ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).

იმპერატორების დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს დროს წარმართობა გაბატონებული იყო მთელ რომის იმპერიაში და გაჩაღებული იყო საზოგადო, ურთიერთ პაექრობა კერპთმსახურებაში, განსაკუთრებით, როდესაც სოფლებსა და ქალაქებში ოლქების მეთაურებსა და მოსამართლეებს დაუგზავნიდნენ იმპერატორთა განკარგულებებს, გარკვეულ დღეებში დღესასწაულობასთან დაკავშირებით უხვად შეეწირათ წარმართი ღმერთებისთვის მსხვერპლი და მრავალგვარი შესაწირი. ამ განკარგულების მიხედვით მათ, ვინც ერთგულად ღმერთებს ემსახურებოდა, იმპერატორები უხიდიდნენ მადლობას, ანიჭებდნენ წოდებებს და ურიგებდნენ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს; ხოლო ვინც უარს იტყოდა კერპთა თაყვანისცემაზე მას ჯერ ქონება ერთმეოდა, შემდეგ კი, - მრავალგვარი ტანჯვა-წამების შემდეგ, - სიკვდილით ისჯებოდა. დაიწყო ქრისტეანთა საშინელი დევნა. ყველგან, ოლქების მეთაურნი და საერთოდ ადგილობრივი ხელისუფალნი, ყოველმხრივ ცდილობდნენ პირისაგან მიწისა აღეგავათ ქრისტეს სარწმუნოება.

ამ დროს, იმპერატორებს ეუწყა, რომ მთელი დიდი სომხეთი და კაპადოკია ეწინააღმდეგებიან მათ განკარგულებას, ერთსულოვნად აღიარებენ ჯვარცმულ ქრისტეს და გააჩნიათ მისდამი მტკიცე სასოება. მათ ასევე მოახსენეს, რომ თითქოსდა ეს ორი ოლქი რომის იმპერიიდან განდგომასაც კი აპირებდა.

ამ ცნობით გაგულისებულმა იმპერატორმა დიოკლეტიანემ შეკრიბა ყველა თავისი დიდებული და სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე ეთათბირებოდა, როგორ ამოეძირკვა საერთოდ ქრისტეანობა. შემდეგ მან, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებას ჩამოაშორა სომხეთისა და კაპადოკიის მმართველები, როგორც და მათდამი მინდობილ ოლქთა გამოუცდელი და ცუდი მმართველები, რომლებმაც ვერ შეძლეს იქაური მოსახლეობის დამორჩილება. მათ ადგილზე დიოკლეტიანემ დანიშნა ორი ბერძენი, ლისიუსი და აგრიკოლა, ძალიან სასტიკი და მძვინვარე ხასიათის ადამიანები. თანაც ისინი დაინიშნენ ორივე ოლქის მეთვალყურეებად. ლისიუსს საზღვრების მეთვალყურეობა და დაცვა დაევალა, ხოლო აგრიკოლას - მთელი ეპარქიის ზოგადი მმართველობა მიენდო. მათვე დაუქვემდებარეს ამ ორივე ოლქის მთელი მხედრობა.

როდესაც ორივე მმართველი დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, მხოლოდ ქრისტეანთა მიმართ შურით აღძრული ადამიანების დაუსაბუთებელი ცილისწამებების საფუძველზე დაიწყო ყველა ასაკის ადამიანის უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე: ყოველ დღე ეძებდნენ ქრისტეანებს, იჭერდნენ და დასასჯელად გადასცემდნენ გამხეცებულ სისხლისმსმელ მმართველებს. ლისიუსი, რომელიც იმყოფებოდა ქალაქ სატალიონში, როგორც კი იპოვიდა ვინმე ქრისტეანს, - ქალი იქნებოდა ის თუ კაცი, - მრავალგვარი ტანჯვა-წამების შემდეგ, შეკრულებს, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ აგრიკოლასთან აგზავნიდა, რათა სამშობლოში არ მომკვდარიყვნენ და ნათესავებს ქრისტეანული წესით არ დაეკრძალათ, ასე, რომ ისინი, უცხო მხარეში იხოცებოდნენ და უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. 

ზუსტად ასე იქცეოდა აგრიკოლაც, ისიც სებასტიაში შეპყრობილ ქრისტეანებს აგზავნიდა ლისინიუსთან სატალიონში, რადგან ორივე მმართველს უდიდესი მეგობრობა აკავშირებდათ ერთმანეთთან და სრული თანხმობა და თანამოაზრეობა ქრისტეანებთან მიმართებაში და აღწერილი მეთოდით მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევას ცდილობდნენ, - უცხო მხარეში სიკვდილით რაც შეიძლება მეტად დაეტანჯათ და დაემწუხრებინათ ქრისტეანები.

ამ დროს სატალიონში ცხოვრობდა ვინმე ევსტრატი. ის თანამოქალაქეთათვის ცნობილი იყო, როგორც პირველი კაცი წარმომავლობითა და საზოგადოებრივი მდგომარეობით, - მას ეპყრა მხედართმთავრის თანამდებობა, - ამავე დროს, ის გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით, ღვთისმოშიშებითა და უბადლოდ პატიოსანი ცხოვრებით. ის ძლიერ იტანჯებოდა სულიერად ქრისტეანთა აუტანელი მდგომარეობით. მწარედ ოხრობდა და ტიროდა მათი შემყურე და მხურვალე ლოცვითა და მარხვით შეჰვედრებდა უფალ იესუ ქრისტეს, რათა მოეღო მოწყალება თავის მონათათვის, და აერიდებინა მათთვის ის განსაცდელი, რომელიც გამუდმებით ემუქრებოდა და უმოწყალო სიკვდილს უქადდა მათ. ამავე დროს, ევსტრატის თვითონაც სურდა მოწამეობრივი აღსარება და ელტვოდა თანამონაწილეობას მათ ტანჯვასა და წამებაში; მაგრამ, როგორც კი გაიფიქრებდა და წარმოიდგენდა იმ მრავალგვარ სატანჯველთა და გვემას, რასაც განიცდიდნენ ქრისტეანები, იმწამსვე შიში იპყრობდა. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა თავისი სარტყელი გადაეცა თავისი ერთგულ მონისთვის და უბრძანა მიეტანა ის არაბრაკიის ეკლესიაში, საიდანაც იყო წარმოშობით და სადაც, იმ დროს, პრესვიტერად იყო აქვსენტი, ჭეშმარიტი ღმერთის ერთგული მსახური.

