ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
მოგესალმებით სიყვარულით, რომელიც ნაკლოვანია, რადგან ბევრი მიკლია უფლის მსგავსი სიყვარულამდე.
 
არ ვიცი რამდენად ღირს თქვენთვის რაიმეს თქმა, ნათლობის შესახებ წავიკითხე თქვენს ვებ გვერდზე. სადაც ამბობთ რომ დაწერილია სხვადასხვა დროს მართმადიდებლურ წიაღში ნათლობის წესის შესრულება. როგორც ცნობილია უფალი იესო ქრისტე წყალში შთაფვლით მოინათლა იოანე ნათლისმცემლის ხელით. თუმცა წერია სახარებაში ”მე ნათელს გცემთ თქვენ წყლით სინანულისთვის; ხოლო ვინც ჩემ შემდეგ მოდის, ჩემზე უძლიერესია, რომლის ხამლთა ტვირთვის ღირსიც არა ვარ; იგი თქვენ ნათელს გცემთ სულიწმიდით და ცეცხლით”.(მათე)
 
უფალმა ეკლესია დააფუძნა და იგი ინახავს მართალ სწავლებას. თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, რომლის მამამთავარი ილია II არის, ნათლობის წესს არ იცავს. ეს იმას ნიშნავს რომ, რაც თქვენ იცით (ნათლობის რიტუალის შესახებ) ან არ იცის ჩვენმა ეკლესიამ (მართმადიდებლურმა), ანდა მისთვის სულ ერთია როგორი იქნება ეს წესი.

ვის შეუძლია ამხილოს და შეეწინააღმდეგოს ეკელსაში გაბატონებულ ცდომილებას? ჩვენ ვიცით რომ უფალი უგზავნიდა წინესწარმეტყველებს რათა რჯულს აცდენილი (პირველ რიგში) რჯულის მოძღვარნი გონს მოეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში წინასწარმეტყველებს კლავდნენ, ებრაელი ერის წიაღში ახალი ეკლესია არ დაუფუძნებია არც ერთ წინასწარმეტყველს, ვიდრე უფლის განკაცებამდე, ჯვარცმამდე და ამაღლებამე. 

ნუთუ ვერ ხვდებით, რომ კაცი რომელიც ეკლესიის შეცდომებზე ილაპარაკებს თავად უნდა იყოს უფლის ნათლით შემოსილი. სხვა ყველა შემთხვევაში კი ეშმაკის ”ნათლით” მოხიბლული იქნება.

ხოლო როგორია ის ვინც უფლის ნათლით არის შემოსილი?

ნუთუ არსებობს თქვენს ”ნათლულთა” თუ ახლიდან მონათლულთა შორის უფლის სათნო ცხოვრებით უფრო მაღალი სულიერების საფეხურზე ასული ვიდრე მართმადიდებლურ წიაღში არსებული ბერმონაზვნები არიან?

მე არ ვამბობ რომ სრულყოფილებას მიღწეულ ადამიანებს ვიცნობ მეთქი ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ შეგვიძლია დავაკვირდეთ ვინ რა სიყვარულს და სათნოებას გამოხატავს სიტყვით და საქმით ცოდვილი და შემცდარი უბრალო ადამიანების მიმართ.

უფალმა მოგვცეს ნათელი გონება, 

(თუ გულით ვითხოვთ მოგვეცემა), ამინ.

გეგი ნ.

*    *    *    *

ჩვენც მოგესალმებით ბ-ნო გეგი. ჭეშმარიტად, უფალს უნდა ვემსახუროთ მოყვასისადმი მსახურებით, რაც უცილობლივ გულისხმობს მისდამი სიყვარულსა და ზრუნვას, რომლის ერთ ერთი გამოხატულება ჭეშმარიტების ქადაგებაა, რადგან, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: "ღმერთმა ადამიანი იმისთვის კი არ შექმნა, რომ მან (ადამიანმა) მხოლოდ საკუთარ თავს არგოს, არამედ სხვებსაც" (Творения иже во святых отца нашего Иоанна Златоуста, Архиепископа Константинопольского. 2-е изд., СПб., 1895. Ч. I. გვ. 81).   "არ მჯერა, - ბრძანებს იგივე წმ. მამა, - გადარჩეს ის, ვინც არაფერს აკეთებს მოყვასის გადასარჩენად" (იქვე, გვ. 447) და "არ არსებობს სხვა იმაზე უძლიერესი ნიშანი ქრისტესადმი რწმენისა და სიყვარულისა, ვიდრე ძმებზე მზრუნველობა და ღვაწლი მათი ცხოვნებისთვის" (იქვე, გვ. 551). ჩვენი მოკრძალებული მსახურებაც სხვა არაფერია თუ არა უფლის მცნების აღსრულება ვიზრუნოთ მოყვასთათვის და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვამცნოთ მათ ის, რაც ჩვენთვის შეიქნა გასაგები.

