დავა "დიდაქესა" და ნათლისღების საიდუმლოს გარშემო
"afxazi" (church.ge.)
"დიდაქე" - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
(მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ)
I.
1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.
2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).
3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28). რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).
4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11). თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30).
5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53).
6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1).
II.
1. მოძღვრების მეორე მცნება:
2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21).
3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28).
4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6).
5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე.
6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის.
7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად.
III.
1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია.
2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს.
3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა.
4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი.
5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება.
6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება.
7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5).
8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2).
9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე.
10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება.
IV.
1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც.
2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.
3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო.
4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა.
5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).
6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს.
7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17).
8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის?
9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა.
10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს.
11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას.
12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს.
13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1).
14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა.
V.
1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა.
2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი;
ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს.
VI.
1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი.
2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ.
3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29).
VII.
1. ნათლისღებისათვის. ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).
2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.
3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19)
4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.
VIII.
1. პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს.
2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე!
3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე.
IX.
1. ევქარისტიისათვის. ასე მადლობდეთ:
2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!
5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76)
X.
1. ავსების შემდეგ ასე მადლობდეთ:
2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ!
4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე!
5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე!
6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ!
7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ.
XI.
1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი.
2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი.
3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ.
4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი.
5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31).
8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი.
9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი.
11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც.
12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ.
XII.
1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა.
2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე.
3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს.
4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.
5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას.
XIII
1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18).
2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა.
3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის.
4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ.
5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი.
6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.
XIV.
1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი.
2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი.
3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11).
XV.
1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის.
2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი.
3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს.
4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში.
XVI.
1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).
2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.
3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12).
4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2).
5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).
6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა.
7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).
8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)..."
ვისაუბროთ ამ ძეგლის ირგვლივ. ქვემოთ მნიშვნელოვან ნაწილებს გამოვყოფ, რაც ყველასგან დასამახსოვრებელია. რაც შეეხება მნიშვნელოვან ადგილებს. აი მაგალითად: "VII. 1. ნათლისღებისათვის. ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19). 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე".
შეიძლება ბევრს ახსოვს კიდეც ე.წ. სტაროვერები, რომლებიც წყალში მთლიანად შთაფვლით ნათლობის გარდა, მაგალითად თავზე სხურებით ნათლობას, ერეტიკულად მიიჩნევდნენ. ეს კი ერთ-ერთი არგუმენტია ამ ცრუ მოძღვრების საწინააღმდეგოდ.
ძველმართლმადიდებელი - თქვენ მშვიდობა!
ნათლობის საიდუმლო აუცილებლად უნდა შესრულდეს მხოლოდ წყალში სამგზის დაფლვით "სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა", და ეს "სტაროვერთა" "ცრუ მოძღვრება" კი არა, მართლმადიდებლური სწავლებაა!
რაც შეეხება "დიდაქეს", ის არ არის კანონიკური ძეგლი და ზოგიერთ საკითხში (ნათლობის გარდა) ეწინააღმდეგება მოციქულთა სწავლებას (იხ. სტატია: "არის თუ არა დიდაქე მოციქულთა მოძღვრება?" - http://www.oldorthodox.ge/apl_didaqe.html).
პატივისცემით: ძველმართლმადიდებელი.
afxazi -ძველმართლმადიდებელი... ხოოოო, ეს ნამდვილად აკლდა ფორუმს
agmsarebeli (church.ge) - ვატყობ ისევ ედიშერმა (იგულისხმება ედიშერ ჭელიძე - ადმ.) უნდა ამხილოს ეს მიზანმიმართული შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ. ოღონდ ედიშერი ამას გააკეთებს ჩვენი კალმით და თავისი წიგნით. ხო, ისეთი ,"აკანონიკური ძეგლია დიდაქე, რომ იგი მოციქულთა კანონებში შედის".
