ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).


პატერიკი
მარტვილობა წმიდისა მოწამისა პოლიევქტოსი
(ხს. 9 იანვარს)




მარტვილობა წმიდისა მოწამისა პოლიევქტოსი
(ხს. 9 იანვარს)

რომაელი მეფეების დეკიუსისა და ვალერიანეს (1) დროს, ქალაქ მელიტინაში, რომელიც სომხეთშია (2), ცხოვრობდა ორი ყველასთვის პატივსაცემი მეომარი ნეარქი და პოლიევქტო, რომლებსაც ღვიძლი ძმებივით უყვარდათ ერთმანეთი: თითოეულ მათგანს ისე უყვარდა თავისი მეგობარი, როგორც საკუთარი სიცოცხლე და სუნთქვა. ნეარქი ქრისტეანულ სარწმუნოებაში განმტკიცებული და უფლის სჯულის ერთგული შემსრულებელი იყო, პოლიევქტო კი - წარმართი, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიახლებოდა ქრისტეანული სარწმუნოების ჭეშმარიტი ნათელი. თუმცა, ეს უკანასკნელი ქრისტეანული წესით ცხოვრობდა და ნაყოფიერი ზეთისხილივით დახუნძლული იყო მრავალი სათნოებით, მას მხოლოდ ღმრთის ეკლესიასთან თანაზიარობაღა აკლდა. ნეარქი ყოველმხრივ ცდილობდა ქრისტეანული სარწმუნოებისკენ მის მოქცევას, ხშირად უკითხავდა საღმრთო წერილს, ასწავლიდა ერთი, ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და ამასთანავე წარმოუჩენდა კერპთაყვანისცემის სიბილწესა და ამაოებას. მაგრამ, პოლიევქტოსთვის ჯერ კიდევ არ დამდგარიყო ღმრთის მიერ მისთვის განწესებული მოქცევისა და ცხოვნების ჟამი. 

ძალიან მალე ბაზრებსა და ქუჩებში დაიწყეს უკეთურ მეფეთა განკარგულებების კითხვა, რომლებშიაც მოუწოდებდნენ ყველას თაყვანი ეცათ ბილწი კერპებისთვის, ხოლო მათ ვინც არ დაემორჩილებოდა ამ ბრძანებებს მრავალგვარი სატანჯველებითა და სასჯელებით უნდა დასჯილიყვნენ.

ნეარქმა, როგორც ქრისტეს ერთგულმა მონამ, დაიწყო მზადება სიკვდილისთვის; მაგრამ, ამავე დროს, სული უწუხდა თავისი მეგობრის, პოლიევქტოსთვის, რადგან ფიქრობდა, რომ ის, ვის გაქრისტეანებასაც მალე ელოდა, შესაძლოა ტანჯვა-წამების შიშით რწმენისა და მარადიული ცხოვნების გარეშე დარჩენილიყო. ნეარქს გამუდმებით სტანჯავდა ეს აზრი და გლოვობდა იმ წარწყმედის გამო, რაც მის მეგობარს ელოდა. გარეგნულადაც კი შეიცვალა, ვინაიდან დარდით სახიდან სულიერი ჭმუნვა არ სცილდებოდა. 

პოლიევქტოს შეუმჩნეველი არ დარჩენია მეგობრის წუხილი, რომლის მიზეზის წვდომას დაბეჯითებით ცდილობდა და რაკიღა ვერაფერი შეიტყო მისგან თვითონაც დამწუხრდა ნეარქისადმი თანაგრძნობით. ბოლოს და ბოლოს, პოლიევქტომ დაჟინებით მოითხოვა მეგობრისგან გაეგო მისი დამწუხრების მიზეზი და ჰკითხა: 

- რამეთი გული ხომ არ გატკინე მეგობარო? რაიმე ხომ არ დაგიშავე? რა მოვიმოქმედე ისეთი, რომ არ შეგიძლია მაპატიო, შენს მეგობარს?

