წმიდა მოწამე ფოტინა ის სამარიტელი დედაკაცია, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი გვიყვება თავის სახარებაში. სწორედ ფოტინაელაპარაკა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს პატრიარქ იაკობის ჭასთან და ირწმუნა მაცხოვრისა. ქრისტეს ამაღლების შემდეგ, ორმოცდამეათე დღეს, როდესაც წმიდა მოციქულებზე სულიწმიდაგადმოვიდა, ფოტინა თავის ორ ვაჟიშვილთან და ხუთ დასთან ერთად ქრისტეს მოწაფეთაგან მოინათლა. შემდეგ კი მოგზაურობასშეუდგა, გადადიოდა ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში და ყველგან მკვდრეთით აღმდგარ ღმრთის ძეს ქადაგებდა, რითაც მრავალი წარმართი ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ მოაქცია.
რომის უკეთური იმპერატორის, ნერონის მმართველობის დღეებში, ქრისტეანთა სასტიკი დევნა დაიწყო. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ, ქრისტეს მოძულენი ამაოდ ცდილობდნენ მთელს მსოფლიოში ქრისტეს სახელის ამოძირკვას და ყველგან მის მოწაფეებსა და მორწმუნეებს ეძიებდნენ;რა უწყოდნენ უგუნურებმა, რომ რაც უფრო მეტად დევნიდნენ ქრისტეს სარწმუნოებას, მით უფრო ძლიერდებოდა და ვრცელდებოდა იგი, რადგან "ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერ შემუსრავდნენ" (მათე. 16:18).
იმ დროს წმიდა ფოტინა თავის უმცროს შვილთან, იოსიასთან ერთად, კართაგენში, აფრიკის ერთ ერთ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც გაბედულად ქადაგებდა სახარებას. მისი უფროსი ძე ვიქტორი კი რომაელი ჯარისკაცი იყო. ბარბაროსებთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ რომის სამფლობელოებს, ნერონმა მას მხედართმთავრობა უბოძა, თუმცა არ იცოდა, რომ ვიქტორი ქრისტეანი იყო და იტალიაში მიავლინა იქ მყოფ ქრისტეანთა დასასჯელად.
იტალიის მმართველმა სებასტიანემ სცადა გადაერწმუნებინა ვიქტორი, რათა შეესრულებინა იმპერატორის განკარგულება:
- დიდო მხედართმთავარო ვიცი, რომ შენ, როგორც დედა შენი და ძმა შენი იოსია, ქრისტეანები ხარ. თქვენ ყველანი მისდევთ მოციქულ პეტრეს. მაგრამ, გირჩევ შეასრულო მეფის ბრძანება და დასაჯო ქრისტეანნი, რათა საფრთხეში არ ჩააგდო შენი სიცოცხლე.
- მე ზეციური და უკვდავი მეფისა და ჭეშმარიტი ღმერთის, ქრისტეს ნებას ვასრულებ, ხოლო ნერონის განკარგულება დავსაჯო ქრისტეანები, არა თუ არ შევასრულებ, არამედ გაგონებაც კი არ მსურს მისი, - მიუგო ვიქტორმა.
- როგორც ჭეშმარიტ მეგობარს, შენდა სასიკეთოდ გირჩევ გააკეთო ის, რასაც იმპერატორი გიბრძანებს, - ისევ მიმართა სებასტიანემ თავის მხედართმთავარს. თუ დაჯდები სამსჯავროზე და იპოვი ქრისტეანთ, და როცა იპოვი დასჯი, მეფის გულსაც მოიგებ და მემკვიდრეობად მის ქონებასაც მიიღებ. გარდა ამისა, გირჩევ გააფრთხილო შენი დედა და ძმა, რათა ასეთი კადნიერებით ნუ ჰქადაგებენ ქრისტეს და ნუ ასწავლიან ელინთ თავიანთი მამა-პაპური სარწმუნოების უარყოფას, რათა მათ გამო შენც საფრთხეში არ შთავარდე.
