ღირსი იოსებ ვოლოკოლამელი
მე-13 სიტყვა
ნოვგოროდელ მწვალებელთა სამხილებლად, რომლებიც ამბობდნენ, რომ ერეტიკოსისა და განდგომილის განკითხვა არ შეიძლება. აქ კი წარმოდგენილია წმიდა წიგნთაგან შეკრებილი მოწმობანი იმის შესახებ, რომ ჩვენ მწვალებელთა არათუ განკითხვა, არამედ შეჩვენებაც კი გვმართებს; მეფეებსა და მსაჯულებს კი მათი შეპყრობა და უმკაცრესი დასჯა ევალებათ.
მრავალი ბოროტება მოიმოქმედეს ახალგამოჩეკილმა ნოვგოროდელმა მწვალებლებმა, ალექსი დეკანოზმა, მღვდელმა დენისმა, თევდორე კურიცინმა და მათმა თანამოაზრეებმა. მათ იმგვარად დაჰგმეს წმიდა და ცხოველმყოფელი სამება, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდა იოანე წინამორბედი და სხვა წმინდანნი, რომ სიტყვით გამოთქმაც კი შეუძლებელია; მათ ისე შერყვნეს ეკლესიის სიწმინდენი, წმიდა ცხოველმყოფელი ჯვარი და უწმიდესი ხატები, რომ კაცთა გონებისთვის წარმოუდგენელიც კია. მაგრამ მართლმადიდებელთა თავდადებამ დააფრთხო უკეთურნი, შეეშინდათ, მათი ბოროტმოქმედების გამოააშკარავების შემთხვევაში საკრებო გადაწყვეტილებით არ განსჯილიყვნენ და წმიდა მამათა განწესებებისამებრ სამუდამო წარწყმედას არ მისცემოდნენ, როგორც აქ, ამ საუკუნეში, ასევე მომავალშიც.
ამიტომაც, მართლმადიდებელთა წინაშე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ჭეშმარიტ მართლმორწმუნეთა დაშინებით შეეცადნენ. მაცხოვრის სიტყვებზე დაყრნობით: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ" (მათე 7:1) _ გაავრცელეს აზრი, თითქოსდა მწვალებლები და განდგომილები არ ექვემდებარებიან განსჯას.
ისინი ასევე იმოწმებდნენ წმიდა იოანე ოქროპირს, რომელიც ბრძანებდა, რომ არ შეიძლება შეძულება, ან განსჯა, ან მოკვლა უსჯულოსი და მწვალებლისა, ხოლო თუ გაასამართლებენ, სამეფო ან საერო კანონმდებლობით უნდა იქნენო განკითხულნი და არა ბერების ან იმ (რიგითი) საერო პირების მიერ, ვინც უშუალოდ არ მონაწილეობს სასამართლოს სხდომებში.
მას, ვისაც სურს გაიგოს დაწვრილებით თუ რას გულისხმობს უფლის სიტყვები: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ", წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, ღვთაებრივი ათანასეს და სხვათა იმ მოწმობებს გაეცნოს, რომლებიც მათ ნაწერთაგან ამოუკრებია და ოცდამეცხრამეტე ჰომილიაში გადმოუცია დიდ მამას ნიკონს თავის თხზულებაში. ამჟამად კი მოკლედ განვმარტავთ იოანე ოქროპირის სიტყვებს, რომელიც ამბობს: "არ შეიძლება კაცის სიძულვილი, ან მისთვის ბოროტების მიგება, თუნდაც უკეთური ან მწვალებელი იყოს იგი". ეს დიდი და მოციქულთასწორი კაცი, წმ. იოანე ოქროპირი, აქ, განსაზღვრულ, დროებით შეზღუდვებს გულისხმობს, რამეთუ ასეთი მოქმედება ყოველთვის როდია ღვთის მოსაწონი.
წმ. იოანე ოქროპირი მოწმობს, რომ არ გვმართებს უკეთურისა და მწვალებლის შეძულება ან დაზიანება მანამ, სანამ ის რაიმე სულიერ ზიანს არ მოგვაყენებს. ასე იქცევიან მწყემსნი: სანამ ფარას რაიმე საფრთხე არ ემუქრება, მხართეძოზე წამოწოლილნი სალამურის ტკბილი გალობით ერთობიან და მობარებულ ცხვრებს მშვიდად აძოვებენ. მაგრამ, საკმარისია იგრძნონ საშიშროება, მყის კეტებითა და კომბლებით შეიარაღდნენ.
ისინი, შურდულმომარჯვებულები წინ გადაეფარებიან ფარას და, ზიანის მოყენება რომ ვერ შესძლოს, ნადირს ხმამაღალი შეძახილებით და ყვირილით აფრთხობენ. ამგვარი ქმედება გვმართებს ჩვენც, ქრისტეს სამწყსოს მწყემსებსა და მოძღვრებს.
როდესაც მწყემსმთავარნი ხედავენ ურჯულოს ან მწვალებელს, რომელიც არავითარ ზიანს არ აყენებს მართლმორწმუნეთა სულიერებას, თვითონაც, თავიანთი სულიერი საძოვრისგან დაპურებულებმა მშვიდად და მოთმინებით უნდა დაარიგონ ურჯულონი. მაგრამ, თუკი მწვალებლები ნადირზე უმეტესად გამძვინვარდებიან და მწვალებლური და იუდაისტური მოძღვრებებით შეეცდებიან შერყვნან ქრისტეანნი, მაშინ მართებს მათ ყოველგვარი მოშურნეობა, ყოველი ძალის მოკრება, რათა ნადირის მიერ, ქრისტეს სამწყსოსგან ერთი ცხვარიც კი არ იქნეს წარტაცებული.
როდესაც მართლმორწმუნეს არას ერჩიან ურჯულონი და მათ შეცდენას არ ცდილობენ, არ გვმართებს რაიმე ვნება მივაყენოთ მათ, მაგრამ როდესაც მართლმორწმუნეთა შეცდენას ცდილობენ, მაშინ არა ოდენ შეძულება ან განკითხვა, არამედ წყევლა, შეჩვენება და ფიზიკური მოწყვლით ჩვენი ხელების კურთხევაც კი გვმართებს.
ასე ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც წერს: "როდესაც ღმრთის მხოლოდშობილ ძეზეა ლაპარაკი, ერთს გთხოვთ, საყვარელნო, დასაჯეთ ქალაქში გამოვლენილი ღვთის მოკიცხარნი. თუ გაიგებ, რომ ვინმე გზაჯვარედინზე ან საჯარო თავშესაყარზე აძაგებს ჩვენს უფალს იესუ ქრისტეს, მიდი და აუკრძალე; ცემაც რომ დაგჭირდეს მისი, ნუ შედრკები _ დაჰკარი მას! შემუსრე კბილნი მისნი და აკურთხე ხელნი შენნი დაწყლულებით! თუ დაგაკავონ და მიგგვარონ მოსამართლეს _ დაჰყევი და, როდესაც გამოგკითხავს მსაჯული და ჩვენებას მოგთხოვს, გაბედულად უპასუხე, რომ ანგელოზთა მეუფის გინებისთვის შეურაცხჰყავ დაზარალებული; რამეთუ თუკი ამქვეყნიურ ხელმწიფეთა შეურაცხმყოფელნი არ რჩებიან დაუსჯელნი, მით უმეტეს, უმკაცრეს სასჯელს ექვემდებარებიან ზეციური მეფის შეურაცხმყოფელნი.
ცოდვის სიმძიმე დააწვება ყველა უსამართლოს. როგორც იუდეველებმა, ასევე საძაგელმა მწვალებლებმა უნდა გაიგონ, სახელმწიფოს აღმშენებელნი, მცველნი, მოძღვარნი და მხსნელნი რომ არიან ქრისტეანნი.
