III. № 10. С. 585), მომდევნო წელს კი - "Исторический вестник"-იც (ისტორიული მაცნე) (№ 1. С 228—231) და "Русская старина"-ც (რუსული სიძველე) (Т. 50. № 5). მთელი ტირაჟი იმ დროისთვის ამ სახის წიგნისთვის უჩვეულო სისწრაფით გაიყიდა.
 
მაგრამ ამჯერად იზეიმა სუბოტინმა. ისე, რომ არ შესულა დისკუსიაში, მან უშუალოდ მიმართა თავის კარგ ნაცნობს, სინოდის ობერ-პროკურორ კ. პ. პობედონოსცევს, რომელმაც გაამართლა თავისი, როგორც აღვირახსნილი რეაქციონერის ავტორიტეტი, გააუქმა სინოდის გადაწყვეტილება და უარი განაცხადა კაპტერევის სადოქტორო ხარისხის დამტკიცებაზე, თითქოსდა ის უპატიოდ მოიხსენიებდა ბერძნულ დედა ეკლესიას. მორწმუნე ადამიანს, ნიკოლოზ კაპტერევის ძეს თავის წიგნში არანაირი მსგავსი გამოთქმა არ გამოუყენებია, ის ამხელდა მხოლოდ ცალკეულ ბერძენ ავანტიურისტებს, რომლებიც მოსკოვში სამათხოვროდ ჩამოდიოდნენ. მაგრამ საეკლესიო ისტორიის დოქტორის ხარისხი მაინც ჩამოართვეს.
 
ამ გაკვეთილს ამაოდ არ ჩაუვლია კაპტერევისთვის. მან გადაწყვიტა მუშაობა გაეგრძელებინა არჩეული მიმართულებით, მითუმეტეს, რომ აკადემიის საბჭომ მას მხარი დაუჭირა და წაახალისა იგი ექსტრაორდინარული პროფესორის წოდებით, მიუხედავად იმისა, რომ სადოქტორო ხარისხი არ ჰქონდა. ეს მოწმობდა იმ გადამწყვეტ უპირატესობაზე, რომელსაც აკადემიის პროფესორთა უმრავლესობა ანიჭებდა კონკრეტულ, ფაქტობრივ გამოკვლევებს, და არა სპეკულატიურ ისტორიულ პუბლიცისტიკას. რა თქმა უნდა, სუბოტინი და მისი მომხრეები ფხიზლად იყვნენ და მომჩივანი კრიტიკით აღჭურვილნი კაპტერევის ახალი სამეცნიერო ნაბიჯების შესახვედრად ემზადებოდნენ.
 
როგორც ვხედავთ, ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის ბრალდებები ატარებდა კერძო ხასიათს და მთლიანობაში მისი წიგნის შინაარსს არ ეხებოდა. ამასთან მისი მონოგრაფიის მნიშვნელობა საარქივო დოკუმენტების საფუძველზე საეკლესიო ისტორიის ცალკეული მომენტების განხილვას როდი მოიცავდა. კაპტერევი რთულ საეკლესიო-ისტორიულ პროცესებს მიუდგა, როგორც სამოქალაქო ისტორიის ელემენტს. ის აქ პიონერი არ ყოფილა. საკმარისია გავიხსენოთ მანამდე, ათწლეულების წინ, ისტორიკოს-დემოკრატის ათანასე პეტრეს ძე შაპოვის მიერ გამოცემული კვლევა, რომელიც განხეთქილებას ("რასკოლს") წარმოაჩენდა, როგორც სახალხო მოძრაობას, როგორც "თამამ პროტესტს რეკრუტიზმის, ბატონყმური სამართლის, საოლქო უფროსობის და ა. შ. წინააღმდეგ". თუმცა, თვით შაპოვიც რჩებოდა რასკოლის, როგორც "მასების უმეცრების" ოფიციალური დოქტრინის  ჩარჩოებში, რომ თითქოსდა "რასკოლნიკები" უუნარონი იყვნენ აღექვათ პატრიარ ნიკონის რეფორმების არსი და მნიშვნელობა.
 
ამ რეფორმების აზრის გარკვევისკენ მიმართა თავისი დაწყებული კვლევა ნ. კაპტერევმაც.
 
უზარმაზარი საარქივო მასალის განსაზოგადებას მან საფუძვლად დაუდო წარმოდგენა რუსეთსა და მართლმადიდებლურ აღმოსავლეთს შორის ურთიერთობაზე, რომელიც რეალურად არსებობდა XVI—XVII საუკუნეების რუსულ საზოგადოებაში. ამავდროულად ის სწავლობდა ამ წარმოდგენათა ცვლილებებს, და, განსაკუთრებით, მათ მიმართებას რეალობასტან. მაშ, რას ფიქრობდნენ რუსი ადამიანები და შეიძლება თუ არა მათ ეწოდოთ "უმეცრები? ამ გამოუთქმელ აზრთან შესაბამისად ნიკოლოზ თევდორეს ძემ მონოგრაფიაში მასალა სამ განყოფილებად განათავსა. პირველში მან განიხილა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ პუბლიცისტურ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებული თეორია - "მოსკოვი - მესამე რომი", ცალკეულ თავებში გააანალიზა რუსეთში კრებითი დამტკიცება სამეფო კურთხევისა, პატრიარქობის ინსტიტუტის დაფუძნება და აღმოსავლეთის სიწმიდეთა მოსკოვში გადატანა, - ანუ ის მოვლენები, რომლებსაც რუსი მოაზროვნეები სამართლიანად აფუძნებდნენ მსოფლიო მართლმადიდებლობის ცენტრის რუსეთში გადმოსვლის იდეას.
 
