ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
1. როგორ გავიგოთ წმიდა წერილის სიტყვები: "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" (დაბ. 1:26) და კიდევ: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი" (დაბ. 1:27). რას ნიშნავს ღმრთის "ხატად და მსგავსად" ყოფნა?

წმიდა მამათა განმარტებით ღმრთის ხატს ადამიანის სულს უწოდებდნენ. ღირ. იოანე დამასკელის განმარტებით გამოთქმა "ხატისაებრ" ადამიანის გონიერ და თავისუფალ არსებად ყოფნის უნარზე მიუთითებს, ხოლო "მსგავსისაებრ" ღმერთთან სიკეთეში მსგავსებას ნიშნავს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისთვის ("მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი II, თ. 12-ე). იგივეს ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც, რომლის თანახმადაც, ღვთისგან მონაბერი სიცოცხლე, როემლიც ღვთის სიტყვაში გონიერი სულის სახელწოდებითაა ცნობილი, არის ხატი ღმრთისა (Творения, т. 1, сл. 39, 45, изд. Тройце-Сергиева Лавра, стр. 527, 663). 

მაშ, ისმინე, როგორ არის შექმნილი კაცი "ხატად და მსგავსად" ღმრთისა, - ბრძანებს ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი, - "ხატისაებრ" ადამიანის სხეულზე კი არ არის ნათქვამი, რამეთუ სხეული გარსია, ქმნილია, მოკვდავია (და ხილვადია) - ხოლო ღმერთი უხილავია, უქმნელი და უკვდავი... ასე რომ, "ღმრთის ხატად" ადამიანში სახელდებულია სული, რომელიც გონებადაც იწოდება და ღმრთის მიმბაძველია თავის ქმედებებში; და კიდევ "ღმრთის ხატად" ადამიანი შექმნილია, როგორც თავისუფალი და მბრძანებელი. როგორც არავინ არის ღმერთზე უაღმატებულესი, ასევე არავინ არის დედამიწაზე კაცზე უმეტესი, რამეთუ ღმერთმა ყოველი ქმნილების მეუფედ შექმნა იგი. ხოლო "მსგავსებისაებრ ღმრთისა" ადამიანი მოწოდებულია იყოს მოწყალე და გულუხვი..." (Просветитель, сл. первое. Москва 1993 г. стр. 60, 61).

და ბოლოს, პირველი მსოფლიო კრების მამათა სწავლების თანახმად, სიტყვა "ხატებისაებრ" სხეულებრივ შედგენილობას კი არ გულისხმობს, არამედ სულს: ღმერთმა, სახიერმა (კეთილმა - რედ.) თავისი არსით, ადამიანის გონიერ არსებას მიანიჭა ის, რაც იწოდება "ღმრთის ხატებად და მსგავსებად". კერძოდ: სიკეთე, უბრალოება, სიმშვიდე, გულწრფელობა, პატიოსნება, ნეტარება და ა. შ." ასე, რომ ღმერთმა, მის მიერ შექმნილ ადამიანში, მისი სულის გონიერ ტაძარს, ე. ი. გონებას, მიანიჭა ძალმოსილება, სხვადასხვა სათნოებათა მეშვეობით მიაღწიოს იმას, რაც მას ღმრთის "ხატად და მსგავსად" შეიქმს. ღმრთის ხატება ადამიანში ნათლად მოიაზრება მითითებულ კეთილ თვისებებში, რომლებიც მას ღმერთმა მიანიჭა, როდესაც ქმნიდა და ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსისაებრ" (Деяния Всел. Соб. т. 1, Собор Никейский, всел первый, СПБ 1996 г., стр. 47, 48).

2. რატომ ანიჭებს წმიდა წერილი უფალს ისეთ თვისებებსა და ფორმებს (მაგ.: ხელი, მკლავი, თვალი და ა. შ.) რაც მხოლოდ კაცთათვის არის თვისობრივი?

ღმრთისთვის სრულიად უცხოა სხეულებრიობა და მატერიალურობა. "სულ არს ღმერთი" - ბრძანებს წმ. მოციქული (იოანე 4:42); წმ. დიონისე არეოპაგელის განმარტებით, ღმერთი ყოველგვარ ფორმაზე და წარმოდგენაზე აღმატებულია. სწორედ მასზე დაყრდნობით ბრძანებს ღირ. იოანე დამასკელი: "რადგან ჩვენთვის (კაცთათვის), უხეში სხეულით შემოსილ არსებათათვის, შეუძლებელია სხვაგვარი ფიქრი თუ საუბარი ღმრთის ყოვლად ღვთაებრივი, უზენაესი და უნივთო (არამატერიალური) ქმედების შესახებ, თუ არა მხოლოდ იმ წარმოდგენათა და სიმბოლოთა საშუალებით, რომლებიც ჩვენს ადამიანურ ბუნებას შეესაბამება. ამიტომაც, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველივეს, რაც ღმერთის შესახებ მეტად სხეულებრივად არის ნათქვამი, შემოსილია იგავური, სიმბოლური მნიშვნელობით და ერთობ მაღალ აზრს შეიცავს, რადგან ღმრთაება მიუწვდომლად მარტივია და არა აქვს არავითარი ფორმა (სახე) და შედგენილობა" (წმ. დიონისე არეოპაგელი. "მისტიკური ღვთისმეტყველება". "საღმრთოთა სახელთათვის". თ. 1. ციტ. "Путь к истине", Киев. Изд. Христианская благотворительно-просветительская ассоциация, гл. 1).