აქვსენტის დავალებით მსახურს, სარტყელი საიდუმლოდ უნდა დაედო საკურთხეველში, თვითონ კი ეკლესიაში დამალულიყო და დაკვირვებოდა შემომსვლელთაგან ვინ აიღებდა მას პირველად: სარტყელს თუ ლოცვაზე მოსული პრესვიტერი აქვსენტი აიღებდა, მაშინ მსახური, უსიტყვოდ უნდა გამობრუნებულიყო უკან სახლში; ხოლო თუ აქვსენტიმდე მოინდომებდა ვინმე მის აღებას, მაშინ მსახურს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვა ეს და ისევ უკან უნდა დაებრუნებინა იგი. ასეთი დავალებით რომ აგზავნიდა, ევსტრატი გულში ფიქრობდა, რომ თუ სარტყელს აიღებდა პრესვიტერი, ეს იმისი ნიშნად უნდა მიეღო, რომ ღმერთს ნებავს ქრისტესთვის მისი წამება; ხოლო თუ სხვა ვინმე მოინდომებდა მის აღებას, ეს იმის ნიშნად უნდა ეგულვა, რომ არ უნდა წასულიყო მოწამეობრივ აღსასრულზე, არამედ საიდუმლოდ შეენახა თავისი რწმენა ქრისტესადმი.

ცოტა ხანში მსახურიც დაბრუნდა და ამცნო თავის ბატონს, რომ როგორც კი დადო მან სარტყელი საკურთხეველში, იმწუთასვე შემოვიდა ტაძარში აქვსენტი და თითქოსდა ამისთვის გამოაგზავნესო, პირდაპირ გაემართა საკურთხევლისკენ და აიღო სარტყელი. ეს რომ გაიგო, გაიხარა ევსტრატიმ, სახე გაუბრწყინდა, რითაც ძლიერ გააკვირვა ერთი თავისი მეგობარი, სახელად ევგენი.

ძალიან მალე ნეტარი აქვსენტი სხვა ქრისტეანებთან ერთად შეიპყრეს, დაკითხეს სასამართლოზე, აწამეს და ბორკილდადებული დილეგში ჩააგდეს. შემდეგ ქალაქის შუაში, ამაღლებულ ადგილას ისევ მოაწყეს სასამართლო, და ლისინიუსმა, რომელიც მედიდურად დაჯდა მოსამართლის ტახტზე, ბრძანა შეპყრობილთა მოყვანა დაკითხვაზე. წმინდა ევსტრატი, რომელიც საპყრობილეში მივიდა, ევედრა ყველა ტუსაღს ელოცათ მისთვის, რადგან მასაც, მისი სიტყვებით განზრახული ჰქონდა გაეზიარებინა მათივე ხვედრი. მაშინ ყველა წმინდანმა მუხლი მოიყარა და ღმერთს შეავედრა ევსტრატის თავი. როდესაც ლოცვას მორჩნენ, ჯარისკაცებმა, ევსტრატის წინამძღოლობით, საპყრობილიდან სასამართლო მოედანზე გამოიყვანეს ქრისტეანები. როდესაც სამხედრო რაზმი ჩვეულებისამებრ მოსამართლის წინ გაჩერდა, ლისიუსმა ბრძანა სათითაოდ წარედგინათ მისთვის ისინი, რომლებსაც უკვე გავლილი ჰქონდათ მასთან პირველი დაკითხვა. როდესაც სასამართლო დაიწყო ევსტრატიმ თქვა:

იმპერატორის მიერ ადრე გამოცემული და ამჯერად სასამართლოზე წაკითხული განკარგულების თანახმად, ყველა ქრისტეანი, სადაც უნდა იყვნენ ისინი და როგორი თანამდებობაც ეკავოთ სახელმწიფოში, უნდა დაისაჯონ: ამ ბრძანებულების მიხედვით მოიყვანეს აქ აქვსენტი, - კაცი, ცნობილი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით და სათნო ცხოვრებით, ახლა კი უფრო სახელგანთქმული თავისი მამაცობითა და სიმტკიცით, როგორც ეს ეკადრება ქრისტეს, ზეციური მეუფის მონას. იმყოფება რა ამ სასამართლოზე, ის უკვე იღვწის უკვდავებისთვის და ამხელს, შენს უღვთოებას, მსაჯულო, თავის სარწმუნოებაზე კი სიტყვითა და საქმით, ტანჯვა-წამების უსიტყვო დათმენით მოწმობს. იმ დღიდან, ბოროტმოქმედივით ჩაამწყვდიეთ საპყრობილეში, დღეს კი ისევ ბრძანე მისი დასაკითხად აქ მოყვანა თავის წმიდა რაზმთან ერთად: და აი, ყველანი შენს წინაშე არიან ჩემთან ერთად, შეურყეველნი სულით და მზად მყოფნი შემუსრონ ყველა ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რასაც მათ წინააღმდეგ შტაგაგონებს მამა შენი - ეშმაკი!"

ეს რომ ისმინა, ევსტრატის მოულოდნელი გამბედაობით შემცბარი ლისიუსმა, კიდევ უფრო გამძვინვარებულმა და მრისხანებისგან სულშეკრულმა შეჰყვირა:

- ჯერ არ მქონია იმაზე უფრო მკაცრი სამსჯავრო, ვიდრე დღეს, როდესაც ამ უბადრუკმა უკეთურმა ლაპარაკი გაბედა ჩემს წინაშე! მიდით და ჯერ სარტყელი და სამხედრო სამოსი ჩამოხსენით, დაე ყველამ იცოდეს, რომ მას ჩამოერთმევა სამხედრო წოდება, რომელიც დღესამომდე ჰქონდა, შემდეგ კი გააშიშვლეთ და თოკებით ხელ-ფეხი შეუკარით, დააგდეთ მიწაზე და ასე ილაპარაკოს!

მსახურებმა მსწრაფლ შეასრულეს ლისიუსის ბრძანება და მაშინ მან უთხრა ევსტრატის:

- ხომ არ ინანიებ შენს დამღუპველ გადაწყვეტილებას? თუ შეინანებ ჩემს კეთილგანწყობასაც მოიპოვებ და სასჯელსაც აიცილებ თავიდან. ყოველ შემთხვევისთვის, წამებამდე გამომიცხადე შენი სახელი, წარმოშობა და სარწმუნოება.

წმინდანმა უპასუხა:

- მე დავიბადე ქალაქ არაბრაკში, ჩემი სახელია - ევსტრატი, მშობლიურ ენაზე კი კირისიკს მიწოდებენ. მე ვარ მონა მამა ღმრთისა და მისი ძისა, უფლისა იესუ ქრისტესი და სულიწმიდისა, თაყვანს ვცემ ღმერთს, ერთ წმიდა სამებას, რომლისადმი რწმენა სიყრმითგანვე მასწავლეს.

ლისიუსმა თქვა:

- მითხრან ჯარისკაცებმა რამდენი წელი იყო ეს კაცი სამხედრო სამსახურში?

მეომრებმა უპასუხეს:

- აგერ უკვე ოცდამეშვიდე წელია რაც მსახურობს, რომელიც ჯერ კიდევ სრულიად ყმაწვილმა დაიწყო.

მაშინ ლისიუსმა უთხრა წმინდანს:

- ევსტრატი! თვითონვე ხედავ რა უბედურება მოგიტანა შენმა სიჯიუტემ: დაუტევე ეს უგუნურება, დაფიქრდი და ნუ დაღუპავ შენს პატივსა და წოდებას, რომელიც ასეთი ხანგრძლივი სამხედრო სამსახურით დაგიმსახურებია; აღიარე ჩვენი ღმერთების მოწყალება და ძლიერება და მოიპოვე მეფის კეთილგანწყობა და სასამართლოს კაცთმოყვარეობა!

