ზონარა: წმიდა მოციქულთა 80-ე კანონი განსაზღვრავს: ახალმონათლული, ან თავისი ბიწიერი ცხოვრებიდან ახლადმოქცეული მაშინათვე ვერ გახდება ეპისკოპოსი. და დიდი პავლეც, ტიმოთესადმი მიწერილ ეპისტოლეში ბრძანებს, თუ როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსად ხელდასასხმელი კანდიდატი და, სხვათა შორის, წერს, რომ ის არ უნდა იყოს ახლადმოქცეული (1 ტიმ. 3:6). ამიტომაც, მამები განსაზღვრავენ, რომ სარწმუნოებისკენ მოქცეული უცებ არ მოინათლოს თუ არასაკმარისად არის დარიგებული სარწმუნოებაში და, ასევე, ახალმონათლულიც უცებ არ უნდა იქნეს ხელდასხმულ, რადგან ჯერ კიდევ უცნობია მისი რწმენა და ცხოვრება. ხოლო თუ გამოცდიან და დარწმუნდებიან, რომ უბიწოა და ამის შემდეგ ჩარიცხავენ კლერიკოსთა დასში, მაგრამ დროთა განმავლობაში იმხილება რომელიმე სულიერ ცოდვაში, მამათა განწესების თანახმად, უნდა გაირიცხოს კლერიკოსთა დასიდან. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა - რას ნიშნავს სულიერი ცოდვა და რატომ არის ნახსენები მარტო სულიერი ცოდვები, ხორციელი კი არა, და ეს მაშინ, როდესაც ხორციელი ცოდვები შემცოდეებს უფრო ხშირად ამხობს პატივისგან, სულიერი კი - იშვიათად. ზოგიერთი ამბობს, რომ წმიდა მამებმა, რომლებმაც გადმოგვცეს ეს კანონი, ყოველგვარ ცოდვას სულიერს უწოდებდნენ, რადგან ყველა ცოდვა სულს აყენებს ზიანს. სხვები კი ასეთად მიიჩნევენ ისეთ ცოდვებს, რომლებიც სულიერი ვნებებიდან მომდინარეობენ, მაგალითად, ამპარტავნებისგან, მედიდურობისგან და ურჩობისგან. რადგან ეს ცოდვები, თუ არ განიკურნებიან, შეიძლება დამხობის მიზეზად ექმნენ კლერიკოსებს. ეს ცხადია, ე. წ. ნავატიანელთა მაგალითიდანაც. დოგმატებში ისინი არ ცდებოდნენ, მაგრამ, უწოდებდნენ რა საკუთარ თავს წმიდას, დევნულების დროს დაცემულებს სინანულის შემდეგაც კი არ ღებულობდნენ და ასევე, არ ჰქონდათ ერთობა ორჯერ დაქორწინებულებთან. ამიტომაც, განკვეთილ იქნენ მართლმადიდებლებთან ერთობისგან მათი ამპარტავნებისა და ძმათმოძულეობის გამო. ამრიგად, თუ ისინი ეკლესიიდან განიკვეთეს ამ ცოდვების გამო, როგორ დარჩება განუკვეთელი ის, ვინც ამპარტავნების გამო არ დაემორჩილება თავის ეპისკოპოსს, და არ გამოსწორდება? წმიდა მოციქულთა 5-ე კანონი განაწესებს მათ განკვეთას, ვინც ღვთისმოსაობის მომიზეზებით ცოლს გაუშვებს და თუ არ შეინანებს, დაემხობა პატივისგან. ხოლო მოციქულთა 36-ე კანონი განაწესებს, რომ ვინც უარყოფს ეპისკოპოსის დანიშნულებას იყოს მოძღვარი, განეყენება ზიარებისგან მანამ, სანამ ამ მსახურებას არ მიიღებს, ასე, რომ თუ არ მიიღებენ მთელი ცხოვრება იქნებიან უზიარებელნი, ხოლო მთელი ცხოვრება უზიარებელი არაფრით განსხვავდება პატივაყრილისგან. მე კი ვფიქრობ, უკეთესი იქნება ვთქვათ, რომ ყოველი ცოდვა სამართლიანად შეიძლება იწოდოს სულიერად, რადგან გარყვნილ სულიერ ძალებშია მისი დასაბამი. რადგან თუკი ძალნი სულისა სამ ნაწილად იყოფა, გონებად, მოსურვებად და შეგრძნებად, თითოეული ძალისგან ჩვეულებრივად იბადება სათნოებანი და ცოდვებიც; პირველნი, როდესაც ამ ძალებით სწორად ვსარგებლობთ, ისე, როგორც ეს შემოქმედის მიერ არის ბოძებული, ხოლო ცოდვები, როდესაც ბოროტად ვიყენებთ მათ. ამრიგად, სათნოება და გონების ძალთა სრულყოფა არის ღვთისმოსაობა, ჩვენი აზრები ამ დროს ღვთივსაკადრისია და ღვთივსათნო, რომელიც უშეცდომოდ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას, იმას თუ რა უნდა აირჩიოს და რა უარყოს; ამისგან გადახრა კი ბოროტებაა. ხოლო მოსურვების ძალის სიკეთე მდგომარეობს იმაში, რომ გვიყვარდეს ის, ვინც ნამდვილად სიყვარულის ღირსია, ანუ ღმერთი; გვიყვარდეს ისეთი საქმეები, რომლებიც ღმერთს მიგვაახლებს. ამისგან გადახრა და მიწიერისკენ ლტოლვა არის ცოდვა, რომელიც გამომდინარეობს მოსურვებიდან. მსგავსადვეა შეგრძნებების ძალიც, რომელიც ეწინააღმდეგება ბოროტს და ემტერება ხორციელ მოსურვებებს, წინ აღუდგება ცოდვას ვიდრე სისხლამდეც კი და იბრძვის მართალი სარწმუნოებისა და სათნოებებისთვის დავით ფსალმუნთმგალობელის მოწმობით: "ვიხილენ უგულისჴმონი და დავდნებოდე" (ფსალმ. 118:158). ამ ძალისგან გამომავალი ვნება გამოიხატება მრისხანებაში, სიძულვილში, მიდრეკილებაში კამათისკენ, ბოროტმზრახველობისკენ. ამრიგად, ცოდვები წარმოიშვებიან სულიერ ძალთაგან და წმიდა მამებმა სამართლიანად მიიჩნიეს ცოდვები სულიერ მოვლენად. წმიდა პავლეც ხომ ამბობს, რომ "არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი" (1 კორ. 1:44) და სულიერად უწოდა იმ სხეულს, რომელსაც ძალებს სული მართავს, ხოლო იმ სხეულს, რომელიც ეძლევა მრისხანებასა და ვნებებს, ეკრობა ამქვეყნიურს, და არაფერზე ფიქრობს მიწიერის გარდა, მშვინვიერი.
