madetolove. (29.04.10.)
(ავტორის სტილი ყველგან დაცულია - ადმ.)
"ვართ ეხლა ყველა მორწმუნე ერთად? მონაგებსა და მამულებს ვჰყიდით და ვუნაწილებთ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირს? დღენიადაგ ერთად ვართ ტაძარში, სახლებში ვტეხთ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით ვიღებთ საზრდოს? წმ.მამებმა შემოგვინახეს მესმის. მაგრამ ამ სიტყვებიდან, გულწრფელად მიპასუხეთ რომელს აღვასრულებთ? მე არ ვიცი ადამიანების პრაქტიკამ რა დონეს მიაღწია საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ ნებისმიერ აღმსარებლობის ადამიანს, რომ ჰკითხო გიიპასუხებს მე ვარ მართალი & ჩემს ეკლესიაში არსებული ღვთის მსახურება არის ზუსტად ძველ ქრისტიანულიო. არც მართლმადიდებლურში, არც მით უმეტეს კათოლიკურში და არც ნებისმიერ პროტესტანტულ ეკლესიაში არ არსებობს ესეთი ღვთის მსახურება, როგორიც თავდაპირველ ქრისტიანებს ჰქონდათ. მოვეშვათ ყველა დოგმებს და კანონებს... რაც ვიცით სახარებიდან განა საკმარისი არ არის აღსასრულებად? გარდმოცემასაც მივიღებ თუკი სახარების შესაბამისია... დანარჩენი არ უნდა გულს რა ვქნა? მიყვარს წმ. მამათა გამონათქვამების თუ ნაშრომების კითხვა.. ვიცი,რომ მათ ესე გულუბრალოებით განლიეს საწუთრო, მაგრამ ვეძებ მე ეკლესიას სადაც ესე იქნება, სიხარულით განადიდებენ უფალს ყოველგვარი დოგმებისა და კანონების დაზეპირებული ლოცვების და მკვდარი რიტუალების გარეშე.. თუმც არც ეს არის საკმარისი.. მაშინ წავიდოდი ნებისმიერ პროტესტანტულ ტაძარში მხოლოდ თუ ეს კმარა, მაგრამ არა! მე ძველი სამოციქულო ეკლესია მინდა, იქ არ იყო დოგმები, არ იყო კანონები... იქ არ იყო რიტუალები, იქ ყველას ყველაფერი საერთო ჰქონდა... ეხლა ვინ ჰყიდის მთელ ქონებას და ეკლესიაში ვის მოაქვს? ღარიბებიც დადიან და მდიდრებიც.. მაშინ მასე არ იყო. არ იყო ღარიბი და მდიდარი ყველაფერი საერთო ჰქონდათ... ალბათ თქვენც ესე მიპასუხებთ: ამ დროში ესე შეუძლებელიაო... მე კი გიპასუხებთ, რომ: თავად სულერ მოძღვრებს ასე ვთქვათ: არ ეთმობათ არც საწუთრო და არც ღმერთი .. უნდა ორივე შეუთავსონ ერთმანეთს და ხალხიც მათ იდეოლოგიას მიჰყვება.. ბრბოს ფსიქოლოგია ხომ მარტივია? უმარტივესი! ილია მეორემ რომ დამთქნარება წმინდა რიტუალად შერაცხოს და ყოველ 12, 15, 18 საათზე დააწესოს...აუცილებლად ესე იზამს ნახევარზე მეტი საქართველო! მძულს ეს ყოველივე... მინდა უბრალო ქრისტიანობა მინდა, არა მართლმადიდებლობა, არა კათოლიკეობა არაპროტესტანტობა არამედ ქრისტიანობა...! ყველა ქრისტეს სახელს იბრალებს, მაგრამ შევადაროთ ნებისმიერი ეკლესია, რომელია ასლი ძველი სამოციქულო ეკლესიისა? რაოდენ ლამაზი სიტყვებითაც არუნდა იმართლოს თავი ნებისმიერმა აღმსარებლობამ, მაინც რეალობა ერთი არის და ერთი იქნება.. ქრისტეს ეკლესია არ არსებობს... რათქმა უნდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიყვარულით დადიან ტაძარში და სჯერათ ესე.. მოწყალეა უფალი და გულთა მხედველი.. ყველას თავის გულისამებრ მიაგებს.. მაგრამ განა გულსატკენი არ არის ესეთი ფაქტი რომ არ არსებობს უბრალოდ ქრისტეს ეკლესია. უბრალოდ უბრალო... ასლი ძველი ეკლესიისა... სადაც კი ლაპარაკს დავიწყებ ამაზე, მწვალებელს მეძახიან.. კარგით რა.. ჩემზე მეტად ვის უნდა ქრისტეს უბრალო ეკლესია? განა რა არის ამაში ცუდი? ყოველგვარი ზედმეტის და ხალხის გამოცდილების გარეშე შექმნილი ეკლესია მინდა, რომელიც ჰქონდათ სულ პირველად... არ ვეკუთვნი ამიტომაც არც ერთ რელიგიას თუ მიმდევრობას! უფლის ვარ მე!
