ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).

ფ. ე. მელნიკოვისა და მისიონერ ვ. ბისტრიცკის საჯარო პოლემიკა

საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ

ორ ნაწილად

ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე


1908 წლის 16 მარტს მოსკოვში, როგოჟის სასაფლაოსთან მდებარე სერგი რადონეჟელის სახელობის ეკლესიაში, შედგა საჯარო მისიონერული გასაუბრება. მოსკოვური გასაუბრებებისთვის დამახასიათებელი ჩვეულების თანახმად, ჯერ საეკლესიო სტიქარონები იგალობეს, შემდეგ ფსალმუნები და ტროპარები. ამის შემდეგ მოისმინეს საკვირაო სახარება მისიონერული განმარტებებით, რომელიც დასრულდა მისიონერ ვ. ბისტრიცკის რეფერატით “საკურთხებელ თითთა წყობის შესახებ”. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ძველმოწესეები აღიარებენ მხოლოდ თითთაწყობის ერთ ფორმას  როგორც საკურთხებლად, ასევე პირჯვრის გადასაწერად, კერძოდ, ორ თითს, რომლითაც, ძველმორწმუნეთა მტკიცებით და ძველრუსული ეკლესიის სწავლებით, თვით ქრისტემ აკურთხა თავისი მოწაფეები. ბისტრიცკი შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ქრისტემ თავისი ამაღლებისას მოციქულები აკურთხა ძველაღთქმისეულად ისე, რომ  თითები არანაირად არ შეუკრავს, ხოლო იმის მცდელობა რომ დამტკიცებულ ყოფილიყო, თითქოსდა ქრისტემ კურთხევის დროს სიმბოლურად შეკრა თითები, მომხსენებელმა მიიჩნია ეშმაკობად და მზაკვრობად. თავის მხრივ, ის ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ძველად ქრისტეანები პირჯვრისწერისას იყენებდნენ სხვადასხვა ფორმებს. მან დაიმოწმა წმ. კირილე იერუსალიმელი, რომელიც გვარიგებს პირჯვრისწერისას ჯვარი გამოვისახოთ თითებით (ანუ რამოდენიმე თითით - მთარგმნ.) და წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც თითქოსდა ერთი თითით პირჯვრისწერას ასწავლიდა (იხ. მისი ჰომილია მათეს სახარებაზე).

ამის შემდეგ მისიონერი ბისტრიცკი მიადგა სახელობით თითთაწყობას. ის მთელი რიგი ისტორიული ფაქტების გამოყენებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ კურთხევის ასეთი ფორმა და თითთაწყობა ძველთაგანვე მომდინარეობს. ვ.ბისტრიცკის აზრით, წმ. სოფრონი, იერუსალიმის პატრიარქი, რომელიც VII საუკუნეში ცხოვრობდა, მოწმობს სახელობითი თითთაწყობის სასარგებლოდ. წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელიც (VIII ს.), როდესაც სამღვდელმთავრო კურთხევის შესახებ მსჯელობს, თითების წყობას უკავშირებს 6500-ე რიცხვს. აქ სწორედ სახელობით თითთაწყობაზეაო ლაპარაკი. ათონელი მღვდელმონაზონი დიონისე თავის დარიგებებში ხატმწერთა მიმართ, რომელიც შედგენილია 1458 წ., ხატმწერებს ასწავლის, თითები გამოსახონ სახელობითი წყობით. იმავეს ამბობსო ნავპლიელი დეკანოზი ნიკოლოზ მალაქსა, რომელიც XVI საუკუნეში ცხოვრობდა. 

ბისტრიცკის მტკიცებით, სახელობითი წყობა კურთხევის დროს გავრცელებული იყო ძველ რუსეთშიც. კერძოდ, მაკარისეულ საკითხავ თვენში ნათქვამია, რომ, როდესაც სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი ფოტი მისულა წმ. სვიმეონის მონასტერში და საპურეში მძინარე ბერი იონა, სრულიად რუსეთის მომავალი მიტროპოლიტი უხილავს, შეუმჩნევია, რომ მას ხელი ჰქონია “მოხრილი, თითქოსდა აკურთხებსო”. გაკვირვებით დაუხედავს ფოტის იონას ხელისთვის და მისთვის სრულიად რუსეთის მღვდელმთავრობა უწინასწარმეტყველებია. ცხადიაო, - ასკვნის აქედან ვ. ბისტრიცკი, - იონას ხელი სახელობითი წყობით ჰქონდა შეკრულიო. მოტანილი მოწმობებიდან მამა ბისტრიცკიმ გააკეთა დასკვნა, რომ ძველმორწმუნეების შეხედულებებს რომელიც უარყოფს სახელობით თითთაწყობას საფუძველი არა აქვს. ამით რეფერატი დასრულდა. რეფერენტი ჩამოვიდა კათედრიდან და მისი ადგილი დაიკავა მღვდელ-მისიონერმა ვალერიან ცვეტკოვმა. მან ძველმოწესეებს დაუსვა შეკითხვა: “რომელ მწვალებლობას შეიცავს მართლმადიდებელი ეკლესია (იგულისხმება გაბატონებული ნიკონიანური საკრებულო - მთარგმ.) სახელობით თითთაწყობით კურთხევის წესში?” ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა თავს იდო ფ. ე. მელნიკოვმა. მიმართა რა მისიონერებს, მან განაცხადა:

- თქვენს მიერ არჩეული წესის თანახმად, რომლის მიხედვითაც ატარებთ გასაუბრებებს, მე ჩემი სიტყვით უნდა მივმართო არა ხალხს, არამედ თქვენ. შესაძლოა ეს არცთუ გონივრულია, მაგრამ უმჯობესია, მოცემულ საკითხზე გელაპარაკოთ თქვენ და არა ხალხს, რომელიც სრულებითაც არ იყენებს ამ ე. წ. სახელობით თითთაწყობას და შესაძლოა არაფერი იცის მისი არსებობის შესახებ. ამ თითთაწყობით სარგებლობთ მხოლოდ თქვენ, სასულიერო პირები, ეს არის თქვენი გამოგონება და თქვენვე უნდა აგოთ პასუხი თქვენს გამონაგონზე და არა ხალხმა.

ჩვენს დროს, როდესაც წყდება განსაკუთრებული მნიშვნელობის რელიგიურ-ფილოსოფიური საკითხები, როდესაც თვით ქრისტეანს ახალი რელიგიური აზრები და მიმართულებები ემუქრება, - დავა რაღაც ნაკლებად ცნობილ სახელობით თითთაწყობაზე, უმნიშვნელოდ და სასაცილოდ მეჩვენება. წაკითხული რეფერატი, რომელშიაც გადმოცემულია ბრძნული დასკვნები თითთაწყობის შესახებ, მრავალს უფრო იუმორისტულ თხზულებად ეჩვენება, ვიდრე სერიოზულად.  და მართლაც, თითთაწყობა - აღებული შინაარსის გარეშე, რომელიმე საეკლესიო დაწესებისგან მოწყვეტით, უმიზნო და უსაფუძვლო - თავისთავად შეუძლებელია რაიმე საეკლესიო ან დოგმატურ ღირებულებას წარმოადგენდეს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ თითებთან. მაგრამ სურათი სრულიად შეიცვლება, თუკი აღმოჩნდება, რომ ის შექმნილი ყოფილა გარკვეული მიზნით ან მასში ჩადებული ყოფილა მთელი დოგმატური შინაარსი; და თუკი კონკრეტული თითთაწყობა წმ. ეკლესიის გადმოცემის საწინააღმდეგოა ან არის ბაირაღი, პარტიის, საზოგადოების თუ ეკლესიის სიმბოლო; ან, თუკი მისი სახელით და მისთვის აღესრულებოდა ათასგვარი სიყალბე, სიცრუე, იქადაგებოდა ტყუილი, იქმნებოდა ცილისწამება, ქუხდა წყევლა-კრულვა, ადგილი ჰქონდა ძალადობას და სხვა დანაშაულობებს - მაშინ ეს უბრალოდ თითები კი არა, რაღაც ბევრად უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა. 

