ძველმართლმადიდებელი - ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან.
შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც.
იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.
****************************************************
ძნელია მოკლედ, ორიოდ სიტყვით და პოპულარულად გადმოსცე ის შედეგები, რაც რუსეთსა და მის კვალობაზე, ავტოკეფალიაწართმეულ და რუსეთის რეფორმირებულ "ეკლესიას" მიერთებულ საქართველოს მოუტანა 17-ე საუკუნის რუსულმა რეფორმამ. მით უფრო ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც ან ძალზედ ცუდად ან საერთოდ არ იცნობს ამ პრობლემას. საქართველოს ძველმართლმადიდებლური ეკლესიის არქიეპისკოპოსი პავლე, ალმანახ "ივერიის გაბრწყინებასთან" გამართულ პოლემიკაში წერს:
"ჩვენს თანამემამულეებს, სამწუხაროდ, ჯეროვანი წარმოდგენა არა აქვთ არც პატრიარქ ნიკონის (მე-17 ს.) რეფორმაზე და არც იმ მიზეზებზე, რამაც განაპირობა საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება. და ეს არც არის გასაკვირი, რადგან, თუკი, როგორც ცნობილი რუსი მკვლევარი და ბელეტრისტი პ. მელნიკოვი ბრძანებს "უხეშობა და უმეცრება (რომელიც საზოგადოდ ახასიათებდა იმ დროებას - არქიეპ. პ), ირეკლებოდა XVIII საუკუნის უგანათლებულეს მწერალთა თხზულებებში და არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებშიაც, რომლებმაც ცივილიზაციის გზებზე ბევრად გაასწრეს რუსთა ქვეყანას" (И.Мельников (А. Печерский), собр. соч. в восьми томах, т. 8, "Письма о расколе", изд. "Правда". Москва, 1976 г., стр. 14). რა შეიძლება იცოდნენ ამ საკითხში განუსწავლელმა ჩვენმა ოპონენტებმა? თვით პ. მელნიკოვის აღიარებით: "განხეთქილებიდან ორასი წლის განმავლობაში არც რუსეთის ადმინისტრაციას და არც რუსულ ლიტერატურას, ფაქტობრივ, არაფერი გაუკეთებიათ ამ საკითხის გასარკვევად... ადმინისტრაციამ ჯერ კოცონები დაანთო, შემდეგ წვერის ტარებისთვის გადასახადები დააწესა, რასკოლნიკები მასხარის ტანისამოსში გამოაწყო, ბოლოს კი რასკოლის მთელი საქმე შეუღწევადი, საკანცელარიო საიდუმლოებით შემოსა" (ციტ. იქვე. გვ. 6).
ქართველ ძველმორწმუნეთა წინააღმდეგ იდეოლოგიური და დემაგოგიური ბრძოლის იმ მეთოდების ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენს რეალობაში და ხშირად გამოიხატება ძველმართლმადიდებლური ეკლესიის ხან "სექტად", ხან "რასკოლად" გამოცხადებაში ან კიდევ სექტანტთა ჩამონათვალში ე.წ. "იეღოვას მოწმეთა" და "ბახაისტთა" გვერდით მოხსენიებაში, საინტერესოა ზემოთ ხსენებული ნიკონიანელი მკვლევარის შემდეგი აღიარებაც: "რასკოლის საკითხში ცნებათა აღრევისა და უმეცრების უმთავრესი მიზეზი უნდა ვეძებოთ ზუსტი ცნობების სიმწირესა და იმ ცნებათა განსაზღვრებებში, რომლითაც ახასიათებდნენ რუსი ხალხის ცხოვრებაში მომხდარ იმ ნახევრად გასაგებ მოვლენას, რომელიც ჩვენში "რასკოლის" სახელწოდებითაა ცნობილი.
ეს სახელწოდება არის მეტად არაზუსტი და მას მეტად ფართო მნიშვნელობას ანიჭებენ" (იქვე. გვ. 23, 24). ავტორის თქმით, "არ შეიძლება ამ განხეთქილების შემდეგ წარმოქმნილი მრავალი მართლმადიდებლური და სექტანტური მიმართულების გაერთიანება და თავმოყრა ერთ ტერმინში". ანუ არ შეიძლება ერთი საზოგადო ტერმინით დავახასიათოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მიმართულებანი. ისეთი ტერმინოლოგიური განურჩევლობა, როდესაც ადამიანები არსებით განსხავებას ვერ ხედავენ "რასკოლნიკების" სახელით "მონათლულ" მიმართულებებს შორის, ბუნებრივად იწვევდა ისეთ შეცდომებს, "რომელთაც, შეუძლებელი იყო, მოეტანათ რაიმე სარგებლობა" (იქვე გვ. 24).