ამიტომაც, თქვენგან განსხვავებით, რადგან ბრძანებთ, რომ "არ იცით გიღირთ თუ არა ჩვენთვის რაიმეს თქმა", ღვაწლი და ქადაგება ნამდვილად გვიღირს, რადგან სწორედაც რომ მოყვასისათვის თავდადებასა და დაუღალავ შრომას გვიბრძანებს ქრისტე მაცხოვარი. 

თქვენ დაინტერესებულხართ საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ საიტზე (www.oldorthodox.ge) გამოქვეყნებული იმ სტატიებით, რომლებიც ნათლისღების საიდუმლოს ეხება და, რომლებშიც მკვეთრი და უარყოფითი დამოკიდებულებაა გამოხატული ლათინური, ე. წ. სხურებითი "ნათლობის" მიმართ.

თქვენ წერთ: "როგორც ცნობილია უფალი იესო ქრისტე წყალში შთაფვლით მოინათლა იოანე ნათლისმცემლის ხელით. თუმცა წერია სახარებაში "მე ნათელს გცემთ თქვენ წყლით სინანულისთვის; ხოლო ვინც ჩემ შემდეგ მოდის, ჩემზე უძლიერესია, რომლის ხამლთა ტვირთვის ღირსიც არა ვარ; იგი თქვენ ნათელს გცემთ სულიწმიდით და ცეცხლით" (მათე).

სიმართლე გითხრათ, ამ ციტაციის დანიშნულება თქვენი წერილის მთლიან კონტექსტში, რომელიც ჩვენი კრიტიკისკენ არის მიმართული, გაუგებარია, რის გამოც მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მითუმეტეს, მასში მოტანილი წმიდა წერილის მოწმობას ჩვენ არანაირად არ ვეწინააღმდეგებით.

შემდეგ თქვენ ბრძანებთ: "უფალმა ეკლესია დააფუძნა და იგი ინახავს მართალ სწავლებას. თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, რომლის მამამთავარი ილია II არის, ნათლობის წესს არ იცავს. ეს იმას ნიშნავს რომ, რაც თქვენ იცით (ნათლობის რიტუალის შესახებ) ან არ იცის ჩვენმა ეკლესიამ (მართმადიდებლურმა), ანდა მისთვის სულ ერთია როგორი იქნება ეს წესი".

სანამ თქვენს მომდევნო ციტატებზე გადავიდოდეთ, საჭიროდ ვთვლით მცირედით შევჩერდეთ ამ მონაკვეთზე. ჭეშმარიტად, უფალმა დააფუძნა ერთი, წმიდა ეკლესია და ის ყოველთვის იცავდა და იცავს მის მართალ სწავლებას. საკითხი აქ ასე უნდა დაისვას: რომელია ის ერთი და უფლის მიერ დაფუძნებული წმიდა ეკლესია? თქვენთვის ეს არის გაბატონებული, ოფიციალური კონფესია, მაგრამ ასე არ არის ჩვენთვის. ცხადია, თქვენი გაბატონებული ეკლესიის ჭეშმარიტებას ჩვენ უსაფუძვლოდ და ჰაიჰარად როდი უარვყოფთ და ამის ერთ ერთი ყველაზე სერიოზული საფუძველი სწორედ ნათლობის საიდუმლოს დარღვევა გახლავთ.

თქვენ გვსაყვედურობთ და გვეუბნებით: "ამტკიცებთ, რომ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია, რომლის მამამთავარი ილია II არის, ნათლობის წესს არ იცავს. ეს იმას ნიშნავს რომ, რაც თქვენ იცით (ნათლობის რიტუალის შესახებ) ან არ იცის ჩვენმა ეკლესიამ (მართმადიდებლურმა), ანდა მისთვის სულ ერთია როგორი იქნება ეს წესი".

