ძველმართლმადიდებელი - თქვენ მსჯელობთ "კათოლიკეთა", ანუ ლათინთა (იგივე პაპისტთა) ნათლობაზე. მაშინ, ინებეთ მეტად მნიშვნელოვანი წყაროები მათი ე. წ. "ნათლობის" შესახებ.
1. კონსტანტინოპოლის ეკლესიის საპატრიარქო და სინოდალური მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე რომის პაპ ლეონ XIII-ის 1894 წლის 20 ივნისის ენციკლიკის გამო ეკლესიათა შეერთების შესახებ (1895 წ.) (ამონაწერი).
"... ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მზად არის ნებისმიერი წინადადება მიიღოს შეერთების შესახებ, ოღონდ თუკი რომის ეპისკოპოსი ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვის თავის ეკლესიაში შეტანილ სახარების საწინააღმდეგო ბევრ და მრავალფეროვან სიახლეებზე, რომელთაც გამოიწვიეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების სამწუხარო განყოფა... სანამ იგი თავის სიახლეებს ადგას, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია დამკვიდრებულია საღმრთო და სამოციქულო გადმოცემებზე და ქრისტეანობის პირველი ცხრა საუკუნის დადგინებებზე, რომლებშიც დასავლეთის ეკლესიებიც (ოდესღაც) ერთი აზრისანი და თანხმიერნი იყვნენ აღმოსავლეთის ეკლესიებთან. - ყოველგვარი საუბარი შეერთების შესახებ ამაო და ცარიელია (§ 3).
... რამეთუ წინააღმდეგობა ცხადზე უცხადესია, როცა ერთსა და იმავე ეკლესიაში ერთს სწამს, რომ სულიწმიდა გამოვალს მამისაგან, მეორეს კი - რომ იგი გამოვალს მამისაგან და ძისაგან; როცა ერთი სამგზის შთაფლავს წყალში (ნათლის-ღების საიდუმლოში), მეორე კი - აპკურებს (წყალს), ერთი გამოიყენებს აფუებულ პურს ღვთაებრივი ევქარისტიის საიდუმლოში, მეორე კი - უფუვარს, და ა. შ. (§ 4).
... როცა ამას ვამბობთ, ჩვენ სულაც არ ვგულისხმობთ იმ განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება საეკლესიო ტიბიკონებსა და წეს-დებულებებს (აგრეთვე იმათ, რომლებიც ეხება საგალობლებსა თუ სამღვდელო შესამოსელთ და მისთანათ, რაც თავის განსხვავებულობაში, როგორც ძველს დროში (ასევე ამჟამად), ყველაზე ნაკლებად არღვევს სარწმუნოების არსობრიობასა და ერთიანობას; არამედ ვგულისხმობთ იმ არსებით განსხვავებებს, რომლებიც განეკუთვნება სარწმუნოების ღმრთივგადმოცემულ დოგმატებსა და ეკლესიის მმართველობის ღმრთივდაფუძნებულ კანონიკურ მოწყობას (§ 5).
... თუკი ღვთაებრივ მამათა და ღმრთივშეკრებილ მსოფლიო კრებათა სწავლებიდან დასავლელნი დაგვიმტკიცებენ, რომ ოდესღაც, მეცხრე საუკუნემდე, რომის (მაშინ) ჯერ კიდევ მართლმადიდებელი ეკლესია დასავლეთში სარწმუნოების სიმბოლოს დანამატით ("და ძისაგან გამოვალს") კითხულობდა, ანდა უფუარ პურს იყენებდა (ზიარების საიდუმლოში). ან მიიღებდა სწავლებას განმწმედ ცეცხლზე, (წყლის) პკურებას (წყალში სამგზის) შთაფვლის ნაცლად... მაშინ, (თუკი დასავლელნი დაგვიმტკიცებენ ყოველივე ამას), ჩვენ არაფერი გვექნება სათქმელი ხოლო თუკი პირიქით, ცხადი შეიქნება, ... რომ დასავლეთის ეკლესიამ დაამახინჯა ისინი სხვადასხვა სიახლეებით, მაშინ ყრმათათვისაც კი ცხადი გახდება, რომ უფრო ბუნებრივი გზა გაერთიანებისკენ არის დასავლეთის ეკლესიის დაბრუნება ძველს მდგომარეობაში... რამეთუ სარწმუნოება არანაირად არ იცვლება დროისა თუ გარემოებათა ზეგავლენით, არამედ მარადის ერთი და იგივე რჩება (§ 6).
ერთი წმიდა კათოლიკე-საყოველთაო და სამოციქულო ეკლესია შვიდი წმიდა მსოფლიო კრებისა ნათლის-ღების საიდუმლოს აღასრულებდა სამგზისი შთაფლვით წალში უფლის მცნებისაებრ და დასავლეთშიც კი XIII საუკუნეში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ნათლობა სამგზისი შთაფვლის გზით, რის შესახებაც ცხადად მოწმობენ იტალიის უძველეს ტაძრებში მრავლად განბნეულნი წმიდა საღმრთო სანათლავნი (ემბაზნი). მაგრამ მომდევნო დროში შემოიღეს (აწ) მიღებული პკურება და გადასხმა პაპისტურ ეკლესიაში, რომელიც დღემდე ამ ახალშემონაღებში ჰგიებს, რითაც კიდევ უფრო განავრცობს მის ქვეშ ისედაც პირდაღებულ უფსკრულს. ჩვენ კი, მართლმადიდებლები, ვრჩებით რა სამოციქულო გადმოცემისა და შვიდი მსოფლიო კრების პრაქტიკის ერთგულნი "მართებული სარწმუნოების მამათამიერი საუნჯის საერთო მონაპოვრის სადარაჯოზე ვდგავართ" (წმიდა ბასილი დიდის ეპისტოლედან (243) იტალიკელ და გალლიელ ესპისკოპოსთადმი)" (§ 8).
ციტ. თეოლოგიური ალმანახი "ივერიის გაბრწყინება" (სპეციალური ნომერი) 1999 წ. # 4 (32) (გვ. 2-7).
2. მრგვლივმოსავლელი ეპისტოლე ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიისა ყველა მართლმადიდებელ ქრისტეანთადმი (1848 წ.) (ამონაწერი)
"დასავლეთის ეკლესიაში... ნელ-ნელა დამკვიდრდა სხვადასხვა სიახლენი, რომლებიც უმეტესწილად ეწინააღმდეგებიან სახარებაში ნათლად გამოხატულ მცნებებს ჩვენი მაცხოვრისა, რომელსაც მანამდე გულმოდგინედ იცავდნენ იმ ეკლესიებში, სანამ არ დაამკვიდრეს ეს სიახლენი, როგორიცაა: პკურება შთაფლვის ნაცვლად, ღვთაებრივი ბარძიმისგან ერისკაცთა ჩამოშორება და მხოლოდღა პურის სახით მათი ზიარება; აფუებული პურის ნაცვლად უფუარი მაცით ზიარება; კურთხევის, ანუ ყოვლადწმიდისა და ყოვლისაღმასრულებელი სულიწმიდის ღვთაებრივი მოწოდების ამოღება საღმრთო ლიტურგიიდან; ასევე საყოველთაო ეკლესიის ძველი სამოციქულო წეს-ჩვეულებების დარღვევა, როგორიცაა: ყრმათა მირონცხებისა და ზიარების უარყოფა, მღვდლების უქორწინებლობა, პაპის უცდომელობა და მისი ქრისტეს ადგილნაცვალობა და მრავალი სხვა. ასე გაირყვნა ძველი სამოციქულო წესი თითქმის ყველა საიდუმლოს აღსრულებისა და ყველა საეკლესიო დაწესებისა; წესი, რომელსაც ოდითგანვე პყრობდა რომის ძველი, წმიდა და მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მაშინ წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის უწმიდესი წევრი იყო" (§ 4).
