კითხვა: რა მოაქვს ადამიანისთვის მკითხაობას - ზიანი თუ სარგებლობა?
პასუხი: ვერასოდეს, ვერავითარი მკითხაობით ვერ გაიგებთ იმას, რისი გაგებაც თქვენთვის ღმერთს არ მოუცია და ასეთ შემთხვევაში, ვერავითარი უწმინდური ძალა ვერ დაგეხმარებათ. უწმინდურმა მხოლოდ ერთი იცის, - როგორ გასწავლოს ბოროტება და ცოდვაში ჩააგდოს მონათლული ადამიანი. აი ეს არის მისი ცოდნა და მისი საქმე. აქედან, რამდენიც გინდა იმკითხავე, მაინც ვერ შეიტყობ იმას, თუ რა უნდა შეგემთხვეს მომავალში, რა ბედი გელის, მეტიც, ამგვარი მკითხაობით დიდ უბედურებასაც მოიწვევ შენს თავზე. გამოვარდება რაღაც უბედურება, გაიგებ რაიმე არასასიამოვნო ამბავს, - დაიწყებ წუხილს, მოთქმას, მიაგდებ საკუთარ საქ მეს, დატოვებ სამსახურს, - მოკლედ, მართლაცდა შეგემთხვევა რაიმე უბედურება, რასაც აიცილებდი თავიდან, მკითხავებთან რომ არ გევლო და შემწეობისთვის დემონთათვის არ მიგემართა. სხვაგვარად შეუძლებელია. ეშმაკისგან ეშმაკობის გარდა არაფერს უნდა ველოდოთ, ის მხოლოდ ჭირსა და უბედურებას შეგვამთხვევს და არასოდეს შეეცდება შენს კეთილისმყოფელობას. ამისი მაგალითი მრავლადაა.
მკითხაობას (სანთელზე იქნება ეს, ბიბლიაზე, ბანქოზე, ყავაზე თუ სხვა ფორმით) ადამიანი ყოველთვის უბედურებამდე მიჰყავს. მიატოვეთ ეს მკრეხელური და ბოროტი მკითხაობანი და აღუთქვით უფალს, რომ მომავალში არასოდეს არ მიმართავთ ეშმაკის ამ საქმეს. მათგან მხოლოდ უბედურება მოიწევა; ეს არის ცოდვა სულისთვის, რადგან ვინც მკითხაობს, ის მკითხაობისა და ჯადოქრობის ცოდვაში ვარდება; ხოლო ჯადოქრები და მოგვები საკუთარ სულს აძლევენ ეშმაკს. მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა კარგად უწყიან რა ელოდებათ მათ, რომლებიც ამქვეყნად თავიანთ სულს ეშმაკს მიჰყიდიან. ღმერთმა დაგვიფაროს ყველანი ამგვარი ხვედრისგან.
კითხვა: რა არის ცრუმორწმუნეობა?
პასუხი: ცრუმორწმუნეობა - ეს არის ცოდვა, რომელიც მდგომარეობს ქმნილებისადმი საღმრთო პატივის მიკუთვნებაში, ან კიდევ ჭეშმარიტი ღმრთისადმი საკადრისი პატივის არმიგებაში. ზიგიერთს სწამს უბრალო საგნების, სწამს მათი განსაკუთრებული თვისებების, აღმერთებს მათ და სასოებს მათდამი. ამგვარ ქმედებას კერპთაყვანისცემა ეწოდება. უხეში კერპთაყვანისცემის გარდა, არსებობს პრაქტიკული კერპთაყვანისცემა, როდესაც კერპებს ეთაყვანებიან გემოთმოყვარებით, პატივმოყვარებით, ვერცხლისმოყვარებით ან სხვა რომელიმე ვნებით და მთელ თავიანთ ძალებს ახმარენ კერპისადმი სამსახურს. ასე, მაგალითად, მოციქული პავლე "სიძვას, უწმინდურებას, ვნებს, ბოროტი გულისთქმასა და ანგარებას", კერპთმსახურებას განაკუთვნებს (კოლ. 3:5; შეად. 1 ინ. 5:21).
კითხვა: ქრისტეანთაგან ვინ არის დამნაშავე ცრუმორწმუნოებაში?