დე უწყოდენ დაუოკებელმა, გარყვნილმა იუდეველებმა და მწვალებლებმა, ღვთისმოშიშთა წინააღმდეგ რომ იბრძვიან, _ თუ, ოდესმე რაიმე უკეთურის ქმნას ინდომებენ, ერთი მეორის მიყოლებით იდევნონ, რაითა ქრისტეანთა სახელის გაგონებისაც ეშინოდეთ და მათ აჩრდილთა წინაშეც კი ძრწოდნენ.
იქნებ არ უწყით, როგორ მოიქცა იოანე ნათლისმცემელი, როდესაც საქორწინო სჯულის შემრყვნელი დესპოტი იხილა? გაბედულად ამხილა იგი და უთხრა: "არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი" (მარკოზი 6:18); ხოლო მე უსამართლო მსაჯულებსა და უსჯულო საქორწილო ურთიერთობებზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ ღვთის მოკიცხრებზე. სიკვდილმაც რომ გიწიოთ, ძმის შეგონება ნუ დაგზარდებათ, რამეთუ ამგვარი ღვაწლი მოწამეობაა ქრისტეს სახელისთვის. განა თვით იოანეც მოწამე არ არის? არც კერპთადმი შეწირვა მოუთხოვიათ მისთვის და არც კერპთთაყვანისცემა, არამედ საღვთო სჯულის სიწმიდისთვის გასწირა თავი, რამეთუ ხედავდა, როგორ ითრგუნებოდა იგი".
იგივე წმიდა მამა გვასწავლის: "მრავალგზის გამცნებთ უღვთო მწვალებელთა შესახებ, საყვარელნო, და კვლავაც გევედრებით, ნურაფერი გექნებათ მათთან საერთო: ნურც ტრაპეზი, ნურც მეგობრობა და სიყვარული. ვინც ასე არ იქცევა, უცხო ექმნება ქრისტეს ეკლესიას. ანგელოზივით წმინდადაც რომ ცხოვრობდეს ვინმე და სიყვარულის ან მეგობრობის საკვრელებით იყოს შეკრული მწვალებლებთან _ უცხოა იგი ჩვენი უფლის, იესუ ქრისტესთვის. როგორც ქრისტესადმი სიყვარულით ვერ ვძღებით, მის მტერთა სიძულვილითაც ვერ უნდა გავძღეთ, რამეთუ თავადვე ბრძანებს: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა" (მათე 12:30).
წმ. მოციქულთა საქმეებში წერილ არს, როდესაც მოციქულნი პეტრე და იოანე ჩავიდნენ სამარიას, სიმონ მოგვმა მოუტანა მათ ფული და უთხრა: "მეც მომეცით ეგ ძალა, რომ ჩემგან ხელდასხმულმაც მიიღოს სული წმიდა" (საქმე მოციქულთა 8:19). წმ. მოციქულთ მაშინ ამის გამო სასიკვდილოდ არ გაუწირავთ იგი, სიკვდილით სიმონ მოგვი მაშინ დაისაჯა, როდესაც სრულ უკეთურებამდე დავიდა და ღვთისმოსავ მორწმუნეთა გახრწნა და ცთუნება იწყო (იხ. ცხოვრება წმ. პეტრე მოციქულისა. ხს. 29 ივნისი (თარიღები ყველგან მითითებულია ძველი სტილით - ადმ.)).
ასე მოიქცა წმ. იოანე ღვთისმეტყველიც. სანამ კვინოპე თავისთვის იყო და არ ეხებოდა მართლმორწმუნეთ, მოციქულს იგი არ განუკითხავს, მაგრამ როდესაც ქალაქში მართლმორწმუნეთა საცთუნებლად ჩამოვიდა, სიკვდილით დასაჯა (ხს. 26 სექტემბერი).
ასე მოიქცა წმ. ფილიპეც, რომელიც მანამ არ შეხებია მღვდელმთავარს და არ განუკითხავს, სანამ არ დარწმუნდა, რომ იგი მართლმორწმუნეთა საცთუნებლად იყო ჩამოსული. აი, მაშინ კი დასაჯა სიკვდილით. ასევე, არც მოციქულ პავლეს უძებნია ელიმა მოგვი დასასჯელად და არც განუკითხავს, მაგრამ, როგორც კი იხილა მისი მზაკვრობა _ რამეთუ ანთიპათეს შეცდენა სურდა _ დააბრმავა იგი (საქმე მოციქულთა 13:6-11).
ზუსტად ასე იქცეოდნენ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები, ჩვენი მოძღვრები და მღვდელმთავრები. ასე, მაგალითად, წმ. იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერი), სანამ დარწმუნებული იყო, რომ კონსტანტინოპოლში მცხოვრები არიანელები ჯერ კიდევ არას ერჩოდნენ მართლმორწმუნეთ, არ ცდილობდა რაიმე ვნება მიეყენებინა მათთვის, მაგრამ, როგორც კი იხილა, რომ არიანელებმა ხალხის ცთუნება და გარყვნა იწყეს და ერთარსობის საწინააღმდეგოდ ერთგვარი კითხვა-მიგებაც კი შეთხზეს, მაშინ მღვდელმთავარი მეფეს ამ უკანასკნელთა ქალაქიდან გაძევებას შეევედრა.
წმ. პორფირეს, ღაზელ ეპისკოპოსს (ხს. 26 თებერვალი) მანამ არ განუკითხავს ღაზაში მცხოვრები მანიქეველნი, ვიდრე ისინი მართლმორმწმუნეთა შერყვნას დაიწყებდნენ, _ მაშინ წმ. პორფირემ ჯერ დაამუნჯა, ხოლო შემდეგ სასიკვდილოდ განსაჯა ისინი. მსგავსადვე ქმნა წმ. ლეონ კატანელმაც (ხს. 20 თებერვალი), რომელსაც უცებ კი არ განუსჯია სასიკვდილოდ მწვალებელი ილიოდორე, არამედ მაშინ, როდესაც ეს უკეთური ათასგვარი საცთურის საქმნელად მივიდა ეკლესიაში და მართლმორწმუნეთა დაბრკოლებას შეუდგა. მაშინ, გამოვიდა ლეონი ეკლესიიდან და ლოცვით ცეცხლს მისცა ილიოდორე, შემდეგ კი ისევ ტაძარში შევიდა და საღმრთო წირვა აღასრულა.
ასე ქმნა წმ. თევდორე ედესელმაც (20 თებერვალი). მწვალებლები ბევრნი იყვნენ ედესში, მაგრამ მართლმადიდებლები არ ეხებოდნენ მათ, რადგან არც მწვალებლები ეხებოდნენ ეკლესიას. მაგრამ, როდესაც მღვდელმთავარმა იხილა, როგორ უკეთურებამდე დავიდნენ ისინი, აცთუნებდნენ მართლმორწმუნეთ და ძარცვავდნენ საეკლესიო ქონებას, ბაბილონს გაემგზავრა და მწვალებელთა მოსპობას შეევედრა იმპერატორს.
მრავალი ასეთი მაგალითის მოტანა შეიძლება წმ. წიგნებიდან და მამათა ცხოვრებიდან. თუ მწვალებელნი მართლმადიდებელთ არას ერჩოდნენ, არც წმიდა და ღირსი მამები განიკითხავდნენ მათ, მაგრამ, როგორც კი მართლმადიდებელთა ცთუნებას შეეცდებოდნენ ისინი, მკაცრად სჯიდნენ. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, რამეთუ ამჟამად გამოჩეკილმა მწვალებლებმა ერს ისეთი სულიერი წარწყმედა და ზიანი მოუტანეს და იმდენი მართლმორწმუნე შეიტყუეს იუდაისტურ მწვალებლობაში, რომ მათი აღრიცხვაც კი შეუძლებელია. ამიტომ, თითოეული მართლმადიდებელი მოვალეა, გამოააშკარავოს და აღმოფხვრას მათი მზაკვრობა. ხოლო ამგვარი მოღვაწება თანაზიარს გაგვხდის ზეციური სასუფევლისა.