"მაგრამ ამაზე არ შეჩერებულა პაპიზმი, როდესაც ხელყოფდა იგი მშვიდობას ღვთის ეკლესიისა; არამედ, პირიქით, ყოველგან აგზავნიდა თავის ე. წ. "მისიონერებს", ყოველგვარი მზაკვრობით აღსავსე ადამიანებს, რათა გადაელახათ მთები და ზღვები თუნდაც ერთი ადამიანის "მოსაქცევად", სინამდვილეში კი იმისათვის, რათა ეცთუნებინათ მართლმადიდებელნი, შეერყვნათ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, უკეთური დამატებით შეებილწათ სიმბოლო წმიდისა სარწმუნოებისა, ზედმეტად მიეჩნიათ ღვთითგარდმოცემული შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში... და მრავალი სხვა" (§ 8).
"აქედან კი გულისხმავყოფთ, ძმანო და ჩვენნო სულიერნო შვილნო, რაოდენ დიდი მადლი მოჰფინა ჩვენს ერთ, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც, ვითარც ქმრის ერთგული დედა, გვზრდის უბიწოდ და შეურყვნელად. წერილში ნათქვამია: "თვინიერად და მოწიწებით მიუგოთ ყველას, ვინცა გთხოვთ თქვენი სასოების ახსნას" (1 პეტრე 3:15). რით მივაგოთ უფალს, ჩვენ, ცოდვილებმა, ყოველივე იმისთვის, რაც მან მოგვაგო ჩვენ? დაუშრეტელი მადლით ჩვენმა ღმერთმა თავისი სისხლით მოგვისყიდა და წმიდა მამათა უბიწო სარწმუნოებისადმი მთელი სულითა და გულით ჩვენი ერთგულების გარდა არაფერს ითხოვს; არაფერი სურს ჩვენგან მართლმადიდებლური ეკლესიისადმი ერთგულებისა და სიყვარულის გარდა, რომელმაც გვშვა და არა ახალგამოგონილი პკურებით, არამედ სამოციქულო შთაფვლის ღვთაებრივი საბანელით აღგვაღორძინა; ქრისტეს პატიოსანი ხორცით გვაპურებს ჩვენი მაცხოვრის მარადიული აღთქმის თანახმად და ვითარც ჭეშმარიტი დედა უხვად გვასმევს მის პატიოსან სისხლს, რომელიც ჩვენი და მთელი სამყაროს საცხოვნებლად დაიღვარა".
1848 წლის, 6 მაისი.
დედანს ხელს აწერენ პატრიარქები:
ანთიმოზი, მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის არქიეპისკოპოსი.
იეროთეოზი, ალექსანდრიისა და სრულიად ეგვიპტის პატრიარქი.
მეთოდე, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი.
კირილე, იერუსალიმისა და მთელი პალესტინის პატრიარქი.
ეპისკოპოსები:
კონსტანტინოპოლის სინოდი:
პაისი (კესარიელი); ანთიმოზ (ეფესელი); დიონისე (ჰერაკლიელი); იოაკიმე (კიზიკელი); დიონისე (ნიკომიდიელი); იეროთეოს (ქალკიდონელი); ნეოფიტე (დერკოველი); გერასიმე (ადრიანოპოლელი); კირილე (ნეოკესარიელი); თეოკლიტე (ბერიელი); მელეტი (პისიდიელი); ათანასე (სმირნელი); დიონისე (მელენიკელი); პაისი (სოფიელი); დანიელი (ლიმნოსელი); პანტელეიმონ (დრიინუპოლელი); იოსებ (ერსეკელი); ანთიმოზ (ვოდენელი).
ანტიოქიის სინოდი:
ეპისკოპოსები: ზაქარია (არკადიელი); მეთოდე (ემესელი); იოანიკე (ტრიპოლელი); არტემი (ლაოდიკიელი).
იერუსალიმის სინოდი:
ეპისკოპოსები: მელეტი (პეტრაელი); დიონისე (ბეთლემელი); ფილიმონი (ღაზელი); სამუელი (ნეაპოლელი); თადეოსი (სებასტიელი); იოანიკე (ფილადელფიელი); იეროთეოს (თაბორელი).
3. კონსტანტინოპოლის 1756 წლის, ადგილობრივი საეკლესიო კრების განსაზღვრება:
"სულის საცხოვნებლად ბოძებულ მრავალ საშუალებათაგან პირველი და უმთავრესი უფლის მიერ წმ. მოციქულთადმი ბოძებული ნათლისღებაა. რადგანაც, სამი წლის წინათ წამოიჭრა საკითხი, შეწყნარებული ყოფილიყო თუ არა ჩვენკენ გადმოსულ იმ ერეტიკოსთა ნათლობა, რომლებიც წმ. მოციქულთა, ღვთაებრივ მამათა და წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) და სამოციქულო ეკლესიის გადმოცემათა საწინააღმდეგოდ ასრულებენ ნათლისღებას, ჩვენ, ვინც, ღვთის წყალობით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღვიზარდენით, წმინდა მოციქულთა და ღვთაებრივ მამათა კანონებით ვხელმძღვანელობთ და ვიცით ჩვენი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საიდუმლო (იგულისხმება 7 საეკლესიო საიდუმლო და სხვა მღვდელმოქმედებანი - ძვმ.) - განვსაზღვრავთ: ერთი ღვთაერბრივი ნათლისღების ნათლისღების მიმღებნი ყოველივე ერეტიკულს, რაც ისე არ აღესრულება, როგორც ეს სული წმინდამ ამცნო მოციქულებს და რაც დღემდე უცვლელად აღესრულება ქრისტეს ეკლესიაში, გარყვნილ კაცთა გამონაგონად და მოციქულთა გადმოცემების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ საყოველთაო აღიარებით, ზიზღით უკუვაგდებთ მათ და მათგან ჩვენკენ გადმოსულთ მოუნათლავთა და განუწმენდელთა თანასწორად მივიჩნევთ; მივდევთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მცნებას, რომელმაც უბრძანა თავის მოწაფეებს, მოენათლათ ყოველი სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა; მივდევთ მათ, რომელთაც განაწესეს მოსანათლავთა სამგზისი შთაფლვა და თითოეულ შთაფლვაზე წარმოთქმა წმიდა სამების ერთ-ერთი პირის სახელისა, წმიდა და მოციქულთასწორის, დიონისეს სიტყვისამებრ, რომელიც ბრძანებს, რომ მოსანათლავი უნდა მოინათლოს განშიშვლებული ემბაზში, ნაკურთხი წყლითა და ზეთით და ღვთაებრივ პირთა მოწოდებით; ხოლო ნათლისღებისთანავე ღვთიური ძალმოსილების მქონე წმ. მირონით უნდა იქნეს ცხებული, შემდგომ კი ყოვლადგანმწმენდელ ევქარისტიას ეზიაროს. ჩვენ ვიცავთ მეორე და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების დადგენილებებს, რომლებიც ბრძანებენ, რომ ყოველი, ვინც მონათლული არ იქნება სამგზისი შთაფლვითა და ყოვლადწმიდა სამების პირთა მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე, არამედ ნებისმიერი სხვა სახით იქნება, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქცევის შემთხვევაში მოუნათლავად ჩაითვლება.
ვხელმძღვანელობთ რა ზემოხსენებული წმიდა და ღვთაებრივი დადგენილებებით, ერეტიკოსთა ნათლობას (იგულისხმება ლათინური "ნათლობა" - ძვმ.), როგორც წმ. მოციქულთა და ღვთაებრივ დადგენილებათა საწინააღმდეგოს და სრულიად გაუცხოებულს მათგან, როგორც უცხოს განბანვისა და, წმ. ამბროსისა და დიდი ათანასეს სიტყვისამებრ, სრულიად უსარგებლოს, რასაც არავითარი სიწმიდე არ შეუძლია მიანიჭოს მოსანათლავს და ოდნავადაც კი არ ემსახურება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდის საქმეს, ზიზღის და უარყოფის ღირსად მივიჩნევთ. ხოლო მოჩვენებითად, ვითომ მონათლულებს მართლმადიდებლური ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ვიღებთ, როგორც მოუნათლავებს და ყოველგვარი ეჭვის გარეშე გადავნათლავთ მათ წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებების შესაბამისად, რომელსაც ურყევად ეფუძნება ქრისტეს წმიდა, სამოციქულო და მსოფლიო ეკლესია - დედა ყოველთა მართლმადიდებელთა. და აი, ამ ჩვენი სახალხო აღიარებითა და განჩინებით, ვამტკიცებთ ჩვენს მიერ გამოტანილ განსაზღვრებას, რომელიც სრულიად თანხმიერია წმ. მოციქულთა და საკრებო დადგენილებებისა და განვამყარებთ მათ ჩვენივე ხელმოწერით წელსა 1756-სა.
