ყველა მართლმადიდებელი კურთხეულ იყოს. ყველა მართლმადიდებლის ხსენება საუკუნო იყოს. ყველა მწვალებელი საუკუნოდ შეჩვენებული იყოს. ყველა მწვალებლის საუკუნო იყოს წყევლა და დაუსრულებელი შეჩვენება (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (1105 წ.)).
პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები
რჯულის კომენტატორთა: 
იოანე ზონარას ( 1159 წ.), ალექსი არისტინესა ( 1166 წ.) და პატრიარქ ბალსამონის (1199 წ.) განმარტებებით
თუ მღვდელს, დიაკონს, ან სამღვდელო დასის სხვა წევრს თავისგონების სიბრმავის გამო ღვთის შიში თვალწინ არა აქვთ, საეკლესიო კანონთა არმცოდნენიარიან და განშორდებიან თავიანთ ეკლესიას, ესენი ნურსად იქნებიან სხვა ეკლესიაშიშეწყნარებულნი, არამედ ყოველნაირად უნდა აიძულონ ისინი, რომ თავიანთ ეკლესიას დაუბრუნდნენ. თუ მაინც ურჩობდნენ, უზიარებლობით დაისაჯონ. ხოლო თუ ვინმემ სხვისი მოყვასის გადმობირება და თავის ეკლესიაში ხელდასხმა გაბედოს იმ ეპისკოპოსის თანხმობის გარეშე, რომლისგანაც კანონის მიერ განჩინებული პირი წამოსულია, დაუმტკიცებელი იყოს მისი ხელდასხმა.
რაოდენნი სიბრმითა გონებათა მათთაითა არცა შიშსა ღმრთისასა წინაშე თუალთა თვისთა მქონებელ არიან და არცა საეკლესიოთა კანონთა მეცნიერ არიან და ამისთვის განეშორებიან ეკლესიათაგან, ხუცესნი, გინა დიაკონნი, ანუ თუ რომელნიცა კანონთა მიერ სამღდელოდ განწესებულთაგანნი, ესენი ნუმცა სადა შეწყნარებულ იქმნებიან სხუასა ეკლესიასა შინა, არამედ ყოვლისავე იძულებისა შემთხუევაი სათანადო არს მათთვის, რაითა თვისთავე ეკლესიათა მიმართ მიიქცენ, ანუ ურჩებასა თუ ზედა ეგნენ, უზიარებლობითა განიკანონენ. ხოლო უკუეთუ ვინმე სხვისა მოყუასსა გარდმობირებაი და თვისსა ეკლესიასა შინა ხელთ-დასხმაი მისი იკადროს თვინიერ თანაჯერ-ჩინებისა ეპისკოპოსისა მისისა და რომლისაგანცა წარმოსრულ იყოს კანონისა მიერ სამღდელოდ განჩინებული იგი, დაუმტკიცებელ იყავნ ხელთ-დასხმაი მისი. 
16
ზონარა: ამის წინა კანონი განსაზღვრავს, თავისი ეკლესიიდან სხვა ეკლესიაში გადასული დააბრუნონ იმ ეკლესიაში სადაც იყო ხელდასხმული. წინამდებარე კანონის განსაზღვრებით კი ყოველი ვინც გაჯიუტდება და არ დაბრუნდება დაისჯებიან უზიარებლობით. ეს, ერთის შეხედვით, ეწინააღმდეგება წმ. მოციქულთა 15-ე კანონს, რადგან ის, კლერიკოსებს, რომლებიც საკუთარი ეპისკოპოსების ნებართვის გარეშე დატოვებენ თავიანთ ეპარქიებს და სხვა ეპარქიაში გაედასულებს უკვე ღვთისმსახურებასაც უკრძალავს და განუწესებს, რომ იქ, სადაც გადავიდნენ, თანაეზიარებოდნენ უკვე ერისკაცთა რანგში. ჩემის აზრით, წინამდებარე კანონში სიტყვები: "უზიარებლობით დაისაჯონ" ასე უნდა გავიგოთ: მათთან თანაზიარობა არ უნდა ჰქონდეთ ღვთისმსახურებს, არამედ არ მისცენ მათ თანამწირველობისა და ღვთისმსახურების უფლება. "უზიარებლობა" აქ წმიდა მამებმა წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებას კი არ უწოდეს, არამედ ერთობლივ თანამსახურებას, თანაზიარობას მსახურებაში მათთან ერთად, ვისთანაც მივიდნენ. თუ ასე გავიგებთ, მაშინ ეს კანონი მოციქულთა კანონის საწინააღმდეგოდ არავის მოეჩვენება. შემდეგ კანონი დასძენს, რომ თუ რომელიმე ეპისკოპოსი ხელს დაასხამს ასეთ კლერიკოსს, ანუ მას, ერთი ქალაქიდან მეორეში რომ გადადის დაუკითხავად, და აიყვანს მას უმეტეს ხარისხში, იმ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე ვისგანაც წამოვიდა, - ხელდასხმა უნდა იყოს დაუმტკიცებელი.

არისტინე. პრესვიტერები და დიაკვნები, რომლებიც განეშორებიან ეკლესიას, არ უნდა შეიწყნარონ სხვა ეკლესიებში, არამედ დააბრუნონ თავიანთ ეპარქიებში. იგივე კანონი განაწესებს იმას, რასაც წინა კანონი, ანუ არც დიაკვანი, არც მღვდელი, რომელიც განშორდება თავის ეკლესიას, რომლის კლერიკოსთა დასშიც ირიცხებოდა იგი, არ უნდა იქნეს მიღებული სხვა ეპისკოპოსის მიერ, არამედ უკან უნდა დააბრუნონ თავის ეპარქიაში. ხოლო თუ რომელიმე ეპისკოპოსი მიიღებს სხვა ეპარქიიდან თვითნებურად გადმოსულ კლერიკოსს და თავის ეკლესიაში ხელს დაასხამს უმეტეს ხარისხში მისი ეპისკოპოსის დაუკითხავად, ხელდასხმა უნდა დარჩეს დაუმტკიცებელი.

