ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).





თუ რომელიმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ჩხუბში ვინმეს დაჰკრავს და ერთი დარტყმით მოკლავს, განიკვეთოს მისი დაუწყნარებლობის გამო, ხოლო თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს.
უკუეთუ ვინმე მოყუასმან ბრძოლასა რასმე შინა ჰკრას ვისმე და ერთითა კრვითა მოკლას, განიკუეთენ დაუწყნარებლობისათჳს მისისა, ხოლო უკუეთუ ერისკაცი იყოს, უზიარებელ იქმენინ. 
66
ზონარა: უფალმა ყველას ამცნებს მარჯვენა ლოყაში დამრტყმელს მარცხენაც მიუშვიროს და შური არ იძიოს. ამიტომაც კლერიკოსი, რომელიც ჩხუბში ვინმეს ხელს დაარტყამს, ხოლო ხელდარტყმული, თუნდაც ერთი დარტყმისგან, მოკვდება, - დაემხობა თავისი პატივისგან, როგორც უგუნური; ხოლო მსგავსის მოქმედი ერისკაცი, უზიარებელ იქმნება. ჩხუბად კი უნდა მივიჩნიოთ შეკამათება და არა ომი.

არისტინე: მკვლელი კლერიკოსი დაემხობა პატივისგან, ერისკაცი კი უზიარებელ იქმნება.

ბალსამონი: საღმრთო სიწმიდეთა მსახურს უნდა შეეძლოს მრისხანების დაოკება, როგორც ცხადყოფილია ეს მოციქულთა 27-ე კანონიდან. აქ კი კანონი ითხოვს დაემხოს თავისი პატივიდან კლერიკოსი, რომელსაც მრისხანება მოერევა და დარტყმით ვინმეს მოკლავს. იმისთვის, რათა არავის ეთქვა: არ უნდა დავამხოთ ამდაგვარი, რადგან ხელდარტყმული მოკვდა ერთი დარტყმისგან და ეს მკვლელობა, შესაძლოა უნებლიე იყო, კანონი ამატებს, რომ უნდა დაემხოს ისიც, ვინც ჩხუბში ერთი დარტყმით მოკლავს. წმიდა ბასილი დიდის სხვადასხვა კანონები დაამხობს კლერიკოსს, თუ ის მოკლავს ვინმეს, როგორი სახითაც უნდა იყოს. წაიკითხე ბასილიკონის 60-ე წიგნი, 39-ე ტიტლოსი, თავი 1, გვ. 3-ე; თავი 5-ე გვ. 2-ე, ასევე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსის 26-ე თავი. წაიკითხე აგრეთვე წმიდა ბასილი დიდის 8-ე, 11-ე, 43-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე და 57-ე კანონები და მათში ყურადღება მიაქციე, რას ბრძანებს ბასილი სულის შესახებ, რამეთუ სულიერი წყლულებანი უფრო ეკლესიურ მკურნალობას საჭიროებენ, ვიდრე სამოქალაქო სამართალით სასჯელს. 


67
თუ ვინმემ დაუნიშნავი ქალწული ძალით მოიტაცოს, უზიარებელ იქნეს. მას აღარ აქვს უფლება სხვა შეირთოს, არამედ უნდა ჰყავდეს, ვინც მოიწონა, გინდაც გლახაკი იყოს იგი.
უკუეთუ ვინმე დაუწინდებელი ქალწული იძულებით მიიტაცოს, უზიარებელ იქმენინ. ხოლო არღარა ჴელეწიფების მას სხჳსა შერთვად, არამედ მისი უჴმს ქონებაჲ, რომელიცა სათნო იყო, დაღაცათუ გლახაკი იყოს იგი. 
ზონარა: ვინც ძალის გამოყენებით გახრწნის ვინმეს მიერ დაწინდულ ქალწულს, ის დაისჯება ვითარც მრუში; ხოლო თუ დაუწინდველს, მაშინ კანონის მოთხოვნით მას უნდა ჰყავდეს ის, ვინც გახრწნა და არ უნდა განიშოროს, თუნდაც გლახაკი იყოს იგი და არ იყოს მისი შესაფერისი. სამოქალაქო კანონი კი სხვაგვარად სჯის.

