შეიძლება თუ არა დროებით დაქვრივებულმა ეკლესიამ არსებობა გააგრძელოს ეპისკოპოსის გარეშე?
პასუხი: რა თქმა უნდა შეიძლება. ეკლესიის ცოცხალ ორგანიზმში ეპისკოპოსი ერთ-ერთი რგოლია, ნაწილია, ამიტომაც, გარკვეულ პირობებში, დაქვრივებულ ეკლესიას ძალუძს ეპისკოპოსთა გარეშეც არსებობა. მაგრამ, ასეთი მტკიცების დედააზრი სწორად უნდა გავიგოთ. ჩვენ იმას კი არ ვამტკიცებთ თითქოსდა ეკლესია საერთოდ შეიძლება არსებობდეს სამღვდელოების (ან კონკრეტულად - ეპისკოპოსის) გარეშე, არამედ იმას, რომ ეკლესია, გარკვეულ ვითარებაში შესაძლოა მათ გარეშეც არსებობდეს. ასე რომ, სხვაა, როდესაც ვინმე ამტკიცებს, თითქოსდა ეკლესიას საერთოდ არ სჭირდებოდეს ეპისკოპოსი (ან სამღვდელოება) და სხვა, როდესაც ამბობენ, რომ თუნდაც (დროებით) მოაკლდეს მის სხეულს ეპისკოპოსი, ეკლესია შეიძლება ეკლესიადვე დარჩეს.
ეკლესიას ონტოლოგიურად მინიჭებული აქვს ისეთი თვისებები, რომელთა მეშვეობითაც მას ძალუძს აღიდგინოს ნებისმიერი სახის დანაკლისი! ე. ი. ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობა მარტოდენ მის ერთ რგოლზე - ეპისკოპატზე არ არის დამოკიდებული! ეკლესია მებრძოლი და მედღესასწაულე ეკლესიათა ერთობაა. ეს ორი ურთიერთგანცალკევებული ეკლესია კი არ არის, არამედ ქრისტეს ერთი მისტიკური სხეულია; მედღესასწაულე ეკლესია მებრძოლი ეკლესიის ცხოვრებისგან გარიყული არ არის, პირიქით - საკმაოდ ქმედითადაც კი მონაწილეობს მასში იმ ზომით, რა ზომითაც ამას უფალი დაუშვებს. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიის მებრძოლ (ე. ი. ამქვეყნიურ) ნაწილს რომც არ ჰყავდეს ეპისკოპოსი, მედღესასწაულე ნაწილში უამრავი ეპისკოპოსია. ამიტომაც, ეკლესია, ფაქტიურად, არც არასოდეს ყოფილა ეპისკოპოსის გარეშე. ჩვენთან, საეკლესიო ერთობაში, ყოველთვის იყვნენ, როგორც მოციქულნი, ასევე წმიდა მამები და წმიდა ეპისკოპოსები.
როდესაც ვამბობთ: "ეკლესიას ეპისკოპოსთა გარეშეც ძალუძს არსებობის გაგრძელება", - ეკლესიის თვისებაზე, მის შესაძლებლობაზე მივანიშნებთ და არა იმას, რომ რადგან ეკლესიის თავია ქრისტე, მას არ სჭირდებოდეს ეპისკოპოსი. თუ ადამიანის სხეული თვალს დაკარგავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არსებობას წყვეტს მთელი სხეული. შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიას სწორედ ადამიანს ადარებს წმ. წერილი. ამ სიმბოლურ შედარებაში თუ ეკლესიის თავი ქრისტეა, მისი თვალი - ეპისკოპოსია, ხოლო ხელი პრესვიტერები და დიაკვნები (იხ. წმ. ათანასე ალექსანდრიელის განმარტება მათეს სახარებაზე. Творения, т. 4, изд. Тройце-Сергиева Лавра, 1903 г., репринт. Москва 1994 г. стр. 429).
როდესაც სხეულის ყველა ნაწილი ჯანსაღია, ის კარგად და ნორმალურად ფუნქციონირებს; მაგრამ, მისი რომელიმე ნაწილის დაზიანება მთელი სხეულის მოქმედებას ართულებს და გარკვეულწილად სხვა ნაწილებზეც იმოქმედებს მანამ, სანამ მისი ცენტრალური, მაცოცხლებელი ორგანოები არ დაზიანდება. ასეა ეკლესიაც! მისი თავია ქრისტე და განმაცხოველებელი სულიწმიდა, ამიტომაც არის ის უძლეველი! ასე, რომ თუ ვინმე სხვა "თავს" ან სხვა "განმაცხოველებელს" არ ეძიებს, სიცოცხლეს ინარჩუნებს. ამიტომაც არის, რომ თუ ეკლესიას რომელიმე ექსტრემალური ვითარების (თუნდაც ეს ვითარება გაურკვეველი ვადით გაგრძელდეს) არ ეყოლება ეპისკოპოსი, იგი არსებობას არ წყვეტს.
