წინათქმა
1. კეთილსურნელება ნეტარებისა თქვენ ზედა არს, განათლებულნო! უკვე იხვეჭთ სულიერ ყვავილებს ზეციურ გვირგვინთა დასაწნავად; სულიწმიდის კეთილსურნელება გადმოღვრილია თქვენზე; აწ დგეხართ ზეციურ პალატთა კარიბჭესთან და ო, სიხარულო, ელით თვით მეფე როდის განგიხვნით კარებს და შეგიპატიჟებთ! გაკვირტულან ხეები, ნეტავ მალე ნაყოფიც გამოიღონ! აღსრულდა თქვენი სახელების აღწერა და საქორწილო ლამპრებიც აღენთო, რადგან ამაოდ როდია უთქვამთ, რომ "ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ" (რომ. 8:23). თუმც გულუხვია ღმერთი და ქველმოქმედი, თითოეულისგან გულწრფელ მისწრაფებას ითხოვს, ამიტომაც ამატებს მოციქული: რომ ამდაგვარნი "წინასწარ სცნო" და "წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად". გულწრფელი განზრახვა გაძლევს რჩეულობას და თუ აქ იმყოფები მხოლოდ ხორცით და არა სულით, მაშინ ყოველივე ფუჭია და ამაო.
2. ოდესღაც ნათლისღების საბანელს მიეახლა სიმონ მოგვიც თუმცა ვერ ნათელ-იღო; ხორცი განბანა წყალში, მაგრამ გული არ განანათლა სულიწმიდით; ხორცით შევიდა ემბაზში და გამოვიდა, სული კი ვერ თანადაეფლო ქრისტეს და ვერ თანააღდგა მასთან ერთად (იხ. კოლ. 2:12; რომ. 6:4; 1 კორ. 10:2). ვიხსენებ მის დაცემას, რათა შენც არ დაეცე; ვინაიდან მას ეს განგებულებით შეემთხვა, ხოლო აწ მოსანათლად მომსვლელთა შესაგონებლად დაიწერა, რათა ვინმე თქვენთაგანმა არ გაბედოს მადლის გამოცდა, "არ იბარტყოს რომელიმე ფესვმა სიმწრისა, და არ შეაურვოს და შებილწოს ბევრი თქვენგანი" (ებრ. 12:15); რათა ვინმემ არ თქვას: ვნახოთ რას იქმან მართალნი. ჩავალ და ვნახავ რა ხდება. სხვისი ნახვის წადილი გკლავს და შენს ზრახვებს რომ ღმერთი ხედავს ამაზე რად არ ფიქრობ?
3. ერთმა კაცმა მოინდომა გაეგო რა ხდებოდა ქორწილში. როგორც სახარებიდან ვიცით, ჩაიცვა მან შეუფერებლი სამოსი, შევიდა, დაჯდა და ჭამა დაიწყო. იხილა ყველას სპეტაკი სამოსი რომ ეცვა და მიხვდა თვითონაც ასე რომ უნდა მოსულიყო. მართალია მისი საჭმელი არ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც სხვები ჭამდნენ, მაგრამ ზრახვანი მისი სხვათაგან განსხვავებული იყო. გულუხვია სიძე, თუმც არა განურჩეველი - ჩამოუარა სტუმრებს და შეათვალიერა სათითაოდ (რადგანაც სურდა, რომ ყველანი ნათელმოსილნი ყოფილიყვნენ) და როდესაც ნახა მწირი, შემოსილი არა საქორწინედ, ჰკითხა მას: "მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა" (მათე 22:12)? ეს რა სახით შემოსულხარ აქ, ჩემს ქორწილში? რა სინდისით? თუნდაც არ დაგაბრკოლეს მსახურებმა, რომლებმაც დაგპატიჟეს; თუნდაც არ იცოდი, რა უნდა შეგემოსა საქორწინედ, - რომ შემოხვედი და მეინახეთა ბრწყინვალება დაინახე, არ უნდა გულისხმაგეყო? განა არ გმართებდა დროულად შემოსვლა და დროულადვე გასვლა? ამჯერად კი, რაკიღა არა დროულად შემოხვედ, არა დროულადვე განგდებულ იქმნები. და მოუწოდებს თავის მსახურებს და ეტყვის: შეუკარით ხელ-ფეხი მათ, რომელთაც გაბედეს და ქორწილისთვის შეუსაბამო, განუსპეტაკებელი სამოსელით შემოვიდნენ. გააგდეთ ისინი გარესკნელის ბნელში, რადგან არ არიან საქორწილო ლამპრების ღირსნი. ხედავ რა დაატყდება სიძის მოთხოვნის უგულებელმყოფელთ? შენც უფრთხილდი ამას, შვილო, განიბანე და სპეტაკი სამოსელი შეიმოსე.