- ნუმც იყოფინ, ვაკეთებდე იმას, რასაც მირჩევ: დავსაჯო ქრისტეანნი, ან წავართვა მათ რამე, ან კიდევ ვურჩევდე საკუთარ დედას და ძმას არ იქადაგონ, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია. დედისა და ძმის კვალობაზე მეც ვიქადაგებ ქრისტეს ჭშმარიტებას და მაშინ ვნახოთ როგორ იქნება, - შეეპასუხა ქრისტესმოყვარე მხედარი.
- ძმაო, მე გირჩევ იმას, რაც შენთვის სასიკეთოა, შენ კი თავად გადაწყტვიტე რა აკეთო, - ისევ შეაგონა ვიქტორი მმართველმა.
ამის თქმა იყო და სებასტიანე მყის დაბრმავდა და თვალის საშინელი ტკივილისგან მიწას დაენარცხა. მსახურებმა ასწიეს ის და საწოლზე დააწვინეს, სადაც მდუმარედ იწვა სამი დღე, მეოთხე დღეს კი დაიყვირა: "ერთია ღმერთი - ღმერთი ქრისტეანთა!"
- ასე უეცრად რატომ შეიცვალე შეხედულება, სებასტიან? - ჰკითხა მას სანახავად მისულმა ვიქტორმა.
- იმიტომ, რომ ქრისტემ მომიწოდა, ჩემო უტკბილესო ვიქტორ, - მიუგო იტალიაში იმპერატორის ადგილნაცვალმა, რის შემდეგაც, ვიქტორის მიერ დამოძღვრილი, მოინათლა. როდესაც ემბაზიდან ამოვიდა, კვლავ აეხილა თვალნი და ღმერთი ადიდა. ამ სასწაულმა იმდენად შეაძრწუნა სებასტიანეს წარმართი მსახურები, რომ იმის შიშით, ჩვენი ურწმუნოებისთვის ჩვენც არ დავისაჯოთო, ვიქტორთან მიირბინეს, ქრისტეანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა სთხოვეს და მოინათლნენ.
გავიდა მცირე დრო და ნერონამდეც მივიდა ხმა, რომ მხედართმთავარი და მმართველი იტალიაში პეტრეს, პავლეს და სხვა მოციქულთა სწავლებას ავრცელებენ; რომ მათ მრავალი ელინი მოაქციეს ქრისტეანული სარწმუნოებისკენ და, რომ მხედართმთავრის დედა, ფოტინა, თავის მეორე შვილ იოსიასთან ერთად, ჯვარცმულს კართაგენში ჰქადაგებდა.
ამის გამგონი ნერონი ძლიერ განრისხდა და იტალიაში გააგზავნა მეომარნი, რათა რომში ჩამოეყვანათა ყველა, ვინც კი ქრისტეანულ სწავლებას ავრცელებდა. ამ დროს, თვით უფალი გამოეცხადა მრავალ კაცსა და ქალს და უთხრა მათ: "მოდით ჩემთან ტვირთმძიმენო და მაშვრალნო და მე განგისვენო თქვენ" (მათე 11:28). ნუ გეშინინ, რამეთუ მე თქვენთან ვარ და ნერონი, თავის დამქაშებთან ერთად დამარცხდება.
ამ ამბავს ვიქტორიც ესწრებოდა, რომელსაც ქრისტემ უთხრა: "ამიერიდან სახელი შენი იყოს ფოტინე (ნათელი), რადგან შენს მიერ განათლდებიან მრავალნი და მირწმუნებენ. სებესტიანე კი შენი სიტყვებით განაძლიერე მოწამეობრივი აღსასრულისთვის. ნეტარ არს ყოველი, ვინც ბოლომდე დაითმენს". ამის შემდეგ უფალი ზეცად ამაღლდა.
მოსალოდნელი საფრთხე ფოტინასაც ეუწყა. ამიტომაც, ის მრავალ ქრისტეანთან ერთად კართაგენიდან რომს გაეშურა, სადაც არაჩვეულებრივი გამბედაობით დაიწყო ქრისტეს ქადაგება. დიდი იმპერიის ყველა მცხოვრები შეშფოთებული ამბობდა: "ვინ არის ეს დედაკაცი, ქრისტეანთა ესოდენი სიმრავლით რომ გამოცხადდა?" ამავე დროს იტალიის მმართველ სებასტიანესთან ერთად რომში ფოტინას შვილი, ფოტინეც (ვიქტორი) ჩამოიყვანეს და ყველანი ერთად წარუდგინეს იმპერატორს, რომელიც მასთან მიყვანილ ქრისტეანთა დაკითხვას პირადად აწარმოებდა.