მაშინ, ატირებულმა ნეარქმა ამოიოხრა და უთხრა:

- ვწუხვარ და ვტირი, მეგობარო, როდესაც ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება ჩვენი მეგობრობა და ძმური სიყვარული. 

ამის გამგონე პოლიევქტო დამწუხრდა და ისევ ჰკითხა:

- როგორ შეიძლება ეს მოხდეს? რატომ უნდა შეწყდეს ჩვენი მეგობრობა და სიყვარული, როდესაც თვით სიკვდილსაც კი არ ძალუძს ჩვენი გაყრა?
 
პოლიევქტომ, რომელსაც არ ესმოდა რას გულისხმობდა მისი მეგობარი, გულში ჩაიკრა იგი და დაჟინებით ჰკითხა:

- ნეარქ, მითხარ და განმიმარტე, რაში მდგომარეობს ჩვენი ურთიერთ განშორების არსი? შენი დუმილის ატანა უკვე აღარ შემიძლია და თუკი არ გამიმხელ და დადუმდები, იმწამსვე მკვდარს მიხილავ შენს წინაშე.

მაშინ ნეარქმა უპასუხა:

საყვარელო პოლიევქტო! ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორებს მეფის განკარგულება, რომელსაც ყველგან კითხულობენ, რადგან მე ვარ ქრისტეანი, შენ კი წარმართი. და აი, როდესაც მე საწამებლად წამიყვანენ ჯალათები, შენ უარს იტყვი ჩემზე და მიმატოვებ.

ეს რომ გაიგო, კეთილგონიერი პოლიევქტო იმწამსვე მიხვდა რა უნდოდა ნეარქს და რადგან ღმრთის მადლით იყო განბრძნობილი, დაიწყო ღვთიურზე ზრუნვა და ფიქრი. მან გაიხსენა რამოდენიმე დღის წინანდელი ხილვა, რომელიც მას ჰქონდა და თქვა: 

- ნუ დარდობ ჩემო საყვარელო ძმაო ნეარქ! ჩვენ ერთმანეთს არ დავშორდებით, რადგან სიზმარში ვიხილე ქრისტე, რომელსაც შენ მსახურობ. ის მომიახლოვდა, მიბოძა ფრთოსანი ცხენი და შემმოსა ახალი, ბრწყინვალე და ძვირფასი სამოსით. 

როდესაც ნეარქმა ეს გაიგო, გაიხარა და პოლიევქტოს აუხსნა, რომ ძველი სამოსისაგან განძარცვა და ახლით შემოსვა საკუთარი სიცოცხლის უკეთესობისკენ შეცვლას მოასწავებდა.

- მოგიწევს ძმაო, - თქვა მან, - დატოვო წარმართული ცთომილება და შეიმოსო ქრისტე ჭეშმარიტი სარწმუნოებით; ფრთოსანი ცხენი კი ნიშნავს, რომ მალე გადასახლდები ზეციურ სანახებში.

შემდეგ კი დასძინა:

- აი, შენ უკვე სცან ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი!

პოლიევქტომ მიუგო:

- როდისღა არ ვიცოდი იგი? განა არ მენთო გული, როდესაც მის შესახებ მიყვებოდი? განა არ მიკვირდა მისი სიტყვების, როდესაც სახარებას მიკითხავდი? ოდენ ქრისტეანის სახელი არ მერქვა თორემ განწყობით უკვე ვიყავი ქრისტეანი, რადგან ყოველთვის მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამეტოვებინა ამაო კერპები და უფალ იესუს ერთგული მონა როგორ გავმხდარიყავი. მაშ, ნუ აყოვნებ ნეარქ, მოდი და თვით საქმით დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი!

ნეარქი ტკბებოდა პოლიევქტოს აღსარებით და იხარებდა მისი გადაწყვეტილებით, მაგრამ შიშობდა, შეძლებდა კი მისი მეგობარი დაეტოვებინა მიწიერი სიმდიდრე, ცოლი და ბავშვები; ასევე, თამამად და გაბედულად დაეთმო თავისი სიცოცხლე, ამიტომაც დაუწყო მას ამ წუთისოფლის ამაოებაზე ლაპარაკი და განუმარტავდა თუ რა უხილავი და ენით აუწერელი სიკეთე ელოდა ზეციურ სასუფეველში. 