- ბილწ ეშმაკებსა და ყრუ კერპებს, - კაცთა ხელის ნამოქმედარს, - პასუხობდა წმინდანი, - არც ერთი გონიერი არასოდეს სცემდა თაყვანს, რადგან ჩვენს წერილში ნათქვამია: "ესრეთ არქუთ მათ: ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის" (იერემია 10:11).

მსაჯულმა თქვა:

- განა მას აქვს საღი აზროვნება, ვინც თქვენსავით თაყვანსცემს ჯვარცმულს და სრულიად რომ გადავარდნილხართ ცთომილებაში?

- შენი სულიერი გრძნობები, - უპასუხა მას წმ. ევსტრატიმ, - გარყვნილი რომ არ იყოს ამაოიებისადმი მსახურებით და დანთქმული რომ არ იყოს ამქვეყნიურ საზრუნავში, მაშინ გეტყოდი, რომ ეს ჯვარცმული არის ჭეშმარიტი მაცხოვარი და უფალი, ქვეყნიერების შემოქმედი, არსებული და შობილი მამისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელმაც თავისი სიბრძნით განვაგცხოველა ჩვენ მომაკვდავნი.

ამ სიტყვებზე მსაჯულმა სიტყვა გააწყვეტინა წმინდანს და თქვა: 

_ ჩამოკიდეთ ეს კადნიერი თოკებზე და ქვეშ ძენძისგან ცეცხლი შეუნთეთ, ზურგიდან კი ერთდროულად სამი ჯოხით სცემეთ: ვნახოთ ერთი, მაშინ როგორ იმჭევრმეტყველებს!

როდესაც ლისიუსის ბრძანება აღასრულეს, წმინდანს დიდხანს აწამებდნენ, ქვემოდან ცეცხლი შეუნთეს, ზურგზე კი ჯოხებით სცემდნენ. მაგრამ ამგვარ ტანჯვას ევსტრატი არ შეუშინდა და არა თუ ტკივილისგან კრინტიც არ დაუძრავს, სახეც კი არ შეცვლია, თითქოსდა მას კი არა, ვიღაც სხვას აწამებდნენ, რამაც თვით მოსამართლეც კი განაცვიფრა. ბოლოს, ლისინიუსმა ბრძანა შეეწყვიტათ წამება და ბოროტი ღიმილით წმინდანს უთხრა:

- ევსტრატი, - ხომ არ გინდა შეგიმსუბუქო სასჯელი?

და იმწამსვე გასცა განკარგულება მოეტანათ ძმარგარეული მარილიანი წყალი და ბრძანა უხვად მოესხათ დამწვარ ადგილებზე და მაგრად გაეხეხათ წმინდანის სხეული ქოთნის წვეტიანი ნატეხებით. მაგრამ მარტვილი ვაჟკაცურად იტანდა ამ ტანჯვას, თითქოსდა სრულიადაც არ ტკენოდა. მტარვალმა ისიც კი იფიქრა, წმინდა ევსტრატი რაიმე ჯადოქრობით გაუტკივარებას ხომ არ მიმართავსო. მაშინ ევსტრატიმ მას უპასუხა:

- შენ, ისეთი პატივი დამდე, რომ ქრისტესთვის მაწამე და შენდა უნებურად განდევნე ჩემგან ჩემი გაუხეშებული სულისგან გამომდინარე უკუნი და თავისუფალი და თავმომწონე გონების საცთურებზე გამამარჯვებინე, რომელიც დიდი ხანია აწუხებენ ჩემს სულს. ამ ტანჯვა-წამებით დამაძლევინე ვნებათა მოძალება და სულიერი მშფოთვარება. ხელუხლებელ ქმენ და განამტკიცე ჩემი სული, რომელიც მიელტვის უკვდავ ცხოვრებას, სადაც ნეტარებენ კრებანი წმინდანთა და განმზადებულ არიან უხრწნელნი სიკეთენი. ხანმოკლე ტანჯვით ღირს მყავ მარადიული ნეტარებისა, რომელსაც ანგელოზური სიწმიდით მივეახლები სხეულგვემული და გამოუთქმელ ნეტარებას დავიმკვიდრებ საუკუნო ცხოვრებაში. ეხლა ვიცი, რომ მე ვარ ეკლესია ცხოველი ღმრთისა და სულიწმიდისა, რომელიც ცხოვრობს ჩემში (შეად. 1 კორინთ. 3:16). ასე, რომ "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი, რამეთუ შეესმა უფალსა ჴმაჲ ტირილისა ჩემისა; ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა, უფალმან ლოცვა ჩემი შეიწყნარა" (ფსალმ. 6:9,10). ჭეშმარიტად, "სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა. ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა" (ფსალმ. 34:9-10). მაშ, იჩქარე ეშმაკის მსახურო, ეცადე გამოიყენო შენს განკარგულებაში არსებული ყველა იარაღი და მაწამე, გამომახურვე და განმწმინდე მე, ვითარც ოქროს განწმენდენ ცეცხლის ღუმელში, ან კიდევ უფრო ძლიერ გამომახურვე მაგრამ იცოდე, რომ ვერ ჰპოვებ ჩემში შენ მიერ პატივდებულ ცრუ ღმერთებისადმი მსახურებას, რომელსაც მისცემიხართ შენ და შენი უკეთური მეფე მთელი თქვენი არსებით.

მტარვალი შეეპასუხა და უთხრა:

- ვფიქრობ ძლიერი ტკივილისგან გონება დაგიბნელდა, ამიტომაც ლაპარაკობ ამდენ სისულელეს. შენ ღმერთს, როგორც ამბობ, შენი უკვდავება რომ შეეძლოს,  გაგათავისუფლებდა ამ წყლულებისგან. ასე, რომ გეყო ტყუილები და ნატვრა აუხდენელი ოცნებებისადმი, არამედ იჩქარე ისარგებლო შენდამი შემოთავაზებული ჩემი წყალობით.

- გინდა, - უპასუხა ევსტრატიმ, - შენ, ყველა შენი გრძნობით დაბრმავებულო ადამიანო, დარწმუნდე იმაში, რომ ჩემი ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი? მაშ, მისმინე და მიყურე, რომლის მოკვლასაც იზრახავ შენს მიერ მოფიქრებული სატანჯველებით!

და აი, როდესაც ყველა დიდი ყურადღებით უმზერდა წმინდანს, უეცრად, ისე სწრაფად და ქერცლივით ჩამოსცილდა მას ყველა დაფუფხული წყლული და განიწმინდა, რომ წამების კვალიც კი არ შერჩა წმინდანის სხეულს. ამ სასწაულის მხილველებმა, ადიდეს ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ევგენიმ, ევსტრატის მეგობარმა და თანამოქალაქემ ხმამაღლა შესძახა:

- ლისიუს! მეც ქრისტეანი ვარ და ვწყევლი შენს ბილწ რწმენას და როგორც ჩემი ბატონი ევსტრატი, მეფის განკარგულებასა და შენ გიცხადებთ დაუმორჩილებლობას!