netvorc - საეკლესიო მამათაგან „დიდაქეს“ ერთ-ერთი უადრესი გამოყენება გვაქვს წმ. იუსტინე მარტვილელთან (II საუკუნის შუა წლები) მის „პირველ აპოლოგიაში“, შემდეგ წმ. თეოფილე ანტიოქიელთან (II საუკუნის II ნახევარი) მის შრომაში „ავტოლიკესადმი“. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის (II –III საუკუნეები) დამოწმება, რადგან ეს უკანასკნელი „დიდაქეს“ სახელდებს „წერილად“, ანუ ბიბლიად. აი, ეს ადგილი: „უსამართლობას სჩადის ის, ვინც ბარბაროსთაგან შეითვისებს რასმე, შემდეგ კი მას თავისეულად გამოაცხადებს, რომ ამ გზით სახელი გაითქვას. ასეთი ვინმე ეცრუება ჭეშმარიტებას და იგი წერილის მიერ იწოდება „ქურდად“, რადგან ამბობს (წერილი): შვილო ჩემო, ნუ იცრუებ , რადგან სიცრუე ქურდობისაკენ მოგიძღვება“ (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები I. 20.100,4). "წერილიდან" მოტანილი სიტყვები არის „დიდაქეს“ ზედმიწევნითი ციტირება (იხ. „დიდაქე“ თავი 3 მუხლი 5) სხვაგან არსად გვხვდება იგი. ეს დამოწმება მნიშვნელოვანია ორი მხრივ: 1) „დიდაქე“ წოდებულია „წერილად“ (ბერძნ. „გრაფე“), რაც ამ ძეგლის მართებულობას ასაბუთებს. 2) „დიდაქე“ მოხსენიებულია ზოგადად „წერილად“, კონკრეტულად სახელდების გარეშე, რაც ცხადყოფს, რომ ის იგი დიდად ცნობილი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში. ეს გასაკვირი არაა, რადგან იმ დროს ახალმოქცეული ქრისტიანები უპირველესად სწორედ „დიდაქეს“ ეცნობოდნენ.
afxazi - იმედია კლიმენტი ალექსანდრიელსაც არ გამოაცხადებთ მწვალებლად. რაც შეეხება ნათლობის საკითხს. აქ გარკვევით წერია: "ციტატა: "ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19). 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე". ანუ აქ მოცემულია შესაძლებლობები, რომ პირველ რიგში გამდინარე წყალში უნდა მოინათლოს ადამიანი, შესაბამისად შთაფვლით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის სხვა წყლით, თუ ცივი არ არის თბილით და ბოლოს თუ ამ ყველაფრის შესაძლებლობა არ არის პიროვნება ინათლება სამგზის თავზე წყლის დასხმით. დღესაც თუ არის შესაძლებლობა ადამიანები ინათლებიან შთაფვლით, მაგრამ როცა არ არის ამის შესაძლებლობა საგზის თავზე წყლის დასმით ინათლება მორწმუნე, რადგან ამით ჯერ კიდევ არ უქმდება არსი ნათლისღებისა".
netvorc - რატომ? საქართველო რა უდაბნოა და მდინარეები დაილია? თბილისის თავზე უზარმაზარი ზღვა გვაქვს მარტო, კაცმა მოინდომოს და საქართველოში შთაფვლით მონათვლა რა პრობლემაა. ადრე ყველა შთაფვლით ინათლებოდა და ეხლა რა გახდა პრობლემა, მაშინ ცხენები და ვირები ყავდათ ეხლა ავტომობილები, პირიქით გაადვილდა.
sopo... - (ციტატა): "ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19) 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე ("დიდაქე")".
ამით ყველაფერია ნათქვამი , რომ ნათლობა ყველა ფორმით დასაშვებია.
(ციტატა) (netvorc): "რატომ? საქართველო რა უდაბნოა და მდინარეები დაილია? თბილისის თავზე უზარმაზარი ზღვა გვაქვს მარტო, კაცმა მოინდომოს და საქართველოში შთაფვლით მონათვლა რა პრობლემაა. ადრე ყველა შთაფვლით ინათლებოდა და ეხლა რა გახდა პრობლემა, მაშინ ცხენები და ვირები ყავდათ ეხლა ავტომობილები, პირიქით გაადვილდა."