- მე, პოლიევქტო, - ამბობდა ის, არც სიმდიდრე, არც დიდება, არც სამხედრო პატივი და, საერთოდ - ყოველივე ამქვეყნიური, არაფრად მიღირს. ჩემთვის ისე არაფერია საოცნებო და სანუკვარი, როგორც სიცოცხლე ქრისტე იესუში: მხოლოდ ის მსურს, მას ველტვი, ყოველივე დანარჩენი კი ფუჭი და ამაოა ჩემთვის. 

მაშინ, პოლიევქტომ, თითქოსდა გამოსცდისო, ჰკითხა:

- მაშ, განა არაფრად გიღირს შენი სამხედრო წოდება და პატივი?

ნეარქმა მიუგო:

- მე მგონია, პოლიევქტო, რომ შენ ჯერ კიდევ ვერ წარმოგიდგენია თუ რა არის ჭეშმარიტი პატივი და დაუღამებელი ნეტარების ბრწყინვალება, რომელიც თავის მონებს მოუმზადა უფალმა იესუ ქრისტემ მომავალ ცხოვრებაში.

ამაზე პოლიევქტომ უპასუხა:

- შენ ფიქრობ, რომ მე წარმოდგენა არა მაქვს იმ დიდებაზე, პატივსა და ნეტარებაზე, რომელიც ჩვენ მოგვიმზადა მაცხოვარმა ზეციურ სანახებში და მე კი მგონია, რომ შენზე უფრო შორს ვარ წასული ამ შემთხვევაში, რადგან, როგორც უკვე გითხარი, ვიხილე როგორ მებოძა მეფური მოსასხამი. მაგრამ, აი რა მინდა გკითხო: შესაძლებელია თუ არა, ქრისტეანულ საიდუმლოთა გარეშე მიეახლო ქრისტეს და იყო მისი მხედარი?

 - ნუ დაგაეჭვებს ეს ერთგულო მეგობარო, - მიუგო ნეარქმა, "შემძლებელ არს ღმერთი აღდგინებად ქვათა ამათგან შვილად აბრაჰამისა" (მათე 3:9), რამეთუ ღიაა უფლის მოწყალების კარი ყველასთვის, ვინც მას მიელტვის და მთელ დღეს მომუშავე მევენახესა და გვიან შემოსწრებულ მუშასაც ერთნაირად უხდის (შეად. მათეE 20:1-16). მან განუხვნა სამოთხის კარიბჭე ჯვარცმულ ავაზაკს და უმოკლესი აღსარებისათვის მიაგო ის, რასაც სხვები აღწევენ მძიმე და ხანგრძლივი მოსაგრეობით.

ეს რომ გაიგო, პოლიევქტომ უთხრა:

- დიდება ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს! დღეიდანვე წუთისოფლისთვის დამიტოვებია მთელი მისი ამაოება და აღვიარებ საკუთარ თავს ქრისტეს მონად, რომელსაც ისე ვემსახურები, როგორც ნებავს. ახლა კი წავალ და წავიკითხავ ქრისტეანთა და ჩემი ღმერთის, იესუ ქრისტეს წინააღმდეგ გამოცემულ მეფის განკარგულებას.

ამ სიტყვებით პოლიევქტო მოედნისკენ გაემართა, წაიკითხა მეფის განკარგულება სახალხოდ დააფურთხა და ნაკუწებად აქცია. ამ დროს, შეამჩნია კერპთმსახურები, რომელთაც თავიანთი კერპები შეჰქონდათ საკერპეში და ქედს იდრეკდნენ მათ წინაშე. 

მან ჯერ გაიცინა წარმართთა ამ უგუნურებაზე, შემდეგ კი ისეთი სახე მიიღო თითქოსდა თაყვანსაცემად მიდისო, არადა ერთი მეორის მიყოლებით დაერია კერპებს, სათითაოდ დაახეთქა მიწაზე და შემუსრა თიხის ჭურჭელივით; ასე დაამტვრია მან ოცამდე კერპი. 