განრისხებული ლისინიუსის ბრძანებით ევგენიც დაუყოვნებლი შეიპყრეს და სასამართლოზე გამოიყვანეს.

- ყველა მათგანის დაკითხვა დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, არადა მე ამის გარდა სხვა საზოგადო საქმეებიც მაქვს. ამიტომაც ვბრძანებ ეს ჯადოქარი და მსახვრალი ევსტრატი, მასთან ერთად კი ევგენიც, რომელიც დღეს მისი თანამოაზრე აღმოჩნდა, მტკიცედ შეკრათ, ბორკილები დაადოთ და ჩააგდოთ დილეგში სხვა ქრისტეანებთან ერთად, სადაც მათ დამწყვდევას ვბრძანებ მომდევნო დაკითხვამდე. 

ამის შემდეგ, ლისინიუსი ადგა თავისი ადგილიდან და სასამართლო შეწყვიტა. ხოლო წმინდანები, ევსტრატის გამბედაობითა და მოთმინებით აღფრთოვანებულები და მასზე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მიერ მოვლენილი სასწაულით გახარებულები, ისევ საპყრობილეში ჩაამწყვდიეს. იქ რომ მივიდნენ, ყველამ ერთხმად იგალობა ფსალმუნი, რომელიც იწყება სიტყვებით: "აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად?" (ფსალმ. 132:1) და ლოცვის შემდეგ, დასხდნენ, წმიდა ევსტრატი კი ასწავლიდა მათ და მომავალი განსაცდელის დათმენისა და გმირობისთვის ამზადებდა.

ასე მიილია ის ღამე. ღამით ლისინიუსმა მის თანხმლებ ჯარისკაცებს მგზავრობის თადარიგის დაჭერა უბრძანა, რადგან ქალაქ ნიკოპოლში ჩასვლას აპირებდა. იმ დროს, როდესაც მეომრები გასამგზავრებლად ემზადებოდნენ, ლისინიუსი საპყრობილისკენ გაემართა და ევსტრატის გამოყვანა ბრძანა და ფარისევლურად მომღიმარემ უთხრა:

- გამარჯობა, ძვირფასო ევსტრატი!

წმინდანმა უპასუხა:

- მოსამართლევ, ყოვლისშემძლე ღმერთმა, რომელსაც მე ვემსახურები, მოგაგოს ღირსად შენი მოსალმებისთვის. 

- ღმრთის გულის მოგებისთვის იზრუნე, - თქვა ლისინიუსმა, ახლა კი აიღე შენი ჩექმები, ჩაიცვი და სიხარულით გავუდგეთ გზას ერთად.

ჩექმები კი რკინისა იყო, რომელსაც ქვემოდან დიდი და გრძელი ლურსმნები ჰქონდა ამოკრული. ჩექმები ფეხებზე ქამრებით მიუმაგრეს წმინდანს, ლისიუსმა კი ისინი თავისი ბეჭდით დაბეჭდა და წმინდანის სხვა შეპყრობილ ქრისტეანებთან ერთად წამოიყვანა. ამასთანავე, ჩქარა რომ ევლოთ, მთელი გზის განმავლობაში აჩუს ძახილითა გაშოლტვით მათი გარეკვა ბრძანა. თვითონ ლისინიუსი თავისი მხედრობითურთ წინ გაემართა. ორი დღის შემდეგ ისინი, ევსტრატისა და ევგენის მშობლიურ ქალაქ არაბრაკში ჩავიდნენ.

არაბრაკს რომ მიუახლოვდნენ, მთელი მოსახლეობა წმინდანებს გამოეგება, ყველას უნდოდა საკუთარი თვალით ენახა ნეტარი ევსტრატი, მაგრამ ვერავინ ახლობელთა და ნათესავთაგან, შეპყრობის შიშით, მისთან მიკარებასაც კი ვერ ბედავდა, რადგან ცნობილი იყო, რომ ლისიუსს უკვე გაცემული ჰქონდა შესაბამისი განკარგულება.

სხვათა შორის, არაბრაკის გზაზე ცხოვრობდა ვინმე მარდარი, ღარიბი და მდაბიო წარმოშობის ადამიანი, მაგრამ სრულიად კმაყოფილი თავისი მდგომარეობით. როდესაც ევსტრატი და სხვა ქრისტეანები მის სახლთან ახლოს ჩამოატარეს მარდარი თავისი ახალი სახლის სახურავს ამაგრებდა. მის ახლოს ჩატარებულ წმინდანებს რომ შეხედა, მათ შორის, ვითარც მანათობელი ვარსკვლავი, იცნო ევსტრატი, მყის ჩამოვიდა სახურავიდან და თავის ცოლს სომხურად უთხრა:

- ხედავ, ჩემო მეუღლევ, ამ ქვეყნის ერთ-ერთ ხელმძღვანელთაგანს, რომელიც ცნობილია თავისი წარმომავლობითა და სიმდიდრით და, რომელიც დაჯილდოვებულია სამხედრო სამსახურისთვის? ხედავ, როგორ დაუტევა ყოველივე და მიდის, რათა გახდეს მსხვერპლი, სათნო ღმრთისა? ნეტარ არს ყოველი, ვისაც ამქვეყნიური დიდებაც გააჩნია და ჩვენს უფალ ქრისტესთანაც მიიღებს ჯილდოს და ანგელოზებთან ერთად მარადიულ ნეტარებათა ღირს იქმნება.

ღვთისმოსავმა მეუღლემ ქმარს უთხრა:

- ჩემო საყვარელო მეუღლევ! რა გაბრკოლებს იარო იმ გზაზე, რომლითაც ის მიდის და მათთან ერთად მიიღო ნეტარი აღსასრლი, რათა იყო მტკიცე მეოხი ჩემთვის, ჩვენი შვილებისთვის და მთელი ჩვენი მოდგმისთვის ცათა შინა?

მარდარიმ უპასუხა:

- მომეცი ფეხსაცმელი და მეც გავუდგები ამ ნეტარ და საოცნებო გზას.

ცოლმა სიხარულით გამოუტანა ქმარს ფეხსაცმელი და მარდარიმაც, ჩაიცვა, შემოისარტყლა, შვილებს გამოემშვიდობა, დადგა პირით აღმოსავლეთით და ილოცა:

- უფალო, ღმერთო, მამაო ყოვლისმპყრობელო, უფალო იესუ ქრისტე და წმიდაო სულო, - ამბობდა ის, ერთო ღმერთო და ერთო ძალო! მიწყალე მე, ცოდვილს, შემეწიე და დაიცევ მხევალი ესე შენი და ორივე ყრმანი, - რამეთუ შენ ხარ მეოხი ქვრივთა და მოწყალე ობოლთა! და მე, მეუფეო, უდიდესი სიხარულით და გულითადი მოსურვებით მოვისწრაფვი შენსკენ!"

შემდეგ მან აკოცა თავის შვილებს და თქვა:

- ჯანმრთელ იყავ, ცოლო ჩემო, და ნუ იგლოვ, არამედ გიხაროდენ, რამეთუ შენ და შენი შვილებ და სულიც ჩემი ყოვლისშემძლე და ყოვლადკეთილი ღმრთისთვის მიმიბარებია. 