ჩვენც იგივე გვინდა ვუსურვოთ ჩვენს ყველა ოპონენტს, რომელიც შეხებია ან შეეხება "რასკოლის" საკითხს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება იმ უსამართლობის თავიდან აცილება, რაიც გახლავთ უმეცრებით გამოწვეულ შეცდომათა მწარე შედეგი. მეტიც, მე-19 საუკუნეში მოღვაწე ამ ავტორის აღიარებით "ეს მოვლენა (იგულისხმება საეკლესიო განხეთქილება მე-17 ს. რუსეთში - ეპ. პ.), რომელიც აგერ უკვე ორი საუკუნეა არსებობს (დღეისთვის 2-საუკუნენახევარზე მეტი - ეპ.პ), არსებითად, ჯეროვნად არც არის გამოკვლეული. არც ადმინისტრაციამ და არც საზოგადოებამ საფუძვლიანად არც უწყიან, რა არის "რასკოლი" (იქვე. გვ. 5). და თუკი თვით რუსებს ისეთი უბედურება დამართნიათ, რომ ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ ამ მოვლენის არსი, რაღა შეიძლება მოვთხოვოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სარგებლობენ იმ რუსი ნიკონიანელი ავტორების თხზულებებით, რომელთა ნაშრომებს ცალმხრივსა და ტენდენციურს უწოდებს მრავალი მეცნიერი და მკვლევარი, ხოლო მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს აღიარებით, რევოლუციამდელი ეს ლიტერატურა ძველმორწმუნეებს აკრიტიკებდა "არაკორექტული და მიუღებელი მეთოდებით" ("Вдъ-Информ", Москва. ციტ. "Русь православная" (изд. старообрядческой митрополии) 1999 г., стр. 11 (51, 52).
პ. მელნიკოვი უფრო ობიექტური კვლევისკენ მოუწოდებდა მის თანამემამულეებს და წერდა, რომ "რასკოლის" მეცნიერულ-ანალიტიკური გამოკვლევისთვის საჭიროა შევისწავლოთ:
1) იმ სასულიერო პირთა თხზულებები, რომლებიც წერდნენ რასკოლის შესახებ;
2) თვით ძველმოწესეთა ნაშრომები: როგორც ისტორიული, ასევე პოლემიკური;
3) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებათა საარქივო მასალები (ციტ. იქვე. გვ. 7).
მეტიც, მისი თქმით, "არა მხოლოდ წიგნების მეშვეობით მართებდათ "რასკოლის" შესწავლა (გვ.13), არამედ უნდა ეცხოვრათ ძველმოწესეთა ცხოვრებით მათ მონასტრებში, სკიტეებში, მამულებში, სენაკებსა თუ ტყეებში და ა.შ. შეესწავლათ მათი ყოფა ცხოვრებისეულ გამოვლინებებში, იმ გადმოცემებსა და რწმენაში, რომელიც ქაღალდზე არ დაწერილა, მაგრამ თაობიდან თაობაში წმიდად და ხელუხლებლად არის დაცული..." (იქვე. გვ. 13) სწავლობდნენ (ან სწავლობენ) კი ძველმოწესეობას ასეთი ფორმით და მეთოდებით? რა თქმა უნდა არა! მელნიკოვის თქმით:
"აქამდე რასკოლს სწავლობდნენ ხელის ცეცებით, თანაც თვალახვეულები. თუმცაღა არც სადღეისოდ მოუხსნიათ ადმინისტრატორებსა და მეცნიერ-მკვლევარებს თავიანთ თვალთაგან ეს სახვევები" (იქვე. გვ. 25).
ასეთია ის სამწუხარო რეალობა, რომელიც დამახასიათებელი იყო 200 წლის წინანდელი რუსეთისთვის და დამახასიათებელია დღევანდელი საქართველოსთვისაც".