ამ ამბავს შეესწრო პოლიევქტოს სიმამრი, ფელიქსი, რომელსაც მეფისგან დავალებული ჰქონდა ქრისტეანთა დევნა. როდესაც პოლიევქტოს მიერ დამტვრეული კერპები დაინახა ამოიგმინა და დამწუხრებულმა თქვა: 

ვაი, ჩემს თავს! შვილი დავკარგე, რადგან არც ღმერთები და არც ადამიანები - არ აპატიებენ ამის მქმნელ პოლიევქტოს.

უსულო კერპთა შემუსრვის გამო გახარებულმა პოლიევქტომ კი სიმამრს უთხრა:

- ნუ შეცბუნდები, მამავ! თვალნათლივ ვაჩვენე თქვენი ღმერთების უძლურება; თუ კიდევ გაქვთ ასეთი კერპები, მომიტანონ და ნახავ, როგორ შემუსრავენ მათ ქრისტეს მონები.

- ყოვლისშემძლე ჩვენმა მეფეებმა, -  უპასუხა ფელიქსმა, - ბრძანეს დაუყოვნებლივ დასჯა მათი ვინც არ შეასრულებს მათ განკარგულებას, შენ უკვე მიუახლოვდი სიკვდილს, რადგან სასჯელი გელოდება, - სხვაგვარად არ შეიძლება იყოს, ვინაიდან მეფის განკარგულების შეცვლა შეუძლებელია. მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გავაკეთო შენთვის - სიკვდილის წინ მოგცემ შესაძლებლობას წახვიდე სახლში და გამოემშვიდობო ცოლ-შვილს.

- განა შესაძლოა ვდარდობდე ცოლსა და შვილებზე, - შეედავა წმინდანი, - როდესაც უგულებელვჰყავ ყოველივე მიწიერი, ვეძებ ზეციერს და ვიზრახავ მარადიულს? თუ შენი ქალიშვილიც გამომყვება ამ გზაზე ნეტარ იქნება მარადიულ სასუფეველში, თუ არადა, წარწყმდება თქვენს ღმერთებთან ერთად.

ეს რომ გაიგო, ფელიქსმა მორთო ტირილი სიძის გამო და უთხრა:

- ვაი ჩემს თავს, ჩემო საყვარელო პოლიევქტო! როგორ შეუცდენიხარ ქრისტეს ჯადოსნურ ძალას. 

პოლიევქტომ კი მიუგო:

- არ ვმალავ ქრისტემ რომ მომიწოდა ჭეშმარიტების შემეცნებისკენ. თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენით გამომიყვანა მან და წარმმართა უმეცრების ბნელიდან და ნათლისკენ, სიკვდილიდან - სიცოცხლისკენ, ცთომილებიდან მართალი გზისკენ და მისი მხედრობის ღირსმყო.

ამას რომ ამბობდა, შეიპყრეს იგი ჯალათებმა და სცემეს, მაგრამ წმინდანი ყურადღებასაც კი არ აქცევდა მათ საქციელს. მაშინ, მოიყვანეს მისი ცოლი, რომელიც თავის მამასთან, ფელიქსთან ერთად ტიროდა და მოთქვამდა პოლიევქტოს გამო. წმინდანი კი ასე პასუხობდა თავის სიმამრს:

- ო, ბილწი კერპების უკეთურო მსახურო! რად ცდილობ შენი და შენი ქალიშვილის ცრემლებით ჩემს ცთუნებას და ქრისტეს სარწმუნოებისგან ჩემს განდგომას? საკუთარი თავის დატირება გმართებს და არა ჩემი, რადგან ასრულებ მიწიერ მეფეთა უკეთურ განკარგულებებს და საკუთარ თავს სამარადისო გეჰენიისთვის ამზადებ.