თავიდან იმპერატორი დაშინებისა და წამების გარეშე, დაყვავებით ცდილობდა ეიძულებინა აღმსარებელნი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება:
- უარჰყავით ქრისტე ან საშინელი სიკვდილით მოჰკვდებით, - დაემუქრა ქრისტეანთა სიმტკიცით განრისხებული იმპერატორი შეპყრობილთ.
- ნუმც იყოფინ, ქრისტე ღმერთო, შენ უარგყოფდეთ და განვშორდებოდეთ შენს რწმენასა და სიყვარულს, - ლოცულობდნენ აღმსარებელნი, რომელთა შორის იყვნენ ფოტინას დები: ანატოლია, ფოტო, ფოტისა, პარასკევა, კვირიაკე და ფოტინას ვაჟიშვილები: ფოტინე და იოსია. ყველანი სიხარულით ელოდნენ სიკვდილს ქრისტესათვის და სულის ცხოვნებას ევედრებოდნენ ჯვარცმულს.
მაშინ, ტირანმა გასცა განკარგულება რკინის ბურთულებით სახსრები დაემტვრიათ მათთვის. ნერონის მსახურებმა შეიპყრეს წმინდანები, სასჯელის ადგილზე მიიყვანეს და ხელები გრდემლზე დაადებინეს. დაიწყო წმნდანთა წამება. სამი საათიდან ექვს საათამდე სამჯერ შეიცვალნენ ჯალათნი, მოწამენი კი ტკივილს საერთოდ არ გრძნობდნენ, მათი ხელები არც კი შეიმუსრა. ამ უცნაურმა სასწაულმა შეაშფოთა ნერონი და გასცა განკარგულება ხელები მოეკვეთათ მოწამეთათვის. ფოტინა იმწამსვე შეიპყრეს, ხელები შეუკრეს და მახვილიც მრავალგზის დასცეს ხელზე, თუმცა ვერაფერი გააწყვეს. მეტიც, უეცრათ თვით ჯალათები მოწყდნენ და მიწაზე უსულოდ დაენარცხნენ, მოწამე კი უვნებელი დარჩა და ღმერთს მადლობდა: "უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს" (ფსალმ. 117:7).
იმპერატორმა დაიწყო ფიქრი, როგორ დაემარცხებინა ეს ქრისტიანები და დაერწმუნებინა ისინი უარეყოთ თავიანთი სარწმუნოება. გასცა განკარგულება მამაკაცები საპყრობილეში დაემწყვდიათ, წმიდა დედა ფოტინა კი მის ხუთ დასთან ერთად მისთვის ოქროს დარბაზში მიეგვარათ იმის იმედით, რომ ფუფუნებითა და სატყუარებით შესძლებდა წმიდა დედათა სარწმუნოების შეცვლას. შემდეგ, თავის ქალიშვილს, დომნინას უბრძანა შემოსულიყო ამ დარბაზში ყველა მის მოახლესთან ერთად და დარჩენილიყო წმინდანებთან. ქრისტეს უარყოფის შემთხვევაში ნერონი მოწამეებს ჰპირდებოდა, რომ არა მარტო აჩუქებდა ყოველივეს, რაც კი ამ მდიდრულად მორთულ ოთახში ჰქონდა, არამედ არნახულ პატივსა და დიდებასაც უბოძებდა. მაგრამ არ უწყოდა უგუნურმა, რომ ზეციურზე მეოცნებე დედები არად მიიჩნევდნენ ამსოფლიურ სიკეთესა და ამაოებასა და მათ დანახვაც კი არ უნდოდათ.