ეს უეჭველად მწვალებლობაა და მასზე უარესიც. და თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებიტ სახელობით თითთაწყობას, მაშინ, ბუნებრივია, როგორც საეკლესიო, ასევე თანამედროვე, ოდენ კაცობრივ გონებაზე დაფუძნებული თვალთახედვით აღვიარებთ მას სიცრუედ და მწვალებლობად. ის, თავისი შინაგანი უსაფუძვლობით და იმ მნიშვნელობით, რომელსაც ანიჭებს მას გაბატონებული ეკლესია, ასევე თავისი არცთუ შორეული წარმომავლობით, და იმ წინააღმდეგობითაც, რომელშიც ის არის ძველ ეკლესიასთან, - არის ტყუილი, სიცრუე და ცრუმადიდებლობის სიმბოლო. გაბატონებული ეკლესია ასწავლის, რომ ეს თითთაწყობა “შეიცავს განსაკუთრებულ მადლს, რომელსაც სხვებისთვის გადასაცემად სამღვდლო ქიროტონიაში ღებულობენ მხოლოდ ღვთისმსახურები”.

“როგორც ჯვრის ნიში, - ბრძანებს პეტერბურგელი მიტროპოლიტი გრიგოლი, - რომელიც გამოიყენება საკურთხებლად, წარმოადგენს მხოლოდ მღვდელმსახურთა პრეროგატივას და საკუთარ თავში შეიცავს განსაკუთრებულ მადლს, განსხვავებულს იმისგან, რომელიც აქვს ჯვრის ნიშს და რომლითაც პირჯვარს იწერენ რიგითი ქრისტეანები. ამიტომაც, რაკიღა განსხვავებულია მადლი კურთხევის გაცემასა და საკუთარ თავზე პირჯვრისწერას შორის, განსხვავებული უნდა იყოს ამ პირობებისთვის გათვალისწინებული ჯვრის გამომსახველი თითთაწყობაც”. “კურთხევის გაცემის დროს თითების წყობა აუცილებლად სახელობითი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამგვარ წყობას ითხოვს მოციქულთა გადმოცემა. ჭეშმარიტი სამოციქულო გადმოცემა კი მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი განუწყვეტელი გამოყენებით იცნობა. ის, რომ მხოლოდ სახელობითი თითთაწყობა უნდა იყოს გამოყენებული ქრისტეს ეკლესიაში საკურთხებლად, დასტურდება იქიდან, - ასკვნის მიტროპოლიტი გრიგოლი,  - რომ მხოლოდ ეს წყობაა ყველაზე შესაფერისი კურთხევისთვის და მასზე უფრო საკადრისის პოვნა უბრალოდ შეუძლებელია” («Истинно древняя и истинно-православная церковь». М., 1883 г.С. 112-116).

აი, როგორ არაჩვეულებრივ მნიშვნელობასა და დოგმატურ შინაარსს ანიჭებს გაბატონებული ეკლესია სახელობით თითთაწყობას. თურმე ნუ იტყვით და, მხოლოდ ამ თითთაწყობით ყოფილა შესაძლებელი “განსაკუთრებული მადლის” მინიჭება, რომელიც ზეციდან, სპეციალურად, სახელობითი კურთხევისთვის გარდამოივლინება, თითქოსდა ღმრთისთვის შეუძლებელი იყოს, მის გარეშე მისცეს ხალხს თავისი ღვთაებრივი მადლი და კურთხევა, რამეთუ “სხვა, მასზე უფრო საკადრისი წყობის პოვნა უბრალოდ შეუძლებელია”.

ამ მტკიცებულებაში იმდენი მკრეხელობაა, რამდენიც უკეთურება და ტყუილი. ცრუობთ თქვენ მაშინაც, როდესაც ამტკიცებთ, თითქოსდა სახელობითი კურთხევა სამოციქულო გადმოცემა იყოს. ის არათუ მოციქულთათვის არ იყო ცნობილი, არამედ ჩვენი უახლოესი წარსულის ეკლესიისთვისაც, რასაც ჩემს უახლოეს გამოსვლებში დავამტკიცებ. მე არა მაქვს შესაძლებლობა თხუთმეტწუთიან სიტყვაში განვიხილო ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ოპონენტმა სახელობითი თითთაწყობის სასარგებლოდ თვის  რეფერატში დაიმოწმა. მაგრამ აუცილებლად მივიჩნევ ამ მტკიცებულებათაგან ყველაზე არსებითზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. თქვენ დაიმოწმეთ აღმოსავლეთის ეკლესიის ორი ძველი მღვდელმთავარი, სოფრონი და გერმანე, რომლებიც მათ დროს პრაქტიკაში არსებულ თითთაწყობაში ხედავდნენ რიცხვს 6500-ს. აქედან კი აკეთებთ დასკვნას, თითქოსდა მაშინ ყოფილიყო  ისეთი წყობა საკურთხებელი თითებისა, რომელიც მაცხოვრის სახელს - “იესუ ქრისტე” -ს გამოხატავდა.

მე არ ვიცი, რომელი მათემატიკური წესებით ხელმძღვანელობდით თქვენ ამ გაანგარიშებისას, მაგრამ გონების დიდი დაძაბვა არ არის საჭირო, რათა სახელობით თითთაწყობაში დაიანგარიშოთ მხოლოდ 2358. აქედან, ნებისმიერისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ პატრიარქებს სოფრონსა და გერმანეს არ  უგულისხმიათ თქვენი, ე. წ.  სახელობით თითთაწყობა. სხვაგვარად, ისინი დაიანგარიშებდენენ რიცხვს 2358-ს და არა 6500-ს. მე ხელთა მაქვს უეჭველი და ნათელი მოწმობა იმისა, რომ წმ. გერმანე ლაპარაკობდა ორი თითით (ანუ ჩვენებურ) თითთაწყობაზე. წმ. ლიტურგიის მისეულ განმარტებაში ვკითხულობთ: “წმიდაო ღმერთოს” გალობის წინ მღვდელმთავარი მთელი ერის წინაშე, გამოსახავს რა ღვთაებრივ ფერიცვალებას, აღაპყრობს ხელებს და სამჯერ ჯვრის სახედ გადაწერს მათ ისე, როგორც ქრისტემ აკურთხა თავისი მოწაფეები” (Дионисия Ареопагита о церковной иерархии, в русск. пер. С. 282. Изд. 1855 г.). ნიკოდიმოსის სტატიათა მე-15 მუხლში ნათქვამია: “როგორც პამბო ბერინდა მოწმობს, უწმიდესმა პატრიარქმა გერმანემ ლიტურგიის განმარტებაში ახსნა, თუ როგორ აკურთხებს ეპისკოპოსი შეკრებილ ერს… ანუ ორი თითით, როგორც აკურთხა ქრისტემ მოწაფეები, ვიდრე ამაღლდებოდა და მარჯვენით მამისა დაჯდებოდა; რომ მოვიდოდა მეორედ ასევე ორი ბუნებით, ერთ იპოსტასში, როგორც ღმერთი სრული და კაცი სრული”. ამ მოწმობას  არ უარყოფს თქვენი უმთავრესი მისიონერი და თქვენი მამამთავარი - აწ განსვენებული პავლე პრუსიელიც (იხ. მისი Замечания на «Вопросы Никодима», с. 74, М., 1877).