პასუხი:
მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ: "ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა" (საქმე მოციქულთა 2:44-45). და კიდევ: "ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ. მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე. არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ, მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა. ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა, გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო" (საქმე მოციქულთა 4:32-36).
ამ სიტყვებიდან თქვენ გამოგაქვთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც სოციალური თანასწორობა და კომუნალური ცხოვრება თითქოსდა იყოს ეკლესიის ერთადერთი და უცილობელი ნიშანი. უნდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, იერუსალემის თემის სოციალური მოწყობა არაჩვეულებრივად ამაღლებული გახლდათ, რომლის შენარჩუნებასაც ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ მოციქულებიც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ადამიანის ბუნების დაცემულობა რომ საყოველთაოა და სრულიად ბუნებრივად, თვით წმიდა წერილის წინასწარმეტყველებათა მიხედვით, მისი ეკლესიური ცხოვრება ცვალებადობას არის დქვემდებარებული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეკლესიის ცხოვრება ამ თუნდაც ამაღლებულ იდეალზე ვერ ჩაიკეტებოდა. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ეკლესიას მოუწევს უმძიმეს პირობებში ცხოვრება და არსებობა, რასაც ბევრწილად სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორებიც განაპირობებენ და რომლებიც, საეკლესიო-კომუნალურ ცხოვრებას ყოველთვის ხელს როდი უწყობენ. დღევანდელ პირობებში, ამ იდეალის განხორციელება მხოლოდ სამონასტრო პირობებში თუ არის შესაძლებელი, სადაც შეიძლება "ყველა მორწმუნე ერთად იყოს და ყველაფერი საერთო ჰქონდეთ. გაყიდონ მონაგები და მამულები და დაუნაწილონ ყოველს იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირს" (შეად. საქმე მოციქულთა 2:44-45).
ქონების ერთობა, რომელიც მოციქულთა დროს იერუსალემის თემში არსებობდა, ნამდვილად ამაღლებული ქრისტეანული იდეალია და მას მართლმადიდებელი წმიდა მამებიც განადიდებდნენ (მაგ. წმმ. კვიპრიანე კართაგენელი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვ.). წმ. იოანე ოქროპირი ამ პირველქრისტეანულ კომუნას "ანგელოზურ თემს", "სათნოებათა მწვერვალს", "თანხმობის საფუძველს" უწოდებდა, მაგრამ, ეს როდი ნიშნავს, რომ ასეთი ცხოვრება იყოს ეკლესიის ნიშანი. არც ერთი წმიდა მამა ეკლესიის დახასიათებისას სოციალურ ყოფას და ეკლესიის "კომუნალურობას" მის ნიშნად არ მიიჩნევს. თანაც იმ დონეზე, რომ მის გარეშე ეკლესია გაუქმებულად ჩაითვალოს. ამის დასტური გახლავთ არა მარტო მამათა თხზულებანი, არამედ თვით წმიდა წერილიც. მაგალითად, პავლე მოციქულის ეპისტოლეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ მის მიერ დაფუძნებულ თემებში (იერუსალიმის თემისგან განსხვავებით), ქონების საყოველთაოობა ქრისტეანული ცხოვრების აუცილებელ პირობად მიჩნეული არ ყოფილა.