ჯერ არს, წმ. საეკლესიო მოძღვრის, იოანე ოქროპირის იმ სიტყვებზეც ვიმსჯელოთ, რომელიც გვამცნობს: "არც მწვალებელთა მოკვლა გვმართებს, რამეთუ თუკი მწვალებელთა განადგურებას მივყოფდით ხელს, განუწყვეტელი ომები იმძვინვარებდა მსოფლიოში". წმიდა მღვდელმთავარი აქ ეპისკოპოსებს, სამღვდელოებას, ბერებსა და მთელ საეკლესიო დასს გულისხმობს და არა საერო მთავარს თუ მსაჯულს; ასე რომ არ იყოს, იტყოდა: საერო მთავრებსა და მსაჯულთ მწვალებელთა მოკვლა არ ეგებისო, მაშინ, როდესაც ნათლად აჩვენებს, რომ აქ ეპისკოპოსებზე, სამღვდელოებაზე, ბერმონაზვნებზე და მთელ საეკლესიო დასზეა ლაპარაკი, რამეთუ თავადაც, თავიდანვე ბერი, შემდგომ კი მღვდელი და ეპისკოპოსი, მათივე პირით ამბობს: "მწვალებელთა განადგურებას თუ მივყოფდით ხელს, განუწყვეტელი ომები იმძვინვარებდა მსოფლიოში"-ო და აქ, მეფეებს, საერო მთავრებსა და მოსამართლეებს როდი გულისხმობს.
ამქვეყნიურ ხელმწიფეთა და მსაჯულთა შესახებ წმიდა მოციქული ბრძანებდა, რომ მათ ბოროტეულთა დასასჯელად უფლისგან მიიღეს ხელმწიფება. მთავარმოციქული პეტრე გვმოძღვრავს: "ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად. ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას" (1 პეტრე 2:13-15).
იგივეს გვასწავლის წმ. მოციქული პავლე "ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ" (რომ. 13:3, 4).
წმიდა მამებიც ასევე გვასწავლიან:
წმ. იოანე ოქროპირი: "მაშ ასე, ამქვეყნიური ხელმწიფება ადამიანთა სასარგებლოდ ღმერთს გაუჩენია და არა ეშმაკს, როგორც ზოგიერთი უკეთური ფიქრობს; მეფე იმისთვისაა დადგენილი, რომ თევზებივით ერთმანეთი არ დაჭამონ ადამიანებმა. ამიტომაც ბრძანა წმ. მოციქულმა პეტრემ: "ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას" (1 პეტრე 2:15).
იგივეს სჯულმდებლობს წმ. გრიგოლ აკრაგანელიც: "დიდია ღვთის კაცთმოყვარებით ზეგარდმო მონიჭებული მადლი მღვდლობისა და მეფობისა. ერთი ღმერთს მსახურებს, ხოლო მეორე ადამიანებზე ზრუნავს. მას, ვისაც უზენაესისგან კაცთა მოდგმის მმართველობა მიენიჭა, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი კი არ მართებს ოდენ, არამედ კეთილმოწყობა ყოველივესი, რაზედაც კი მბრძანებლობს. ცოდვის მომტან ქაოსისა და ბობოქრობისგან უნდა იცავდეს მეფე სახელმწიფოს, რამეთუ ჩვენ ყოველი მხრიდან გვიტევენ მზაკვარი სულები და აღაშფოთებენ მორჩილთ".
შეიძლება მოგვიგონ: წმიდა მოციქულები და ღირსნი მამანი კაცისმკვლელთა, მრუშთა, ქურდთა, ყაჩაღთა და სხვათა ბოროტმოქმედებათა საწინააღმდეგოდ მიმართავდნენ ხელისუფალთ, მწვალებელნი და განდგომილნი აქ არაფერ შუაში არიანო. მაგრამ, თუკი ეს ავის მქმნელთა, მემრუშეთა და სხვა ბოროტმოქმედთა გამოა ნაბრძანები, მითუმეტეს, მწვალებელთა და განდგომილთა წინააღმდეგაც მსგავსადვე გვმართებს მოქმედება. ამის შესახებ მოწმობენ წმიდა წიგნები. წმიდა, სამოქალაქო, საკანონმდებლო განწესებებში უსჯულოთა და მწვალებელთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი, ვინც წმიდა ნათლისღების ღირსნი იქმნენ, მაგრამ შემდგომ მართლმადიდებლუ რწმენას განეშორებიან და ელინთა "ღმერთებს" უძღვნიან შესაწირავს, სიკვდილით დაჯას დაექვემდებარონ; თუ ებრაელი გაბედავს ქრისტიანული სარწმუნოების შერყვნას _ თავი მოეკვეთოს; მანიქეველები და სხვა მწვალებლები, რომლებიც გაქრისტიანდებიან (ე. ი. მოექცევიან) და შემდგომ მწვალებლურ ბრძნობასა და ყოფას მიჰყვებიან _ თავი მოეკვეთოთ; ხოლო ისინი, ვინც ამდაგვართა შესახებ უწყოდნენ და არ გადასცენ ისინი მართლმსაჯულებას _ სასიკვდილო განაჩენს დაექვემდებარონ;
ხოლო, თუ ვინმე მხედართმთავარი ან მეომარი, ან თემის ხელმძღვანელი, რომელიც ვალდებულია იფხიზლოს და ყურადღება მიაქციოს მასზე მიბარებულ ერს, იფხიზლოს, მწვალებლურად ხომ არ მსჯელობს ვინმე, უწყებულ იქნება ამგვართა შესახებ და მართლმსაჯულებას არ გადასცემს _ თუნდაც მთავარი და მართლმადიდებელი იყოს _ სიკვდილით დაისაჯოს!
მაშ, რატომ ვამტკიცებთ, თითქოსდა მწვალებელთა და განდგომილთა დასჯა არ შეიძლებოდეს? განა ზემოთ თქმულიდან ცხადი არ არის, რომ არათუ განკითხვა, არამედ მათი მკაცრად გასამართლებაცაა საჭირო, რაც არა მხოლოდ მწვალებლებსა და განდგომილთ, არამედ თვით მართლმადიდებელთაც კი ეხება იმ შემთხვევაში, თუ მათ იციან მწვალებელთა და განდგომილთა შესახებ და სამართლიან მსჯავრს არ გადასცემენ უკეთურთ. თუ ვინმე იტყვის: "ეს სამოქალაქო კანონია და არა მოციქულთა ან წმიდა მამათა განჩინება"-ო, მან ღირს მამას, ნიკონს (შავმთელს) მოუსმინოს, რომელიც სამოქალაქო კანონების შესახებ თავის ღვთითშთაგონებულ თხზულებებში, კერძოდ 21-ე ჰომილიაში ბრძანებს: "წმიდა და სათაყვანებელმა სულმა განაბრძნო ღვთაებრივი მამები, რომლებმაც წმიდა კრებებზე სულიწმიდითვე ბოძებული ღვთაებრივი განწესებები დაადგინეს; წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა კანონები, თხზულებები და თვით უფლის მიერ გამოთქმული წმიდა მცნებები შეგვინახეს. საღვთო სჯულმდებლობა ძველთაგანვე სამოქალაქო კანონებთან და განსაზღვრებებთან იყო შერწყმული. ასე აღმოცენდა დიდი რჯულისკანონი. ასე, რომ წიგნი, რომელშიც ღვთაებრვი განწესებანი, უფლის მცნებები და წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა გამონათქვამები სამოქალაქო კანონებთან არის შერწყმული, შემთხვევით კი არ შედგა, არამედ საღმრთო განკარგულებით მოგვეცა, რამეთუ წმიდა, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე შეკრებილმა ღვთივგანბრძნობილმა მამებმა სულიწმიდის წინამძღოლობით შეკრებილ საღმრთო განწესებებს, კანონებს, წმიდა მამათა სწავლებებსა და უფლის მცნებებს და სამოქალაქო სჯულმდებლობაც მიუერთეს. მაშ, ვინ არის ის კადნიერი, რომელიც გაბედავს და დაჰგმობს იმას, რაც სულიწმიდისა და წმიდა მამათაგან არის მიღებული და შეერთებულია წმ. წერილს?!"