ამ სიტყვებით გამოვიდა ის სახლიდა, ცოლი კი სიხარულით მიაცილებდა. მარდარი პირდაპირ ერთ სახელოვან აბრაკინელ მოქალაქესთან, მუკარორუსკენ გაემართა, რომელიც მდიდარი და სახელოვანი იყო, მიესალმა მას და უთხრა:

- აჰა მივდივარ მე შენს მეგობართან და ნათესავთან კირისიკესთან, და თუ ღმერთს ნებავს, ვიქნები მისი თანამეგზური და მასთან ერთად ვიტვირთავ ღვაწლს მოწამეობისა. გვედრებ, ღმრთის შემდეგ, მფარველ ეყავ ჩემს ცოლსა და ობოლ შვილებს ამ ცხოვრებაში, ხოლო თუ მე ვპოვო მადლი ღმრთის წინაშე, შეგეწევი იმ დღეს, როდესაც ყველა ჩვენთაგანი წარსდგება მის წინაშE და მიიღებ ჯილდოს ჩვენი მაცხოვრისგან.

- წადი მშვიდობით, შვილო ჩემო, - მიუგო მას ღვთისმოსავმა მუკარორმა, - დაასრულე კეთილი გზა და არაფერზე იდარდო: მამა ვექმნები შენს მეუღლესაც და შენი შვილებსაც. მაშინ მარდარი გამოემშვიდობა მუკარორს, წმინდანებს ქალაქის მისადგომებთან დაეწია და ევსტრატის ხმამაღლა შესძახა:

- ბატონო კირისიკე! როგორც ცხვარი მიდის თავის პატრონთან, ისე მოვედი მეც შენთან, მსურს თანამგზავრ ვეყო ყველა თქვენგანს. მაშ, მიმიღეთ მეც და ჩამრიცხე შენს წმინდა მეგობართა შორის და მიმიყვანე მე უღირსი, მოწამეობრივ ღვაწლთან, რათა მეც, შენთან ერთად შევიქნა აღმსარებელი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა.

ამის შემდეგ კიდევ უფრო ხმამაღლა შესძახა:

- ისმინეთ, ეშმაკის მსახურნო, ისმინეთ! მეც ქრისტეანი ვარ, როგორც ბატონი ჩემი ევსტრატი.

მეომრებმა იმწამსვე შეიპყრეს იგი, შეკრეს და სხვა ქრისტეანებთან ერთად საპყრობილეში ჩაამწყვდიეს, რაც დაუყოვნებლივ ეუწყა ლისინიუსს და, რომელმაც სასამართლოს დაწყებაც არ დაახანა. მეომრებმა, ჩვეულებისამებრ, გამოიყვანეს ქრისტეანები საპყრობილიდან. მათ შორის იყო აქვსენტიც - შიშველი და თოკით ხელფეხშეკრული; სხვა ქრისტეანები კი ახლოს დააყენეს და აყურებინეს წმინდანის დაკითხვას:

მსაჯულმა წმინდანს მიმართა: 

- აქვსენტი! გაგვათავისუფლე ზედმეტი შრომისგან, შენ კი ტანჯვისგან, თქვი: ხომ არ დაგიტოვებია შენი ამაო და დამღუპველი დაუმორჩილებლობა და დაბრუნებიხარ ჩვენს მოწყალე ღმერთებს?

- მცირედ მისმინე, ლისიუს, - მიუგო, წმინდა აქვსენტიმ: ვფიცავ იმ ჭეშმარიტებს, რომელიც ყოველზე უზენაესია და ყოვლისმხედველია, რომ უთვალავი წყლულება და აქამდე უნახავი ტანჯვაც რომ მომაყენო, ჩემი გონება უცვალებლად ერთგული იქნება ერთი ჭეშმარიტი ღმრთისა და მხოლოდ მას სცემს თაყვანს. რომც მომკლა მახვილით ან ცეცხლით დამწვა, ვერავითარი სატანჯველი ვერ შეცვლის ჩემს აზროვნებას. ასე, რომ ჯობია აღასრულო შენი განზრახვა". 

მაშინ მტარვალმა საჯაროდ განაცხადა ახალი სასიკვდილო განაჩენი:

- აქვსენტი, რომელიც მრავალი წამების შემდეგ, კიდევ საკუთარი უგუნურების მიმყოლად რჩება, გამოესალმოს სიცოცხლეს თავის მოკვეთით. ეს განკარგულება უნდა აღსრულდეს უღრან ტყეში, რათა საძაგელი სხეული ქრისტეანებმა მათებურად არ გააპატიოსნონ და პატივით არ დაკრძალონ. ხოლო ის, ვინაც გაბედა და ახლახან შეუერთდა ამ ტუსაღებს, შუაში გამოიყვანეთ, რათა ახლავე მიეზღოს მას დამსახურებულად ის, რასაც ასე ესწრაფვოდა.

სანამ მეომრები თოკებს ხსნიდნენ მარდარის, მან წმინდა ევსტრატის უთხრა:

- ბატონო ჩემო, კირისიკე! გვედრებ, შემავედრე ღმერთს და მასწავლე, რა ვუპასუხო მტარვალს, რათა ამ სასტიკმა და მძვინვარე მტარვალმა არ დააბრკოლოს ჩემნაირი უბრალო და უწიგნური ადამიანი.

- ჩემო ძმაო, მარდარი, - უპასუხა წმინდანმა, - განუწყვეტლივ იმეორე მხოლოდ ერთი: "მე ვარ ქრისტეანი", "მე ვარ მონა ქრისტესი", და სხვა არაფერი უპასუხო, რაც უნდა გითხრას ან გააკეთოს შენ მიმართ. 

როდესაც მეომრებმა მარდარის ლისიუსს წარუდგინეს, მათ თქვეს:

- აი, ტუსაღი, რომელიც ახლახან შევიპყარით.

ლისიუსმა თქვა:

- გვამცნოს თავისი სახელი, მამული, საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი და გვითხრას თავისი სარწმუნოება.

- მე ქრისტეანი ვარ, - პასუხობდა მარდარი, და ჯალათთა ყველა შეკითხვაზე, თუ რა ერქვა ან საიდან იყო, ერთი და იგივეს პასუხობდა:

- მე ქრისტეანი ვარ! მე ვარ მონა ღმრთისა.

ამაზე მეტი ჯალათებმა მისგან ვერც გაიგეს. როდესაც ლისიუსმა მისი შეურყევლობა ნახა, ბრძანა მისთვის რკინის კანჭებით ფეხები გაეხვრიტათ, თოკები გაეყარათ და თავდაყირა ჩამოეკიდათ, შემდეგ კი მთელი მისი სხეული გახურებული ლურსმნებით დაეჩხვლიტათ. დიდხანს ეკიდა ასე მარდარი, რომელმაც ბოლოს შესძახა:

- გმადლობ უფალო, რომ ესოდენ სიკეთეთა ღირს მყავ! მეც მხოლოდ ის მსურდა, რომ ცხოვნებულ ვყოფილიყავ შენს მიერ და აქეთკენ მოვისწრაფოდი. მაშ, მიიღე ჩემი სული მშვიდობით.