საინტერესოა არა მარტო იმის გარკევა თუ რატომ და ვისი მიზეზით მოხდა ეს განხეთქილება, არამედ ისიც თუ რამდენად არის ნიკონიანურ-რეფორმატორული "მართლმადიდებლობა" დაცილებული ჭეშმარიტ, ძირძველ სარწმუნოებას".
2007 წელს გამომცემლობა "ალგორითმმა" გამოსცა ბორის კუტუზოვის წიგნი "Тайная миссия патриарха Никона" ("პატრიარქ ნიკონის საიდუმლო მისია").
შეიძლება ითქვას, რომ ბ-ნ ბ. კუტუზოვის ხსენებული წიგნის თავთა სათაურები, არის მოცემულ საკითხებზე არსებული რეზიუმირება, რომელთა შესახებაც ჩვენს მკითხველს საკმაოდ ცუდი წარმოდგენა აქვს.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში, მოხდა რუსული ეროვნული იდეის გაყალბება. კონცეფცია - "მოსკოვი - მესამე სულიერი რომი" (ანუ მოსკოვი, როგორც ჭეშმარიტი ქრისტეანული სარწმუნოების მცველი) განმარტებულ იქნა არა ესქატოლოგიური, არამედ წმიდად პოლიტიკური მნიშვნელობით. რუსული საეკლესიო პრაქტიკის ნაჩქარევი უნიფიკაცია იმდროინდელი ბერძნულის მიხედვით, ნაკარნახევი იყო იმ დიადი ბერძნულ-რუსული აღმოსავლური იმპერიის იდეით, რომელსაც სათავეში რუსი თვითმპყრობელი მეფე უნდა ჩასდგომოდა. ამ რეფორმას ეწოდა მოგვიანებით ნიკონიანური რეფორმა.
ამ "რეფორმის" ფენომენის კვლევას ეძღვნება სწორედ ბ. კუტუზოვის ეს წიგნიც, "რეფორმისა", რომელიც თავისი შედეგების მიხედვით თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ გლობალური იდეოლოგიური დივერსია.
წიგნის ავტორი - საეკლესიო ისტორიკოსი და პუბლიცისტი, მოსკოვის ანდრონიკეს მონასტრის მაცხოვრის ტაძრის რეგენტი, ბორის კუტუზოვი მიდის იმ დასკვნებამდე, რომლის თანახმადაც:
1. ძველი და ახალი ტექსტების შედარება აჩვენებს, რომ "რეფორმას" მიზნად ჰქონდა საღვთისმსახურებო წიგნების გაფუჭება. ერთ ერთი "შემსწორებელი" და "თარჯიმანი" გახლდათ არსენ ბერძენი - რომის იეზუიტური კოლეგიის აღზრდილი.
2. ნიკონიანურ-ალექსეევური" რეფორმა - ეს იყო ვატიკანის ძველი გეგმის განხორციელება.
იეზუიტების ინსტრუქციებიდან თვითმარქვია მეფისადმი მოწმობს, თუ როგორ უნდა დაემკვიდრებინათ უნია რუსეთში: "გამოიცეს კანონი, რათა რუსეთის ეკლესიაში ყოველივე მისადაგებულ იქნეს ბერძენ მამათა განწესებებს..." (იგულისხმებიან უნიატი ბერძნები - oldb.).
3. დამახინჯებულია რუსეთის ეკლესიის ისტორია (კონკრეტულად, XVII საუკუნის პერიოდი.
1660 წლის კრებაზე ნიკონი დაამხეს თავისი საპატრიარქო საყდრისგან. საპატრიარქო წოდება მას ისევ დაუბრუნეს სიკვდილის შემდეგ; კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის და ალექსანდრიის პატრიარქთა ნებადამრთავი სიგელები ფულით იქნა ნაყიდი.
ავტორი ვრცლად განიხილავს თუ ვინ იყვნენ ნიკონის თანაშემწეები საეკლესიო "რეფორმის" საქმეში: მაგალითად, სიმეონ პოლოცკიმ, რომელიც იყო ვილნოს იეზუიტური კოლეგიის კურსდამდავრებული, მეფე ალექსი რომანოვის შვილების აღმზრდელი და 1666/67 წლების კრებათა ოქმების რედაქტორი. მან დიდი ზეწოლა მოახდინა მეფე თევდორეზე, რათა მას "პატრ. ნიკონი დაებრუნებინა მოსკოვში და მისთვის პაპი ეწოდა".