კირილე პატრიარქი კონსტანტინოპოლისა;
მათე პატრიარქი ალექსანდრიისა და
პართენი პატრიარქი იერუსალიმისა"
ციტ. (О правилах и чинопоследованиях присоединения неправославных христиан в православную церковь, изд. Вятск, 1869 г.).
4. განმარტებანი "პიდალიონიდან" ("მესაჭის წიგნი", ბერძნული დიდი სჯულისკანონი) (ამონაწერები)
უნდა აღინიშნოს, რომ ეს განმარტებანი ეკუთვნის ცნობილ ათონელ მოღვაწეს, ნიკოდიმოს მთაწმინდელს, რომელიც ოფიციალური ეკლესიის მიერ შერაცხილია წმინდანად.
"იესუ ქრისტეს სიკვდილი ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო კაცთა მოდგმის საცხოვნებლად _ და ეს უცილობელი დოგმატია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა. უამისოდ ადამიანის ღმერთთან შერიგების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. ამიტომაც ამბობს მოციქული: "უკუეთუ, მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა" (რომ. 5:10). იმისათვის, რათა მუდამჟამ აღესრულებოდეს მოგონება ღვთის ამ გამოუთქმელი მოწყალებისა ადამიანის მიმართ, რათა მარადჟამ აღესრულებოდეს სიკვდილით მონიჭებული ცხოვრება კაცობრიობისა, როგორც უფალმა, რომელმაც ხორციელად განიცადა სიკვდილი იგი - ასევე მისმა მოწაფეებმა და ღმერთშემოსილმა მამებმა დაადგინეს, რათა უცვალებლად აღბეჭდილიყო უფლის სიკვდილის ხატი თითოეულ საიდუმლოსა და თითოეულ მღვდელმსახურებაში ეკლესიისა.
მაგრამ, ხატი უფლის სიკვდილისა უპირატესად ნათლისღების საიდუმლოში არის გაცხადებული, რომელიც სამგზისი შთაფვლით აღსრულდება. უპირატესად ამ საიდუმლოშიო ვამბობთ იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი გარე კაცისა წარმოაჩენს მათს შინაარსში ჩადებულ ხატს უფლის სიკვდილისა მაშინ, როდესაც ნათლისღებაში ადამიანი თავის თავზე გამოხატავს მას; ანუ თვითონ მოსანათლავი კვდება ხატისაებრ უფლის სიკვდილისა და თანადაეფლვის მას (ქრისტეს) წყალში ნათლისღებისა. "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, - ბრძანებს მოციქული, - სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ გვიღებიეს" (რომ. 6:3).
აქედან გამომდინარე, თუ გვსურს ჩვენშიაც აისახოს მსგავსება ქრისტეს სამდღიანი სიკვდილისა, ნათლობის სამგზის დაფლვით უნდა აღსრულდეს. შთაფლვის აუცილებლობის შესახებ წერილისა და წმ. მოციქულთა განწესებების თანხმიერად მსჯელობენ წმ. მამები დიონისე, კირილე იერუსალიმელი, ათანასე, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და სხვები" (Пидалион. Греческая кормчая книга, изд. Москва 1838, стр. 248, 249).
იქვე: "თვით დასავლელ ღვთისმეტყველთაგან კორდერიუსი უარყოფს თომა აქვინელის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მნიშვნელობა არა აქვს თუ როგორ აღესრულა ნათლისღება, - შთაფლვით თუ სხვაგვარად - და ამტკიცებს, რომ ნათლისღება უცვალებლად, და მხოლოდ შთაფლვით უნდა აღესრულებოდეს აღმოსავლეთის ეკლესიის განწესებისამებრ. და თვით სახელწოდებანი ემბაზებისა, რომლებშიც ინათლებოდნენ ანუ განიბანებოდნენ (ცურავდნენ) მოსანათლავნი, გვიჩვენებს, შთაფვლის აუცილებლობას. სწორედ ამიტომაც ითხოვდნენ მოციქულნი მოსანათლავის წყალში შესვლას თავიანთ განწესებაში.
შთაფლვა ნიშნავს ქრისტესთან ერთად დამარხვას, ხოლო აღმოსვლა - აღმოშობას, ქრისტესთან ერთად თანააღდგომას. სწორედ ამით იყო განპირობებული კათაკმეველთა დიდი შაბათის ღამეს, საკვირაოდ მონათვლა, რათა მოსანათლავნი (არა მარტო გარეგნული მსგავსებით, არამედ დროითაც) თანადაფლულიყვნენ, თანააღმდგარიყვნენ ქრისტესთან ერთად მარადიული სიცოცხლისთვის, არა მხოლოდ ნათლისღებაში გამოხატული ქმედებით, არამედ თვით დროითაც აღდგომისა. დიდი შაბათის ღამეს მონათვლის ეს წესი დღემდეა შემორჩენილი.
ფრანცისკ პივატის ლექსიკონში ნათქვამია, თუ როგორ აღაშენა წმ. ოფონმა, - რომელიც, თავის მხრივ, სამგზისი შთაფლვით ნათლავდა მოსანათლავებს - ეკლესიებში ემბაზები იმის შიშით, რომ ლათინებს არ შეერყვნათ წესი ნათლისღებისა და ყრმათა ნათლობა სრული შთაფლვით ჩატარებულიყო. ერთ-ერთი ამგვარი ემბაზთაგანი ლათინთა პირის დასაყოფად დღემდეა შემორჩენილი ვენეციის წმ. მარკოზის ეკლესიაში.
ევსები (პამფილელი) მოგვითხრობს (7:9) თუ როგორ ითხოვდა მართლმადიდებლური ნათლისღების მხილველი ერეტიკოსი თავიდან გადანათვლას. ცრემლმორეული დამხობილა იგი წმ. დიონისე ალექსანდრიელის წინაშე და მართლმადიდებლური ნათლობა უთხოვია, რამეთუ, მისივე თქმით, მის მიერ მიღებული ნათლობა უფლის გმობით ყოფილა სავსე და ვერ შეედრებოდა მართლმადიდებლურ წესს ნათლისღებისა. აქედან გამომდინარე, ლათინები თავიდან უნდა ივედრებოდნენ ნათლობას და არა პირიქით, თვითონ ელოდნენ მართლმადიდებელთაგან რაიმეს მტკიცებას, რამეთუ სამტკიცებელი აქ არაფერია (Пидалион, Греческая кормчая книга, Москва, 1838, стр. 248, 249).
იქვე: "ამრიგად, ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია იგი. თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"; იგივეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი".
იქვე: "ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალგადასხმითი "ნათლობის" გამო - ძვმ.), მათ არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლო; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".
იქვე: "ლათინთა ნათლისღება (წყალპკურება, დასხმითი "ნათლობა" - ძვმ.) ცრუდ იწოდება და არც სიმკაცრის გამო და არც შეწყნარებით მიღება მისი არ შეიძლება. სიმკაცრის გამო იმიტომ, რომ ისინი მწვალებლები არიან და ამის მტკიცების საჭიროებაც კი არ არსებობს. მარტო ის გარემოებაც, რომ ასეთი სიძულვილი და ზიზღი გვაქვს მათდამი ამდენი საუკუნეა - ცხადყოფს, რომ ვუკადრისობთ მათ და არიანელთა და საბელიანოზთა შესადარ მწვალებლებად მივიჩნევთ.
ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მათ შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფვლის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე, რომ ლათინური წყალგადასხმა გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას" (Пидалион., стр. 248, 249).