მეორე განყოფილებაში გამოკვლეულია აზრი იმის შესახებ, რომ რუსი მეფე არის მთელი აღმოსავლური მართლმადიდებლობის საყრდენი და მფარველი. აქ უზარმაზარი მასალის საფუძველზე გახსნილია მოსკოვის მთავრობის საქველმოქმედო საქმიანობა, მისი ბოროტად გამოყენება მოწყალების სხვადასხვა ჯურის მთხოვნელთა მხრიდან, ამ ბოროტსარგებლობის შემზღუდავი ზომები და, ბოლოს, მოსკოვის მთავრობის მიერ აღმოსავლეთის საეკლესიო იერარქიის ფართოდ გამოყენება თავის პოლიტიკურ აგენტებად.
 
თეზისი იმის შესახებ, რომ რუსული ღვთისმოსაობა უმაღლესია და უსრულყოფილესია მთელ მსოფლიოში, გაშლილია ნაშრომის ოთხ თავში. პირველი თავები აჩვენებს, თუ როგორი კარდინალური ცვლილებები მიმდინარეობდა საეკლესიო ცნობიერებაში ნიკონის რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად ღიად აღიარებდნენ "ადრინდელი რუსული საეკლესიო ცხოვრების უმწეობას და სარწმუნოებისა და ღვთისმოსაობის საქმეებში ბერძნების უდავო უპირატესობას რუსებზე".
 
ხოლო ბოლო თავში კაპტერევი ხატავს ბერძნებისა და რუსი "გრეკოფილების" წარუმატებელი ბრძოლის მკაფიო სურათს ეროვნული აზრის განვითარებით და დასავლური გავლენის შემოჭრით, აჩვენებს მათ დაცემას XVII ს-ის მიწურულსა და XVIII ს-ის დასაწყისში.
 
მთელი ამ გამანადგურებელი მასალების მიუხედავად, რომლებშიც აღწერილია ბერძნული მართლმადიდებლური სასულიერო დასის ქცევა და ზნეობა აღმოსავლეთში, რუსეთში მათი წარმომადგენელებისადმი ნიკოლოზ თევდორეს ძის დამოკიდებულება სულაც არ არის ბერძნებისადმი სიძულვილით აღვსილი, რადგან მათ შორისაც კი ჰპოვებდა ნამდვილი ღვთისმოსაობისა და სირძნის ნიმუშებს. მას უფრო აინტერესებს საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად ერთგული იყონიკონის რეფორმების შედეგად ოფიციალური ეკლესიის მიერ აღიარებული თეზისი "რეფორმის წინარე რუსული საეკლესიო ცხოვრების უმწეობა". ამ საკითხის შესწავლას კაპტერევმა მიუძღვნა მრავალწლიანი საარქივო გამოკვლევა, რომლის პირველი თავები, როგორც ვიცით, იბეჭდებოდა 1887 წლის "მართლმადიდებლურ მიმოხილვაში" ("Православное обозрение"), და რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვა სუბოტინის თავდასხმები.
 
როგორ ჩამოაყალიბა მეცნიერმა თავისთვის ნაშრომის ამოცანა "პატრიარქი ნიკონი როგორც საეკლესიო რეფორმატორი და მისი მოწინააღმდეგეები"? ამ კითხვის პასუხად შეგვიძლია გამოვიყენოთ თვით ნიკოლოზ თევდორეს ძის მოწმობა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა.
 
"დღემდე, - ირონიულად შენიშნავს მეცნიერი, - ჩვენში ძველმოწესეობის აღმოცენება შეისწავლებოდა და ფასდებოდა უპირატესად "რასკოლთან" პოლემისტების მიერ, რომლებიც, მოვლენებს უმეტესწილად ტენდენციურ-პოლემიკური თვალსაზრისით სწავლობდნენ და ცდილობდნენ მათში დაენახათ მხოლოდ ის, რაც ხელს უწყობდა და შეეწეოდა მათ პოლემიკას ძველმოწესეებთან, რომელი პოლემიკაც მათ მიერ საკმაოდ თავისებურად იყო წარმოებული.
 
"რასკოლთან" იმდროინდელი პოლემისტები კითხვაზე, თუ საიდან და როგორ დამახინჯდა ჩვენში ძველი მართლმადიდებლური წეს-განგეგებანი და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ჩვენს საეკლესიო-საღვთისმსახურებო წიგნებში, ჩვეულებისამებრ პასუხობდნენ: ძველი მართლმადიდებლური გადმოცემები და წეს-განგებანი დაამახინჯა საუკუნეობრივმა რუსულმა უმეცრებამ, ხოლო ჩვენს ბეჭდვით წიგნებში ისინი შეტანილ იქნენ პატრიარქ იოსების დროს უმეცარი შემსწორებლების: ამბაკუმის, ნერონოვის, ლაზარეს და სხვების მიერ, რომლეებიც, წინ აღუდგებოდნენ ნიკონის რეფორმას, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარ უმეცრულ ნახელავს იცავდნენ.
 