წარმართული ცნობიერებისთვის გაუგებარმა ქრისტეანულმა მსოფლმხედველობამ დიდად გააკვირვა იმპერატორის ქალიშვილი. ეს რომ შენიშნა, ფოტინამ მას ასეთი სიტყვებით მიმართა:
- გიხაროდენ, ჩემი უფლის პატარძალო!
- შენც გიხაროდენ, ჩემო დედოფალო, ლამპარო ქრისტესო, - მიუგო დომნინამ. იმპერატორის ქალიშვილმა ქრისტე რომ ახსენა, ფოტინამ ფრიად გაიხარა, ადიდა უფალი და დომნინას ეამბორა. შემდეგ კი ქრისტეანობაში დამოძღვრა და იმპერატორის ქალიშვილი მის მოახლეებთან ერთად მონათლა. ამ უდიდესი საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომლის დროსაც დომნინას სახელად ანთისა ეწოდა, მეფის ქალიშვილმა თავის უფროს მოახლეს, სტეფანიდას უბრძანა, ოქროს სამკაულები და ფული, რომელიც ამ ოქროს დარბაზში იყო, უპოვართათვის დაერიგებინათ.
ეს რომ შეიტყო, ნერონმა განკარგულება გასცა დაენთოთ ღუმელი და ჩაეგდოთ ფოტინა თავის მეგობრებთან ერთად. სამი დღე დაჰყვეს ცეცხლის ამ სახმილში მოწამეებმა და უვნებლად გამოვიდნენ მისგან. როდესაც ამ სასწაულის შესახებ ესმათ რომის მოქალაქეებს და ცეცხლიდან უვნებლად გამოსული მოწამენი იხილეს, ჯერ გაიკვირვეს, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომდარიყო, შემდეგ, კი ქრისტეანთა კვალად ღმერთი ადიდეს.
მაშინ ტირანმა გასცა ბრძანება ყველა აღმსარებლისთვის მიეცათ მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც ამ საქმეში დახელოვნებულ მოგვ ლამპადიუსს მოამზადებინეს და პირველად წმიდა ფოტინას შეასვეს; ფოტინამ შხამით სავსე კათხახელში აიღო და თქვა: "არ უნდა აგვეღო ეს საწამლავი და შეგვესვა იგი, რადგან შენ თვითონ უწმინდური ხარ. მაგრამ იმისთვის, რათა შენ, მეფეო, და ამ მოგვმა იხილოთ ძალი ქრისტესი, ყველაზე უწინარეს, ჩემი უფლისა და ღმერთის, იესუ ქრისტეს სახელით, მე შევსვამ ამ კათხას, შემდეგ კი მას დალევს ყველა, ვინც კი ჩემთანაა". ასეც მოხდა და ყველამ იხილა, რომ ვერც საწამლავმა ავნო წმიდა მოწამეებს.
ეს რომ იხილა, მოგვი განცვიფრდა და წმინდანებს შეჰღაღადა: "მე მაქვს სხვა, ამაზე უფრო ძლიერი საწამლავი. და თუ თქვენ მასაც დალევთ და არაფერი შეგემთხვევათ, იმწამსვე ვირწმუნებ თქვენს ღმერთს და მოვინათლები". როდესაც ახალი საწამლავი მოიტანეს, მოწამეებმა შესვეს ის და კვლავ არაფერი ევნო მათ. მოგვი კი უფრო მეტად განცვიფრდა, შეჰკრიბა ყველა თავისი ჯადოქრული წიგნი და ცეცხლს მისცა. აღთქმისაებრ, მან ირწმუნა ქრისტე და თეოკლიტეს სახელით მოინათლა. მეფემ რომ ეს შეიტყო, უბრძანა თავის ჯარისკაცებს შეეპყროთ ყოფილი მოგვი და ქალაქის კედელს მიღმა თავი მოეკვეთათ. აი ასე, ყვლაზე უწინარეს მიიღო ნეტარმა თეოკლიტემ მოწამეობრივი გვირგვინი.