4. ჩვენ, ქრისტეს მსახურნი, ყოველ ადამიანს შევიწყნარებთ. ჩვენ ვართ ისინი, რომლებსაც მისი ქორწილის კარიბჭენი მარად ღია გვაქვს და ყველას ვიპატიჟებთ; ასე, რომ შეგიძლია აქ ცოდვით დამძიმებული სულით შემოხვიდე და თუ ნათელ-იღებ, სახელი შენი ჩაიწერება სიცოცხლის წიგნში. ხედავ ეკლესიის წეს-განგებას? გულისხმაყოფ მის წესიერებასა და ღვთისმოსაობას? გესმის როგორ კითხულობენ წმიდა წერილს? ხედავ მღვდელმსახურებსა და განუწყვეტელ ქადაგებებს? მაშ გქონდეს შიში ამ ადგილისა და გულისხმაყავ ყოველივე რაც აქ გესმის. დროულად გადი და ხვალ დროულადვე შემოდი. თუ შენი სული ვერცხლიმოყვარებას შეუპყრია გადი, გაიხადე ძველი სამოსი, ნუ დამალავ მას; გადააგდე მრუშობისა და სიბილწის შესამოსელი და უბიწოება და ნათელი შეიმოსე. და ამას ქრისტეს მოსვლამდე გეუბნები, მანამ მის ქორწილში მოწვეულთა შესამოსელთ იხილავდეს. დრო დიდი გაქვს ამისათვის: ორმოცი დღე - სინანულისთვის და კიდევ მრავალი ჟამი, რათა განიმოსო ძველი, განიბანო, ახალი შეიმოსო და კვლავ შემოხვიდე. მაგრამ თუ შენს ბოროტ ნებას გააკერპებ და ისე არ მოიქცევი, როგორც მოძღვარი გიქადაგებს, ის უდანაშაულონი იქნება, შენ კი წყალობას ვერ მიიღებ. წყალი მიგიღებს, მაგრამ სული უარგყოფს. ვინც ხედავს ჭრილობას საკუთარ გვამზე, განა არ ცდილობს სალბუნის დადებასა და მკურნალობას? ამიტომაც, ვინც დაეცა, დე აღდგეს! ნურავინ იქნებით სიმონ მოგვი, ნურავინ ფარისეველი და ნურც ნათლისღებისადმი ცნობისმოყვარე.
5. შესაძლოა კაცი აქ სხვა განზრახვითაც შემოვიდეს: ქმარი შემოვიდეს ცოლის გულის მოსაგებად, და პირიქით; ან მონა შეეცადოს ამდაგვარად თავისი ბატონის გულის მოგებას, მეგობარი კი მეგობრისას. მე ანკესი გადავაგდე და მინდა დაგიჭირო, ცუდი განზრახვითაც რომ შემოხვიდე, შესაძლოა კეთილი სასოებით გახვიდე და ცხონდე. შესაძლოა არც კი იცოდი სად მოდიოდი და რომელ ბადეში ებმებოდი. აღმოჩნდა, რომ ეკლესიის ბადეში გახვეულხარ და დაგატყვევეს. ნუ გაიქცევი, რადგან ქრისტე გიჭერს არა იმისთვის, რომ ცოცხალი მოგკლას, არამედ იმისთვის, რათა მკვდარი გაგაცოცხლოს. რადგან გმართებს სიკვდილიც და კვლავ აღდგომაც. ალბათ გსმენია მოციქულის, რომელიც ამბობს: "მოვკვდით ცოდვისთვის, ... ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში" (რომ. 6:2, 4). მაშ, შენც მოკვდი ცოდვისთვის და სიმართლისთვის იცოცხლე; დღეიდან მარადიული სიმართლისთვის იცოცხლე.