ბალსამონი. 15-ე კანონის ბოლო ნაწილიდან ჩანს, რომ ყველა ხელდასხმული კლერიკოსთა დასში ირიცხება, ანუ ან საეპისკოპოსოებისთვის არიან ხელდასხმულნი, ან მონასტრებისთვის, ან კიდევ საღმრთო ტაძრებისთვის. ამიტომაც, მათთან თანხმიერად განაწესებს ქალკედონის 6-ე და 10-ე კანონები, რათა ასე, რომელიმე ეკლესიის ან მონასტრის სახელდებით იქნან ხელდასხმულნი კლერიკოსნი, და თუ ამის თანხმიერად არ იქნება წარმოებული ხელასხმა, - დაუმტკიცებლად ჩაითვალოს. ამიტომაც დააწესეს წმიდა მამებმა, რომ არც ერთ კლერიკოსს უფლება არა აქვს თვითნებურად გადავიდეს ერთი ეპარქიიდან სხვა ეპარქიაში და ერთი კლირი შეცვალოს მეორეთი მისი ხელდამსხმელი ეპისკოპოსის ხელწერილის გარეშე; ხოლო ის კლერიკოსები, რომლებსაც თავიანთი ხელდამსხმელები უკან მოუწოდებენ და არ დაბრუნდებიან, უზიარებელნი უნდა იყონ, ანუ მათთან ერთად ღმრთისმსახურება აკრძალულია. რადგან სწორედ ამას ნიშნავს: "იყოს უზიარებელ", და არა იმას, რომ ეკლესიაში შესვლა აეკრძალოს ან წმიდა ზიარება არ მიეცეს, რაც სრულიად თანხმიერია წმ. მოციქულთა 15-ე კანონის, რომელიც განსაზღვრავს, რათა ასეთმა კლერიკოსებმა არ იმსახურონ. ხოლო მოციქულთა 16-ე კანონი განკვეთს ეპისკოპოსს, რომელიც თავის ეპარქიაში შეიწყნარებს სხვა ეპარქიაში ხელდასხმულ კლერიკოსს მისი ხელდამსხმელი ეპისკოპოსის განტევებითი ხელწერილის გარეშე. ამგვარად, კარგად იქცევა დიდი ეკლესიის ხარტოფილაქსი, რომელიც სხვა ადგილას ხელდასხმულ მღვდლებს უფლებას არ აძლევს იმსახურონ, თუ ისინი მათი ხელდამსხმელი ეპისკოპოსების განტევების წერილს თან არ მოიტანენ. წაიკითხე აგრეთვე მოციქულთა 35-ე, ანტიოქიის კრების 13 და 22-ე და ეფესოს კრების 8-ე კანონები.



ზონარა. ვახშის გაცემა აღნადგინებზე აკრძალა ჯერ კიდევ ძველმა სჯულმა, რადგან ამბობს: "არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს" (ძვ. ქართ.: "ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა, ნუცა აღნადგინებსა საჭმლისასა") (2 სჯული 23:19). ხოლო თუ ასე დააწესა ნაკლებად სრულყოფილმა სჯულმა, მით უფრო ჯეროვანია ის უსრულყოფილესი და უმეტესად სულიერი სჯულისთვის. რადგან "აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია" (მათე 12:6). ამრიგად, ყველას ეკრძალება პროცენტზე ვახშის გაცემა. ხოლო თუ ეს ყველას ეკრძალება, მით უფრო უჯერო იქნება ის მღვდელმსახურთათვის, რომლებიც ერისკაცთათვის სიკეთისა და სათნოების მაგალითები უნდა იყონ. ამიტომაც, ეს კანონი კლერიკოსთა შორის მყოფთ უკრძალავს გაცემულ სესხზე  პროცენტული აღნადგინების მოთხოვნას. ვახშის მრავალგვარი ფორმა არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე მძიმე ასეულის ვახშია. ჩვენთან ამჯერად (იგულისხმება ზონარას დროება - რედ.) ლიტრი (ერთი ფუნტი ოქრო) სამოცდათორმეტ მონეტას უტოლდება, ძველად კი ის ას მონეტას უდრიდა და ასი მონეტის სავახშო თორმეტი მონეტა იყო, ამიტომაც იწოდებოდა ის ასეულის ვახშად, რადგან ასი მონეტიდან აითვლებოდა. ამრიგად, კრებამ კლერიკოსთა დასში მყოფთ მევახშეობა აუკრძალა, ხოლო მათ, ვინც ამ კანონს არ დაიცავს, ეპითიმია დაადო. კრების დადგენილებაში ნათქვამია, რომ "წმიდა კრებამ განაჩინა" და არა "სამართლიანად მიიჩნია", რადგან კრება სჯის მათ ვინც ამ განწესების შემდეგ გასესხებულიდან აღნადგინებს (ვახშს) აიღებს, ან კიდევ განიზრახავს რაიმეს აღნადგინების მოსათხოვად, ან წამოიწყებს რაიმე საქმეს და მონაგებს მოითხოვს (რადგან ზოგიერთი, ვინმემ რომ არ თქვას მევახშეაო, საქმის წამომწყებს ფულს აძლევს, მასთან ერთად მონაგებსაც ინაწილებს და საკუთარ თავს მევახშეს კი არ უწოდებს, არამედ მეწილეს და წაგებაში კი არ მონაწილეობს, არამედ მხოლოდ მოგებაში). ამრიგად, კანონმა ეს ყოველივე და სხვა ამის მსგავსი აკრძალა და განაჩინა, - სამარცხვინო ვახშის მისაღებად ამგვარი ხრიკების მოქმედი ან სხვაგვარი ფანდის მომგონი დაემხოს. აღნიშნა რა ზემოთ ასეულის ვახშზე, რომლის შესახებაც ითქვა, რომ ეს ყველაზე მძიმე ვახშია, ქვემოთ კანონმა უფრო მსუბუქ, ანუ განახევრებულ ვახშზე მიანიშნა, რომელიც მთლიანი ვახშის ნახევარს წარმოადგენს, ანუ თორმეტ მონეტას. სიტყვებით: "გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერ ერთისა და ნახევრისა"კანონი გამოხატავს მხოლოდ იმას, რომ კლერიკოსთა დასში მყოფმა არა მარტო ყველაზე მძიმე ვახში არამედ სხვა, თუნდაც უფრო მსუბუქი ვახშიც კი არ უნდა აიღოს".

