ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
წმ. მღვდელმოწ. კვიპრიანე კართაგენელი

წერილები

წერილი მე-4 როგაციანეს

დიაკვნის შესახებ, რომელმაც შეურაცხყო ეპისკოპოსი

კვიპრიანე ძმა როგაციანეს უსურვებს ჯანმრთელობას. დიდად დავმწუხრდით და გავოცდით მე და აქ მყოფი ჩემი მეგობრები, როდესაც წავიკითხეთ, საყვარელო ძმაო, შენი წერილი, რომელშიც უჩივი შენს დიაკვანს, რომელსაც დაჰვიწყნია თავისი სამღვდლო წოდება და მსახურება და ლანძღვითა და უსამართლობით შენთვის შეურაცხყოფა მიუყენებია. მიუხედავად ამისა, მაინც პატივისცემით მოპყრობიხარ და შენთვის ჩვეული თავმდაბლობით, უმჯობესად მიგიჩნევია ჩვენთვის შემოგეჩივლა მაშინ, როდესაც, შენი საეპისკოპოსო ძალმოსილებითა და კათედრის მნიშვნელობით, თვითონაც შეგეძლო დაუყოვნებლივ დაგესაჯა ურჩი მღვდელმსახური დარწმუნებულმა, რომ ჩვენ, შენი მეგობრები, გავამართლებდით ყოველივეს, რაც კი უნდა გექნა შენი სამღვდელმთავრო უფლებამოსილებით; მითუმეტეს, რომ ამგვარ ადამიანთა დაკავშირებით საღმრთო დარიგებანიც გქონდა. ასე მაგალითად, ღმერთი მეორე სჯულთა წიგნში ბრძანებს: “იყოს თუ ვინმე კაცი და ამპარტავნებდეს და არა ერჩდეს სიტყუასა მღდელისასა მის, რომელ-იგი დგეს მსახურად სახელისა მის უფლისა ღმრთისა შენისასა, ანუ თუ მსაჯულთა მათ, რომელნი დგეს მათ ჟამთა, სიკუდილისა თანამდებ არს იგი კაცი, სიკუდილით მოკუედინ და მოისპენ ბოროტი იგი ეგევითარი შორის ისრაელსა. რათა ყოველსა ერსა, რომელსა ესმეს, ეშინოდის და არღარა უსჯულობდენ” (მეორე სჯულისა. 17:12,13).  

ეს ღვთაებრივი სიტყვები ღმრთის ჭეშმარიტი და უდიადესი ბრწყინვალებით იმისთვის გამოითქვა, რათა მღვდლები უფლისა პატივდებულ და შურისგებულ ყოფილიყვნენ. ეს ჩანს იქიდანაც, რომ კორახი (Хорей), დათანი და აბირონი, რომლებიც ემსახურებოდნენ მღვდელ აარონს, როგორც კი გაამპარტავნდნენ, თავი გაუტოლეს მღვდელმთავარს და გაბედეს მისდამი წინააღმდეგობა, ამ მკრეხელური კადნიერებისთვის დაისაჯნენ: ისინი დაუყოვნებლივ შთანთქა მიწამ; და არა მარტო მათ უწია რისხვამ ღმრთისა, არამედ მათ თანამოაზრე ორას ორმოცდაათ კაცსაც, რომლებიც ღვთაებრივმა ცეცხლმა დაწვა რათა ცხადი ყოფილიყო, - მღვდლების შეურაცხყოფისათვის შურის მაძიებელი თვით ღმერთია! 

ასევე მეფეთა წიგნში ნათქვამია, რომ როდესაც იუდეველებმა მოიძულეს მღვდელი სამოელი მისი მხცოვანების გამო, როგორც ამჟამად შენ მოგიძულა დიაკვანმა, განრისხებულმა ღმერთმა ბრძანა: “არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე” (1 მეფეთა. 8:7), და სასჯელად მათ მეფედ საული დაუწესა, რათა საულს ისინი ათასგვარი უსამართლობითა და სიმკაცრით, სასჯელებითა და მრისხანებით დაეჩაგრა და დაემორჩილებინა ეს ურჩი ერი; და აი ასე, ეს  ამპარტავანი ხალხი მღვდლის დამცირებისათვის დაისაჯა. 

სულიწმიდით დამოძღვრილი სოლომონიც სამღვდლო ღირსებასა და ძალაუფლებაზე მოწმობს და ასეთი სიტყვებით იძლევა დარიგებას: “გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს” (ეს დარიგება მოცემულია ზირაქის წიგნში. (7:31) და არა სოლომონისაში - ეპ. პ.). ახსოვდა რა ეს მცნებები, ნეტარმა მოციქულმა პავლემ, როდესაც უთხრეს: “მღდელთ მოძღუარსა ღმრთისასა აგინება?” მიუგო: “არა ვიცოდე, ძმანო, ვითარმედ არს ეგე მღდელთ მოძღუარ, რამეთუ წერილ არს: მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი” (საქმენი მოციქულთა 23:5). 