ამ დროს... - ამბობდა ნიკოლოზ თევდორეს ძე - ნათლად ვაჩვენე, რომ ამბაკუმი, ნერონოვი, ლაზარე და სხვები არასოდეს ყოფილან წიგნის შემსწორებლები და საერთოდ, წიგნის შესწორებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ... აქედან გამომდინარე აუცილებელ კითხვაზე: მაშ, თუ ასეა, ვინ გააფუჭა ჩვენი უძველესი წეს-განგებები და ჩვეულებები, რომელთა შესწორება შემდეგ ნიკონს მოუწია, გავეცი ასეთი პასუხი: ჩვენი უძველესი საეკლესიო წეს-განგებები და ჩვეულებები არავის არ დაუმახინჯებია და გაუფუჭებია, არამედ არსებობდნენ იმ სახით, როგორც ის, ქრისტიანობასთან ერთად, მივიღეთ ბერძნებისგან (წმ. ვლადიმირის დროს - ა. ბ.), ოღონდ მოგვიანებით ბერძნებში ზოგიერთი მათგანი შეიცვალა, ჩვენ კი ძველი ჩვეულებების უცვლელი მიმდევარნი დავრჩით, რის შედეგადაც მოგვიანებით წარმოჩინდა სხვაობა მოსკოვურ საეკლესიო წეს-განგებებსა და გვიანდელ ბერძნულს შორის.
 
ამ ჩემი დასკვნის ილუსტრირება მოვახდინე პირჯვრისსაწერი თითების წყობის მაგალითზე, სადაც, სხვათა შორის, გამოვარკვიე, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში უძველეს ფორმას წარმოადგენდა ერთი თითით პირჯვრისწერა (5), შემდეგ ის მართლმადიდებელ ბერძნებში შეიცვალა ორთითიანი წყობით, რომელიც ჩვენი გაქრისტიანების დროს ბერძნებისგან გადმოგვეცა. და იმ დროს, როდესაც ბერძნები ორ თითზეც არ შეჩერდნენ და მოგვიანებით ის თავიანთთან სამთითიანი წყობით ცვალეს, რუსები ადრინდელ, ბერძნებისგან მიღებულ ორთითიან წყობაზე დარჩნენ, რომელიც ნიკონამდე გაბატონებული ჩვეულება იყო.
 
___________
 
5. შენიშვნა: პროფ. ნ. კაპტერევის ეს თეორია - პირჯვრისსაწერი თითთაწყობის განვითარების შესახებ - მრავალ კითხვას ბადებს და ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. თვით ძველ ეკლესიას სწამდა, რომ პირჯვრისწერა მან მიიღო უშუალოდ იესუ ქრისტესგან, რაც გამოხატულია ეკლესიურ ანტიმონოფიზიტურ ანათემატიზმში: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ იგი ქრისტეცა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი". იაკობიტ-მონოფიზიტთა მიღების წესი. იხ. მ. რაფავა. უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი. "მაცნე". 1975 წ. ენისა და ლიტერატურის სერია. № 1. – არქიეპ. პავლე.
 
___________
 
საეკლესიო წეს-ჩვეულებების არმცოდნე მკითხველიც კი ადვილად მიხვდება ამ დასკვნის მნიშვნელობას, თუკი შეხედავს ტილოს "ბოიარინია მოროზოვა", სადაც ძველი სარწმუნოებისთვის წამებული თავადის ქალი ხალხს საკუთარ კრედოს წარმოუჩენს, შებორკილი ხელით პირჯვრის საწერად ერთად შეკრულ და აღმართულ ორ თითს აჩვენებს. ცნობილი ისტორიკოსი მ. დ. პრისელკოვი კაპტერევის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ნეკროლოგში წერდა: "მეცნიერებისთვის ყველაზე ღირსშესანიშნავ აღმოჩენად, რომელიც მყარად და გადაჭრით არის აღქმული, როგორც მეგობრების, ასევე, როგორც ჩანს, მტრების მიერაც, მიმაჩნია ნიკოლოზ თევდორეს ძის მითითება იმ ვითარებაზე, რომ ძველი რუსული ჩვეულება (ორთითიანი წყობა, ორჯერადი ალილუია და სხვა) ... სინამდვილეში ძველი საყოველთაო (კათოლიკე) გადმოცემა იყო... ხოლო სამთითიანი წყობა და სამჯერადი ალილუია გვიანდელი, XV-XVI საუკუნეების სიახლე" ("Русский исторический журнал", 1918. № 5. С. 316).
 
მარტივად რომ ვთქვათ, განხეთქილების თავგამოდებული მამხილებლები უკვე არაერთი საუკუნეა საკუთარ თავს ამხელენ! გასაგებია, რა შთაბეჭდილებასაც გამოიწვევდა კაპტერევის ნამუშევრის პირველი თავები სუბოტინზე, წმ. მიტროპოლიტ პეტრეს საძმოს წევრებზე და სხვა "მისიონერებზე - სქიზმატიკოსებთან ოფიციალურ პოლემისტებზე". მისიონერულ ყრილობებზე მოთხოვნებსაც კი არიგებდნენ, რათა ავტორი სასამართლოსთვის გადაეცათ. სუბოტინმა თავის ჟურნალში "Братское слово" კაპტერევს ისეთი ბოროტი ბრალდებები დაატეხა, რომ ის იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი ნაშრომის გამოცემა ისე, რომ ვერ მოასწრო ნიკონის რეფორმებამდე მისვლა, და ამის ნაცვლად დაიწყო ბეჭდვა ნაშრომისა სახელწოდებით: "თავის მართლება უსამართლო ბრალდებებზე".
 