ამრიგად, დასტურდება, რომ სრულიად ტყუილად იმოწმებთ წმ. გერმანესა და სოფრონის. თქვენი ეს მოწმობა უსაფუძვლოა და სინამდვილეს არ შეეფერეაბა. სხვა თქვენი მოწმობაც სახელობით თითთაწყობაზე ტყუილს ეფუძნება. კერძოდ, თქვენ დაიმოწმეთ ათონელი მღვდელმონაზონი დიონისე, ვისაც ვითომდა 1458 წ. შეუდგენია დარიგებანი ხატმწერთათვის, რომელშიც ასწავლის ხატმწერთ, რომ მაკურთხებელი თითები წმინდანებისა გამოსახონ სახელობითი წყობით. არადა, ცნობილია და ეს თქვენც კარგად იცით, რომ ამ დარიგების დედანი XVIII საუკუნეს განეკუთვნება. “ეს დედანი, - როგორც აკადემიკოსი ე. გოლუბინსკი მოწმობს, - ნამდვილად უნდა განვაკუთვნოთ გვიანდელ პერიოდს, კერძოდ XVIII საუკუნის დასაწყისს,  - იხ. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის პორფირე უსპენსკის წერილები არქიმანდრიტ ანტონის მიმართ ფერმწერ პანსელინოზე, რომელიც “კიევის სასულიერო აკადემიის შრომებში” 1867 წელს   დაიბეჭდა (ტ.IV, გვ. 128 და 140) («К нашей полемике с старообрядцами», Е. Голубинского. М., 1905 г., с. 177). თქვენ 300 წლით შეაყოვნეთ ეს წყარო და არც კი  გრცხვენიათ, შეცდომაში რომ შეგყავთ აქ შეკრებილი და სიმართლის მოსმენის მსურველი მორწმუნე ადამიანები. დოკუმენტი, რომელიც ნიკონის პატრიარქობიდან თითქმის ასი წლის შემდეგ შეითხზა, თქვენ წარმოადგინეთ როგორც ნიკონამდე ორასი წლის წინათ დაწერილი. მარტო ესეც ნათელყოფს იმ ჭეშმარიტებას, რომ სახელობითი წყობა თითებისა არის უსაფუძვლო: მას არა აქვს არც ეკლესიური, არც მეცნიერული და არც ისტორიული საფუძველი და დამყარებულია ოდენ სიცრუეზე. ამიტომაც სრულიად სამართლანად და სწორად იქცევიან ძველმოწესეები, როდესაც უარყოფენ ამ წესს კურთხევისა, როგორც ტყუილს, სიახლესა და მწვალებლობას.

დასასრულს,  დავსვამ შეკითხვას: მიმითითეთ თუნდაც ერთი, წმინდა მამა, რომელიც ასწავლის პირჯვრისწერას სამი თითით, ერის კურთხევას კი სახელობითი თითთაწყობით? მიპასუხეთ.


მისიონერი ცვეტკოვი:

- ბ-ნი მელნიკოვი ბრალს დებს მართლმადიდებელ (?) (1) ეკლესიას იმაში, რომ ის ერს აკურთხებს სახელობითი თითთაწყობით.

მან გაბედა მწვალებლურად მოეხსენიებინა იგი. ამით ის გმობს თვით სახელს უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელიც გამოისახება ამ თითთაწყობით. დავუშვათ, რომ წმ. მამათაგან არავის უსწავლებია ამგვარი წყობა. მაგრამ ეკლესიას უფლება ჰქონდა, დაემკვიდრებინა იგი. ცნობილია, რომ წმ. ბასილი დიდმა შეცვალა წმ. ლიტურგია. როგორც მის წინააღმდეგ აღდგნენ ამით აღშფოთებული სქიზმატიკოსები, ასევე ჩვენი სქიზმატიკოსები წინ აღუდგებიან მართლმადიდებელ ეკლესიას თითთაწყობის გამო. სახელობითი თითთაწყობა იმ აღთქმის თანხმიერია, რომელიც ღმერთმა მისცა აბრაამს: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). ეს  მოციქულთა დაუწერელი გადმოცემაა.  წმ. ბასილი დიდის 91-ე განწესება ბრძანებს, რომ “ეკლესიაში დაცული სჯული და ქადაგებები ზოგი წერილობით მოცემული მოძღვრების სახით გვაქვს, ხოლო ზოგი მიღებული გვაქვს მოციქულთაგან, საიდუმლოდ გადმოცემული. ამათგან ორივეს ერთი და იგივე ძალა აქვს კეთილმსახურებისთვის… თავდაპირველად ვახსენებ პირველსა და საერთოს: მორწმუნეების მიერ ჯვრის სასწაულის გამოსახვა ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს სახელის მიმართ ვინ გვასწავლა წერილობით? ლოცვის დროს აღმოსავლეთის მხარეს თაყვანისცემა რომელმა წიგნმა გვაუწყა? მადლობის (ევქარისტიის) პურის ან სასმელის კურთხევის დროს სათქმელად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა ჩვენ წერილობით რაიმე?... მაშასადამე, ამდენი და ასეთი ძალის მქონე კეთილმსახურების საიდუმლო მოცემული გვაქვს დაუწერლად. განა არ უნდა მოგვეცეს ნება, რომ გვქონდეს მამათაგან ჩვენამდე მოღწეული გადმოცემა, რაც ვნახეთ დაუზიანებელ ეკლესიებში შემორჩენილი. ეს არ არის გამოგონილი ჩვეულებით დამტკიცებული და მას შეუძლია არა მცირე ძალისა და სისრულის მინიჭება საიდუმოსთვის.

მელნიკოვი შეეცადა, დაეკნინებინა წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის მოწმობა, როდესაც ამტკიცებდა, რომ სახელობით თითთაწყობაში არ გამოდის რიცხვი 6500. მე ახლახან შევიტყე ეს რიცხვი ამოკითხულია ხერსონის არქიეპისკოპოსის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ნიკანორის წიგნში. ამ გაანგარიშებას მე ჩამოვაყალიბებ ჩემს შემდეგ სიტყვაში. მაგრამ ის უეჭველად ცნობილია ბ-ნ მელნიკოვისთვის, ამიტომაც მიკვირს მისი  დაჟინება და კადნიერება, როგორითაც უარყოფს ის პატრიარქ გერმანეს ამ მოწმობას. უეჭველია, რომ ძველად არსებობდა ორთითიანი წყობაც, მაგრამ მასთან ერთად არსებობდა სახელობითი კურთხევაც. მე ვთხოვ მელნიკოვს, პასუხი გასცეს ჩემს შეკითხვას: რომელმა მსოფლიო კრებამ დაგმო სახელობითი კურთხევა, როგორც მწვალებლობა? 