ამის თქმა იყო და მარდარიმ სული უფალს მიაბარა.

როდესაც მარდარი გაიტანეს წამების ადგილიდან, ლისიუსმა თქვა:

- მოიყვანონ ევგენი სატალიდან, რომელმაც გაბედა და ევსტრატის დაკითხვის დროს აქ შემოვიდა. მე არ ვამტკიცებ, რომ ის ქრისტეანია, როგორც თვითონ ბოდავენ საკუთარ თავზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ მავნე ადამიანია.

როდესაც სასამართლოს ევგენი წარუდგინეს, მსახურებმა თქვეს:

- აი, ევგენიც.

მოსამართლემ თქვა:

- მითხარ მე, საძაგელო კაცო, რომელმა ბოროტმა ეშმაკმა გასწავლა და გიბიძგა ისეთი კადნიერებისკენ, რომ გაბედე და ყოვლად უსირცხვილოდ და უსამართლოდ დაგიწყე ჩვენი სასამართლოს ყვედრება? 

მაშინ, წმინდა ევგენიმ უპასუხა:

- ჩემმა ღმერთმა, რომელიც დაამხობს შენთვის პატივსაცემ ღმერთებს, - აი, ვინ მომცა ძალა და მიბოძა გამბედაობა და თავისუფალი სიტყვა, იმისათვის, რათა პირდაპირ დამეცინა შენთვის, მყრალო ძუკნავ, სატანის ჭურჭელო, როემლიც შენთან ერთად წარსაწყმედელში წავა.

მტარვალმა დაიყვირა:

- ამოკვეთეთ ენა, ორივე ხელი და წვივები გადაუმტვრიეთ ამ უკეთურს, რათა უფრო მორჩილად იქცეოდეს ჩვენს წინაშე!

ამ წამების დროს წმინდა ევგენიმაც სული უფალს ჩააბარა.

ამის შემდეგ ლისიუსი გავიდა ქალაქგარეთ თავისი ჯარების დასათვალიერებლად. დათვალიერების დროს, როდესაც ყველა ჯარისკაცი აჩვენებდა იარაღის ფლობის საკუთარ ხელოვნებას, ერთ-ერთმა მათგანმა, ორესტმა, რომელიც მაღალი და წარმოსადეგი გარეგნობისა იყო, თავისი წოდების გამო ლისიუსის წინაშე უნდა წარმდგარიყო. ლისიუსმა შეაქო ორესტი და მას "ნამდვილი მეომარი" უწოდა და უბრძანა შუბი ეტყორცნა მიზნისთვის. როდესაც ორესტმა მიზანს დაუმიზნა და შუბი მოიქნია, ოქროს ჯვარი, რომელიც გულზე ეკიდა, ამოვარდა და ქრისტეან მეომარს ტანისამოსის გარეთ დაეკიდა, რაც ლისიუსისთვის და ყველა იქ შეკრებილთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ორესტი იმწამსვე შეიპყრეს და მიუყვანეს ლისიუსს, რომელმაც ხელში აიღო ჯვარი და ორესტს ჰკითხა:

- ეს რა არის? ნუთუ შენც ჯვარცმულის თაყვანისმცემელი ხარ?

- მე ვარ ჩემი უფლისა და ღმერთის, ჯვარცმული ქრისტეს მონა, - უპასუხა ორესტმა, - ხოლო ეს მისი ნიშანია, რომელსაც ვატარებ ყოველთა სუპოსტატთა განსადევნად. 

- დაე, ეს მშვენიერი მეომარი, - თქვა მაშინ ლისიუსმა, - შეკრულ იქნეს, გაამგზავრეთ ნიკოპოლს სადაც ევსტრატისა და მის მეგობრებთან ერთად წარდგება სასამართლოს წინაშე. ლისიუსი როდესაც ნიკოპოლს ჩავიდა, ამ ქალაქში დაბანაკებული ურიცხვი მეომარი მიეახლა მას შეძახილებით:

- ლისიუს! ჩვენც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მეომრები ვართ: დაგვსაჯე როგორც გინდა!

ლისიუსი ჯერ დაიბნა. შემდეგ შეეშინდა, ამ მეომრებს რაიმე ცუდი არ განეზრახათ მის წინააღმდეგ. მაგრამ, როდესაც იხილა, რომ ისინი იხსნიდნენ ქამრებს, და თვითონ ბარდებოდნენ მას, როგორც უმწეო ცხვრები, მათი ყველას შეპყრობა და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა. იმავე დროს მან დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორც დაესაჯა ყველა ეს ქრისტეანი, რათა მათი თანამოქალაქეებისა და ნათესავების მხრიდან რაიმე მღელვარება არ გამოეწვია; მაგრამ ყველაზე უფრო მას ეშინოდა ევსტრატის, კერძოდ კი იმისი, რათა ამ ქრისტეანს, წამების დროს, ადრინდელივით, ისევ რაიმე სასწაული არ მოემოქმედნა და მით კიდევ უფრო არ განემყარებინა დანარჩენ ქრისტეან ტუსაღთა რწმენა და თვით წარმართებიც არ მოექცია ქრისტეანობისკენ. ამიტომაც ლისიუსმა გადაწყვიტა დილით ევსტრატი და ორესტი ქალაქ სებასტიაში, მმართველ აგრიკოლასთვის გაეგზავნა.

ლისიუსმა სპეციალური წერილიც კი გაუგზავნა აგრიკოლას, სადაც წერდა:

- მის უმაღლესობას, მმართველ აგრიკოლას ბელადი ლისიუსი უსურვებს ჯანმრთელობას. ჩვენმა ღვთაებრივმა იმპერატორებმა, რომლებსაც მთელს ქვეყანაში არავინ ეგულებოდათ შენზე უკეთესი, ვისაც ძალგიძს შეუცნობელის შეცნობა, მოგანიჭეს ამ ქვეყნების მართვის ძალაუფლება, რადგან უწყიან, რომ დღე და ღამე დაკავებული ხარ საზოგადოებრივი საქმეებით და ძილი უფრო უძინარ ვარსკვლავებს მოერევა, ვიდრე შენს თვალებს, მანამ სანამ საზოგადო სარგებლობისთვის არ აღასრულდება შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ერთი სიტყვით, რადგან მხოლოდ შენში ხედავდნენ ისინი უდიდეს ღირსებებს, გიბოძეს კიდევაც ის უდიდესი პატივი, რომლითაც ეხლა სარგებლობ. ამიტომაც, მე, მოწმე შენი ესოდენი ღირსებებისა და თვისებებისა, გიგზავნი ამ ტუსაღს, ევსტრატის, რომელიც შეპყრობილია ქრისტეანობის სენით, მეტიც, თვით მე ვერ შევძელი ვერაფერი ისეთის მოფიქრება, რაც შეძლებდა მის ამ ცთომილებიდან მოქცევას და არაერთი გულისტკივილი მოგვაყენა. მიუხედავად მრავალგვარი მუქარისა, თავისი კადნიერებით ბედავს და წინასწარმეტყველებს მომავალს, ამტკიცებს ხალხს თავისი ჯადოებით და მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა სხვა დასჯილებსა და წამებულებს, არა თუ არ დატოვა თავისი კადნიერება, არამედ სატანჯველნი უფრო წყალობად მიიჩნია, ვიდრე სასჯელად. აი, ეს ევსტრატი და მასთან ერთად ორესტი, რომელიც მისი თანამოაზრეა, წარვუდგენ შენს ბრძენ და გონიერ სამსჯავროს, რათა შესრულებულ იქნას იმპერატორთა განკარგულება.