არისტინე: ქალწულზე მოძალადე განიკვეთება ზიარებისგან და სხვისი ცოლად შერთვის უფლება არ უნდა მიეცეს, არამედ უნდა ჰყავდეს ის, ვინც გახრწნა თუნდაც გლახაკი იყოს იგი. ხოლო ბასილიკონის 60-ე წიგნის 37-ე ტიტლოსის 81-ე კანონის თანახმად ასეთ უნდა მოაჭრან ცხვირი და მისი ქონების მესამედი ნაწილი გადასცენ მის მიერ გახრწნილ ქალწულს.

ბალსამონი: წინამდებარე კანონი ბრძანებს, რომ განიკვეთება იმ ქალწულის ძალად გამხრწნელი, რომელიც სხვაზე დაწინდული არ იყო და იძულებული იქნება იცხოვროს მასთან, თუნდაც გლახაკი და გვარით შეუფერებელი იყოს, ვერ განშორდება მას და ცოლად სხვას ვერ შეირთავს. ეს არის დაწესებული ამ კანონით; რადგან დაწინდულ ქალწულზე მოძალადე ისჯება როგორც მემრუშე. იხილე აგრეთვე VI კრების 93-ე კანონი. ხოლო იმის შესახებ, რომ მოძალადემ ცოლად უნდა დაისვას მის მიერ გახრწნილი, თუნდაც გლახაკი იყოს იგი და სხვა არ შეირთოს, საჭიროა გამოკვლევა რატომ ეძლევა უფლება მოძალადეს ამის შემდეგაც ჰყავდეს მის მიერ გახრწნილი ცოლად და სხვა არ შეირთოს, თანაც ბასილიკონის 60-ე წიგნის, 37-ე ტიტლოსის, 81-ე თავში ნათქვამია, რომ ქალწულის გამხრწნელს უნდა მოაჭრან ცხვირი და მისი ქონების მესამედი გადასცენ გახრწნილ ქალწულს. როგორც ჩანს, წინამდებარე კანონი ბასილიკონის 60-ე წიგნის, 37-ე ტიტლოსის მესამე თავის მსგავსად ესმით, რომელშიც განწესებულია, რომ მას, ვისაც ხარჭად ჰყავს პატიოსანი დედაკაცი, ავალდებულებენ დაქორწინდეს მასზე და უზიარებელ ჰყოფენ. ქალწულის გამხრწნელსაც იგივეს აიძულებენ და მის გადასარჩენად ავალდებულებენ შეეუღლოს მას სჯულიერი ქორწინებით. წაიკითხე აგრეთვე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსი, თავი 30-ე და მასში დაწერილი, ასევე ბასილიკონი, წიგნი 60, ტიტლოსი 58, თავი 3-ე, რომელშიც ნათქვამია: მოტაცებული ნუ დაქორწინდება მომტაცებელზე; და ამგვარ თანაცხოვრებაზე ქალის მშობლები რომც დათანხმდნენ, დაექვემდებარებიან გადასახლებას. ნუ იტყვი, რომ აქ არის წინააღმდეგობა, რადგან სხვაგვარად ისჯება ქალწულის მომტაცებელი და სხვაგვარად ძალით გამხრწნელი. სხვაგვარად ისჯება, აგრეთვე, ქალწულთან ნებაყოფლობით შეერთებული. რადგან კანონი, 60-ე წიგნის, 37-ე ტიტლოსის, 80-ე თავში ბრძანებს: "ქალწულთან მისი ნებით, მაგრამ მშობლებისგან ფარულად შეერთებული, როდესაც საქმე გაიხსნება, ისურვებს მის ცოლად შერთვას და მშობლებიც დათანხმდებიან, შეუძლია დაისვას იგი ცოლად. ხოლო თუ მშობელთაგან რომელიმე მხარე, ანუ ერთი ან მეორე პირის მშობლები ამას არ ისურვებენ, ხოლო ქალწულის გამხრწნელი არის მდიდარი, მაშინ მან გახრწნილ ქალწულს უნდა მისცეს ერთი ლიტრი ოქრო; თუ მდიდარი არ არის, მაშინ თავისი ქონების ნახევარი; ხოლო თუ სრულიად ღარიბია, გაროზგვისა და გაკრეჭვის შემდეგ, უნდა გადაასახლონ. 