ფ. ე. მელნიკოვი:
 
- ჩვენ მოვიტანეთ მამა ცვეტკოვის ყველა არგუმენტი. მისი სიტყვა მეტად სუსტი იყო, ის ხშირად ერთსა და იმავეს იმეორებდა, დროს ჭიმავდა; შესამჩნევი იყო, რომ მისთვის გამოყოფილ 15 წუთს ვერაფრით ავსებდა. თქვენ არ გამეცით პირდაპირი პასუხი ჩემს შეკითხვაზე: რომელი წმ. მამა ასწავლიდა სახელობით თითთაწყობას, თავი აარიდეთ მას და განაცხადეთ: “დავუშვათ, რომ არავინ წმიდა მამათაგან არ ასწავლიდა”-ო კურთხევისგასაცემ ამ წყობას. თქვენ, სამწუხაროდ, არ გყოფნით ვაჟკაცობა და უბრალო კეთილსინდისიერება, აღიაროთ, რომ მართლაც არც ერთი წმინდა მამათაგან არსად არ მოწმობს სახელობითი კურთხევის შესახებ და რომ ეს არცთუ შორეულ ნოვატორთა გამონაგონია. სამარისებური მდუმარებით აუარეთ გვერდი ჩემს მიერ მოტანილ მოწმობას, სადაც წმ. გერმანე მოწმობს არა სახელობით,  არამედ ორთითიან წყობაზე. ამავე დროს, თქვენ ცდილობთ ამ მღვდელმთავარს მიაწეროთ ვითომცდა სახელობითი თითთაწყობის  ციფრული განმარტება. თქვენი მცდელობა, რა თქმა უნდა, ჩაფლავდა და, ვგონებ, ყველა თქვენმა მღვდელმთავრმა  თავისი პირდაპირი მოვალეობა რომ  მიატოვოს და მხოლოდ მათემატიკური გამოანგარიშებები აწარმოოს, მაშინაც კი  ვერანაირად ვერ გამოიანგარიშებდნენ საკურთხებელი თითების სახელობით წყობაში 6500-ს. ნუთუ გასაგები არ უნდა იყოს თქვენთვის, რომ სახელში “იესუ ქრიტე”,  შეიძლება მხოლოდ 2358-ის მიღება და არა უმეტესის. თავად განსაჯეთ: И =10, с =200, о =70 (სლავური «у» იწერება «о» -სთან ერთად, როგორც - оу), у =400, с =200, სულ 880. X =600, р=100, и =8, с =200, т =300, о =70, с =200, всего 1478+880 = 2358?

მაშ, ვისთვის არის გაუგებარი, რომ, , როდესაც 6500-ზე ლაპარაკობდა, წმ. გერმანეს მხედველობაში არ ჰქონია სახელობითი წესი კურთხევისა და არც შეიძლება რომ ჰქონოდა, რადგან ეს წესი მხოლოდ XVII საუკუნეში აღმოცენდა. თქვენ ირწმუნებით, რომ სახელობითი თითთაწყობის მწვალებლობად აღიარება ქრისტეს გმობას ნიშნავს, რომლის სახელიც ვითომცდა ამ წყობაში გამოიხატება და რომელიც თურმე ეხმიანება აბრაამისთვის მიცემულ საღმრთო აღთქმას: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). ხოლო პავლე ამბობს, რომ ეს მოდგმა აბრაამისა არის ქრისტე (გალატ. 3:16). ამიტომ, ყველა ერი, ბრძანებს, განადიდებს მასო” (Толков. Псалтырь. Пс. 71:17. С. 439). თქვენეული თითთაწყობა შეუძლებელია ყველა ხალხმა მიიღოს, რამეთუ ის მისადაგებულია მხოლოდ სლავურ ენასთან. შეეცადეთ, ლათინურ ან ფრანგულ ენებზე გამოსახოთ თითებით ქრისტეს სახელი, - არაფერი გამოგივათ. ყველასთვის ცნობილია, რომ პირველი სამახარობლო სიტყვა ქრისტეს შესახებ გაისმა ებრაულ ენაზე. მაგრამ იმისათვის, რომ ებრაულ ენაზე გამოისახოს იქნეს სახელი ჩვენი მაცხოვრისა – თითები უნდა დაიმტვრიოს კაცმა. იგივეს ქმნა მოუწევდათ ასირიელებს, არაბებს, ჩინელებს და იაპონელებს, თუკი ისინი მათ ენაზე მოინდომებდნენ თითებით ქრისტეს სახელის გამოსახვას. სახელობითი თითთაწყობა - ეს მხოლოდ სლავების მონოპოლიაა, ამიტომაც მისი გამართლება არანაირი წინასაწარმეტყველებით არ შეიძლება. 
მეტიც, ის სლავურ ენასაც კი ვერ ესადაგება, რამეთუ თქვენეულ წყობაში, რომელსაც მეტად უცნაური ლოგიკით სახელობით (именословное) წყობა უწოდეთ, ქრისტეს სახელი საერთოდ არ გამოისახება; დიდის გაჭირვებით შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ასოები იცხც, თანაც თათრულად თუ წაიკითხავთ - მარჯვნიდან მარცხნივ; სლავური დამწერლობის წესს თუ დაიცავთ და წაიკითხავთ მარცხნიდან მარჯვნივ, მაშინ გამოვა ცხცი, რაც - რაღაც აბდაუბდაა და მასში არავითარი სახელი არ მოიაზრება. ასეთი აბრაკადაბრა აღთქმა, ცხადია შეუძლებელია ღმერთს მიეცა ჩვენი მამამთავრის,  აბრაამისთვის. მაგრამ სწორედ ეს უაზრობა აიყვანა დოგმატის რანგში თქვენმა ეკლესიამ და სთავაზობს მას თავი მორწმუნეებს,როგორც უდავო ჭეშმარიტებას, რომლის გარეშეც თურმე შეუძლებელია მადლის მიღება. იმაზე კი არ ფიქრობთ, როგორ სცილდებით ქრისტეს, როდესაც ამ წყობას ტყუილებზე აგებთ.წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: “გულბოროტი და სიცრუის მაძიებელი თავის ლოცვა-ვედრებაში არა ზეციერ, არამედ ქვესკნელის მამას მოუწოდებს” (იხ. кн. Никона Черной горы, сб. 50. Л. 404 об.).  წმ. იოანე ოქროპირიც ამბობს, “ჯადოქარსა და შემლოცველს, წმიდა სამებასაც რომ მოუწოდებდეს, წმინდანებსაც ევედრებოდეს და ქრისტეს პატიოსანი ჯვრის ნიშსაც იდებდეს პირისახეზე, გაექეცი; ჯერ არს, გავურბოდეთ ამდაგვართ” (Стоглав. Гл. 93). კიდევ უფრო საზიზღარია სიცრუე და უგუნურება, როდესაც მას, ბოროტგანზრახვით ქრისტეს სახელით შემოსავენ. “ერეტიკოსია ის, - ბრძანებს ღირ. მაქსიმე ბერძენი, - ვინც დარიგების მიუხედავად, თავის სიცრუეს მტკიცედ მიეკრობა, ჭეშმარიტების საწინააღმდეგოს ქადაგებს და გამოსწორების იმედსაც კი არ ტოვებს.  ღვთაებრივი მოციქულისა და წმინდა ოქროპირის მიხედვითაც, მწვალებელია ის, “ვინც თავის ცრუ შეხედულებას მტკიცედ მიეკრობა და განუხრელად მისდევს” (Сл. 87, старописьменная кн. его). 