ამ დროს წმინდანის ცოლი პავლინა მოთქვამდა და გოდებდა:

- რა ხდება შენს თავს ჩემო საყვარელო მეუღლევ, პოლიევქტო? ვინ გაცთუნა და ჩვენი თორმეტი ღმერთის შესამუსრად ვინ წაგაქეზა? 

წმინდანმა კი ღიმილით მიუგო:

- თუკი მე, ერთმა ადამიანმა შევძელი და დავამარცხე შენი თორმეტი ღმერთი, უკვე აღარ დაგრჩა არც ერთი, ვისაც კი შეგიძლია დახმარებისთვის მიმართო. ამიტომაც, მისმინე პავლინა, შეიცან ერთი, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელ არს ცათა შინა; თაყვანეც მას და ეს წარმავალი ცხოვრება მარადიულსა და დაუღამებელ სიცოცხლეზე გაცვალე.

როდესაც წმინდანი საკუთარ მეუღლეს უქადაგებდა, პოლიევქტოს სიტყვებმა ამ ამბის შემსწრე წარმართებზეც დიდი ზეგავლენა იქონია. მათაც მოულბათ გული, შეიმეცნეს ჭეშმარიტება და ქრისტესკენ მოექცნენ. 

იმ დროს, როდესაც გარეთ ასეთი ამბავი ხდებოდა, შეიკრიბა ქალაქის ყველა მსაჯული და მრჩეველი და მოუწოდეს პოლიევქტოს თავიანთ ღმერთებს დაბრუნებოდა. ისინი ხან ფერებით, ხან მუქარით ცდილობდნენ კვლავ კერპთაყვანისცემისკენ მის მიქცევას. როდესაც მათი მცდელობა ამაო გამოდგა, წმინდანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს - მისთვის თავი უნდა მოეკვეთათ.
 
წმინდანი გასაოცარი სიხარულით მიდიოდა სიკვდილზე და თანმხლებ ხალხს ეუბნეობდა, რომ ამ წუთას ის ელაპარაკებოდა ნათელმოსილ ყმაწვილს, რომელიც მას ამხნევებდა და ყოველივე ამქვეყნიურის დავიწყებას ამცნებდა; ყმაწვილს კი (ანგელოზს - მთარგმნ.) მოწამის გარდა ვერავინ ხედავდა. უეცრად, პოლიევქტომ შეკრებილ ხალხში თავისი მეგობარი ნეარქი შენიშნა და შეჰყვირა:

- მშვიდობით ჩემო საყვარელო მეგობარო, გახსოვდეს ჩვენი მტკიცე სიყვარული!

ამ სიტყვებით დახარა მან თავისი წმიდა თავი მახვილის წინაშე და ქრისტესთვის წამებული, საკუთარ სისხლში მოინათლა (3).

წმიდა პოლიევქტო იყო პირველი მოწამე სომხურ ქალაქ მელიტინაში. მისმა სიკვდილმა ხელი შეუწყო მებრძოლი ეკლესიის მრევლის გამრავლებას, მედღესასწაულე ეკლესიას კი, ქრისტეს სადიდებლად, კიდევ ერთი წმინდანი შეემატა, რომელიც ერთის თავიც არის და მეორისაც, (4) და რომელსაც ეკუთვნის ყოველი პატივი და დიდება მამასთან და სულიწმიდასთან, ერთად უკუნითი უკუნისამდე. ამინ.



*           *           *

1. რომის იმპერატორი დეკიუსი მეფობდა 249 - 251 წლებში., ვალერიანე კი 253 - 259 წწ.

2. ქალაქი მელიტინა აღაშენა რომის იმპერატორმა ტრაიანემ (98 - 117). ეს იყო ამავე სახელწოდების ქვეყნის მთავარი ქალაქი, რომელიც მდებარეობდა კაპადოკიის მცირეაზიურ ნაწილში და რომელიც ოდესღაც წარმოადგენდა მცირე სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილს. 

3. ეს იყო 295 წელს.

4. აქ ლაპარაკია ერთ ეკლესიაზე. ხშირად ეკლესიას ხმობენ მებრძოლ და მედღესასწაულე ეკლესიად, მაგრამ აქ არ იგულისხმება, რომ ეკლესია ორია, ეს არის ერთი ეკლესიის ორი ნაწილი, რომლის თავი არის იესუ ქრისტე.