68
თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, ან კერძოდიაკონმა მეორედ ხელდასხმა მიიღოს ვისგანმე, განიკვეთოს ისიც და მისი ხელდამსხმელიც. მით უმეტეს, თუ ისიც იქნება საეჭვო, რომ ხელდასხმა მწვალებლებისგან მიიღო. ასეთებისგან ნათელღებულებისა და ხელდასხმულების არც მორწმუნედ შეიძლება ჩათვლა, არც სამღვდელო პირად.
უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან მეორე ჴელთ-დასხმა ვისგანმე შეიწყნაროს, განიკუეთენ იგიცა და ჴელთდამსხმელიცა მისი, გარნა იჭვნეულ სადმე იყოს, ვითარმედ მწვალებელთაგან მიეღო ჴელთ-დასხმაჲ, რამეთუ ესევითართაგან ნათელღებულთაჲ, ანუ ჴელთდასხმულთაჲ არცა მორწმუნე, არცა სამღდელო შესაძლებელ არს ყოფაჲ. 
ზონარა: ორმაგ ხელდასხმაზე სხვადასხვაგვარად უნდა ვიფიქროთ: ან ხელდასხმული მეორედ ეძიებს ხელდასხმას, ან იმიტომ, რომ განიკითხავს პირველად ხელდამსხმელს; ან კიდევ იმიტომ, რომ ხელმეორედ ხელდამსხმელისგან სულიწმიდის უმეტეს მადლს და განწმენდას ელის, რადგან მისი უფრო სჯერა; შესაძლოა კიდევ იმიტომ ღებულობდეს ხელდასხმას, რომ დაუტევა მღვდლობა და კვლავ ცდილობს მღვდლობის შედგომას განმეორებითი ხელდასხმით; მიზეზები კიდევ მრავალი შეიძლება იყოს. მაგრამ, რა მიზეზითაც უნდა მოიმოქმედოს ეს, ორჯერ ხელდასხმული და მისი მეორედ ხელდამსხმელიც უნდა დაემხონ პატივისგან იმ შემთხვევის გამოკლებით, თუ პირველი ხელდასხმა მწვალებლისგან იყო, რადგან მწვალებელთა არც ნათლობა და არც ხელდასხმა არავის შეიქს ქრისტეანად და არც მათი ქიროტონია შეიქს ვინმეს კლერიკოსად. ამგვარად, მწვალებელთაგან ხელდასხმულის ხელმეორედ ხელდასხმა შესაძლებელია.

არისტინე: ორჯერ ხელდასხმული დაემხობა თავის ხელდამსხმელიანად, თუ პირველად ხელი მწვალებელმა არ დაასხა. ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, რომელიც მიიღებს მეორე ხელდასხმას, იმიტომ, რომ პირველ ხელდასხმას იწუნებს, დაემხობა თავის ხელდამსხმელთან ერთად, თუ პირველი ხელდასხმა მწვალებლისგან არ მიიღო.

ბალსამონი: ერთსა და იმავე ხარისხში ორჯერ ხელსასხმული დაემხობა და არა მარტო თვითონ, არამედ მისი ხელდამსხმელიც, რომელმაც იცოდა რომ ხელმეორედ აძლევდა ხელდასხმას. რადგან ერთხელ უკვე ბოძებული ხელდასხმის მადლის უარმყოფელს აღარ შეუძლია რაიმე სამღვდლო მოქმედების შესრულება. მაგრამ რადგან მწვალებელთა ხელდასხმა არავის შეიქს კლერიკოსად და მათი არც ნათლობა მიიღება, განსაზღვრულია, რომ ყოველგვარი შიშის გარეშე მონათლონ თავიდან და ხელი დაასხან მწვალებელთა მიერ მონათლულებს, რადგან მათთან აღსრულებული საიდუმლო არ აღსრულებულად მიიჩნევა.