გიპასუხებთ, რომ ჩვენ საკითხს ასე არ ვაყენებთ. ჩვენ არ ვიცით რა არის აშკარა ჭეშმარიტების უარყოფის მიზეზი. როგორც თქვენ ბრძანებთ, ეს შეიძლება იყოს ან უცოდინრობა ან ჭეშმარიტების შეგნებული უარყოფა, მაგრამ არსებობს მესამე, სარწმუნოებრივი მიზეზი. ზოგ ადამიანს ღრმად სწამს, რომ ის, რასაც მისდევს სრულიად მართლმადიდებლურია. ანუ, მსგავსი საკითხების განხილვისას არ შეიძლება გამოირიცხოს კონკრეტული მღვდელმოქმედების (ან საიდუმლოს) ფორმისადმი რწმენის ფაქტორი. თქვენს ეკლესიას სწამს, რომ წყალპკურება ნათლობაა, ხოლო ჩვენსას არ სწამს.

როდესაც მართლმადიდებლობის აღმსარებელი ქრისტეანები რომელიმე სადავო საკითხზე ვმსჯელობთ, საკითხი უნდა განვიხილოთ მართლმადიდებლური კრიტერიუმებით, კერძოდ, უნდა ვნახოთ რას განაწესებენ მსოფლიო და ადგილობრივი კრებები, რას ასწავლიან მოცემულ თემაზე წმიდა მამები, როგორი იყო ეკლესიის პრაქტიკა საუკუნეების განმავლობაში და ა. შ. სხვა კრიტერიუმი, ჩვენ, ძველმართლმადიდებელ ქრისტეანებს, არ გაგვაჩნია. ამიტომ, მოკლედ მაინც უნდა შევეხოთ ამ საკითხს.

თქვენი ეკლესიის მიერ გამოცემულ კატეხიზმოში ვკითხულობთ: "მართლმადიდებლურ კატეხიზმოებში ნათლად წერია, რომ ნათლობა არის საიდუმლო, რომელშიც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმიდება ცოდვათაგან და მეორედ იშვება ახალი, სულიერი ცხოვრებისთვის (იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 64). იქვე წერენ, რომ იმისათვის, რათა საიდუმლო იყოს ქმედითი, ანუ შესრულებული და სულიწმიდის მადლი უეჭველად გადმოვიდეს ქრისტეანზე, ის უნდა შესრულდეს სწორად. ანუ საეკლესიო საიდუმლო (ამ შემთხვევაში ნათლისღება) "ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორად. სწორი და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (იქვე).

აქვე საჭიროა აღინიშნოს, თუ რატომ არის ასე აუცილებელი შთაფლვა ნათლობის საიდუმლოში. აი, რას ბრძანებენ ამის შესახებ ეკლესიის წმ. მამები: 

წმ. ათანასე ალექსანდრიელი: "ის, რომ ჩვენ სამგზის შთავფლავთ ყრმებს ემბაზში და სამგზისვე აღმოვიყვანთ, მიანიშნებს , რომ ქრისტე სამი დღე იყო მკვდარი, მესამე დღეს კი აღსდგა" (Св. Афанасий Александрийский, древлеписьменные ответы, ответ 94).

წმ. ბასილი დიდი: არ გინდა თაყვანი სცე შენთვის ჯვარცმულს? მაშ, იჩქარე თანადაეფლა მას ნათლისღბით (რომ. 6:4) და თუ არ მოინათლები მისი სიკვდილის მსგავსებით, მისი აღდგომის თანამოზიარე როგორღა შეიქნები (რომ. 6:5)? (Василий Великий. Беседа 13 Побудительная к принятию святого крещения). 
იგივე წმიდა მამა ბრძანებს: "რატომ აღესრულება ნათლობის საიდუმლო სამი შთაფლვით და სამი მოწოდებით (სამების თითოეული იპოსტასის სახესლი მოწოდებით თითოეულ შთაფლვაზე - ადმ.), იმიტომ, რომ უფლის სიკვდილის სახე აღიბეჭდოს ჩვენზეც და მონათლულთა სულები განათლდეს მის მიერ ბოძებული ღმრთისშემეცნებით" (Св. Василий Великий, часть 3, глава 15, стр. 231, изд. 1891 г.).