წმმ. ევსტრატი, არტემი და პოლიევქტო
(მარცხნიდან მარჯვნივ)

1. კონსტანტინე ჯერ კიდევ არ იყო ქრისტეანი, როდესაც თავისი ძლიერი მოწინააღმდეგის, მაქვსენციუსის წინააღმდეგ გალაშქრებამ მოუწია. მან არ იცოდა, ვის სახელზე უნდა ელოცა, და აი, როდესაც მზე დასავლეთისკენ მიიწვერა, ცაში იხილა ნათელმოსილი ჯვარი და წარწერა: "ამით სძლიე"; ეს სასწაული მისმა ჯარმაც იხილა. ღამით, სიზმარში, კონსტანტინეს გამოეცხადა თვით ქრისტე და უბრძანა, გაეკეთებინა ბაირაღი ჯვრის სახით და თავისი ჯარისკაცების ფარებსა და რკინის მუზარადებზეც ჯვრები გამოესახა. კონსტანტინემ შეასრულა ეს ყოველივე - და მალე მაქსენციუსის მხედრობა სრულიად გაანადგურა. ამის შემდეგ მან სახალხოდ აღიარა რომ მხარს უჭერდა ქრისტეანობას.
2. კონსტანციუსი მეფობდა 337-361 წლებში.
3. აქაია - პროვინცია საბერძნეთში.
4. დუქსი - მხედართმთავარი. ავგუსტალიუსი - ტიტული, რომელიც ტოლია ტიტულისა - "უმაღლესობავ".
5. იულიანე, კონსტანტინე დიდის ძმისშვილი, ჯერ კიდევ იმპერატორ კონსტანციუსის სიცოცხლეში იყო მისი თანამმართველი, მართავდა რომის იმპერიის დასავლეთ ოლქებს.
6. პანეადა - ქალაქი პალესტინის ჩრდილოეთით (სხვაგვარად - ფილიპეს კესარია).
7. იობი - ძველაღთქმისეული მართალი; თავისი დროის კაცთა მოდგმაში, როდესაც ენათა აღრევისა და ხალხთაA გაფანტვის შემდეგ, გაძლიერდა წარმართული ცრურწმენა, იობი იყო ჭეშმარიტი გამოცხადებისა და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის ერთგული მცველი. იობი ცნობილია თავისი ღვთისმოსაობით და უბიწო ცხოვრებით; ის ღმერთმა გამოსცადა უბედურებებით, რომელთა მიუხედავად, ურყევი დარჩა ღმრთისმოსაობასა და სათნოებებში. იობის თავგადასავალი დაწვრილებით არის გადმოცემული ძველი აღთქმის წმიდა წერილის ერთ-ერთ წიგნში, რომელიც მის სახელსვე ატარებს და "იობის წიგნი" ეწოდება.
8. გალიუსი, იულიანეს ძმა, კონსტანციუსმა აიყვანა საიმპერატორო ტახტზე, რადგან შვილი, რომელიც ტახტის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო,  არ ჰყავდა. გალიუსმა განარისხა კონსტანციუსი მით, რომ აშკარად დაიწყო სწრაფვა თვით კონსტანციუსის დამხობისკენ. ამ უკანასკნელმა გააგზავნა სანდო ხალხი, რათა წაერთმია ძალაუფლება გალიუსისთვის, რომელიც იმ დროს აღმოსავლეთის პროვინციებს მართავდა. წარგზავნილებმა თავიანთი პატრონის გულის მოსაგებად გალიუსი მოკლეს. 
9. დაფნე - ქალაქი ანტიოქიის შემოგარენში. ეს იყო ძალიან ლამაზი და მრავალგვარი ხეხილით დამშვენებული ადგილი, სადაც მოწანწკარებდა სუფთა და გამჭვირვალე მდინარეები, სადაც იდგა მზის ღმერთის, აპოლონის, ქანდაკება, რომელსაც იულიანე ყველა სხვა ღმერთზე მეტად სცემდა პატივს.