69
თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, დიაკონმა, კერძოდიაკონმა, წიგნისმკითხველმა, ან მგალობელმა წმინდა ორმოცი ან ოთხშაბათი და პარასკევი არ იმარხოს, განიკვეთოს, თუ ხორციელი უძლურებით არ იყოს შეპყრობილი. თუ ერისკაცი იყოს, უზიარებლობით დაისაჯოს.
უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ კერძო-დიაკონმან, ანუ წიგნის-მკითხველმან, ანუ მგალობელმან წმიდანი ორმეოცნი არა იმარხნეს, ანუ ოთხშაბათი და პარასკევი, განიკუეთენ, არა თუ ჴორციელისა უძლურებისაგან დაიჴსნებოდის, ხოლო ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ. 
ზონარა: ეს კანონი უცილობლივ ითხოვს, რათა მართლმორწმუნეებმა მარხვაში გაატარონ წმიდა ორმოცი დღე პასექის წინა და მთელი წელიწადი დაიცვან ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვები, იმათ გარდა, ვინც სხეულებრივად არის დაუძლურებული და მარხვა არ ძალუძს. რადგან მარხვა იმისთვისაა, რათა მოუძლურდეს ხორცი და თუკი ადამიანი ისედაც დაუძლურებულია რაიმე სნეულებით, ან სხვა დაავადებით, უკვე აღარ არის აუცილებელი მისი კიდევ უფრო დაუძლურება მარხვით. ვინც ამ კანონს არ იცავს მღვდლები უნდა დაემხონ, ერისკაცნი კი უზიარებელ იქნან. უნდა აღვნიშნოთ, რომ ოთხშაბათ-პარასკევის მარხვა უტოლდება პასექის წინა ორმოცის მარხვას.

არისტინე. ვინც წმიდა ორმოცს ან ოთხშაბათ-პარასკევს არ იმარხულებს, თუ კლერიკოსია დაემხოს პატივისგან, ხოლო თუ ერისკაცი უზიარებელ იქმნეს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარხვას ხელს უშლის ხორციელი უძლურება. ნათელია.

ბალსამონი: ორმოცდღიანი მარხვა პასექის წინ უფლისგან გადმოგვეცა, რომელიც ამდენივე დღე მარხულობდა; შემდეგ კი წმიდა მოციქულთაგან წინამდებარე კანონით. რადგან კანონი ბრძანებს: ვინც პასექის წინ წმიდა ორმოც დღეს არ იმარხულებს და ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს (რადგან ეს დღეებიც ორმოცი დღის მსგავსად წმიდაა და განწესებულია მშრალად მარხვა) თუ კლერიკოსია, უნდა დაემხოს პატივისგან; ხოლო თუ ერისკაცია, უზიარებელ იქმნას. გამორიცხე აქედან ავადმყოფნი. რადგან თუ ისინი თევზით იხსნილებენ, შეწყნარებულ იქნებიან. ხორცით კი ოთხშაბათ-პარასკევს მომაკვდავიც რომ იყოს არავინ უნდა გაიხსნილოს, აღდგომის შემდგომი მსგეფსისა და სხვა მსგეფსთა გარდა, როდესაც გახსნილება ნებადართულია. გამორიცხე აგრეთვე ხორციელის წინა და ყველიერის ოთხშაბათ-პარასკევები, რადგან ამ შვიდეულებში ჩვენ ვიხსნილებთ, რადგან ხორციელის წინა შვიდეულს მარხულობენ სომხები ნინევიელთა გამო, ხოლო ყველიერის კვირას მძიმე მარხვას იცავენ ტეტრადიტები. ხოლო პასექის შვიდეული (ბრწყინვალე შვიდეული) ყველაზე დიდი შვიდეულია და დღესასწაული უფლისა. ზუსტად ასევე გამორიცხე წმიდა ორმოციდან შაბათ-კვირეები, რადგან ამ დღეებს ვიხსნილებთ ჩვენ მოციქულთა 64-ე კანონის თანახმად. ხოლო როდესაც გახსნილებაზე გესმის, ნუ იტყვი, რომ ეს არის ხორცით გახსნილება. რადგან დიდ და წმიდა მარხვაში ხორცის ჭამის უფლება არავის უნდა მიეცეს, თვით მომაკვდავსაც კი. ჩვენ ვიციტ, რომ სხვადასხვა დროს ეს საკითხი განიხილებოდა კრებებზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. წინამდებარე კანონიდან გულისხმაყავ, რომ საკუთრივ არსებობს ერთი მარხვა, წმიდა ორმოცისა, პასექის წინ; რადგან სხვა მარხვები რომ არსებულიყვნენ მაშინ კანონი მათაც მოიხსენიებდა. თუმცა, თუკი ჩვენ სხვა მარხვებსაც ვიცავთ, როგორიცაა: წმიდა მოციქულთა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და ქრისტეს შობისა, როდი შევრცხვებით. წაიკითხე ჩვენი განმარტება სინოდალურ პასუხთა მესამე საკითხზე, რომელიც პატრიარქ ნიკოლოზის დროს შედგა.