ასევე მსჯელობს წმ. ათანასე დიდიც: "ისინი, ვინც ამბობს, თითქოსდა სასიკვდილო ცოდვათა ჩამდენის დასჯა არ არის ნებადართული, თავადვე მწვალებლობის მსახურია; ისე რომ ყოფილიყო, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ მართალი ნოე მონობის მსჯავრს არ დაადებდა უკეთურ ქამს და თავის ძმათა მონად არ განამწესებდა (დაბ. 9:20-27). თვით მოსემ ბრძანა ხბოს თაყვანისმცემელი სამი ათასი კაცის დახოცვა (გამოსვლ. 32:25-28) და შაბათს შეშის შემგროვებელიც კი ჩააქოლვინა (რიცხვ. 15:32-36). იესუ ნავემ ქურდობისთვის მთელი თავისი სახლეულობით გაანადგურა ყაქანი (იესუ ნავე 7:19-26). ფინხასმა სიძვისთვის მოკლა ზამბრია (რიცხვ. 25:6-8), ხოლო სამუელმა ბოლო მოუღო აგაგს ღვთის წინაშე (1 მეფეთა 15:32, 33). წმ. ელიამ ღორივით დაკლა ცრუწინასწარმეტყველნი (3 მეფ. 18:10-44), ხოლო ელისემ გამოძალვისთვის კეთრით მოსწყლა გეხაზია. დანიელმა მოსეს სჯულის თანახმად, ჯერ ამხილა მემრუშე უხუცესები, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯა ისინი; წმ. მოციქულმა პეტრემ, რომელსაც ცათა სასუფევლის გასაღებნი ებოძა ღვთისგან, ანანიასა და მისი ცოლის საქციელი დაგმო იმის გამო, რომ მათ დამალეს თავიანთი შემოსავლის ნაწილი, შემდეგ კი სული ამოერთვა ორივეს (საქმე მოციქულთა 5:1-10). ასევე პავლემ სატანას გადასცა ალექსანდრე მჭედელი, ჰიმენოსი და ფილიტოსიც, რათა "განისწავლნენ არა გმობად" (იხ. 1 ტიმ. 1:20; 2 ტიმ. 2:17). ასეთი მსჯავრი გამოჰქონდათ მართალთ და არ განსჯილან; ხოლო მწვალებლობაში ჩავარდნა და ქრისტეს უარყოფა ყოველგვარ სასიკვდილო ცოდვაზე უმძიმესია"-ო, ბრძნებს ღვთაებრივი ათანასე.
დიდი იოანე ოქროპირი წერს: "სამეფო მსჯავრითა და საერო სჯულმდებლობით აღვირი უნდა აესხას უგუნურ კაცთა ბოროტ ნებას, რომლებიც სასიკვდილოდ სცოდავენ და სულისა და ხორცის წარწყმედას ესწრაფვიან". ზუსტად იგივეს ბრძანებენ წმიდა მამათა კანონმდებლობანი. მაშ, ისმინეთ მეფენო და გულისხმაჰყავით, რომ უფლისგან მოგენიჭათ თქვენ მეუფება ბოროტეულთა დასჯისა და მართლმადიდებელთა დაცვისა, რადგან მსახურნი ხართ ღვთისა (შეად. სიბრძნე სოლომონისა 6:1-6). იმისთვის დაგადგინათ მან თავისი ხალხის მწყემსებად და მცველებად, რომ მგლების შემოტევისგან დაიცვათ მისი სამწყსო. ღმერთმა თAვის ნაცვლად დაგადგინათ თქვენ; წყალობა და სიცოცხლე გიბოძათ უფალმა, მახვილი გადმოგცათ უზენაესის მარჯვენამ და ნუ დაუშვებთ, რომ უსამართლობამ დათრგუნოს ჭეშმარიტება; გეშინოდეთ ზეციური ნამგლისა და საკუთარ ნებაზე ნუ მიუშვებთ ბოროტმოქმედთ, რომლებიც ცოფიანი ძაღლებივით თავს ესხმიან მართალთ, რამეთუ გიჟსაც შეიძლება მიეცეს მახვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხორცისა და სულის წარმწყმედელად თუ შეექმნება!"
ვისზეა ნათქვამი, რომ არა მხოლოდ ხორცს, არამედ სულსაც ღუპავენ წარსაწყმედად? მკვლელებსა და ყაჩაღებს მოყვასის შევიწროება და სხეულის წარწყმედა ძალუძთ მხოლოდ. როდესაც ოქროპირი "სულისა და ხორცის წარმწყმედელებზე" მსჯელობს, მწვალებლებსა და განდგომილებს გულისხმობს, რამეთუ ისინი, თავიანთი მწვალებლური სწავლებით სხეულთან ერთად ღუპავენ შეცდენილ მართლმადიდებელთა სულებსაც. ეს ბოროტება იმათ სულებსაც აწვება, ვინც ამ თვითნებობამდე მიუშვა ისინი, _ ანუ მეფეებს, მთავრებსა და მსაჯულთ, რამეთუ თავისუფლება მიანიჭეს ბოროტმოქმედთ; ამიტომაც, მეორედ მოსვლის ჟამს სასტიკად მოჰკითხავს მათ ღმერთი საშიინელ სამსჯავროზე. ასე, რომ განსაკუთრებული მონდომება მართებთ მეფეთა და მთავართ ქრისტეს წინააღმდეგ ამხედრებულ მწვალებელთა დასასჯელად.
ამის თანხმიერად გვმოძღვრავს წმიდა ოქროპირიც: ის, რაც უფლის ნებით აღესრულება, გარეგნულად ბოროტებადაც რომ ჩანდეს, სინამდვილეში შეიძლება უმეტესი სიკეთე იყოს; ხოლო ის, რაც ღვთის ნების საწინააღმდეგოა დაარ ნებავს უფალს, თუნდაც სიკეთედ გვესახებოდეს, უაღრესი ბოროტება და სჯულის საწინააღმდეგო საქმეა. თუ ვინმე კაცთმოყვარების გამო იქმს მოწყალებას, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ღვთის ნებას _ წყალობა იგი ყოველგვარ მკვლელობაზე უბოროტესად ჩაითვლება. არა საგანთა ბუნება, არამედ ღმრთის სამართალი ქმნის მათ კეთილად ან საძრახისად. ამ ჭეშმარიტების გულისხმისსაყოფად რამდენიმე მაგალითიც მოისმინე:
საულმა, ისრაელის მეფემ, ერთხელ ღმრთის ნების საწინააღმდეგოდ შეიწყალა ყამალეკის მეფე აგაგი, რის გამოც ღმერთმა გაკიცხა მთელი მისი სამეფო (1 მეფ. 15).
აქაბმაც შეიპყრო ასურელი ჰადადი და ღვთის ნების საწინააღმდეგოდ დიდი პატივითაც გაისტუმრა, რის გამოც ღმერთმა წინასწარმეტყველი მიუგზავნა აქაბს და უთხრა: "ასე ამბობს უფალი, რაკი ხელიდან გაუშვი ჩემგან დარისხებული კაცისმკვლელი, იყოს შენი სიცოცხლე მისი სიცოცხლის წილ და შენი ხალხი მისი ხალხის წილ" (3 მეფ. 20:26-34, 42).