6. იხილე, როგორი პატივი მოგმადლა იესუმ: კათაკმეველი იყავი და შეგაგონებდნენ; ისმენდი სასოების სიტყვას და არ გესმოდა; ხედავდი საიდუმლოთ და ვერ გულისხმაყოფდი; ისმენდი საღმრთო წერილს, მაგრამ მის სიღრმეებს ვერ წვდებოდი. ამჯერად კი სულში შეგაგონებენ, რადგან სული, რომელიც დამკვიდრებულ არს ჩვენში (იაკობი 4:5) ღმრთის ტაძრად ჰყოფს შენს გონებას. როდესაც მოისმენ დაწერილს საიდუმლოთა გამო, გულისხმაყოფ იმას რაც ადრე არ იცოდი. ნუ გგონია მცირედი გერგო - უბადრუკი იყავი და ღვთიური სახელი გეწოდა. ისმინე, რას ამბობს პავლე: "სარწმუნო არს ღმერთი" (1 კორ. 1:9). ან სხვა მოციქული: "სარწმუნო არს და მართალ" (1 იოანე 1:9). ის, რომ ადამიანები მიიღებდნენ საღმრთო სახელს, წინაგანჭვრიტა ფსალმუნთმგალობელმა და ღმრთის სახელით ბრძანა: "მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი" (ფსალმ. 81:6). მაგრამ, უფრთხილდი, შვილო, რომ ღვთის სახელით წოდებულს, უკეთურის ნება არ გაგაჩნდეს. თუ სარბიელზე გახველ, იბრძოლე; სხვა ასეთი ჟამი არ მოგეცემა. შენი ქორწილის დღეები რომ მოახლოვებულიყო, განა არ უგულებელყოფდი ყოველივეს და მომავალი ქორწილისთვის არ დაიწყებდი მზადებას? ხოლო თუ სულს მიუძღვნი ზეციურ სიძეს, ნუთუ არ განაგდებ ხორციელს, რათა სულიერი დაიმკვიდრო?
7. არ შეიძლება მოინათლო ორჯერ ან სამჯერ. არ შეიძლება თქვა: პირველად უსარგებლო მექნა, მეორედ გავასწორებო. პირიქით, თუ პირველად უსარგებლო გექნა, უკვე ვეღარ გაასწორებ, რადგან "ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება" (ეფეს. 4:5). მხოლოდ მწვალებლები ინათლებიან ხელმეორედ, რადგან პირველი მათი ნათლობა არ იყო ნათლობა.
8. ღმერთი სხვას არაფერს ითხოვს ჩვენგან თუ არა კეთილ ნებას. ნუ იტყვი, "რა განწმენდს ჩემს ცოდვებსო"? მე გეტყვი, - შენი სურვილი და რწმენა და ამაზე ადვილი რა შეიძლებ იყოს? თუმცა, თუ შენი პირი ამბობს, რომ გსურს განწმენდა, მაგრამ გული არა, შენს განწმენდას გულთამხილველი უფალი განსჯის. ამ დროიდან ყოველგვარ ბოროტებას განეშორე; შენი ენა ნუ იტყვის ზაკვას, შენი თვალები ნუ იმრუშებს და გული ნუ გითქმის ამაოთა გამო.
