ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ცნობილი და პოპულარული გახდა ფსიქოლოგიის ის დარგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და ჟესტიკულაციებში მის გამოვლენას შეისწავლის. მრავალი გამოკვლევა, რომელიც სხეულის მოძრაობათა ახსნა-განმარტებას ეძღვნება, აცხადებს, რომ მოცემული სფერო ახალია და არასაკმარისად არის შესწავლილი (Пиз А. Язык телодвижений. М., 1996). მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი არის ერთ ერთი გამომხატველობითი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ქრისტეანი ხატმწერები.
ჯერ კიდევ ქრისტეანობის პირველი საუკუნეებიდან, მისი ჩასახვის დროიდანვე, ხატწერა გამოიკვეთა როგორც მხატვრული ხელოვნების ცალკეული სფერო. ეს განპირობებული იყო ხატის ამოცანით: გამოსახულ ყოფილიყო არა მარტო იესუ ქრისტეს პიროვნების კაცობრივი ბუნება ან წმინდანთა ხატები, არამედ, შეძლებისდაგვარად, გრაფიკული, ხელთქმნილი საშუალებებით გადმოცემულ ყოფილიყო უქმნელი მადლი, რომელიც ქრისტეში, როგორც ღმერთკაცში, ხოლო წმინდანებში - მათი მართალი და წმიდა ცხოვრების ძალით გამოვლინდა.
ხატის მიზანია გამოსახოს ქმნილი ბუნების ფერისცვალება ღვთაებრივი სულით. ეს მიზანი მხოლოდ ბიბლიურ ან საეკლესიო-ისტორიულ მოვლენათა დინამიკის ჩვენებაში როდი მდგომარეობს, - რადგან ხატის, როგორც უწიგნურთა ბიბლიის შემეცნება, ხატმწერთათვისაც იყო მისაღები. ხატმა მის წინაშე მდგომ და მლოცველ ადამიანს უნდა წარმოუჩინოს სულის ის მდგომარეობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მასზე გამოსახული მოღვაწისთვის. როდესაც წმინდანთა ხატებს შევცქერით, თავის მხრივ, მივისწრაფვით მივემსგავსოთ არა მარტო მასზე გამოსახულ წმინდანს, სიკეთის გარეგნული ქმნის თვალსაზრისით, არამედ ღვთიური მადლით შინაგანი კაცის ბუნების ფერიცვალებითაც. ხატის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ იყოს სულიერი მდგომარეობის ნიმუში ლოცვის დროს და სწორი ლოცვითი მოღვაწეობის სახელმძღვანელო (Успенский Л. А. Богословие иконы Православной Церкви. Б/м, Изд-во Зап.-Европ. Экзархата Моск. Патриархата, 1989, [репр.: М., 1998,] 476 с, илл.).
თავისი განსაკუთრებული დანიშნულების ძალით, ხატს უძველესი დროიდანვე გააჩნია საკუთარი განსაკუთრებული მხატვრული სტილი, რომელიც საფუძვლიანად განასხვავებს მას საერო სურათისგან. ამ განსხვავების დანახვა ადვილია ტრადიციული, კანონიკური ძველრუსული ხატებისა და ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი დასავლური სურათების (მხატვრული ტილოების) ურთიერთშედარებით. დასავლურ ტილოებზე ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას მატერიალისტური საშუალებებით გამოსახულ იქნეს სულიერი საწყისი: მაგალითად, ნიმბების მაგიერ ვხედავთ თავისგან გამომავალ სხივებს, ხატებზე გამოსახული პერსონაჟების სახეების სითეთრე ხაზს უსვამს სხეულებრივ სიჯანსაღეს, გამოსახული სახეები პათეთიკურად ჟესტიკულირებენ.