არისტინე. ვინც მთლიან ვახშს იღებს, ან თუნდაც მის ნახევარს, ამ კანონის მიხედვით, უნდა დაემხოს პატივიდან და ეკლესიიდან განიკვეთოს. ასეულის ვახში, რომელიც ყველაზე მძიმედ ითვლება, თორმეტი მონეტისგან შედგება, მისი ნახევარი კი ექვსი მონეტაა. ამრიგად, თუ ვინმე ხელდასხმულთაგან ფულს გაასესხებს და შემდეგ ან ყველაზე მძიმე აღნადგინებს მოითხოვს, ანუ ასეულის მთლიან აღნადგინებს ან ნახევარს მაინც (ანუ ექვს მონეტას), უნდა დაემხოს კლერიკოსთა დასიდან, რადგან დაივიწყა საღმრთო წერილი, რომელიც ამბობს: "ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად" (ფსალმ. 14:5). თუმცა, წმიდა მოციქულთა 44-ე და ტრულის მეექვსე მსოფლიო კრების 10-ე კანონები იმწამსვე როდი ამხობენ ამგვარს პატივისგან, იმის შემდეგ, რაც ჯეროვანი შეგონების მიუხედავად არ შეწყვეტს ამგვარ საქმიანობას.

ბალსამონი. მოციქულთა 44-ე კანონი პრესვიტერებს ან დიაკვნებს, რომლებიც ვახშს ითხოვენ გასესხებულ ფულზე, პატივისგან ამხობს თუ ისინი არ შეწყვეტენ ამ საქმიანობას. ხოლო წინამდებარე კანონი პატივისგან ამხობს ყველა მევახშე კლერიკოსს, რომელიც ვახშის თუნდაც ნახევარს ითხოვს, ან კიდევ რაიმე სამარცხვინო მონაგებზე ფიქრობს. წაიკითხე აგრეთვე მოციქულთა ხსენებული კანონი და წინამდებარე კრებულის (იგულისხმება ფოტის ნომოკანონი) 9-ე ტიტულის 27-ე თავი, რომელშიც წერია, რომ ხელდასხმულთ შეუძლია მოითხოვონ აღნადგინები დაგვიანების ან გადავადების შემთხვევაში. მაგრამ რადგან მოციქულთა ზემოთხსენებული კანონი და სხვა განწესებები მევახშე კლერიკოსთა დამხობას ითხოვენ, თუ ისინი თავს არ დაანებებენ ამ სამარცხვინო საქმეს, ვინმემ შეიძლება იკითხოს: რომელ კანონს უნდა მისდევდეს კლერიკოსი? გადაწყვეტა: ჩემის აზრით, მოციქულთა უფრო კაცთმოყვრული კანონის თანახმად, კლერიკოსი, რომელიც გაფრთხილების შემდეგ არ შეწყვეტს მევახშეობას, უნდა დაემხოს. გაითვალისწინე ეს კანონი იმ ხელდასხმულთათვისაც, ვინც ღვინით ვაჭრობს, ან აბანოს მეპატრონეა, ან კიდევ სხვა ამის მსგავს საქმიანობას მისდევს და ყოველივე ამის გასამართლებლად კანონიკურად არანაირი მნიშვნელობის არმქონე სიღარიბეს იმიზეზებს. ხოლო კანონის სიტყვები: "ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერ ერთისა და ნახევრისა" იმას გულისხმობს, რომ ზოგიერთი ხელდასხმული, რომელმაც იცის ეს კანონი და ცდილობს გვერდი აუქციოს მას, შესაძლოა მისი ასო დაიცვას, მაგრამ არსი დაარღვიოს და ვინმეს მისცეს თანხა იმ პირობით, რომ მის მიერ წარმოებული საქმიდან თავის წილს აიღებს, ხოლო საქმის წარმოების მთელს პასუხისმგებლობას ფულის ამღებს დააკისრებს. ამგვარად, საქმეში მეწილეობას ამოფარებული, სინამდვილეში მევახშეობს. ამრიგად, კანონი ამასაც კრძალავს, და ვინც ასე იქცევა პატივისგან ამხობს. "ვახშის ნახევარში" კი უფრო მსუბუქი აღნადგინები იგულისხმე. კანონი ამბობს, რომ შესაძლოა კლერიკოსი არ ითხოვდეს ყველაზე მძიმე აღნადგინებს, ანუ ყოველ ლიტრ იპერპირზე (ოქროს მონეტა) თორმეტ იპერპირს (ასეულად კანონში იწოდება ვახში, რომელსაც ასი მონეტიდან იღებენ, რადგან ერთ ლიტრი ძველად შეიცავდა არა 72 სეკსტულს, როგორც დღესაა, არამედ 100), არამედ მის ნახევარს, ანუ ექვს ოქროს მონეტას, და შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლებს, - მაინც უნდა დაემხოს პატივისგან. უწყოდე, რომ რადგან დღეს ლიტრი შეიცავს 72 სექსტულს, და არა 100, როგორც ეს ძველად იყო, 12 მონეტას არავინ უნდა ითხოვდეს, არამედ დღევანდელ შეფარდებასთან თანხმიერს. 