დაბოლოს, აუცილებელია აღვნიშნოთ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაც: ეპისკოპოსი არ არის არც დასაბამი ეკლესიისა (ეკლესიის დასაბამი და ქვაკუთხედი ქრისტეა) და არც ეკლესიის არსებობის ერთადერთი წყარო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეპისკოპოსი ემსახურება ეკლესიას და არა ეკლესია ეპისკოპოსს! ესპისკოპოსი არსებობს ეკლესიისთვის და არა ეპისკოპოსისთვის ეკლესია! მიუხედავად ეპისკოპოსის ხარისხის დიდი მნიშვნელობისა, არც ერთი და არც ყველა ეპისკოპოსი ერთად აღებული არ დგას ეკლესიაზე მაღლა! და ამის ყველაზე საუკეთესო ნიმუშია საეკლესიო კრება, რომელიც მხოლოდ ეპისკოპოსებს კი არ მოიცავს, არამედ ყველას, - ერსაც და ბერსაც! ეკლესია ისეთი უნიკალური ორგანიზმია, რომელიც თავად შეიცავს მას (ეპისკოპოსს), როგორც ნაწილს, ამიტომაც ძალუძს ეკლესიას დაქვრივების დროსაც არსებობა.
თავისთავად მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ეკლესიას გარკვეულ პირობებში ძალუძს აღიდგინოს ეპისკოპოსი (ცხადია, კანონიკური გზებით. მაგალითად, შემოიერთოს ის მეორე კატეგორიის, იგივე მირონცხებად მწვალებელთაგან, იმავე ხარისხში, რომელ ხარისხშიც იყო ის ხელდასხმული ამ მწვალებლურ საზოგადოებაში). ხოლო, თუ რატომ ხდება, რომ ის ზოგჯერ მეტად რთულ და მძიმე გარემოებებშია, ღმრთის განგებულების სფეროს განეკუთვნება და ჩვენთვის მიუწვდომელია. ეკლესიის თავზე დატრიალებული პერიპეტიებისთვის ღმერთს პასუხს ვერავინ მოსთხოვს. უნდა მოვერიდოთ საღმრთო განგებულების კრიტიკას! რაც შეუძლებელი და წარმოუდგენელია კაცისთვის, სრულიად შესაძლებელია ღმრთისთვის! ამა თუ იმ ფორმების დაშვების მთელი აზრი მხოლოდ ღმრთისთვის არის ცნობილი და მისი მნიშვნელობა კაცთათვის დროთა განმავლობაში იხსნება.
ის, ვინც ამტკიცებს, რომ თუ ეკლესიაში არ არის ეპისკოპოსი, ის ეკლესია არ არის, ამით მხოლოდ საეპისკოპოსო ხარისხის და თვით ეკლესიის დისკრედიტაციას ესწრაფვის. ასეთი მტკიცება არის ეკლესიის უძლურების მტკიცება! ეკლესიის უნიკალური თვისებების დაკნინება. ეკლესია შობს ეპისკოპოსს და არა ეპისკოპოსი ეკლესიას! ეკლესიაში ყოველივეს აღასრულებს თვით ეკლესია! ეპისკოპოსი ეკუთვნის ეკლესიას, თუმცა თვით ეკლესია თავის თავში შეიცავს ეპისკოპოსს.
მართებულად ამბობდა ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველი: ეკლესია მადლმოსილი ორგანიზმია არა იმიტომ, რომ მას ოდესღაც სულიწმიდის ნიჭები მიუღია ან იმიტომ, რომ ზოგიერთებს ქარიზმები ენიჭება მასში, არამედ იმიტომ, რომ ის ცოცხლობ ს და მოქმედებს სულით. სულიწმიდის გარეშე ეკლესიაში არ არსებობს სიცოცხლე, ქმედება ან მსახურება. დაბოლოს, თვით ეკლესია არ არსებობს სულიწმიდის გარეშე.