სუბოტინს არც უფიქრია ედავა კაპტერევთან მის გამოკვლევებში წარმოჭრილ საკითხებზე. მოხერხებულად აუარა რა გვერდი საარქივო დოკუმენტებს, ის, კაპტერევის თქმით, "გადაჭრით არწმუნებს თავის მკითხველებს იმაში, თითქოსდა პირჯვრისწერასთან დაკავშირებული ჩვენი თეორია ემთხვევა "სქიზმატიკოსთა სწავლებებს". ამისთვის სუბოტინი ქვეტექსტიდან მოგლეჯით იმოწმებს კაპტერევის ცალკეულ პოზიციებს და მათ თავისუფალ ინტერპრეტირებას ახდენს.
 
"მეცნიერისა და მიუკერძოებელი კრიტიკოსის სახით, - განმარტავს ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევი, - მეცნიერულ-პოგრომული მეთოდით, ბ-ნი სუბოტინი, ჩვეულებისამებრ, მის მიერ გასარჩევი ტრაქტატიდან იღებს ერთ რომელიმე ცალკეულ ფრაზას, რომელსაც არ გააჩნია კავშირი საერთო აზრისა და მთლიანი მსჯელობის ხასიათისადმი, და იწყებს მის ყოველმხრივ გადატრიალ-გადმოტრიალებას, რათა როგორმე გამოწუროს მისგან ის აზრი, რომელიც მას სჭირდება, თუმცა, ასეთ აზრს ეს ამონაწერი შეიძლება სულაც არ შეიცავდეს. ამ მიზნით აგებს ის მთელ რიგ საკუთარ თვითნებურ ვარაუდებსა და დასკვნებს, რომლებსაც, აკავშირებს საერთო კონტექტსიდან ამოგლეჯილ ცალკეულ ფრაზასთან, და გადაჭრითა და ავტორიტეტულობით მის მიერ განხილული ავტორის აზრად ასაღებს.  ამის შემდეგ კი მეცნიერულად და პათოსით იწყებს მის მიერვე გამოგონილი და ძალადობრივად ავტორისთვის მიწერილი აზრის სისულელის მტკიცებას. ამ მეცნიერული ხრიკით ბ-ნმა სუბოტინმა სრულად ისარგებლა ჩვენი წიგნის გარჩევისას".
 
სუბოტინი ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ კაპტერევი არის არამართლმადიდებელი, ხოლო ნიკოლოზ თევდორეს ძე დეტალურად და აკურატულად განიხილავს თავის პასუხში ოპონენტის წყაროებს, სადაც აჩვენებს, რომ ყველა მათგანი მისი, ანუ კაპტერევის სასარგებლოდ მეტყველებს. საერთოდ, რაც უფრო მეტს განიხილავს ის სუბოტინის "უარყოფებს", მით მშვიდი და თავშეკავებული ხდება. ის უარს ამბობს დასკვნის გაკეთებაზეც კი, და თვით მკითხველს სთავაზობს თვითონ გადაწყვიტოს, ენდოს თუ არა ოპონენტის განადგურებულ არგუმენტაციას, თუ "დაუშვას, რომ პროფესორმა სუბოტინმა სულაც არასწორად წარმოიდგინა მთელი ის საქმე, რომლის შესახებაც ლაპარაკობს თავის კრიტიკულ სტატიაში".
 
"ჩემი პასუხიდან, - იხსენებდა მოგვიანებით კაპტერევი, - ბ-ნი სუბოტინი დარწმუნდა, რომ მეცნიერულ-ლიტერატურული გზით ჩემ შეხედულებათა სიმართლის ძირგამოთხრა და საკუთარის გამართლება - შეუძლებელი საქმეა. მაშინ მან მიმართა სხვა მეთოდს, რათა საბოლოოდ გავეჩუმებინე. ადამიანმა, რომელსაც ახლო ნაცნობობა გააჩნდა წმ. სინოდის იმდროინდელ ობერ-პროკურორთან (საბლერი - ა. ბ.), საბეჭდავად ჩაშვებული ჩემი გამოკვლევა მას წარუდგინა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მავნე, ხოლო ჩემი პიროვნება, როგორც სასულიერო აკადემიის პროფესურისთვის შეუფერებელი. მართალია, აკადემიიდან ჩემი გაგდება მან ვერ მოახერხა, მაგრამ ჟურნალ "Православное обозрение"-ს ("მართლმადიდებლური მიმოხილვა") ცენზორმა კ. პ. პობედონოსცევისგან მიიღო ბრძანება მომავალში არ დაუშვას პატრიარქ ნიკონზე ჩემი გამოკვლევის ბეჭდვა, რის გამოც ამ ნაშრომის გამოქვეყნება შეჩერდა პატრიარ იოსების დროზე".
 