თქვენ კითხულობთ თუ რომელმა მსოფლიო კრებამ განიკითხა სახელობითი თითთაწყობა? რატომ დასვით ეს შეკითხვა? თუ სახელობითი თითთაწყობის გასამართლებლად, მაშინ ამ გზით შეგიძლიათ დაიცვათ და გაამართლოთ ნებისმიერი მწვალებლობა, რომელიც კი შვიდი მსოფლიო კრების შემდეგ აღმოცენდა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის არ განკითხულა. მსოფლიო კრებები გმობდნენ არა მარტო მათ, თანამედროვე მწვალებლობებს, არამედ ყოველგვარ სიახლეს, რომელიც საღი აზროვნებისა და საეკლესიო გადმოცემის საწინააღმდეგოა. მეშვიდე მსოფლიო კრებამ მიიღო პატრიარქ გერმანეს ეპისტოლე, რომელიც, როგორც უკვე დავამტკიცე, მოწმობს ორთითიან წყობაზე. ამ ეპისტოლეში ნათქვამია: “ჩვენ გადავწყვიტეთ, საფუძვლიანად გამოგვეკვლია ეს საქმე (ხატების შესახებ), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიახლეთაგან თავის ყოველმხრივი დაცვა გვმართებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ამ სიახლეთა გამო ქრისტეს მორწმუნე ადამიანებს შესაძლოა მიეცეთ მიზეზი მშფოთვარებისა და საცთურისა; თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანგრძლივმა დრომ განამტკიცა ეს ჩვეულება ეკლესიებში”. თუ წერილი ღვინის დალევას არ გვირჩევს რჩევის გარეშე (იგავნი. 31:4), როგორი ყურადღებითა და დაკვირვებით უნდა მოვეკიდოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, რათა შემდგომ არ დავექვემდებაროთ ღმრთისგან დადგენილ იმ საშინელ სასჯელს, რომელიც დადგენილია მაცთურთათვის. მეორეს მხრივ, ჩვენი ვალია “ვამხილოთ და გავაცამტვეროთ მწვალებელთა სიტყვა და საქმე, რომელიც ღმრთის ეკლესიის შეურაცხყოფისკენ არის მიმართული; ხოლო, რაც ღისეულია და ღვთაებრივი, განვამტკიცოთ” (Деян. Вселенских соборов. Т. VII. С. 334. Изд. 1873 г.) თქვენ სახელობითი თითთაწყობის შემოტანით დაამკვიდრეთ საცთური, ატყუებდით მით ხალხს, შეგნებულად ცრუობდით და ირწმუნებოდით, რომ ეს მოციქულთა წესია. ამ თითთაწყობის გამო ძალადობდით ხალხზე, ხოცავდით მორწმუნეებს. ეს ჩვეულება აყვანილი გაქვთ დოგმატის რანგში, ამიტომაც უეჭველად ეს არის ერესი და როგორც ასეთი დაგმობილია მსოფლიო კრებათა მიერ.

თქვენ ამბობთ, რომ ეკლესიას შეუძლია დაამკვიდროს ახალი რეფორმები და ჩვეულებები. მაგრამ ამის მტკიცება თქვენ დაიწყეთ არცთუ დიდი ხნის წინათ, როდესაც მიხვდით, რომ თქვენი რეფორმები არც სამოციქულოა და არც საეკლესიო წარმომავლობისა. ადრე თქვენი ეკლესია სულ სხვანაირად მსჯელობდა საეკლესიო ჩვეულებათა და გადმოცემათა, განსაკუთრებით კი  პირჯვრისსაწერ და კურთხევის გასაცემ თითთაწყობის შესახებ. ასტრახანის არქიეპისკოპოსის, ნიკიფორეს წიგნში ნათქვამია: “გინდ პეტრე მოციქულს, გინდ თეოდორიტეს, ან მაქსიმეს, ან მაკარის, ან კიდევ რომელიმე კრებას იმის საწინააღმდეგო თუ უთქვამს ან დაუწერია, რასაც უძველესი გადმოცემის თანახმად იცავს მთელი ეკლესია, შეწყნარებულ არ უნდა იქნეს. არ უნდა დავემორჩილოთ ამგვარ მოწმობას და არც უნდა ვუსმინოთ მას, არამედ მივიჩნიოთ სიახლისდამამკვიდრებლად და რაღაც ახალისა და უცხო სახარების მქადაგებლად. რამეთუ მოციქულთა მიერ არის დაწესებული, დავიცვათ გადმოცემები, რომლებიც მოციქულთაგან მიუღია ეკლესიას ან სიტყვით, ან წერილით”. “მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით მოძღვრება, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით” (2 თესალონიკ. 2:15).

ვინც ასე არ მოქმედებს ამაოდ იღვწის და ნაკვერჩხლებს იგროვებს საკუთარ თავზე, რამეთუ წერილ არს: თუ მღვდელმთავარი ღვთის ნების საწინააღმდეგოდ დასწყევლის ვინმეს, ანუ არა წმინდა განწესებათა თანხმიერად, ღმრთის მსჯავრი მას არ დაამტკიცებს. ხოლო დაწყევლილნი ღმრთისგან დამწყალობებულნი იქნებიან; მაგრამ თუკი ვინმე ღმრთის ნებისაებრ, ანუ საღმრთო განწესებათა თანხმიერად იქნება დაწყევლილი, მაშინ ვის თავს დაეცემა წყევლა თუ არა დაწყევლილისას; არსებობს საშინელი განსაზღვრება, რომელიც წმიდა საეკლესიო გადმოცმათა უარმყოფელთა მისამართით გამოთქვა მეშვიდე მსოფლიო კრებამ: “ვინაც გააუქმოს რომელიმე საეკლესიო გადმოცემა დაწერილი თუ დაუწერელი, ანათემა!” (Кн. Никифора Астраханского. С. 131-132. Изд. 1854 г.). ასე, რომ ნათელი უნდა იყოს თქვენთვის, რომ თქვენივე ეკლესიის განმარტებით, მსოფლიო კრების ანათემა ეხება ნებისმიერ სიახლეს, მათ შორის თქვენს სახელობით თითთაწყობასაც.

წმ. ბასილი დიდის 91-ე კანონი, რომელიც აქ დაიმოწმეთ, თქვენეული თითთაწყობის საფუძვლად ვერ გამოგადგებათ. უნდა ვიცოდეთ, საეკლესიო გადმოცემებს დაუწერელს იმიტომ კი არ უწოდებენ, რომ მათ შესახებ ძველად არავინ არაფერი იცოდა ან არ მოწმობდა მათ შესახებ, არამედ იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს და მოციქულთა მიერ გადმოცემული იყო სიტყვიერად, დაუწერლად. ისე რომ გავიგოთ დაუწერელი გადმოცემა, როგორც ეს თქვენ გესმით, მაშინ ნებისმიერ მწვალებელსაც შეუძლია დაიმოწმოს 91-ე კანონი და განაცხადოს, რომ მისი მწვალებლობა არის დაუწერელი სამოციქულო გადმოცემა, რომელიც მოციქულთაგან დღემდე საიდუმლოდ, მაგრამ ურყევად შენახულა. წმ. ბასილი დიდის დროს გამოიყენებოდა ორთითიანი, და არა სახელობითი წყობა, რასაც მოწმობს აღმოსავლეთის ეკლესია. “ძველი ქრისტეანები, - ნათქვამია ბერძნულ პიდალიონში, - სხვაგვარად აერთებდნენ თითებს პირჯვრისსაწერად, ვიდრე ამჟამინდელნი, ანუ პირჯვარს იწერდნენ ორი თითით - შუათითითა და საჩვენებელით” (Пидалион, исслед. И.Никольского. М., 1988. С. 259.).

