ზონარა: თავდებნი ხდებიან ან საკუთარი თავის ან სხვის გამო. სხვისთვის თავდები ამას აკეთებს ან ანგარებით ან სიყვარულით, რადგან გვაქვს მცნება საკუთარი თავიც კი გავწიროთ მოყვასისთვის. ამგვარად, აკრძალულია თავდებობა, ანუ სხვის მაგიერ საკუთარი თავის დაყენება, ვთქვათ, მეზვერის გამო. მეზვერეობა უძველესი ბოროტებაა. მეზვერეებად იწოდებიან საფასურის გამო ხალხისგან ღალის (გამოსაღების) ამკრეფნი. როდესაც მათ არ გააჩნიათ კერძო საკუთრება და რაღაც საქმის გამო ითხოვენ თავდებობას, მოჰყავთ ვინმე, ვინც თავდებად საკუთარ ქონებას ჩადებდა მათთვის. სწორედ ეს და ამგვარი ქმედება ეკრძალება კლერიკოსს, რათა არ ჩავარდნენ მშფოთვარებაში, თავიდან აიცილონ ყოველგვარი შარი და სასამართლო დავიდარაბა რამეთუ, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დაიბადოს ეჭვი მათ ანგარებაშიც, ანგარებიანი ადამიანები კი არ უნდა იყონ კლერიკოსები. ამიტომაც, ამგვართ კანონი ართმევს სასულირო პატივს. მაგრამ თუ ვინმე დაბარებულია სასამართლო სხდომაზე და კლერიკოსს სთხოვს თავდებობას იმაში, რომ სასამართლოზე აუცილებლად მივა, - თავდები კლერიკოსი არ დაექვემდებარება ეპითემიას, რადგან IV მსოფლიო კრების ღვთაებრივი მამებიცა და მათთან ერთად მყოფი მეფის მრჩეველნიც ეგვიპტელ ეპისკოპოსთაგან ითხოვდნენ თავდებობას იმაში, რომ მოვიდოდნენ სასამართლო სხდომაზე; ხოლო თუ მათ არავინ ჰყავდათ თავდები და ითხოვდნენ ვადის გადადებას, უბრძანებდნენ ფიცის დადებას. მაგრამ თუ კლერიკოსი შეხვდება ისეთ ადამიანს, რომელიც სასამართლოზე უნდა წაიყვანონ და თავდებობას ითხოვს იმაში, რომ გამოცხადდება, და იკისრებს ამგვარის თავდებობას; ან თავმდებად დაუდგება ისეთ ადამიანს, ვისაც აპატიმრებენ, მას კი არ შეუძლია წარადგინოს თავდები, - ვფიქრობ არ უნდა დაემხოს პატივისგან, არამედ შეწყნარებულ იქნება ღმრთისა და კეთილ კაცთაგან, რადგან სახარებისეული მცნება აღასრულა. საერო კანონმდებლობაც აძლევს უფლებას გასასამართლებელ კლერიკოსებს წარმოადგინონ თავდებნი.
არისტინე: კლერიკოსი არ შეიძლება იყოს თავდები; ხოლო თუ თავსიდებს, დაემხობა. კლერიკოსმა ანგარების გამო არ უნდა იტვირთოს სასამართლო საქმეები. თუ, მაგალითად, პავლე ხელშეკრულებას დებს ხაზინასთან ან კერძო პირთან, მას კი არ ენდობიან და ითხოვენ თავდებობას, თავდებად კი კლერიკოსი დაუდგება, ამგვარი კლერიკოსი უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან ანგარების გამო უგულებელყო ეს განწესება. მაგრამ, თუ კლერიკოსი, სიბრალულისა და კაცთმოყვარების გამო, თავდებად დაუდგება დაპატიმრებულ და გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, რომელიც პატიმრობას თავს ვერ დააღწევს იმის პირობისა და თავდებობის გარეშე, რომ არ გაიქცევა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოშიც გამოცხადდება - არა თუ არ დაემხობა პატივისგან, არამედ ქების ღირსადაც ჩაითვლება, რადგან საკუთარი თავი დადო მოყვასისთვის. თავდებობა, თუკი მას დაიდგენს კლერიკოსი, რომელსაც ასამართლებენ, ასევე ვერ გახდება მისი პატივის აყრის მიზეზი, რადგან ქალკიდონის კრების აქტებში ნათქვამია, რომ წმიდა კრებამ და მასზე დამსწრე მეფის კარის მოხელეებმა ეგვიპტელ ეპისკოპოსებს მოსთხოვეს წარედგინათ თავდებობა იმაში, რომ დარჩებოდნენ, ხოლო ვისაც ეს არ შეეძლო, ფიცით უნდა დაემტკიცებინათ თავიანთი სიტყვა.
