ზონარა: წმიდა მოციქულებმა, იმის შემდეგ რაც გადმოგვცეს განწესებები თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მართალმა ქრისტეანებმა, ბოლოს მიამატეს ისიც, რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ და ჩამოთვალეს. საკითხავად განკუთვნილ წიგნთა ჩამონათვალი მრავალ სხვადასხვა მამებთანაც გვხვდება, როგორც ეს სადღაც ზემოთ იყო ნათქვამი. მოციქულებმა კი ეს გააკეთეს იმიტომ, რომ არსებობდნენ ან ჯერაც არსებობენ სხვადასხვა ყალბი თხზულებები ყალბი სახელწოდებებით, ზოგიერთი დაზიანებულია, როგორც მაგალითად კლიმენტის სახელით ჩვენამდე მოსული მოციქულთა დადგენილებები; ამიტომაც, მათი მიღება სრული სახით აკრძალა მეექვსე მსოფლიო კრებამ მის მიერ ჩამონათვალ კანონთა მეორე თავში. ზოგიერთი ჩამონათვალი, აქ წარმოდგენილ სიასთან ერთად, უფლებას გვაძლევს ვიკითხოთ სოლომონის სიბრძნე, ტობითი, ივდითი და იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისი.
ამრიგად, აი წმიდათა და ყოვლადქებულ მოციქულთა 85 კანონი. ზოგიერთ წიგნში, რომელიც შეიცავს კანონებს, მოციქულთა სახელით მოთავსებულია სხვა განწესებანი. ტრულის კრებამ, რომელიც გაიმართა იუსტინიანეს მეფობის პერიოდში და მეექვსე კრებად არის წოდებული, ბრძანა: "ფრიად კეთილად და ყოვლად სასწრაფოდ ადგენს ეს წმინდა კრება, რათა ამიერიდან მტკიცედ და შეუცვლელად დარჩეს ჩვენი სულისა და ვნებათა საკურნებლად ჩვენს წინამორბედ წმინდა და ნეტარ მამათა შეწყნარებული და ჩვენთვის მოციქულთა სახელით მოცემული ოთხმოცდახუთი კანონი". შემდეგ კი ბრძანა წმინდა კლიმენტის მიერ დაწერილ კანონებზეც, რომ არ უნდა წავიკითხოთ ისინი და უარვყოთ, რადგან "მწვალებლებს ეკლესიის განსარყვნელად ცუდი და კეთილმსახურებისთვის უცხო სიტყვები ჩაურთავთ". ახსენებს როგორც მსოფლიო, ასევე ადგილობრივ კრებათა და წმიდა მამათა მიერ შედგენილ კანონებს და დასძენს: "ხოლო ზემოთ მოხსენებულ კანონთა დამახინჯების ან უარყოფის ნება არავის აქვს, აკრძალულია სხვა სიმართლის მტრებისა და ჭეშმარიტების ვაჭრებისგან ცრუ სახელით წარწერილი კანონების შეწყნარება". როდესაც მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონი ადგენს ასეთ განსაზღვრებას, წმიდა მოციქულთა 85 კანონის გარდა, სხვა რომელიმე მოციქულთა განწესებებს არ ახსენებს; ანუ, მოციქულთა სახელით წარწერილი სხვა განწესებები არ უნდა შევიწყნაროთ, არამედ როგორც ყალბი და მწვალებელთა მიერ შერყვნილი ვამხილოთ და უკუვაგდოთ.
არისტინე: ყველა კლერიკოსმა წმიდა წიგნებად უნდა აღიარონ: ძველი აღთქმის ხუთი წიგნი: დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯულისა; იესუ ნავეს ძის ერთ წიგნი; მსაჯულთა და რუთისას - ერთი; მეფეთა - ოთხი; პარალიპომენონისა - ორი; ეზრასი - ორი; ესთერისა - ერთი; მაკაბელთა - სამი; იობისა - ერთი; ფსალმუნი - ერთი; სოლომონისა სამი: იგავნი, ეკლესიასტე და ქება ქებათა; წინასწარმეტყველთა - თორმეტი. ასევე სიბრძნე სოლომონისა და იესუ ზირაქისა; ახალი აღთქმის წიგნებიდან: ოთხი სახარება: მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი; პავლეს - თოთხმეტი ეპისტოლე; პეტრესი - ორი; იოანეს - სამი; იაკობისა - ერთი; იუდასი - ერთი; კლიმენტისა - ორი; და მოციქულთა საქმენი. დადგენილებანი, რომელიც კლიმენტიმ გამოთქვა რვა წიგნად, არ უნდა გავახმაუროთ ყველას წინაშე, მასში გადმოცემულ საიდუმლო სწავლებათა გამო. ხოლო, ტრულის მეექვსე კრების მეორე კანონმა ეს დადგენილებები საერთოდ უარყო, რადგან მასში მწვალებლებს მიუმატებიათ ღვთისმოსაობისთვის უცხო და ყალბი სწავლებები.
ბალსამონი: 60-ე კანონიდან შევიტყვეთ, რომ არ უნდა ვკითხულობდეტ ყალბ წიგნებს და მათ წმიდა წიგნებად არ მივიჩნევდეთ. ახლა კი გვემცნობა ძველი და ახალი აღთქმის რომელი წიგნები უნდა წავიკითხოთ. შენ კი უწყოდე, თუმც კი წერია აქ, რომ ასევე უნდა ვკითხულობდეთ კლიმენტის დადგენილებებს, რომლებიც სახალხოდ არ უნდა ვიქადაგოთ; მეექვსე მსოფლიო კრების მეორე კანონით საერთოდ აიკრძალა მათი კითხვა, რადგან მწვალებელთა მიერ შერყვნილია და ღვთისმოსაობისთვის საწინააღმდეგო. წაიკითხე თვით 2-ე განწესება, სადაც განსაზღვრულია, რომ სხვა წიგნებთან ერთად, უნდა შევიწყნაროთ, მხოლოდ წმიდა მოციქულთა 85 კანონი და მოციქულთა განწესებებად სხვა კანონები არ ვაღიაროთ, თუნდაც მოციქულთა სახელს ატარებდეს. ხოლო წმიდა მამათა და აღმსარებელთა თხზულებები უნდა ვაღიაროთ და წავიკითხოთ, როგორც ჭეშმარიტ და მართლმადიდებელ სარწმუნოებაში დამმოძღვრელნი.