მიუხედავად ამ სოციალური იდეალისა, თვით მოციქულთა და პირველქრისტეანთა ცხოვრებიდან ცხადყოფილია, რომ კერძო საკუთრება არასდროს, არავის მიერ ყოფილა უარყოფილი.ამ მხრივ საგულისხმოა წმ. კლიმენტი ალექსანდრიელის (III ს.) თხზულება "ვინ ცხონდება მდიდართაგან?", რომლის მთელი ტექსტი გაჟღენთილია პოლემისტური ტონით. ვის ედავება წმ. კლიმენტი? რა თქმა უნდა კომუნალური ცხოვრების აპოლოგეტებს, რომლებიც, როგორც ჩანს, იმ დროისთვის მრავლად იყვნენ და ფიქრობდნენ რომ მდიდართგან ვერავინ ცხონდება.
თქვენი შეხედულება, რომლის მიხედვითაც: "რაოდენ ლამაზი სიტყვებითაც არ უნდა იმართლოს თავი ნებისმიერმა აღმსარებლობამ, მაინც რეალობა ერთი არის და ერთი იქნება.. ქრისტეს ეკლესია არ არსებობს...", რბილად რომ ვთქვათ, სახარებისეულ არც რწმენას შეესაბამება და არც სწავლებას.
წმიდა სახარებებში არსად არის ნათქვამი თითქოსდა ქონების საყოველთაოობა და კომუნიზმი ეკლესიის ნიშანი იყოს; რომ მის გარეშე ეკლესია მკვდარია. უფალმა იესუ ქრისტემ თავის მორწმუნეებს აღუთქვა: "აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მათე 28:20) და კიდევ: "და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16:18).
ეკლესია არის ღვთისგან დაწესებული ერთობა კაცთა, რომლებიც შეერთებულნი არიან მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ღვთის სჯულით, იერარქიით და წმიდა საიდუმლოებებით. ეკლესიას შეადგენენ ყველა ქრისტეანე მართლმორწმუნენი, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაზე, მართალნიც და ცოდვილნიც, ასევე მომავალი აღდგომისა და საუკუნო ცხოვრების სასოებით მიცვალებულნიც, წმიდა კაცებიც და ანგელოზებიც. ეს ერთობა, წმიდა პავლე მოციქულის სწავლებით, არის ქრისტეს სხეული, რომლის თავი არის თვით ქრისტე.
ეკლესიაში ადამიანი შედის ნათლობისა და მირონცხების (სულიწმიდის გარდამოსვლის) საიდუმლოთა მეშვეობით. ქრისტესთან ერთობა კი აღესრულება ევქარისტიის, ანუ მაცხოვრის უპატიოსნესი ხორცისა და სისხლის ზიარების საიდუმლოთი, როგორც თავადვე განუცხადა მოწაფეებს: "აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის" (ლუკა 22:19). წმიდა მოციქული პავლე ბრძანებს: "კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა? ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით" (1 კორინთ. 10:16-17).
თქვენ წერთ: "არ ვეკუთვნი ამიტომაც არც ერთ რელიგიას თუ მიმდევრობას! უფლის ვარ მე!", მაგრამ ის, ვინც არ ეზიარება ქრისტეს ხორცსა და სისხლს, არ ეკუთვნის ეკლესიას, არ არის უფლის მოწაფე და უარყოფს მას, როგორც ღმრთსა და თავს ეკლესიისა:
"უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში. როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და ვცოცხლობ მამით, ასევე ჩემი მჭამელიც იცოცხლებს ჩემით. ეს არის პური, რომელიც ჩამოვიდა ზეცით. ისე კი არა, როგორც თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი საუკუნოდ იცოცხლებს" (იოანე 6:53). ევქარისტიის გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია. შედეგად, მიუხედავად განცხადებისა, რომ "უფლის ხართ", ესევითარი ვერ იქნებით, რადგან პრაქტიკულად უარყოფთ უფლის საუკუნო აღთქმასა და ძალას, რომელსაც ძალუძს, თავისი ყოველი მცნების მტკიცედ დაცვა.