ერთხელ ერთმა წინასწარმეტყველმა (უფლის დავალებით) სთხოვა ერთ კაცს: "უფლის ნებით, მცემე!" მაგრამ არ ინდომა ამ კაცმა მისი ცემა. მაშინ უთხრა: აკი არ ისმენ ღვთის სიტყვას, წახვალ თუ არა ჩემგან, ლომი მოგკლავს. წავიდა ისიც მისგან, შეეყარა ლომი და მოკლა ლომმა. მოძებნა სხვა კაცი და უთხრა: მცემე, და იმ კაცმა იმ ზომამდე სცემა, რომ დააწყლულა" (3 მეფ. 20:35-37). საკვირველი არ არის განა? წინასწარმეტყველის მცემელი გადარჩა, შემწყალებელი კი _ მოკვდა. მაგრამ გულისხმაჰყავ, როდესაც ღმერთი ბრძანებს, მოსახდენის არსის გარჩევა კი არა, ღვთისადმი მორჩილება და მისი ნების აღსრულება გვმართებს. ამიტომაც იყო, რომ ღირსნი და ღმერთშემოსილი ჩვენი მამები, მოძღვრები და განმანათლებლები აგრერიგად ევედრებოდნენ მეფეებსა და მთავრებს მწვალებელთა განადგურებას.
ასე მაგალითად, მეექვსე მსოფლიო კრების მამები მიმართავდნენ ღვთისმოსავ მეფე იუსტინიანეს, "ხოლო შენ, მეფეო, აი, რისთვის გმართებს ზრუნვა: თუ ნახავ, რომ ელინური ან იუდაური მწვალებლური ბოროტების ღვარძლი ხორბლის (ე. ი. მართლმადიდებლობის - ადმ.) ჯანსაღ მარცვლებს ერევა, ამოძირკვე იგი, როგორც სარეველა! დე, განგდებულ იქნენ ისინი და განწმენდილ იქნეს ნიადაგი ეკლესიისა მეფეთა და მთავართა საღმრთო მოშურნეობით, ღვთისმოსაობის დამცველ ფინხაზის მსგავსად, რომელმაც შუბით განგმირა ცოდვა".
იერუსალიმში შეკრებილმა წმიდა მამებმაც ვრცელი არზით მიმართეს ბერძენთა მეფეს, თეოფილეს: "შენ კი, მეფეო, მორჩილთა ლოცვას მიაყურადე და მოწყალე ექმენ ეკლესიას; დააცხრე საეკლესიო უთანხმოებანი და უპირველეს ყოვლისა ბოროტმორწმუნე განდგომილთა ბობოქრობა აღხოცე".
ასევე, მართლმადიდებელ ქრისტეანთა პირველმეთაურმა, მოციქულთა სწორმა მეფემ, დიდმა კონსტანტინემ, საბოლოოდ დაამხო და საპყრობილეში ჩაამწყვდია ბნელი და მეორე იუდად წოდებული არიოზი და მისი ყველა თანამოაზრე. მოგვიანებით, უბრწყინვალესმა მნათობმა, მეფის მემკვიდრემ, თეოდოსი დიდმა, რომელმაც სულიწმიდის მგმგობელ მაკედონიუსის, ევნომესა და არიანელთა საწინააღმდეგოდ წმიდა მამათა მეორე ღვთაებრივი კრება მოიწვია, დასწყევლა მწვალებელნი და საპყრობილეში ჩააგდო შერცხვენილნი.
გონიერებითა და სახელით თეოდოსი დიდის მემკვიდრემ, თეოდოსი მცირემაც ეფესოში მოიწვია კრება და დაამხო ნესტორიუსი. ხოლო ღვთისმოსაობაში დიდმა მარკიანემ, რომელმაც მეოთხე მსოფლიო კრება მოიწვია, ევტიქისა და დიოსკორე ფუჭადმოუბრის შეჩვენება და საპყრობილეში ჩამწყვდევა ბრძანა. ამის შემდეგ, ჰერაკლეს შვილიშვილმა, კონსტანტინემ, მარკიონის, სტეფანეს, სერგის, პიროსის, პავლეს (ესენი იყვენენ მწვალებლები - ადმ.) და სხვა ბოროტმეტყველთა საწინააღმდეგოდ მეექვსე მსოფლიო კრება მოიწვია, რომელმაც მიწასთან გაასწორა მწვალებლები და ღირსეული სასჯელიც დაუმკვიდრა. ღვთისმოსავმა დედოფალმა ირინემ კი თავის ღვთისმოსავ შვილთან, კონსტანტინესთან ერთად, ბოროტმზრახველ და უკეთურ ხატთმებრძოლთა სამხილებლად მეშვიდე მსოფლიო კრება შეკრიბა, დაამხო ხატმებრძოლენი და მთლიანად აღმოფხვრა მათი უღვთოება.
ამგვარად, ღვთისმოსავმა მეფეებმა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა ძალმოსილებით საბოლოოდ შემუსრეს მწვალებლურ მოძღვრებათა ციხე-სიმაგრენი; თავები წააჭრეს მრავალთავიან ურჩხულს და საეკლესიო ღვთისმოსაობა განამტკიცეს. წმ. მამათა მოძღვრებებისა და ვედრებათადმი მორჩილი, ძველი და ახალი აღთქმის წერილით დამოძღვრილი ღვთისმოსავი იმპერატორები მწვალებელთაAდა განდგომილთა შეჩვენებას, საპყრობილეში ჩამწყვდევასა და სასტიკად დასჯას ბრძანებდნენ, რამეთუ ასე იქცეოდნენ წინასწარმეტყველნიც და ძველ და ძველაღთქმისეული ეპოქის ღვთისმოსავი მეფეებიც. როგორც კი ღვთისგან განდგომილთ შეამჩნევდნენ, ზოგს მახვილით ხოცავდნენ, ზოგს კი ლოცვებით უღებდნენ ბოლოს. ასე, მაგალითად, ლოცვის შემდეგ დახოცა მოსემ ღვთისგანგანდგომილნი, რომლებმაც ოქროსგან ჩამოსხმულ ხბოს სცეს თაყვანი (გამოსვლა 32). წინასწარმეტყველთაგან უდიდესმა ელიამ ლოცვით დაწვა ყოვლისმპყრობელი უფლისგან განდგომილი ორი ორმოცდაათისთავი, ხოლო ოთხასზე მეტი კაცი საკუთარი ხელით ამოჟლიტა (4 მეფ. 1:3; 3 მეფ. 18).
ღვთისმოსავმა მეფემ, იუდა მაკაბელმა, როდესაც კერპთმსახურებას მიძალებული განდგომილნი იხილა, მათი მახვილით ამოწყვეტა ბრძანა (1 მაკაბ. 3:1-8). ღვთისმოსავი მეფე იოშია იმ ზომამდე იყო უფლის ერთგული, რომ არა მხოლოდ ერის მაცთურ და ღვთის თაყვანისცემისგან განმაშორებელ უსჯულოთ ხოცავდა, არამედ, უკეთურთა მიხრწნილ ძვლებსაც კი თხრიდა, წვავდა და ფერფლს ქარს ატანდა (4 მეფ. 23:16, 19, 20, 24).