პასუხი: ცრუმორწმუნეობაში ის ქრისტეანია დამნაშავე, რომელიც ქმნილებისადმი ისეთი სასოებით აღივსება, რომელიც მხოლოდ ღმრთისადმი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მეტად სცოდავენ ისინი, რომლებიც დაუტევებენ ღმრთის სარწმუნოებას და მისდევენ ქმნილებათა (უფრო დემონთა) ბოროტ ძალებს და ცდილობენ მათი შემწეობით იმოქმედონ. ამდაგვართა რიცხვს მიეკუთვნება მკითხაობაც. გარდა ამისა, ცრუმორწმუნეობაში ვარდება ის ქრისტეანი, რომლისთვისაც ღმრთის თაყვანისცემა მხოლოდ სხეულებრივ მოძრაობებში მდგომარეობს (მაგ. მეტანიებში) ან მხოლოდ გარეგან ფორმულებსა და წესებში, ყოველგვარი შინაგანი ღვთისმოშიშების გარეშე. ამდაგვარნი ღმერთს პატივს მიაგებენ, მხოლოდ ბაგით, "მაგრამ გულით შორს არიან ღმრთისგან" (შეად. მათე 15:8-9).
როგორ დავიხსნათ თავი ცუდი ჩვევებისგან?
პასუხი: იმისთვის, რათა თავი დავიხსნათ ცუდი ჩვევებისგან, უპირველეს ყოვლისა, ღმერთს უნდა ვთხოვოთ შემწეობა, რომელმაც ბრძანა: "ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ" (მათე 7:7); "ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ" (იოანე 15:5); მოციქულმა პავლემ თქვა: "უფალია ჩემი შემწე და არ მეშინია; რას დამაკლებს კაცი?" (ებრ. 13:6). მეორეც, მოიქეცი ისე, როგორც იქცეოდა ამბა დიოსკორე.
"დიდი მმარხველი ამბა დიოსკორეს ჩვეულებად ჰქონდა ყოველ წელიწადს რაიმე ახალი მძიმე ღვაწლი ეტვირთა, რომელიც მონაზონს სრულყოფდა. მაგალითად, ის ღმერთს მისცემდა აღთქმას: "მთელი წლის განმავლობაში არ დავენახვები მონასტრის საძმოს, რათა დაუბრკოლებლად ვჭვრეტდე უფალს... მთელი წლის განმავლობაში ავიღებ მდუმარების ღვაწლს... მთელი წელიწადი არ შევჭამ ნაყოფს და არ მივიღებ ზეთიანს" და ა. შ. და არასოდეს არღვევდა მიცემულ აღთქმას. ასე იცხოვრა მართალმა მამამ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და აღასრულებდა რა ერთ აღთქმას, მეორეს იწყებდა" (იხ. Училище Благочестия, ч 4, стр. 144).
კითხვა: რა არის ღმრთისგან განდგომა?
პასუხი: "ღმრთისგან განდგომა ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფა. ამგვარნი არიან ქრისტეს ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური ეკლესიისდან განდგომილნი და მწვალებლებს შეერთებულნი, ვთქვათ დევნულების ან სხვა მიწიერი გამორჩენის გამო. ამ ცოდვის სიმძიმე კარგად ჩანს მოციქულ პავლეს სიტყვებიდან: "რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის. არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?" (ებრ. 10:26-29).
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, მშვიდობისმოყვარენი რომ ვიყოთ?
პასუხი: ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავტ, სიყვარული კი ითხოვს ურთიერთშეურაცხყოფისა და უსიამოვნებების არიდებას, მაგრამ თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, იმწამსვე უნდა აღმოვფხვრათ იგი. რაოდენ მშვენიერი სანახავნი არიან ის ადამიანები, რომელთა შორისაც მშვიდობა და სიყვარულია, რომელთაც "ერთი გული აქვთ და ერთი სული" (შეად. საქმე 4:32). მაგრამ, როგორ აღშფოთდება კაცის გული, როდესაც ერთმანეთს გადამტერებულ ადამიანებს ხედავს: "ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე" (იაკობი 3:16).
მოყვასთან უკმაყოფილებისა და უთანხმოების თავიდან ასაცილებლად უნდა დავიცვათ მორიდება და სიმშვიდე. ეს თვისებები იცავს ადამიანს ამაო მედიდურობისგან მოყვასის წინაშე, რომელიც შეურაცხყოფს მათ და გვასწავლის პატივი მივაგოთ იმ თვისებებს, რითაც დაჯილოვებულნი არიან სხვები. გულისა და პირის (ანუ მეტყველების) სიმდაბლე იმდენად აუცილებელია, რომ თვით უიშვიათესი ნიჭებსაც კი ფასი ეკარგებათ თუკი მათ სიამაყითა და ამპარტავნებით თავის საქებად გამოაჩენენ, ან კიდევ სხვათა დასამცირებლად და დასაჩაგრავად იყენებენ. "თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი" (ფლპ. 4:5).
სხვებთან მიმართებაში თვინიერნი და თავმდაბალნი, და რამდენადაც ეს შესაძლებელია, დამთმობნი უნდა ვიყოთ. "სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს" (1 კორინთ. 13:4). მაცხოვარს საკუთარი მაგალითი მოჰყავს და გვმოძღვრავს: "ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს" (მათე 11:29). მითუმეტეს, მიმტევებელნი უნდა ვიყოთ სხვათა უძლურებებისა და არასრულყოფილებების მიმართ, რადგან ჩვენშიც ბევრია ისეთი რამ, რაც სრულიად სამართლიანად არ მოსწონთ სხვებს. ამიტომაც, მოციქული გვარწმუნებს: "ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალ. 6:2).
