ღირ. ეფრემ ასურელი
მართალი ლოთისა და მღვიძარების შესახებ
გემოთმოყვარენი, რომელთა გულნი ”წურთილნი არიან ანგაჰრებითა”, ხოლო ”თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა და დაუცხრომელითა ცოდვითა”, იტყვიან: ”განა მარტო ჩვენშია ვნება; მისითაა შეპყრობილი ყველა, დიდებულიც და გლახაკიც” და ამდაგვარი მსჯელობით ცდილობენ თავის გამართლებას. ჩვენ გვაქვს შიში იმისა, ვინც ყოველს მიაგებს ”საქმეთაებრ მათთა”, რამეთუ ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ პასუხს ვაგებთ სამსჯავროზე ყველაფრისთვის, რაც კი ამქვეყნად გვიქმნია. იწურებიან დღენნი ჩვენნი როგორც აჩრდილი შუადღისა ამიტომაც, მარადის თვალწინ უნდა გვქონდეს ღვაწლი წმინდანთა, რათა ოდენ მათდამი ისწრაფოდეს ჩვენი გონება და ნავთსაყუდელში შესულებს, მომავალი, დაუღამებელი და დაუსრულებელი ნეტარი ცხოვრებით ტკბობა შეგვეძლოს. ხოლო გარყვნილ კაცთა სიტყვები, რომელნი არიან "განხრწნილნი გონებითა და გამოუცდელნი სარწმუნოებითა. არა წარემატნენ უფროჲს” (2 ტიმ. 3:8,9).
მაშ ასე, ვისმინოთ საღმრთო წერილისა, რომელიც ამბობს: ”არა დავფარო-ა მე პირისაგან აბრაჰამ, მონისა ჩემისა, რომელსა ვჰყოფ მე. ღაღადებაჲ სოდომთა და გომორთა განმრავლდა ჩემდა მომართ, ცოდვანი მათნი დიდ არიან ფრიად. და წარვიდა უფალი, ვითარცა დასცხრა ზრახჳსაგან აბრაჰამისსა. და მიიქცია ადგიდ თჳსსა” (დაბ. 18:17, 20, 33).
"ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა" (დაბ. 19:1). ლოთი შეიწყნარებს მათ. მაგრამ "კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად. და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ" (დაბ. 19:4, 5). მართალს არ შეეშინდა, როდესაც იხილა სოდომელთა სიმრავლე, და თავისი სტუმრები უკეთურებს არ გადასცა. ვითარცა ძაღლნი, უყეფდნენ ლოთს სოდომელნი, მან კი უმალ საკუთარ კართან სიკვდილი ამჯობინა მათ უსჯულოებასთან თანაზიარობას. ამიტომაც, შეიმოსა საჭურველი რწმენისა და ღვთისმოსაობის მცველი გახდა; ბოროტი ჩვეულებით გარყვნილი სოდომელები კი დაუცხრომლად ითხოვდნენ ლოთისგან სტუმრების გაცემას და უყვიროდნენ: "განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა" (დაბ. 19:9-11).
იტყვის კი ვინმე, რომ არაფერს ნიშნავს ამ ღმრთითსაძულველი ცოდვის ჩადენა? იმის მტკიცებას თუ დავიწყებთ, რომ ეს არაფერს ნიშნავს, მაშინ უსამართლობაში თვით ღმერთს დავდებთ ბრალს, რომელმაც თითქოსდა არაფრისთვის მოსრა ქალაქნი სოდომელთა. ამრიგად, ჭეშმარიტების მიერ რწმუნებულნი, მედგრად უნდა ვიცავდეთ თავს ყოველგვარი ვნებისგან, განსაკუთრებით კი ამ საძაგელი ცოდვისგან.
"და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით. რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა. გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა. და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა. და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა. და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა" (დაბ. 19:12-17). ხოლო როდესაც ლოთმა იკითხა ქალაქ სეგორზე, რათა იქით გაქცეულიყო, უფალმა უარი როდი უთხრა ამ თხოვნაზე, მაგრამ გააფრთხილა: "აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ. ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ" (დაბ. 19:21, 22).
ხედავ კაცთმოყვარებას უფლისა? ხედავ მის სიყვარულს მონათა მისთა მიმართ? ხედავ ძალას მართლის ლოცვისა? "ვერ ჴელ-მეწიფებისო, - ბრძანებს, - ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ". გარყვნილებზე განაჩენი გამოტანილია და ცეცხლი ეს ესაა მათ თავზე დაატყდებათ; ანგელოზები ელოდებიან ნიშანს, რომ აღასრულონ ბრძანება თავიანთი უფლისა; მაგრამ შემოქმედმა უბრძანა ზეციურ ძალთ შეეჩერებინათ მოწევნადი წარწყმედა, სანამ მართალი არ გამოვიდოდა უკეთურთა წრიდან. განა არ განჰკვირდა დასი ანგელოზთა, როდესაც იხილა ესოდენი კაცთმოყვარება ღმრთისა? ვის არ შეეშინდება სამართლიანი მსაჯულისა? ვინ არ შეიყვარებს უტკბილეს უფალს რომელიც: "ვითარცა სწყალობს მამაჲ შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი" (ფსალმ. 102:13)?
ხოლო მართლის დამამცირებელნი და დამცინავნი უეცრად წარწყმდნენ, რადგან არ ისმინეს მისი შეგონება. ისინი ხედავდნენ, რომ მზეც თავის ადგილზეა და მთვარეც, ჰაერიც სუფთაა და მიწაც ბალახებითაა დაფარული; არ იყო არც ქუხილი და გრგვინვა, და არც მიწისძვრა. მაგრამ, როდესაც ეგონათ, რომ იკეთილდღევებდნენ და უსაფრთხოდ იქნებოდნენ სრულყოფილ და მშვიდობიან მსოფლიოში, მაშინ მოიწია მათზე წარწყმედა, როგორც წერილ არს: "და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს; და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი. ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს" (ლუკა 17:28, 29). მათი წრიდან მართალთა გაყვანის შემდეგ აწვიმა ყოვლისშემძლე ხელმა უკეთურთ ცეცხლი და წუნწუბა, და ყოველი უკეთური ამოწყვიტა. როგორც მტკიცე ქალაქს დანგრევის შემდეგ იპყრობს გამარჯვებული, ასევე ისინიც, როგორც კი მოაკლდნენ მართლის ლოცვას, სათითაოდ ამოწყდნენ.
ამრიგად, საყვარელნო, გვეშინოდეს უფლისა და ჩვენი მამების ღმერთს შევევედროთ რათა, თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებით თავისი რისხვის დღეს შეგვიწყნაროს. რადგან ნათქვამია: "ესე ყოველნი სახენი შეემთხუეოდეს მათ; ხოლო დაიწერა სამოძღურებელად ჩუენდა, რომელთა ზედა აღსასრული ჟამთაჲ მოიწია" (1 კორინთ. 10:11). ამრიგად, მტკიცედ შეუვრდეთ ღმერთს და მივსდიოთ მის ნებას, რადგან მრავალნი ბოროტმოქმედნი აღძრულ არიან ჩვენს წინააღმდეგ; ხოლო თუკი მივენდობით უფალს, მისი რისხვის დღეს გადავრჩებით.