ამ მიმართვითა და წმინდანთა დაკითხვის დაწერილი ოქმით, წმინდანებთან ერთად, ჯარისკაცები გზას გაუდგნენ. გზაში წმინდა ევსტრატი და ორესტი გალობდნენ: " გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი... ჴელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისჴმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი" (ფსალმ. 118:32, 73). 

შემდეგ ევსტრატიმ თქვა:

- ძმაო ორესტ! მითხარი, სად და როგორ გარდაიცვალა წმინდა აქვსენტი?

წმინდა ორესტმა უპასუხა:

- მსაჯულის მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ის ევედრებოდა მეომრებს, რომლებმაც ის სასამართლოდან გაიყვანეს, შენი ნახვისა და ამბორის ნება მიეცათ მისთვის, მაგრამ არავის სურდა მისი სურვილის აღსრულება, რადგან ვახშმობის ჟამი იყო და მუცლის მონები ჩქარობდნენ რაც შეიძლებოდა სწრაფად აღესრულებინათ მათთვის მიცემული დავალება, ამიტომაც აქვსენტი იმწუთასვე ტყეში წაიყვანეს, ადგილას, რომელსაც ორორიე ეწოდება. სხვა წმინდანი ამ დროს გალობდა ფსალმუნს: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა" (ფსალმ. 118:1). შემდეგ მან მოიდრიკა მუხლნი, ილოცა, ხელები ზეცად აღაპყრო, თითქოსდა რაღაც შესაწირს ღებულობსო და თქვა "ამინ", ირგვლივ მიმოიხედა და როდესაც ნახა ახლოს ვიდექი დამიძახა და მითხრა:

- ძმაო ორესტ! უთხარი ბატონ ევსტრატის, რათა ილოცოს ჩემზე და, რომ მალე ისიც შემომიერთდება. ველოდები მას.

შემდეგ თავი წარჰკვეთეს, თანაც სასჯელის ადგილიდან გააძევეს ყველა, ვისზეც კი რაიმე ეჭვი ჰქონდათ, რომ შესაძლოა ქრისტეანები ყოფილიყვნენ. მისი წმინდა სხეული ღამით საიდუმლოდ აიღეს არაბრაკინელმა პრესვიტერებმა. მაგრამ თავი ვერ იპოვეს და ცრემლმორეულნი ევედრებოდნენ უფალს, რათა მიენიშნებინა მათთვის ის ადგილი, სადაც დადებული იყო თავი მოწამისა. და, ღმრთის განგებითაც, ერთ ერთ მუხაზე აჩხავლდა ყორანი ворон. პრესვიტერები გაეშურნენ მის ხმაზე და ჰპოვეს თავი წმინდანისა, რომელიც იმ ხის ტოტებზე დაედოთ, რომელზეც ყორანი იჯდა. პრესვიტერბმა აიღეს წმინდანის თავი, მიადეს სხეულს, გადაასვენეს პატიოსან და პატივდებულ ადგილზე და დაკრძალეს.

როდესაც ეს გაიგო, ევსტრატი ატირდა, ილოცა უფლის მიმართ და ორესტს უთხრა:

- მაშ, ჩვენც ვეცადოთ, ძმაო, გავუყვეთ აქვსენტის გზას. 

ხუთი დღის გასვლის შემდეგ, წმინდანები სებასტიაში ჩაიყვანეს და იქაურ მმართველს, აგრიკოლას წარუდგინეს. აგრიკოლამ წაიკითხა ლისიუსის წერილი და ტუსაღები ყველაზე მკაცრ მცველებს გადასცა. მეორე დღეს, ხალხის თანდასწრებით, მოედანზე ავიდა საჯარო ადგილას და ბრძანა ქრისტეანების მოყვანა. სასამართლომდე კი ბრძანა ყველას გასაგონად წაეკითხათ წერილი და პირველი დაკითხვის ოქმი, რომელიც ლისიუსმა მას გამოუგზავნა. წერილის წაკითხვის შემდეგ, მან თქვა:

- არ იფიქრო, ევსტრატი, რომ აქ ისეთივე სატანჯველები გელოდება, როგორიც განიცადე ლისიუსთან; გიჯობს ახლავე გამოუცხადო მორჩილება იმპერატორთა განკარგულებებს და მსხვერპლი შეწირე ღმერთებს, რათა არ დაიღუპო სასტიკი სიკვდილით.

წმინდა ევსტრატიმ მას ჰკითხა:

- ო, მსაჯულო! კანონებს მეფეთათვისაც გააჩნიათ ძალა, თუ არა?

- დიახ, - უპასუხა მმართველმა, - რადგან მეფენიც იცავენ კანონებს.

- მაშ, - გააგრძელა ევსტრატიმ, - მხოლოდ შენთვის არ ყოფილა არაფერი დაწერილი კანონი და გამოუსადეგარი შესასრულებლად. 

- რას გულისხმობ, უსჯულოვ, - თქვა მმართველმა, ვინ და როდის გაბედა კანონთა წინააღდგომა?

წმინდა ევსტრატიმ უპასუხა:

- კანონებში შემდეგი რამ წერია: არ უნდა მივმართოთ ძალადობას არც სიტყვით, არც საქმით, არამედ ხალხის მართვა უპირატესად უნდა წარმოებდეს დარწმუნების მეშვეობით. ორიდან ერთი აუცილებელი: ან მმართველი უნდა არიგებდეს ქვეშევრდომი, რათა მიიღოს მისგან რაც ეკუთვნის, ან ქვეშევრდომი, რომელიც უკვე დარიგებულია ყოველივე აუცილებელში, თავისუფლად და ნებაყოფლობით უნდა ასრულებდეს კანონის მოთხოვნას, და კიდევ, კანონებში არის ასეთი ადგილიც: ვბრძანებტ, რათა მსაჯულმა უნდა განსაჯოს მაგრამ, სიმკაცრე მოწყალებით უნდა გააჯეროს ისე, რომ სამართალში მიცემულნი, მუქარით დაშინებულნი, არ გრძნობდნენ მის მიმართ რაიმე სიძულვილს და არ მტრობდნენ მას, რათა არავინ გაბედოს კანონის დარღვევა, მისი მოწყალების იმედით. - ასეა დაწერილი მსაჯულო თუ არა?

- დიახ, - უპასუხა მმართველმა.

- მაშ, გთხოვ, - უთხრა მაშინ წმინდანმა, - ჩემთვისაც დაიცავი სასამართლო საქმისწარმოების წესი.

-  შენთვისაც, და ყველასთვისაც, - უპასუხა მმართველმა, - აუცილებელია კანონი დაურღვევლად იქნეს დაცული. 