ქვეყანა დამისახელე სადაც მდინარე არ არის? საუდის არაბეთში კი არის .. ან დედამიწის ზურგზე არის ადგილი, საიდანაც მდინარემდე ვერ მივალთ, მაშინ რა სიშორე უნდა იყოს ადგილსა და მდინარეს შორის რომ ვთქვათ რომ არ არის მდინარე... ცივ წყალში მონათვლა ვის ვერ უნდა ძალუძდეს? არის ადამიანი ვინც ცივ წყალში ვერ ჩავა? რატომ არის მაშინ ეს ფორმაც განხილული? ნუ არვიცი რა, ამ ფორმებზე კამათი ქრისტიანობისგან ცოცხლი სარწმუნოებისგან შორს არის...
netvorc - (ციტატა) (afxazi): "netvorc, იმედია კლიმენტი ალექსანდრიელსაც არ გამოაცხადებთ მწვალებლად".
ნათლისღების შესახებ:
მოციქულთა 50-ე კანონი:
ნათლობის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ:
არის თუ არა დიდაქე მოციქულთა მოძღვრება:
sopo... - მოციქულთა 50-ე კანონი (http://www.oldorthodox.ge/rjl_mociqulta_48_53.html): "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამი შთაფლვა ერთ საიდუმლოში, არამედ ერთი შთაფლვა უფლის სიკვიდილის მიმართ, დაემხოს, რადგან უფალმა ასე კი არა თქვა, რომ "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-ეცითო", არამედ თქვა: "წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელ-ეცით მათ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით" (მათე. 28:19).
ანუ სამი შთაფლვა და არა ერთიო. ხომ არ წერია აუცილებლად შთაფლვა და არა წყალსხურება. მოკლედ მე მივესალმები თუ აღდგება შთაფლვითი ნათლობა თუნდაც სავალდებულო სახით, თუმცა არ ვფიქრობ რომ მონათლულად არ ითვლება წყლის დასხმით მონათლული, ღრმა ათესიტური პერიოდიდან არც დიდი ხანია რომ გამოვედით, გამონაკლისად შეიძლება ამ დაშვების განხილვაც. რისი თქმაც მინდა ისევ - ამ მიზეზით ეკლესიისგან გასვლა - გაუმართლებელია, და საერთოდ , თუ ოდესმე დავრწმუნდი რომ ღმერთი თითების გამო შეაჩუენებს ან ნათლობის ფორმის - როცა შინაარსი ქრისტიანულია და მიზანი ღვთის დიდება, ალბათ სულ შევაქცევ ზურგს რწმენას...
afxazi - ამაში ვერც ვერასოდეს დარწმუნდები, რადგან ეკლესია ამას არასოდეს არ ასწავლიდა. რაც შეეხება ანთლობას. შთაფვლითი ნათლობა დღესაც სრულდება და აღსრულდება მომავალშიც. მაგრამ ეკლესიისგანა არც თავზე (ხაზს ვუსვამ თავზე და არა შუბლზე) დასხმითი ნათლობაა აკრძალული. თუ არ ვცდები წმინდა მინას ცხოვრებაშია აღწერილი (რომლის ერთ-ერთი ტარგმანიც, სხვათაშორის არსენ იყალთოელს ეკუთვნის), რომ როდესაც ის ერთ-ერთ ადმაიანს მოაქცევს ქრისტიანობაზე და მისი ნათლობის საკითხი დაისმება, წმინდა მინა ამ ადამიანს მიუყვანს ეპისკოპოსებს და სთხოვს ქრისტიანობაზე მოქცეული ადამიანის მონათვლას (იგი თვითონ ერისკაცი იყო). თუ არ ვცდები ცამეტი ეპისკოპოსი შეასრულებს ამ ადამიანის ნათლობას და შეასრულებს თავზე წყლის დასხმით და არა შთაფვლით. ანუ ეს არ ყოფილა რაღაც გამონაკლისი შემთხვევა. ქმედება აღსრულდა აბსოლუტურად მშვიდ ვთარებაში.
sopo... - ძალიან საინტერესო და მანუგეშებელია. მაგრამ ეჭვი მაქვს ამას ძველმართლმადიდებელი ისეთ ახსნას მოუძებნის გული შეგიწუხდება...
ძველმართლმადიდებელი - (ციტატა) (afxazi): "netvorc, იმედია კლიმენტი ალექსანდრიელსაც არ გამოაცხადებთ მწვალებლად".
არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება?
(მასალა აღებულია არქიეპ. პავლეს წერილიდან: "არის თუ არა "დიდაქე" მოციქულთა მოძღვრება?"
გაბატონებული ეკლესიის პრაქტიკაში მასობრივ დამკვიდრებული მწვალებლურ-ლათინური წესის, წყლის თავზე გადასხმითი ან მიპკურებითი "ნათლობის" გასამართლებლად ჩვენი ოპონენტები ხშირად გვიმოწმებენ "12 მოციქულთა მოძღვრებად" სახელდებულ ძეგლს ("დიდაქეს"), რომელშიც წყლის თავზე დასხმა ნათლობის სამგზისი შთაფლვის წესთან არის გათანაბრებული.
ეს ძეგლი როგორც ეს მისი სათაურიდანვე ჩანს, მასში გადმოცემულ მოძღვრებას წმ. მოციქულებს მიაწერს (რასაც სხვათა შორის მკვლევართა ნაწილი არ იზიარებს). შევეცდებით ამ ძეგლის გარშემო ჩვენს ხელთ არსებული გამოკვლევების საფუძველზე ვაჩვენოთ, რომ იგი არა მარტო ნათლისღების, არამედ სხვა მრავალ საკითხებშიც კი ეწინააღმდეგება წმ. მოციქულთა სწავლებას, მათ შორის პირველდაწყებითი ეკლესიის დამოკიდებულებებსაც კი საეკლესიო მსახურების საკითხების ამა თუ იმ ფორმებისადმი.
ჩვენი სურვილია, ქართველ მორწმუნე საზოგადოებას გავაცნოთ "დიდაქეს" სამოციქულო წარმომავლობის უარმყოფელი მოსაზრებები, რათა მარტოოდენ ბ-ნი ედ. ჭელიძის თვალით კი არ აღიქვას იგი, არამედ მის გარშემო დაგროვილ გამოკვლევათა, ეკლესიის კანონიკურ განწესებათა და ეკლესიის კრებითი ცნობიერების ფონზე შეაფასოს მისი სულიერი ღირებულება.
დღევანდელ საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარულია "დიდაქეს" მთავარი აპოლოგეტის, ბ-ნ ედ. ჭელიძის მტკიცება, თითქოსდა "დიდაქე" დაწერილია არა უშუალოდ მოციქულთა, არამედ წმ. მამათა ხელით, მაგრამ მას მოციქულთ მოძღვრება ეწოდება, რადგანაც ყოველივე ის, რაც ძეგლშია თქმული, წარმოადგენს მოციქულთა სხვადასხვა შეგონებებისა და სწავლებების კრებულს" (ხაზგასმა ყველგან ჩვენია - არქიეპ. პ.).
"ასე რომ, - ირწმუნება ბ-ნი ედ. ჭელიძე, - "დიდაქე" წერილობით, სიტყვიერად წმ. მოციქულთა კალამს ეკუთვნის (აქ წინააღმდეგობა ხომ არ არის? - ზემოთ ბ-ნი ჭელიძე ძეგლს არა მოციქულთა, არამედ "წმიდა მამათა" დაწერილად მიიჩნევს, მაშ როგორღა გავიგოთ ის, რომ ეს "დიდაქე" "წერილობით" "მოციქულთა კალამს" ეკუთვნის? - არქიეპ. პ.), ხოლო შედგენილობით წმ. მამებს" (ედ. ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". "მეცნიერება", თბილისი, 1990 წ., გვ. 57).
ვეცადოთ გავარკვიოთ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მოციქულებს ამ ძეგლში გადმოცემული სწავლება და მართლაც წმიდა მამათა დაწერილია თუ არა იგი?!
"დიდაქეს" აღმოჩენა და გამოკვლევები
1873 წელს (ზოგიერთი მონაცემებით 1875 წ.) კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში მიტროპოლიტმა ფილოთეოს ბრიენიოსმა აღმოაჩინა პერგამენტზე გადაწერილი 120 გვერდიანი კრებული, რომელიც მე-11 საუკუნეში გადაუწერია ვინმე ლეონ ნოტარიუსს (კრებული 1056+ წლის 11 ივნისითაა დათარიღებული) და შეიცავს რიგ ნაწარმოებებს, რომელთა შორის არის ძველი და ახალი აღთქმის სინოპსისი, "წმ. მოციქულ ბარნაბას ეპისტოლე", კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლეთა მთელი კორპუსი და სხვები. ამ თხზულებათა შორის აღმოჩნდა "დიდაქეც", ანუ "მოძღვრება თორმეტთა მოციქულთა".
ხსენებული ძეგლი ნათლობის წყალპკურებით წესს დასაშვებად მიიჩნევს რაც მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შეწყნარებული არ არის, ამიტომაც ამგვარი "ნათლობით" შებილწული "ეკლესიების" აპოლოგეტები მცდელობას არ აკლებენ მიაკუთვნონ იგი მოციქულებს და მას კანონიერი სტატუსი მიანიჭონ.
"დიდაქეს უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, - წერს ბ-ნი ედ. ჭელიძე, - რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძენ წმიდა მამათა და სჯულისკანონის მოწმობებს. მეცნიერული კვლევა სწორედ ამგვარ პირთათვის გამოდგა სასარგებლო, რადგან მათ წინაშე ურყევად დაასაბუთა საეკლესიო რწმენა ხსენებული ძეგლის I საუკუნეში დაწერის შესახებ" (ედ. ჭელიძე. დასახ. ნაშრ. გვ. 54).
თავიდანვე, სანამ ძეგლის შედგენის თარიღს შევეხებოდეთ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ მარტოდენ სახელწოდებაში გაცხადებული პრეტენზია (გაიხსენეთ ძეგლს ეწოდება "12 მოციქულთა მოძღვრება") არ კმარა იმისთვის, რომ ძეგლი მაინცდამაინც წმ. მოციქულებს მივაწეროთ. მართლმადიდებელთათვის ცნობილია უამრავი ფაქტი, როდესაც ამა თუ იმ ერეტიკული შინაარსის თხზულებას ხან მოციქულებს, ხან კიდევ წმიდა მამებს მიაწერდნენ. მაგალითად, პირველ საუკუნეში ცნობილი იყო უამრავი (დაახლ. 50-მდე) ყალბი "სახარება", რომლებიც სამოციქულო წარმომავლობის პრეტენზიას აცხადებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ეკლესიამ უარყო ისინი და წმ. წერილის კანონში მხოლოდ ოთხი სახარება შეიტანა (Еп. Аверкий. "Руководство к изучению священного Писания Нового Завета", часть I, Четвероевангелие. Москва 1995 г., стр. 14).
ცნობილია იოანე ღვთისმეტყველის სახელით წარწერილი ცრუ "აპოკალიფსისები, "მოციქულთა მიმოსვლად" ცნობილი ყალბი თხზულება, რომელსაც თავიანთი მწვალებლობების დასამტკიცებლად იმოწმებდნენ ხატთმებრძოლნი და რომელიც მე-7 მსოფლიო კრების განსაკუთრებული მსჯელობის საგნად იქცა.
ან როგორ გავიგოთ "დიდაქეს" "უძველესობა"? რას გულისხმობს ამ სიტყვებში ჩვენი ოპონენტი? ბ-ნ ედ. ჭელიძეს და მის მომხრეებს უნდა შევახსენოთ, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების კანონიკურობას მისი შინაარსი გვიდასტურებს და არა "სიძველე". ყველა ის "სახარებაც" ხომ რომლებიც ეკლესიამ აპოკრიფებად შერაცხა "უძველესია"!
"დიდაქეს" სახელწოდებით მართლაც ცნობილია თხზულება, რომელსაც ეკლესიის ზოგიერთი წმ. მამა საკითხავ წიგნად მიიჩნევდა (მაგ. ათანასე ალექსანდრიელი), მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?