მიუხედავად ამისა, გამოკვლევის ის ნაწილი, რომელიც უკვე ცენზურის მიერ გაშვებული იყო, 1887 წელს ცალკე წიგნად გამოიცა სახელწოდებით: "Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Время патриаршества Иосифа" ("პატრიარქი ნიკონი და მისი მოწინააღმდეგეები საეკლესიო წეს-ჩვეულებათა შესწორების საქმეში. იოსების პატრიარქობის პერიოდი"). ეს მოვლენა პროგრესულმა სამეცნიერო საზოგადოებამ რეცენზიებით აღნიშნა გამოცემებში "Русская мысль" (1888. Кн. 2. Отд. 3. С. 71—74), "Русский вестник" (1888. № 4) და "Исторический вестник" (1888. № 6. С. 701—704). კაპტერევის წინააღმდეგ აღმართულმა დევნამ საზოგადოების ყურადღება მიაპყრო მის წმიდად სამეცნიერო შრომებს, ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის შეხედულებებმა, სუბოტინისა და "კომპანიის" წყალობით, ფართო გავრცელება ჰპოვა.
 
სრულიად განსაზღვრული პოლიტიკური ჟესტი გახლდათ 19888 წელს მეცნიერებათა აკადემიის უვაროვის მცირე პრემიის მინიჭება, რომელიც წინ უძღოდა ნიკოლოზ თევდორეს ძის მონოგრაფიას: "Характер отношений России к православному Востоку в XVI и XVII столетиях" ("მართლმადიდებლური აღმოსავლეთისადმი რუსეთის დამოკიდებულების ხასიათი XVI და XVII ასწლეულებში"). პოლემიზირებდა რა საარქივო მასალის სისტემატიზაციის კაპტერევის მიერ არჩეულ პრინციპთან, ოფიციალურმა რეცენზენტმა, ეკლესიის ცნობილმა ისტორიკოსმა პ. ვ. ზნამენსკიმ აღიარა ავტორის თვალსაჩინო ერუდიცია და ბრწყინვალე სამეცნიერო ტალანტი, დეტალურად გააშუქა მის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილი მართლმადიდებლობის ისტორიის კვლევაში. ზნამენსკი ვრცელი გამოხმაურება გამოქვეყნდა "სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალში" ("Журнал министерства народного просвещения") (Ч. 260. 1888. Ноябрь. Отд. 4. С. 2—10); ამის შემდეგ გამოხმაურება კიდევ ორჯერ გამოქვეყნდა სრული სახით.

მიუხედავად სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერისა და პროფესორთა უმრავლესობის თანაგრძნობისა, ნიკოლოზ თევდორეს ძემ ვერ მოახერხა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში სადოქტორო დისერტაციის სახით დაეცვა წიგნი, რომელიც მხოლოდ სანახევროდ (ისიც ხელისუფალთა უნიათობის გამო) იყო გაშვებული სასულიერო ცენზურის მიერ. მართალია, ბევრი იყო უნივერსიტეტი, სადაც მის სამეცნიერო დამსახურებებს სამეცნიერო ხარისხით დააფასებდნენ, მაგრამ ნიკოლოზ თევდორეს ძისთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება მოეპოვებინა Alma mater-ში. მან კვლავ მიაშურა არქივს, მიუხედავად მის გარშემო ატეხილი პოლემიკური შეხედულებებისა.
 
იმ დროს, როდესაც თვით კაპტერევს კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა გამოსულიყო ნიკონის რეფორმების პრობლემებთან დაკავშირებით, ი. ტ. ნიკიფოროვსკიმ გამოსცა მონოგრაფია "Несколько слов относительно взгляда Н. Каптерева на перстосложение древних киевлян, сербов и греков" ("რამოდენიმე სიტვა ნ. კაპტერევის შეხედულებაზე ძველ კიეველთა, სერბთა და ბერძენთა პირჯვრისაწერი წყობის შესახებ") (Спб., 1891), რომელმაც გააფართოვა ძველურუსული ჩვეულებების წყაროთა არეალი. მაშინ ნ. ი. სუბოტინმაც ერთ წიგნად შეკრა თავისი ადრინდელი სტატიები სახელწოდებით: "О перстосложении для крестного знамения" ("პირჯვრისსაწერი თითთაწყობის შესახებ") (М., 1891). დასასრულ, დავაში ჩაერთო რუსეთის ეკლესიის ცნობილი ისტორიკოსი ე. ე. გოლუბინსკი, რომელმაც გამოაქვეყნა სოლიდური გამოკვლევა სახელწოდებით: "К нашей полемике со старообрядцами" ("ჩვენი დავისთვის ძველმოწესეებთან") (М., 1892), რომელშიც მთელი რიგი ახალი მონაცემების საფუძველზე ადასტურებდა კაპტერევის შეხედულებას ძველ რუსულ ჩვეულებებზე.
 
ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის მორიგი (რიგით მესამე) სადოქტორო დისერტაცია "Сношения иерусалимского патриарха Досифея с русским правительством 1669—1707 гг." ("იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის კავშირურთიერთობა რუსულ მთავრობასთან 1669-1707 წლებში") (М., 1891), ავტორის თქმით, "არ ეხებოდა არანაირ მძაფრ საკითხს". ერთი შეხედვით ეს ასეა. თვით სუბოტინმაც კი თავის დამქაშებთან ერთად ვერანაირი ხელმოსაჭიდი იპოვა ამ ნაშრომში, რათა შეწინააღმდეგებოდა მისი ავტორისთვის საეკლესიო ისტორიის დოქტორის ხარისხის მინიჭებას, რომელიც უნდა გაეცა მოსკოვის სასულიერო აკადემიას სინოდის დამტკიცებით. არსებითად, ლაპარაკი იყო ბერძენ მღვდელმთავართა პოლიტიკურ მსახურებაზე მოსკოვის მთავრობის სასარგებლოდ, მსახურებაზე, რომელიც ყველაზე ოფიციოზურ ისტორიკოსებსაც კი არ შეეძლოთ არ გაემართლებინათ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სხვა სახელმწიფოთადმი მსგავსი "მსახურებისთვის" მძვინვარედ ამხელდნენ კათოლიკურ და უნიატურ სამღვდელოებას.
 
ამასთანავე ნ. ფ. კაპტერევმა უბრალოდ დოკუმენტალურად დაამტკიცა, რომ ის უმაღლესი საეკლესიო ავტორიტეტი, რომელსაც ესოდენ ელოლიავებოდნენ და ამაღლებდნენ რუსეთის სასულიერო და საერო ხელისუფლებანი, სინამდვილეში რუსეთის ხაზინის კმაყოფაზე იყო; ეს ავტორიტეტი მიმართული იყო თვით რუსეთში მოწინავე აზრის ამონაყარის გასაქელად.
 
მშრალი მსჯელობა და წყაროებთან უკიდურესად მიახლოვებული გადმოცემის მანერა, როგორც სამართლიანად აღნიშნავდა მ. დ. პრისელკოვი, - იყო "ხელოვნური ხერხი, რომელიც აღმოცენდა სულიერი სკოლისა და სულიერი სამეცნიერო ატმოსფეროს შარიანი მოთხოვნილებებით, სადაც მასალის გადმოცემის თვით ეს მშრალი, ფრთხილი და ზუსტი მეთოდი, მათი ყოველთვის დასაბუთებული განმარტებებით - იწვევდა დამატებით განმარტებებს, ეჭვებსა და მრავალმხრივ კომენტარებს" (Русский исторический журнал. 1918. № 5. С. 315).
 
კაპტერევის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი ყველაზე რეაქციულ შეხედულებებს ახვევდა თავს რუს საერო და სასულიერო ხელისუფალთ, არ შეიძლებოდა სუბოტინის ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ის ფაქტი, რომ არსებითად, ბერძენი სასულიერო იერარქები რუსეთის მთავრობის ფასიანი და დაქირავებული აგენტები იყვნენ, სრულიად აკმაყოფილებდა თავდაცვითი იდეის მომხრეებს. სხვა საქმეა, რომ პროგრესული საზოგადოება იმავე ფაქტებიდან აკეთებდა ზნეობრივ დასკვნებს. ასე იყო თუ ისე, კაპტერევის მონოგრაფიამ, რომლის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნდა გამოცემაში "Чтения Общества истории и древностей российских" ("რუსეთის ისტორიისა და სიძველეთა საზოგადოების საკითხავები") (1891. Кн. 2. Отд. 1. С. IXIV, 1—91), საერთო ჯამში დადებითი გამოხმაურება ჰპოქვა 1892 წლის სხვადასხვა ჟურნალში. მათ შორის იყო: "Странник" (№ 3), "Славянское обозрении" (Т. 1. № 2), "Русское обозрение" (Кн. 2). გამოქვეყნდა ასევე "სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალის" "Журнале министерства народного просвещения" (1896. № 11) საკმაოდ ვრცელი რეცენზია.
 
გულუბრყვილობა იქნებოდა ფიქრი იმისა, რომ სუბოტინის მსგავსი ადამიანები პობედონოსცევის ბატონობის პერიოდში ხელიდან გაუშვებდნენ მცირედ მიზეზსაც კი, რათა კაპტერევს საბოლოოდ წართმეოდა სამეცნიერო მუშაობის შესაძლებლობანი. ნიკოლოზ თევდორეს ძე იცავდა უკიდურეს სიფრთხილეს, რათა წყალში არ ჩაყროდა მრავალწლოვანი შრომა და მკითხველამდე მიეტანა თავისი შესანიშნავი საარქივო ძიებების ნაყოფი.
 
როდესაც 1895 წელს მან გამოსცა ფუნდამენტური მონოგრაფია "Сношения иерусалимских патриархов с русским правительством с половины XVI до конца XVIII столетия" ("იერუსალიმელ პატრიარქთა კავშირურთიერთობანი რუსეთის მთავრობასთან XVI ს-ის ნახევრიდან XVIII ს-ის მიწურულამდე") (Спб.), ის იძულებული იყო გაეკეთებინა ასეთი "ეშმაკური" განმარტება: "ნარკვევის დაწერის დროს, რომელიც ეხება იერუსალიმელ პატრიარქთა კავშირურთიერთობას რუსეთის მთავრობასთან, მიზნად გვქონდა ობიექტურად და მკაცრად დოკუმენტურად გადმოგვეცა ამ ურთიერთობათა ისტორიული თანმიმდევრობა, წარმოგვედგინა საქმე ისე, როგორც ეს გადმოცემულია თვით დოკუმენტებში, თანაც ისე, რომ არ შევსულიყავით კრიტიკაში, რაიმე განსაკუთრებულ დასკვნებსა და განზოგადოებებში, რის გამოც ჩვენი ნარკვევი გამოიყურება, როგორც მოცემულ საგანთან დაკავშირებული დოკუმენტების კრებული, რომელიც დღემდე არავის გამოუცია, ნაკლებად არის ცნობილი ან სრულიად უცნობია საზოგადოებისთვის".
 