წმ. კირილე იერუსალიმელი: "ამის შემდეგ მიგიყვანენ თქვენ ნათლობის წმიდა ემბაზთან, როგორც ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტე წაიყვანეს საფლავში. და თითოეულს გკითხავენ: გწამს თუ არა მამა, ძე და სულიწმიდა? თქვენ კი უპასუხებთ მაცხოვნებელი აღმსარებლობით და სამჯერ შთაიფლვებით და ისევ აღმოხვალთ, რითაც მიანიშნებთ უფლის სამდღიან დამარხვას, რადგან როგორც ჩვენი მაცხოვარი სამი დღე და ღამე იწვა მიწაში... და შემდგ.) (Св. Кирил Иеросалимский, тайноводственное слово о крещении 2-е, параграф 4, стр. 287, издан. 1893 г.).

წმ. გრიგოლ დიდი, რომის პაპი, ეპისკოპ ლეანდრესადმი მიწერილ თავის ეპისტოლეში წერს: "სამგზისი შთაფლვის შესახებ შეუძლებელია იმაზე უფრო სწორად ფიქრი, როგორც თქვენ ფიქრობთ. ჩვენ, როდესაც სამგზის შთავფლავთ, ამით უფლის სამდღიან დამარხვას აღვნიშნავთ, რათა ყრმის სამგზისი აღმოყვანით ემბაზიდან გამოვხატოთ უფლის აღდგომა, რომელიც აღსრულდა სამდღიანი დამარხვის შემდეგ.

წმ. იოანე დამასკელი: "...ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (Св. Иоанн Дамаскин, кн. 4, гл. 9, лист 109, о вере и крщении).

ჩვენს საიტებზე თქვენ ალბათ იხილავდით საკმარის წყაროებს იმის დასამტკიცებლად, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ნათლობის ერთადერთ ფორმად ყოველთვის განიხილავდა მოსანათლავის სამჯერ შთაფლვას წყალში. ასეა განწესებული წმ. მოციქულთა 50-ე კანონში, ასე განმარტავენ ნათლობას ეკლესიის წმიდა მამები და თვით თქვენი ეკლესიის ღვთისმეტყველები, წმინდანები და საეკლესიო კრებებიც კი.

ვფიქრობთ, საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ წყალში შთაფლვა ნათლისღების საიდუმლოში ბოძებული გვაქვს ქრისტეს სამდღიანი დამარხვის სახედ, როგორც ამას ბრძანებს წმ. პავლე მოციქული და როგორც განმარტავენ ამას ეკლესიის წმ. მამები. 

არის თუ არა წყალპკურებითი ნათლობა ქრისტეს სამდღიანი დამარხვისა და მისი მკვდრეთით აღდგომის გამომხატველი? თქვენი ეკლესიის ერთ ერთი ავტორიტეტი და ძალზედ პოპულარული მოღვაწე, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, "პიდალიონის" (ბერძნული დიდი სჯულისკანონი) განმარტებაში ბრძანებს:

"ლათინური წყალპკურება უცხოა შთაფლვისა და აღმოშობისა, შედეგად, ვერ არის გამომხატველი უფლის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომისა, ამიტომაც ყოველგვარი მადლმოსილებისა, განწმენდისა და ცოდვათა მიტევებისგან გაუცხოებულია იგი. თუ ლათინები იტყვიან, რომ წყალპკურება იძლევა განწმენდასა და მადლს წმიდა სამების მოწოდებითო, დე უწყოდნენ, რომ ნათლობა ოდენ მოწოდებით კი არ აღესრულება, არამედ უცილობლივ ითხოვს მსგავსებას უფლის სიკვდილისა და აღდგომისა, რამეთუ აცხოვნებს მოსანათლავს არა ოდენ რწმენა წმიდისა სამებისა, არამედ ამასთანავე რწმენა "მესიის სიკვდილისა"; იგივეს ბრძანებს ნეტარი იერონიმეც, რომ ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების ჟამს სამგზისი შთაფლვა წყალში მოციქულთა დროიდან მომდინარეობს, ზეპირი საეკლესიო გადმოცემით გადმოგვეცა და აღესრულება არა მხოლოდ ყოვლადწმიდა სამი ღვთაებრივი პირის სახელით, არამედ იმიტომაც, რომ უფალი თავისი ადამიანური ბუნებით სამი დღის განმავლობაში იყო მკვდარი".