10. ქამარი - მხედართმთავრის განსაკუთრებული და განმასხვავებელი ატრიბუტი.
11. დასასჯელის ხელებსა და ფეხებს მიამაგრებდნენ ოთხ მასრას, რომლებიც მიწაში იყო ჩარჭობილი, რათა დასასჯელთ ხელის შეშლა არ შესძლებოდათ. 
12. ამ ადგილას ლაპარაკია ებრაელებზე, რომელთა ბაბილონის ტყვეობის სიმძიმე შეიძლება შევადაროთ ვერცხლის ჩაგდებას გავარვარებულ ღუმელში ან ჩიტის ჩამწყვდევას გალიაში. "ბეჭთა ჭირი", ეს არის გაშოლტვა, ხოლო "ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა" ნიშნავს, მტარვალს ძალაუფლება აქვს მოპოვებული ჩვენს სიცოცხლეზეო.
13. წინასწარმეტყველი ლაპარაკობს მაცხოვრის მომავალ ვნებებზე, მაგრამ მისი სიტყვები შეიძლება მივუყენოთ მორწმუნეებსაც, რომლებიც ქრისტეს სახელისთვის საკუთარ მხრებზე იტვირთავენ მრავალ სატანჯველთ.. 
14. ოჰასიმი - ერთ-ერთი ოაზისი არაბეთში. არაბეთის უდაბნოში ოაზისებად იწოდებოდა ადგილები, სადაც იზრდება მცენარეულობა და არის წყალი.
15. წმიდა ევგენის და მაკარის ხსენება არის 19 თებერვალს.
16. როგორი მნიშვნელობა ჰქონდა უმაღლესი ქურუმის თანამდებობას, ეს ჩანს იქიდან, რომ თვით სახელწოდება "უმაღლესი ქურუმი" რომის იმპერატორის ერთ-ერთი ტიტულიც იყო. მოგვს (ანუ "უმაღლეს ქურუმს") ჰქონდა დაუმორჩილებელი ქვეშევრდომთა სიკვდილით დასჯის უფლება. ქურუმი ცხოვრობდა ნუმას ძველებურ სამეფო სახლში. 
17. დასავლეთ იმპერიის იმპერატორი მაქსიმიან გერკული მეფობდა 284-305 წლებში ქრისტეს შობიდან, - კონსტანციუსი, რომელსაც ქლორსაც უწოდებდნენ, იყო მისი მემკვიდრე, ის ჯერ ელენეზე (წმ. მოციქულთასწორზე) დაქორწინდა, შემდეგ კი, იმპერატორ დიოკლეტიანეს მოთხოვნით, გაშორდა მას და ცოლად შეირთო თეოდორა, მაქსიმიან გერკულის ქალიშვილი. მაგრამ, ტახტის მემკვიდრე მაინც მისი უფროსი შვილი, კონსტანტინე დიდი გახდა.
18. კონსტანტინე დიდს ჰყავდა სამი ვაჟიშვილი: კონსტანტინე, კონსტანციუსი და კონსტანსი. უფროსმა აიღო ზემო გალიის, ბრიტანეთის, გერმანიისა და ესპანეთის მმართველობა. უმცროსმა - ქვემო გალიის, იტალიის, ილირიისა და აფრიკისა, ხოლო შუათანამ - აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ეგვიპტესი. მალე კონსტანტინე ბრძოლაში მოკლეს, ხოლო კონსტანსი ნადირობის დროს მოაშთო მისმა დაახლოებულმა პირმა მაგნენციუსმა.
19. ეს სამხედრო ლაშქრობა რომის იმპერატორ მაქვსენციუსის წინააღმდეგ კონსტანტინემ განახორციელა 312 წელს.