კითხვა: როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქრისტეანი?
პასუხი: ქრისტეანი ვალდებულია ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი ქრისტეანული მრწამსი ჩაცმულობაშიც გამოიხატებოდეს და მისი გარეგნობა იყოს სულის ქრისტეანული სილამაზის გამოხატულება, რომელიც ბრწყინავს სიხარულით, სიმართლით, კეთილგონირებით, ღვთისმოშიშებით, ზომიერებით, სიკეთისადმი სიყვარულით და მორცხვობით, - ამაზე სასიამოვნო არაფერია. ქრისტეანის გარეგნობა და ქცევები ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს სხვებისთვის და წარმოადგენდეს, ასე ვთქვათ, სათნოებათა და ღმრთისადმი სიყვარულის უსიტყვო ქადაგებას, რადგან ნათქვამია: "დაე, ისე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს" (მათე 5:16).
კითხვა: რა წესი არსებობს ტანისამოსის შერჩევასთან და ჩაცმასთან დაკავშირებით?
პასუხი: ტანისამოსთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი წესი:
1) ტანისამოსის შერჩევისას საჭიროა დავიცვათ მორიდება და გავექცეთ ამაო ფუფუნებასა და მზრუნველობას. წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: "ასევე ქალებიც, ღირსეუღაღ მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით, არამედ კეთილი საქმით, როგორც შეშვენის ქალებს, რომლებმაც ღვთისმოსაობას მიუძღვნეს თავი" (1 ტიმ. 2:9-10). ქრისტეანის ტანისამოსი, ეკლესიის ერთი წმიდა მამის თქმით, იმის ღირსების შესატყვისი უნდა იყოს, ვისაც ქრისტეანმა მიუძღვნა თავი. ერთი ღვთისმოსავი ავტორი წერს: "ეკლესია ჩვეულებრივ დღეებში ჩვეულებრივად (თუმცა ღმრთივსაკადრისად) იმოსება, ხოლო დღესასწაულებზე - უფრო ნათელი, მაგრამ ღმრთის შესაფერისი და მოკრძალებული სამოსით; ასე უნდა მოიქცეს ქრისტეანი; მასში იმდენად ტანისამოსი არ არის განსასჯელი, რამდენადაც ის ამაოება, კადნიერება და ფუჭი მიდრეკილებები, რომელთა გამოხატულებაც შეიძლება იყოს ჩაცმულობა.
2) ტანისამოსი უნდა შეესაბამებოდეს კლიმატს და ჯანმრთელობას, იყოს წესიერი და იმ ადამიანისათვის შესაფერისი, ვინც მას ატარებს; ასევე უნდა შეესაბამებოდეს სქესს, რაც აუცილებელია უბიწოების დასაცავად. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებით "არც ერთმა მამაკაცმა სადედაკაცო სამოსელი არ უნდა შეიმოსოს, და არც დედაკაცმა - სამამაკაცო". ამ განწესების დამრღვევნი ისჯებიან უზიარებლობით.
კითხვა: აჯილდოვებს თუ არა უფალი მოწყალეთ?
პასუხი: დიახ, აჯილდოვებს. წმიდა წერილი ამბობს: "ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება; ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება" (იგავნი 28:27); "რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც ნათქვამი აქვს შენთვის... გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ. არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მისი გასაჭირის კვალობაზე, რაც უჭირს... მიეცი და ნუ ინაღვლებს შენი გული მიცემისას, რადგან ამისთვის გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყველა შენს საქმეში და ნაამაგარში. რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეყანაში" (2 რჯლ. 15:6-11).
ღირ. მარკიანე, კონსტანტინოპოლის დიდი ეკლესიის პრესვიტერი, ერთხელ ღვთისმსახურებაზე მიმავალი გზად თითქმის შიშველ და სიცივისგან აკანკალებულ მათხოვარს გადაეყარა. წმ. მარკიანემ გაიხადა თავისი ტანისამოსი და ჩააცვა ღარიბს, რითაც მისი სიშიშვლე დაჰფარა, თავად კი მხოლოდ ქვედა ტანისამოსში დარჩა. ის იმდენად კეთილი იყო, რომ არაერთხელ მიუცია ღარიბებისთვის თავისი უკანასკნელი ტანისამოსიც კი. ამ სიკეთისა და წმიდა ცხოვებისთვის, ღმერთმა ის სასწაულთმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა! (იხ. წმ. ცხოვრება. 10 იანვარი).