თვით უფალი, მეუფე, მსაჯული და ღმერთი ჩვენი იესუ ქრისტე, თავის ვნებამდეც კი პატივს მიაგებდა მღვდლებსა და მღვდელმთავრებს, თუმცაღა მათ აღარ გააჩნდათ არც ქრისტეს შემეცნება და არც შიში ღმრთისა. ასე მაგალითად, როდესაც მან განკურნა კეთროვანი, უთხრა მას: “წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა” (მათე8:4). 

თავისი თავმდაბლობით, რომელიც ჩვენც გვიქადაგა, ის ჯერ კიდევ მღვდელს უწოდებდა მას, ვისაც იცნობდა როგორც სიწმიდეთმკრეხელს. ასევე, როდესაც “ერთმან მსახურთაგანმან მუნ მდგომარემან სცა ყურიმალსა იესუს და ჰრქუა: ესრეთ სიტყუას-უგება მღდელ-მოძღუარსა?” - მღვდელმთავარი კი არ შეურაცხყო არამედ, მხოლოდ თავისი სიმართლე დაიცვა და უთხრა: “უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათვის; უკუეთუ კეთილსა, რაისათვის მცემ?” (იოანე 18:22, 23); და ყველა შემთხვევაში ასე ითმენდა, რათა ჩვენთვისაც მოეცა მაგალითი სიმდაბლისა. ცრუ მღვდელთა პატივისცემით, ჭეშმარიტ მღვდელთა სჯულიერ და სრულ პატივისცემას გვასწავლიდა. თანაც დიაკვნებს უნდა ახსოვდეთ, რომ მოციქულები ანუ, - ეპისკოპოსობა და წინამძღვრობა, - თვით უფალმა დააწესა, ხოლო დიაკვნობა, უფლის ამაღლების შემდეგ, როგორც ეკლესიაში თავიანთი საეპისკოპოსო  წოდების მსახურება, დააწესეს მოციქულებმა. ამრიგად, ჩვენ რომ გაგვებედა ღმრთის წინააღმდეგ ამხედრება, რომელმაც ეპისკოპოსები დააწესა, ჩვენ მიერ ხელდასხმული დიაკვნებიც (საქმე მოციქლთა 6 : 5, 6) შეძლებდნენ ჩვენ წინააღმდეგ ამხედრებას.

ამიტომაც დიკვანმა, რომლის შესახებაც შენ წერ, უნდა შეინანოს თავისი კადნიერება, აღიაროს შენი სამღვდლო პატივი და მთელი თავისი თავმდაბლობით უნდა აღმოფხვრას თავისი დანაშაული ეპისკოპოსის, თავისი მეთაურის წინაშე; ვინაიდან, მწვალებელთა და ბოროტმზრახველ სქიზმატიკოსთა ძალისხმევა, როგორც წესი, წინამძღვრის წინაშე მედიდურობასთან შეზავებული ამპარტავნებით იწყება. ასე აღესრულება განდგომა ეკლესიისგან და საკურთხეველის შებილწვა; ასე ირღვევა მშვიდობა ქრისტესი, სიმწყობრე და ერთობა ღმრთისა. თუ ეს დიაკვანი მომავალშიაც დაგამწუხრებს და მოგაყენებს შეურაცხყოფას თავისი თავნებობით, გამოიყენე ხარისხით ბოძებული შენი ძალმოსილება და ან პატივისაგან დაამხე ან დააცხვრე ვნებათაგან.  მოციქული პავლე, ტიმოთეს წერს: “ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ” (ტიმ. 4:12); მითუმეტეს, განა არ უნდა თქვან შენმა მეგობრებმა: “ნუმცა ვინ სიმხცოვნესა შენსა შეურაცხ-ყოფნ”. 

როგორც შენ წერ, თავისი ამპარტავნებითა და თავნებობით ამ დიაკვანს კიდევ ვიღაც მიმხრობია; ამიტომაც ყველა, თუკი კიდევ ვინმე ასეთი არსებობს, რომელიც ღმრთისმსახურებს უმხედრდება, ან უნდა განკვეთილ იქნას ეკლესიიდან ან თავისი ვნებისგან უნდა დაცხრესю ჩვენ კი შევაგონებთ მათ და ვთხოვთ: შეიგნონ თავიანთი შეცოდება და შენი უფლებების აღიარებითა და მორჩილებით აღხოცონ თავიანთი შეცოდება; ვინაიდან ჩვენ, მღვდლობით მონიჭებული ძალმოსილებით დასჯას, მოწყალება და ყოველი შეურაცხყოფის დათმენა გვირჩევნია.

ძვირფასო ძმაო,  გისურვებ ჯანმრთელობას.

თარგმანი შესრულებულია გამოცემის მიხედვით: Творенიя святаго священномученика Кипрიана, епископа Карѳагенскаго. Томъ первый: Письма. Кიевъ, 1861. – С. 28-32. (Библიотека творенიй св. отцевъ и учителей Церкви западныхъ, издаваемая при Кიевской Духовной Академიи, Кн. 1.)