4. წიგნში განიხილება:
ა) რეფორმატორთა სიყალბეები.
ნიკონისეული კონდაკები (სამღვდელმსახურო წიგნი - oldb.) სინამდვილეში "გასწორებულნი" იქნენ არა ბერძნული, არამედ ლათინიზირებული კონდაკების მიხედვით, რომლებიც კიევში იბეჭდებოდა.
ბ) ნიკონის რეფორმის საღვთისმეტყველო უსაფუძვლობა.
1666 წლის კრების დადგენილებები არაჭეშმარიტია და უმოქმედო, რადგან ჯერ კიდევ კრებამდე ორი თვით ადრე, თითოეულმა მონაწილემ წერილობითი დასტური მისცა ალექსი რომანოვს, რომ "აღიარებდა ნიკონის მთელი რეფორმის სიმართლეს".
5-ე თავში: კონსტანტინოპოლის საყდარი, ვატიკანი და რუსეთი, ავტორი ასაბუთებს, რომ ვატიკანის ზეგავლენით, რომანოვთა მთელი დინასტია, თავიდან ბოლომდე, - შეპყრობილია "ბერძნული პროექტის" იდეით.
6. ხოლო თავში: კონსტანტინოპოლის სინდრომი. ანამნეზი: ავტორი ამტკიცებს, რომ ნიკონის "რეფორმის" მომხრეები, იეზუიტები ი. კრიჟანიჩი და მ. სპაფარიუსი აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ "დიადი ბერძნულ-რუსული იმპერიის" შექმნას, რომლის დედაქალაქი იქნებოდა კონსტანტინოპოლში და ხაზს უსვამდნენ, რომ ამისთვის აუცილებელი იყო რუსული და ბერძნული საღვთისმსახურებო პრაქტიკის "ერთობა".
7. მეფე ალექსი მიხეილის ძე იყო "რეფორმის" მთავარი შემოქმედი, განხეთქილების მთავარი დამნაშავე, არატრადიციულ რაკურსში (ავტორი ამტკიცებს, რომ რომანოვის დამახასიათებელი ნიშნები იყო - ბერძნოფილობა, დასავლეთის წინაშე მუხლმოყრა, სისასტიკე, იდუმალება და გონებაჩლუნგობა).
8. პიროვნებები, რომლებმაც განაჩენი გამოუტანეს რუსულ წეს-ჩვეულებებს 1667 წლის კრებაზე. ბერძნები: ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, ალექსანდრიის პატრიარქი პაისი, არქიმანდრიტი დიონისე, პაისი ლიგარიდი იყვნენ პატივაყრილი იერარქები, რომელთაც არავითარი კანონიკური ძალმოსილება არ გააჩნდათ არა თუ განეკითხათ ადგილობრივი პატრიარქი, ეკლესია და მის მიერ შენარჩუნებული წეს-ჩვეულებანი, არამედ მოეწვიათ კრება და ეხელმძღვანელათ მისთვის მართლმადიდებლობის საზიანოდ, რადგან:
აღმოსავლელი პატრიარქები, რომლებმაც მიიღეს საკრებო დადგენილებები 1667 წელს, აკრძალულნი იყვნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პართენის მიერ და თურქეთის მთავრობის მიერ ჩამორთმეული ჰქონდათ თავიანთი კათედრები. მოგვიანებით, ალექსი რომანოვმა, რომელიც შიშობდა არაკანონიკურად არ გამოეცხადებინათ მის მიერ ჩატარებული კრება, წერილებს წერს მსოფლიო პატრიარქსა და თურქეთის სულთანს და აღწევს იმას, რომ მაკარისა და პაისის დაუბრუნებენ წართმეულ კათედრებს.
9. შემდგომ, ავტორი ადარებს ძველ (რეფორმამედელ) და ახალ (რეფორმის შემდგომ ) საეკლესიო-საღვთისმსახურებო ტექსტებს: მაგალითად, ნათლობის საიდუმლოს ძველი და ახალი ტექსტების შედარებით ცხადყოფილია, რომ არსებობს დოგმატური ხასიათი ცვლილებები ძველ და "შესწორებულ" ტექსტებს შორის. მაგალითად:
ძველი ტექსტი: «…молимся тебе, Господи, ниже да снидет с крещающимся дух лукавый».