ამის შემდეგ, უსჯულო ნერონმა ბრძანა დაუმორჩილებელი ქრისტეანებისთვის ძარღვები გადაეჭრათ. ჯარისკაცებმა აღასრულეს ეს ბრძანება, მოწამეები კი დასცინოდნენ მეფისა და მისი "ღმერთების" უძლურებას და მათ მიერ მოფიქრებულ სატანჯველებს არად აგდებდნენ. მაშინ, იმპერატორმა გასცა ბრძანება გაედნოთ ტყვია და პირში ჩაესხათ წმიდა ფოტინასთვის, სხვებისთვის კი ზურგზე გადაესხათ. მიუხედავად ამისა, წმიდა მოწამეები აგრძელებდნენ თავიანთი ღმრთისა და შემოქმედის დიდებას: "გმადლობთ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ჩვენი გულმხურვალებით აღძრული შენდამი წყურვილი, ადუღებული ტყვიით განაგრილე".
თუმცა, ნერონი ვერც ამან შეაჩერა და სხვა სატანჯველი მოიფიქრა. წმინდანები დაჰკიდეს და უმოწყალოდ აწამეს, რკინის იარაღებით ფხეკდნენ სხეულს, წვავდნენ ცეცხლით, მაგრამ რაც უფრო მეტ ტკივილს აყენებდნენ მეფის მსახურნი ქრისტეანებს, მით უფრო ძლიერდებოდნენ ისინი ღმრთის მადლით და ღმერთს ადიდებდნენ. მაშინ, საცოდავმა და ამაოებით შეპყრობილმა ნერონმა მათი სიმტკიცის გატეხვა სხვაგვარი ტანჯვით გადაწყვიტა: წმინდანებს ნესტოებში მწარე ძმართან შეზავებული ფერფლი ჩაასხეს. თუმცა, რაიმე შედეგი ვერც ამ ღონისძიებამ მოიტანა. წმინდანები კვლავ ადიდებდნენ უფალს და ამბობდნენ, რომ ეს ჯოჯოხეთური ნარევი "ოქროსა და ბაჯაღლოზე მეტად სასურველია და თაფლსა და გოლეულზე უტკბილესია" (ფსალმ. 18:11).
ასეთმა საქციელმა ტირანი მთლად გადარია. მან გასცა განკარგულება დაებრმავებინათ აღმსარებელნი, შემდეგ კი სამი წლით შხამიანი გველებით სავსე და აყროლებულ საპყრობილეში ჩაემწყვდიათ. თავისი მყოფობითა და გამუდმებული ლოცვებით, წმინდანებმა აკურთხეს ეს საშინელი ადგილი: მოკვდა ყველა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც საპყრობილეში ბუდობდა, სიმყრალე საოცარ კეთილსურნელებად შეიცვალა, ბნელი საპყრობილე კი ღმრთის ნათლით განათდა. დადგა მათ შორის ჩვენი უფალი იესუ ქრისტე და მიესალმა: "მშვიდობა თქვენდა" (იოანე 20:19). შემდეგ, მოჰკიდა ხელი ფოტინას, ასწია იგი და უთხრა: "მარადის იხარებდით", რადგან, აჰა, "მე თქვენთან ვარ აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 28:20). ამ დროს, მოწამეებს დაუბრუნდათ მხედველობა და ღმერთი რომ იხილეს, თაყვანი სცეს მას. აკურთხა რა მოსაგრენი, ქრისტემ ისინი გაამხნევა და ზეცად ამაღლდა. წმინდანთა სხეულებს ქერცლივით მოსცილდა ნაფხეკი ხორცი, განახლდნენ, სრულიად გამოჯანმრთელდნენ და ისეთნი გახდნენ, როგორებიც ადრე იყვნენ.
ერთი წლის შემდეგ, მეფემ ბრძანა მოეყვანათ ერთ ერთი მის მსახურგათან, რომელიც წმინდანებთან ერთად იყო დამწყვდეული. როდესაც საპყრობილეს მიუახლოვდნენ, მეფის მალემსრბოლებმა იხილეს, რომ მოწამეები ჯანმრთელად არიან და ხარობენ: ბრმა გალილეველნი თვალხილულნი არიან, საპყრობილე ნათლითაა სავსე, ირგვლივ კი საოცარი კეთილსურნელება იფრქვევა. საპყრობილეს ხალხი მიაწყდა, აღიარებდნენ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს და ინათლებოდნენ.