9. იჩქარე შეგონებათა მოსასმენად. შეფუცვანი ღვთისმოშიშებით შეიწყნარე და შეგიბერავენ თუ სულს, ან შეგფუცავენ, ყოველ ამ ქმედებათა მაცხოვნებლობა ირწმუნე. განა ცეცხლში არ იწმინდება ოქრო ურგებ მინარევთაგან? სულიც ასეა, - ვერ განიწმინდება იგი შეფუცვათა გარეშე. შეფუცვები წმიდა წერილიდან ამოწერილი ღვთაებრივი ლოცვებია. დაფარულია შენი სახე, რათა თავისუფალ ჰყოს გონება; რათა თვალების აქეთ-იქეთ ცეცებამ გული არ ახეტიალოს და გულისთქმანი არ აღგიძრას. თვალების დაფარვა სულაც არ უშლის ხელს სმენას მიიღოს მაცხოვნებელი სწავლება. როგორც ოქრომჭედელნი გახურებულ ცეცხლში ადნობენ ოქროს და მეტი მხურვალებით ჰპოვებენ იმას, რასაც ეძებენ, ასევე შემფუცველნიც, როდესაც სულიწმიდით შიშს ჰგვრიან ადამიანს, სხეულში, ვითარც ღუმელში, სულს ახურვებენ; მაშინ ილტვის სწორედ ეშმაკი, მარადიული ცხოვრების სასოება კი რჩება და ბოლოს სული, ცოდვათაგან განწმენდილი, ცხოვნებას მიეწიფება. მაშ, მტკიცედ ვდგეთ, ძმანო, გვქონდეს სასოება, რათა ღმერთმა, რომელიც არის უფალი ყოველთა, იხილოს ჩვენი ნება და გაგვწმინდოს ცოდვათაგან; რათა მოგვანიჭოს მან კეთილი სასოება და მაცხოვნებელი სინანული.
10. თავს ნუ აარიდებ შემაგონებელ სწავლა-დარიგებას: გინდაც ხანგრძლივი იყოს ქადაგება ნუ დაუძლურდება შენი გონება, რადგან მიიღებ საჭურველს სუპოსტატთა, მწვალებელთა, იუდეველთა და წარმართთა წინააღმდეგ. მტერი ბევრი გყავს, ამიტომაც ეცადე საბრძოლო საჭურველიც მრავალგვაროვანი გქონდეს. უნდა იცოდე როგორ დაუმიზნო და მოსწყლა ელინნი, როგორ ებრძოლო მწვალებელთ, იუდეველთა და სამარიტელთ. აჰა, იარაღიც მზად არის და სულის მახვილიც აღლესულ არს. ამასთან, არ უნდა დაგავიწყდეს ბრძოლისას მარჯვენა ხელი რომ უნდა გაიწვდინო, რათა მედგრად შეებრძოლო მტერს უფლის სახელით, სძლიო წინააღმდგომნი ძალნი და მრავალრიცხოვან მწვალებელთა თავდასხმები მოიგერიო.
11. და კიდევ გირჩევ: ისწავლე და დაიცავი ის რაც გემცნო და მას ჩვეულებრივ ქადაგებად ნუ მიიჩნევ. დასაბამიდან კი მსჯელობა ნათლისღებაზე გვმართებს. წარმოიდგინე, რომ ხე გაქვს დასარგავი: თავიდან თუ მიწა არ ამოვთხარეთ მას ვერ დავრგავთ; ხოლო, ცუდად დარგული ხე კეთილ ნაყოფს როგორ გამოიღებს? სამოძღვრო შეგონება შენობასავით არის, დღეს თუ არ გავამაგრებთ და შევკრავთ როგორც საჭიროა, ჩვენს მიერ აგებული შენობა არამტკიცე იქნება, რადგან ხვალ შესაძლოა ნაპრალები გამოაჩნდეს. ამიტომაც თანამიმდევრობით უნდა დავალაგოთ აგური აგურზე, კუთხე მჭიდროდ მივაკრათ კუთხეს, ზედმეტი განვაგდოთ და ამგვარად აღვაშენოთ. ზუსტად ასე უნდა მივუდგეთ ცოდნას. უნდა ისმინო სწავლება ცოცხალი ღმრთისა და ქრისტეს, მკვდრეთით აღდგომისა და სამსჯავროს შესახებ; მრავალი რამ მაქვს მოსაყოლი, ოღონდ თანამიმდევრობით; ის რაც ამჯერად ცალ-ცალკე გეუწყება, შემდგომ მწყობრად მოგეცემა, შენ კი შეაერთე ისინი, შვილო, და თუ არ გეხსომება პირველი და მეორე, მშენებელი თავის მშენებლობას გააგრძელებს, შენი ნაგებობა კი მყიფე იქნება.