ახალაღთქმისეულ პერიოდში წმიდა მოციქულმა პეტრემ ლოცვით მოაკვდინა ერესიარქი სიმონ მოგვი; ასე მოიქცა წმ. იოანე ღვთისმეტყველიც, ლოცვის ძალით ზღვაში ჩაახრჩო მოგვი კვინოპე, ხოლო წმ. მოციქულმა ფილიპემ უბრძანა მიწას შთაენთქა მღვდელმთავარი, რომელიც უფალ იესუ ქრისტეს აძაგებდა; წმიდა მოციქულმა პავლემ სიტყვით დააბრმავა ელიმა მოგვი, ხოლო ჰიმენესი, ფილიტე და ალექსანდრე მჭედელი სატანას მისცა; იგი ბრძანებს: "თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს, როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?" (ებრ. 10:28, 29). ეს კი აჩვენებს, რომ მოსეს სჯულის უარმყოფელზე უმკაცრეს სასჯელს უნდა ექვემდებარებოდნენ ღმრთის ძის მოკიცხარნი; წმიდა მოციქული იუდა, ძმა იაკობისა, ბრძანებს: "ზოგიერთ მეჭველს სწყალობდეთ. ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც" (იუდა 1:22, 23).
სწორედ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთაებრივი წერილისა და გადმოცემის მიმდევარნი იყვნენ ღვთისმოსავი მართლმადიდებელნი მეფენი და მღვდელმთავარნი, რომლებიც საპყრობილეებში აგზავნიდნენ და მკაცრად სჯიდნენ მწვალებლებსა და განდგომილებს. პირველმა, უდიდესმა მეფემ, მოციქულთასწორმა კონსტანტინემ მთელ სამეფოში დაადგინა ყველაზე სასტიკი კანონი, სასიკვდილო განაჩენი, მათთვის, ვინც წმიდა მაცხოვნებელ სამებას უარყოფდა. მათ სამოსახლოსაც კი არბევდნენ და ამგვარი განაჩენი პირველი მსოფლიო კრების მამებს არ აუკრძალავთ;
წმ. ალექსანდრემ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა (ხს. 30 აგვისტო) ლოცვით მუცელი გაუხეთქა ბილწ არიოზს; დიდი საკვირველმოქმედის, ეპიფანე კვიპრელის (ხს. 12 მაისი) სიტყვამ დაამუნჯა მწვალებელი აიეტი, ხოლო მეშვიდე დღეს სიკვდილსაც კი მისცა. ღვთისმოსავმა მეფემ, მარკიანემ, სიკვდილით დასაჯა ალექსანდრიის მწვალებელი პატრიარქი დიოსკორე და მახვილით კი არ მოჰკლა იგი, არამედ კუნძულ ასაში გადაასახლა, სადაც წელიწადსაც კი ვერავინ ძლებდა იქ არსებული სასტიკი კლიმატისა და მომაკვდინებელი ქარების გამო და საშინელ ტანჯვაში აღესრულებოდნენ. დიოსკორესა და მის თანამოაზრეებს ამ კუნძულზე საშინელ წამებაში აღმოხდათ სული. არც მეოთხე მსოფლიო კრების მამები აღდგომიან წინ ამგვარ გადაწყვეტილებას.
ღვთისმოსავმა მეფემ, იუსტინიანემ და ტიბერიუსმა თავი წარკვეთეს მწვალებლობის ქომაგებს _ ეპარქოს ადეუსსა და მხედართმთავარ ელეფთერს. დიდ საკვირველთმოქმედს, ევტიქის, კონსტანინოპოლის პატრიარქს ხელი არ შეუშლია ამ გადაწყვეტილებისთვის; დიდმა მეფემ ჰერაკლემ ბრძანა, მოეკლათ ყველა იუდეველი, რომელიც არ ინებებდა ნათლობას და არც ერთი პატრიარქი, მღვდელმთავარი და ღირსი მამა, ვინც იმ ხანად ცხოვრობდა, წინ არ აღდგომია ამ გადაწყვეტილებას; წმ. თევდორე ედესელმა (ხს. 9 ივლისი) სიტყვით დაამუნჯა ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, მაგინებელი ებრაელი, რის შემდგომაც, თევდორეს ვედრებით, ბაბილონის მეფემ ედესში მეომრები გაგზავნა და იქიდან გამოდევნა ყველა მწვალებელი; მეტიც, მათი ქონების ხელყოფის ნებაც დართო.
ზოგ მწვალებელს ენას აჭრიდნენ და ღირსი თევდორე წინ არ აღდგომია ამ ბრძანებას; ასევე, წმიდა დედოფალმა თეოდორამ და მისმა ძემ, მიქაელმა, საპყრობილეში ჩაამწყვდიეს მწვალებელი ანანია, ხატმებრძოლი, რომელიც წინასწარმეტყველ მოსეს ერთ-ერთი მოწინააღმდეგის, იანს სახელითაც კი შეამკეს (შეად. 2 ტიმ. 3:8. მოციქული აქ იუდაურ გადმოცემას ეყრდნობა - ადმ.). კონსტანტინოპოლის მწვალებელი პატრიარქი გაჭიმეს და ისე გაამათრახეს; ნეტარი პატრიარქი მეთოდე და სხვა ღირსნი მამანი და აღმსარებელნი წინ არ აღდგომიან ამ ქმედებას; ისიც ცნობილია, რომ ლეონ კატანელმა ცეცხლით დაწვა მწვალებელი ილიოდორე.
წმიდა წინასწარმეტყველნი და ძველაღთქმისეულნი მართალნი ღვთისგან განდგომილთაგან ზოგიერთს თავიანთი ლოცვითა და მადლმოსილების ძალით გადასცემდნენ სიკვდილს, სხვებს კი იარაღით კლავდნენ და მკაცრი სასიკვდილო განაჩენით სპობდნენ. ხოლო ახალ აღთქმაში, მართალია, წმიდა მოციქულნი, ღვთაებრივი მღვდელმთავარნი და ღირსნი და ღმერთშემოსილნი მამანი არ ჰკლავდნენ იარაღით, მაგრამ ყოვლადძლიერი და ცხოველმყოფელი სულიწმიდისგან მონიჭებული ძალითა და ლოცვით აკვდინებდნენ და საშინელ ტანჯვას გადასცემდნენ მწვალებლებს.
შეიძლება აქ ვინმემ თქვას, რომ ერთი საქმეა, ლოცვით მოაკვდინო ვინმე და სულ სხვაა _ იარაღიტ მოჰკლა სიკვდილმისჯილი. მათ მივუგებთ, რომ ლოცვით მოვაკვდინებთ ვინმეს თუ იარაღის მეშვეობით _ ერთი და იგივეა!
წმ. ათანასე დიდი სასიკვდილოდ შემცოდეთა შესახებ სიტყვაში თავიდანვე ახსენებს იმ ძველაღთქმისეულ წინასწარმეტყველთა და მართალთ, რომლებიც როგორც იარაღით, ასევე ლოცვით ჰკლავდნენ უსჯულოთ. ასე, მაგალითად, მოსემ ლოცვით დაახრჩო ფარაონი, სხვა მოწინააღმდეგეებს კი იარაღით მოუღო ბოლო; წინასწარმეტყველთაგან უდიდესმა ელიამ ლოცვით ზეციურ ცეცხლს მისცა ორი ორმოცდაათისთავი, ხოლო ოთხასამდე უკეთური კერპთმსახური მახვილით მოჰკლა; იესუ ნავემ ლოცვით დაანგრია იერიქონის კედლები, ხოლო მალაქაში მყოფნი მახვილით ამოსწყვიტა (იესუ ნავე 6).
შემდგომ, მღვდელმთავარი ათანასე წმ. მთავარმოციქულთ პეტრესა და პავლეს ახსენებს, პეტრემ სულიწმიდისგან მონიჭებული ძალაუფლებით სიკვდილს გადასცა ანანია და საპფირა, ასევე სიტყვით და სულიწმიდის მადლით დაუქვემდებარა სასტიკ ტანჯვას მოციქულმა პავლემ ელიმა მოგვი, ალექსანდრე მჭედელი, ჰიმენესი და ფილიტე.