მაგრამ რეცენზენტებმა შენიშნეს მონოგრაფიის კვლევითი, ნოვატორული ხასიათი, როდესაც ის განიხილეს მრავალი სხვადასხვა კუთხით ჟურნალებში: "Исторический вестник" (1886. Июль. С. 225—226), "Журнал министерства народного просвещения" (1896. Ч. 308. Ноябрь. Отд. 2. С. 127—138), "Исторический вестник" (1896. № 7. С. 225) და "Русский вестник" (1897. № 10. С. 348—350). უფრო ნაკლები ყურადღება მიიპყრო ("Исторический вестник". 1898. № 11. С. 788— 792) მონოგრაფიის მეორე ტომმა: "Сношения иерусалимских патриархов с русским правительством в текущем столетии (1815—1844 гг.)" ("იერუსალიმელ პატრიარქთა კავშირურთიერთობა რუსეთის მთავრობასთან მიმდინარე ასწლეულში (1815-1844 წწ.") (Спб., 1898).
 
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მხოლოდ უკიდურესად ობიექტიზირებულმა ნაშრომმა მისცა შესაძლებლობა ნიკოლოზ თევდორეს ძეს 1896 წელს მიეღო აკადემიის ორდინარული პროფესორის წოდება, ხოლო 1898 წელს - დამსახურებული პროფესორისა. კაპტერევს სურდა დაემტკიცებინა - და დაამტკიცა კიდეც, რომ, მიუხედავად რეაქციონერთა ხრიკებისა, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში შეიძლება განვითარდეს ობიექტური, მკაცრ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორიული მეცნიერება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ აკადემიისა და მთელი ქვეყნის აუტანელი მხუთავი ატმოსფერო 1905 წლის ჭექა-ქუხილით არ განიწმინდა.
 
პროფესორი სუბოტინი გარდაიცვალა, და მასთან ერთად წავიდა საეკლესიო ისტორიოგრაფიის მთელი ეპოქა. ნიკოლოზ თევდორეს ძემ დატოვა აკადემიის კედლები და 1906 წელს სერგიევო-პოსადის საქალაქო მამასახლისად დაინიშნა. ამიერიდან საზოგადოებრივ საქმიანობას მისი დროის მნიშნელოვანი წილი მიჰქონდა. მაგრამ - სრულიად ბუნებრივმა მოვლენამ - თავისუფლების სიომ კაპტერევს ახალი ძალები შთაბერა. უკვე 1906 წელს, ცენზურის არარსებობის პირობებში, ნიკოლოზ თევდორეს ძე სერგიევო-პოსადში აქვეყნებს მონოგრაფიას "Царь и церковные московские соборы XVI и XVII столетий" ("მეფე და მოსკოვის საეკლესიო კრებები XVI და XVII საუკუნეებში"), რომლებშიც აჩვენებს საერო ხელისუფლების მიერ საეკლესიო დამოუკიდებლობის ჩანაცვლების საშინელ პროცესს, რომელმაც ეკლესია სახელმწიფოს სასულიერო-პოლიციურ დეპარტამენტად გადააქცია.
 
საეკლესიო ისტორიის რეტროგრადები ძრწოლით, ხოლო პროგრესული საზოგადოება აღფრთოვანებით ეცნობიან ფაქტებს, რომ მდუმარების წლები კაპტერევისთვის დამორჩილების წლები როდი ყოფილა. 1887 წელს დაგეგმილი მონოგრაფიიდან, იმ ნაწილის გარდა, რომელიც ადრე გამოქვეყნდა, გამოიცა ბრწყინვალე ორტომიანი გამოკვლევა სახელწოდებით "Патриарх Никон и царь Алексей Михайлович" ("პატრიარქი ნიკონი და მეფე ალექსი მიხეილის ძე") (Сергиев-Посад, 1909—1912). მისთვის ჩვეული მშრალი გადმოცემის მანერით ნიკოლოზ თევდორს ძემ იდუმალების და პიეტეტის ნიღაბი ჩამოხსნა მეფისა და საპატრიარქო კარის ბნელ მხარეებს.
 
საარქივო მასალების დახმარებით მან გააშუქა გადაწყვეტილებათა საიდუმლო მექანიზმები, რომლებმაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილება გამოიწვია. არც მანამ, არც ამ მონოგრაფიის შემდეგ არ დაწერილა მონოგრაფია, რომელიც ესოდენ მკაფიოდ აჩვენებდა XVII საუკუნის საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთობის მექანიზმებს, გრანდიოზული ისტორიული დრამის მთავარ მოქმედ პირთა ხასიათებსა და მსოფლმხედველობებს.
 