უნდა აღინიშნოს, რომ წმიდა წერილის ის ადგილები (განსაკუთრებით ძველ აღთქმაში), სადაც ღმერთს ერთგვარი სხეულებრიობა (მაგ.: ხელნი, ფერხნი, გული და სხვა) ან ისეთი გრძნობანი, მდგომარეობანი თუ თვისებები მიეწერება, რომლებიც მხოლოდ ქმნილი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი (მაგ.: სიხარული, მრისხანება, წუხილი, ძილი, სიარული, სინანული და ა. შ.) ანთროპომორფიზმებად იწოდება (ბერძნ. "ანტროპოს" - კაცი; "მორფე" - ფორმა). წმიდა მამები გვასწავლიან, რომ წმიდა წერილის ანთროპომორფიზმებში ღმრთის სულიერი თვისებები და ქმედებანი უნდა ვიგულისხმოთ, რომელთა შესახებ შეუძლებელია სხვაგვარი ფიქრი თუ საუბარი, თუ არა მხოლოდ იმ წარმოდგენათა და სიმბოლოთა საშუალებით, რომლებიც ჩვენს, ადამიანურ ბუნებას შეესაბამება (ღირ. იოანე დამასკელი).

IV საუკუნეში მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაგმო ანთროპომორფიტების (აბდიანელების) მწვალებლობა, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ რადგან ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, ღმერთიც ყოველმხრივ მსგავსია კაცისა, თვით სხეულებრივი თვისებებისა და გარეგნობის ჩათვლით. წმ. მამებმა დაგმეს ეს სწავლება და განგვიმარტეს, რომ წმიდა წერილის გამონათქვამები სადაც ღმერთს ადამიანური თვისებები მიეწერება, სიმბოლურად უნდა გავიგოთ.

3. როგორ ავხსნათ წმ. წერილის მტკიცება, რომ ღმერთი უხილავია (იოანე 1:18), მაშინ როდესაც, ძველი აღთქმის თანახმად, მრავალ წინასწარმეტყველს უხილავს იგი?  "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს" (იოანე 1:18) ბრძანებს მახარობელი, ხოლო ესაია ამბობს: "ვიხილე უფალი, მჯომარე საყდართა ზედა მაღალთა" (ესაია 6:1); ან  დანიელი, რომელიც ბრძანებს: "დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე" (დანიელი 7:9). ასევე, მოსემაც იხილა უფლის "ზურგი" და იაკობის სახელიც - "ისრაელი", ღვთისგან რომ მიიღო, მიგვანიშნებს, რომ მანაც იხილა უფალი, რამეთუ "ისრაელი" ღმრთისმხილველს ნიშნავს. მაშ, როგორღა ამბობს იოანე "ღმერთი არავის უხილავსო"?

ამ კითხვის პასუხს იძლევა წმ. იოანე ოქროპირი, რომლის განმარტებითაც ყველა ეს ხილვა განგებულებით ებოძათ მხილველთ. "ღვთის ბუნებითი არსება კი არ უხილავს ვისმე, არამედ თითოსახენი განგებულებითნი. რამეთუ ღმრთის ბუნება რომ ეხილათ, სხვადასხვა სახით კი არ გამოეცხადებოდა, რამეთუ ბუნება მისი მარტივი, გამოუსახველი, შეურევნელი და შემოუწერელია. არც ზის, არც დგას, არც დადის, რამეთუ ეს ყოველივე ნივთიერ სხეულთა თვისებაა, ხოლო თვით უფალი როგორი არის, მხოლოდ მანვე უწყის. ამასვე ნიშნავს წინასწარმეტყველის ნათქვამი: "მე ჩვენებანი განვამრავლენ და ხელთა შინა წინასწარმეტყველთაისა მსგავსებად მოვიღე", რაც ნიშნავს: განგებულებით გეჩვენეთ სხვა და სხვა სახედ, და არა ისე, როგორიც ვარო.