ამგვარი ცნობის შემდეგ ნერონი მთლად გამოვიდა მწყობრიდან და კვლავ მოუწოდა მოწამეებს დასაკითხად. უსაყვედურა რა, რომ არ ისიმენენ მის ბრძანებებს და აგრძელებენ ქრისტეს სახელის აღიარებას, მან გადაწყვიტა ახალი სატანჯველებისთვის დაექვემდებარებინა ქრისტეანები მისი მითითების დარღვევისთვის. ჯერ თავდაყირა გააკრევინა ჯვარზე ყველა მათგანი, შემდეგ კი სამი დღის განმავლობაში მათ ტყავს ფხეკდა, სანამ მყესები მთლიანად მთლიანად არ გააცალა. ამის შემდეგ, გამხეცებულმა მსახურებმა ოთხი დღე ასე, თავქვედაკიდებულად მიატოვეს წმინდანები და ოთხი დღის შემდეგ რომ მიაკითხეს რათა გაეგოთ, ცოცხალნი იყვნენ თუ არა, მყის დაბრმავდნენ. ზუსტად ამ დროს გარდამოვიდა ანგელოზი უფლისა ციდან, გაათავისუფლა წმინდანნი, ეამბორა მათ და წყლულებანი განუკურნა. წმინდა ფოტინა სიბრალულით აღივსო დაბრმავებული მსახურებისადმი, მათი თავი შეავედრა უფალს და სიბრმავისგან განჰკურნა, რომლის შემდეგ, მათაც ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.
ნერონს მორიგი სასწაულის შესახებ რომ მოახსენეს, გააფთრებულმა ფოტინა შეპყრობა და მისთვის ტყავის გაძრობა ბრძანა. ამ წამების დროს, წმინდანი დავითის ფსალმუნს გალობდა: "გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი" (ფსალმ. 25:2). ფოტინას ტყავი მდინარეში გადააგდეს, წმინდანი კი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ, სევასტიანეს, ფოტინეს და იოსიას ჯერ სასქესო ასონი მოაჭრეს და ძაღლებს მიუყარეს საჭმელად, შემდეგ კი ტყავი გააძრეს, მდინარეში ჩაყარეს და ძველ აბანოში ჩაამწყვდიეს. ფოტინას ხუთივე დას მკერდი მოაჭრეს და ტყავი გააძრეს. როდესაც წმიდა ფოტისას ჯერი დადგა, მან არ ისურვა შეპყრობილ ყოფილიყო წამების დროს და თავისი ტყავი თვითონ ისე გაიძრო, რომ მისი მოთმინება ტირანსაც კი გაუკვირდა. მიუხედავად ამისა მტარვალი არც ამას დასჯერდა და ახალი, საშინელი სატანჯველი მოიფიქრა: ნერონის ბაღში მოხარეს ორი ხე, მიაბეს მათ ნეტარი ფოტისა და აუშვეს. წმინდანი ორად გაიხლიჩა და სული თვისი უფალს მიაბარა. მაშინ ინება ბილწმა ნერონმა თავი მოეკვეთათ დანარჩენი მოწამეებისთვის, ნეტარი ფოტინა კი, ჭიდან ამოეყვანათ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.
რადგან ფოტინა მარტო დარჩა და ჯერ კიდევ არ მიეღო მოწამეობის გვირგვინი სხვებთან ერთად, დამწუხრდა და ღმერთს შეევედრა, რომელიც გამოეცხადა წმინდანს, პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრით სამჯერ ჯვარი გადაწერა და ყოველი სნეულებისა და ჭრილობისაგან განჰკურნა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ღმრთის მადიდებელი ფოტინა, მშვიდობით მიებარა უფალს. მის ხსენებას ეკლესია აღასრულებს 20 მარტს / 2 აპრილს.
აი ასე მიეახლნენ სანატრელ და სანუკვარ ღმერთს და მიიღეს მისი ზეციური სასუფეველი, ნეტარმა ფოტინამ და მასთან ერთად წამებულებმა, რასაც დე, ვეღირსოთ ჩვენც მათი ლოცვებით.