იქვე: "ასე, რომ, ლათინნი მწვალებლები არიან. როგორც მოუნათლავთ (მათში დამკვიდრებული წყალპკურებითი "ნათლობის" გამო - ადმ.), არ გააჩნიათ სულიწმიდის მადლი და შედეგად არც ერთი საიდუმლოც; მათგან მართლმადიდებლურ ეკლესიაში გადმოსულები უნდა გადაინათლონ".

იქვე: "ლათინთა ნათლისღება (წყალპკურება, დასხმითი "ნათლობა" - ადმ.) ცრუდ იწოდება და არც სიმკაცრის გამო და არც შეწყნარებით მიღება მისი არ შეიძლება. სიმკაცრის გამო იმიტომ, რომ ისინი მწვალებლები არიან და ამის მტკიცების საჭიროებაც კი არ არსებობს. მარტო ის გარემოებაც, რომ ასეთი სიძულვილი და ზიზღი გვაქვს მათდამი ამდენი საუკუნეა - ცხადყოფს, რომ ვუკადრისობთ მათ და არიანელთა და საბელიანოზთა შესადარ მწვალებლებად მივიჩნევთ.

ლათინები მოუნათლავები არიან იმიტომ, რომ ნათლისღებისას სამჯერ არ შთაფლავენ მოსანათლავს, როგორც ეს თვით მოცქულთა მიერ არის დადგენილი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მათ  შეცვალეს მოციქულთამიერი ნათლობა და შთაფვლის სანაცვლოდ წყლის თავზე გადასხმით ნათლავენ, ანუ მცირეოდენ წყალს ასხამენ თავზე, რასაც ზოგიერთ ადგილებში დღემდე ასრულებენ. სხვები მოსანათლავ ყრმას რამდენიმე წვეთს ფუნჯით მიაპკურებდნენ შუბლზე, ხოლო სხვაგან, როგორც ეს ჩვენ გადმოგვცეს, წყალში ჩაწობილ ბამბის ქაღალდს მოუსვამენ სახეზე მოსანათლავს... ასე, რომ ლათინური წყალპკურება გაუცხოებულია ყოველგვარი მადლმოსილებისგან და არც განწმენდას იძლევა და არც ცოდვათა მიტევებას" (Пидалион., стр. 248, 249).

ასეთია ნიკოდიმოს მთაწმინდელისა და აღმოსავლელი პატრიარქების მკაცრი განჩინება წყალპკურებით ან კიდევ წყლის თავზე დასხმით მონათლულთათვის. ვის შეუძლია თქვას, რომ ისინი ამ საკითხში არ ეყრდნობოდნენ ეკლესიის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასა და მამათა სწავლებას და ეკლესიას საკუთარ მოძღვრებას სთავაზობდნენ? ცხადია, არავის! ეს თქვენი ეკლესიის ორი საუკუნის წინანდელი ხმაა, რომელიც დღეისთვის ჩახშულია და არავის ესმის.

აღმოსავლელი, ბერძენი პატრიარქებისა და ათონელი მოღვაწეების მტკიცე სწავლებით, ყველა წყალპკურებული მოუნათლავია, რადგან წყალდასხმით ან წყალპკურებით ნათლობა არის ცრუ და ყალბი... ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ბ-ნო გეგი, ეს თქვენი ეკლესიის ავტორიტეტების სიტყვები და განჩინებებია... უსმინეთ მათ და დაუჯერეთ!

ყურადღებას იპყრობს თქვენი შემდეგი შეკითხვა: "ვის შეუძლია ამხილოს და შეეწინააღმდეგოს ეკლესიაში გაბატონებულ ცდომილებას?" (სტილი ყველგან დაცულია - რედ.).

მოკლედ გიპასუხებთ: ყველას, ვისაც კი მართლმადიდებლური გული უძგერს მკერდში! აბსოლუტურად ყველას, - ერსა და ბერს, უფლება აქვს ამხილოს მწვალებლობა და ნებისმიერი ცდომილება თუკი ეს ძალუძს! ამისი მაგალითები საკმაოდ უხვადაა ეკლესიის ისტორიაში. სამწუხაროდ, თქვენი ეკლესიის მღვდელმსახურებმა თავიანთ მრევლს ჩააგონეს, თითქოსდა ერისკაცთ უფლება არა ჰქონდეთ ამხილონ სასულიერო პირთა უკეთურებანი. ეს უმძიმესი ცთომილებაა და მას მკაცრი მხილება სჭირდება. წმიდა მამები: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, ათანასე ალექსანდრიელი და სხვები გვასწავლიან, რომ საეკლესიო ჭეშმარიტების დაცვა ყველას მოვალეობაა, ოღონდ მთავარია, ვინც იცავს ეკლესიას ცთომილებათაგან იყოს მართლმადიდებელი და განსწავლული საეკლესიო საკითხებში. 