ახალი ტექსტი: «…ниже да снидет с крещающимся, молимся тебе, дух лукавый».
10. იგივე ითქმის ქერუბიმთა საგალობელზე. სარწმუნოების სიმბოლოზე. ევქარისტულ კანონზე.
11. შემდეგ ავტორი გვაძლევს "შესწორებათა" ცთომილებების კლასიფიკაციას.
12. ცალკე თავი მიეძღვნა საკითხს: სტერეოტიპთა ტყვეობაში.
13. და ცალკე საკითხს: ორი თითით პირჯვრისწერისა და სამი თითით პირჯვრისწერის შესახებ.
14. ცალკე თავში განიხილება აგრეთვე მაცხოვრის სახელის დაწერილობისა და ჟღერადობის შეცვლისა და სამეფო კარის ოკულტიზმის შესახებ (სახელი " Исусъ" შეცვალეს სახელით "Иисусъ" (6 ასო), რადგან "ექვსი" - ასტროლოგებისთვის "წმინდა" ციფრია, მათ შორის ალექსი რომანოვის ასტროლოგებისთვისაც, როგორებიც იყვნენ: ს. პოლოცკი, ა. ენგელჰარდტი და ს. კოლინზი).
15. ავტორი ცალკე განიხილავს იმას თუ როგორ ამზადებდნენ 17-ე საუკუნის "რეფორმას": რომანოვი და მისი სულიერი მოძღვარი სტეფანე ბონიფანტიევი აწარმოებენ კამპანიას:
1) ბერძენი უნიატების რეაბილიტაციისთვის რუსების თვალში;
2) ქმნიან აზრს, რომლის თანახმადაც რუსული საღვთისმსახურებო წიგნები უკიდურესად გაფუჭებულია და საჭიროებენ შესწორებას.
პატრ. იოსები რეფორმის კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ის კვდება საეჭვო ვითარებაში 1652 წლის 15 აპრილს.
16. ავტორი ლაპარაკობს რეფორმის მეორეხარისხოვან შემოქმედებზე და იმაზე თუ როგორ იყვენენ ისინი ამოფარებულნი სამეფო საყრდარს ("საყრდრის ჩრდილქვეშ").
17. ავტორის ზოგიერთი დასკვნა და ჯერაც მოუნანიებელი ისტორიული ცოდვა (ა. ი. სოლჟენიცინის "Красное колесо" ("წითელი ბორბალი"): "... სანამ ძველმართლმადიდებელთ არ ვთხოვთ პატიებას და ყველანი ერთად არ გავერთიანდებით - რუსეთი კარგ დღეს ვერ იხილავს").
18. და ბოლოს: ნიკონო-ალექსეევური "რეფორმა" ს. ა. ზენკოვსკის "Русское старообрядчество" ("რუსული ძველმოწესეობის") მიხედვით.
რადგან მოცემული თემა ეძღვნება ძველმართლმადიდებლობას, განვიზრახე მკითხველებს გავაცნო ამ თემაზე არსებული ლიტერატურა (ცხადია, მნიშვნელოვანი შემოკლებებით) მათი პოპულარიზაციის და გაცნობის მიზნით. ამ მიმართებით, მოცემულ თემაში ვაპირებ გამოვაქვეყნო როგორც ძველმართლმადიდებელ ავტორთა, ასევე ოფიციალური ეკლესიის თვალსაჩინო წარმომადგენელთა ისტორიული გამოკვლევები და საღვთისმეტყველო შეხედულებები. იმედია, ამ თემით დაინტერესებული საზოგადოება ყურადღებით გაეცნობა წარმოდგენილ მასალებს, რომლებიც მას საკითხის გარკვევში უდავოდ დაეხმარება. ხოლო უფრო დეტალურად და დაწვრილებით, ამ და, ცხადია, სხვა მასალებს, მკითხველს შეუძლია გაეცნოს ძველმართლმადიდებელთა ოფიციალურ საიტზე: www.oldorthodox.ge
პირველი პუბლიკაცია, რომელიც ეძღვნება XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რეფორმის საკითხს, რომელსაც თავისი შედეგებითა და მნიშვნელობით მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია, ეკუთვნის ზემოთ დასახელებულ მკვლევარს, მოსკოვის ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელს, ბორის კუტუზოვს. ნაშრომის სახელწოდებაა:
XVII საუკუნის საეკლესიო რეფორმა - ტრაგიკული შეცდომა თუ დივერსია?