ამ უეჭველი და უცვალებელი სამოციქულო გადმოცემის საპირისპიროდ, თქვენი ეკლესია ასწავლის, თითქოსდა სახელობითი თითთაწყობა, რომელიც მაცხოვრის სახელს გამოხატავს სლავურ ენაზე, დაწესებული იყოს თვით ქრისტეს მიერ. წიგნში  Жезл Правления, რომელიც გამოცემულია კრების კურთხევით, ნათქვამია: “დასაბამიდანვე გვაქვს მადლი ვაკურთხოთ ერი ჭეშმარიტი მესიის, იესუ ქრისტეს სახელით, როგორც უთხრა ღმერთმა აბრაამს: “კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა” (დაბ. 12:3). ეს კურთხევა თითებით ასე გამოიხატება: საჩვენებელი თითი აღმართულია, ეს არის ასო Ии, საშუალო ოდნავ მოხრილია, რითაც გამოიხატება ასო с. ამ ორი ასოთი მოკლედ გამოიხატება სახელი  Иисус. შემდეგ, ცერა თითი გადაჯვარედინებულია არათითზე, ხოლო ნეკი კვლავ ოდნავ მოხრილია, რითაც აღინიშნება სიტყვა Христос. და აი, ასე, თითების მოხრით გამოხატული ქრისტეს სახელით თვით მაცხოვრის მიერ იკურთხება მორწმუნე ერი, რაც დამოწმებულია წმინდა მამებისეული გადმოცემით. ცნობილია, რომ ქრისტემ თავისი ამაღლების წინ “იერუსალემიდან ვიდრე ბეთანიადმდე გაიყვანა მოწაფეები, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი” (лис. 63 об. и 64). რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. ნებისმიერი განათლებული ადამიანისათვის ცნობილია, რომ სლავური ანბანი გამოგონებულია მე-9 საუკუნეში ქრისტეს შობიდან. ამიტომაც გაძლევთ ახალ შეკითხვას: მითხარით - სიმართლეს ამბობდა თქვენი ეკლესია, როდესაც ამტკიცებდა, რომ ქრისტემ შეკრებილი მოციქულები აკურთხა სახელობითი თითთაწყობით, თუ ცრუობდა? მითხარით გაბედულად და გულწრფელად!


მისიონერი ცვეტკოვი:

- არ გაგიკვირდეთ, მართლმადიდებელნო, ასე აგდებით და ცინიკურად რომ ეკიდება მელნიკოვი სახელობით თითთაწყობას. ის ხომ თავისი პირველი მოძღვრისა და სქიზმატიკოსის, ამბაკუმის ღირსეული მიმბაძველია, რომელიც ასე ახასიათებდა ჩვენს თითთაწყობას: “ნიკონიანელები პეშვით (ანუ სამი თითით) იწერენ პირჯვარს და კურთხევასაც რაღაც უცნაურად გასცემენ - ხუთი თითით, როგორც მათ ჯოჯოხეთის ძუკნამ, დეკანოზმა მალაქსამ ასწავლა”. მაგრამ ამ გმობისა და სიცრუისთვის განხეთქილების მოქმედნი პასუხს მისცემენ ღმერთს, განსაკუთრებით კი მელნიკოვი, რომელიც ძველმოწესეობის მოდურ აპოლოგეტად ითვლება და ბაძავს კი ამბაკუმს. მელნიკოვი ცდილობდა, უარეყო კონსტანტინოპოლის პატრიარქის გერმანეს მოწმობა სახელობითი კურთხევის შესახებ, როდესაც გამოითვალა სახელი “იესუ ქრისტე” და რომელშიც, რა თქმა უნდა, არ გამოდის რიცხვი 6500. მაგრამ წმ. გერმანე ქრისტეს სახელს კი არ ანგარიშობდა, არამედ თითთაწყობას, თანაც გამოთვლა იყო განსაკუთრებული ნიშნების მიხედვით, რაზეც საუბარია ჩვენი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ხერსონის არქიეპისკოპოსის ნიკანორის წიგნში. ეს –სახელობითი კურთხევის სიძველის დამადასტურებელი უეჭველი მოწმობაა. ამიტომაც არის ის საყოველთაო და მართლმადიდებლური. ჩვენმა ეკლესიამ პატრიარქ ნიკონის დროს რაღაც ახალი კი არ დაამკვიდრა, არამედ ძველი აღადგინა. მელნიკოვი ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია თითთა წყობის გამო  დევნიდა ძველმოწესეებს. მათ ეკლესია კი არ დევნიდა, არამედ საერო ხელისუფლება, და თანაც არა წესებისა და სარწმუნოების გამო, არამედ წმ. ეკლესიისა და მის საიდუმლოებათა გმობის გამო. მაგრამ ამგვარი გმობისთვის დევნიდა ნიკონამდელი რუსული ეკლესიაც. ალექსი მიხეილის ძის «Уложениე» - ში, რომელიც გამოიცა პატრიარქ იოსების კურთხევით, პირდაპირ დაკანონებულია ეკლესიის მგმობართა ცოცხლად დაწვა. მაშ, რატომ ძველ ეკლესიას არ ამხელს ამ დადგენილებისთვის  მელნიკოვი, არ შერაცხავს ამას მწვალებლობად და არ ამხედრდება პატრიარქ იოსების წინააღმდეგ? ჩვენი ეკლესია, რომელსაც უპყრია სახელობითი თითთაწყობა, არ მიიჩნევს მას სარწმუნოების უცვალებელ დოგმატად, როგორც ამას მელნიკოვი ამტკიცებდა. აი, რას წერდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი პაისი ნიკონ პატრიარქს: “რაც შეეხება კითხვას, რომელსაც გვაძლევთ, თუ რომელი თითებით უნდა აკურთხებდეს მღვდელმთავარი ან მღვდელი? გიპასუხებთ, როგორც აღუთქვა ღმერთმა აბრაამს, რომ მის მოდგმაში, რომელიც არს იესუ ქრისტე,  იკურთხებოდა ყველა ერი და დავითიც, შეჰღაღადებდა რა უფალს, ამბობდა, რომ იკურთხებოდა მასში დედამიწის ყველა ტომი; ეკლესია აკურთხებს თავის შვილებს მღვდლის ხელით, რომელსაც თითებით გამოსახული აქვს მესიის სახელი, რომელიც არის იესუ ქრისტე, ანუ მეორე და მესამე თითთა მიერთებით გამოხატავს «I»-ს და «С»-ს, რაც გულისხმობს «Иисус»-ს; პირველი და მეოთხე თითების გადაჯვარედინებით «X»-ს და ნეკა თითის მოხრით «С»-ს, რაც შესაბამისად ნიშნავს  «Христос»-ს. კურთხევა აღესრულება მღვდლის მიერ, მაგრამ აკურთხებს თვით ქრისტე (Скрижаль . С. 741-743.). ამრიგად, ეკლესია დასაშვებად მიიჩნევს, რომ თითთა წყობა შესაძლოა სხვადასხვა იყოს. და ამაში არაფერია მწვალებლური. მელნიკოვმა ამაში ვერ ამხილა ჩვენი ეკლესია.


