საგულისხმოა აგრეთვე რამოდენიმე ისტორიული ცნობა, რომელიც გვიდასტურებს ორი თითით პირჯვრისწერის კანონიკურობას:
"XI საუკუნის პირველ ნახევარში, იაკობიტელი პატრიარქი იოანე მერვე აბდონი, რომელიც ანტიოქიაში ცხოვრობდა და, რომელიც მაშინ ეკუთვნოდა ბერძნებს, მილიტინელმა მიტროპოლიტმა ნიკიფორემ ამხილა ბერძენი იმპერატორის რობან არგიროპულოსის წინაშე, რომ იოანე ცდილობდა თავის მწვალებლობაში ბერძენთა გადაბირებას.
იმპერატორმა იოანეს კონსტანტინოპოლში ჩამოყვანა ბრძანა. 1029 წლის 15 ივნისს იოანე აბდონი ექვს ეპისკოპოსთან და იაკობიტელ ბერებთან ერთად ნიკიფორე მილიტინელის თანხლებით ბიზანტიაში ჩავიდა. აქ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მოიწვია კრება, რათა იაკობიტთა მართლმადიდებლობისკენ მოქცევა ეცადა, მაგრამ ისინი ურყევნი აღმოჩნდნენ თავიანთ ცთომილებაში. მაშინ, ბერძენთა პატრიარქმა ისევ მოიწვია კრება რომელზედაც გაიმართა დავა იოანე აბდონს, სიმნაიდელ ეპისკოპოს ელიასა და პატრიარქს შორის.
"ხანგრძლივი დავის შემდეგ, - წერს ასსემანი (იაკობიტი ისტორიკოსი), - ვერ მოახერხეს ჩვენების გადაბირება, თუმცა მოითხოვეს მათგან მხოლოდ ის, რომ არ შეერივნათ ზეთი ღვინისთვის ევქარისტიის საიდუმლოში და პირჯვარი დაეწერათ ორი და არა ერთი თითით" (Н. Ф. Каптерев. "Патриарх Никон и его противники в деле исправления церковных обрядов. Времена патриаршества Иосифаю Москва, 1887 г., стр. 80)".
ყველაზე ადრეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმობა იმისა, რომ ბერძნებში გამოიყენებოდა ორი თითით პირჯვრისწერის წესი ეკუთვნის ნესტორიანელ მიტროპოლიტ ილია გევერს, რომელიც ცხოვრობდა IX საუკუნის მიწურულსა და X საუკუნის დასაწყისში.
იმის სურვილით, რომ შეერიგებინა მონოფიზიტები მართლმადიდებლებთან, ანუ მელქიტებთან, - როგორც სირიელი ნესტორიანელები უწოდებდნენ მართლმადიდებლებს, - და ასევე ნესტორიანელებთან, ის ამბობს: "ნესტორიანელების, მელქიტებისა და იაკობიტების სარწმუნოების ერთობის ფონზე ის გარემოება, რომ სხვადასხვაგვარია მათში ჯვრის გამოსახვის წესი, არც ისე მნიშვნელოვანია. კერძოდ, ერთნი (მონოფიზიტები) ჯვარს გამოსახავენ ერთი თითით, მარცხნიდან მარჯვნივ; სხვები ორი თითით (მართლმადიდებლები), ოღონდ პირიქით, მარჯვნიდან მარცხნივ. როდესაც იაკობიტები პირჯვარს გამოისახავენ ერთი თითით მარცხნიდან მარჯვნივ, ამით მიანიშნებენ, რომ სწამთ ერთი ქრისტე - რომელმაც ცოდვისგან (მარცხენა მხარი) გამოსყიდულნი მადლთან (მარჯვენა მხარი) მიიყვანა. ხოლო ნესტორიანელები და მელქიტები (იმ დროს ასე უწოდებდნენ მონოფიზიტები მართლმადიდებლებს - არქიეპ. პ.), რომლებიც ჯვრის ნიშს გამოსახავენ ორი თითით - მარჯვნიდან მარცხნივ, მით აღიარებენ, რომ სარწმუნოებას დასაბამი მიეცა მარჯვენა მხრიდან, ხოლო ურწმუნოებასა და ცთომას მარცხნიდან" (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона).
"ილია გევერის გარდა, - წერს თავის ნაშრომში პროფ. კაპტერევი, - დიდი ხანია ცნობილია კიდევ ორი მოწმობა XII საუკუნისა, რომელიც ადასტურებს, რომ იმ დროს მართლმადიდებლები პირჯვარს იწერდნენ ორი თითით.
ასე მაგალითად, XII საუკუნის ერთი ბერძენი ამხელს ლათინ მღვდელმთავრებს იმაში, რომ ისინი აკურთხებენ ხუთი თითით, ხოლო პირჯვარს, მონოთელიტთა მსგავსად, იწერენ ერთი თითით (ეს ცნობა განსაკუთრებით საყურადღებო უნდა იყოს ბ-ნი ბ. გუგუშვილისთვის - არქიეპ. პ.), "მაშინ, როდესაც თითები ჯვრის ნიშის გამოხატვისას ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მით აღინიშნებოდეს ქრისტეს ორი ბუნება და ღვთაების სამი იპოსტასი". ე. ი., მართებულ პირჯვრისწერის წესად მიაჩნდა ორი თითით პირჯვრისწერა.