70
თუ ეპისკოპოსმა, მღვდელმა, ან სამღვდელო დასის სხვა წარმომადგენელმა ურიებთან ერთად იმარხვოს, ან იდღესასწაულოს მათთან ერთად, ან მიიღოს მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენი, მაგალითად, უცომო, ან სხვა რაიმე მსგავსი, განიკვეთოს. ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ რომლისავე სამღდელოჲსა დასისაგანმან იმარხოს ჰურიათაჲთანა, ანუ იდღესასწაულოს მათ თანა, ანუ შეიწყნაროს მათგან სადღესასწაულოჲ რაჲმე ძრუენი, ვითარ უცომოჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე ეგევითარი, განიკუეთენ, ხოლო ერისკაცი უზიარებელ იქმენინ.
ზონარა: თუკი ის, ვინც განკვეთილთან ან პატივაყრილთან ერთად ილოცებს, ადრე დაწერილ კანონთა თანახმად, ეპითიმიის ქვეშ აღმოჩნდება; იუდეველებთან (ანუ, არა თუ ეკლესიიდან მოკვეთილ, არამედ თვით ქრისტესმკვლელ და მორწმუნეთა ერთობისგან განშორებულ, უმჯობესია ითქვას, წყეულ ადამიანებთან) ერთად მედღესასწაულე ან მათთან ერთად მმარხველი, ან მათგან რაიმე სადღესასწაულო ძღვენის მიმღები როგორ არ უნდა იქნეს პატივაყრილ თუ ის ხელდასხმულია და განკვეთილ თუ ერისკაცია? თუნდაც თანამზრახველი და თანამოაზრე არ იყოს მათი, ამგვარი კაცი მრავალს აცდუნებს და ეჭვებს აღძრავს, რომ პატივს მიაგებს იუდეველთა ჩვეულებებს. ამასთანავე ის იბილწება იმ საზოგადოებასთან ერთობით, ვისაც ღმერთმა ჯერ კიდევ ქრისტეს მკვლელობისგან წინასწარმეტყველის მიერ უთხრა: "თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით" (ესაია 1:14). ლაოდიკიის 29-ე კანონიც განსაზღვრავს, რომ ქრისტეანმა შაბათს არ უნდა იდღესასწაულოს, ხოლო ვინც იუდეველობს, მას უთვლის ანათემას. კართაგენის 71-ე კანონიც კრძალავს ელინებთან ერთად დღესასწაულობასა და ტრაპეზობას. 