ფ. ე. მელნიკოვი.

თქვენ, მამაო ვალერიან, უპასუხოდ დატოვეთ ჩემი შეკითხვა: სიმართლეს ამბობდა თქვენი ეკლესია, როდესაც ამტკიცებდა, რომ ქრისტემ თავისი ამაღლების წინ სახელობითი თითთაწყობით აკურთხა მოციქულნი, თუ არა? უეჭველია, რომ სულის სიღრმეში თქვენ აღიარებთ ამ მტკიცებულების მცდარობას. მაგრამ რატომ არ გსურთ ღიად და გულწრფელად აღიაროთ ეს ხალხის წინაშე? დაე ყველამ იცოდეს, რომ სახელობითი თითთაწყობით კურთხევა დაფუძნებულია თქვენი კრების მცდარ და ყალბ მტკიცებულებებზე, რომლებითაც “აღჭურვა” მან წიგნი “კვერთხი” («Жезл»). დაე ყველამ გაიგოს, რომ ქრისტეს არ უკურთხებია მოციქულნი სახელობითი თითთაწყობით. თქვენ გსურდათ დაგემტკიცებინათ, რომ თქვენი ეკლესია არ აღიარებს ამ წყობას, როგორც უცვალებელ დოგმატს. თქვენ პატრიარქი პაისიც კი დაიმოწმეთ წიგნიდან «Скрижаль», სადაც ნათქვამია, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელი თითებით იქნება გამოსახული ეს ოთხი ასო (ანუ. IC XC) («которыми персты начертовает кто сия четыре писмена, (т.е. IC XC), ничто же разньствует»). მაგრამ განა უცნობია თქვენთვის, რომ პაისის ამ სიტყვებთან ერთად, იმავე “სკრიჟალში” ნიკოლოზ მალაქსა გვმოძღვრავს: “ჯერ არს, - რომ საკურთხებელ ხელში, სხვა არაფერი უნდა იყოს ნაგულისხმევი ქრისტეს სახელის გარდა, ვისითაც ვიკურთხებით. ამიტომაც, საღმრთო განგებულებით, დასაბამიდანვე, სწორედ ასე შეიქმნა ხელი ადამიანისა არც მეტი, არც ნაკლები (მიეცა მას ხუთი თითი - რედ.), რათა სახელობითი ფორმით კურთხევა შესძლებოდა” (Скрижаль, после 817 листа). 

რას უნდა ვერწმუნოთ - იმას, რომ შეგიძლია, რომლითაც გნებავს, იმ თითებით გამოსახო ოთხი ასო იცხც, თუ იმას, რომ თვით ადამიანის შექმნისას ღმერთმა ისე მოაწყო ადამიანის ხელი, რომ მას ადვილად შესძლებოდა თითების იმგვარად გამოსახვა, რომელსაც კურთხევისას იყენებენ თქვენი მღვდელმსახურები? მე არ შევჩერდები იმაზე, რომ პირველი ადამიანი, ადამი, სრულებითაც არ იყო სასულიერო პირი და მას, რა თქმა უნდა, არაფერი სმენოდა თქვენი ე. წ. სახელობითი კურთხევის შესახებ.  ყველასთვის ცხადია, რომ ჩემს მიერ მოტანილი მოწმობა “სკრიჟალიდან” უფლის მიერ ადამიანის სხვადასხვაგვარი თითებით შექმნის შესახებ გათვლილია უბრალო და გულუბრყვილო ხალხის მასაზე. მაგრამ თქვენი ამ მოწმობიდანაც კარგად ჩანს, რომ თქვენმა ეკლესიამ სახელობით თითთაწყობას მიანიჭა ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომ ის თვით ღმრთის ავტორიტეტით გაამაგრა: თუკი თვით ღმერთს შესაქმისას ისე შეუქმნია ადამიანის თითები, რომ მათით ადვილად შესაძლებელი ყოფილიყო სახელობითი წყობის გამოსახვა, ვინ გაბედავს ამის შემდეგ მის უარყოფას?! 

ასე ამტკიცებს თქვენი ეკლესია ამ თითთაწყობის შესახებ. წიგნიდან “კვერთხი” (Жезл) მე უკვე წაგიკითხეთ ადგილი, სადაც თვით მაცხოვარს მიაწერთ სახელობითი თითთაწყობის წარმოშობას. “თვით ქრისტესაგან ვისწავლეთ, - ნათქვამია ამ წიგნში, - თითების ამგვარი წყობა” და გვიპყრიაო ის, როგორც “ქრისტეს სწავლება, სჯულით განმტკიცებული. ასე გვიპყრია და ვიცავთ, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ ფუჭმეტყველებს ჩვენი კვერთხით საეკლესიო ერთობისგან განვდევნით და მოვიკვეთავთ” (Жезл. Л. 63 об., 64.). აქედან ცხადი ხდება, რომ თქვენი ეკლესია უცვალებელ დოგმატურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელობით თითთაწყობას, რომელიც ვითომცდა დაწესებულია თვით ქრისტეს მიერ. ყველა ადამიანს, ვინც არ ღებულობს ამ სწავლებას. ის (ნიკონიანური ეკლესია - ადმ.) “მოიკვეთს და განიშორებს” თავისგან, როგორც მწვალებელსა და სქიზმატიკოსს. ამიტომაც სრულიად გასაგებია, ბატონო მისიონერო, თქვენი დუმილი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვაზე. კეთილსინდისიერად რომ გასცეთ მას პასუხი, საკუთარი ეკლესიის ანათემის ქვეშ მოექცევით, არადა, ისიც იცით, რომ ამ სწავლების დაცვა აშკარა სიცრუის ქადაგებას ნიშნავს. ამიტომაც გიჯობთ დადუმება.