ხომ ხედავთ, როგორ არ ასხვავებს ერთიმეორისგან ლოცვით და იარაღით მკვლელობას წმიდა ათანასე. მაშ, გულისხმაყავით _ მწვალებელთა და განდგომილთა დასჯა რომ აკრძალული ყოფილიყო, არც წმიდა მოციქულნი, ღვთაებრივნი და ღირსნი მამანი მოკლავდნენ ღვთის მიერ მათდამი მონიჭებული ძალის მეოხებით მწვალებელთ. მითუმეტეს, რომ ლოცვით მოწევნული სიკვდილი იარაღით მოკვდინებაზე უმძიმესია, რამეთუ თუკი ლოცვისგანაა სიკვდილი, განა ცხადყოფილი არ არის, რომ თვით უფლის მიერაა დასჯილი დამნაშავე? ჭეშმარიტად, "საშინელ არს შევრდომაი, ხელთა ღმრთისა ცხოველისათა" (ებრ. 10:31).
იარაღით ხშირად კაცობრივი შეხედულებებისამებრაც კლავენ, რაც არც იმდენად საშინელია, როგორც ლოცვითი მოკვდინება და გონიერი ადვილად მიხვდება, რატომ. ადამიანი გარეგნულს ამჩნევს, ხოლო ღმერთი გულთამხილველია, ამიტომაც იყო, რომ ღირსი და ღმერთშემოსილი მამები არა იარაღით, არამედ ლოცვითა და ღვთისგან ბოძებული ძალმოსილებით სიკვდილსა და სასტიკ სატანჯველს გადასცემდნენ მწვალებელთ. და თუ ვინმე განდგომილთაგან დასასჯელი იყო თვითონ კი არ სჯიდნენ, არამედ _ მოციქულთა სიტყვისამებრ და წმიდა კანონების მოწმობით ბოროტეულთა დასათრგუნად დადგენილ ღვთისმოსავ მეფეებს ანდობდნენ ამ საქმეს, რაც სამოქალაქო სჯულმდებლობის თანხმიერია და რაც ღმერთშემოსილმა მამებმა საეკლესიო სჯულმდებლობას მიუერთეს.
ამჯერად გვსურს ორიოდ სიტყვით კიდევ ერთ მწვალებლურ მოსაზრებას გავცეთ პასუხი. ზოგი ამბობს, რომ მწვალებელთა და განდგომილთა განკითხვა მეფეების, მთავრების და საერო მსაჯულების მოვალეობაა და არა ბერ-მონაზვნებისა, რომლებიც ყოველგვარ ამაოებასა და ამსოფლიურ ზრუნვას განშორდნენ და რომელთაც დღედაღამ იმაზე ფიქრი მართებთ, არ განიკითხონ ვინმე, თუნდაც მწვალებელი იყოს იგი ან განდგომილი. ამგვარ მოსაზრებას ასე ვუპასუხებთ: თუ ბერებს აკრძალული აქვთ მწვალებელთა და განდგომილთა განკითხვა, მაშ, როგორღა განიკითხავდა მათ ანტონი დიდი (ხს. 17 იანვარი) _ ხომ ამბობდა, მწვალებლების სიტყვა გველის შხამზე უმწარესი არისო?! და თავის მოწაფეებს ასწავლიდა, არავითარი ურთიერთობა არ ჰქონოდათ მელეტიანელებთან, არიანელებთან და სხვებთან.
წმ. პაფნუტი აღმსარებელმაც, რომელიც პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა, სხვა მიდა მამებთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდევა მიუსაჯა არიოზს.
ღირსი პახომი დიდიც (ხს. 15 მაისი) განიკითხავდა მწვალებელთ და ამბობდა, რომ ჯოჯოხეთის უფსკრულამდე ეშვება ყოველი, ვინც ურთიერთობას ამყარებს მწვალებლებთან და ორიგენეს, მელეტის, არიოზისა და სხვა მწვალებელთა შრომებს კითხულობს.
ღირსი მაკარი დიდი (ხს. 19 იანვარი) იმ მიზნით გამოვიდა უდაბნოდან, რომ განეკითხა მწვალებელი და აღეკვეთა მისი უღვთოება.
როგორც კი აპოლინარელთა მწვალებლობის გავრცელება შეიტყო ღირსმა ეფრემ ასურელმა (ხს. 28 იანვარი), დატოვა უდაბნო, ამოვიდა კონსტანტინოპოლს და არათუ განიკითხა აპოლინარიუსი, არამედ თავისი მადლმოსილებით საშინელ სიკვდილსაც გადასცა იგი.
საკვირველმა ისააკ დალმატიელმა (ხს. 30 მაისი), რომელიც სიყრმიდანვე დასახლდა უდაბნოში, მყის დატოვა იგი, როგორც კი გაიგო ვალენტის მიერ არიანული მწვალებლობის გავრცელება, ჩამოვიდა ბიზანტიაში და არა მხოლოდ განიკითხა იგი, არამედ ცეცხლსაც მისცა.
ასევე პონტოში, მდუმარებაში მცხოვრებმა ბასილი დიდმა (ხს. 1 იანვარი) გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად დატოვა უდაბნო და კესარიაში ჩამოვიდა იქ მწვალებელთა მომრავლების გამო და, მანამ არ გამოვიდა იქიდან, სანამ კესარიიდან არ გაყარა ყველა მწვალებელი.
დიდმა ექვთიმემაც (ხს. 20 იანვარი), რომელიც მესამე მსოფლიო კრებას არ დასწრებია და თავისი მოწაფეები წარგზავნა იქ, უბრძანა, გაესამართლებინათ და ანათემაზე გადაეცათ მწვალებლები.
ღრმად მოხუცებულობისა და დიდი ღვაწლის გამო დაუძლურებულმა წმ. აქვსენტიმ (ხს. 14 თებერვალი) ვერ შეძლო ნესტორის სამხილებლად მოწვეულ მამათა კრებაზე წასვლა; მაშინ, მან ორი ხარის მოყვანა ბრძანა და კრებაზე წაყვანა მოითხოვა, რათა განეკითხა და შეეჩვენებინა მწვალებელნი.
ღირსმა საბა განწმენდილმაც (ხს. 5 დეკემბერი), როდესაც იხილა, რომ ვრცელდებოდა სევეროზის მწვალებლობა, იერუსალემიდან კონსტანტინოპოლს გაემგზავრა მეფე ანასტასისთან და შეევედრა გაესამართლებინა და დაეწყევლა მწვალებლები.
ასევე, თეოდოსი დიდმა (ხს. 11 იანვარი) სევეროზის მწვალებლობის სამხილებლად დატოვა მონასტერი და სოფლიდან სოფელში დადიოდა, რათა განემტკიცებინა მართლმორწმუნენი და შეერცხვინა მწვალებლები. ამის შემდეგ მან და საბა განწმენდილმა შეკრიბეს მათთან ერთად იერუსალემში ჩამოსული ყველა მონაზონი. როდესაც ისინი ერთად შევიდნენ ეკლესიაში, უკან მიჰყვებოდათ დაახლოებით ათი ათასამდე ბერმონაზონი. თეოდოსი დიდი და საბა განწმენდილი ავიდნენ ამბიონზე, დაგმეს და შეაჩვენეს სევეროზიც და ყველა მისი მიმდევარიც.
მსგავსადვე მოხდა მეექვსე მსოფლიო კრებაზეც, როდესაც ალექსანდრიის პატრიარქის ნაცვლად კრებაზე ბერი პეტრე მივიდა და წმიდა მამებთან ერთად დაგმო მწვალებელნი.