ზოგიერთი მეცნიერის მცდელობა წარმოგვიჩინოს დღევანდელი "დიდაქე", იმ ძველი "დიდაქის" ზუსტ ასლად უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა. გავიხსენოთ ისიც, რომ "დიდაქეს" სამოციქულო წარმომავლობაზე ყველა მეცნიერი ერთი აზრისა არ არის.
რაც შეეხება მტკიცებას, თითქოსდა ""დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძენ წმიდა მამათა და სულისკანონის მოწმობებს", ეს პირდაპირ მკრეხელობას შეიცავს, რამეთუ "დიდაქეს" უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ ევსები კესარიელს (IVს), წმ. ანასტასი ანტიოქელს († 599), წმ. ნიკიფორე კონსტანტინოპოლელს († 828), ხოლო წმიდა და უგანათლებულესმა პატრიარქმა ფოტიმ († 891) თავის საკმაოდ ვრცელ "ბიბლიოთეკაში" "დიდაქე" ყურადღების ღირსადაც კი არ ჩათვალა ("Учение 12 апостолов", изд. Учебно-информативный, экуменический центр апостола Павла. 1996 г. Введение, стр. 39).
ასე, რომ თუ ბ-ნ ედ. ჭელიძის მტკიცებას დავიჯერებთ ეკლესიის ზემოთ ხსენებული და საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე მამებისთვის "ძველბერძენ მამათა და სჯულის კანონის მოწმობებს არავითარი ფასი" არ ჰქონიათ.
შეუძლებელია ბ-ნ ედ. ჭელიძეს არ სცოდნოდა ზემოთ ხსენებულ მამათა, "დიდაქესადმი" დამოკიდებულება, რამეთუ ეს მკლევართათვის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ვეჭვობთ, რომ ჩვენი ოპონენტი ამით მხოლოდ თავს იზღვევს, მეტიც, არაკანონიკური ძეგლის კანონიკურად წარმოჩენის გამო პასუხისმგებლობის აცილებასაც ცდილობს, როცა წერს: "საზოგადოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა ისეთი სიებით სარგებლობა, რომელიც სჯულისკანონში არ შესულა, მეტად საფრთხილოა. მაგალითად, აღვნიშნავთ გელასი პაპის ავტორობით ცნობილ სიას, რომელიც მე-6 საუკუნეს ეკუთვნის. მასში აპოკრიფთა შორის იხსენიება, სხვათა შორის, "მოციქულთა კანონები" (Canones Apostolorum), რაც ცხადია, სრულიად უმართებულოა, რადგან ეს ძეგლი "სჯულისკანონის" საფუძველს წარმოადგენს" (დასახ. ნაშრ. გვ. 60).
მიზანი გარკვეულია, გელასი პაპის მიერ დაშვებული "შეცდომის" წარმოჩენით ბ-ნი ჭელიძე ეკლესიის სხვა მამათა მიერ შედგენილი სიებისადმი მკითხველის უნდობლობის გამოწვევას ცდილობს.
მაგრამ აქ იგი არ გვიმხელს, რომ მეცნიერულ წრეებში აკრძალულ (ანუ აპოკრიფულ) წიგნთა ამ კოდექსის გელასისეული ავტორობა ეჭვქვეშაა დაყენებული (იხ. Полный православный богосл. энциклопедический словарь, т. 1, репр., 1992, стр. 624). გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ გელასის დროისათვის (მე-5 ს.) "მოციქულთა კანონებად" სახელდებული რამდენიმე კრებულია ცნობილი.
ასევე ცნობილია, რომ მოციქულთა კანონების ის კრებული, რომელიც 85 განწესებას შეიცავს და "დიდ რჯულისკანონშია" შეტანილი შედგენილია იოანე III სქოლასტიკოსის მიერ, არსებობს დიონისე მცირის მიერ ბერძნულიდან ლათინურად თარგმნილი "მოციქულთა კანონების" იგივე კრებული, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მასში მხოლოდ 50 კანონია მოცემული. ასე რომ, ბ-ნ ჭელიძეს უნდა განემარტა, მისი აზრით, "მოციქულთა კანონების" რომელი კრებული უნდა ეგულისხმა გელასის. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი ამ საკითხზე უფრო კონკრეტული საუბარი.