მოვიტან კიდევ ერთ მოწმობას, რომელიც ნათლად ააშკარავებს ნიკონის დროინდელი მღვდელმთავრებისა და კრებების შეხედულებას ამ თითთაწყობაზე: “კიდევ ბედავთ და ამობთ, - ეუბნება ძველმორწმუნეებს 1667 წლის კრების საქმეთა ავტორი, არქიმანდრიტი დიონისე, - თითქოსდა როგორც თქვენ ამტკიცებთ შესაძლებელია აკურთხოთ ადამიანი იმ თითთაწყობით, რომლითაც პირჯვარს იწერთ. თქვენებურად ასე გამოდის, რომ ნებისმიერ ადამიანს, დედაკაცი იქნება ის თუ მამაკაცი, ღორების მწყემსი იქნება თუ მღვდელმთავარი, მღვდლებივით შესძლებია პირჯვრის გადაწერა და არავითარი სხვაობა არ ყოფილა მათ შორის. ეს არის უთავო ლუთერანთა და კალვინისტთა აშკარა მწვალებლობა, რომელთაც სამღვდელოება არ ჰყავთ და არც მიაგებენ მას რაიმე პატივს” (Арх. Дионисий. Сочинение против раскола. М., 1888 . С. 23 и 55.). აქ მწვალებლურად  ცხადდება არა მხოლოდ ძველმოწესეობა, არამედ მთელი ძველი ეკლესია, რომელიც ყოველთვის ასწავლიდა მხოლოდ ორი თითით პირჯვრისწერასა და კურთხევას. მაგრამ დღეს ამას  კი არ აქცევენ ყურადღებას, არამედ იმას, რომ ბებრუხანა დედაკაცს, ღორების მწყემსსა და მღვდელმთავარს შორის განმასხვავებელ ნიშნად აღებულია არა საეკლესიო ხელდასხმით მიღებული ხარისხი, არამედ თითების წყობა. ადრე ჩვენ ვნახეთ, რომ წიგნ “ფილაქანის” (Скрижаль) მიხედვით, ღმერთს თურმე თითოეული ადამიანი ისე შეუქმნია, რომ მას თითებით ადვილად შესძლებოდა სახელობითი კომბინაციის გამოყვანა, ახლა კი ვკითხულობთ, რომ უბრალო ადამიანს და ღორების მწყემსს მისი გამოყენების უფლება არ ჰქონია, სხვაგვარად ეს იქნება “უთავსო ლუთერანთა და კალვინისტთა აშკარა ერესი”. აი როგორი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელობით თითთაწყობას. მე სრული სიმართლე ვთქვი, როდესაც აღვნიშნე, რომ ეს სწავლება ნიკონ პატრიარქის დროს აღიარებული იყო, როგორც უცვალებელი და მარადიული დოგმატი! ამიტომაც არის ის სიცრუე და მწვალებლობა, რაიც უკვე დავამტკიცე ჩემს წინა გამოსვლებში.

თქვენ უარყოფთ, რომ თქვენი ეკლესია აწამებდა ჩვენს წინაპრებს პირჯვრსსაწერი თითთაწყობის გამო. თქვენი მტკიცებით, ძველმოწესეებს დევნიდა სამოქალაქო ხელისუფლება და თანაც ეკლესიის გმობისთვის და არა წეს-ჩვეულებების გამო. ამას ამბობთ და არ გრცხვენიათ! ისმინეთ, რა განაწესა თქვენმა კრებამ 1666 წელს: “და კვლავაც, გაუწყებთ თქვენ და ყველა სამღვდელო პირს, როგორ უნდა აკურთხოთ ერი და ასევე ცალკეული მართლმორწმუნე ქრისტეანი სიტყვისამებრ: “კურთხევა უფლისა თქვენზედა”. საღმრთო კურთხევა სასულიერო პირმა კი ასე უნდა აღასრულოს: აღმართავს თავისი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს, საშუალოს კი მოხრის, რაც აღნიშნავს იესუს ( Иисус ). და ისევ გადააჯვარედინებს არათითთან ცერა თითს, ხოლო ნეკას აღმართავს და ოდნავ მოხრის, რაც აღნიშნავს ასო “ს”-ს ( С ): ყველა ეს სამი თითი აღნიშნავს ქრისტეს ( Христос ). და აი ასე, მაცხოვრის სახელით მართლმორწმუნეთა კურთხევას გიბრძანებთ, როგორც უთხრეს აბრაამს ქრისტეს შესახებ, რომ მის მოდგმაში იკურთხებოდა ყველა ერი. თუ ვინმე გაბედავს და თუნდაც უმცირესში არ დაემორჩილება ჩვენს მიერ ნაბრძანებს და დავას დაგვიწყებს, ჩვენ გვაუწყეთ და დავსჯით მათ სულიერად, ხოლო თუ ამ სასჯელის უგულებელყოფასაც გაბედავს სხეულებრივად მათ ტანჯვასაც ვბრძანებთ” (რუსულშია: Аще же кто вас не послушает хотя во едином чесом, повелеваемых от нас или начнет прекословити и вы на таковых воззвещайте нам, и мы таковых накажем духовно, аще же и духовное наказание наше начнут презирати, и мы таковым приложим и телесныя озлобления») (Деян. соб. 1666 . Л. 47 об., 48.). 

ეს განწესება იმდენად ნათელია და ცალსახა, რომ მისი სხვაგვარი ახსნა ყოვლად შეუძლებელია. არა სამოქალაქო ხელისუფლებამ, არამედ სასულიერო კრებამ განაწესა სხეულებივი დასჯა და თანაც არა ეკლესიის გმობისთვის, არამედ კრებისადმი დაუმორჩილებლობისთვის “თუკი ვინმე უმცირესში არ დაემორჩილება მის მიერ ნაბრძანებს”. როგორი იყო ეს სასჯელები, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათი გახსენებაც კი გვზარავს. ტანჯვა, წამება, თავის მოკვეთა და ცოცხლად დაწვა... და ამის შემდეგ თქვენ კიდევ ბედავთ დაადანაშაულოთ ძველმორწმუნეები რაღაც ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობაში. ეკლესიას კი არა გამოვეყავით ჩვენ, არამედ სისხლისმსმელებს და ცრუმოძღვრებს. თქვენი  მითითება მეფე ალექსი მიხეილის ძის “დებულებაზე” ვერ გაამართლებს თქვენს ეკლესიას, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ “დებულება” განაწესებს ნამდვილ ღმრთისმგმობელთა დასჯას მაშინ, როდესაც თქვენ სჯით მართლმადიდებელ ქრისტეანთ მართლმადიდებლური გადმოცემების დაცვისათვის; და მეორეც, “დებულება” არ არის საეკლესიო წიგნი, იგი სამოქალაქო განწესებათა კრებულია - მეფე ალექსი მიხეილის ძის ქმნილება, რომელიც თქვენს ეკლესიაზე არანაკლებ დამნაშავეა ძველმორწმუნეთა დევნა-შევიწროებაში. სასულიერო პირები კი მას ხელს იძულებით აწერდნენ (Из истории возникновения раскола при Никоне, гр. Гейдена. С. 9-10). მას ნიკონიც კი წმ. განწესებათა საწინააღმდეგოდ და არამართლმადიდებლურად მიიჩნევდა. აი, ასეთია თქვენი საფუძვლები. ამაზე უკეთესი არ არის თქვენი არგუმენტაცია სახელობითი თითთაწყობის სასარგებლოდ. თქვენ ჯერაც ვერ მიუთითეთ, რომელი წმინდა მამა ასწავლიდა ამგვარ წყობას და, ვიმედოვნებ, რომ ვერც მიუთითებთ. ჩემს მიერ ადრე მოტანილ პატრიარქ გერმანესეულ მოწმობას ორი თითის შესახებ თქვენ ისევ აუარეთ გვერდი, ალბათ, იმ შეგნებით, რომ არაფერი გაქვთ სათქმელი მის საწინააღმდეგოდ. ხოლო რიცხვ 6500-ის მნიშვნელობის ნიკანორისეული განმარტება  არა მარტო მსმენელისთვის არის გაუგებარი, არამედ, ვგონებ, თქვენთვისაც. იმის გამო, რომ თქვენ გამუდმებით თავს არიდებთ ჩემს შეკითხვას, იძულებული ვარ, კვლავ გავიმეორო იგი: მითხარით, სიმართლეს ქადაგებს თქვენი ეკლესია, როდესაც ამტკიცებს, რომ ქრისტემ ამაღლების წინ ხუთი თითით აკურთხა თავისი მოწაფეები, თუ სიცრუეს? მიპასუხეთ!