წმ. ქალწულმოწამე თეოდოსია (ხს. 29 მაისი), რომელიც წმ. მოწამის, ანასტასიის აღთქმისამებრ იშვა, შვიდი წლიდან მონაზვნად იყო აღკვეცილი და დღიდან აღკვეცისა არ განშორებია მონასტერს, მაგრამ მყის დატოვა იგი, როგორც კი გაიგო, რომ ლეონ ისავრიელს თავისი სპათარი გაუგზავნია ქალაქის სპილენძის კარიბჭეებზე გამოსახულ უფალ იესუ ქრისტეს ხატის ჩამოსაგდებად და გასანადგურებლად, თეოდოსია სასწრაფოდ გაეშურა იმ ადგილისკენ და, როგორც კი იხილა თუ როგორ დაარტყა სპათარმა წალდი ხატს მაცხოვრისა, დაუფიქრებლად მიეჭრა კიებს და ზეასული სპათარი მიწას დაანარცხა, რომელმაც იქვე განუტევა სული. ამის შემდეგ სხვა მონაზვნებთან ერთად საპატრიარქოსკენ გაეშურა, სადაც ხატმებრძოლი პატრიარქის ანასტასის ჩაქოლვაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქ მოკლეს თეოდოსიაც ბოროტი და უკეთური მეფის მსახურებმა, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ხატის დაცვისათვის. იმისთვის, რათა ვინმეს არ ეთქვა, თითქოსდა ქრისტესთვის წამებულმა თეოდოსიამ არა ღვთის ნებისამებრ, არამედ თვითნებურად მოკლა ადამიანი, მარადნეტარმა მეუფემ და უფალმა, იესუ ქრისტემ, თეოდოსიას სიკვდილის შემდეგ მრავალი სასწაულებითა და ნიშებით გააბრწყინვა იგი. სხეული მისი შემოსა უხრწნელებით და მრავალთაAკურნების მადლი მიანიჭა მის საფლავს.
წმიდა მამებმა სადიდებელი ჰიმნებით, საგალობლებითა და ტროპარებით შეამკეს იგი და 29 მაისს დააწესეს მისი ხსენება. უფრო გვიან კი წმიდა დედოფალ თეოდორასა და ღვთისმოსავ მეფე მიქაელთან ერთად შეიკრიბნენ წმიდა და დიდი მმარხველნი და საკვირველთმოქმედი მამები: იოანიკე დიდი, არსაკი, ისააკი და თეოფანე აღმსარებელი დამრავალნი სხვანი, რომლებმაც დატოვეს უდაბნო-მონასტრები და ქალაქში მწვალებელთა შესაჩვენებლად ჩამოვიდნენ; საერთოდ, ყოველ მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე ჩამოდიოდნენ ბერები, რომლებიც უდაბნოებსა და მონასტრებსაც ტოვებდნენ და მართლმადიდებლობის დასაცავად იკრიბებოდნენ ქალაქებში. ასევე, მთავრებიცა და მხედართმთავრობაც, უბრალო ერისკაცნი, მამაკაცნი და დედაკაცნი _ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანნი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად მსჯავრს ადებდნენ მწვალებელთ.
ამრიგად, წმიდა და ცხოველმყოფელი სულიწმიდის ზემოქმედებითა და შთაგონებით დაიწერა ღვთაებრივი განწესებანი; გარდა ამისა, ღვთაებრივ კანონებს სამოქალაქო სჯულმდებლობაც მიუერთეს, არა მხოლოდ დამნაშავეთა დასასჯელად, არამედ იმისთვისაც, რათა შეეჩვენებინათ და მკაცრად დაესაჯათ მწვალებელნიც.
ასე, რომ ჭეშმარიტად, ყოველი ადამიანისთვის სრულიად ცხადი და გასაგებია, ყველა მღვდელმთავარი, სამღვდელო, მონაზონი და უბრალო ერისკაცი _ ყოველნი, ქრისტეანნი მოვალენი არიან განიკითხონ და შეაჩვენონ მწვალებლები. ხოლო მეფეებს, მთავრებსა და ერის მსაჯულთ უღვთოთა და მწვალებელთა საპყრობილეებში ჩამწყვდევა და მკაცრად დასჯა მართებთ.
ღმერთს ჩვენსას დიდება, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ".
საიტის ადმინისტრაციის შენიშვნა:
წმინდა მამის წინამდებარე ჰომილიას ვინმემ არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მიანიჭოს და მწვალებელთა წინააღმდეგ დაუფიქრებელი და მოუზომავი ნაბიჯები არ გადაადგმევინოს, ვიტყვით, რომ მამათა ზემოთმოტანილი გამონათქვამები და თვით ღირ. იოსების ჰომილია დაწერილია იმ დროს, როდესაც სახელმწიფოებს მართლმადიდებელი იმპერატორები მართავდნენ, ხოლო მართლმადიდებლური სარწმუნოება ოფიციალურ, სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდა. თანაც, იმ პერიოდებში მწვალებლები საკმაოდ აგრესიულად უტევდნენ მართლმადიდებლობას, რაც კარგად ჩანს წმინდანთა ცხოვრებიდან და ეკლესიის ისტორიიდან. მწვალებელთა შემოტევა, სრულიად ბუნებრივად, საფრთხეს უქმნიდა ქრისტეანულ სახელმწიფოებრიობას და თვით ქრისტეანთა უსაფრთხოებას, მათ მშვიდობიან არსებობას, ამიტომაც, ბრძოლას მწვალებლობათა წინააღმდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მამათათვის, ეკლესიისთვის და თვით მართლმადიდებელ იმპერატორთათვის.
დღეს, როდესაც, მართლმადიდებლური იმპერიები აღარ არსებობენ, არ არსებობს მართლმადიდებლური მონარქიული სახელმწიფო და მისი ადგილი დროთა განმავლობაში დემოკრატიული წყობით შეიცვალა, დღევანდელ პირობებში მამათა საუკუნეების წინანდელი ბრძოლის მექანიკური და გაუაზრებელი გადმოტანა, იმდროინდელი ვითარებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, შესაძლოა საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. თანაც ეს იქნება სრულიად არამართლმადიდებლური ბრძოლა.
ასევე, ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მანამ, სანამ მამები მწვალებლობათა წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, სათნოებებში უკვე სრულყოფილების მწვერვალებს მიწევნულნი იყვნენ, რომელთაგან უმთავრესი მოყვასის სიყვარულია. მამებს, მათი მადლმოსილებიდან გამომდინარე, სწორად ესმოდათ კონკრეტულ ვითარებაში ამათუიმ მოქმედების მიზანშეწონილობა, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენზე. მათი ღვთითგანბრძნობილობა გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ იმ დროს, როდესაც ისინი ასეთ სიმკაცრეს იჩენდნენ მწვალებელთა მიმართ (თანაც იმ შემთხვევაში, თუკი თვით მწვალებელნი დაუპირისპირდებოდნენ მართლმადიდებლობას და დაიწყებდნენ მის შერყვნას), სულიწმიდის მადლისმიერ ესმოდათ ამგვარი ნაბიჯების მიზანშეწონილობაც და მიზანშეუწონლობაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ და ვიტყვით: მათი სიტყვების მექანიკურად გამოყენება დღევანდელობაში და მწვალებელთა დარბევები ან ფიზიკური ანგარიშსწორება, ვითომცდა იმიტომ, რომ ამისი ანალოგიები არსებობს წმიდა მამათა ნაწერებში ან ცხოვრებაში, დაუშვებელია.
მწვალებელთა და განდგომილთა წინააღმდეგ ჩვენი უმთავრესი იარაღი ორპირმახვილაღლესული ღმრთის სიტყვაა, ამიტომაც, უმჯობესი იქნება ამ იარაღის სწორად გამოყენება ვისწავლოთ და მით დავიცვათ ჭეშმარიტებაც და ეკლესიაც.