20. ძველად რომში სიბილებად იწოდებოდნენ წინასწარმეტყველი ქალები. მათი წინასწარმეტყველებები შეკრიბეს სამ წიგნად და ინახებოდა იუპიტერის კაპიტოლიუმის ტაძარში, შემდეგ კი პალატინოს გორაკზე, აპოლონის ტაძარში. მათ წინასწარმეტყველებებს ყურადღებას აქცევდნენ ქრისტეანი მწერლებიც, რომლებიც რა მათში პოულობდნენ ერთგვარ მინიშნებებს ქრისტეს მომავალ სუფევაზე. - ვირგილიუს მარონი - ცნობილი რომაელი პოეტი (დაიბადა 70 წ. ქრ. შ.-მდე). არტემი აქ ალბათ გულისხმობს ვირგილიუსის ლექსს "ბუკოლიკები". 
21. წარმართები ფიქრობდნენ, რომ ღმერთებს, რომლებიც ზრუნავენ ადამიანებზე, სურთ, გამოუცხადონ მათ თავიანთი ნება. ამიტომაც წარმართებს სჯეროდათ სიზმრებისა, რომლებსაც, მათი რწმენით, მოუვლენდნენ ღმერთები. გარდა ამისა, წარმართებში არსებობდა განსაკუთრებული ორაკულები - ადგილები ტაძრებში, სადაც ღმერთების სახელით ლაპარაკობდნენ მოგვები ან ის ადამიანები, ვინც ტრანსში იმყოფებოდა და ამ მდგომარეობაში მყოფი წარმოთქვამდა ცალკეულ სიტყვებს, რომელთაგან მოგვები აყალიბებდნენ ასე თუ ისე ერთმანეთთან დაკავშირებულ წინადადებებს. ღმერთი აპოლონი უპირატესად ამ ორაკულთა ხელმძღვანელად ითვლებოდა.
22. წმ. მღვდელმოწამე ბაბილას ხსენების დღეა 4 სექტემბერი.
23. იულიანე ამახინჯებს მათეს სახარების სიტყვებს (მათე 18:22), სადაც ლაპარაკია არა შურისძიებაზე ან დასჯაზე, არამედ შვიდგზის სამოცდაათჯერ შემცოდე ძმისადმი მიტევებაზე.
24. “შენი წარწყმედა ახლოვდება და შენი დაღუპვა გახმაურდება ხალხთა შორის” - ანუ შენი დაღუპვა იქნება უჩვეულო და ხალხში ბევრ მითქმა-მოთქმას გამოიწვევსო.
25. "კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე, მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა" (ფსალმ. 60:3,4), ანუ "შენ, უფალო, დამაყენე მე კლდეზე, როგორც უხიფათო ადგილზე; შენ იქმენ ჩემთვის მტკიცე სვეტად ან კოშკად, რომელშიაც ვპოვე გადარჩენა".
26. ქტეზიფონი - ეს არის სპარსული ქალაქი მდინარე ტიგროსის მარცხენა ნაპირზე; რომაული ხელისუფლების დროს ეს იყო მძლავრი ციხესიმაგრე, რომელიც რამდენჯერმე მოექცა რომაელთა ძალაუფლების ქვეშ.
27. კარმანია - ამჟამინდელი კერმანი სპარსეთში. მისი ჩრდილო ნაწილი (სტეპური კარმანია) თითქმის უნაყოფო უდაბნო იყო, სამხრეთი კი ძლიერ ქვიშიანი, თუმცა აქ მოედინებოდა რამდენიმე მდინარე.
28. იულიანე მოკვდა ქრისტეს შობიდან 363 წ.
29. იულიანე დაკრძალეს წარმართულ საკერპეში, შემდეგ კი მისი სხეული გადაიტანეს კონსტანტინოპოლში და წმ. მოციქულთა ეკლესიაში, მისი მეუღლის ნეშტის გვერდით საეკლესიო წესის აგების გარეშე დაასვენეს როგორც განდგომილი
30. წმ. არტემი აღესრულა 363 წლის 20 ოქტომბერს. მისი წმინდა ნაწილები დაასვენეს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში, რომელიც ააშენა იმპერატორმა ანასტასიმ და რომელსაც შემდგომ წმ. არტემის ტაძარი ეწოდა.