12. როდესაც შემაგონებელი სწავლებით გმოძღვრავენ და კათაკმეველი გკითხავს რას გასწავლიანო, დაიმარხე იგი ღვთის გულისთვის და ნუ ანდობ განუსწავლელთ მომავალი საუკუნის სასოებას რადგან, როგორც სნეულისთვის არის მავნე უდროოდ მიცემული ღვინო, რის გამოც შესაძლოა სნეულიც ევნოს და მკურნალიც დარჩეს სახელგატეხილი, ასევე განუსწავლელი კათაკმეველიც. როდესაც ის მოუმზადებლად ისმენს მართლმადიდებლისგან სარწმუნოების საიდუმლოს, შესაძლოა შთავარდეს გმობასა და უგუნურებაში, მართალი კი განისჯება, როგორც სარწმუნოებრივი საიდუმლოს გამცემი. მაშ, ნუ გაამჟღავნებ შენს სასოებას უსწავლელთა წინაშე, იმიტომ კი არა სამარცხვინო რამ იყოს აქ ნაქადაგევი, არამედ იმიტომ, რომ მათი სმენა ჯერ არ არის მზად ამგვარ საიდუმლოთა ზიარების. ოდესღაც შენც იყავი კათაკმეველი და მაშინ არ გამცნე ის, რაც საჭირო. როდესაც გამოცდილებით ჩასწვდები სწავლების სიღრმეს, მაშინ შეიტყობ, რამდენად უღირსნი არიან უსწავლელნი სარწმუნოებრივ საიდუმლოთა ზიარების.
13. ყოველმა თქვენთაგანმა, ვისი სახელიც შეტანილია განათლებულთა სიაში და გახდა ერთი დედის ძე ან ასული, მარადის ღვთისმოსაობაზე იფიქროს და თუ ვინმე არ არის ეკლესიაში წავიდეს და მოუწოდოს. რადგან სადილად რომ მოგიწოდონ, ნუთუ არ დაელოდებოდი მას ვისაც შენთან ერთად მოუწოდეს? ან თუ ძმა გყავს, ნუთუ არ ეცდებოდი მის საკეთილდღეოდ? უსარგებლოზე კი ნუ იზრუნებ და ნუ გაინტერესებს რა ხდება ქალაქში ან სოფელში, რას აკეთებს მეფე და რას მღვდელი ან ეპისკოპოსი. ზეცას მიაპყარ გონება, რადგან ამას ითხოვს შენი ამქვეყნიური ჟამი: "მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი" (ფსალმ. 45:11). როდესაც იხილავ დაუბრკოლებელ ერთგულ მსახურთ უწყოდე, რომ მიუღიათ მათ საღმრთო მადლი, რომელსაც იცავენ, შენ კი ჯერაც მერყეობ და არ იცი მიიღებ თუ არ მიიღებ. ნუ ბაძავ მათ ვინც მშვიდად არის, არამედ აღივსე შიშით.