18
წმინდა კრებამდემოვიდა ამბავი, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, რაცარც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას, რომ ვისაც შეწირვის უფლება არა აქვს, შემწირველს მისცეს ქრისტეს ხორცი. ამასთან ერთად ესეც გავიგეთ, რომ ზოგიერთი დიაკონი ეპისკოპოსზე ადრეც ეხება ზიარებას. ეს ყოველივე უნდა მოისპოს და დიაკონთა დასი დადგეს თავის საზომზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეპისკოპოსთა მსახურნი არიან და მღვდლებზე უმცროსნი. ხოლო უნდა ეზიარონ ისინი წესისამებრ, მღვდელთა შემდეგ, გინდ ეპისკოპოსი აზიარებდეს მათ, გინდ ხუცესი. არც ხუცესთა შორის უნდა დასხდნენ დიაკვნები, რადგან ასეთი საქციელი უწესოა და უკანონო. ხოლო ვისაც არ უნდა დაჯერება ამ დადგენილების შემდეგაც, ჩამოერთვას დიაკვნობა. 
მოიწია წმიდისა მომართ და დიდისა კრებისა, ვითარმედ რომელთამე ადგილთა და ქალაქთა სინა დიაკონნი აზიარებენ ხუცესთა, რომელი-ესე არცა კანონსა მოუცემიეს, არცა ჩვეულებასა, რაითამცა რომელთა იგი ხელმწიფებაი შეწირვისაი არა აქუს, შემწირველთა მისცემდეს ხორცსა ქრისტესსა. ამის თანა ესეცა გვეუწყა, ვითარმედ ვითნიმე დიაკონთაგანნი ეპისკოპოსთასაცა პირველ შეეხებიან ზიარებასა. ესე უკუე ყოველნივე მოისპედ და თვისთა საზომთა შინა დადგრომილ იქმენინ დასი დიაკონთაი და უწყოდედ მათ, ვითარმედ ეპისკოპოსთა ვიდრემდე მსახურნი არიან, ხოლო ხუცესთა უმრწემესნი. ხოლო ეზიარებოდედ იგინი წესისაებრ მათისა შემდგომად ხუცესთაისა, გინათუ ეპისკოპოსი აზიარებდეს მათ, გინა ხუცესი, არამედ არცა დასხდომაი ჯერ-არს შორის ხუცესთაისა დიაკონთაი, რამეთუ უწესო და უკანონო არს ქმნილი ესე. ხოლო უკუეთუ ვისმე არა ჰნებავს რწმუნებაი შემდგომად დასხმისაცა ამათ საზღვართაისა, დასცხერინ იგი დიაკონობისგან.
ზონარა. წესიერება ყველგან და ყველას მიერ უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით კი საღმრთო საქმეებში. ამიტომაც, ამ კანონით გასწორდა უწესობა, რომლის მიხედვითაც დიაკვნები აზიარებდნენ მღვდლებს და ზოგჯერ კი ეპისკოპოსთა უწინარესაც კი ეზიარებოდნენ. ამიტომაც, ამ კანონით დაწესდა, რომ მსგავსი რამ მომავალში არ უნდა განმეორდეს და ყოველმა იცოდეს თავისი წოდება და ადგილი; დიაკვნებმა უწყოდენ, რომ საღმრთო საქმეებში ეპისკოპოსთა მსახურნი არიან, როგორც ამას თვით მათი სახელწოდებაც მიანიშნებს და, რომ მღვდელი დიაკვანზე უმეტესი ხარისხისაა. მაშ, როგორ არის შესაძლებელი უმეტესი უმცირესისგან იღებდეს ევქარისტიას და ის, ვისაც შეწირვის უფლება არა აქვს, შემწირველს აზიარებდეს? რადგან მოციქულის თქმით, "ყოველგვარი ცილობის გარეშე, უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ" (ებრ. 7:7). ამრიგად, წმიდა კრება განაწესებს, რათა ჯერ ეზიარონ პრესვიტერები, შემდეგ კი დიაკვნები, როდესაც მღვდლები ან ეპისკოპოსები აძლევენ მათ უფლის წმიდა ხორცსა და სისხლს. კანონი დიაკვანს უკრძალავს მღვდლების გვერდით ჯდომასაც, რადგან ეს უკანონოა და უწესო, ხოლო ის ვინც ამ კანონის განჩინებას არ შეისმენს, დიაკვნობისგან დაემხოს. 

არისტინე. დიაკვანმა უნდა იცოდეს თავისი საზღვარი და არ უნდა აძლევდეს ზიარებას მღვდელს, არც მასზე ადრე უნდა შეეხოს წმიდა ევქარისტიას და არც მღვდლის გვერდით უნდა დაჯდეს. რადგან ამგვარი რამ კანონისა და წესიერების საწინააღმდეგოა. წინამდებარე კანონი ასწორებს იმას, რაც უწესოდ და ღვთისმოსაობისთვის შეუფერებლად აღესრულებოდა ზოგიერთ ადგილას და განსაზღვრავს რათა არავინ დიაკონთაგან არ გაბედოს ზიარების მიცემა მღვდლისათვის და არც მღვდელზე ადრე ეზიაროს წმიდა ევქარისტიას, არამედ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ეზიარებიან მღვდელნი თანაც ეპისკოპოსის ან მღვდლის ხელით და არც მღვდლების გვედით ჯდომის უფლება გააჩნიათ, რათა არავის ეგონოს რომ ისინი მათზე მაღალი ხარისიხისა იყვნენ.