შემდეგ თქვენ წერთ: "ყველა ქრისტეს სახელს იბრალებს, მაგრამ შევადაროთ ნებისმიერი ეკლესია, რომელია ასლი ძველი სამოციქულო ეკლესიისა? მე არ ვიცი ადამიანების პრაქტიკამ რა დონეს მიაღწია საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ ნებისმიერ აღმსარებლობის ადამიანს, რომ ჰკითხო გიიპასუხებს მე ვარ მართალი & ჩემს ეკლესიაში არსებული ღვთის მსახურება არის ზუსტად ძველ ქრისტიანულიო. არც მართლმადიდებლურში, არც მით უმეტეს კათოლიკურში და არც ნებისმიერ პროტესტანტულ ეკლესიაში არ არსებობს ესეთი ღვთის მსახურება, როგორიც თავდაპირველ ქრისტიანებს ჰქონდათ".
იმისათვის, რათა გავარკვიოთ რომელია ჭეშმარიტი ეკლესია, აუცილებელია გამოვიკვლიოთ არის თუ არა ის სამოციქულო მემკვიდრეობის მქონე (როგორც იერარქიული, ასევე სწავლა-მოძღვრებითი თვალსაზრისითაც). ეკლესია იქ კი არ არის, სადაც შენარჩუნებულია ან დამკვიდრებულია პირველდაწყებითი ეკლესიის მსგავსი სოციალური წყობა, არამედ იქ, სადაც შენარჩუნებულია და დაცულია მოციქულთა გადმოცემები და სწავლება. შეიძლება რომელიმე პროტესტანტულმა სექტამ მოაწყოს ისეთი ბანაკი, სადაც ის სოციალური პრინციპები დაინერგება, როგორიც პირველდაწყებით ეკლესიაში იყო, მაგრამ თუ მას არ ექნება ეკლესიის ის ნიშნები, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, არაფრისმომცემ დასახლებად გარდაიქცევა, რომლის მსგავსი 60-იანი წლების ჰიპებსაც ჰქონდათ.
უნდა შევეხოთ თქვენს კიდევ ერთ დებულებას. თქვენ წერთ: "სიხარულით განადიდებენ უფალს ყოველგვარი დოგმებისა და კანონების, დაზეპირებული ლოცვების და მკვდარი რიტუალების გარეშე... მე ძველი სამოციქულო ეკლესია მინდა, იქ არ იყო დოგმები, არ იყო კანონები".
შეხედულება თითქოსდა პირველდაწყებით ეკლესიას არ ჰქონდა დოგმები, კანონები და საღვთისმსახურებო რიტუალები, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. კითხვა-პასუხის მოკლე ფორმატი არ გვაძლევს შესაძლებლობას დეტალურად განვიხილოთ პირველდაწყებითი ეკლესიის ცხოვრება, რომელსაც ჭეშმარიტად დოგმებიც გააჩნდა, კანონებიც და ღვთისმსახურებაც ("მკვდარი რიტუალები" - ? ადმ.). ამიტომაც, ამჯერად მხოლოდ წმიდა წერილით შემოვიფარგლებით:
დოგმებს, ანუ უცვალებელ, ქრისტეანულ სწავლა-მოძღვრებას გულისხმობს წმ. მოციქულ პავლე, როდესაც ბრძანებს: "ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: ვინც სხვა რამეს გახარებთ და არა იმას, რაც მიგიღიათ, წყეულიმც იყოს" (გალატ. 1:8-9).
უფლის მცნებისამებრ, რომელმაც მოციქულებს ევქარისტიის საიდუმლო დაუწესა, ეკლესიაში მისი დაფუძნების დღიდანვე აღესრულებოდა და აღესრულება ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც, თქვენი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, "დაზეპირებული ლოცვებისა" და რიტუალების გარეშე წარმოუდგენელია. ეკლესიის საიდუმლონი (რომელიც გარკვეულ რიტუალებს მოიცავენ) დაფუძნებულია თვით მაცხოვრის მიერ.
სამწუხაროა, რომ თქვენში ეკლესია გაიგივებულია მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ყოფასთან, კომუნალურ ცხოვრებასთან და არა იმ საიდუმლოსთან, რასაც ქრისტეს ევქარისტული სხეული ჰქვია.
მხოლოდ ერთ რამეში არ შემოგედავებით: "ილია მეორემ რომ დამთქნარება წმინდა რიტუალად შერაცხოს და ყოველ 12, 15, 18 საათზე დააწესოს. აუცილებლად ესე იზამს ნახევარზე მეტი საქართველო! მძულს ეს ყოველივე".
ეს ჩვენც გვძულს!