ბალსამონი: წმიდა მოციქულებმა, რომლებმაც სხვა კანონებში განაწესეს, თუ როგორ უნდა დაისაჯონ ისინი, რომლებიც ლოცულობენ მწვალებლებთან ან განკვეთილებთან ერთად, ამჯერად ბრძანებენ, რომ ის, ვინც იუდეველთან ერთად იმარხულებს ან მათი დღესასწაულებიდან მაცას (უცომოს) ან სხვა რაიმე ძღვენს მიიღებს - თუ კლერიკოსია დაემხობა პატივისგან, ხოლო ერისკაცი ზიარებისგან განკვეთება. მაგრამ ნუ იტყვი, რომ ესენი იუდეველობენ, ვითარც იუდეველთა თანამოაზრენი, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი მარტო დამხობასა და უზიარებლობას როდი დაექვემდებარებიან, არამედ სრულიად მოიკვეთებიან ეკლესიიდან, როგორც ამას ითხოვს ლაოდიკიის კრების 29-ე განწესება. არამედ ამათში იგულისხმე ის მართლმადიდებლები, რომლებიც უგულებელყოფენ საეკლესიო გადმოცემებს და ცხოვრობენ დაუდევრად; ამიტომაც ისჯებიან ისინი უფრო მსუბუქად, როგორც საცთურის წარმომქმნელნი. ხოლო იქიდან, რომ თავიანთი პატივისგან დაემხობიან და უზიარებელ იქმნებიან ისინი, ვინც იუდეველთაგან მიიღებს მათ სადღესასწაულო ძღვენს, მაგალითად უცომოს, მრავალი ასკვნის, რომ ამით იმხილებიან ისინიც, ვინც საიდუმლო მსხვერპლს უცომოზე სწირავს, რადგან ამბობენ, რომ თუკი იუდეველთა დღესასწაულებიდან უცომოს მიმღები კლერიკოსი დაემხობა თავისი პატივისგან და განიკვეთება ზიარებისგან; მათით მორწმუნეთა ზიარება და პასექის აღსრულება, განა არ იქნება ჰურიებთან მსგავსება და განა არ დაექვემდებარება და სასჯელსა და გაკიცხვას? ამრიგად, დაიმახსოვრე ეს კანონი და ეძებე კიდევ კართაგენის კრების 71-ე კანონი. 

ზონარა: ვინც ასე იქცევა ის უნდა განიკვეთოს საეკლესიო ერთობისგან, რადგან წარმართულ ტაძარში ან ურიათა შესაკრებელში ზეთის ან სანთლის მიმტანი და ანმთები ამას აკეთებს იმიტომ, რომ პატივს მიაგებს იუდეველთა ან წარმართთა ჩვეულებას და თუკი მათ ღვთისმსახურებას პატივს მიაგებს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათსავით აზროვნებს.

არისტინე: კანონი 70. ერისკაცი, რომელიც იუდეველობს ან წარმართებივით აზროვნებს, უნდა განიკვეთოს. კანონი 71. კლერიკოსი კი დაემხოს პატივისგან. იუდეველთა თანხმიერად მოაზროვნე ან მათთან ერთად მმარხველი, ან მოდღესასწაულე, თუ კლერიკოსია უნდა დაემხოს პატივისგან, ხოლო თუ ერისკაცია, ზიარებიდან განიკვეთოს.

ბალსამონი: სხვა ადგილას ნათქვამია, რა საერთო აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? (2 კორ. 6: 14, 15). ამიტომაც, წინამდებარე კანონი ამბობს, რომ უზიარებელ იქმნება ის ქრისტეანი, რომელიც იდღესასწაულებს რომელიმე მწვალებელთან ერთად ან აანთებს სანთელს, ან კანდელს მათ ცრუ მსახურებაზე; რადგან ამდაგვარი მათ თანამოაზრედ მიიჩნევა. წინამდებარე კანონით მსგავსად მოქმედი უფრო მსუბუქად ისჯება, ვიდრე სხვა კანონებით არის განწესებული, სადაც სასჯელი არის  მეტად მკაცრი.

71
თუ ვინმე ქრისტიანმა ზეთი მიიტანოს წარმართულ ტაძარში ან ურიათა შესაკრებელში მათ დღესასწაულზე, ან სანთელი აანთოს, უზიარებელ იქნეს.
უკუეთუ ვინმე ქრისტეანემან ზეთი მიიღოს ტაძარსა საწარმართოსა, ანუ შესაკრებელსა ჰურიათასა დღესასწაულთა მათთა, ანუ სანთელი აღანთოს, უზიარებელ იქმენინ. 
დიდი რჯულისკანონი 
მოციქულთა კანონები
რჯულის კომენტატორთა: 
იოანე ზონარას ( 1159 წ.), ალექსი არისტინესა ( 1166 წ.) და პატრიარქ ბალსამონის (1199 წ.) განმარტებებით