ბალსამონი. მღვდლის ხარისხი რომ დიდია, ეპისკოპოსის ხარისხი კი ამაზე უმეტესი და, რომ მათ უპირატესობა უნდა ჰქონდეთ დიაკვნების წინაშე, თვით მღვდელმოქმედებიდანაც ჩანს, რამეთუ ერთნი ემსახურებიან, სხვები კი მსახურობენ. ამრიგად, მითხარი, როგორ უნდა გააჩნდეს უპირატესობა წირვის მსახურს მწირველის წინაშე? მაგრამ, რადგან ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები მღვდლებს აზიარებენ, რაც არც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას (რამეთუ მოციქულის თქმით "უმცირესი იკურთხება უმეტესის მიერ"), მათთვის განწესებულ საზღვრებს არღვევენ და კრებულში მღვდლებს შორის სხდებიან, დადგენილ იქნა, დიაკვანი ეპისკოპოსისგან ან მღვდლისგან ეზიაროს, და ისიც მხოლოდ ხუცესთა ზიარების შემდეგ. ასევე არ უნდა დასხდნენ ისინი ხუცესთა შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კანონის უგულებელმყოფელი დიაკვანი უნდა დაემხოს. ასე, რომ წინამდებარე კანონი კრძალავს დიაკვანთა ზიარებას ეპისკოპოსთა ან ხუცესთა უწინარეს; ასევე იმას, რომ დიაკვნები აზიარებდნენ ხუცესთ და წმიდა საკურთხეველში ისხდნენ ხუცესთა შორის. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგჯერ ზოგიერთი დიაკვანი, ეკლესიის გარეთა შეკრებებზე, პრესვიტერებზე უფრო მაღალ ადგილს იკავებს. ჩემის აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ მათ გააჩნიათ ხელმძღვანელი თანამდებობანი, რადგან პატრიარქისგან მხოლოდ მათ მიეცა სახელმძღვანელო ფუნქცია და ამიტომაც სხდებიან მღვდლებზე ზემოთ. თუმცა არც ეს არის მართებული. წაიკითხე მეექვსე მსოფლიო კრების 7-ე კანონი. წმიდა და დიდი ეკლესიის ხარტოფილაქსი, კრებებზე, სინოდის გარდა, არა მარტო მღვდლებზე მაღლა, არამედ მღვდელმთავრებზე მაღლაც ჯდება, მისი უდიდებულესობის ბატონ ალექსი კომნინოსის განკარგულებით, სადაც ნათქვამია: "უწმიდესო მეუფეო, ჩემს სამეფო ღირსებას, რომლის დანიშნულება მთელს სახელმწიფოში საეკლესიო საქმეთა კეთილმოწყობა და მოწესრიგებაა ღვთისმოსაობის განსამტკიცებლად, ნებავს რათა უპირატესობანი, რომელიც დასაბამიდანვე არის დაწესებული ყოველი საეკლესიო ხარისხისთვის და დღემდე მოქმედებს, უცვალებელი იყოს, რადგან ის წარსული წლების წინ არის მიღებული, მოქმედებდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დღემდე მოქმედებს. ჩემმა სამეფო დიდებულებამ შეიტყო, რომ პირველობის პატივით აღძრული ზოგიერთი მღვდელმთავარი ხარტოფილაქსის უპირატესობის დაკნინებას ცდილობს, და იმოწმებს კანონს, რომლის მიხედვითაც, როდესაც ისინი რაიმე საქმის გამო შეიკრიბებიან, შენი უწმიდესობის შემოსვლამდე მღვდელმთავრებზე მაღლა არავინ უნდა იჯდეს, რაც მოუთმენლად მიაჩნია ჩემს სამეფო ღირსებას, რადგან ცდილობენ, როგორც ზედმეტი და უჯერო გააუქმონ საქმე, რომელიც ესოდენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადრინდელი პატრიარქებისა და მღვდელმთავრების დუმილით მოწონებული და შეწყნარებული იყო; და თვით მათ მიერაც კი, ვინც ამჯერად ამის წინააღმდეგ დავობს. კარგი იქნება, თუკი მღვდელმთავრები არ შეარყევენ უძრავ და მამათა მიერ დაკანონებულ ტრადიციებს, არამედ უცვალებლად დაიცავენ იმას, რაც მათ ენებათ და ხანგრძლივი მდუმარებით დღემდე შეუწყნარებიათ. მადლობა მათ, რომ ცილობას მშვიდობა ამჯობინეს. მაგრამ თუ ვინმე, კანონის ასოზე განსაკუთრებულად მოშურნე (რადგან მისი არსისგან შორს დგას ამდაგვარი) კიდევ შეეცდება აღასრულოს თავის სურვილი და მიღებულ წესს უწესივრობად გარდააქცევს, ჩემი სამეფო უდიდებულესობა ინებებს განმარტოს კანონის შინაარსი, რომელიც ადვილად შეიძლება განემარტოს მათ, ვინც ზუსტ შემეცნებას უღრმავდება და ეხება კანონიკურ აზრს. იგივე კანონი ეპითიმიით ემუქრება მღვდელმთავრებსაც:  კანონის მცოდნეები და ზედმიწევნით მისი შემსრულებლები უსაფუძვლოდ რატომ ატყუებენ საკუთარ სინდისს და კანონის დარღვევით რატომ არ ამართლებენ იმას, რომ ადრინდელ ხარტოფილაქსებზე ქვემოთ იჯდნენ? იმავე საეკლესიო კანონების ზუსტი მოთხოვნით, წმიდა კანონთა უგულებელყოფისთვის ჩემი შურისგება უბრძანებს ამდაგვართ მიაშურონ თავიანთ ეკლესიებს, რადგან ის მღვდელმთავრები, რომლებიც დასავლეთში წინამღვრობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ჰყავთ თავიანთი სამწყსო, ამბობენ, რომ მტრების სისასტიკე, აღმოსავლეთში რომ მძვინვარებს, მათ საზღვრებამდეც აღწევს, რის გამოც თავიანთ სამწყსოზე ზედამხედველობის შესაძლებლობას ჰკარგავენ. ამგვარად, ამ საქმის დასაჩქარებლად, ჩემი სამეფო უდიდებულესობა მის აღსრულებას  მათვე აკისრებს. გარდა ამისა, ჩემამდე მოვიდა ხმები, რომ საეკლესიო არჩევნებში არჩეულთაგან ისინი, ვინც შესაძლოა ასაკით სხვებზე უმცირესნი იყონ, ვერც ცხოვრების წესით უტოლდებიან მათ და ეკლესიისთვისაც მცირედი იღვაწეს, უგულებელყოფილნი არიან და მათ სხვებს ამჯობინებენ. არ ეკადრება ეს მღვდელმთავართა წმიდა კრებას. ამიტომაც, ჩემი სამეფო უდიდებულესობა ღმრთისმოშიშებითა და ამავდროულად სამეფო ძალაუფლებით ყველასგან ითხოვს ნუ გაამასხარავებენ იმას, ვისზეც მასხრობა არ ეგების და საღმრთო საქმეებში ვნებითა და მიკერძოებით ნუ იხელმძღვანელებენ. რადგან იქ სადაც სული საფრთხეშია, სხვა რაზე შეიძლება იზრუნონ? უპირატესობა უნდა მიანიჭონ მათ, ვინც სიტყვითაც ძლიერია, და სათნო ცხოვრებითაც არის დამშვენებული; ან მათ, ვინც შესაძლოა სიტყვაში უძლური იყოს, მაგრამ ეს დანაკლისი მრავალწლოვანი ერთგული მსახურებითა და შრომით ჰქონდეს აღვსებული. რადგან თუ ასე მოიქცევიან საეკლესიო თანამდებობებზე სამართლიანად აირჩევენ ღირსეულ პირებს და საკუთარ სულებსაც განსჯას არ მოაწევენ, რამეთუ ყოველი არჩევა ღმრთის წინაშე აღესრულება".