კაპტერევის ნაშრომს შეიძლება რამესი არ დაეთანხმო, რაღაც დააზუსტო ან გადახედო, - ასეთია ისტორიული შემეცნების კანონზომიერება. მაგრამ, როდესაც კითხულობ ფურცლებს, რომელზეც მეცნიერი მშვიდად გადმოსცემს მასალას იმის შესახებ, რომ პატრიარქ ნიკონისა და დეკანოზ ამბაკუმის გამსამართლებელი საეკლესიო სასამართლოს მთავარი მონაწილეები იყვნენ არა ნამდვილი აღმოსავლელი იერარქები, არამედ თავიანთი საყდრებიდან დამხობილი ავანტიურისტები, რომლესაც მეფის მთავრობამ მხოლოდ მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფალთა და მუსლიმთა დიდი მუფტის დახმარებით, კვლავ აღადგენინა საპატრიარქო საყდრებზე აღმოსავლეთში, გესმის, თუ რატომ ცდილობდნენ საეკლესიო ისტორიის კონსერვატორები ათწლეულების განმავლობაში მიეჩუმებინათ პროფესორი კაპტერევი.
 
მონოგფარიის პირველი ტომის გამოსვლას დაუყოვნებლივ მოჰყვა სამეცნიერო საზოგადოების გამოხმაურება. ა. კიზევეტერი ჟურნალში "რუსული აზროვნება" ("Русская мысль". 1910. Кн. 1. Отд. 3. С. 7—9; 1911. Кн. 11. Отд. 4. С. 410—412), და ი. სოკოლოვი "ისტორიულ მაცნეში" ("Исторический вестник". 1910. № 4. С. 330—334) და სხვები აღფრთოვანებით ხვდებიან ახალ გამოკვლევას. 1910 წლის 17 ნოემბერს კაპტერევი არჩეულ იქნა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. რეცენზენტების მიერ მაღალი შეფასება მიეცა მონოგრაფიის მეორე ტომსაც, რომლის გამოსვლის შემდეგ ავტორს მიენიჭა გრაფ უვაროვის სახელობის მთავარი ჯილდო, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო პრემიაა.
 
მაგრამ ნიკოლოზ თევდორეს ძის სამეცნიერო შეხედულებათა სრული ზეიმი გახდა მიღება, რომელიც მას მოუწყო სამეცნიერო საზოგადოებამ მისი ულმობლად მამხილებელი წიგნების: "პატრიარქი ნიკონი და მისი მოწინააღმდეგეები" ("Патриарха Никон и его противники)" (1913 წ.) და "მართლმადიდებლურ აღმოსავლეთთან რუსეთის დამოკიდებულების ხასიათი XVI და XVII საუკუნეებში" ("Характер отношений России к православному Востоку в XVI и XVII столетиях") (1914 წ.) გამოცემის შემდეგ. ამ განმეორებით გამოცემათა წინასიტყვაობაში კაპტერევმა მისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობით მოუთხრო ახალი თაობის მკითხველს დევნულებათა ჭკუის სასწავლი ისტორია, რომელიც დაატყდა მის სამეცნიერო ნაშრომებს 19-ე საუკუნის მიწურულს.
 
ალბათ, მეცნიერი კიდევ ბევრჯერ გაახარებდა ახალი და მშვენიერი ნაშრომებით, საზოგადოებრივ მოვალეობას ის სხვა სახის მსახურებისთვის რომ არ მოეწოდებინა რუსეთში. 1912 წელს კაპტერევი მოსკოვის გუბერნიიდან აირჩიეს მეოთხე სახელმწიფო დუმის ექვიდან ერთ დეპუტატად (1912-1917 წწ.). ის დუმაში წარადგენდა პროგრესისტების პარტიას, რაც სრულიად შეესაბამებოდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს.
 
ნიკოლოზ თევდორეს ძე გარდაიცვალა 1917 წლის 31 დეკემბერს. მიუხედავად რთული, ბობოქარი დროებისა, მეცნიერების აკადემიამ მის ხსოვნას 1918 წლის 10 აპრილს (ძვ. სტილით 28 მარტს) სპეციალური სხდომა მიუძღვნა.
 
"ასეთია ნიკოლოზ თევდორეს ძე კაპტერევის სამეცნიერო კვლევათა შედეგები, - შეაჯამა თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში კაპტერევის ღვაწლი აკადემიკოსმა მ. ა. დიაკონოვმა. - მათი ჭეშმარიტება და შეურყევლობა დღეს მეცნიერების მონაპოვარია. ამაში ავტორს შეეძლო დარწმუნება ჯერ კიდევ პირადად, და ეს იყო ერთაერთდი ჯილდო მთელი ცხოვრების სამეცნიერო გმირობისთვის: მას შეეძლო მშვიდად გარდაცვალება იმ შეგნებით, რომ პატიოსნად აღასრულა თავისი სამეცნიერო ვალი".


წყარო: В. И. Буганов, А. П. Богданов. Бунтари и правдоискатели в Русской православной церкви / Глава 10. Судьба профессора духовной академии. H.Ф. Каптерев и его труды. М. : Политиздат, 1991.

რუსულიდან თარგმნა: არქიეპისკოპოვმა პავლემ. 2022.10.
oldorthodox@gmail.com
საქართველოს
ძველმართლმადიდებლური
ეკლესია

ოფიციალური საიტი
Назад к содержимому