ბერი პეტრე დამასკელი, რომელიც ცხოვრობდა XII საუკუნეში (თუმცა ზოგიერთის მტკიცებით ის ცხოვრობდა უფრო ადრე), ამბობს, რომ პირჯვრის წერისას, ორი თითი და ერთი მკლავი ხელისა წარმოაჩენენ ჩვენს ჯვარცმულ უფალს იესუ ქრისტეს, რომელმაც ერთ იპოსტასში შეაერთა ორი ბუნება" (იქვე).
"ზოგიერთი ცდილობს, - წერს პროფ. კაპტერევი, - ამ ფაქტების დაკნინებას, მით, რომ, მართალია, ეს ფაქტები მეტყველებენო ორი თითით პირჯვრისწერაზე, მაგრამ ეს ჩვეულება არსებობდა მხოლოდ სირიელ ქრისტეანებში, რომლებიც ცხოვრობდნენო მონოფიზიტთა და ნესტორიანელთა შორის და ამიტომაც, მას უნდა შევხედოთო როგორც ადგილობრივ, სპეციფიკურად სირიულ ჩვეულებას, რომელიც არასოდეს ყოფილა საყოველთაო მართლმადიდებლური ეკლესიისთვის და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის, სადაც ორი თითი არასოდეს გამოიყენებოდა. მაგრამ საქმის ასეთი გაგება უსამართლოა და სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ნაპოვნია კიდევ ორი მოწმობა, რომლებიც აბსოლუტურად უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ XI და XII საუკუნეებში თვით კონსტანტინეპოლის ეკლესიაშიც პირჯვრისსაწერად გამოიყენებოდა ორი თითი.
ბიზანტიელი იმპერატორები არაერთხელ ცდილან სომხების შემორიგებას მართლმადიდებლობასთან, რის გამოც მათ არაერთხელ უცდიათ მათთან საეკლესიო ურთიერთობა. ამ მიზნით იმპერატორმა მანუილ კომნინოსმა 1170 წელს სომხებს მიუგზავნა ერთ-ერთი კონსტანტინეპოლელი მეცნიერი, სახელად თეორიანე, რათა საღვთისმეტყველო საუბრები ჩაეტარებინა მათთან.
თეორიანემ აღწერა სომხებთან თავისი გასაუბრება. მეორე გასაუბრების შესახებ, სხვათა შორის, თეორიანე გვამცნობს ასეთ საინტერესო დეტალს: "როდესაც ეს (წინამსწრობი სიტყვა) ითქვა, ადგა ერთი სირიელი მღვდელი და თეორიანეს ჰკითხა: რატომ იწერთ თქვენ (ე. ი. კონსტანტინეპოლელი ბერძნები) პირჯვარს ორი თითით და განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთიმეორისგან? შედეგად, თქვენი აზრით, ქრისტეშიც ორი ბუნება გაყოფილია.
თეორიანემ უპასუხა: ქრისტეს ორი ბუნების განსაცალკევებლად კი არ ვაკეთებთ ამას, არამედ, მას შემდეგ, რაც დაგვიხსნა ეშმაკის მონობისაგან, დამოძღვრილ ვიქმენით აღვმსდგარიყავით მის წინააღმდეგ და გვებრძოლა, რამეთუ ხელებით ვიქმთ სიკეთეს, წყალობას და სხვა სათნოებებს, და ეს არის ღვაწლი; აი, თითებით კი, აღვიბეჭდავთ რა შუბლს ქრისტეს ბეჭდით, წინ აღვუდგებით ეშმაკს, ვძლევთ მას და დავითთან ერთად ვადიდებთ უფალს: "კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღუაწლი და თითთა ჩემთა - ბრძოლაი" (ფსალმ. 143:1). "თითსაო" კი არ უბრძანებია დავითს (ანუ როგორც თქვენ აკეთებთ - სომხები), არამედ თითებსაო".
მაშასადამე, როდესაც სირიელმა მღვდელმა უსაყვედურა კონსტანტინეპოლელ ბერძნებს, რომელთა წარმომადგენელი იყო თეორიანე, "რატომ იწერთ პირჯვარს ორი თითით?" და ჰკითხა "განა აქ გაყოფილნი არ არიან (ერთმანეთში) თითები, როგორც დამოუკიდებელნი ერთი მეორისგან", თეორიანეს დაუდასტურებია, რომ კონსტანტინეპოლელი ბერძნები პირჯვარს ნამდვილად იწერდნენ ორი თითით. გამოდის, რომ 1170 წელს კონსტანტინეპოლის ეკლესიაში და მთელს საბერძნეთში პირჯვრის გამოსახვისას უეჭველად გამოიყენებოდა ორი თითი, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა თვალსაჩინო ნიშანს, რაც მართლმადიდებელთ მონოფიზიტთაგან განასხვავებდა (Н. Ф. Каптерев. Патриарх Никон и царь Алексей Михайлович. Глава V Церковно-обрядовые реформы Никона).
ორი თითით პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემის მართლმადიდებლურობაში დასარწმუნებლად, ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ ხატები, რომლებზეც წმინდანები თითების ასეთი წყობით არიან გამოსახულნი, სრულიად მართლმადიდებლურია და არანაირი კავშირი არა აქვს მას "კათოლიკურ სამებასთან", ბ-ნ გუგუშვილს ვურჩევთ დაათვალიეროს უძველესი ქართული ხატწერა, განსაკუთრებით მინანქრული მხატვრობა, რომლის რამოდენიმე ნიმუშს აქაც გთავაზობთ.