5. ათონელი ისიხასტი ბერების სწავლების მიმოხილვა წყალგადავლებით "ნათლობასთან" დაკავშირებით
წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს წმიდა მამათა სწავლებისა და წმიდა ეკლესიის კანონების მიხედვით შედგენილი იმ ვრცელი მიმოხილვის შემჭიდროვებულ გადმოცემას, რომელიც XVIII საუკუნის ცნობილი მთაწმინდელი ისიქასტი და ღვთისმეტყველი ბერების მიერ არის შედგენილი, რომელთაგანაც ერთ ერთი, ყველაზე სახელგანთქმული და ეკლესიის მამად აღიარებული, ნიკოდიმოს მთაწმინდელია (ამ ბერ-ისიქასტის სულიერი მოძღვარი იყო წმ. მაკარი კორინთელი). ეს მიმოხილვა შედგენილ იქნა ათონის წმ. მთაზე იმისთვის, რათა გამოვლენილიყო კონკრეტულად წმ. მამათა, ხოლო მთლიანობაში ეკლესიის დამოკიდებულება მართლმადიდებლობაში იმ მწვალებელთა მიღების პრაქტიკისადმი, რომელთაც მართლმადიდებლობისკენ მოქცევამდე მიღებული ჰქონდათ წყალგადავლებითი ან წყალპკურებითი ნათლობა, ასევე თვით ამგვარი ნათლობის ფორმებისადმი.
ამ თხზულების გამოქვეყნება მიგვაჩნია მეტად დროულად, რადგან სადღეისოდ, მართლმადიდებლობისგან საზოგადო განდგომილების (აპოსტასიის) ფონზე, სხვა დანარჩენთან ერთად, საყოველთაოდ ვრცელდება ნათლისღებასთან, წმიდა ეკლესიის ამ ფუძემდებლურ საიდუმლოსთან, დაკავშირებული უფლის ნაბრძანების, წმიდა მამათა სწავლებისა და ეკლესიის განწესებების უარყოფის პრაქტიკა.
ღმრთის ერმა უნდა იცოდეს მართლმადიდებლობის ამგვარი გამცემლობის შესახებ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნათლობის მადლმოსილი წესის უარყოფა ზოგჯერ არასწორად მონათლული კაცის ან დემონური შეპყრობილობის ან კიდევ ჯერაც ახალგაზრდულ ასაკში, უმძიმესი ცოდვების ჩადენის მიზეზი ხდება.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
ძმანო, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვინ შეიძლება ცხონდეს ამ სოფლად ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მოსვლით? უფალი პასუხობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). ანუ ის, ვისაც სწამს და მოინათლება წმ. ემბაზის წყლებში სამგზის დაფლვითა და აღმოსვლით მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 18:19).
მართლმადიდებლურ ეკლესიაში, - რომელსაც თვით ღმრთისგან ებრძანა წმ. ნათლისღების საიდუმლო, როგორც წმ. სიმეონ თესალონიკელი გადმოგვცემს, - ნათლისღება უნდა აღსრულდეს შემდეგი სახით: "დასდებს რა ხელს თავზე მოსანათლავს, წყალში პირველი შთაფლვის წინ მღვდელი იტყვის: "ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (ამინ)", და იმწამსვე ამოსწევს წყლიდან მოსანათლავს. შემდეგ ის შთაფლავს მეორედ და კვლავ იტყვის: "და ძისათა (ამინ)"; და კვლავ (მყისიერ) ამოსწევს მოსანათლავს წყლიდან. შემდეგ კი მესამედ შთაფლავს მას მღვდელი და იტყვის: "და წმიდისა სულისათა (ამინ)". ამგვარად მონათლული ეზიარება ღვთაებრივ ნათელს".
ნებისმიერი მღვდელი, ვინც სასიკვდილო საფრთხის გარდა (სასიკვდილო საფრთხის დროს შთაფვლა, ცხადია, იმ სახით ვერ ჩატარდება, როგორც ჯანმრთელ ადამიანზე. მაგრამ, ასეთ დროსაც, ადამიანი თუნდაც მწოლიარე, უნდა შთაიფლას წყალში. ამის შესახებ იხ. ქვემოთ - ადმ.) ამგვარი სახით არ ნათლავს, ანუ სამი სრული შთაფლვითა და აღმოსვლით, ბუნებრივია, არ ასრულებს ნათლობას, არამედ უკეთურად იქცევა და ადამიანს მოუნათლავად ტოვებს. ამგვარი მღვდლები მოსანათლავად მოსულს პურის ნაცვლად ქვას აძლევენ და თევზის ნაცვლად - გველს, აყენებენ მას წმ. ემბაზში, ვარცლში ან აუზში, სადაც, - როგორც დიდის წუხილით შენიშნავს ღირ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, - ჩასხმულია წყლის მცირედი რაოდენობა, რომელიც მხოლოდ ფეხებს თუ დაუფარავს მოსანათლ ყრმას ან მოზრდილს" და ზემოდან დაასხამს წყლის მცირე რაოდენობას, ან მიასხურებს წყალს, როგორც იქმან ამას პაპისტი მწვალებლები, რომელთაც არ გააჩნიათ ნათლობის საიდუმლო და ამის გამო არც არიან მონათლულნი (დიდი რჯულისკანონი ღირ. აღაპესი და ნიკოდიმოს მთაწმინდელისა. გამოც. 8-ე. ათენი. 1976).
ამიტომაც, ამგვარად ცრუდ მონათლულები ან ისინი, ვისზეც საიდუმლოს ლოცვები არასრულად და არამკაფიოდ არის აღსრულებული, ან კიდევ ვისზეც არასრულად არის ნაცხები ზეთი, ან არასრულადაა მირონნაცხები, ხშირად ხდებიან ეშმაკით შეპყრობილნი, რომლებიც ხშირად აგდებენ მათ უმძიმეს ხორციელ ცოდვებში. ამას მოწმობს მრავალი წმიდა მამა. წმ. სიმეონ თესალონიკელი, განაზოგადებს რა მათ შეხედულებებს წერს, რომ "ისინი (არასწორად მონათლულები) იტანჯებიან ამ საცთურთაგან სწორედ იმიტომ, რომ მღვდლები, რომლებმაც ისინი მონათლეს, უგულებელყვეს დემონთ განსასხმელი ლოცვები ან ნათლისღების წმიდა საიდუმლოს საღმრთო თანამიმდევრობის სხვა მხარეები".
აღნიშნავენ რა ნათლობის წმიდა საიდუმლოს თანამიმდევრობის სწორად და წესიერად აღსრულების მნიშვნელობას, წმ. მამები ნათლობის არსს განმარტავენ საღვთისმეტყველო და მისტიკური მნიშვნელობით.
ნათლობის საიდუმლო, ყოველგვარი ფუჭმეტყველების გარეშე, უნდა აღსრულდეს უფლის ბრძანების, წმიდა მამათა კანონებისა და ეკლესიის გადმოცემისამებრ. რადგან ჩვენ ვიმყოფებით უდიდესი ღმრთისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ეკლესიაში, და მისგან და მის მიერ განბრძნობილ მამათაგან მივიღეთ ერთი და მხოლოდ ერთი ნათლობა; ასევე ვაღიარებთ, რომ გვწამს, "... ერთი ნათლისღება მოსატევებლად ცოდვათა", უნდა ვუწყოდეთ, - ეს სწორედ ის ნათლობაა, რომელიც აღესრულება ეკლესიაში წყალში სამგზისი შთაფლვითა და აღმოშობით, რადგან თვით სიტყვა "ნათლობა" (ბერძნ. "ბაპტისმა" - ძვმ.) სწორედ შთაფლვას ნიშნავს. ამიტომაც, მას, ვისზეც წყალში სამგზისი შთაფლვით არ აღსრულებულა, ეკლესიური ნათლობა არ გააჩნია ამ სიტყვის პირდაპირი და სრული მნიშვნელობით (ნეოფიტე კაფსოკალივიტი) (О. Неофит Кавсокаливит (1784г), Кормчая книга). მეტიც, წმ. მამათა თქმით, "ნათლობის წესი შეიძლება გახდეს მკრეხელური და უსარგებლო თუ ის არ არის შესრულებული სამი შთაფლვით" (Кн. о. Константина Пресвитера (1857г.), Афины, 1862 г.).