"ღმერთმა, რამდენადაც მის მხოლოდშობილ ძეს განზრახული ჰქონდა ხორცით გამოჩენა (ე. ი. განკაცება), მის ხილვად ღირსჰყო წინასწარმეტყველნი, ვითარ შემძლებელ იყო თითოეული. ხოლო არა თუ წინასწარმეტყველთ, არამედ ანგელოზთა და მთავარანგელოზთაც კი არ უხილავთ ღმერთი..." (წმ. იოანე ოქროპირი), რამეთუ დაბადებულ (შექმნილ) ბუნბას არ ძალუძს დაუბადებელის ხილვა; მას მხოლოდ ძე და სულიწმიდა ხედავენ.

იმისთვის, რომ სცნა ღმერთი არამხოლოდ კაცთათვის, არამედ ანგელოზთათვისაც უხილავია, დიდმა პავლემ თქვა: "ღმერთი გამოსჩნდა ხორცით" და მყის შესძინა: "ეჩვენა ანგელოზთა", რითაც ვხვდებით, რომ ანგელოზებსაც მაშინ ეჩვენა, რაჟამს ხორცნი შეიმოსა, ხოლო განკაცებამდე ვერ ხედავდნენ მას, რამეთუ მათთვისაც უხილავი იყო.

აქ ვინმემ შეიძლება იკითხოს: "მაშ, როგორღა ამბობს უფალი: "ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს" (მათე 18:10). უწყოდეთ, აქ გონებითი ხილვა იგულისხმება, რაც ჩვენთვის შესაძლოა და ღმრთის გულისხმისყოფას ნიშნავს: ხოლო ანგელოზნი, რომელნიც ბუნებით წმინდანი და მღვიძარენი არიან, მარადის ჰხედვენ ღმერთს მათი ბუნების ძალისაებრ და არა თავად ბუნებას ღმრთისა, ანუ როგორიც არის იგი. ამიტომ თქვა ქრისტემ: "არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა" (მათე 11:27).

მაშ, გამოდის, რომ ყოველნი უმეცარნი ვართ მის მიმართ? ნუ იყოფინ! უბრალოდ, ისე არავინ იცის იგი, როგორც ძემ, რამეთუ რომლებმაც იხილეს იგი, იხილეს მათი ძალისაებრ, ხოლო ღმრთის არსება არავის უხილავს. ის არავინ უწყის ძის გარდა, რომელიც იშვა მამისგან, რამეთუ ღმრთის ცნობად აქ ჭეშმარიტ ხილვას და შემეცნებას იტყვის, როგორიც აქვს მამას ძისთვის, რამეთუ ბრძანებს: "როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას" (იოანე 10:15), ამიტომაც ამბობს მახარობელი, რომ "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს". ის კი არ თქვა, ძემ იხილა და მან გადმოგვცაო, არამედ "მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა"-ო. რადგან, მამის წიაღში ყოფნა, ხილვაზე უმეტესია" (განმარტება იოანეს სახარებისა. წიგნი I, თბილისი. 1993 წ.).

4. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც მან უთხრა ფილიპეს: "ვინც მე მიხილა, მამაც იხილა" (იოანე 14:9)?

ფილიპემ ქრისტეს სთხოვა: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის" (იოანე 14:8). სწორედ ამის საპასუხოდ მიუგო მაცხოვარმა: "რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?" (იოანე 14:8, 9). წმ. იოანე ოქროპირის განმარტებით, იესუმ აუხსნა ფილიპეს, რომ არც მამის ხილვაა შესაძლებელი და არც მისი. ფილიპეს გრძნობისმიერი (ხორციელი) თვალით სურდა მამის ხილვა და ეგონა, რომ რაკიღა ქრისტე ეხილა, მამის ხილვასაც შეძლებდა. სწორედ ამიტომ უფალმა უჩვენა, რომ არც ის (ანუ ქრისტე) უხილავს, ამიტომაც თქვა: "ვინც მე მიხილა მან მამაც იხილა", ანუ "ვისაც ჩემი არსება უხილავს, მას მამისაც უხილავს".

ეძიებდა ფილიპე მამის სიბრძნეს ან მის სიკეთეს? არა, იგი ეძიებდა თუ როგორი არის ღმერთი. ფილიპე თვით ღმერთის არსებას ეძიებდა და სწორედ ამიტომაც უთხრა ქრისტემ: "ვინც მე მიხილა მან მამაც იხილა". ქრისტე ხორცშემოსილი (ანუ განკაცებული) იყო და ამიტომ ეუბნება ფილიპეს: "არ მიცნობ (ფილიპე), და თუკი მამა გიხილავს, სხვის ხილვას ნუღარ ეძებ, რამეთუ მასში მე გიხილავ, და თუკი მე გინახივარ, ნუღარას გამოიძიებ, რამეთუ ჩემში ის შეგიცვნია" (შეად. წმ. იოანე ოქროპირი. განმარტება იოანეს სახარებისა. წიგნი I, თბ. 1993 წ. გვ. 150-1407).