ჭეშმარიტებას და ისტორიულ სინამდვილესთან შეუსაბამოა თქვენი მომდევნო მტკიცებულებაც: "ჩვენ ვიცით რომ უფალი უგზავნიდა წინესწარმეტყველებს რათა რჯულს აცდენილი (პირველ რიგში) რჯულის მოძღვარნი გონს მოეყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში წინასწარმეტყველებს კლავდნენ, ებრაელი ერის წიაღში ახალი ეკლესია არ დაუფუძნებია არც ერთ წინასწარმეტყველს, ვიდრე უფლის განკაცებამდე, ჯვარცმამდე და ამაღლებამდე". 

ქრისტეს შობამდე, ჯვარცმამდე და მკვდრეთით აღდგმამდე, ებრაელი ერის წიაღში ევქარისტული ერთობის ცნება ჯერაც არ არსებობდა, ეკლესია არ იყო ქრისტეს მისტიკური სხეული, რაც ახალაღთქმისეული ეკლესიის უმნიშვნელოვანესი თვისებაა და რის გამოც, მწვალებლებთან და ცთომილებთან ერთობას კატეგორიულად უკრძალავენ მართლმადიდებელ ქრისტეანს ეკლესიის წმიდა მამები; მაშინ როდესაც, მაგალითად, თქვენს მიერ ხსენებული პატრიარქი ილია II, არა თუ მეგობრობდა და ლოცულობდა მწვალებლებთან, არამედ ზიარებასაც კი აძლევდა მათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს თანაპრეზიდენტობის პერიოდში. გმართებდათ მისი მხილება და არა დაცვა, მაგრამ ამ ვიწრო და ეკლიან გზას მხოლოდ ერთეულები დაადგნენ, დანარჩენებმა კი ფართო გზა ირჩიეს და ხვედრიც შესაბამისი იქნება მათთვის... ეკლესია არ შეიძლება იყოს იქ, სადაც არ არის ნათლობა, სადაც არ არის სულიერი აღორძინება, სადაც არ არის ქრისტესთან ერთად თანადაფლვა და ცოდვის სიკვდილი... ეკლესია იქ არის, სადაც ზედმიწევნით და ბეჯითად იცავენ სულიწმიდის მიერ ბოძებულ სწავლებას, წმიდა სახარებას, საეკლესიო განწესებებს. "ვისაც მე ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს იცავსო" - ბრძანებდა მაცხოვარი. მისდევენ კი თქვენი მოძღვრები ამ ცნებას? 

შემდეგ თქვენ წერთ: "ნუთუ ვერ ხვდებით, რომ კაცი რომელიც ეკლესიის შეცდომებზე ილაპარაკებს თავად უნდა იყოს უფლის ნათლით შემოსილი. სხვა ყველა შემთხვევაში კი ეშმაკის "ნათლით" მოხიბლული იქნება".

ჩვენ ყველანი ვიმოსებით უფლის ნათლით ნათლისღების საიდუმლოში, ამიტომაც ეწოდება მას "ნათლისღება", ამიტომაც ბრძანებს მღვდელმსახური ნათლისღების ემბაზში მოსანათლავის შთაფლვის წინ: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად". რატომ ვერ ხვდებით იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რომელსაც თვით თქვენი ეკლესიის ყოფილი კრებები, ბერ-მონაზვნები და პატრიარქები გასწავლიან? რითაც გმოძღვრავენ წმიდა მამები? იმიტომ ხომ არა, რომ დარღვეული გაქვთ ნათლობის საიდუმლო და უფლის ნათელი აღარ გადმოდის თქვენზე? იმიტომ ხომ არა, რომ აღარ გაგაჩნიათ უფლის ნათელი? 

