მართლმადიდებლური ღვთისმსახურება
(მოკლე გადმოცემა)
საეკლესიო-საღმრთო მსახურებათაგან უმთავრესია სამი: მწუხრი, ცისკარი და წირვა (ანუ ლიტურგია).
მწუხრი, როგორც თვით სახელწოდება გვიჩვენებს, საღამოს სრულდება. ცისკარი - გამთენიისას, ხოლო წირვა იწყება დილის 8 ან 9 საათიდან.
დიდ დღესასწაულებსა და კვირა დღეებში მწუხრსა და ცისკარს პირველი ჟამნითურთ შეერთებულად ლოცულობენ. ასეთ ლოცვას ღამისთევითი ლოცვა ჰქვია. ამ ლოცვას მწუხრზე იწყებდნენ და ცისკრის 8-9 საათზე ამთავრებდნენ. ღამისთევითი ლოცვის წინ მცირე მწუხრი იგალობება.
მწუხრის ღვთისმსახურება
მწუხრის ღვთისმსახურებაში წმ. ეკლესია განადიდებს უფალს როგორც შემოქმედს და აქებს მის განგებულებას, რომელიც ღვთის ქმნილებათა, განსაკუთრებით კი ადამიანისადმი მზრუნველობაში ვლინდება. მწუხრის მსახურება პირველწინაპართა ცოდვით დაცემას შეგვახსენებს და აღგვძრავს, რათა შევიმეცნოთ ჩვენი დაცემული მდგომარეობა და ცოდვილიანობა. ამიტომაც, მწუხრის ლოცვებში ეკლესია მოგვიწოდებს ვევედროთ უფალს ჩვენი ცოდვების მოტევება.
ძველ მამათა განწესებისამებრ ყველა საეკლესიო ღვთისმსახურება საზოგადო, საწყისი ლოცვებით იხსნება და, ასევე, საერთო-საზოგადო სასრული ლოცვებით ბოლოვდება. ღამისთევითი ლოცვის წინაც ჯერ დასაწყისი ლოცვები აღსრულდება შვიდი მეტანიით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მღვდელი სრულ შემოსვას.
დიდი მწუხრის დაწყების წინ მღვდელი გააღებს სამეუფო კარს და განწესებისამებრ საკურთხეველში კმევას შეუდგება. გალობის დაწყებამდე საკურთხევლის კმევას გონებრივად შესაქმის იმ მომენტზე გადავყავართ, როდესაც წმიდა მოსე წინასწარმეტყველის თქმით: "ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ" (დაბ. 1:2).
სამეუფო კარის გაღება სამოთხეში მცხოვრები ჩვენი პირველწინაპრების უცოდველ მდგომარეობაზე, ხოლო შემდგომ მათი დახურვა პირველწინაპართა (ადამისა და ევას) ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან განგდებაზე მიგვანიშნებს.
საკურთხევლიდან გამოსვლის შემდეგ მღვდელი ხმამაღლა იტყვის: "აღემართენით, უფალო გვაკურთხენ". სიტყვით "აღემართენით" მღვდელი მოუწოდებს მორწმუნეთ ფეხზე წამოდგნენ და, ამასთან, აღემართონ სულიერად, ანუ მთელი ყურადღება მიაპყრონ ლოცვას და ყოველივე იმას, რაც ღმრთისმსახურებისას მათ თვალწინ ტაძარში აღსრულდება. სიტყვებით: "უფალო, გვაკურთხე" მღვდელი გამოითხოვს საღმრთო კურთხევას საღმრთისმსახურებო ლოცვათა და ქმედებათა დასაწყებად.
ამის შემდეგ იგალობება 103-ე ფსალმუნი: "აკურთხევს სული ჩემი უფალსა", სადაც წმ. დავით წინასწარმეტყველი სამყაროს იმგვარად აღწერს, როგორც ეს მოსეს "დაბადებაშია" გადმოცემული. ფსალმუნი ადიდებს შემოქმედს, რომელმაც ყოველივე "სიბრძნით ჰქმნა".
ფსალმუნის იმ ადგილზე, სადაც იგალობება "ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო", მღვდელი საკურთხეველიდან გამოვა (ამ დროისთვის სამეუფო კარი უკვე დაკეტილია), დადგება წმიდა კარის წინ, მოიხდის სკუფიას და სამი მეტანიის შემდეგ უხმოდ დაიწყებს ლოცვების კითხვას. ამ ლოცვებით, რომლებშიც მიუწვდომელ ნათელში მყოფ უფალს განვადიდებთ მღვდელი ღმერთს შესთხოვს მისდამი მვედრებელთ სულთა განათლებას. ამიტომაც მათ სხვაგვარად განმანათლებელ ლოცვებსაც უწოდებენ.
დახურული სამეუფო კარის წინ მღვდლის დგომა ცოდვით დაცემულ ადამს მოგვაგონებს, რომელსაც უფალმა სამოთხიდან განდევნამდე შუამავალი და კაცთა მოდგმის მაცხოვარი (ქრისტე) აღუთქვა ("თესლი დედაკაცისაი უმზირდეს თავსა გველისასა" დაბ. 3:15). ამ დგომითა და ლოცვითი მეოხებით მღვდელი განასახიერებს საერთო შუამავალს, რომელიც ყველა ადამიანისთვის აღავლენს ლოცვას.
ამის შემდეგ მღვდელი დახურული სამეუფო კარის წინ წარმოთქვამს დიდ კვერექსს ("მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ"), რომელშიც მოიხსენებენ პირველშემცოდეთა იმ უბადრუკ მდგომარეობას, რომელშიც ისინი სამოთხიდან განდევნის შემდგომ აღმოჩნდნენ და ჩადენილი ცოდვის გამო სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა სინანულისა და ითხოვდნენ შეწყალებას ღვთისგან.
ამ კვერექსში პირველწინაპართა და, მათთან ერთად, ჩვენი სულიერი მდგომარეობაც არის გამოხატული და აღევლინება ვედრება, რათა შევურიგდეთ უფალს, მოყვასს და საკუთარ მდგომარეობას ("თავნი თვისნი ურთიერთას და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი, - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ").
კვერექსის დამთავრების შემდეგ მოდის კაფიზმა. კაფიზმები იგივე ფსალმუნებია და დაყოფილია სამ დიდებად. ფსალმუნში სულ 20 კაფიზმაა და ისინი საეკლესიო ტიბიკონის მითითებისამებრ იკითხება. საკვირაო და სადღესასწაულო მსახურებაზე კითხულობენ პირველ კაფიზმას ("ნეტარ არს კაცი").
მწუხრზე კაფიზმის კითხვა ადამიანის გრძნობებს და აზრებს ცოდვით დაცემული პირველწინაპრის იმ შეგრძნებებისა და განცდებისკენ უნდა მიმართავდეს, რომელსაც მათში ჯვარზე სიკვდილით კაცობრიობის ცოდვის გამომსყიდველი მაცხოვრის მოვლინების სასოება იწვევდა.
კაფიზმების ბოლოს ქრისტეს სადიდებლად ვგალობთ "ალილუიას" და ვაქებთ მაცხოვარს, იმას, ვისაც თვით ფსალმუნში უგალობდა წმიდა წინასწარმეტყველი დავითი.
საუფლო დღესასწაულებზე, თუ ისინი არ ემთხვევა კვირა დღეს, კაფიზმის სრული კითხვა განწესებული არ არის და კაფიზმა მხოლოდ პირველ დიდებამდე იკითხება, რამეთუ უხვად აღევლინება მაცხოვრის სადიდებელი ჰიმნები და საგალობლები.
გაგრძელება იქნება