1971 წლის რუსეთის ადგილობრივმა კრებამ საზეიმოდ უარყო XVII საუკუნეში ძველ წესებზე და მათ მიმდევრებზე დაწესებული წყევლა და ანათემატიზმა. "მაცხოვნებლად" და ახალი წესების "თანაბარმნიშვნელოვნად" აღიარა ძველი რუსული წეს-ჩვეულებები. მოხსენებაში, რომელიც ადგილობრივ კრებაზე მოისმინეს, ნიკონის რეფორმა დახასიათებული იყო, როგორც "რუსული საეკლესიო საწესჩვეულებო პრაქტიკის ნაჩქარევი და სასტიკი ნგრევა" (См. "Поместный Собор Русской Православной Церкви (30 мая - 2 июня 1971 г.)", Москва 1972).
კრებამ საჭოჭმანოდ მიიჩნია საკითხი, რამდენად აუცილებელი იყო პირჯვრისსაწერი ორი თითის შეცვლა სამი თითით. ეს დადგენილება მოულოდნელი შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ იმას, ვინც პრობლემას არ იცნობს. სიმართლე თუ გნებავთ, 1971 წლის კრებამ მხოლოდ შეაჯამა ძველ წეს-ჩვეულებებზე გამართული მრავალწლიანი დისკუსია და, მოკლედ თუ ვიტყვით, დაამტკიცა უწმინდესი სინოდის ჯერ კიდევ 1929 წელს მიღებული დადგენილება. აი, როგორ ჟღერს იგი საკრებო განსაზღვრებაში:
"განვიხილეთ რა საკითხი… საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული, კანონიკუკრი და ისტორიული თვალსაზრისით, საზეიმოდ ვაცხადებთ:
1) დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი რუსული წესების მაცხოვნებლობის შესახებ, კერძოდ, რომ ისინი არის ისევე მაცხოვნებელი, როგორც ახალი წესები და არის მათი თანაბარმნიშვნელოვანი.
2) დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება ძველი წესების, განსაკუთრებით კი ორი თითით პირჯვრისწერის წინააღმდეგ გამოთქმული ყველა მაძაგებელი გამონათქვამის შესახებ. ყველა ასეთი გამონათქვამი, სადაც და ვის მიერაც უნდა იყოს ის გამოთქმული, არ არსებულად შეირაცხოს.
3) დამტკიცდეს საპატრიარქოს უწმინდესი სინოდის 1929 წლის 23 (10) აპრილის დადგენილება მოსკოვის 1656 წლის კრებისა და მოსკოვის 1667 წლის დიდი კრების წყევლა-კრულევბის გაუქმების შესახებ, რომლებიც ამ კრებებმა დაადო ძველ წეს-ჩვეულებებსა და მათს მიმდევარ მართლმადიდებელ ქრისტეანებს და ეს წყევლა-კრულვანიც არარსებულად შეირაცხოს (იქვე).
შეიძლება ითქვას, რომ აღსულდა ის, რის შესახებაც 1912 წელს წერდა დიდი საკლესიო ისტორიკოსი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის აკადემიკოსი ნ. ფ. კაპტერევი: "1667 წლის კრების მიერ ძველი რუსული საეკლესიო წეს-ჩვეულებების დაგმობა, როგორც ამ საკითხის ზედმიწევნითი და მიუკერძოებელი გამოკვლევა აჩვენებს, იყო სრული გაუგებრობა, შეცდომა და ამიტომაც მთელი ეს საქმე უნდა დაექვემდებაროს ახალ საეკლესიო გადასინჯვას და გამოსწორდეს, რათა აღსდგეს მშვიდობა და აღმოიფხვრას მრავალსაუკუნოვანი მტრობა ძველმოწესეებსა და ახალმოწესეებს შორის, რათა რუსეთის ეკლესია კვლავ იმ ერთობას დაუბრუნდეს რაც იყო ნიკონამდე" (Каптерев. Н. Ф. "патриарх Никон и царь Алексей Михайлович", Сергиев Посад, 1912 г., т. 2, стр. 529).