ხოლო "როგორია ის ვინც უფლის ნათლით არის შემოსილი?" - წმ. მამათა პირით გიპასუხებთ: "ნათლისღების მიერ ყალიბდება და სრულიყოფა ქრისტეანი ადამიანი, მიწიერი (კაცი) გარდაიქმნება სულიერად და აღორძინდება" (Творения иже во святых отца нашего Григория Богослова, Архиепископа Константинопольского. М., 1843. Ч. I. გვ. 112). "დიდია ნათლისღების საიდუმლო: ის არის თავდახსნა ტყვეობისგან, ცოდვათა მიტევება, ცოდვის სიკვდილი, სულის აღორძინება, ნათელი სამოსი, წმიდა და აღუხოცელი ბეჭედი, ზეცად აღმავალი ეტლი, სამოთხის ნეტარება, სასუფევლის შუამავლობა, მიშვილების ნიჭი" (Священник Григорий Дьяченко. Уроки и примеры христианской веры. Опыт катихизической хрестоматии. СПб., 1900). "ნათლისღება არა მარტო ცოდვებს მოგვიტევებს, - ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, - არა მარტო განგვწმენდს უსჯულოებისგან, არამედ ხელმეორედ გვშობს და აღგვაღორძინებს" (ციტ.Священник Григорий Дьяченко. Уроки и примеры христианской веры. Опыт катихизической хрестоматии. СПб., 1900).

აი, როგორია უფლის ნათლით შემოსილი ადამიანი. განბანილი, განწმენდილი ცოდვის წყევისა და პირადი ცოდვებისგან. ხელახლა დაბადებული სულიერი ცხოვრებისთვის, აღორძინებული და მადლმოსილი. ის შორს არის იმგვარი ამპარტავნებისგან, როგორსაც, სამწუხაროდ, ვხვდებით თქვენს სიტყვებში: "ნუთუ არსებობს თქვენს "ნათლულთა" თუ ახლიდან მონათლულთა შორის უფლის სათნო ცხოვრებით უფრო მაღალი სულიერების საფეხურზე ასული  ვიდრე მართმადიდებლურ წიაღში არსებული ბერმონაზვნები არიან?"

ჯერ ერთი, ბერ-მონაზვნები არიან ჩვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიაშიც და იყვნენ ყოველთვის. მეორეც, რის საფუძველზე ანიჭებთ ამგვარ უპირატესობას თქვენი ეკლესიის ბერმონაზვნობას ჩვენი ეკლესიის ბერმონაზვნობასთან შედარებით? იმით ხომ არა თქვენი იღუმენები და ეპისკოპოსები 70 000 დოლარიანი ჯიპებითა და სედანებით დადიან, ჩვენი ეპისკოპოსები კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან სულაც ფეხით? რა არის თქვენი ბერ-მონაზვნების მადლმოსილების კრიტერიუმი? - სიგარეტის მოწევა, ნარკომანობა, ძაღლებით ვაჭრობა თუ უახლოესი მარკის ავტომობილების სიყვარული? არ გამოვრიცხავთ რომ თქვენთანაც შესაძლოა იყონ თითო ოროლა ღმრთისმოყვარე ადამიანები, მაგრამ განა ჩანან ისინი თქვენი ეკლესიის წამყვან პოზიციებზე? განა ქმნიან ისინი დადებით ამინდს თქვენს ეკლესიაში? იქნებ დაფიქრდეთ და გაიხსენოთ უფლის სიტყვები, რომ სანამ სხვის თვალში ბეწვს შენიშნავდეთ, გმართებთ საკუთარი თვალიდან "დვირეს" ამოღება...

თქვენ წერთ: "მე არ ვამბობ რომ სრულყოფილებას მიღწეულ ადამიანებს ვიცნობ მეთქი ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ შეგვიძლია დავაკვირდეთ ვინ რა სიყვარულს და სათნოებას გამოხატავს სიტყვით და საქმით ცოდვილი და შემცდარი უბრალო ადამიანების მიმართ" - დიახ, შეგვიძლია დავაკვირდეთ. ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით და აღმოვაჩინეთ, რომ თქვენი ეკლესიის სასულიერო პირთაგან, როდესაც ჩვენც თქვენსავით ამ ეკლესიის წევრები ვიყავით, საგეჰენიოდ გაწირულნი  ვყოფილვართ... მოუნათლავნი და უმოწყალოდ გაწირულნი... 

"უფალმა მოგვცეს ნათელი გონება" - ამინ!

"თუ გულით ვითხოვთ მოგვეცემა, ამინ" - ჭეშმარიტად, ითხოვეთ და მოგეცემათ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ!


პატივისცემით: საიტის რედაქცია.


კითხვა-პასუხი