19
პავლიანიტების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისაგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი.თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან, სათანადოა სამღვდლო ხარისხისგან  მათი დამხობა. ასევე დედათდიაკონთა შესახებაც და ყველა კანონის მიერ დაწესებულისთვის დაცულ იქნეს ეს წესი. ვახსენეთ დედათ-დიაკვნებიც, რომლებიც მხოლოდ ტანისამოსით გამოირჩევიან და პირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად, რადგან მათ ხელდასხმა არ აქვთ. ამიტომ ერისკაცებთან უნდა დაეწესონ ისინი. 
პავლიანიტთათვის, რომელნი მოუხდებოდინ წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა, საზღვარი დადებულ არს მათთვის ესევითარი, რაითა კუალად ნათელ-სცემდნენ მათ სრულებით. ხოლო უკუეთუ ვიეთნიმე მათგანნი მწყობრსა თანა მღდელთასა დაწესებულ ყოფილ იყვნეს პირველ გარდასრულსა ჟამსა წინამძღუართა მიერ თვისთა, უკუეთუ უბრალო და უბოწო იპოვნენ იგინი, შემდგომად ნათლისღებისა ხელთდასხმულ იქმნენ ეპისკოპოსისაგან კათოლიკე ეკლესიისა. ხოლო უკუეთუ შემდგომად გამოძიებისა უღირსად იპოვნენ იგინი სამღდელოისა წესიერებისა, განკუეთაი მათი სათანადო არს. ესრეთვე დედათ-დიაკონთათვის და რაითურთით ყოვლისავე კანონთა მიერ განწესებულთათვის ესე წესი დაცულ იქმენინი. ხოლო მოვიხსენეთ დედათ-დიაკონთაი, რომელნი მხოლოდ სახითა ოდენ რაითმე კანონისა მიერ დაწესებულად იწოდებიან, ვინაითგან არცა ხელთდასხმა რაიმე აქუს, რომლისათვისცა ყოვლითურთ ერისკაცთა თანა დაიწესნენ იგინი.

17
მრავალნი, კანონის მიერ სამღვდელოდ განჩინებულნი, ანგარებისა და მომხვეჭელობის სურვილით ივიწყებენ საღვთო წერილის შემდეგ სიტყვებს: "ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად" და თავიანთ მოვალეებს ართმევენ ვახშს. წმინდა კრებამ ჯეროვნად მიიჩნია, რომ თუ ამ დადგენილების მერე აღმოჩნდება ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერ ერთისა და ნახევრისა, ან სხვა რაიმეს ჩამდენი მიხვეჭის მიზნით, მღვდელობისაგან განიკვეთოს და კანონის მიერ განდევნილ იქნეს. 
ვინაითგან მრავალი კანონისა მიერ სამღდელოდ განჩინებულთაგანნი ანგაჰრებისა და საძაგელის-შეძინებისა სურვილითა დაივიწყებენ სიტყუასა მას საღმრთოისა წერილისასა, რომელი იტყვის, ვითარმედ: "ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად" (ფსალმ. 14:5), არამედ ვახშსა მიჰყიდიან მოსესხეთა თვისთა, ჯერ-იჩინა წმიდამან და დიდმა კრებამან, რათა ვინცა ვინ იპოოს შემდგომად საზღვრისა ამის მიმღებელად ვახშისა ვასხებისა მიერ, ანუ სხუებრ ვითამე ღონიერ ამისა საქმისა მიმართ, ანუ მიმხდელ ერთისა წილ ერთისა და ნახევრისა, ანუ სხვისა რაისმე მომპოვნებელ, რაითურთით საძაგელისა შეძინებისათვის, განიკუეთოს მღდელობისაგან და უცხო იქმნას კანონისაგან.


20
ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდა მისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.
ვინაითგან არიან ვიეთნიმე, რომელნი კვირიაკესა შინა და დღეთა წმიდათა ერგასისთასა ჰყოფენ მუხლთ-მოდრეკათა. ესე დაცვულ იქმენინ ყოვლითურთ ყოველთა შინა ეკლესიათა, ვითარცა წმიდისა კრებისა მიერ განჩინებული, რაითა მდგომარენი მისცემდენ ღმერთსა ამათ დღეთა შინა ლოცვათა თვისთა.

ზონარა. ეს კანონი ითხოვს, რათა პავლიანიტებისგან კათოლიკე ეკლესიისკენ მოქცეულნი თავიდან მოინათლონ. განსაზღვრებად იწოდება წესი და კანონი. თუ აღმოჩნდება რომ ზოგიერთი მათგანი ადრე კლერიკოსთა დასში იყო ჩარიცხული და მათი მწვალებლობის შესახებ შესაძლოა არ ცოდნოდა მათ ხელდამსხმელს, ამგვართა შესახებ კანონი განაწესებს, რომ ნათლობის შემდეგ გამოიძიონ, გამოიკვლიონ მისი ცხოვრება ნათლისღების შემდგომ და თუ უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ხელი დაასხას მას იმ ეკლესიის ეპისკოპოსმა, რომელსაც შეუერთდა. ადრინდელი ხელდასხმა, რომელიც მათი მწვალებლობის დროს იყო აღსრულებული, ხელდასხმად არ ითვლება. რადგან როგორ არის შესაძლებელი დავიჯეროთ, რომ მართლმადიებლურ სარწმუნოებაში მოუნათლავს სულიწმიდა ხელდასხმაში მიეღო? და თუკი გამოძიების შემდეგ ხელდასხმის ღირსნი არ აღმოჩნდებიან, კრება მათ დამხობას ბრძანებს. სიტყვა: "დამხობა" აქ ჩემის აზრით გამოყენებულია არა საკუთრივი მნიშვნელობით, რადგან ემხობა ის, ვინაც სწორად მიიღო ხელდასხმა და მღვდლობის ხარისხებამდე ამაღლდა; ხოლო ის, ვინც თავიდანვე ჭეშმარიტად არ იყო ხელდასხმული, როგორ, საიდან და რომელი სიმაღლიდან უნდა დაემხოს? ამრიგად, იმის ნაცვლად ვთქვათ: "განიკვეთოს" კლერიკოსთა დასიდან, არასაკუთრივი მნიშვნელობით ნათქვამია: "დაემხოს". იგივე დააწესა კანონმა დედათდიაკონთა შესახებაც და საერთოდ, ყველა იმ პირთა მიმართ, ვინც კლერიკოსთა დასს ეკუთვნის. ხოლო გამოთქმა: "ვახსენეთ დედათ-დიაკვნებიც, რომლებიც მხოლოდ პირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად" და შემდგ. ნიშნავს: ძველად ღმერთს მიეახლებოდნენ ქალწულნიც, რომლებიც უბიწოების აღთქმას დებდნენ; კართაგენის 6-ე კანონის თანახმად მათ ეპისკოპოსები აკურთხებდნენ და იმავე კრების 47-ე კანონის შესაბამისად ზრუნავდნენ მათზე. ეს ქალწულები, ჯეროვან დროს, ანუ მაშინ, როდესაც მათ შეუსრულდებოდათ 40 წელი, დიაკონისებად ხელდაისხმებოდნენ. გარდა ამისა, ამ ქალწულებს, როდესაც ისინი 25 წლის ასაკს მიაღწევდნენ, ხსენებული კრების 140-ე კანონის მიხედვით, ეპისკოპოსები სპეციალური ტანისამოსითაც მოსავდნენ. სწორედ ამ ქალწულებს თავიანთი ტანისამოსის გამო უწოდებს კრება დიაკონისებს, თუმცა მათ ხელდასხმა არ გააჩნიათ; და განაჩინებს ერისკაცთა რიგს განაკუთვნონ ისინი იმის შემდეგ, რაც აღიარებენ საკუთარ მწვალებლობას და დატოვებენ მას.