ამგვარი სურათების ავტორები საღმრთო ისტორიის მოვლენებს უყურებენ მხოლოდ გარეგანი მხრიდან და მოვლენის სულიერ არსში წვდომას არ ცდილობენ (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). ავიღოთ, მაგალითად, ქრისტეს აღდგომის დასავლეთიდან ჩვენთან შემოსული იკონოგრაფიული ტიპაჟი: ქრისტე ამოდის საფლავიდან ან თეთრ სავანეში გახვეული დგას მის გვერდით ჯვრით ხელში. ქრისტეს ირგვლივ შეგვიძლია ვიხილოთ შეშინებული და პირქვედამხობილი დარაჯები და მოწიწებით მუხლმოყრილი ანგელოზები (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, 144-145 с.). ჟესტიკულაცია ასეთ ხატებზე გადმოსცემს სწორედ გარეგან დინამიკას, მოძრაობას, და თუმც საკმაოდ დახვეწილად აკეთებს ამას, დავტოვებთ მას განხილვის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ სურათებზე გამოსახული ან თეატრალური ჟესტიკულაციის სიმბოლიკის მსგავსია და ახალს არაფერს გვაძლევს.
მაგრამ, აღდგომის კანონიკურ ხატზე ჩვენ ვერ ვხედავთ ქრისტეს აღდგომის მომენტს და არცთუ შემთხვევით - რადგან, სახარების მიხედვით აღდგომის მომენტი არავის უნახავს: მოწაფეებს ეცხადებოდა უკვე მკვდრეთით აღმდგარი უფალი. ამიტომაც, "ის, ვინც ცდილობს წარმოიდგინოს ქრისტეს აღდგომის გარეგნული მხარე, ... იძულებული ხდება მისდიოს საკუთარ გამონაგონს" (Монахиня Иулиания (Соколова). Труд иконописца. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1995, с. 145). აღდგომის კანონიკურ ხატს ჩვენამდე მოაქვს იესუს ჯოჯოხეთში შთასვლისა და ჯოჯოხეთის უფსკრულიდან კაცობრიობის მოდგმის პირველწინაპართა, ადამისა და ევას, ასევე ყველა ძველაღთქმისეული მართლის გათავისუფლების ახალ აღთქმაში აღწერილი ამბავი. ამგვარად, ტრადიციული ხატი მიისწრაფვის უპირველეს ყოვლისა ჩვენამდე მოიტანოს იესუ ქრისტეს მიერ კაცობრიობის ცოდვის წყევისგან ჯვარზე სიკვდილით გამოსყიდვისა და მისი დიდებით აღდგომის შინაგანი არსი.
სულიერი საწყისის გრაფიკული საშუალებებით გამოსახვისთვის კანონიკური ხატი მიმართავს გამოხატვის განსაკუთრებულ ენას. მაგალითად: შებრუნებულ პერსპექტივას, მოღვაწის სახის გამოსახვას ერთგვარი, შინაგანად აღმობრწყივნვებული დაუღამებელი ნათლით, რაც წარმოადგენს მასში ღვთიური მადლის მყოფობის სიმბოლოს. ერთი საგნის ფონზე მეორის გამოსახვა ნიშნავს, რომ პირველი იმყოფება შიგნით, მეორის საზღვრებში. ამიტომაც ქრისტეს შობის ხატზე ბაგა, რომელშიაც წევს ახალშობილი მაცხოვარი, გამოსახულია გამოქვაბულის გარეთ, მის ფონზე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე "ორანტა" ყრმა ემმანუელი დაწერილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცლის ფონზე.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხატზე ყოველთვის გამოისახებიან რეალური და არა გამოგონილი პირები და მოვლენები საღმრთო ისტორიიდან. იმისათვის, რათა ხაზი გაესვას ამ კავშირს ისტორიასთან, გამოისახოს დინამიკა, და ამავდროულად გადმოსცეს გამოსახულ წმინდანთა შინაგანი მდგომარეობა და მოვლენის არსი, ანუ სტატიკა, ხატი თავის ენაში მიმართავს ჟესტების სიმბოლიზმს, რომელზეც დეტალურად უნდა შევჩერდეთ.
ყველამ კარგად იცის ქრისტეს წელზედა ხატი, რომელზეც ის გამოსახულია გახსნილი სახარებით მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელის თითები შეერთებულია განსაკუთრებული წყობით. ხალხურ შეგნებაში ეს წყობა, ჩვეულებისამებრ გაიგება, როგორც უფლის მიერ ხატის წინ მდგომარე ადამიანის კურთხევის სიმბოლო (იხ. ხატი 1).