ზონარა: კანონს სურს, რომ ყველანი ყოველთვის ღირს იყონ სიწმიდეთა ზიარებად, განსაკუთრებით კი მღვდელმსახურნი. ამიტომაც ამბობს, რომ თუ ვინმე მათგანი მსხვერპლის შეწირვის (ანუ პროსკომიდიის) დროს არ ეზიარება, უნდა თქვას მიზეზი და თუ სწორი იქნება, მიიღებს შეწყნარებას, ხოლო თუ არ იტყვის, დაემხობა პატივისგან. რადგან ეს არ შეეფერება მღვდელს, რომელიც უსისხლო მსხვერპლს სწირავს და აღძრავს ეჭვს ერში თითქოსდა მას არ სურდა მიეღო ზიარება თანამწირველი მღვდლისგან, რადგან მისი მღვდელმსახურების დამაბრკოლებელი რაღაც მიზეზი უწყოდა.
არისტინე: მღვდელი რომელიც არ ეზიარება უნდა ამბობდეს მიზეზს, თუ არა და დაემხოს პატივისგან, რადგან თანაშემწირველ მღვდელზე აღძრა ეჭვი.
თუ მღვდელი ან სხვა ვინმე სამღვდლო დასისაგან წმიდა მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება და არ იტყვის მიზეზს ასე რატომ აკეთებს, უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან უსისხლო მსხვერპლის შემწირველი მღვდელის წინააღმდეგ ეჭვს აღძრავს.
ბალსამონი: არავის ახსოვს, ეპისკოპოსი ან მღვდელი შესულიყოს საკურთხეველში, აღესრულებინოს წირვა და არ ზიარებულიყოს უპატიოსნეს საიდუმლოს. ხოლო თუ ვინმე ამდაგვარი აღმოჩნდება, ის არა თუ უნდა დაემხოს პატივისგან, არამედ ჯეროვნადაც დაისაჯოს, ყველაზე საპატიო და ცხად მიზეზს თუ არ იტყვის თავისი ქმედების გასამართლებლად, რომელიც ხელს უშლიდა მას ზიარების მისაღებად, რათა ამით დასაბამი არ მიეცეს რაიმე ვნებას. აი, დიაკონთაგან კი მრავალი გვიხილავს, რომლებიც შესულან საკურთხეველში და არათუ არ ზიარებულან, არამედ ახლოსაც კი არ მიჰკარებიან სიწმიდეს. თუ ვინმე მათგანი ხელით შეეხება მას და არ ეზიარება, მოცემული კანონის თანახმად დაემხობა პატივისგან. ზოგიერთი ასე განმარტავდა ამ განწესებას; სხვები კი ამბობდნენ, რომ კანონით იკრძალება ყოველი მღვდელმსახური, რომელიც არ ეზიარება, თუნდაც ის იდგეს საკურთხეველის გარეთ: რაც მეტად მძიმეა.
სხვა განმარტება: მე-8 და მე-9 კანონების შინაარსს სხვები სხვაგვარად განმარტავენ, ჩვენ კი სხვაგვარად. ამიტომაც, შევაერთეთ რა ამ კანონებში ნათქვამი, ვამბობთ, რომ თუ მღვდელმსახურთა დასის წევრები და საიდუმლოს მსახურები წმიდა მსხვერპლის შეწირვის დროს არ ეზიარებიან და ამის საპატიო მიზეზს არ იტყვიან, უნდა დაემხონ თავიანთი პატივისგან. ხოლო მღვდელმსახურთაგან, რომლებიც არ ეხებიან სიწმიდეს საკურთხეველში და ყველა ერისკაცი, რომელიც მართალთა ზიარებამდე ტაძარში არ დარჩება უნდა განკვეთილ იქნას, როგორც უწესივრობის მოქმედი. ხოლო თქმა იმისა, რომ ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტეანები და ყველა მღვდელმსახური, რომელიც სიწმიდეებს არ ეხება, ყოველთის უნდა ვეზიარებოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა დავემხოთ პატივისგან, წინამდებარე კანონის საწინააღმდეგოცაა და შეუძლებელიც. ამიტომაც, მე-9 კანონში განწესებულია დასჯა იმ ერისკაცთა, რომლებიც ბოლომდე არ რჩებიან ტაძარში, თუმცა არ არის დამატება: "თუ არ ეზიარებიან". ასე განმარტე ეს კანონები ანტიოქიის კრების მეორე კანონის საფუძველზე.