არისტინე. პავლიანიტთა მწვალებლობიდან ეკლესიისკენ შემოერთებულნი თავიდან უნდა მოინათლონ. მოქცეულთაგან თუ ვინმე პავლიანიტთა კლერიკოსი იყო, შემოერთების შემდეგ უბიწო და მართალი ცხოვრების მქონე თუ აღმოჩნდება, შეიძლება ხელდასხმულ იქნეს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის მიერ, ხოლო თუ უღირსი აღმოჩნდება დაემხობა თავისი პატივისგან. რაც შეეხება პავლიანიტელ დიაკონისებს, რაკიღა მათ არ გააჩნიათ ხელდასხმა, კათოლიკე ეკლესიასთან შემოერთების შემთხვევაში შეუერთდებიან ერისკაცებს. პავლიანიტები თავიანთ დასაბამს პავლე სამოსატელისგან იღებენ, რომელიც აკნინებდა ქრისტეს და ასწავლიდა, თითქოსდა ის იყო ჩვეულებრივი კაცი, რომელმაც დასაბამი მარიამისგან მიიღო.

ბალსამონი. პავლიანიტებად პავლიკიანელები იწოდებიან. ამრიგად, წმიდა მამებმა განსაზღვრეს, ანუ კანონად დააწესეს - მათგან მოქცეულნი თავიდან მოინათლონ. ამ კანონს კი დაამატეს, რომ თუ, როგორც მოსალოდნელი იყო, ზოგიერთი მათგანი არცოდნის გამო ჩარიცხულ იქნა კლერიკოსთა დასში, ეპისკოპოსმა ის თავიდან უნდა მონათლოს და ნათლობის შემდეგ უდიდესი ყურადღებით დააკვირდეს მის საქციელს და თუ უბიწოდ ჰპოვებს, მღვდლობის ღირსი ჰყოს, თუ არა და ის ხელდასხმაც წაერთვას, რაც ნათლობამდე ჰქონდა. იგივეა დაწესებული დიაკონისების შესახებ. ეკლესიაში აღკვეცილი ქალწულები, როგორც ღმრთისადმი აღთქმის მიმცემნი, საერო ტანისამოსში, ეპისკოპოსის მეთვალყურეობისა და მფარველობის ქვეშ იყვნენ. ამას ნიშნავს გამოთქმა: "ტანისამოსით გამოირჩევიან". როდესაც ორმოცი წლის ასაკს მიაღწევდნენ, ღირსეულნი დიაკონისებად ხელდაისხმებოდნენ. ამრიგად, კანონი ამბობს, რომ შესაძლოა მათგან ვიღაც შთავარდნილიყო პავლიანიტურ მწვალებლობაში, ამიტომაც, მასთან დაკავშირებითაც იგივე უნდა მოიმოქმედონ, რაც მამაკაცთათვის იყო განსაზღვრული. იხილე აგრეთვე კართაგენის კრების 6-ე და 47-ე კანონები. შესაძლოა ზოგიერთმა იკითხოს: თუკი ნათლობამდელი ხელდასხმა ხელდასხმად არ ითვლება (რადგან ამ კანონის თანახმად, ხელდასხმულ პავლიკიანელს ნათლობის შემდეგ თავიდან ხელს ასხამდნენ); როგორ ამბობს კანონი მათ დამხობას, ვინც გამოძიების შემდეგ ხელდასხმის უღირსი აღმოჩნდება? გადაწყვეტა. სახელწოდება: "დამხობა", აქ არ არის გამოყენებული ზუსტი აზრით, არამედ კლერიკოსთა დასიდან განდევნის თვალსაზრისით. რადგან ნათლობამდე კლერიკოსთა დასში ყოფნა არ არის კლერიკოსობა. ხოლო თუ ამის მიღება არ გსურს, მაშინ იგულისხმე, რომ სიტყვა "დამხობა" გულისხმობს არა ნათლობამდელ ხელდასხმას, არამედ იმას, რაც ნათლობის შემდეგ იყო. რადგან, უნდა დაემხოსო, ბრძანებენ მამები ის, ვინც ნათლობის შემდეგაც ხელდასხმის უღირსი იყო, ანუ სცოდავდა ნათლობის შემდეგ. ვინ არიანე ეს პავლიანიტები? მათ შესახებ სხვადასხვაგვარად ამბობდნენ. მე კი სხვადასხვა წიგნებში ვპოვე, რომ პავლიანიტებად მანიქეველები იწოდებოდნენ, ვინმე პავლე სამოსატელის სახელის მიხედვით, რომელიც მანიქველი დედაკაცის, კალენიკეს შვილი იყო. სამოსატელად კი იმიტომ იწოდა, რომ სამოსატის ეპისკოპოსად იყო დანიშნული. ის ქადაგებდა, რომ ღმერთი ერთია; რომ ერთი და იგივე იწოდებაო მამად, ძედ და სულიწმიდად. რადგანო, ამბობდა იგი, ერთია ღმერთი, ხოლო ძე ისეა მასში, როგორც სიტყვაა კაცში. შემდეგ ეს სიტყვა, მოვიდა რა დედამიწაზე, შესახლდა ადამიანში, რომელსაც იესუ ერქვა და აღასრულა რა საღმრთო განგებულება, ისევ მამასთან აღვიდა. ხოლო ეს იესუ, რომელშიც ის შესახლდა, მარიამისგან იშვა და მისგან მიიღო დასაბამი. პავლე სამოსატელი ანტიოქიაში დაამხეს წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედმა და სხვებმა. არსებობს კიდევ ეჭვი იმის შესახებ, საჭიროა თუ არა თავიდან მოინათლოს მართლმადიდებელი ქრისტეანი, რომელიც დასნებოვნდა პავლიანიტური მწვალებლობით? ზოგიერთი ამბობს, რომ კანონი მხოლოდ იმათ ნათლობას განაწესებს, ვინც დაბადებიდან პავლიანიტელი იყო, და არა იმათ, ვინც თავიდან მართლმადიდებელი იყო და შემდეგ გახდა პავლიანიტელი, რადგან ეს უკანასკნელნი, ეკლესიაში მობრუნების დროს მხოლოდ მირონცხებით უნდა შეიწყნარონ, და თავიანთი აზრის დასამტკიცებლად მაჰმადიანობის ნებაყოფლობით მიმღებ ქრისტეანებზე უთითებდნენ, რომელთაც მოქცევის დროს კი არ ნათლავდნენ, არამედ მირონს სცხებდნენ. მე კი მგონია, რომ კანონი ამას უპირატესად იმ მართლმადიდებელთა გამო განაწესებს, ვინც პავლიანელობის მწვალებლობაში შთავარდა და ნათლობა მათი უკეთური ჩვეულების მიხედვით მიიღო; და სწორედ ეს არის ნამდვილი პავლიანიტელობა, და არა ის, როდესაც ვიღაც დაბადებიდან პავლიანიტელი იყო. ამიტომაც, არსებული კანონის მიხედვით, ისინიც თავიდან  უნდა მოინათლონ.  თვით სიტყვა "თავიდან ნათლობა" ოდნავადაც არ ეთანხმება ნათქვამს. იხილე აგრეთვე მოციქულთა 47-ე კანონი, სადაც ნათქვამია, რომ "თუ ეპისკოპოსმა ან მღვდელმა ხელახლა მონათლოს ჭეშმარიტად ნათეღებული, ან განმეორებით არ მონათლოს ის, ვინც უღმერთოთაგან შემწიკვლულია (მათი ნათლისცემით), განიკვეთოს" წაიკითხე ამ კანონის განმარტება და აგრეთვე II მსოფლიო კრების 7-ე კანონი.