14. როდესაც შეფუცვებს კითხულობენ, მამაკაცნი მამაკაცებთან უნდა იდგნენ და დედაკაცნი დედაკაცებთან. სხვათა შორის, აქ შეგვიძლია გავიხსენოთ ნოეს კიდობანი. მასში იყვნენ ნოე, მისი ძენი, ცოლი და რძლები. თუმც ერთი იყო კიდობანი და კარები მისი დახშულ, ყოველივე მოწესრიგებული იყო მასში. თუმც დაკეტილია ტაძარი, მაგრამ ყველანი შიგნით იმყოფებიან და ყოველივე მოწესრიგებული უნდა იყოს მასში: მამაკაცები მამაკაცებთან უნდა იდგნენ, დედაკაცები კი დედაკაცებთან, რათა არაფერი იყოს ცხოვნების დამაბრკოლებელი. კარგია მოყვასთან ახლოს ჯდომა, მაგრამ ვნება შორს უნდა იყოს თქვენსი. ამიტომაც, მჯდომარე მამაკაცთ უნდა ჰქონდეთ სასარგებლო საკითხავნი; ერთმა დე იკითხოს, სხვები კი ისმენდნენ და თუ წიგნი არა აქვთ, ერთმა ილოცოს, სხვამ კი რაიმე სასარგებლოზე ისაუბროს. ასევე ქალწულებიც, როდესაც შეიკრიბებიან ან უნდა გალობდნენ ან კიდევ კითხულობდნენ თავიანთთვის ისე, რომ მათი მეტყველება არ აშფოთებდეს სხვის სმენას, რადგან "ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც" (1 კორ. 14:34; 1 ტიმ. 2:12). და გათხოვილი ქალიც ასე უნდა მოიქცეს: დე უხმოდ მეტყველებდეს იგი ტაძარში, რომ წარმოშვას სამოელი, შესმენილ იქმნეს ღმრთისგან მისი ბერწი სული და შვას ცხოვნება, რადგან ამას ნიშნავს სიტყვა "სამოელი".
15. მე დავინახავ ყოველი თქვენგანის მონდომებას, ყოველი თქვენგანის ღვთისმოშიშებას. დე აღინთოს თქვენი გონება ღვთის ჭვრეტისგან, დე მოლბეს თქვენი სული და დაიმსხვრეს ურწმუნოების ლოდი, დე განეყოს რკინისგან ზედმეტი ჟანგი და განიწმინდოს. როდესაც გაფანტავს ღმერთი ურწმუნოების ღამეს და თავის ნათელს გაზიარებთ, რადგან ნათქვამია: "რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს, და ღამე, ვითარცა დღე, განათლდეს; ვითარცა ბნელი მისი, ეგრეცა ნათელი მისი" (ფსალმ. 138:12), მაშინ დე ყოველ თქვენგანს განეღოს კარი სამოთხისა. მაშინ ქრისტეს დაუშრეტელი და კეთილსურნელოვანი წყარო დაგატკბობთ, მაშინ მიიღებთ ქრისტეს სახელს და საღმრთო საგანთა ძლიერებას. მაშ, ზედცას მიაპყარით თქვენი გონება; იხილეთ წესნი ანგელოზთა და ყოველთა უფალი და ღმერთი მჯდომარე, და ძე მისი მხოლოდშობილი, მჯდომარე მარჯვენით მამისა, და სულიწმიდა მარადის მათ თანა მყოფი, რომელთაც ემსახურებიან საყდარნი და ძალნი და გემსახურებიან თქვენც, რომლებიც ცხოვნებად ხართ მოწოდებულნი. მაშ ჰქმენით ისე, რომ როდესაც განათლდებით, განგანათლოთ იმ ტკბილმა ხმამ, რომელსაც წარმოთქვამენ ანგელოსნი, როდესაც ინათლებით: "ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ" (ფსალმ. 31:2). როდესაც თქვენ, როგორც ვარსკვლავნი ეკლესიისა, შეხვალთ მასში წმიდა სხეულითა და ნათელი სულით.