ნათლობაში მოსანათლავის სამგზის შთაფლვა გვასწავლა და გვიბრძანა თვით უფალმა; ამას მოწმობენ მოციქულთა, საეკლესიო კრებათა და წმიდა მამათა განწესებანი. ჩვენ სწორედ ამგვარი ნათლობისა გვწამს და სწორედ მას ვაღიარებთ, როგორც განუმეორებელს. ეკლესია ნათლობის ერთადერთობას და განუმეორებლობას მხოლოდ იმიტომ კი არ აღიარებს, რომ ის არავის ნათლავს ორჯერ, არამედ იმიტომაც, რომ თითოეულ ადამიანს ნათლავს ერთი და იგივე და არა სხვადასხვაგვარი ნათლობით, რომელიც არის განუმეორებელი; ანუ არა ისე, რომ ერთი მონათლოს ერთი, და სხვა კიდევ მისგან განსხვავებული წესით.
ნათლობის მადლმოსილი ფორმის შეცვლა ეკლესიაში, რაიმე უმძიმესი და მწვავე სასიკვდილო აუცილებლობის გარეშე, არის სამოციქულო გადმოცემის უმძიმესი დარღვევა, საანათემო, საძაგელი და ყოვლად საზიზღარი საქმე. ეს არის სასიკვდილო ცოდვა (დოსითეოს იერუსალიმელი) (Свят. Досифей Иерусалимский, труды о. Константина Пресвитера, там же).
ნათლობასთან დაკავშირებული ეს სიახლე არის საძაგელი და საზიზღარი პრაქტიკა, რომელიც იოტისოდენადაც არ ემსახურება განწმენდის საქმეს და ერთმნიშვნელოვნად არის მწვალებლური, რადგან ის არის მწვალებელთა უკეთური გამონაგონი და მამათა მიერ გადმოცემული ფორმის ფალსიფიკაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სიახლე არის მწვალებლობის ნაშიერი (Протопр. Георгий Металлинос, Св. Гора Афон, 1994).
ნათლობა შეესაბამება სარწმუნოების დოგმატებს და ამიტომაც, სამგზისი შთაფლვა არის დოგმატი (св. Василий Великий, О. Неофит Кавсокаливит, Канон I). ნათლობის სახე უბრალო "საეკლესიო პრაქტიკა" კი არ არის, რომელიც შეიძლება ადგილობრივი ჩვეულებების ან ტრადიციების მიხედვით შეიცვალოს, არამედ განეკუთვნება თვით რწმენის სფეროს. ამიტომაც, სარწმუნოების აღმსარებლობის განსხვავება ნათლობის ფორმისგან დაუშვებელია, რადგან "რწმენა და ნათლობა არის ორი ხატი, რომელიც განუყოფელია ერთურთისგან; ვინაიდან რწმენას ნათლობა სრულყოფს, ნათლობა კი რწმენაზეა დაფუძნებული". სარწმუნოების მართალ აღსარებას კი უნდა ახლდეს "სრული" ნათლობა, რადგან მხოლოდ ასეთი ნათლობა არის სარწმუნოების სრულმყოფი.
ის, რომ სამგზისი შთაფლვა აუცილებელია საიდუმლოს შესასრულებლად, სრულ თანხმობაშია მის დოგმატურ არსთან. სამი შთაფლვით ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადწმიდა ღვთაების სამპიროვნების დოგმატს, რომელსაც მოვუწოდებთ ლოცვისას და არა მარტო ამას ვაღიარებთ ნათლობის საიდუმლოში, არამედ ქრისტეს აღდგომის საიდუმლოსაც, რომელიც არის ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი, რამეთუ სამი შთაფლვა და სამი აღმოსვლა წყლიდან, სიმბოლურად გამოსახავს მის სიკვდილს, დაფვლას და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომას. მეტიც, წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნათლობის თვით ფორმა უბრალო სიმბოლო როდია, არამედ ყველაზე დიდი რეალობა, რადგან ნათელღებული საკუთარ თავზე განახორციელებს უფლის სიკვდილს. ანუ, მოსანათლავი ადამიანი თვითონაც კვდება და თანადაეფლვება ქრისტეს ნათლისღების წყლებში. აქედან კი იბადება კითხვა, მაშ როგორ შეიძლება ვინმე მოკვდეს და თანადაეფლეს უფალს წყლის გადასხმით ან მისხურებით?
ხოლო, თუ ვინმე წმ. ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ მოისურვებს ნათელღებას პკურებით ან დასხმით, და არა ისე, როგორც ჩვენ წმიდა მამათაგან მიგვიღია, სამართლიანი და ჯეროვანი იქნება ამგვარმა დაწეროს ანდერძი და როგორც თავისი შეშლილი თავნებობისა და უგუნურების ლოგიკური გაგრძელება, მიუთითოს, რომ სიკვდილის შემდეგაც მიწაში სრულად კი არ დამარხონ, როგორც ეს კეთილგონიერ და ღვთისმოშიშ ქრისტეანებშია მიღებული, არამედ თავისი ფუჭი შეხედულებისამებრ, მიაყარონ რამდენიმე მუჭი მიწა და სადმე მიწის ზედაპირზე მიაგდონ უწმინდური მღრღნელებისა თუ ნადირის საჯიჯგნად და დემონთ დასაცინად, რადგან ნათლობასაც და სიკვდილსაც დამარხვა უწოდა ეკლესიამ. და თუკი ასევითარი არ ისურვებს ამგვარ დაკრძალვას, შეინანოს და თავისი მაცდური და გონებისდამაბნელებელი ქადაგება შეწყვიტოს.
ამრიგად, ყოველმა გულისხმაყოს, რომ სამგზისი შთაფლვის გარეშე შეუძლებელია გვქონდეს ქრისტეს სიკვდილისა და სამი დღე მისი საფლავში ყოფნის მსგავსება ნათლისღების საიდუმლოში. და კვლავაც, მართლმადიდებლური ნათლობა, ამავე დროს, აღბეჭდავს მაცხოვრის სულის ჯოჯოხეთში შთასვლას. სწორედ ამის გამო მოსანათლავი ადამიანის სხეულის დამარხვას წყალში, რომელიც მაცხოვრის დამარხვას ემსგავსება, ქრისტესთან თანადაფლვად გარდაქმნის ღმერთი და ჯოჯოხეთში შთასვლის მსგავსებისთვის განაღმრთობს მოსანათლავის სულს.
II მსოფლიო კრების 7-ე კანონი, უსარგებლოდ და მადლის არმქონედ მიიჩნევს ყველა ნათლობას სადაც, ამა თუ იმ სახით, საიდუმლოს ფორმაა შეცვლილი. ანუ, უგუნურ ევნომეველებთან ერთად, რომლებიც მხოლოდ ერთხელ შთაფლავდნენ, უარიყოფა აპოსტასიური წყალგადავლებითი ნათლობაც; თანაც წყალპკურებაზე საერთოდ არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.
მაგრამ, რატომ არის, რომ იმავე კანონში წმ. მამები შეიწყნარებენ, თუმც იკონომიით, მწვალებელ არიანელთა და სხვათა ნათლობას და ეკლესიისკენ მოქცევის შემთხვევაში ღებულობენ მათ მირონცხებით, ევნომეველთა ნათლობას კი უარყოფენ? მხოლოდ იმიტომ, რომ არიანელებმა და სხვა მწვალებლებმა შეინარჩუნეს ნათლობის მადლმოსილი ფორმა და ნათლავდნენ სამგზისი შთაფლვით (თუმცა არამართლმადიდებლურად აღიარებდნენ წმ. სამებას), ევნომეველნი კი - არა. ამიტომაც, ეს უკანასკნელნი მიიღებოდნენ ვითარც მოუნათლავი წარმართნი, ანუ თავიდან უნდა ყოფილიყვნენ მონათლულნი. "ეს ადამიანები ან საერთოდ მოუნათლავები არიან, ან თუ მოინათლნენ, არ მონათლულან მართლმადიდებლური წესით, რის გამოც მოუნათლავებად მიიჩნევიან" (Кормчая книга, стр. 164). რაც შეეხება რომაელ-კათოლიკეებს, მათზე ერთგზისი შთაფლვაც კი არ აღსრულებულა, და ამიტომაც, სრულებითაც არ არიან მონათლულნი. ამგვარად, როდესაც ისინი უერთდებიან წმ. ეკლესიას, თავიდან უნდა მოინათლონ". ასეთია წმ. მამათა დადგენილება იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ნათლობის ფორმის ცვლილებასთან. შემთხვევით როდია, ნათლობის ფორმის შემცვლელს, მაგალითად, ერთგზისი შთაფლვის აღმსრულებელს, წმიდა ეკლესია სასულიერო პატივისგან რომ დაამხობს.
ამრიგად, როდესაც წმ. ეკლესია თავის გადმოცემასა და წმ. მამათა სწავლებაში უარყოფს ნათლობის ფორმის ღრმთითსაძაგელ ცვლილებას, ის უბრალოდ "ფორმას" კი არ უარყოფს, არამედ უფრო მეტს და მნიშვნელოვანს, კერძოდ, ქრისტეს ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას, რომელმაც გვამცნო: "წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათე 28:19). ხოლო ამ წმ. გადმოცემამ, თუ ის მთელი თავისი სისრულით არ არის დაცული, როგორც ცხოვრების სისრულე, - შესაძლოა გაუცხოვდეს და დაკარგოს თავისი ძალი. წმ. ათანასე დიდიც ბრძანებს: "წმიდა წერილი ყველა ადამიანზე და ყველა კრებაზე ბრძენია, რომელიც ითხოვს, რომ ისინი, ვისაც სწამს ქრისტესი მონათლულ არ იყვნენ წალგადავლებით (როგორც იქმან ამას მწვალებლები), არამედ შთაფლვით" და "ის, ვინც (ნათლობაში) წყალპკურებულია ან გადავლებულია (მწვალებელთა მიერ) ქრისტეში განათლების ნაცვლად მწვალებელთაგან არის შებილწული", რადგან წყალგადავლება, და მით უფრო წყალპკურება, არც კი შეიძლება ნათლობად მივიჩნიოთ. პირველი არის არაკანონიკური სიახლე, ხოლო მეორეს, რომელიც ეწინააღმდეგება წმ. წერილს, წმ. მამათა თანახმად, არ გააჩნია სწორი და ნამდვილი ნათლობის ხასიათი.
ცხადია, წმ. მამები აღიარებენ იმ "ექსტრემალურ" შემთხვევებს, როდესაც მონათლულან წყალგადასხმით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანს ემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე, ანუ მძიმედ იყო სნეული და ფეხზე წამოდგომა არ შეეძლო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ნათლობა სრულდება ადამიანის სხეულის სრული "მორწყვით", ანუ მთელი სხეულის წყალგადავლებით, და არა ისე, როგორც აკეთებენ ამას ღვთისშიშდაკარგული უკეთურები. მიუხედავად იმისა, რომ წმ. ეკლესია შეიწყნარებდა მძიმედ სნეულთა ამგვარ წყალგადავლებას, ამგვარად ნათელღებულთ, როგორც არასრული ბეჭდის მიმღებთ, ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა და გამოჯანმრთელების შემთხვევაში, კრძალავდა მათ ხელდასხმას სამღვდლო ხარისხებში და საერთოდ, კლერიკოსთა დასშიც კი.
ხოლო ზოგიერთი ფუჭადმეტყველი და მეზღაპრე რომ ლაპარაკობს, მირონცხება ნათლობის უკეთური ფორმის უკმარისობას "აღავსებს"-ო, იმით იმხილება, რომ მირონცხება არის ნათლისღებისგან განსხვავებული საიდუმლო, ის მხოლოდ ქრისტეს სასუფევლის თანამოზიარეს ხდის ჯეროვნად და სწორად მონათლულ ქრისტეანს. ამიტომაც, ვინმე ქრისტეს ეკლესიაში ნაზიარებიც რომ იყოს წმ. საიდუმლოებებს, მათ შორის, ქრისტეს უპატიოსნეს ხორცსა და სისხლს იყოს ნაზიარები, მასზე არასწორად აღსრულებულ ნათლობის საიდუმლოს გასწორებას (ანუ თავიდან ნათლობას - ადმ.) ვერანაირად დააბრკოლებს. რადგან, წმ. მამები, ეკლესიისკენ მოქცეულ მწვალებელთაგან ვინმეს თუ მიღებული ექნებოდა არა თუ ზიარება, არამედ ხელდასხმაც კი, და აღმოჩნდებოდა რომ არასწორად იყო მონათლული, აქედან კი არასწორად (ანუ წმ. მამათა და საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგოდ) იყო მიღებული ეკლესიაში, სასულიერო პატივისგან დამხობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელდასხმა მათ მიღებული ჰქონდათ წმ. ეკლესიაში, ბრძანებდნენ ჯერ თავიდან მოენათლათ ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ღირსეულნი აღმოჩნდებოდნენ, ხელახლა მიეცათ ხელდასხმა.
ამრიგად, ვინც მონათლული და ქრისტეში განათლებული არ ყოფილა კანონიკური სახით, შეუძლებელია გახდეს ქრისტეს ეკლესიის თანამოზიარე ოდენ მირონცხებით, რადგან ადამიანის განახლება მირონცხებით კი არა, ნათლისღებით ხდება, რომელიც ასევე აერთებს მას ქრისტესთან მის სიკვდილთან თანამსგავსების ძალით.
ამჯერად იბადება კითხვა, რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვინც არასწორად არის მონათლული? სწორედ ის, რასაც მართლმადიდებლური ეკლესია ბრძანებს თავის წმიდა კანონებში, რომლებიც არ შეიწყნარებენ არასწორად აღსრულებულ ნათლობას (ანუ თავიდან უნდა იქნენ ნათელღებულნი - ძვმ.).
ამრიგად, ყველანი, ვინც არასწორად, ანუ არა წყალში სამჯერ შთაფლვითა და იქიდან აღმოსვლით, არამედ ცრუდ, წყალპკურებით, დასხმით და სხვა მათი მსგავსი ყალბი ნათლობებით არიან მონათლულები, მოუნათლავებად რჩებიან, როგორც ეს განაცხადეს წმიდა მამებმა რომაელ-კათოლიკეებთან დაკავშირებით. ხოლო, ყველა ისინი, ვინც არ ითვლება მონათლულად, იმისათვის რომ ცხონდეს, თავიდან უნდა იქნეს ნათელღებული მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მართლმადიდებლური სარწმუნოების თანხმიერად და კანონიკური, მართლმადიდებლური ფორმით, რადგან ვინც იწამებს და ნათელს იღებს, - "ერთი ნათლისღებით", უფლის მცნებისამებრ, როგორც ეს ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოშიც არის ნათქვამი, ცხონდება, ვინც არა და დაისჯება. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინენ (მარკ. 16:16).
და კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ქართული წყარო ლათინური წყალგადავლებითი "ნათლობის" უარსაყოფად:
კათალიკოსი ბესარიონ ორბელიშვილი (XVIII ს.)
ნათლისღებისათვის
თუ ვითარ ჩუენ, მართლმადიდებელნი მოძღვრებისაებრ წმიდათა მოციქულთასა და ღმერთშემოსილ მამათასა სამგზის ემბაზსა შინა შთაფლვითა და წყალთაგან აღმოშობითა სახელსა ზედა წმიდისა სამებისა ნათელვიღებთ ხელითა მღუდელთასა, ხოლო ლათინნი არა ესრეთ, არამედ ყოველითურთ წინააღმდეგობასა იქმენ, არც ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვით, არცა მხოლოდ მღუდელთაგან, არამედ ვინაცა დახუდეს ერისკაცთა და დედათა მიერ ნათელს სცემენ.
სოფლის ნათელმა ქრისტემ ინება რა ხსნა კაცთა მოდგმისა, გარდამოხდა დაუსაბამო და უხილავი მამის უხრწნელი წიაღიდან და, ცოდვის გარდა, ყოველივეში შეიქნა მსგავს ჩვენდა და გამოჩნდა, ვითარცა კაცი ორბუნებოვანი, ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებით, რათა ადამი აღადგინოს პირველსავე პატივში და ჩვენც ყოველნი, ადამის ცოდვით დასჯილნი, გვაცხოვნოს.
ხოლო ხელი და თავი ჩვენი გამოხსნისა სხვა არა არის რა, თვინიერ ნათლისღებისა, იგივე მეორედ შობა წყლისა და სულისგან, სახელითა წმიდისა სამებისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, რამეთუ გარეშე ამისა არა იქმნების ცხოვრება ჩვენი.
ამიტომ, თავად უფალმა, შემდგომად უხრწნელად შობისა, მიწიერი ცხოვრების ოცდამეათე წელს კვლავად თავს იდვა და უცოდველმა და ყოველი სიბილწისგან თავისუფალმა წყლით განიბანა. განშიშვლებული ჩავიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემელის ხელით ნათელიღო, რასაც თვით დაუსაბამო მამა ესწრებოდა უხილავად, რომელმაც ზეციდან თქვა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი" და ხმა იგი მტრედის სახით მოსულმა სულიწმიდამ დაამტკიცა და ამით ჩვენც წესად დაგვიდო, რათა განშიშვლებულნი შთავხდეთ წყალში და მღვდლისგან ნათელვიღოთ წმიდა სამების: მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
და ვითარცა ხორციელად შიშველნი დავიბადეთ დედის მუცლითგან, ასევე მეორედ ვიშვათ სულიერად წყლისა და სულისგან. როგორც უთხრა მან ნიკოდიმოსს - რჯულის მოძღვარს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს". ნიკოდიმოსმა უთხრა მას: "როგორ შეუძლია კაცს იშვას, თუკი მოხუცია? ნუთუ შესძლებს თავისი დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას?" მიუგო იესუმ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში. ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი - სული. ნუ გაგიკვირდება რომ გითხარი: თქვენ ხელახლა უნდა იშვათ-მეთქი, ქარი ქრის, სადაც მოისურვებს. მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი".
ნიკოდიმოსმა მიუგო და უთხრა მას: "როგორ შეიძლება მოხდეს ეს?" მიუგო იესუმ და უთხრა მას: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და განა ეს არ იცი?" (იოანე 3:3-10). რატომ ეუბნება ღმერთი ნიკოდიმოსს: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არ იცი?" როდის ეხილა ან სმენოდა ნიკოდიმოსს სჯულის მიხედვით ნათლისღება, გარდა იოანესმიერი ნათლისცემისა, რომელსაც ვერ ხელეწიფებოდა სულიწმიდის მონიჭებ, არამედ როგორც თავად იოანე ეუბნებოდა ებრაელებს: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით".
და მაშინ მოციქული პავლე "მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ:"თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?" - მათ კი მიუგეს: "არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა". უთხრა მათ: "რიღათი მოინათლეთ?" მათ უპასუხეს: "იოანეს ნათლისცემით". თქვა პავლემ: "იოანე ნათლავდა სინანულის ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი ანუ იესუ ქრისტე". ხოლო მათ, რომ ესმათ, მოინათლნენ უფალ იესუს სახელით".
როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და გაქადაგდნენ". ყოველივე ეს ვთქვი იმსთვის, რომ ნიკოდიმოსს სხვაგვარი ნათლობა ისრაელთა შორის არ ეხილა და ისიც იყო არა სულიწმიდის მომნიჭებელი, არამედ მხოლოდ წყლით ნათლისღება სინანულისა.
რატომ ეუბნება ქრისტე ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" ძველთაგანვე წინასწარმეტყველთაგან მოსწავებით ცნობილი, რომ არ ყოფილიყო ყოველივე, რად ეტყოდა უფალი ნიკოდიმოსს: "შენ ხარ მოძღვარი ისრაელისა და ესე არა უწყი?" იმგვარი ნათლისღება, როგორსაც ლათინნი აღასრულებენ - წყლის სხურებით ან მცირედი შეხებით და არა განშიშვლებულად წყლისგან აღმოშობით - სჯულის მიხედვით, რომ როდისმე აღსრულებულიყო, აღარც უფალი უბრძანებდა "მეორედ უნდა იშვათო", აღარც თვითონ უფალი აღმოიშობოდა განშიშვლებულად წყლისგან, და არც ნიკოდიმოსს ეტყოდა: "ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ცათა სასუფეველში"- ო.
ახლა კი სულიწმიდის ძალითვე ვთქვათ თუ როგორ მოასწავებდა ძველი სჯული და როგორ სმენოდა ნიკოდიმოსს, განა ნათელი და უცხადესი სახე არ იყო ნათლისღებისა და წყლისგან აღმოშობისა, რაც დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანისას განაპო მეწამული ზღვა და მთელი სიმრავლე ებრაელთა განიყვანა მასში. როგორც განმარტავს და იტყვის თავად მოციქული პავლე: "არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ, რომ ჩვენი მამები ყველანი ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გაიარა ზღვაში და ყველანი მოინათლნენ მოსეს მიერ ღრუბელში და ზღვაში. და ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს, და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ. ხოლო ის კლდე იყო ქრისტე".
ეს იყო ცხადი, მეორედ შობა წყლითა, რამეთუ მთელმა სიმრავლემ ისრაელისა ისე განვლო ეს გზა განპობილ წყალში, რომ ფეხით თავამდე და მრავლად უმაღლეს თავისა იყო წყალი. ასევეა დავითის მიერ თქმული: "გულის ხმა ჰყავ, ვითარმედ უფალმან წყლით რღვნა დაამკვიდროს და დაჰდის უფალი მეუფედ უკუე". რა უნდა იყოს წყლით რღვნა, რომელიც დაამკვიდრა უფალმა? რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ნათლისღება, რამეთუ მით წარიხოცება ყოველგვარი სიბილწე ცოდვისა, რაც ქრისტეს თანამკვიდრად გვხდის და გვანიჭებს ღვთისშვილობას. რანაირად იქნება წყლით რღვნა, თუკი თუკი ადამიანი წყლისგან არ აღმოიშვა, არამედ წყალი ისხურა ან იცხო ერთი რომელიმე ასოთაგანზე, ხოლო სხეულის უდიდესი ნაწილი დარჩა წყალს მიუახლოვებელი? წყლით რღვნა იმას ეწოდება, რომ კაცი სრულად ჩავიდეს წყალში და აღმოიშობოს მისგან, რომლის დროსაც წმიდა სამების სახელით სულისა და ხორცის ყოველგვარი სიბილწე წარიხოცება. როგორც სხეულის ბიწი ვერ განიწმინდება მთელი სხეულის დალტობის გარეშე, ასევეა სულიც სულიწმიდის გარეშე. ყოველი საიდუმლო ხილული მხარით განმტკიცდება, ხოლო უხილავი მხარე სრულყოფს მას.
აგრეთვე განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, ელისეს მიერ წყლის სიღრმეთაგან რკინის ამოღება, რამეთუ, მცირედი წყლის გარეგანი შეხება ან სხურება კი არა, არამედ მხოლოდ წყალსა შინა სრულად დაფლვა და მისგან აღმოშობა გვანიჭებს ღვთისშვლობას. აგრეთვე, ელისეს სიტყვით, ნეემან ასურელის განშიშვლებულად იორდანეში ჩასვლა და კეთრისგან განწმენდა, განცხადებულად მოასწავებდა ნათლისღების შესახებ, რამეთუ წყალი კი არ იცხო ან ისხურა სხეულის მცირე ნაწილზე, არამედ განშიშვლებული ჩავიდა მდინარეში და ამგვარად აღმოიშვა წყლისგან.
მრავალი ამგვარი მაგალითის შესახებ წაეკითხა ნიკოდიმოსს და ამიტომაც ეუბნებოდა უფალი: "შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და ეს არა იცი?" და ყოველივე ამის ჭეშმარიტებით მცოდნე იოანე ნათლისმცემელი ებრაელებს განშიშვლებული ნათლავდა მდინარე იორდანეში და ეტყოდა: "ვინც მომავლინა, მანვე მიბრძანა, რათა ეგრე ვქმნა".
ასევე წმიდა მოციქულთა წიგნები გვასწავლიან წმიდა სამების სახელით წყალში განშიშვლებულად სამგზის ნათლისღებას. როგორც წერილ არს, ფილიპეს მიერ საჭურისის ნათლისცემის შესახებ, ფილიპე და საჭურისი ორნივე ჩავიდნენ წყალში. აგრეთვე წმ. მოციქული პეტრე განშიშვლებულთ ნათლავდა, როგორც წმ. კლიმენტის ცხოვრებაშია მოთხრობილი - კლიმენტის დედ-მამა და სხვა მრავალნი განშიშვლებულნი მონათლა მდინარეში.
ასევე პეტრე მოციქულის მოწაფის პანკრატ მოციქულის ცხოვრება მოგვითხრობს თუ როგორ ნათლავდა ურიცხვ განშიშვლებულ ხალხს მდინარეში. ამის შესახებ მრავლადა გვაქვს მაგალითი წმიდა მოციქულთა ცხოვრებიდან და წმიდა წერილთაგან, თუ როგორ ნათლავდნენ განშიშვლებულებს; ყოველი მათგანის მოხმობა შეუძლებელია, აღვწერ მხოლოდ მცირედს მათგან, რათა ცხადი შეიქნეს ჭეშმარიტება. ასევე გრიგოლ პართეველმა, სომხეთის განმანათლებელმა, განშიშვლებულთ ნათელსცა მეფე თრდატსა და ერსა მისსა, რომლის შესახებაც ვრცლადაა მოთხრობილი მისსავე ცხოვრებაში.
ამიტომაც მოციქულთა მიერ განეწესა ეკლესიაში, ემბაზში ან მდინარეში სამგზის შთაფლვითა და აღმოშობით ნათლისღება სახელითა წმიდისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისათა, რაც წმ. მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ბრძანებით აღწერა კლიმენტიმ. იგივეს ამტკიცებს ნიკეის პირველი კრება, რომელსაც ესწრებოდა სამას თვრამეტი წმიდა მამა: "ვინაც არა ნათელსცეს წმ. სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით სამჯერ შთაყოფითა, იყავნ იგი შეჩვენებულ". ამასვე ამტკიცებს ყოველი კრება, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესუში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომაც თანა დავეფლენით მასთან სიკვდილში ნათლისღებით". განა წყალში დაფლვაზე არ მიგვანიშნებს მოციქული, ან იქნებ მცირედი წყლის ცხებასა ან სხურებაზე? ნუ იყოფინ.
ასევე დიდი რომის პაპი სილიბისტრო ემბაზში ნათლავდა მრავალს, ისევე, როგორც დიდ კონსტანტინესა და მის მთავრებს ემბაზშივე ნათელსცა. იგივე და კიდევ სხვა უდიდესი ემბაზი დღევანდლამდე დგას მოციქულთა იმავე ეკლესიაში სარცხვენელად და პირის დასაყოფელად მათდა, რომელნი გარდადიან წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილ მამათა განწესებას.
ახლა კი ვკითხოთ პაპის მოსავთ თუ რა მიზეზით ნათელსცემენ მხოლოდ მცირედი წყლის შეხებით ან სხურებით, თუ რატომ ნათელსცემენ არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც, რის გამოც მათგან ნათელღებულთ ნათლის მინიჭების მაგიერ, სრულიად განუნათლავთ დაუტევებენ ბნელში, და ეს მაშინ, როცა წმიდანი მოციქულნი, წმ. მამანი, მოციქულთა მიმბაძავნი რომის პაპი სილიბისტრო ნათელსცემდნენ ემბაზსა შინა სამგზის შთაფლვითა და აღმოშობითა და შვიდივე მსოფლიო კრებანი იგივეს განაწესებენ. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, რომელმაც თვითონ განშიშვლებულმა იორედანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით, რომელიც იყო ზაქარიას ძე, სამღვდელოთა ტომისგან. არცა სადმე წერილა, არცა ვისმე სმენია, რომ ჩვენს მიერ მოხსენებულისგან განსხვავებული ისეთი ნათლობით, ისე, როგორც ამას პაპის მოსავნი აღასრულებენ, ვინმეს ნათელ ეღო, რითაც ისინი არღვევენ რჯულს და გარდავლენ წმ. მოციქულთა და ღმერთშემოსილთ მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და არაგულისხმაჰყოფენ ღმრთის სიტყვებს, რომელიც ბრძანებს: "ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირესს მცნებათგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სასუფეველში".
აი, როგორი შეურაცხყოფილი, უპატიო და დასჯილი იქნება მეორედ მოსვლის დროს ქრისტეს საყდრის წინაშე, რამეთუ, ოქროპირის განმარტებისამებრ, თავის მეორედ მოსვლას უწოდა უფალმა სასუფეველი. და თუკი ამ უმცირესისადმი ესოდენ დიდ სასჯელს განაწესებს ღმერთი, რომელიც მცნებაა ან ამაზე უაღრესი და უპირატესი, რომელიც თავად უფალმა აღასრულა, რაჟამს თავი თვისი გამოუცხადა ქვეყანას და საქმით გვასწავლა განშიშვლებულთა ნათლისღება წყალთა შინა და ნიკოდიმოსსაც კანონად დაუდვა: "ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში". ამას ყოველივეს არღვევენ და გარდახდებიან, სასჯელისა კი არ ეშინიათ, არ კი რცხვენიათ ესოდენ უწესობათა გამო და ამბობენ: "თუკი სხეულის რომელიმე ასოს შეეხება წყალი, მთელი სხეული განიწმინდებაო".
ამას ყოველივეს საღვთო სიტყვის გარეშე ამბობენ. არავინა ჰყავთ მოწმე ამგვარი ქცევის გამმართლებელი. არცა ვისმეს სმენია, რომ ამგვარად ვისმეს ნათელეცა ან იგავით მაინც ვინმეს მოესწავებინა. არამედ თვითონვე დაარღვიეს ეს სამეუფო რჯული და განაწესეს ამგვარი უწესო მოძღვრება. "ვაი სულისა მათისა, რამეთუ იზრახეს ზრახვა ბოროტი, ჰგონებდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს".
ვინაიდან წყლისა და სულისაგან მეორედ შობა გვიბრძანა უფალმა, როგორც ყრმა იშვება დედის მუცლიდან, ასევე გვევალება მეორე შობა ემბაზში ან მდინარეში და არა ეერთ რომელიმე ასოთაგანის დალტობა წყლით, ხოლო დანარჩენი სხეულისა კი განხმობა. განა შესაძლებელია სხეულის ერთი, რომელიმე ასო, გინდ თავი ან რომელიმე სხვა იშვას დედის მუცლისგან, ხოლო დანარჩენი ნაწილი სხეულისა მუცელშივე დარჩეს. თუმცა შობა კი ერქმევა, მაგრამ განა იქნება იგი სიცოცხლის შემძლებელი სრული კაცი? ასევე შეუძლებელია, რომ სხეულის მხოლოდ ერთ ასოს შეეხოს წყალი, სხეულის დანარჩენი ნაწილის განუბანელად და შეირაცხოს იგი ძედ ნათლისა და შვილად სასუფევლისა, რამეთუ ამგვარად შეუძლებელია მეორედ შობის აღსრულება.
ასე გარდადიან და არღვევენ წმ. მოციქულთა და წმ. მამათაგან განწესებულ კანონებს. არცა ემბაზსა შინა ნათელსცემენ სამგზის და ისიც არა მხოლოდ მღვდელმსახურნი, არამედ ერისკაცნიცა და ქალნიც და ვგონებ, რომ ამგვარი რამ არავის არსად სმენია, რამეთუ საქმე საეჭვო რჯულად არ განწესდება, არამედ ქრისტესი, მისთა მოციქულთა და მათ მიმბაძავ ღვთისმეტყველ მამათა რჯულია მტკიცე და უცვალებელი. რამეთუ იგი ბრძანებს: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტი ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა. მათი აზრით, ქრისტეს ამ ბრძანების დარღვევა შეიძლება, ხოლო პაპის სიტყვისა კი არა, რომელიც დღითი დღე ცვლის და გარდადის წმ. მამათაგან დაწესებულ საზღვრებს და მათ საწინააღმდეგოდ თავისი რჯულდებით მოძღვრავს ყოველთა მისთა მოსავთა.