- მაშ, გთხოვ, - შენიშნა წმინდანმა, - დაე შენი სიმკაცრე შეერწყას მოწყალებას და შენ, როგორც ყველაზე უბრძენესი, კეთილინებე უფრო ისმინო დარიგებანი, ვიდრე თვით არიგებდე, რათა გონივრულად განსაჯო ნებისმიერი საგანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი განსჯისა და კანონების გარეშე, - აწამე, მოჰკალ, და საერთოდ, აკეთე რაც გსურს.

- ილაპარაკე გაბედულად რაც გინდა, - მიუგო მმართველმა, - სასამართლო უფრო დარიგებებს დაეფუძნება, ვიდრე შიშს.

წმინდა ევსტრატიმ ჰკითხა:

- რომელ ღმერთებს გინდა შევწიროთ მსხვერპლი?

- ჯერ ზევსს, - მიუგო მმართველმა, შემდეგ კი აპოლონსა და პოსეიდონს.

- რომელი ბრძენკაცებისგან, ან ცხოვრების აღმწერელისგან, ან წინასწარმეტყველისგან გსმენიათ თქვენ, რომ თაყვანი უნდა ვცეთ ზევსსა და სხვა ცრუ ღმერთებს?"

- პლატონისგან, არისტოტელესგან, ჰერმესისგან, - თქვა მმართველმა, - და შენ რომ ისინი გცოდნოდა, პატივს მიაგებდი მათ ხსოვნას, როგორც ღვთითგანბრძნობილ და საკვირველ ადამიანთ.

- ჩემთვის უცნობი არ არის მათი სწავლება, - მიუგო წმინდა ევსტრატიმ, - რადგან მე სიყმაწვილიდან ვსწავლობდი მათ და კარგად შევისწავლე ელინური მეცნიერებანი და ხელოვნება; თუ ინებებ, პირველად პლატონით დავიწყებ.

მმართველმა დაიწყო პლატონის "ტიმეოსის" დამოწმება, რომლიდანაც, თითქოსდა ნათლად ჩანდა, რომ პლატონი დიდ პატივს სცემდა წარმართ ღვთაებებსა და ქალღმერთებს. ევსტრატიმ, ბრძენი პლატონის იმავე თხზულებიდან დაამტკიცა, რომ ის აშკარად და ძლიერ განიკითხავდა თვით ზევსს, რომელსაც წარმართები მიიჩნევდნენ ღმერთებისა და ადამიანების, ცისა და მიწის, მეუფედ და ამტკიცებდა, რომ ღმერთი არის წყარო და მიზეზი ყოველი სიკეთისა, როგორიც, წარმართული არაკების მიხედვით, ზევსი არ ყოფილა; თანაც, წმინდანი უთითებდა წარმართთა სხვადასხვა ზღაპრებს, მოწმობად მოჰყავდა ასევე ცნობილ წარმართ პოეტთა სიტყვები, როგორებიც იყვნენ ჰომეროსი და ესქილე.

- მე შენს კადნიერებას ვითმენ, - განაცხადა ამაზე მმართველმა, - მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონაც მიყვარს განსჯა. მაშ ასე, მითხარი, როგორ შეიძლება ღმერთად ვაღიაროთ ის, ვისაც შენ სცემ თაყვანს, როდესაც ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც გაასამართლეს და ჯვარზე გააკრეს?

წმინდანმა უპასუხა:

- ყურადღებით თუ მომისმენ და გამოიჩენ მოთმინებას, ჯერ მე შეგეკითხები რამოდენიმე საგანზე, რომელიც მაინტერესებს, შემდეგ კი თანამიმდევრობით გადმოგცემ ყოველივეს, რაზეც მეკითხებოდი.

- გაძლევ უფლებას, - თქვა მმართველმა, - ილაპარაკო აბსოლუტურად ყველაფერი, რაზეც კი ისურვებ ლაპარაკს.

- ყოველი კაცი, - გააგრძელა ევსტრატიმ, - რომელსაც გონივრული განსჯის უნარი გააჩნია, ღმერთს წარმოიდგენს როგორც მართალს, გარეშემოუწერელს და მიუწვდომელს, ამასთანავე უცვალებელსა და ყოველივეზე აღმატებულს თავისი ღვთაებრივი თვისებებით. ფიქრობ თუ არა ასე ღმერთზე ბატონო მოსამართლევ?

- დიახ, ასევ ვფიქრობ, - მიუგო მსაჯულმა.

- ყოველივე ამას უნდა დავამატოთ, - შენიშნა წმინდანმა, - ისიც, რომ ღმერთში არ არის არავითარი ნაკლი და არასრულყოფა, და ის ყოველივეში სრულყოფილია.
- უეჭველად ასე, - დაეთანხმა აგრიკოლა.

- მაშ, - განაგრძრო ევსტრატიმ, - განა უაზრობა არ იქნება ვაღიაროთ, რომ კიდევ არსებობენ სხვა ღმერთები, რომელთაც გააჩნიათ სრულყოფა და უხრწნელი ღვთაებრივი ბუნება? რადგან თუკი მათ არ ექნებათ თუნდაც უმცირესი რამ იმ თვისებათაგან, რაც გააჩნია სრულყოფილ ღვთაებას, ისინი, ვფიქრობ, უკვე აღარც იმსახურებენ კაცთაგან პატივისცემას და ღმერთად აღიარებას. ღმერთში ხომ არ არსებობს არანაირი ნაკლულევანება, როგორც ეს უკვე აღვნიშნეთ, და ამიტომაც მხოლოდ მას უნდა ემსახურონ და ეთაყვანონ კაცნი, როგორც ჭეშმარიტ უფალს.

აგრიკოლამ თქვა:

- ჭეშმარიტად ასეა.

- მაშ რა ხდება? იქნებ ამ ღმერთებს გააჩნიათ უხრწნელი და უკვდავი ბუნება და წარმოადგენენ რა ერთი არსების სხვადასხვა გამოვლინებებს, ერთდებიან ერთ წერტილში ღვთაებრივი ბუნებისა? მაგრამ, მაშინ ნუღა იწოდებიან ისინი სხვადასხვა ღმერთებად, დიდებად და პატარებად, არამედ იწოდონ ერთ ღმერთად, რომელსაც აქვს მხოლოდ შეუდარებელი ძლიერება და სახელი ღმრთისა, და არა ისე თქვენ რომ ფიქრობთ, - თითქოსდა ერთი ღმერთი ცოცლობს ცაში, მეორე მიწაზე, მესამე - ზღვაში და ა. შ. განა ასე არ არის მსაჯულო?

მმართველი აგრიკოლა უძლური იყო რაიმე ეპასუხა ევსტრატისთვის, დიდხანს დუმდა და ბოლოს, მხოლოდ ესღა ამოღერღა:

- დაუტევე შენი მტკიცებულებები და მრავალსიტყვა შეპასუხებები და პასუხი გამეცი მხოლოდ იმაზე, რაზეც გეკითხები: როგორ შეგიძლიათ ღმერთად აღიაროთ ჯვარცმული?


წმმ. ევსტრატი, ევგენი, მარდარი და ორესტი