16. დიდია ნათლისღების საიდუმლო: ის არის ტყვეთა გამოხსნა, ცოდვათა მიტევება, ცოდვის სიკვდილი, სულის აღორძინება, ნათელი სამოსელი, წმიდა და აღუხოცელი ბეჭედი, ზეცად ამყვანებელი ეტლი, სამოთხის ნუგეში, სასუფევლის შუამავლობა და მიშვილების მადლი. თუმცა ისიც უნდა გახსოვდეს, რომ შენს გზაზე ჩასაფრებულია გველი და რათა გაგაბას ურწმუნოების მახეში. როდესაც ხედავს ნათელღებულთა სიმრავლეს "დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს, რათა შთანთქას" (1 პეტრე. 5:8). შენ მიეახლები ზეციურ მამას, მაგრამ გვერდზე ამ გველს უნდა ჩაუარო. როგორ უნდა აირიდო მისი მომაკვდინებელი შხამი? "ფეხთ მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად" (ეფეს. 6:15), რათა გველმა რომც გიკბინოს მისი გესლისაგან არა გევნოს. დაამკვიდრე შენში მტკიცე რწმენა და სასოება, ჩაიცვი მტკიცე ფეხსაცმელი, თამამად რომ ჩაუარო კაცთა მოდგმის მტერს და ახვიდე უფალთან. მოამზადე შენი გული სწავლების მისაღებად, წმიდა და უკვდავ საიდუმლოთა ზიარებისთვის. ნუ მიეცემი უდებებას ნურც დღისით, ნურც ღამით; არამედ, როგორც კი გაიღვიძებ იმწამსვე ლოცვად აღაპყარი ხელნი შენნი და ბოროტი ზრახვა თუ მოგეახლა, საუკუნო სამსჯავროს მიაპყარ გონება რათა განაგდოს უკეთური აზრი. თუ ვინმე გეტყვის: "და შენ გინდა წყალში შთაფლვა? განა აბანო გამოილია ქალაქში?" იცოდე, ამასოფლის გველი შთაგაგონებს ამას. ყურს ნუ დაუგდებ ამის მთქმელს, არამედ ღმერთს მიაპყარ შენი გულისყური. დაიცავ სული შენი, რათა არ გაება ეშმაკის ბადეში და სასოებაში მყოფი მარადიული ცხოვნების მემკვიდრე შეიქნები.
17. ჩვენ, როგორც ადამიანები ვამცნებთ და ვასწავლით; თქვენ კი სახლს თივისგან ნუ ააშენებთ, ერთ წამში რომ არ წარგეწყმიდოთ თქვენი ღვაწლი. არამედ ოქრო-ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით მორთეთ ყოველი საქმე. ჩემი საქმეა ქადაგება, შენი დათანხმება, ღმრთისა კი აღსრულება. გონება ღმერთს მივაპყროთ, სული და გული მისთვის განვაწყოთ და ვიღვაწოთ სულის ცხოვნებისთვის, რათა დაუშრეტელ ნეტარებასა და სიკეთეს მივეწიფოთ. ძლიერია ღმერთი, რომელიც ხედავს ჩვენს გულს და უწყის ვინ გულწრფელია და ვინ ფარისევლობს; გულწრფელს იცავს, ფარისეველს კი გულწრფელობისკენ მოუხმობს. რადგან ძალუძს უფალს ურწმუნო მორწმუნედ მოაქციოს და მწვალებელი (თუკი ღმერთს დაუთმობს თავის გულს) მართლმადიდებლობისკენ მოაბრუნოს და ჩვენი განმსჯელი ხელთწერილი განაქარვოს. დე მოგვიტევოს უფალმა ჩვენი ცოდვები და დაგვნერგოს ეკლესიაში; დე ჩაგვრიცხოს მან თავის მხედრიონში და სიმართლის საჭურველით აღგვჭურვოს; აღგვავსოს ახალი აღთქმის სიკეთითა და აღგვბეჭდოს სულიწმიდის მადლით, რომელიც დაურღვეველია სამარადიოდ. საუკუნო დიდება ჩვენს უფალ ქრისტე იესუს. ამენ.