ამრიგად, თუკი ძველი წესები ახალი წეს-ჩვეულებების თანაბარმნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იბადება კითხვა: საერთოდ რა საჭირო იყო ნიკონის რეფორმა? ამ შეკითხვაზე პასუხი გასცა ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა იოანე ბელევცევმა. თავის მოხსენებაში, რომელიც მან წაიკითხა 1987 წლის მაისში მოსკოვში გამართულ საეკლესიო-სამეცნიერო კონფერენციაზე, პროფესორმა ი. ბელევცევმა განაცხადა, რომ ნიკონის რეფორმა "საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, სრულიად უსაფუძვლო და არასაჭირო იყო" (Русский раскол XVII в. (Доклад проф. прот. ЛДА Иоанна Белевцева на 2-ой международной, церковно-научной конференции в Москве 11 мая 1987 г.).
XVII საუკუნის საეკლესიო განხეთქილება, რომელიც გადაჭარბების გარეშე შეიძლება იწოდოს ეროვნულ კატასტროფად, იყო რეფორმის შედეგი, რომელიც, როგორც ახლა გამოირკვა, არც საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ყოფილა საფუძვლიანი, არც კანონიკურად და, უბრალოდ, "არაფერში სჭირდებოდა" ეკლესიას. მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ვიღას დასჭირდა ეს რეფორმა, როგორი იყო მისი ჭეშმარიტი მიზანი და მიზეზები და ვინ იყო მისი ნამდვილი შემოქმედი?
წინამდებარე სტატიის ავტორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ძველი წესების პრობლემას, მივიდა დასკვნამდე, რომელიც სავსებით ემთხვევა მამა იოანეს ზემოთ მოტანილ განცხადებას: ნიკონის რეფორმას არ ჰქონდა არც საღვთისმეტყველო, არც კანონიკური მიზეზები და საფუძვლები - ის ეკლესიას თავს მოახვიეს ხელოვნურად. რეფორმის მთავარი შემოქმედი იყო მეფე ალექსი მიხეილის ძე, ხოლო ნიკონ პატრიარქი - მისი ნების შემსრულებელი ინსტრუმენტი. ამიტომაც უფრო სამართლიანი იქნებოდა ამ რეფორმისთვის გვეწოდებინა "ალექსეევური" და არა "ნიკონიანური" რეფორმა.
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, რეფორმის აუცილებლობა გამოიწვია დროთა განმავლობაში საეკლესიო-საღვთისმსახურო ტექსტებში დაშვებული მრავალრიცხოვანი შეცდომების გასწორების სურვილმა. მაგრამ რეფორმამდელი (იოსებ პატრიარქის დროს დაბეჭდილი) საეკლესიო წიგნებისა და რეფორმის შემდგომდროინდელი წიგნების მიუკერძოებელი შედარება უეჭველად ადასტურებს ძველი წიგნების უპირატესობას - შეცდომები მათში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს თანამედროვე გამოცემებში. მეტიც, ეს შედარება უფლებას გვაძლევს, გავაკეთოთ საწინააღმდეგო დასკვნები.
რეფორმის შემდგომდროინდელი ტექსტები თავიანთი ხარისხით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ძველ ნაბეჭდ წიგნებს. ამ ე.წ. "შესწორებების" შედეგად თავი იჩინა სხვადასხვა სახის უამრავმა ცთომილებამ, იქნება ეს გრამატიკული, ლექსიკური, ისტორიული და თვით დოგმატური ხასიათის (ტექსტების შედარება იხილეთ ქვემოთ). ასე რომ, თუ რეფორმატორები მიზნად ისახავდნენ ძველნაბეჭდ წიგნებში არსებული შეცდომების გასწორებას, ეს მიზანი დარჩა შეუსრულებელი. თუმცა არსებობდა სხვა მიზანიც, კერძოდ, ბერძნული და რუსული საეკლესიო პრაქტიკის იდენტურობის მიღწევა. თანაც სანიმუშოდ შეირჩნენ ბერძნები, რაც აღნიშნულია მიტროპოლიტ ნიკოდიმოსის მოხსენებაში, რომელიც მან მოსკოვის 1971 წლის ადგილობრივ კრებაზე წაიკითხა (см. "Поместный собор Русской Православной Церкви...). ეს მიმართულება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი.