ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
კითხვა 3-ე:


"28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
 
29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
 
30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.
 
მაინტერესებს ამ ადგილს, როგორ განმარტავთ.. "ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს" 
 
წინასწარ დიდი მადლობა" 

ლევანი რევაზიშვილი


პასუხი:

"თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას" (მათე 5:27-30).

ცხადია, რომ ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ სიმბოლურად. არავინ იფიქრებს, რომ ნამდვილად თვალია მაცთური, ან ყური, ან ხელი, ან ფეხი და უფალი ქადაგებს თვითდასახიჩრებას. გრძნობათა ორგანოების მეშვეობით ადამიანი ხედავს, ისმენს და შეიგრძნობს გარესამყაროს და იმ მიმართებაშია მასთან, რასაც გულისთქმა უკარნახებს. სულიერ და ზნეობრივ ადამიანს, რომელიც განუხრელად მისდევს უფლის მცნებებს, გააჩნია რა თავშეკავების უნარი, ღმრთის შიში და სათნოებანი, ძნელად ცთუნდება, მაგრამ ასე როდია ვნებებს მიცემული კაცი. ღირ. ეფრემ ასურელი, ამხელდა რა იმ სექტანტებს, რომლებსაც უხეშად ესმოდათ ქრისტეს მცნებები და პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებდნენ ზოგიერთ მათგანს, განმარტავდა, რომ ბოროტებას წარმოშობს არა იმდენად ხილვა ან მოსმენა ბოროტებისა, არამედ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე ვნებითი მიდრეკილება. ამიტომაც, მძაფრად აკრიტიკებს რა ამ მცნებათა პირდაპირი მნიშვნელობით გამგებთ, ეკითხება მათ: "როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფალი მოგვცემდა მცნებას ასოთა მოკვეთისა, რომლებიც მოკვეთის შემდეგ წარწყმდებიან, თუკი ამით თვით ბოროტებისკენ მიდრეკილება მაინც არ აღმოიფხვრებოდა?"

ამიტომაც, ღირსი მამის დასკვნით, "ასოები კი არ უნდა მოიკვეთო, რომელნიც ერთმანეთთან ღმრთის ნებამ შეაკავშირა, არამედ ბოროტი ზრახვანი, რომლებსაც წარმოშობს შენი თავისუფლება ნება". ამ სიტყვებით უფალი იმას გვასწავლის, თუ როგორი ღვაწლი და ბრძოლა გვმართებს, რათა არ დავმარცხდეთ, როგორც ბრძანებს სხვა ადგილას: "გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი" (იოველ 2:13). 

ღირ. ეფრემი, სხვა წმიდა მამებთან თანხმიერად, სიმბოლურად განმარტავს "მარჯვენა თვალის", "მარჯვენა ხელისა და ფეხის" მნიშვნელობებს. ღირ. ეფრემის განმარტებით: "სახარებაში ნახსენები მდიდარი ყმაწვილისთვის (მათე 19:16; მარკოზი 10:21; ლუკა 18:22) სიმდიდრე იყო მისი "მარჯვენა თვალი", რომელიც მას აცთუნებდა და რომელიც მან არ აღმოიღო და არ განაგდო თვისგან.  ჰეროდესათვის "მარჯვენა ხელი" იყო ჰეროდიადა, რომელიც მას აცთუნებდა და რომელმაც, ნაცვლად იმისა, მოეკვეთა ეს უკეთური ხელი, მოჰკვეთა და გადააგდო წმიდა თავი (იოანე ნათლისმცემელისა) (მათე 14:10; მარკ. 6:28; ლუკა 9:9).

ხოლო სიმონმა (პეტრემ) მოიკვეთა და გადააგდო მთელი ძველი კაცი, რათა არ ცთუნებულიყო მისგან. "აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით" (მათე 19:27). მაშ ასე, როდესაც გესმის "ყველაფერი", უწყოდე, რომ მათ თავისა თვისისაგან როდი აღმოკვეთეს და განაგდეს თვალები, ყურები, ან ცალკეული ასონი "ძველი კაცისა", არამედ თვით ძველი კაცი განაგდეს მთლიანად. "თვალში" იგულისხმება მოსურვება, რომელიც თვალის მეშვეობით აღიძვრის, "ყურში" კი ცილისწამება და ა. შ. მოციქულიც ხომ ამბობს: "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი:  სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" (კოლას. 3:5). შემდეგ: "ხელი" უფალმა ამაო მზრუნველობას უწოდა, "ფეხი" კი ბოროტებისადმი სწრაფვას. ხოლო ენაზე ყოვლადმოწყალემ დაიდუმა, და უეჭველად იმიტომ, რომ ამით "უფალმა ადამიანებს მდუმარების მაგალითი მისცა და მიანიშნა, რომ ენა მდუმარებით უნდა მოვიკვეთოთ" (Толкования преподобного ефрема сирина на четвероевангелие. Гл. 6).

ასე, სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით განმარტავენ ამ ადგილს სხვა წმიდა მამებიც, მაგალითად:

ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი: "თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული: არა იმრუშო (გამოსვლა 20:13). ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში" (მათე 5:27).

"სხვა არის მრუშობა და სხვა - სიძვა. მრუშობა არის ცოდვით დაცემა გათხოვილ ქალთან, ხოლო სიძვა - გაუთხოვართან ან თავისუფალთან. ვინ გაჩერდება, ნდომი შეხედავს ქალს და საკუთარ თავში გააღვივებს ვნებას, შემდეგ ისევ შეხედავს ნდომის უმეტესი მოსურვებით, მან უკვე იმრუშა საკუთარ გულში. მართალია, საქმით არ აღუსრულიებია ცოდვა, მაგრამ რა? შესაძლებლობა რომ  მისცემოდა განა იმწუთასვე არ ჩაიდენდა ცოდვას და განა საქმით არ დაასრულებდა ბილწ გულისთქმას? თუმცა უწყოდე, რომ თუკი ოდესმე ვიგრძნობთ ვნებას, მაგრამ მის საქმით აღსრულებას წინ რაიმე ვითარება გადაეღობება, აშკარა ნიშანია იმისა, რომ მადლმა დაგვიცვა. ასევე ქალებიც, რომლებიც უცხოთა თავმოსაწონად ირთვებიან, სცოდავენ, თუმც არავის მოეწონოთ. რადგან მათ უკვე შეამზადეს სასმისი, რომელიც უმოქმედო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არავინ შესვა".

წმ. ათანასე დიდი"ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში" (მათე 5:28).

"გულში ქალთან მრუშობს ის, ვინც თანახმაა ამ საქმის აღსრულებაზე, მაგრამ ხელი ეშლება ან ადგილით ან დროით, ან კიდევ სამოქალაქო კანონებისადმი შიშით. ხოლო ის, რომ მრავალნი, რომლებმაც ხელშეშლის გამო ვერ აღასრულეს თავიანთი მრუში ბოროტზრახვანი, მაგრამ მაინც დაისაჯნენ ვითარც მემრუშენი, კარგად ჩანს ოლოფერნეს მაგალითიდან: როდესაც ის მიისწრაფოდა ბოროტი საქმის აღსასრულებლად, ივდითმა, ვითარც სიმართლის სჯულმა, - მოუწოდა რა ჭეშმარიტი სჯულმდებლისა და უბიწოების მფარველ უფალს, -  აღმოიღო მახვილი და თავი მოჰკვეთა. ასე დაისაჯა ორი მოხუციც, რომლებმაც უთხრეს სუსანას: "აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან" (დან. 13:20). მართალია, მათ ვერ აღასრულეს მრუშობა, მაგრამ დაისაჯნენ ვითარცა მრუშნი. ამიტომაც, თუ ვინმე მრუშობის ვნებით არის შეპყრობილი, თავშეუკავებელია და სხვის ცოლებზე გულისთქმით დაიარება, მრუშობს თავის ზრახვებში; ხოლო ვინც იოკებს ვნებებს და იცავს უბიწოებას, ის არის არა მემრუშე, არამედ დამთრგუნველი ვნებათა. ის, მსგავსად მტკიცე და ურყევი კლდისა, რომელიც აკავებს მშფოთვარე ტალღას, ღმრთის შიშით აკავებს სიამტკბილობისკენ მისწრაფებას".

"თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას" (მათე 5:29-30).

"როდესაც თვალზე და ხელზე გესმის, პირდაპირი მნიშვნელობით ნუ იფიქრებ, სხვაგვარად არ მიამატებდა "მარჯვენა თვალი და მარჯვენა ხელი". აქ ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებიც გვიყვარს და რომელთაც ვუფრთხილდებით, როგორც მარჯვენა თვალს და მარჯვენა ხელს, მაგრამ ხელს გვიშლიან საღმრთო საქმეთა საკეთებლად. მაგალითად, თუკი ყმაწვილს ჰყავს გარყვნილი მეგობრები და მათგან განიცდის სულიერ ვნებას, უნდა მიატოვოს ისინი და მოიკვეთოს თვისგან. ამით, შესაძლოა მათი გადარჩენაც, თუ გონს მოეგებიან, ხოლო თუ მათ ვერ გადაარჩენ, უკიდურეს შემთხვევაში, გადაარჩენ საკუთარ თავს. მაგრამ თუკი გააგრძელებ მათდამი სიყვარულს, მაშინ "მთელი სხეული" შთავარდება გეჰენას, ანუ შენც დაიღუპები და ისინიც წარწყმდებიან (ნეტ. თეოფილაქტე ბულგარელი. "მახარობელი". მათეს სახარების განმარტება). 

ძალზედ საინტერესო განმარტებას გვაძლევს წმ. ათანასე დიდი, რომელიც "მარჯვენა თვალთან" და "მარჯვენა ხელთან" აიგივებს ეკლესიის მოძღვრებს და ბრძანებს:

"უცთომელი და მაცხოვნებელი გზით მავალნო, განვაგდოთ ჩვენგან თვალი მაცდური, მაგრამ არა გრძნობისმიერი, არამედ გონისმიერი; ასე მაგალითდ, თუკი ეპისკოპოსი ან პრესვიტერი როგორც თვალნი ეკლესიისა უკეთურად ცხოვრობენ და ერს აცთუნებენ, ჯერ არს მათი განგდება, რამეთუ უმჯობეს არს მათ გარეშე შევიკრიბოთ სალოცავ სახლში, ვიდრე მათთან ერთად, ვითარცა ანნასთან და კაიაფასთან ერთად შთავცვივდეთ ცეცხლის გეჰენაში. მსგავსადვე, დიაკონი არის ხელი და თუ რაიმეში სცოდავს განიკვეთოს იგი საკურთხევლისგან; და თუკი ფეხი, ანუ ეკლესიის მსახური გეხაზის მსგავსად (4 მეფ. თ. 4) ცრუობს, იღებს ფულს და სჩადის უკეთურებას, ისიც, როგორც უგუნური და არაფრის მაქნისი, განკვეთილ უნდა იქნეს ერთობისგან; რათა წმიდა საკრებულოდ შევინარჩუნოთ ეკლესია" (Творения св. Афанасия Александрийского, т. 4. Москва. 1994 г. Из бесед на Евангелие от Матфея. гл. 5, стр. 429).