არისტინე: წარმართული ცხოვრებიდან მოქცეულნი ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ პრესვიტერთა დასში, რადგან ახალმონათლული, ჯერ კიდევ დროში გამოუცდელი, ზოგჯერ ცუდიც აღმოჩნდება. ხოლო თუ ხელდასხმის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ადრე (ან ხელდასხმის შემდეგ) მძიმედ შეუცოდავს, უნდა დაემხოს კლერიკოსთა დასიდან. და ეს განწესებაც იმასვე ბრძანებს, რასაც წმიდა მოციქულთა 80-ე კანონი, რომლის მიხედვითაც ახალმონათლული ნაჩქარევად არ უნდა იქნეს ხელდასხმული არც ეპისკოპოსის, არც პრესვიტერის ხარისხში, რათა, როგორც ახალმოქცეული, ეშმაკის ბადეში არ გაეხვეს და არ დაისაჯოს. სარდიკიის 11-ე (10-ე) კანონის მიხედვით ამგვარმა გარკვეული დროით უნდა დაჰყოს წიგნისმკითხველისა და იპოდიაკვნის და ა. შ. ხარისხებში, რათა ერთი წელი მაინც იმსახუროს და ამგვარად, თუ ღირსეული აღმოჩნდება, ღირს იქნას ღვთაებრივი მღვდლობისა და უმეტესი ხარისხებისა. მეორეს მხრივ, თუ ვინმე ხელდასხმის შემდეგ შემცოდე აღმოჩნდება, უნდა დაემხოს თავისი პატივისგან.
ბალსამონი: წმ. მოციქულთა 80-ე კანონიდან შევიტყვეთ, რომ ისინი წარმართული და ცოდვილი ცხოვრებიდან ეკლესიისკენ მოქცეულს, ნაჩქარევად ხელს არ დაასხამდნენ ეპისკოპოსად. წაიკითხე იქ ნათქვამი. ხოლო, წინამდებარე განწესება ამატებს, რომ ამგვარი პრესვიტერიც არ შეიძლება გახდეს და, რომ არც ერთი ურწმუნო არ დაიშვება ნათლობაზე მანამ, სანამ ჯეროვნად არ განისწავლება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, ამას კი დრო და პიროვნების გამოცდა სჭირდება. ის, ვინც ამის საწინააღმდეგოდ მოიქცევა, განწესების მიხედვით უნდა დაემხოს თავისი პატივისგან. ხოლო რადგან კანონი სჯის სულიერ ცოდვებს, რომლებიც აღმოჩნდება ნათლობის შემდეგ; ზოგიერთი გვეკითხებოდა, რომელ სულიერ ცოდვებზეა ლაპარაკი და რატომ ახსენა კანონმა სულიერ და არა ხორციელი ცოდვები? ერთნი ამბობდნენ, რომ სულიერია ის ცოდვა, რომელიც სულიერ ვნებათაგან იშვება, მაგალითად, ამპარტავნებისგან, ურჩობისგან და სხვა; რადგან ესენიც ამხობენ პატივისგან, როგორც, მაგალითად, ნავატიანელთა შემთხვევაში, რომლებსაც სძაგდათ ქორწინება და ხორცის ჭამა (იხ. წმ. მოციქულთა 5-ე და სხვა კანონები). მე კი ვამბობ, სულიერად იწოდება ყოველი ცოდვა, რომელიც სულს აზიანებს, თუნდაც ეს ხორციელი ცოდვა იყოს, რადგან ის სულიერი მისწრაფებისგან და მოსურვებისგან იღებს დასაბამს. ამიტომაც უწოდებს ეკლესია ყველა ცოდვას სულიერ დაცემას და კანონმაც მხოლოდ სულიერი ცოდვები ახსენა, რადგან ისინი მოიცავენ ხორციელ ცოდვებსაც. ხოლო ის, რომ მონათლული და შემდეგ კლერიკოსთა დასში ჩარიცხული პასუხს არ აგებს და არ დაისჯება მრუშობისთვის, ან მკვლელობისთვის, რომელიც მას ნათლობამდე ჩაუდენია, წაიკითხე წმ. ბასილი დიდის 20-ე კანონი და მისი განმარტება, ასევე წმიდა მოციქულთა 17-ე კანონი.