ზონარა. კვირა დღეს და სულთმოფენობის დღესაც მუხლნი რომ არ უნდა მოიყარონ, - ბასილი დიდისა და სხვა წმიდა მამათა მიერაც არის განწესებული. ბასილი დიდი იმ მიზეზებსაც უთითბს, რომელთა გამოც იკრძალება ხსენებულ დღეებში მუხლმოყრა და მცნებისაებრ ფეხზე მდგომელნი უნდა ლოცულობდნენ. კერძოდ: ფეხზე დგომა ქრისტესთან ერთად ჩვენს თანააღდგომას მიანიშნებს და აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა ზეციურს ვეძიებდეთ; ასევე კვირა დღე მომავალი საუკუნის სახეა, რადგან ის არის ერთი, მერვე დღე, და როგორც მოსესთან სამყაროს შექმნას ეწოდა "დღე ერთი" და არა "პირველი დღე", ასევე კვირაც მომავალ, ერთ, დაუსრულებელ და დაუღამებელ დღეს მოასწავებს. ასე შეახსენებს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მომავალი დაუსრულებელი დღის შესახებ და ფეხზე დგომით ამზადებს მასთან შესახვედრად, რათა ზეციურის მჭვრეტელებს, თავიანთ გონებაში ეს ხატი გამუდმებით ჰქონდეთ (Твор. Св. Вас. Вел. т. 3, стр. 334-335). რადაგნ მუხლმოუყრელობის დადგენილებას ყველგან არ იცავდნენ, წინამდებარე კანონმა სავალდებულოდ გახადა ეს ყველასათვის.

არისტინე. კვირა დღეებსა და სულთმოფენობის დღეებში მუხლი არავინ უნდა მოიდრიკოს, არამედ ფეხზე დგომით ილოცოს. 

ბალსამონი. მოციქულთა 64-ე კანონით ვინც რომელიმე კვირა დღეს ან შაბათს იმარხულებს, ერთი და დიდი შაბათის გარდა, კლერიკოსს დაამხობს პატივისგან, ერისკაცს კი უზიარებელჰყოფს. ხოლო წინამდებარე კანონი განაწესებს, რათა კვირა დღეს და სულთმოფენობიდან მთელი ორმოცდაათი დღის განმავლობაში ყველამ ფეხზე მდგომმა უნდა იზეიმოს და იდღესასწაულოს, როგორც ქრისტესთან ერთად აღმდგარმა და ზეციური სასუფეველის მემკვიდრემ. კითხვა: მოციქულთა ხსენებული კანონიდან, რომელიც კრძალავს მარხვას ნებისმიერ შაბათსა და ნებისმიერ კვირას, ასევე წინამდებარე კანონიდან, რომელიც განაწესებს, რათა მუხლი არავინ მოიყაროს კვირა დღეებსა და სულთმოფენობიდან მთელი ორმოცდაათი დღის განმავლობაში, ხომ არ მიგვენიშნება ისიც, რომ არ არის საჭირო მარხვა მთელი ორმოცდაათი დღე და მთელი ეს პერიოდი გავიხსნილოთ, ისევე როგორც კვირა დღეს?! ზოგიერთები ამბობდნე, რომ რადგან მთელი ორმოცდაათი დღე პატივდებულია ვითარც ერთი დღე უფლისა, ჩვენც მუხლმოუდრეკლად და ხსნილებით უნდა ვდღესასწაულობდეთ. მე კი მიმაჩნია, რომ კანონს ძალა აქვს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ის არის მიღებული.