ბალსამონი: ზოგიერთი ამბობს, რომ თავდებობაში აქ კლერიკოსის მიერ სხვისი თავდებობა იგულისხმება, სხვების აზრით კი საკუთარი თავის თავდებობა. ამრიგად, იმის თქმა, რომ უნდა დაემხოს პატივისგან კლერიკოსი, ვისაც სიღარიბის ან სხვა რაიმე საპატიო მიზეზის გამო თავდები სჭირდება, რომ თავი გაითავისუფლოს საზრუნავისგან, - მეტად მკაცრია და არ შეეფერება მოციქულებრივ კაცთმოყვარებას. მაგრამ კლერიკოსის თავდებობა სხვისთვის, ზოგჯერ შეიძლება და უნდა დაექვემდებაროს კიდეც დასჯას. რადგან თუ კლერიკოსი თავდებობას იკისრებს ანგარების გამო, დაემხობა თავისი პატივისგან, რადგან ასეთი თავდებობა სამარცხვინოა. თუმცა კლერიკოსი არ დაექვემდებარება პატივის აყრას, თუ საპატიო მიზეზითა და თანაგრძნობით დაუდგება თავდებად ვინმე ღარიბს ან გაჭირვებულს. წაიკითხე ასევე იუსტინიანეს 123-ე ნოველა, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის მე-3 წიგნის, პირველი ტიტლოსში ან მოცემული ტიტლოსის მე-13 თავში, რომელშიც, სხვათა შორის, ნათქვამია: "მღვდლებს, დიაკვნებს და იპოდიაკვნებს, რომლებიც ნათესაური უფლებების გამო მოწოდებულ იქნებიან გასწიონ მეურვეობა ან მზრუნველობა, ამგვარი მსახურების უფლებას ვაძლევთ". და ცოტა ქვემოთ: "მაგრამ არც ეპისკოპოსს ან ეკონომოსს, ან სხვა რომელიმე კლერიკოსს, რომელ ხარისხშიც უნდა იყოს, არც ბერ-მონაზვნებს არ ვაძლევთ უფლებას, საკუთარი ან ეკლესიისა თუ მონასტრის სახელით, იყონ სახალხო ღალის ამკრეფნი, ან მათი მიმღებნი, ან სხვათა ქონების მოიჯარე-შემსყიდველნი თუ გადასახადების გამომსყიდველნი, ან სახლთმმართველნი და სასამართლოზე შუამდგომელნი, ან თავდებნი ამგვარ საქმეებში, რათა ამ მიზეზით ზიანი არ მიადგეს წმიდა სახლებს და არ დაბრკოლდეს ღმრთისმსახურება". ამგვარად, ნოველის ამ სიტყვებიდანაც ნათელია, რომ არავინ ხელდასხმულთაგან არ უნდა იყოს თავმდები ზემოთ ჩამოთვლილ საქმეებში. ასევე კარგად ჩანს, რომ კლერიკოსი შესაძლოა თავდები იყოს სხვა სათნო საქმეებში. იხილე აგრეთვე წინამდებარე კრებულის (ფოტის ნომოკანონის - მთარგმნ.) მე-9 ტიტლოსის მე-4 და 27-ე თავები და მათი შინაარსი, ასევე ქალკედონის კრების 30-ე კანონი.